საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე №ას-1097-1054-2016 17 მარტი, 2017 წელი,
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მზია თოდუა (თავმჯდომარე),
ეკატერინე გასიტაშვილი (მომხსენებელი),
პაატა ქათამაძე
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
კასატორი- ზ. გ-ი (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – თ. კ-ე, ე. კ-ე (მოსარჩელეები)
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 27 სექტემბრის გადაწყვეტილება
კასატორის მოთხოვნა - გაუქმდეს გასაჩივრებული გადაწყვეტილება და სარჩელი არ დაკმაყოფილდეს
დავის საგანი – ზიანის ანაზღაურება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. სამტრედიის რაიონში, სოფელ ჯ-ში მდებარე 100 023.00 კვ.მ. მიწის ნაკვეთი, ს/კ 3- რეგისტრირებულია ე. კ-ის (შემდეგში: პირველი მოსარჩელე ან მესაკუთრე) სახელზე („საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის, შემდეგს: სსკ, 183-ე, 311-312-ე მუხლები; იხ. ამონაწერი საჯარო რეესტრიდან, ტ. 1, ს/ფ 20-21).
2. თ. კ-ე (შემდეგში: მეორე მოსარჩელე ან მესაკუთრის შვილი) არის პირველი მოსარჩელის შვილი (იხ. დაბადების მოწმობა - ტ. 1, ს.ფ. 19).
3. ამ განჩინების პირველ პუნქტში მითითებულ მიწის ნაკვეთზე მოსარჩელეებმა 2014 წლის გაზაფხულზე დათესეს „კოლხეთი 4“ ჯიშის სოიოს კულტურა.
4. ზ. გ-ს (შემდეგში: მოპასუხე, აპელანტი ან კასატორი) იმავე სოფელში მოწყობილი აქვს მსხვილფეხა საქონლის ფერმა და ჰყავს რამდენიმე ათეული პირუტყვი.
5. მოპასუხის პირუტყვი რამდენჯერმე გადავიდა მესაკუთრის მიწის ნაკვეთში და სოიოს მოსავალი მთლიანად გაანადგურა.
6. სოიოს მოსავლის სრულად აღებისა და მისი რეალიზაციის შემთხვევაში მოსარჩელეების სავარაუდო შემოსავალი, მოსავლის მოყვანისათვის საჭირო დანახარჯების ჩათვლით, 15 810 ლარს შეადგენდა.
7. სარჩელის საფუძვლები
7.1. მოსარჩელეებმა 2015 წლის 2 მარტს სარჩელი აღძრეს მოპასუხის წინააღმდეგ და მოითხოვეს მისთვის მოსარჩელეების სასარგებლოდ მიყენებული ზიანის - 15 810 ლარის დაკისრება.
7.2. მოსარჩელეების განმარტებით, მიწის ნაკვეთის დამუშავება, შემოღობვა, სათესლე მასალის შეძენა, დათესვა, კულტივაცია და სხვა აუცილებელი სამუშაოები შეასრულეს საკუთარი ხარჯებით, შრომითა და დაქირავებული ტექნიკით.
7.3. მოპასუხის საქონლის ფერმა არ არის დაცული, ცხოველები არის გაშვებული, გაველურებული, ქაოსურად მოძრაობენ მთელ სოფელში, ტყეში, მინდვრებში, გადადიან მოქალაქეთა პირად ნაკვეთებში და ანადგურებენ მათ ნათესებსა და მოსავალს. თითქმის ერთ ასეულამდე რქოსან პირუტყვს ჰყავს მხოლოდ ერთი მწყემსი, რომელიც ვერ უზრუნველყოფს პირუტყვის მოვლა-პატრონობას. მას შემდეგ, რაც მოსარჩელეების მიერ დათესილი სოიო წამოიზარდა, მოპასუხის ფერმის ცხოველები თითქმის ყოველდღიურად ანგრევდნენ დაცული ფართობის ღობეებს და ანადგურებდნენ მოსავალს.
