Facebook Twitter

№ას-1109-1066-2016 31 მარტი, 2017 წელი,

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა/მოსამართლეები:

პაატა ქათამაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ბესარიონ ალავიძე,

ზურაბ ძლიერიშვილი

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე

საჩივრის ავტორები (მოპასუხეები) – 1. დ. კ-ი; 2. გ. კ-ე; 3. შპს „დ-ი“

მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) – გ. გ-ე

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 12 სექტემბრის განჩინება

პირველი საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტის გაუქმება

მეორე საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების სარეზოლუციო ნაწილის მე-3 პუნქტის გაუქმება

მესამე საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების სარეზოლუციო ნაწილის მე-2 პუნქტის გაუქმება

დავის საგანი – ზიანის ანაზღაურება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. გ. გ-ემ (შემდეგში მოსარჩელემ) სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს დ. კ-ის (შემდეგში - პირველი მოპასუხის ან საჩივრის ავტორის), გ. კ-ის (შემდეგში - მეორე მოპასუხის ან საჩივრის ავტორის), შპს „დ-ის“ (შემდეგში - მესამე მოპასუხის ან საჩივრის ავტორის), გ. თ-ს (შემდეგში - მეოთხე მოპასუხის), ვ. თ-ს (შემდეგში - მეხუთე მოპასუხის), კ. ს-ის (შემდეგში - მეექვსე მოპასუხის), ბ. ჭ-ს (შემდეგში - მეშვიდე მოპასუხის), ზ. გ-ის (შემდეგში - მერვე მოპასუხის), მ. მ-ის (შემდეგში - მეცხრე მოპასუხის), ვ. შ-ის (შემდეგში - მეათე მოპასუხის), შპს „პ-ს“ (შემდეგში - მეთერთმეტე მოპასუხის), ი. კ-ს (შემდეგში -მეთორმეტე მოპასუხის), ჟ ჯ-ა (შემდეგში - მეცამეტე მოპასუხისა) და ლ. ც-ს (შემდეგში - მეთოთხმეტე მოპასუხის) წინააღმდეგ და მოითხოვა მოპასუხეებისათვის სოლიდარულად 85 000 აშშ დოლარის დაკისრება.

2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 24 მარტის გადაწყვეტილებით: სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; მეოთხე, მეხუთე, მეექვსე და მეშვიდე მოპასუხეებს, მოსარჩელის სასარგებლოდ, სოლიდარულად დაეკისრათ 55 000 აშშ დოლარის გადახდა; დანარჩენ ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

3. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება.

4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 3 ივლისის განჩინებით მოსარჩელის სააპელაციო საჩივარი წარმოებაში იქნა მიღებული.

5. 20.06.2016 წელს მოსარჩელის წარმომადგენელმა განცხადებით მიმართა თბილისის სააპელაციო სასამართლოს და, სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით მოითხოვა პირველი, მეორე და მესამე მოპასუხეების საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე ყადაღის დადება. განმცხადებელმა თავისი მოთხოვნა იმ გარემოებაზე დააფუძნა, რომ შეიძლებოდა, მოპასუხეებს გაესხვისებინათ თავიანთ საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება, რაც სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულებას გააძნელებდა ან შეუძლებელს გახდიდა (ტ. 3, ს.ფ. 295-296).

6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 12 სექტემბრის განჩინებით (ტ. 3, ს.ფ. 347-351) განცხადება ნაწილობრივ დაკმაყოფილდა:

6.1. პირველ მოპასუხეს აეკრძალა ქ.თბილისში, გ.ის მ-ს „ა“ მ/რ-ის 69-ე კორპუსში მდებარე 66კვ.მ #... ბინის, ს/კ #..., გასხვისება და იპოთეკით დატვირთვა;

