№ას-553-524-2015 10 მარტი, 2016 წელი
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა/ მოსამართლეები:
მზია თოდუა (თავმჯდომარე),
პაატა ქათამაძე (მომხსენებელი),
ეკატერინე გასიტაშვილი
სხდომის მდივანი – ლელა სანიკიძე
კასატორი (მოპასუხე) – საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია
წარმომადგენელი – ნ. კ-ი
მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) – შპს „...“
წარმომადგენლები – ა. ნ-ი, მ. ნ-ი
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 18 მარტის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
დავის საგანი – ნასყიდობის ფასის გადახდა
II აღწერილობითი ნაწილი:
1. შპს „...-მ“ (რომელიც შემდეგში მოხსენიებულია, როგორც გამყიდველი, მოსარჩელე ან აპელანტი) 2009 წლის 16 დეკემბერს ზეპირი შეთანხმების საფუძველზე საქართველოს მთავრობის კანცელარიას (რომელიც შემდეგში მოხსენიებული, როგორც მყიდველი, კანცელარია, მოპასუხე ან კასატორი) საკუთრებაში გადასცა 24 126.44 ლარად ღირებული კომპიუტერული ტექნიკა.
2. მოპასუხემ მოსარჩელეს მიწოდებული საგნების ღირებულება არ გადაუხადა.
3. 2010 წლის 22 აპრილს მოსარჩელემ პრეტენზია წაუყენა მოპასუხეს და 24 126,44 ლარის გადახდა მოსთხოვა.
4. მოპასუხემ უარი განაცხადა შესრულებაზე იმ მოტივით, რომ მოსარჩელემ ვერ დაამტკიცა ვალდებულების არსებობა, რადგანაც ვერ წარუდგინა წერილობითი ფორმით დადებული ხელშეკრულება.
5. მოგვიანებით, მოსარჩელემ განცხადებით საქართველოს მთავარ პროკურორს მიმართა. მან მოითხოვა, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით გამოძიების დაწყება მოპასუხის ყოფილი ვალდებულების შესრულების მიმღები თანამშრომლების მიმართ.
6. პროკურატურამ დაადასტურა, რომ 2009 წლის 16 დეკემბრის იმ ანგარიშფაქტურების ნამდვილობა, რომლებიც ასახავდა კომპიუტერული ტექნიკის მოპასუხის ყოფილი თანამშრომლებისათვის გადაცემას, ნამდვილი იყო; მოსარჩელეს განემარტა, რომ, რადგანაც განცხადებაში ასახული გარემოებები თავისი შინაარსით კერძოსამართლებრივი ურთიერთობიდან გამომდინარე დავას მიეკუთვნებოდა, სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყების საფუძველი არ არსებობდა .
7. 2013 წლის 10 დეკემბერს მოსარჩელემ სარჩელი აღძრა მოპასუხის წინააღმდეგ 24 126,44 ლარის დაკისრების მოთხოვნით.
8. მოპასუხემ სარჩელი უარყო იმ საფუძვლით, რომ მოპასუხის მიმართ ვრცელდება „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნები, შესაბამისად, მან შესყიდვების შესახებ ხელშეკრულება წერილობითი ფორმით უნდა დადოს. მოსარჩელემ კი წერილობითი ხელშეკრულება ვერ წარმოადგინა, რაც იმას ნიშნავს, რომ ეს არ არის ნამდვილი გარიგება და მას მოსარჩელის მიმართ შესრულების ვალდებულება არ აკისრია. მოპასუხემ ასევე მიუთითა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის, (შემდეგში სსკ-ის), 129-ე მუხლზე და განმარტა, რომ მოთხოვნა წარმოშობილი რომც იყოს, მაინც ვერ განხორციელდებოდა, რადგანაც სამწლიანი ხანდაზმულობის ვადაა გასული (დენა დაიწყო 2009 წლის 16 დეკემბერს და გავიდა 2012 წლის 16 დეკემბერს).
9. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 5 მაისის გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა. სასამართლომ იხელმძღვანელა სსკ-ის 317-ე, 128-ე, 130-ე, 477-ე, 186-ე, 138-ე, 144-ე მუხლებით და შემდეგი დასკვნები გამოიტანა:
9.1. მხარეებს შორის 2009 წლის 16 დეკემბერს ნასყიდობის ხელშეკრულება არ დადებულა. 2009 წლის 16 დეკემბრის საგადასახადო ანგარიშფაქტურა, სადაც 24 126,44 ლარის ღირებულების საგნების მყიდველად მითითებულია მოპასუხე, არ შეიძლება, საფუძვლად დაედოს მოთხოვნის დაკმაყოფილებას, რადგანაც ანგარიშ-ფაქტურა წარმოადგენს საგადასახდო დოკუმენტს და მისი საშუალებით უტყუარად ვერ დადასტურდება ნასყიდობის ხელშეკრულების დადებისა და ნასყიდობის საგნის მყიდველისათვის გადაცემის ფაქტი. გარდა ამისა, მითითებული საგადასახდო ანგარიშფაქტურის მყიდველის სახელით ხელმომწერი პირის ვინაობა დაუდგენელია, ასევე უცნობია, ჰქონდა თუ არა მას მოპასუხისგან შესრულების მიღების უფლებამოსილება მინიჭებული. გადაწყვეტილება ყურადღებას ამახვილებს ”სახელმწიფო შესყიდვების შესახებ” საქართველოს კანონის 21-ე მუხლის მე-11 პუნქტზეც, რომლის თანახმად სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულება იდება წერილობითი ფორმით, ამ კანონითა და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით განსაზღვრული პირობების გათვალისწინებით. შესაბამისად, სახელმწიფო ორგანოსთან დადებული წერილობითი ხელშეკრულების ჩანაცვლება გამყიდველის მიერ გამოწერილი საგადასახადო ანგარიშფაქტურით დაუშვებელია.
9.2. ნასყიდობის ფაქტის დადასტურების შემთხვევაშიც, მოთხოვნა განხორციელებადი არ არის. სასარჩელო მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადის ათვლა დაიწყო 2009 წლის 16 დეკემბრიდან, როდესაც მოსარჩელემ ვერ მიიღო მოძრავი ნივთების ღირებულება. სსკ-ის 138-ე მუხლით განსაზღვრულია ის წინაპირობები, რომლებიც ხანდაზმულობის ვადის შეწყვეტას იწვევს. მითითებული ნორმის თანახმად, ხანდაზმულობის ვადის დენა წყდება, თუ უფლებამოსილი პირი შეიტანს სარჩელს მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად ან მის დასადგენად, ანდა შეეცდება, დაიკმაყოფილოს მოთხოვნა სხვა საშუალებით, როგორიცაა - სახელმწიფო ორგანოსათვის ან სასამართლოში განცხადებით მიმართვა მოთხოვნის არსებობის შესახებ. ამასთან, აღნიშნული ნორმის საფუძველზე ხანდაზმულობის ვადის შეწყვეტისათვის აუცილებელია, რომ მხარის მიერ არჩეული საშუალება ვარგისი იყოს შესაბამისი სამართლებრივი შედეგის მისაღწევად. მოსარჩელის მიერ პროკურატურისათვის მიმართვა ასეთ წინაპირობად ვერ ჩაითვლება. ამდენად, მოსარჩელის მოთხოვნის არსებობის შემთხვევაშიც კი, ის ხანდაზმულია და, სსსკ-ის 144-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მოპასუხე მხარე უფლებამოსილია, უარი თქვას მოქმედების შესრულებაზე.
10. გარდა ამისა, სასამართლომ 2014 წლის 23 აპრილის საოქმო განჩინებით არ დააკმაყოფილა მოსარჩელის შუამდგომლობა სასაქონლო ანგარიშფაქტურაზე ხელმომწერი პირების: ი. ქ-ის, გ. კ-სა და თ. ჩ-ის მოწმის სტატუსით დაშვებისა და დაკითხვის შესახებ; სასამართლომ არ დააკმაყოფილა საქართველოს ფინანსთა სამინისტროდან მოსარჩელის საჩივართან დაკავშირებით ჩატარებული წინასაგამოძიებო შემოწმების მასალების გამოთხოვის თაობაზე შუამდგომლობაც.
11. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 5 მაისის გადაწყვეტილება და 2015 წლის 23 აპრილის საოქმო განჩინება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ შემდეგი საფუძვლებით:
11.1. სასამართლომ არასწორად მიიჩნია, რომ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დგინდებოდა მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის ნასყიდობის ხელშეკრულების დადების ფაქტი. ამას ადასტურებდა 2009 წლის 16 დეკემბრის ანგარიშფაქტურა, სადაც მყიდველად მითითებულია მოპასუხე. აღნიშნული დოკუმენტი არ არის ყალბი, რაც დაადგინა ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა და პროკურატურამ.
11.2. სასამართლო დაუსაბუთებლად უთხრა უარი მოსარჩელეს მოწმეების დაკითხვაზე, რომლებიც წლების განმავლობაში მოქმედებდნენ მოპასუხის მიერ მინიჭებული უფლებამოსილებით და დაადასტურებდნენ პროდუქციის მიწოდების ფაქტსა და საქმის სხვა გარემოებებს. სასამართლომ უსაფუძვლოდ თქვა უარი საგამოძიებო სამსახურიდან საქმის მასალების გამოთხოვაზეც. ამით დაირღვა შეჯიბრებითობის პრინციპი და მოსარჩელეს წაერთვა იმ მტკიცებულებების წარდგენის შესაძლებლობა, რომელზედაც ის ამყარებდა თავის მოთხოვნას.
11.3. სასამართლომ არასწორად განმარტა სსკ-ის 138-ე მუხლი და მიიჩნია, რომ პროკურატურა არ წარმოადგენს ორგანოს, რომლის მეშვეობითაც შესაძლებელი იყო მოთხოვნის დაკმაყოფილება ან დადგენა. სწორედ პროკურატურას უნდა დაედგინა, გამოვლინდა თუ არა მითვისება, თაღლითობა ან გაყალბება, რის შემდეგაც წარმოიშობოდა მოთხოვნა მოპასუხის მიმართ.
12. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 18 მარტის განჩინებით სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 5 მაისის გადაწყვეტილება, ამავე სასამართლოს 2014 წლის 23 აპრილის საოქმო განჩინება და საქმე მოსარჩელის შუამდგომლობის განხილვის ეტაპიდან ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა იმავე სასამართლოს. სააპელაციო სასამართლომ საქმეზე დადგენილად ცნო შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
12.1. დავის საგანს წარმოადგენს მოძრავი ნივთების ღირებულების ანაზღაურება. მოსარჩელემ მოთხოვნის დასადასტურებლად მიუთითა და სასამართლოს წარუდგინა 2009 წლის 16 დეკემბრის საგადასახადო ანგარიშფაქტურა და სასაქონლო ზედნადები, სადაც პროდუქციის მყიდველად მოპასუხეა მითითებული, მაგრამ მიმღების ხელმოწერის ინდენტიფიცირება ვერ ხერხდება. მოსარჩელის განმარტებით, დოკუმენტებზე ხელმოწერა ეკუთვნის მოპასუხის იმჟამინდელ თანამშრომლებს - ი. ქ-სა და გ. კაციაშვილს. სააპელაციო პალატამ განმარტა, რომ სასამართლოს მიერ შესაფასებელი მტკიცებულება სადავო ურთიერთობის მომწესრიგებელი მატერიალურსამართლებრივი ნორმის ფაქტობრივი სიტუაციის ნორმატიულ აღწერილობით ინფორმაციას უნდა შეიცავდეს. მოსარჩელემ მტკიცების საგანში შემავალი გარემოების დასადასტურებლად იშუამდგომლა მოწმეთა დაშვებისა და დაკითხვის შესახებ, ასევე, ფინანსთა სამინისტროდან მოსარჩელის საჩივართან დაკავშირებით ჩატარებული წინასაგამოძიებო შემოწმების მასალების გამოთხოვის შესახებ. ის ამტკიცებდა, რომ მოწმეებად დასახელებულმა პირებმა უშუალოდ მიიღეს სადავო ნივთები და გადასცეს მოპასუხეს. პალატის მოსაზრებით, მოწმეთა ჩვენებებს, ასევე, წინასაგამოძიებო მასალებს, შესაძლებელია, სადავო გარემოების დასადგენად არსებითი მნიშვნელობა ჰქონდეთ. რადგანაც მოსარჩელეს არ ჰქონდა შესაძლებლობა, უშუალოდ მიეღო წინასაგამოძიებო საქმის მასალები, სასამართლოს უნდა უზრუნველეყო მათი გამოთხოვა. ამ კონკრეტულ შემთხვევაში, მოსარჩელეს მხოლოდ სასამართლოსათვის მიმართვის გზით შეეძლო თავისი უფლების ან კანონით გათვალისწინებული ინტერესების დაცვა და მტკიცების საგანში შემავალი გარემოებების დამტკიცება. შესაბამისად, პირველი ინსტანციის სასამართლოს დასკვნა, შუამდგომლობის უსაფუძვლობასთან დაკავშირებით, არასწორია.