7.4. მოსარჩელეები აღნიშნავენ, რომ მათთვის მიყენებული ზიანის 15 810 ლარს შეადგენს (იხ. ი. გ-ის აუდიტორული დასკვნა, ტ. 1, ს/ფ 43-44).
8. მოპასუხის შესაგებელი
8.1. მოპასუხემ არ ცნო სარჩელი იმ დასაბუთებით, რომ წარდგენილი მტკიცებულებებით დადგენილი არ იყო ამ უკანასკნელის კუთვნილი მსხვილფეხა პირუტყვის მიერ მოსარჩელეების კუთვნილი სოიოს ნათესების დაზიანება-განადგურების ფაქტი.
9. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება და დასკვნები
9.1. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 24 ივნისის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა და მოპასუხეს მოსარჩელეების სასარგებლოდ 15 810 ლარის გადახდა დაეკისრათ.
9.2. საქალაქო სასამართლომ იხელმძღვანელა სსკ-ის 316-317-ე, 992-ე, 408-ე, 412-ე, 414-ე, 1003-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში: სსსკ) 102-103-ე მუხლებით და განმარტა, რომ სსკ-ის 1003-ე მუხლის თანახმად, ცხოველის მფლობელი ვალდებულია აანაზღაუროს ის ზიანი, რომელიც მისმა ცხოველმა სხვას მიაყენა. ამასთან, არა აქვს მნიშვნელობა, ცხოველი მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფებოდა, დაკარგული თუ გაქცეული იყო. ზიანის ანაზღაურების ვალდებულება არ გამოიყენება, როცა ცხოველის მფლობელმა მიიღო აუცილებელი ზომები მესამე პირთა დასაცავად. პირს ზიანის ანაზღაურება დელიქტური ვალდებულებიდან გამომდინარე შეიძლება დაეკისროს, თუ არსებობს პასუხისმგებლობის დაკისრების აღნიშნული ნორმით დადგენილი წინაპირობები, კერძოდ: ა) ზიანის მიმყენებლის არამართლზომიერი მოქმედება ან უმოქმედობა; ბ) არამართლზომიერ ქმედებასა და დამდგარ ზიანს შორის მიზეზობრივი კავშირი; გ) ზიანის მიმყენებლის ბრალი. საქმის მასალებით დასტურდებოდა, რომ მოსარჩელეთათვის მიყენებული ზიანი, რომლის ოდენობა შეადგენს 15 810 ლარს, გამოწვეული იყო მოპასუხის საკუთრებაში არსებული მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის მიერ მოსარჩელის კუთვნილი სოიოს მოსავლის განადგურებით. ამასთან, არსებობდა მიზეზობრივი კავშირი ზიანსა და მოპასუხის მართლსაწინააღმდეგო ქმედებას შორის. რაც შეეხება ბრალს, მოპასუხემ ვერ უზრუნველყო მის საკუთრებში არსებული მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის იმგვარად მოვლა-პატრონობა, რომ არ დაეზიანებინა მოსარჩელის საკუთრებაში არსებული სოიოს ნათესები.
