№ას-198-187-20167 29 ივნისი, 2017 წელი,
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა/მოსამართლეები:
პაატა ქათამაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ბესარიონ ალავიძე,
ზურაბ ძლიერიშვილი
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე
საჩივრის ავტორი (მოსარჩელე) – ა. მ-ი
მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) – მ. ხ-ი
გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 13 დეკემბრის განჩინება
საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და მოპასუხის განცხადების დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
დავის საგანი – ყადაღადადებული ქონების გამიჯვნაზე (ნატურით გაყოფაზე) თანხმობის გაცემა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. ბათუმის საქალაქო სასამართლოს სარჩელით მიმართა ა. მ-მა (შემდეგში: მოსარჩელემ, საჩივრის ავტორმა) მ. ხ-ის (შემდეგში მოპასუხის) წინააღმდეგ და მოითხოვა: მოპასუხის დავალდებულება უძრავი ქონების იჯარით გადაცემაზე; მოპასუხისათვის, მოსარჩელის სასარგებლოდ, 22 355 ლარის დაკისრება; მოპასუხისათვის, მოსარჩელის სასარგებლოდ, 19 087.75 ლარის დაკისრება ზიანის ასანაზღაურებლად.
2. ზემოხსენებული სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით მოსარჩელემ განცხადებით მიმართა ბათუმის საქალაქო სასამართლოს და მოითხოვა ყადაღის დადება მოპასუხის კუთვნილ უძრავ ქონებაზე (მდებარე ქ.ბათუმში, დ.ა-ს გამზირის #...-ში).
3. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 8 აგვისტოს განჩინებით მოსარჩელის განცხადება დაკმაყოფილდა, ყადაღა დაედო მოპასუხის კუთვნილ უძრავ ქონებას.
4. ზემოაღნიშნული განჩინება საჩივრით გაასაჩივრა მოპასუხემ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სარჩელის უზრუნველყოფის განცხადების დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
5. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 2 ოქტომბრის განჩინებით მოპასუხის საჩივარი არ დაკმაყოფილდა და საქმის მასალებთან ერთად გადაეგზავნა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს.
6. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 24 ოქტომბრის განჩინებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა გასაჩივრებული განჩინება.
7. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 20 თებერვლის გადაწყვეტილებით: სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; მოპასუხეს დაევალა, მოსარჩელისათვის იჯარის ხელშეკრულების მიზნებისათვის გამოსაყენებლად გადაეცა იჯარის ფართი - საცხოვრებელი სახლის პირველი სართულის 137.8კვ.მ და ეზოს ნაწილი; მოპასუხეს, მოსარჩელის სასარგებლოდ, დაეკისრა 12 105 ლარის გადახდა; მიუღებელი შემოსავლის ანაზღაურების მოთხოვნის ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
8. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებაზე სააპელაციო საჩივარი წარადგინა ორივე მხარემ.
9. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს განცხადებით მიმართა მოპასუხემ, რომელმაც მოითხოვა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 8 აგვისტოს განჩინებაში ცვლილების იმგვარად შეტანა, რომ ყადაღა გავრცელებულიყო უძრავი ნივთის (შენობა-ნაგებობის) მხოლოდ პირველ სართულზე. განცხადებელმა აღნიშნა, რომ საცხოვრებელი სახლი მრავალსართულიანია და სარჩელის უზრუნველსაყოფად მისი მთლიანად დაყადაღება აუცილებელი არ იყო. ამასთან, სს „პროკრედიტ ბანკის“ მოთხოვნით იგეგმებოდა მითითებული უძრავი ნივთის აუქციონზე რეალიზაცია, რის შედეგადაც განმცხადებლის ოჯახი საცხოვრებლის გარეშე დარჩებოდა. სარჩელის უზრუნველყოფის საგნის ცვლილებით მოპასუხეს შესაძლებლობა მიეცემოდა, რომ აჭარის ა/რ-ის მთავრობის ხელშეწყობით შეღავათიანი კრედიტით ესარგებლა, რომლითაც ბანკის ვალს გაისტუმრებდა და უძრავ ნივთს რეალიზაციისგან გადაარჩენდა. უძრავ ნივთზე არსებული ყადაღა კი, ხელს უშლიდა კრედიტის აღებას.
10. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 13 დეკემბრის განჩინებით მოპასუხის განცხადება დაკმაყოფილდა: მოპასუხეს ნება დაერთო, მის საკუთრებაში არსებული ქ.ქ-ში, დ.ა-ს გამზირის #...-ში მდებარე 435კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, მასზე განთავსებულ 444.6კვ.მ შენობა-ნაგებობასთან ერთად, იმგვარად გაემიჯნა, რომ საჯარო რეესტრში ცალ-ცალკე უძრავ ნივთებად დაერეგისტრირებინა მითითებული შენობა-ნაგებობის პირველი სართული და დანარჩენი შენობა-ნაგებობა; ასეთი გამიჯვნისა და რეგისტრაციის შემდეგ, მოსარჩელის სარჩელის (რომლის ფასია 31 192.75 ლარი) უზრუნველსაყოფად, ყადაღა უნდა დარჩენილიყო მითითებული შენობა-ნაგებობის პირველ სართულზე, ხოლო შენობა-ნაგებობის დანარჩენი ნაწილი ყადაღისგან უნდა გათავისუფლებულიყო.
11. სასამართლომ განმარტა, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში სსსკ-ის) 1961 მუხლის მე-2 ნაწილი ითვალისწინებს მოპასუხის უფლებას, მიმართოს სასამართლოს დაყადაღებული ქონების გამიჯვნაზე (ნატურით გაყოფაზე) თანხმობის გაცემის შესახებ განცხადებით. სასამართლოს მოსაზრებით, ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, აუცილებელია, დადგინდეს, რომ ყადაღადადებული ქონების გამიჯვნა შესაძლებელია და გამიჯვნის შედეგად მიღებული ქონება საკმარისია სარჩელის უზრუნველსაყოფად. მოცემულ შემთხვევაში, სასამართლომ მიიჩნია, რომ, სარჩელის ფასის (31 192.75 ლარის) გათვალისწინებით, შესაძლებელი იყო მოპასუხის კუთვნილი დაყადაღებული უძრავი ნივთისგან შენობა-ნაგებობის პირველი სართულის გამიჯვნა, რომელზეც ყადაღა გავრცელდებოდა და რომელიც, თავისი ღირებულებიდან (210 000 ლარიდან) გამომდინარე, სრულიად უზრუნველყოფდა სარჩელის მოთხოვნებს. სასამართლოს მოსაზრებით, სარჩელის დავის საგნის ღირებულების გათვალისწინებით, მთლიან უძრავ ნივთზე (რომლის ღირებულებაა 945 000 ლარი) ყადაღის არსებობა გაუმართლებლად ხელყოფდა მოპასუხის საკუთრების უფლებას და არაპროპორციულ ღონისძიებას წარმოადგენდა.
12. სააპელაციო სასამართლოს ზემოაღნიშნულ განჩინებაზე საჩივარი შეიტანა მოსარჩელემ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სარჩელის უზრუნველყოფის საგნის შეცვლის შესახებ განცხადების დაკმაყოფილებაზე უარის თქმა. საჩივრის საფუძვლები:
12.1. მოპასუხეს არ წარუდგენია ექსპერტიზის დასკვნა იმის შესახებ, რომ გამიჯვნა შესაძლებელი იყო და ამით შენობის პირველი სართულის ღირებულება ისე არ დაკნინდებოდა, რომ სარჩელის ღირებულება ვერ უზრუნველეყო. გაურკვეველია, თუ რას მიეძღვნა განჩინება, ქონების გამიჯვნას თუ ყადაღისგან მის გათავისუფლებას;
12.2. მოსარჩელეს არ მიეცა შესაძლებლობა, სარჩელის უზრუნველყოფის საგნის შეცვლის შესახებ განცხადების თაობაზე საკუთარი მოსაზრება წარედგინა, რითაც დაირღვა მისი უფლება საქმის სამართლიან განხილვაზე;
13. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 13 დეკემბრის განჩინებით მოსარჩელის საჩივარი არ დაკმაყოფილდა და საქმის მასალებთან ერთად გადმოიგზავნა საქართველოს უზენაეს სასამართლოში.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
14. საკასაციო სასამართლო გაეცნო საქმის მასალებს, შეისწავლა საჩივრის საფუძვლები და მიიჩნევს, რომ მოსარჩელის საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს, უნდა გაუქმდეს გასაჩივრებული განჩინება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს შემდეგ გარემოებათა გამო:
15. სსსკ-ის 1961 მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით, მოპასუხეს შეუძლია, სასამართლოს მიმართოს ყადაღადადებული ქონების გამიჯვნაზე (ნატურით გაყოფაზე) თანხმობის გაცემის შესახებ განცხადებით. ამავე მუხლის მეოთხე ნაწილი ადგენს იმ წინაპირობებს, რომელთა არსებობის შემთხვევაშიც შესაძლებელია მოპასუხის განცხადების დაკმაყოფილება, კერძოდ, ასეთი განცხადება სასამართლომ შეიძლება, დააკმაყოფილოს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ იგი დაადგენს შემდეგი ორი გარემოების ერთდროულად არსებობას: ა. ყადაღადადებული ქონების გამიჯვნა (ნატურით გაყოფა) შესაძლებელია და ბ. ასეთი გამიჯვნის შედეგად მიღებული ქონება საკმარისია სარჩელის უზრუნველსაყოფად. საკასაციო პალატა მიიჩნევს, ზემოხსენებულ გარემოებათა დასადგენად საჭიროა სპეციალური ცოდნა, შესაბამისად, ამ გარემოებათა არსებობა შეიძლება დადასტურდეს ექსპერტიზის დასკვნით (სსსკ-ის 162-ე მუხლი). აქედან გამომდინარე, შეუძლებელია, დაკმაყოფილდეს მოპასუხის განცხადება ყადაღადადებული ქონების გამიჯვნაზე (ნატურით გაყოფაზე) თანხმობის გაცემის შესახებ, თუ მოპასუხე სასამართლოს არ წარუდგენს შესაბამის ექსპერტიზის დასკვნას. მართალია, ექსპერტიზის დასკვნის წარდგენის ვალდებულება ზემოხსენებული ნორმით პირდაპირ გათვალისწინებული არ არის, მაგრამ თავად განცხადების განხილვასთან დაკავშირებული საკითხის სპეციფიკურობა განაპირობებს ექსპერტის დასკვნის სასამართლოსათვის წარდგენის საჭიროებას, ამიტომ, ასეთ შემთხვევაში, სსსკ-ის 7.2 მუხლის (თუ არ არსებობს სამოქალაქო საპროცესო ნორმა, რომელიც არეგულირებს სასამართლო წარმოების დროს წარმოშობილ ურთიერთობას, სასამართლო იყენებს საპროცესო სამართლის იმ ნორმას, რომელიც აწესრიგებს მსგავს ურთიერთობას (კანონის ანალოგია), ხოლო, თუ ასეთი ნორმაც არ არსებობს, სასამართლო ემყარება სამოქალაქო საპროცესო სამართლის ზოგად პრინციპებს (სამართლის ანალოგიის)) საფუძველზე, სასამართლომ უნდა იხელმძღვანელოს ამავე კოდექსის 191-ე მუხლის მე-2 (განცხადებას, რომლითაც პირი ითხოვს უძრავ ქონებაზე ყადაღის დადებას, უნდა დაერთოს ცნობა საჯარო რეესტრიდან ან შესაბამისი დოკუმენტი, რომლითაც დასტურდება უძრავ ქონებაზე მოპასუხის საკუთრების უფლება) და მე-3 (თუ სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განცხადებას არ ახლავს ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული ცნობა საჯარო რეესტრიდან ან შესაბამისი დოკუმენტი, ანდა სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლოს გამოაქვს განჩინება ხარვეზის თაობაზე და განმცხადებელს აძლევს ვადას მის შესავსებად. დანიშნულ ვადაში ხარვეზის შეუვსებლობის შემთხვევაში, სასამართლო თავისი განჩინებით განცხადებას განუხილველად დატოვებს, რაც გასაჩივრდება საჩივრით) ნაწილების ანალოგიით და განმცხადებელს უნდა მოსთხოვოს ექსპერტიზის დასკვნის წარდგენა, თუ ასეთი დასკვნა თან არ ახლავს განცხადებას, კერძოდ, სასამართლომ უნდა გამოიტანოს განჩინება ხარვეზის თაობაზე და განმცხადებელს მისცეს ვადა მის შესასვსებად, ხოლო დანიშნულ ვადაში ხარვეზის შეუვსებლობის შემთხვევაში, სასამართლომ განცხადება განუხილველად უნდა დატოვოს.