6.2. მეორე მოპასუხეს აეკრძალა მის საკუთრებაში არსებული შემდეგი ქონების: 1.ქ.თბილისში, დაბა წ-ი, ქ.წ-ის ქ.#...-ში მდებარე 454კვ.მ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთისა და მასზე განთავსებული #1 შენობა-ნაგებობის, ს/კ #...; 2.ქ.თბილისში, ყ-ის გ-ის #...-ში, მე-3 სართულზე მდებარე 81.55კვ.მ ფართის, ს/კ #...; 3.ქ.თბილისში, ყ-ის გ-ის #36-39-ში მდებარე 10.18კვ.მ #10 ავტოსადგომის, ს/კ #...; 4.ქ.თბილისში, ყ-ის გ-ის #36-39-ში მდებარე 18კვ.მ #12 ავტოფარეხის, ს/კ #...; 5.ქ.თბილისში, ყ-ის გ-ის #36-39-ში მდებარე 18კვ.მ #11 ავტოფარეხის, ს/კ #...; 6.ქ.თბილისში, ყ-ის გ-ის #36-39-ში მდებარე 18 კვ.მ #13 ავტოფარეხის, ს/კ #..., გასხვისება და იპოთეკით დატვირთვა;

6.3. მესამე მოპასუხეს აეკრძალა მის საკუთრებაში არსებული ქონების - ქ.თბილისში, ყ-ის გ-ის #34-ში მდებარე 3 103კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთისა და მასზე განთავსებული #1, #2, #3 შენობა-ნაგებობის, ს/კ #..., გასხვისება და იპოთეკით დატვირთვა.

7. სააპელაციო სასამართლომ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში სსსკ-ის) 191-ე მუხლის პირველ ნაწილზე და განმარტა, რომ სასამართლო უფლებამოსილია, მხარის მოთხოვნის საფუძველზე გამოიყენოს სარჩელისა თუ სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფის ღონისძიება. ასეთ ღონისძიებას სასამართლო იყენებს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ, მოსარჩელის მიერ მითითებული გარემოებების შეფასების შედეგად, სასამართლოს გაუჩნდება დასაბუთებული ვარაუდი, რომ უზრუნველყოფის ღონისძიების მიუღებლობა გააძნელებს ან შეუძლებელს გახდის გადაწყვეტილების აღსრულებას. მითითება იმ ფაქტობრივ გარემოებებზე, რომლებიც უზრუნველყოფის ღონისძიებების გატარების აუცილებლობის ვარაუდს ასაბუთებენ, განმცხადებელს ეკისრება. ამ გარემოებების მტკიცების ტვირთი მხარეს ეკისრება იმ ფარგლებში, რომ სასამართლოს შეუქმნას კონკრეტული უზრუნველყოფის ღონისძიების გატარების აუცილებლობის რწმენა, ვარაუდი. ამასთან, საკმარისია მარტოოდენ მითითება ასეთ გარემოებებზე და სავალდებულო არაა მათი დადასტურება რაიმე მტკიცებულებებით. სასამართლოს დასარწმუნებლად საკმარისია მხოლოდ ალბათობის მაღალი ხარისხით იმ გარემოებების არსებობის ვარაუდი, რომელსაც ემყარება მოსარჩელის მოთხოვნა სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების აუცილებლობის შესახებ, სხვაგვარად, აღნიშნული გარემოებების არსებობის ალბათობა უნდა გადაწონიდეს ვარაუდს მისი არარსებობის შესახებ.

8. სააპელაციო სასამართლომ, ასევე განმარტა, რომ იმ შემთხვევაში, როდესაც დავის საგანია ზიანის ანაზღაურება - თანხის დაკისრება, ასეთი სარჩელი მიკუთვნებითი, ანუ აღსრულებითი სარჩელია. ასეთ შემთხვევაში, სარჩელის დაკმაყოფილების პირობებში, გადაწყვეტილებით განსაზღვრული სამართლებრივი შედეგი დამოკიდებული იქნება არა მხოლოდ გადაწყვეტილების ძალაში შესვლაზე (როგორც ეს აღიარებითი სარჩელის შემთხვევაშია), არამედ, ასევე, მოპასუხეების ნებაზე - მათ უნდა განახორციელონ გარკვეული მოქმედება თანხის გადახდის თაობაზე. ამგვარი ნების არარსებობის შემთხვევაში, გადაწყვეტილებით განსაზღვრული შედეგი დამოკიდებული ხდება ისეთ საშუალებაზე, როგორიცაა - აღსრულება. იმ ვითარებაში, როდესაც მოსარჩელის კანონიერი ინტერესის დაცვა შესაძლებელი იყო გაცილებით ნაკლები შეზღუდვის მქონე უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებით, სააპელაციო სასამართლომ მიზანშეწონილად მიიჩნია სსსკ-ის 198-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ღონისძიების გამოყენება; გასხვისების აკრძალვით, ერთი მხრივ, დავის საგნის აუცილებლობიდან გამომდინარე დაცული იქნებოდა მოსარჩელის კანონიერი ინტერესი და, მეორე მხრივ, მოპასუხის კანონიერი ინტერესი არ შეიზღუდებოდა; აღნიშნული სახით უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება ორივე მხარის ინტერესებს დააბალანსებდა.