9.3. სასამართლომ მოწმეთა ჩვენებებები შეაფასა სხვა მტკიცებულებებთან ერთობლიობაში და მიიჩნია, რომ მოსარჩელეების მიერ მოწვეული მოწმეების განმარტება უფრო თანამიმდევრული და დამაჯერებელი იყო, ვიდრე მოპასუხის - მოწმეთა ჩვენებები, კერძოდ:
9.3.1. მოსარჩელეების მიერ მოწვეულმა მოწმემ ლ. კ-ემ განმარტა, რომ მოსარჩელეების სოიოს ნათესები გაანადგურა მოპასუხის მსხვილფეხა პირუტყვმა. მოწმემ ასევე განმარტა, რომ მოპასუხის მსხვილფეხა პირუტყვი ასევე აფუჭებს მის ნათესებს. მოწმის განმარტებით, სოფლის მოსახლეობის მსხვილფეხა პირუტყვი არის აღრიცხული და აქვს ,,საყურე ნიშანი”, ხოლო მოპასუხის პირუტყვს ასეთი ნიშანი არ აქვს;
9.3.2. მოწმე ტ. დ-ემ განმარტა, რომ პირველი მოსარჩელის შეღობილ ფართობში იყო 7-8 სული მსხვილფეხა პირუტყვი, რომელთაც საყურე ნიშანი არ ჰქონდათ, ხოლო ჯ-ში ყველა მსხვილფეხა პირუტყვს აქვს საყურე ნიშანი. მისივე განმარტებით, მწყემსი არ უნახავს. მოწმის განმარტებით, მოსარჩელეებს ნაკვეთი შეღობილი აქვთ;
9.3.4. მოწმე ო. გ-ამ განმარტა, რომ პირველი მოსარჩელის ნაკვეთის მეზობლად აქვს მიწის ნაკვეთი. მოსარჩელის ნაკვეთს შემოვლებული აქვს თხრილი და ღობის სახით გავლებული აქვს სამი წვერი მავთული. მოწმის განმარტებით, მისი ნათესებიც გააფუჭა მოპასუხის მსხვილფეხა პირუტყვმა, რომელთაც არ აქვს საყურე ნიშანი. მისივე განმარტებით - მწყემსი საქონელთან არ უნახავს. რამდენიმეჯერ ნახა, რომ მოპასუხის საქონელი შესული იყო მოსარჩელეთა კუთვნილ სოიოს ნათესებში;
9.3.5. მოწმე ი. ბ–ის განმარტებით მოსარჩელის სოიოს ნათესებიდან გამოდენა მსხვილფეხა პირუტყვი, რომელთაც არ ჰქონდათ ,,ბირკები” (საყურე ნიშანი). მოწმის განმარტებით, სოფელში სხვა საქონელს აქვს ,,ბირკები” (საყურე ნიშანი). მისივე განმარტებით, მოპასუხის პირუტყვმა მისი ნათესებიც დააზიანა;
9.3.6. მოპასუხის მიერ მოწვეულმა მოწმე - ე. კ-ემ განმარტა, რომ მწყემსავს მოპასუხის მსხვილფეხა პირუტყვს. მოწმემ უარყო მოპასუხის პირუტყვის მიერ მოსარჩელის ნათესების დაზიანების ფაქტი;
9.3.7. მოწმე ბ. გ-მა განმარტა, რომ არის მოპასუხის შვილი. სოფელ ჯ-ში აქვთ სოფლის მეურნეობა, მათ შორის ჰყავთ მსხვილფეხა რქოსანი პიუტყვი, რომელსაც ჰყავს მწყემსი. სოფელში 500 სულ მსხვილფეხა პირუტყვს ჰყავს ორი მწყემსი და მოსარჩელის ნათესები შეიძლება სხვა პირუტყვმა დააზიანა. მისივე განმარტებით, მოსარჩელეებს სოიოს მოსავალი არ მიუღიათ;
9.3.8. მოწმე ა. გ-ამ განმარტა, რომ მოპასუხის ფერმაში მუშაობს და წველის ძროხებს. მოწმის განმარტებით, ჯ-ში ყველა მსხვილფეხა პირუტყვი არის დანომრილი, ხოლო მოპასუხის დაუნომრავია;
9.3.9. მოწმე ზ. გ-ამ განმარტა, რომ მიწის ნაკვეთი აქვს მოპასუხის ნაკვეთის მეზობლად, მას უნახავს, რომ მოსარჩელის ნაკვეთში შესული იყო მსხვილფეხა პირუტყვი, ხოლო ვისი იყო არ იცის.
9.4. მტკიცებულებათა ერთობლივად გამოკვლევა და შეჯერება დაედო საფუძვლად სასამართლოს მიერ სარჩელის დაკმაყოფილებას.