12.2. სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა გასასჩივრებული გადაწყვეტილების შეფასება მოთხოვნის ხანდაზმულობასთან მიმართებით და აღნიშნა, რომ, მართალია, კანონის მოთხოვნათა დაცვით გაფორმებული წერილობითი ხელშეკრულება მოსარჩელეს არ წარუდგენია, მაგრამ, მიუხედავად ამისა, თუ პირს ვალდებულების გარეშე გადაეცემა რაიმე, იგი ვალდებულია, სსკ-ის 976-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე, უკან დააბრუნოს მიღებული. თუ უკან დაბრუნება შეუძლებელია გადაცემული საგნის მდგომარეობის გამო, მაშინ მან უნდა აანაზღაუროს მისი საერთო ღირებულება (სსკ-ის 979-ე მუხლის მეორე ნაწილი). აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლომ დაასკვნა, რომ მოსარჩელის მოთხოვნის ხანდაზმულობის საკითხი უნდა გადაწყდეს სამოქალაქო კოდექსის 128-ე მუხლის მე-3 ნაწილით, რომლის საფუძველზეც ხანდაზმულობის საერთო ვადა შეადგენს ათ წელს. მოსარჩელის განმარტებით, საქონელი გადაცემულია 2009 წლის 16 დეკემბერს და სწორედ ამ დროიდან უნდა დაიწყოს ხანდაზმულობის ვადის ათვლა.
12.3. პალატის მოსაზრებით, იმ შემთხვევაშიც, თუ დადგინდებოდა, რომ მხარეთა შორის დავა გამომდინარეობდა ნასყიდობის სახელშეკრულებო ურთიერთობიდან, მოთხოვნა მაინც განხორციელებადი იქნებოდა. მოსარჩელემ თავისი დარღვეული უფლების დასაცავად 2012 წლის 1 ნოემბერს მიმართა საქართველოს მთავარ პროკურორს. საქართველოს მთავარი პროკურატურისათვის მიმართვა, არსებულ ვითარებაში, შეიძლება, შეფასდეს, როგორც სწორი და ეფექტური საშუალება უფლების დასაცავად. მოსარჩელე საქართველოს მთავარ პროკურატურაში წარდგენილი განცხადებით ითხოვდა გამოძიების დაწყებას მისი კუთვნილი კომპიუტერული აპარატურის მითვისების ფაქტზე, რაც მოსარჩელის მხრიდან მიზნად ისახავდა სადავოდ გამხდარ ქმედებაში დანაშაულის ნიშნების გარკვევას და, შესაბამისად, ზიანის ანაზღაურებაზე ვალდებული პირის დადგენას. ამდენად, საქართველოს მთავარი პროკურატურისათვის მიმართვა მატერიალური უფლების დაცვისა და მისი დადგენისაკენ მიმართულ ქმედებად უნდა შეფასებულიყო. აქედან გამომდინარე, სასამართლოს სასარჩელო ხანდაზმულობის ვადის დენა შეწყვეტილად 2012 წლის 1 ნოემბრიდან უნდა ჩაეთვალა.
13. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ. საკასაციო საჩივარი შემდეგ პრეტენზიებზეა დამყარებული:
13.1. მოსარჩელის შუამდგომლობის დაკმაყოფილება მოწმეთა დაკითხვის შესახებ სამართლებრივ საფუძველს მოკლებულია და სასამართლომ არასწორად განმარტა შეჯიბრებითობის პრინციპი. მოწმეთა ჩვენებით შეუძლებელია, დადგინდეს შესრულების ფაქტი. ამისი დადგენის შესაძლებლობა არსებობს მხოლოდ შესაბამისი მიღება-ჩაბარების აქტებით, სამეურნეო ანგარიშზე საქონლისა და მომსახურების ასახვის დამადასტურებელი წერილობითი დოკუმენტაციით ან/და საინვენტარიზაციო აქტებით. აღნიშნული მტკიცებულებები კი, კანცელარიაში არ მოიპოვება.
13.2. სასამართლომ არასწორად იხელმძღვანელა ხანდაზმულობის ვადის დენის შეწყვეტის თაობაზე სამოქალაქო კოდექსის 138-ე მუხლით, მაშინ, როდესაც მხარე სახელშეკრულებო ვალდებულების დარღვევაზე დავობს და მასზე 128-ე მუხლის დანაწესი უნდა გავრცელებულიყო. კასატორის მოსაზრებით, ხელშეკრულების ნამდვილობის დადასტურების შემთხვევაშიც, ხანდაზმულობის ვადის დენა არ შეწყვტილა, რადგანაც საგამოძიებო ორგანოები არ წარმოადგენენ კომპეტენტურ ორგანოს სამოქალაქო ზიანის ანაზღაურების შესახებ დავებში და სასარჩელო მოთხოვნის მიზნებისათვის სამართლებრივ მნიშვნელობასაა მოკლებული პოლიციისათვის ან პროკურატურისათვის მიმართვა.
14. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2015 წლის 26 ნოემბრის განჩინებით საკასაციო საჩივარი დასაშვებად იქნა ცნობილი საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის, შემდეგში სსსკ-ის, 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტების საფუძველზე.
III. ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
15. საკასაციო საჩივარი დაუსაბუთებელია. შესაბამისად, უცვლელად უნდა იქნეს დატოვებული გასაჩივრებული განჩინება.
16. სსსკ-ის 407-ე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითბას, იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).
17. მიწოდებული კომპიუტერული ტექნიკის საფასურის მოპასუხისათვის დაკისრების მოთხოვნას მოსარჩელე სახელშეკრულებო (ნასყიდობის) სამართლის ნორმებს აფუძნებდა („მყიდველი მოვალეა გადაუხადოს გამყიდველს შეთანხმებული ფასი და მიიღოს ნაყიდი ქონება, სსკ-ის 477-ე მუხლის მეორე ნაწილი). აღნიშნულიდან გამომდინარე, მითითებული სამართლებრივი შედეგის განმაპირობებელ (მტკიცების საგანში შემავალ გარემოებებს) ფაქტობრივ წინაპირობებს წარმოადგენდა: მხარეთა შორის ნამდვილი ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე უფლება-მოვალეობების წარმოშობა, მოსარჩელის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულების მიზნით, ხელშეკრულების საგნის მოპასუხისათვის გადაცემა, ამ უკანასკნელის მიერ მისი მიღება და ნაყიდი საქონლის ღირებულების გადახდა.
18. საკასაციო სასამართლო სრულად იზიარებს სააპელაციო სასამართლოს დასკვნას, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ დაარღვია სსსკ-ის 105-ე მუხლის მეორე ნაწილის მოთხოვნა. მან მტკიცებულებების ყოველმხრივი, სრული და ობიექტური განხილვის გარეშე გამოიტანა დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოების შესახებ. მხარეთა შორის არსებული ურთიერთობის კერძოსამართლებრივი შინაარსი არც მხარეებს და არც პირველი ინსტანციის სასამართლოს სადავოდ არ გაუხდიათ; მიუხედავად ამისა, გასაჩივრებული გადაწყვეტილება „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის 11 პუნქტზე დაყრდნობით ასკვნის, რომ, რადგანაც მოსარჩელემ ვერ წარმოადგინა წერილობითი ფორმით დადებული ხელშეკრულება, 2009 წლის 16 დეკემბერს ნასყიდობის ხელშეკრულება არ დადებულა. სასამართლომ არ გაითვალისწინა სსკ-ის 24.4-ე მუხლის პირველი წინადადება, რომლის მიხედვითაც: სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველი ორგანოები სამოქალაქოსამართლებრივ ურთიერთობებში მონაწილეობენ ისევე, როგორც კერძო სამართლის იურიდიული პირები (შდრ. სუსგ, საქმე #ბს-950-941, 28.03.17). შესაბამისად, მოცემული დავა ნასყიდობის მომწესრიგებელი ნორმებით, და არა საჯარო კანონმდებლობით, უნდა მოწესრიგდეს. სსკ-ის მიხედვით კი, მოძრავი ნივთების შესაძენად წერილობითი ფორმის დაცვა არ არის აუცილებელი. მოძრავ ნივთზე შემძენისათვის საკუთრების უფლების გადასაცემად საკმარისია მხარეთა შორის შეთანხმება და მისთვის ხელშეკრულების საგნის პირდაპირ მფლობელობაში გადაცემა ( სსკ-ის 186-ე მუხლი).