9. სააპელაციო სასამართლოს დასახელებულ განჩინებაზე საჩივრები შეიტანეს პირველმა, მეორე და მესამე მოპასუხეებმა (ტ.3, ს.ფ. 383-384; 386-390; 403-404).

9.1. პირველი მოპასუხის საჩივრის საფუძვლები: მოსარჩელე ედავება ამხანაგობა „ა--სა“ და მის დამფუძნებელ წევრებს, პირველი მოპასუხე ამხანაგობის დამფუძნებელი არ არის. ამასთან, მოსარჩელე დავობს შარტავას ქ.#40-ში ჯერ კიდევ ასაშენებელ კორპუსში მდებარე ბინაზე, ხოლო სასამართლო იბა „ა--ის“ არადამფუძნებელი წევრის პირად საკუთრებაში არსებულ ქონებაზე აკრძალვას აწესებს, რაც უსაფუძვლოა და კანონიდან არ გამომდინარეობს.

9.2. მეორე მოპასუხის საჩივრის საფუძვლები: გასაჩივრებული განჩინების სარეზოლუციო ნაწილში მითითებული ქონებიდან ერთ-ერთი, კერძოდ, ქ.თბილისში, დაბა წ-ი, ქ.წ-ის ქ.#2-ში მდებარე 454კვ. სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული #1 შენობა-ნაგებობა (ს/კ ...), არ წარმოადგენს მეორე მოპასუხის საკუთრებას და ეკუთვნის სხვა გ. კიკვიძეს, რომლის პირადი ნომერია: .... გარდა ამისა, მეორე მოპასუხე არც ქ.თბილისში, ყ-ის #...-ში, მე-3 სართულზე მდებარე 81.55კვ.მ ფართის (ს/კ ...) მესაკუთრეა და ეს ფართი მ. შ-ას ეკუთვნის. აქედან გამომდინარე, ნათელია, რომ სასამართლომ სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოიყენა იმ უძრავი ქონების მიმართ, რომელთა მესაკუთრეებიც არ წარმოადგენენ მოპასუხეებს მოცემულ დავაში. ამასთან, აღსანიშნავია, რომ, 2006 წლის 27 აპრილს გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე, ამხანაგობამ მეორე მოპასუხის წინაშე ისევე იკისრა საკუთრების უფლებით საცხოვრებელი ფართის გადაცემის ვალდებულება, როგორც მოსარჩელის წინაშე - 2008 წლის 16 იანვრის ხელშეკრულებით. შესაბამისად, მეორე მოპასუხც მოსარჩელის მსგავს მდგომარეობაში აღმოჩნდა. ის გარემოება, რომ მეორე მოპასუხეს ამხანაგობის მხრიდან ზიანი თავად მიადგა, დასტურდება თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2011 წლის 31 ოქტომბრის განჩინებით. მეორე მოპასუხეს მოსარჩელესთან რაიმე ხელშეკრულება არ დაუდია და მის წინაშე ვალდებულებაც არ უკისრია, მას მოსარჩელისათვის არც რაიმე ზიანი არ მიუყენებია, პირიქით, ზიანი თავად მიადგა. აქედან გამომდინარე, მეორე მოპასუხის მიმართ სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების საფუძველი არ არსებობდა;