10. სააპელაციო საჩივრის საფუძვლები
10.1. მოპასუხემ სააპელაციო წესით გაასაჩივრა საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება, მისი გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის უარყოფა მოითხოვა შემდეგ პრეტენზიებზე დაყრდნობით:
10.1.1. სასამართლომ არასწორად შეაფასა საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებები, მხარეთა და მოწმეთა ჩვენებები. საქმის მასალებით ვერ დგინდება თუ რა ჯიშის სოიო დათესეს მოსარჩელეებმა და გამოიყენეს თუ არა დაქირავებული ტექნიკა მიწის დასამუშავებლად;
10.1.2. აპელანტი არ დაეთანხმა ამ განჩინების 7.3. პუნქტში მითითებულ გარემოებას და განმარტა, რომ პირველი მოსარჩელის მიწის ნაკვეთი არის შემოუღობავი და დაუცველი;
10.1.3. აპელანტმა გააკრიტიკა აუდიტის დასკვნა, რადგან მოსარჩელეები ზიანს ითვლიდნენ 2014 წლის გაზაფხულზე დათესილი სოიოდან მაშინ, როცა მათივე განმარტებით, როგორც კი სოიო წამოიზარდა, სწორედ მაშინ შეიჭრნენ ცხოველები, თუმცა დასკვნა მომზადებულია ნოემბერში ისე, რომ აუდიტს მასალა არ დაუთვალიერებია და ვერც შეიძლებოდა ენახა, ვინაიდან ამ დროს მოსავალი უკვე აღებული იყო;
10.1.4. მოსარჩელეთა მიერ მოწვეული მოწმეები - ლ. კ-ე, ო. გ-ა და ი. ბ-ი მიკერძოებულები არიან, რადგან ისინი მიიჩნევდნენ, რომ მოპასუხის საქონელი მათ მიწის ნაკვეთებზეც შედიოდა და აზიანებდა ნათესებს, ხოლო მოწმეთა - ტ. დ-ისა და მ. ფ-ის ჩვენებები არ ადასტურებდნენ იმ გარემოებას, რომ პირუტყვი მოპასუხეს ეკუთვნოდა;
10.1.5. მოწმეებმა დაადასტურეს, რომ მიწის ნაკვეთს ღობე მონგრეული აქვს, რის გამოც იქ უპატრონო საქონელი და ცხენები მრავლადაა, შესაბამისად, არ დასტურდებოდა მხოლოდ მოპასუხის პირუტყვის მიერ სოიოს მოსავლის განადგურების ფაქტი;
10.1.6. მწყემსმა ე. კ-ემ და ა. გ-ამ დაადასტურეს, რომ საქონელს ჰყავს მომვლელი, თავად მეთვალყურეობენ და არასოდეს ტოვებენ უყურადღებოდ;
10.1.7. თავიდანვე იყო ნათელი და ყველა პროცესზე აშკარა იყო მოსამართლის მიკერძოება, რომელმაც არაერთხელ განაცხადა, რომ აპირებდა სარჩელის დაკმაყოფილებას, გარდა ამისა, მოსამართლე მოწმეებს უსვამდა მხოლოდ მოსარჩელეთა ინტერესებიდან გამომდინარე შეკითხვებს, სასამართლომ არასწორად გაანალიზა მოწმეთა განმარტებები, მითითებულია ისეთი სიტყვები, რაც მათ საერთოდ არ უთქვამთ.
11. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება და დასკვნები
11.1. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 27 სექტემბრის გადაწყვეტილებით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა სააპელაციო საჩივარი, საქალაქო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ შეცვლით, მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ და მოპასუხეს მოსარჩელეების სასარგებლოდ დაეკისრა 14 810 ლარის გადახდა.
11.2. სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ საქალაქო სასამართლომ, ძირითადად, სწორად დაადგინა ფაქტები და მართებულად მიუთითა, რომ, სსკ-ის 1003-ე მუხლის თანახმად, აპელანტი ვალდებული იყო აენაზღაურებინა მიყენებული ზიანი.