19. კანონის მიხედვით, მოსარჩელე ვალდებულია, სარჩელში სრულყოფილად და თანამიმდევრობით ასახოს მისი მოსაზრებები საქმის თითოეულ ფაქტობრივ გარემოებასა და მტკიცებულებასთან დაკავშირებით (სსსკ-ის 177-ე მუხლის მესამე ნაწილი). მან ეს ვალდებულება სათანადოდ შეასრულა და ლოგიკურად ასახა საქმის გარემოებები. გარდა ამისა, თავისი მოთხოვნის დასადასტურებლად მან სასამართლოს წინაშე იშუამდგომლა სასაქონლო ანგარიშფაქტურაზე ხელმომწერი პირების: ი. ქ-ის, გ. კ-სა და თ. ჩ-ის მოწმის სტატუსით დაშვებისა და დაკითხვის თაობაზე; სასამართლომ სრულიად უსაფუძვლოდ არ დააკმაყოფილა მოსარჩელის შუამდგომლობა, იმ პირობებში როდესაც მოპასუხის 2013 წლის 13 იანვრის შესაგებელი არ პასუხობდა სსსკ-ის 201-ე მუხლის მეოთხე ნაწილის მოთხოვნებს („პასუხში (შესაგებელში) სრულყოფილად და თანამიმდევრობით უნდა იყოს ასახული მოპასუხის მოსაზრებები სარჩელში მითითებულ თითოეულ ფაქტობრივ გარემოებასა და მტკიცებულებასთან დაკავშირებით. თუ მოპასუხე არ ეთანხმება სარჩელში მოყვანილ რომელიმე გარემოებას, იგი ვალდებულია მიუთითოს ამის მიზეზი და დაასაბუთოს შესაბამისი არგუმენტაციით; წინააღმდეგ შემთხვევაში მას ერთმევა უფლება, შეასრულოს ასეთი მოქმედება საქმის არსებითად განხილვის დროს.“). მისი შესაგებელი არ იყო კონკრეტული. ის ფაქტიურად არ შესდავებია მოსარჩელეს იმაში, რომ მოსარჩელის მიერ მოწმის სახით დასახელებულ მოწმეებს კანცელარიაში არ უმუშავიათ და სასაქონლო ზედნადებში მითითებულ საგნებს ის არ ფლობდა. მან შესაგებელი დაამყარა ხელშეკრულების წერილობითი ფორმის დაუცველობაზე და მოთხოვნის ხანდაზმულობაზე, მაშინ, როდესაც ამ შემთხვევაში გარიგების წერილობითი ფორმის დაცვა საჭირო არ იყო. მოსარჩელე ამტკიცებდა, რომ მიწოდებული პროდუქციის ღირებულება 2010 წლის 22 აპრილს მოსთხოვა მოპასუხეს და მხოლოდ ამ უკანასკნელის წერილობითი უარის მიღების შემდეგ მიმართა პროკურატურას შესაძლო დამნაშავე პირების დასადგენად. აქედან გამომდინარე, უნდა დადგინდეს სახელშეკრულებო მოთხოვნის წარმოშობის მომენტი (სსკ-ის 130-ე მუხლი) და ხანდაზმულობის ვადის დენის შეწყვეტა (სსკ-ის 138-ე მუხლი). ამრიგად, სააპელაციო პალატამ სრულიად მართებულად დაასკვნა, რომ მოწმეთა ჩვენებებს და ასევე წინასაგამოძიებო მასალების კვლევას, შესაძლოა, სადავო გარემოების დასადგენად გადამწყვეტი მნიშვნელობა ჰქონდეთ.