9.3. მესამე მოპასუხის საჩივრის საფუძვლები: მოსარჩელეს არ წარუდგენია მტკიცებულებები, რომლებიც ფორმალურად მაინც დაადასტურებდა მესამე მოპასუხის მიმართ მისი სარჩელის მართებულობას. მოსარჩელე მოითხოვს 85 000 აშშ დოლარის ანაზღაურებას, ხოლო სარჩელის უზრუნველსაყოფად გამოყენებული ობიექტის - ქ.თბილისში, ყ-ის გ-ის #...-ში მდებარე 3 103კვ.მ მიწის ნაკვეთის ღირებულება 1 000 000 ლარია. მითითებული გარემოება დასტურდება აუდიტის დასკვნით, რომლის თანახმად, ამ ქონების ნაწილის, კერძოდ, 1 000 კვ.მ-ის ღირებულება 300 000 ლარადაა შეფასებული. ამდენად, სხვაობა მოთხოვნასა და მისი უზრუნველყოფის საგანს შორის, მნიშვნელოვნად დიდია. სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებით მესამე მოპასუხეს მატერიალური ზიანი მიადგება, ამიტომ, თუკი სასამართლო მიიჩნევს, რომ უზრუნველყოფის ღონისძიება მაინც უნდა გამოიყენოს, სსსკ-ის 199-ე მუხლით გათვალისწინებული გარანტიის სახით, მოსარჩელეს უნდა დაავალოს მესამე მოპასუხის სადეპოზიტო ანგარიშზე 40 000 აშშ დოლარის შეტანა. მოსალოდნელი ზიანის არსებობას ადასტურებს მესამე მოპასუხის მიერ 2016 წლის 23 აგვისტოს დადებული ხელშეკრულება, რომლის პირობების შეუსრულებლობის შემთხვევაში, მესამე მოპასუხეს მოუწევს ხელშეკრულების მეორე მხარისათვის 40000 აშშ დოლარის გადახდა. ხელშეკრულების შესრულებას კი აფერხებს ხელშეკრულების საგანზე გასაჩივრებული განჩინებით გამოყენებული აკრძალვა.

10. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 30 ნოემბრის განჩინებით საჩივრები არ დაკმაყოფილდა და ისინი საქმის მასალებთან ერთად საქართველოს უზენაეს სასამართლოში გადმოიგზავნა.

11. სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ მოპასუხეების მიერ საჩივრებში მითითებული გარემოებები გასაჩივრებული განჩინების გაუქმების საფუძველს არ ქმნის. მოპასუხეების იმ არგუმენტებთან მიმართებით, რომლის თანახმადაც, ისინი ამხანაგობის დამფუძნებელ წევრებს არ წარმოადგენდნენ, სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ ეს საკითხი საქმის არსებითი განხილვის შემდეგ უნდა გარკვეულიყო.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

12. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საქმის მასალები, საჩივრის საფუძვლები და მიიჩნევს, რომ პირველი მოპასუხის საჩივარი სრულად, ხოლო მეორე და მესამე მოპასუხეების საჩივრები ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:

13. საკასაციო პალატის მოსაზრებით, სააპელაციო სასამართლოს განუხილველად უნდა დაეტოვებინა მოსარჩელის განცხადება პირველი მოპასუხის კუთვნილ უძრავ ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ. ასეთი დასკვნა გამომდინარეობს სსსკ-ის 194-ე მუხლის მე-5 ნაწილის დანაწესიდან (სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განცხადების დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში სასამართლოს გამოაქვს განჩინება სარჩელის უზრუნველყოფაზე უარის თქმის თაობაზე. სასამართლოსათვის იმავე საგანზე და იმავე საფუძვლით ხელმეორედ მიმართვის შემთხვევაში მიიღება განჩინება განცხადების განუხილველად დატოვების შესახებ, რაც გასაჩივრდება საჩივრით). საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ კანონის ზემოაღნიშნული ნორმა კრძალავს სარჩელის უზრუნველყოფის თაობაზე სასამართლოსათვის განმეორებით მიმართვის შესაძლებლობას, თუ პირველად მიმართვისას, განცხადება სარჩელის უზრუნველყოფის თაობაზე არ დაკმაყოფილდა და, ამასთან, მოთხოვნილია იმავე სახის უზრუნველყოფის ღონისძიება იმავე საფუძვლით. მოცემულ შემთხვევაში, საქმის მასალებით ირკვევა, რომ მოსარჩელემ სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განცხადებით ჯერ კიდევ 2012 წლის 17 აგვისტოს მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს და მოითხოვა პირველი მოპასუხის საკუთრებაში არსებულ, ქ.თბილისში, გ.ის „ა“ მ/რ-ის ...-ე კორპუსში მდებარე #70 ბინაზე (ს/კ #...) ყადაღის დადება. სარჩელის უზრუნველყოფის აღნიშნული ღონისძიების გამოყენებას განმცხადებელი იმ საფუძვლით მოითხოვდა, რომ არსებობდა ზიანის ანაზღაურებისგან თავის არიდების მიზნით ამ ქონების გასხვისების შესაძლებლობა (ტ.1, ს.ფ. 94, 101). თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 20 აგვისტოს განჩინებით მოსარჩელის განცხადება სარჩელის უზრუნველყოფის თაობაზე არ დაკმაყოფილდა (ტ.1, ს.ფ. 103-105), ხოლო თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 28 სექტემბრის განჩინებით მოსარჩელის საჩივარი არ დაკმაყოფილდა და უცვლელად დარჩა პირველი ინსტანციის სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება (ტ.1, ს.ფ. 173-176). ამდენად, პირველი ინსტანციის სასამართლოს განჩინება სარჩელის უზრუნველყოფაზე უარის თქმის თაობაზე შევიდა კანონიერ ძალაში (სსსკ-ის 419.3 მუხლი, 264.1 მუხლის „გ“ ქვეპუნქტი). საქმის მასალებით ირკვევა, ასევე, რომ 20.06.2016 წლის განცხადებაში მოსარჩელე იმავე ქონებაზე მოითხოვს ყადაღის დადებას და იმავე საფუძვლით, როგორც ამას მოთხოვდა 17.08.2012 წლის განცხადებით. საკასაციო პალატის მოსაზრებით, მოცემულ შემთხვევაში, დაუშვებელი იყო მოსარჩელის განცხადების როგორც სრულად, ასევე - ნაწილობრივ დაკმაყოფილება, ვინაიდან ეს განცხადება საერთოდ არ უნდა განეხილა სასამართლოს. აქედან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ მოსარჩელის განცხადება პირველი მოპასუხის კუთვნილ უძრავ ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ განუხილველად უნდა დარჩეს, ვინაიდან მოსარჩელემ იმავე საგანზე და იმავე საფუძვლით ხელმეორედ მიმართა სასამართლოს სარჩელის უზრუნველყოფის მოთხოვნით (სსსკ-ის 187.2 მუხლი).

14. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ ნაწილობრივ საფუძვლიანია მეორე მოპასუხის საჩივარი, კერძოდ:

14.1. პალატა ეთანხმება საჩივრის ავტორის მოსაზრებას იმის შესახებ, რომ უძრავი ქონება (ქ.თბილისი, დაბა წყნეთი, ქ.წ-ის ქ.#..., ს.კ. #..., 454 კვ.მ სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობა #1), რომლის მიმართაც გამოყენებულია სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება, არ წარმოადგენს მეორე მოპასუხის საკუთრებას. საკასაციო პალატამ ეს დასკვნა ხსენებული უძრავი ქონების თაობაზე საჯარო რეესტრში არსებული ჩანაწერის შემოწმების შედეგად გამოიტანა, კერძოდ, საქმის მასალებით ირკვევა, რომ მეორე მოპასუხის პირადი ნომერია - ... (იხ. რწმუნებულება, ტ.3, ს.ფ. 205; ხელშეკრულება #07, ტ.3, ს.ფ. 206; მოსარჩელის სააპელაციო საჩივარი, ტ.3, ს.ფ. 7), რომელიც არ ემთხვევა უძრავი ქონების (ს/კ #...) მესაკუთრედ მითითებული გ. კ-ის პირად ნომერს - ... (ტ.3, ს.ფ. 308-319). აქედან გამომდინარე, ნათელია, რომ უძრავი ქონების (ს/კ #...) მესაკუთრე გ. კ-ე (პ/ნ #...) არ არის მოცემულ საქმეში მეორე მოპასუხედ დასახელებული გ. კ-ე (პ/ნ #...), ვინაიდან მათი პირადი ნომრები ერთმანეთს არ ემთხვევა. აღნიშნულ დასკვნას ამყარებს „სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის შესახებ“ საქართველოს კანონის 27-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების დანაწესი, რომელთა თანახმად: პირადი ნომერი არის უნიკალური საიდენტიფიკაციო მონაცემი, რომლის შეცვლა დაუშვებელია, საქართველოს კანონმდებლობით პირდაპირ გათვალისწინებული შემთხვევების გარდა; პირს პირადი ნომერი ენიჭება დაბადების რეგისტრაციისას და „საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემის წესის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულ შემთხვევებში. პირადი ნომრის მინიჭების წესი განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით.