11.3. სასამართლოს მოსაზრებით, ის ფაქტი, რომ მოსავალი აპელანტის კუთვნილმა პირუტყვმა დააზიანა, საქმის მასალებით - მოწმეთა ჩვენებებით, შსს სამტრედიის რაიონული სამმართველოს უბნის ინსპექტორ-გამომძიებლის მიერ შედგენილი ოქმებითა და ფოტოსურათებით სავსებით დასტურდებოდა.
11.4. ფოტოსურათებიდან ჩანდა, რომ პირუტყვი ნაკვეთზე ჯოგად იმყოფებოდა. აპელანტს არ მიუთითებია, რომ საქონელი სოფლის მოსახლეობას ეკუთვნოდა და აღნიშნული ფაქტი არც მოწმედ დაკითხულ პირებს უთქვამთ. საქმის მასალებით არ მტკიცდება, რომ მესაკუთრის ნაკვეთის სიახლოვეს ცხოველების სხვა ფერმაც არსებობდა. შესაბამისად, გონივრული იყო დასკვნა, რომ საქონელი, სწორედ აპელანტს ეკუთვნოდა.
11.5. სააპელაციო სასამართლოს შეფასებით, საქალაქო სასამართლომ, ასევე, მართებულად დაადგინა, რომ სოიოს რეალიზაციის შედეგად აპელანტის მოწინააღმდეგე მხარის შემოსავალი, გაწეული ხარჯის ჩათვლით, 15 810 ლარს შეადგენდა.
11.6. სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს (შემდეგში: ექსპერტიზის ბიურო) 2016 წლის 2 თებერვლის დაკვნის თანახმადაც, სოიოს მოსავალი, 1 ჰა-ზე 1,7-1,9 ტონა იქნებოდა. ამის შესაბამისად, 10 ჰა-ზე აპელანტის მოწინააღმდეგე მხარე მოიყვანდა 17-19 ტ. მოსავალს, რაც აუდიტორის დასკვნაში მითითებულზე მეტი იყო.
11.7. სასამართლომ განმარტა: სადავო არ იყო, რომ 16 კგ. სოიოს საშუალო საბაზრო ღირებულება 16 ლარია, ე.ი. 1 კგ. სოიოს ღირებულება 1 ლარია, ხოლო 15 810 კგ. სოიოს - 15 810 ლარი.
11.8. სასამართლომ დაასკვნა, რომ აპელანტის კუთვნილ საქონელს მოსავალი რომ არ გაენადგურებინა, მოსარჩელე 15 810 ლარის შემოსავალს მიიღებდა. თუმცა, როგორც აღინიშნა, ეს შემოსავალი მოსავლის მოსაყვანად და ასაღებად გაწეულ ხარჯსაც მოიცავდა. ამის შესაბამისად, ის ხარჯი, რომელიც მოსარჩელეებს არ გაუწევიათ, მათი დანაკლისი არ იყო.
11.9. უდავოა, რომ მოსარჩელეებმა მოსავლის აღება ვეღარ მოახერხეს, შესაბამისად, მხარეს მოსავლის აღების ხარჯი არ გაუწევია და აპელანტს ამის ანაზღაურების ვალდებულება არ ჰქონდა.
11.10. ექსპერტიზის ბიუროს 2016 წლის 2 თებერვლის დასკვნის მიხედვით, 1 ჰა ნაკვეთზე “კოლხეთი-4”-ის მოყვანის ხარჯი, მექანიზებულად აღების შემთხვევაში, 695 ლარს, ხოლო მუშა ხელის გამოყენებით აღების შემთხვევაში - 910 ლარს შეადგენდა. მათ შორის, უშუალოდ, მოსავლის აღების ხარჯი, მექანიზირებულად აღების შემთხვევაში, 100-120 ლარი, ხოლო მუშახელის გამოყენებით აღების შემთხვევაში - 300-350 ლარი იყო.