20. განსახილველ შემთხვევაში მოპასუხის სახელით ხელშეკრულების დადება შეეძლოთ ამ უკანასკნელის წარმომადგენლებსაც (სსკ-ის 103.1 მუხლი). თუ საქმის ხელახალი განხილვის შედეგად დადგინდება, რომ მოსარჩელის მიერ დასახელებული მოწმეების მიმართ ვალდებულება შესრულდა, რომლის დროსაც მათ არ მიუთითებიათ თავიანთ წარმომადგენლობით უფლებამოსილებაზე, მაშინ მხარესთან ადრინდელი ურთიერთობის (იხ. 19.08.09-ის მიწოდების ხელშეკრულება) გათვალისწინებით ხომ არ უმსუბუქდება მოსარჩელეს მტკიცების ტვირთი კანონისმიერი პრეზუმფციის საფუძველზე. აქედან გამომდინარე, უნდა შემოწმდეს ხომ არ არის განხორციელებული სსკ-ის 103-ე მუხლის შემადგენლობა (იმ გარიგებით, რომელსაც წარმომადგენელი დებს თავისი უფლებამოსილების ფარგლებში, და იმ პირის სახელით, რომელსაც იგი წარმოადგენს, უფლებები და მოვალეობები წარმოეშობა მხოლოდ წარმოდგენილ პირს. თუ გარიგება დადებულია სხვა პირის სახელით, მაშინ წარმომადგენლობითი უფლების არარსებობა არ შეიძლება გამოიყენოს გარიგების მეორე მხარემ, თუკი წარმოდგენილმა ისეთი გარემოებები შექმნა, რომ გარიგების მეორე მხარეს კეთილსინდისიერად ეგონა ასეთი უფლებამოსილების არსებობა. თუ გარიგების დადებისას წარმომადგენელი არ მიუთითებს თავის წარმომადგენლობით უფლებამოსილებაზე, მაშინ გარიგება წარმოშობს შედეგებს უშუალოდ წარმოდგენილი პირისათვის მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუკი მეორე მხარეს უნდა ევარაუდა წარმომადგენლობის შესახებ. იგივე წესი მოქმედებს მაშინაც, როცა მეორე მხარისათვის სულ ერთია, ვისთან დადებს გარიგებას).
21. იმის გათვალისწინებით, რომ სასამართლო არ არის შეზღუდული მოსარჩელის მიერ მითითებული მოთხოვნის მატერიალურსამართლებრივი საფუძვლით, მას უფლება აქვს, შეამოწმოს მოთხოვნის არასახელშეკრულებო საფუძველიც, ამ შემთხვევაში კონდიქციური მოთხოვნის ნამდვილობა. შესრულების კონდიქციის დროს შესრულება გულისხმობს სხვა პირის ქონების შეგნებულ და მიზანმიმართულ გაზრდას, ისე, რომ შემსრულებელი ფაქტობრივად არარსებულ ვალდებულებას ასრულებს. თუ საქმის ხელახალი განხილვის შედეგად დადგინდება, რომ მოსარჩელემ სახელშეკრულებო ვალდებულების გარეშე მოპასუხეს ნამდვილად მიაწოდა 24 126.44 ლარად ღირებული კომპიუტერული ტექნიკა, მაშინ სასამართლომ, სსკ-ის 976-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტისა და 979-ე მუხლის მეორე ნაწილის დანაწესის მიხედვით, უნდა იმსჯელოს შეუძლია თუ არა მოსარჩელეს გადაცემულის ნაცვლად მისი ღირებულება მოითხოვოს.
22. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლის მიხედვით, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ: ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.
23. განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლო არ აკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, ვინაიდან სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებულ განჩინებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა.
IV. ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 399-ე, 372-ე მუხლებით, 257-ე მუხლის პირველი ნაწილით, 410-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 18 მარტის განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე მ. თოდუა
მოსამართლეები: პ. ქათამაძე
ე. გასიტაშვილი