16. მოცემულ შემთხვევაში, მართალია, მოსარჩელემ სასამართლოს წარუდგინა ექსპერტიზის დასკვნა, მაგრამ იგი არ იძლევა პასუხს განცხადების დაკმაყოფილებისათვის აუცილებელ კითხვებზე, კერძოდ, შესაძლებელია თუ არა ყადაღადადებული ქონების გამიჯვნა (ნატურით გაყოფა) და ასეთი გამიჯვნის შედეგად მიღებული ქონება საკმარისია თუ არა სარჩელის უზრუნველსაყოფად, შესაბამისად, წარმოდგენილი ექსპერტიზის დასკვნის საფუძველზე, სასამართლო არ იყო უფლებამოსილი, დაეკმაყოფილებინა მოსარჩელის განცხადება. წინამდებარე განჩინების მე-15 პუნქტში ასახული მსჯელობის გათვალისწინებით, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს უნდა ეხელმძღვანელა სსსკ-ის 7.2, 191.2, 191.3 მუხლებით და მოსარჩელისათვის უნდა დაედგინა ვადა შესაბამისი ექსპერტიზის დასკვნის წარმოსადგენად.
17. ყადაღადადებული ქონების გამიჯვნაზე (ნატურით გაყოფაზე) თანხმობის გაცემის შესახებ მოსარჩელის განცხადებას სასამართლო განიხილავს სსსკ-ის 1961 მუხლის მე-3 ნაწილით დადგენილი წესით. ამასთან, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ, განცხადების განხილვის შემჭიდროებული ვადა სასამართლოს არ ათავისუფლებს ვალდებულებისგან, მოწინააღმდეგე მხარეს გაუგზავნოს მოპასუხის განცხადება თანდართულ მასალებთან ერთად და მისცეს მას მოსაზრების წარმოდგენის შესაძლებლობა. საკასაციო პალატის მოსაზრებით, სასამართლოს ასეთი ვალდებულება გამომდინარეობს სსსკ-ის მე-4 მუხლის (სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები) დანაწესიდან და ამ ვალდებულების შეუსრულებლობა წარმოადგენს სამართლიანი სასამართლოს უფლების დარღვევას. აქვე, საკასაციო პალატა ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებას, რომ, მოცემულ შემთხვევაში, განიხილება არა სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განცხადება, რის თაობაზეც მოწინააღმდეგე მხარის ინფორმირების ვალდებულებას კანონი არ ადგენს (სსსკ-ის 193-ე მუხლი), არამედ უკვე გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის საგნის შეცვლის განცხადება. ამ ტიპის განცხადების განხილვისას, კანონმდებელი არ აწესებს სსსკ-ის 193-ე მუხლის მსგავს იმპერატიულ აკრძალვას, ამიტომ სასამართლომ უნდა იხელმძღვანელოს საერთო წესების დაცვით.
18. სსსკ-ის 1971 მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით, ზემდგომი ინსტანციის სასამართლოში საჩივარი განიხილება ამ კოდექსის 419-ე და 420-ე მუხლებით დადგენილი წესებით. სსსკ-ის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 412-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საკასაციო სასამართლო აუქმებს გადაწყვეტილებას და საქმეს ხელახლა განსახილველად აბრუნებს სააპელაციო სასამართლოში, თუ: ა) საქმის გარემოებები საპროცესო ნორმების ისეთი დარღვევითაა დადგენილი, რომ ამ დარღვევების შედეგად საქმეზე არასწორი გადაწყვეტილება იქნა გამოტანილი და საჭიროა მტკიცებულებათა დამატებითი გამოკვლევა; ბ) არსებობს ამ კოდექსის 394-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლები, გარდა აღნიშნული მუხლის „გ“ და „ე“ ქვეპუნქტებისა.
19. მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული განჩინება უნდა გაუქმდეს სსსკ-ის 394-ე მუხლის „ე1“ ქვეპუნქტის საფუძველზე და მოსარჩელის განცხადება დასაშვებობის ხელახლა შესამოწმებლად უნდა დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 372-ე, 1971.4-ე, 264.3-ე, 284-ე, 285-ე, 419-ე, 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ა. მ-ის საჩივარი დაკმაყოფილდეს;
2. გაუქმდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 13 დეკემბრის განჩინება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე პ.ქათამაძე
მოსამართლეები: ბ.ალავიძე
ზ.ძლიერიშვილი