11.11. მესაკუთრის ნაკვეთის მოცულობის გათვალისწინებით, სასამართლომ სავსებით დამაჯერებლად მიიჩნია მოსარჩელეთა განმარტება, რომ ისინი მოსავალს მექანიზირებული საშუალებით, კომბაინით აიღებდნენ. ის გარემოება, რომ მსგავსი საშუალებები მოსარჩელეთათვის ხელმისაწვდომი არ იყო, აპელანტს არ მიუთითებია. ამავდროულად, თუ მოსავლის ასაღებად 100-120 ლარი იქნებოდა საკმარისი, ამავე საქმისათვის 300-350 ლარის, ე.ი. სამჯერ მეტი თანხის გადახდა არაგონივრულიც იქნებოდა.
11.12. ზემოხსენებულის გათვალისწინებით, სასამართლომ მიიჩნია, რომ 10 ჰა მიწის ნაკვეთზე მოსავლის ასაღებად აპელანტის მოწინააღმდეგე მხარე 100X10=1000 ლარს დახარჯავდა, თუმცა, ეს ხარჯი მას არ გაუღია, ამიტომ მოთხოვნა ამ ხარჯის ანაზღაურების თაობაზე უსაფუძვლო იყო.
11.13. როგორც აღინიშნა, სსკ-ის 1003-ე მუხლის თანახმად, ცხოველის მფლობელი ვალდებულია აანაზღაუროს ის ზიანი, რომელიც მისმა ცხოველმა სხვას მიაყენა. ამავე კოდექსის 408-ე და 411-ე მუხლების მიხედვით, კი ზიანში იგულისხმება, როგორც ფაქტობრივი ქონებრივი დანაკლისი, ასევე - მიუღებელი შემოსავალი.
11.14. სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ მოსარჩელეთა ზიანმა, როგორც ფაქტობრივი დანაკლისის, ასევე მიუღებელი შემოსავალის სახით შეადგინა 15 810-1000=14 810 ლარი, ამიტომ, აპელანტს სწორედ ეს ზიანი უნდა აენაზღაურებინა.
12. საკასაციო საჩივრის საფუძვლები
12.1. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ, მისი გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის უარყოფა მოითხოვა.
12.2. კასატორმა ამ განჩინების 10.1.1-10.1.7 პუნქტებში მითითებულ იდენტურ პრეტენზიებზე გაამახვილა ყურადღება და დამატებით აღნიშნა, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილება განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკისაგან - # ას-65-63-2014, 01.05.2014 წლის განჩინება, რომლის მიხედვითაც მოპასუხის პირუტყვის მიერ მოსარჩელეთა სოიოს ნათესის განადგურების ფაქტი შესაბამისი აქტით უნდა დადასტურებულიყო, რაც განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელეებს არ წარუდგენიათ;
12.3. კასატორი სადავოდ ხდის აუდიტის დასკვნით განსაზღვრულ სოიოს ღირებულებას და მიიჩნევს, რომ 1 კგ სოიოს ღირებულების გამოსათვლელად რამდენიმე ბაზარი უნდა შესწავლილიყო;
12.4. კასატორის განმარტებით, არ არის გამოკვლეული, თუ რამ გამოიწვია 10 ჰა-ზე დათესილი სოიოს მოსავლის განადგურება. კასატორი აღნიშნავს, რომ მოსავლის განადგურება ძლიერმა გვალვამ გამოიწვია, ასევე ყურადღების მიღმაა დარჩენილი ის ფაქტი, რომ დიდი ოდენობით სოიოს მიღების შემთხვევაში საქონელი იღუპება, საქონელი არ დაღუპულა, შესაბამისად, მოპაუხისათვის ზიანის დაკისრების ფაქტობრივ-სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს.
13. საკასაციო სამართალწარმოების ეტაპი:
13.1. მოსარჩელის საკასაციო საჩივარი წარმოებაშია მიღებული საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 9 იანვრის განჩინებით სსსკ-ის 391-ე მუხლის საფუძველზე დასაშვებობის წინაპირობების შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, მოსარჩელის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის იურიდიული დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საკასაციო განაცხადი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, ამიტომ იგი დაუშვებელია შემდეგი არგუმენტაციით:
14. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს (8.02.2017 N259; ახალი რედაქცია ამოქმედდა 2017 წლის 14 მარტიდან), რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.