14.2. პალატა ეთანხმება საჩივრის ავტორის მოსაზრებას იმის შესახებ, რომ მეორე უძრავი ქონება (ქ.თბილისი, ყ-ის გ-ი #..., ს/კ #..., სართული 3, 81.55 კვ.მ ფართი), რომლის მიმართაც გამოყენებულია სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება, ასევე, არ არის მეორე მოპასუხის საკუთრება, კერძოდ, საჯარო რეესტრის ამონაწერი, რომლითაც იხელმძღვანელა სააპელაციო სასამართლომ, გაცემულია 2011 წლის 25 თებერვლის მონაცემების მიხედვით და ამ დროს ზემოხსენებული უძრავი ქონების მესაკუთრეს ნამდვილად წარმოადგენდა მეორე მოპასუხე (ტ.3, ს.ფ. 310-311), მაგრამ გასაჩივრებული განჩინების მიღების დროს (12.09.2016 წელს) ეს უკანასკნელი უკვე აღარ იყო მითითებული ქონების მესაკუთრე. ეს გარემოება დასტურდება საჯარო რეესტრის ამონაწერით, რომლის მიხედვით, უძრავი ქონების (ს/კ #...) მესაკუთრედ 2011 წლის 5 აპრილიდან დღემდე რეგისტრირებულია მ. შ-ა (ტ.3, ს.ფ. 398-399, https://naprweb.reestri.gov.ge/#/search).

14.3. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება უნდა გაუქმდეს წინამდებარე განჩინების 14.1. და 14.2. პუნქტებში მითითებულ უძრავ ქონებაზე და ამ ნაწილში მოსარჩელის განცხადება სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ არ უნდა დაკმაყოფილდეს (სსსკ-ის 411-ე მუხლი), ვინაიდან ამ ქონების მესაკუთრეები განსახილველ დავაში არ არიან მოპასუხეები, ეს კი ეწინააღმდეგება სსსკ-ის 198.1 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის დანაწესს, რომლის მიხედვით, მხოლოდ მოპასუხეს შეიძლება, აეკრძალოს გარკვეული მოქმედების შესრულება.

14.4. საკასაციო პალატა არ იზიარებს მეორე მოპასუხის საჩივრის სხვა პრეტენზიებს და ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებას იმის შესახებ, რომ სარჩელის საფუძვლიანობა საქმის არსებითი განხილვის დროს უნდა შემოწმდეს, ხოლო სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განცხადების განხილვის ეტაპზე საკმარისია, არსებობდეს ვარაუდი, რომ სარჩელი შეიძლება დაკმაყოფილდეს. მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო პალატის მოსაზრებით, ასეთი ვარაუდი, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 629-ე, 352-ე, 405-ე და 937-ე მუხლების საფუძველზე, შეიძლება დაეფუძნოს ბინათმშენებლობის ამხანაგობა „ა--ის“ ერთობლივი საქმიანობის (ამხანაგობის) შესახებ ხელშეკრულებაში სათანადო ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ 2007 წლის 2 თებერვლის ხელშეკრულებას, სადაც ამხანაგობის დამფუძნებელ და გამგეობის ერთ-ერთ წევრად მითითებულია მეორე მოპასუხე (ტ.1, ს.ფ. 127-129). ცხადია, საქმის არსებითი განხილვის დროს ეს მტკიცებულება უნდა შეფასდეს სხვა მტკიცებულებებთან ერთობლივად, მეორე მოპასუხის ახსნა-განმარტების ჩათვლით და ისე იქნეს მიღებული საბოლოო გადაწყვეტილება, რომელზედაც გავლენას ვერ მოახდენს სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ არსებული ზემოხსენებული ვარაუდი (სსსკ-ის 191.1 მუხლი). აქედან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ ოთხი უძრავი ქონების (ს/კ #...; ს/კ #...; ს/კ #...; ს/კ #...) მიმართ გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ნაწილში გასაჩივრებული განჩინება კანონიერია და მისი გაუქმების საფუძველი არ არსებობს (სსსკ-ის 410-ე მუხლი).

15. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ ნაწილობრივ საფუძვლიანია მესამე მოპასუხის საჩივარი, ვინაიდან, პალატის მოსაზრებით, ამ უკანასკნელის მიმართ გამოკვეთილი არაა სარჩელის შესაძლო დაკმაყოფილების ვარაუდი, კერძოდ, მესამე მოპასუხის მიმართ მოსარჩელე თავის მოთხოვნას ამყარებს იმ გარემოებაზე, რომ მესამე მოპასუხე ერთობლივი საქმიანობის (ამხანაგობის) დამფუძნებელი წევრია და, შესაბამისად, მან პასუხი უნდა აგოს მოსარჩელის წინაშე სსკ-ის 937-ე მუხლის საფუძველზე. პალატა აღნიშნავს, რომ მესამე მოპასუხესა და ამხანაგობას შორის დადებული 2006 წლის 3 მაისის გადახდის განვადებით უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულებით (ტ.3, ს.ფ. 421-429) ასეთი დასკვნის გამოტანა შეუძლებელია, ვინაიდან, ამ ხელშეკრულების მიხედვით, მესამე მოპასუხემ ამხანაგობას მიჰყიდა კუთვნილი მიწის ნაკვეთი. ცხადია, ნასყიდობის ხელშეკრულება არ წარმოშობს ამხანაგობის წევრობას და მასთან დაკავშირებულ უფლება-მოვალეობებს, რაც გამორიცხავს მესამე მოპასუხის პასუხისმგებლობას სსკ-ის 937-ე მუხლის საფუძველზე. ამასთან, საკასაციო პალატის მოსაზრებით, თუ სააპელაციო სასამართლო მაინც დაუშვებს სარჩელის დაკმაყოფილების ვარაუდს, მაშინ, სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებისას, სსსკ-ის 199-ე მუხლის მიხედვით, მან უნდა იმსჯელოს მესამე მოპასუხის განცხადებაზე უზრუნველყოფის გარანტიის გამოყენების შესახებ. მითითებული განცხადების საფუძვლიანობაზე საკასაციო პალატა ვერ იმსჯელებს, ვინაიდან ეს განცხადება სააპელაციო სასამართლოს არ განუხილავს და შესაბამისი დასკვნებიც არ გამოუტანია. ამდენად, ზემოხსენებულ პუნქტში მითითებული მსჯელობის გათვალისწინებით, მესამე მოპასუხის ნაწილში გასაჩივრებული განჩინება უნდა გაუქმდეს და საქმე ამ ნაწილში ხელახლა განსახილველად უნდა დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს (სსსკ-ის 412-ე მუხლი).

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 372-ე, 1971.4-ე, 264.3-ე, 284-ე, 285-ე, 419-ე, 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. დ. კ-ის საჩივარი დაკმაყოფილდეს;

1.1. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 12 სექტემბრის განჩინების სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტი;

1.2. გ. გ-ის განცხადება მოპასუხე დ. კ-ის კუთვნილ უძრავ ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ დარჩეს განუხილველად;

2. გ. კ-ის საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს;

2.1. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 12 სექტემბრის განჩინების სარეზოლუციო ნაწილის მე-3 პუნქტი იმ ნაწილში, რომლითაც გ. კ-ეს აეკრძალა შემდეგი უძრავი ქონების: 1. ქ.თბილისი, დაბა წ-ი, ქ.წ-ის ქ.#..., ს.კ. #..., 454 კვ.მ სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობა #1; 2. ქ.თბილისი, ყ-ის გ-ი #...9, ს.კ. #..., სართული 3, 81.55 კვ.მ ფართი - გასხვისება და იპოთეკით დატვირთვა;

2.2. არ დაკმაყოფილდეს გ. გ-ის განცხადება შემდეგ უძრავ ქონებაზე: 1. ქ.თბილისი, დაბა წყნეთი, ქ.წ-ის ქ.#..., ს.კ. #..., 454 კვ.მ სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობა #1; 2. ქ.თბილისი, ყ-ის გ-ი #..., ს.კ. #..., სართული 3, 81.55 კვ.მ ფართი - ყადაღის დადების შესახებ;

2.3. დანარჩენ ნაწილში უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 12 სექტემბრის განჩინების სარეზოლუციო ნაწილის მე-3 პუნქტი;

3. შპს „დ-ის“ საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს;

3.1. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 12 სექტემბრის განჩინების სარეზოლუციო ნაწილის მე-2 პუნქტი და საქმე ამ ნაწილში ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს;

4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე პ.ქათამაძე

მოსამართლეები: ბ.ალავიძე

ზ.ძლიერიშვილი