15. განსახილველ შემთხვევაში საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლოს ყოველმხრივ, სრულად და ობიექტურად აქვს გამოკვლეული საქმის გადასაწყვეტად სამართლებრივად მნიშვნელოვანი ყველა ფაქტობრივი გარემოება.
16. სსსკ-ის 407.2-ე მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია. სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილად ცნობილ ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით კასატორს ასეთი დასაბუთებული შედავება არ წარმოუდგენია.
17. განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლო არ იზიარებს კასატორის პრეტენზიებს, რომ პირუტყვი, რომელმაც მოსარჩელეთა სოიოს ნათესები გაანადგურა მას არ ეკუთვნოდა. მოცემულ შემთხვევაში, მოპასუხემ საქმისწარმოების მიმდინარეობისას ვერც პირველი ინსტანციის და ვერც სააპელაციო სასამართლოებში ვერ დაამტკიცა მის მიერ პირუტყვის სათანადო მეთვალყურეობის ფაქტი, რაც სწორედ მისი კუთვნილი მტკიცების ტვირთი იყო.
18. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მტკიცების ტვირთი მართებულად გადანაწილდა მხარეებს შორის, რაც სამართალწარმოებისას უზრუნველყოფს მხარეთა შეჯიბრებითობისა და თანასწორობის პრინციპებზე (სსსკ-ის მე-4-5 მუხლები) დაყრდნობით დავის განხილვასა და გადაწყვეტას და სავსებით იზიარებს გასაჩივრებული გადაწყვეტილების მსჯელობასა და დასკვნებს, რომლებიც წინამდებარე განჩინების 11.3-11.14 ქვეპუნქტებშია ასახული.
19. ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისითაც, ვინაიდან ცხოველის მიერ მიყენებული ზიანის ანაზღაურების (სსკ-ის 1003-ე მუხლი) სამართლებრივი მოწესრიგება მოცემულია საკასაციო სასამართლოს არაერთ გადაწყვეტილებაში (იხ. სუსგ-ები: ას-181-882-03, 31.10.2003წ.; ას-447-423-2013, 24.10.2013წ.; ას-65-63-2014, 01.05.2014წ.; ას-125-117-2015, 27.04.15წ.; ას-1277-1217-2014, 27.05.2015წ).
20. კასატორის 12.2 ქვეპუნქტში მითითებულ პრეტენზიასთან დაკავშირებით საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილება არათუ ეწინააღმდეგება უზენაესი სასამართლოს პრაქტიკას, არამედ არ განსხვავდება მისგან, რადგან კასატორის მიერ მითითებული ას-65-63-2014, 01.05.2014 წლის განჩინებით დადგენილია, რომ როდესაც დასტურდება ცხოველის მიერ ზიანის მიყენების ფაქტი, ცხოველის მესაკუთრე ვალდებულია დაზარალებულს ცხოველის მიერ მიყენებული ზიანი აუნაზღაუროს.
21. ზემოხსენებული მოტივაციით უარყოფილია საკასაციო განაცხადის არსებითად განსახილველად დასაშვებად ცნობა, რაც სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინების უცვლელად დატოვების საფუძველია.
22. სსსკ-ის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის საფუძველზე, საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის გამო, კასატორის დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 391-ე, 401-ე, 408.3-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ზ. გ-ის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;
2. ზ. გ-ს (პ/ნ 6-) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 740.5 ლარის (საკრედიტო საგადახდო დავალება N1, გადახდის თარიღი 2016 წლის 27 დეკემბერი), 70% – 518.35 ლარი;
3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ. თოდუა
მოსამართლეები: ე. გასიტაშვილი
პ. ქათამაძე