Facebook Twitter

№ას-516-493-2016 23 სექტემბერი, 2016 წელი,

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა/მოსამართლეები:

პაატა ქათამაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ბესარიონ ალავიძე,

ზურაბ ძლიერიშვილი

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

კასატორი (მოსარჩელე) – სს „ი-ი“

მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) – სს „ე-ია“

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 13 აპრილის გადაწყვეტილება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება

დავის საგანი – ელექტროენერგიის გატარების საფასურის ანაზღაურება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. შპს „ე-ია“ (შემდეგში მოპასუხე) წარმოადგენს ელექტროენერგიის განაწილების ლიცენზიატს. იგი სარგებლობს სს „ი-ის“ (შემდეგში: მოსარჩელის, კასატორის) საკუთრებაში რეგისტრირებული მაღალი ძაბვის - 6.6კვ.მ სიმძლავრის, ელექტროგადამცემი ხაზით, რაშიც ატარებს თავის ელექტროენერგიას მომხმარებლამდე მიტანის მიზნით.

2. 2010 წლის ივნისიდან 2013 წლის დეკემბრის ჩათვლით მოპასუხემ მოსარჩელის კუთვნილი ელექტროგადამცემი ხაზის გამოყენებით გაატარა 3 057 795 კვტ/სთ ელექტროენერგია, მათ შორის, 2011 წლის ივნისიდან 2013 წლის დეკემბრამდე - 2 006 352 კვტ/სთ ელექტროენერგია.

3. მოპასუხეს მოსარჩელისათვის ელექტროენერგიის გატარების საფასური არ გადაუხდია.

4. მოსარჩელემ სარჩელით მიმართა სასამართლოს და მოითხოვა მოპასუხისათვის, მის სასარგებლოდ, ელექტროენერგიის გატარების საფასურის - 61 155 ლარის დაკისრება დღგ-ს გარეშე. მოსარჩელის განმარტებით, მის კუთვნილ ელქსელებში ელექტროენერგიის გატარების საფასური უნდა განისაზღვროს 2 თეთრით 1კვტ/სთ-ზე, რაც, მისი მოსაზრებით, შეესაბამება „ელექტროენერგიის (სიმძლავრის) მიწოდებისა და მოხმარების წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2008 წლის 18 სექტემბრის #20 დადგენილებით დამტკიცებული „ელექტროენერგიის (სიმძლავრის) მიწოდებისა და მოხმარების წესების“ მე-15 მუხლს, „ელექტროენერგიის (სიმძლავრის) ბაზრის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის #77 ბრძანებით დამტკიცებული „ელექტროენერგიის (სიმძლავრის) ბაზრის წესების“ 29-ე მუხლის მე-4 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტს, „ელექტროენერგიის ტარიფების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2008 წლის 4 დეკემბრის #33 დადგენილების მე-7 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ.ბ“ ქვეპუნქტსა და მე-3 პუნქტს.

5. მოპასუხემ სარჩელი არ ცნო. მან მოთხოვნის გამომრიცხველ შესაგებელში აღნიშნა, რომ „ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ“ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე 2011 წლის 21 ივნისის კანონის მე-2 მუხლით საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიას პირდაპირ დაევალა მესამე პირების მფლობელობაში არსებულ ქსელში ელექტროენერგიის გატარების საფასურის გაანგარიშების წესების დამტკიცება, რითაც ცალსახად დასტურდებოდა ამ საფასურის ოდენობის ნორმატიული რეგულირების კანონით დადგენილი აუცილებლობა. სწორედ, კანონის აღნიშნული ნორმის საფუძველზე, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ 2013 წლის 30 დეკემბრის #15 დადგენილებით დაამტკიცა „მესამე პირების მფლობელობაში არსებულ ქსელში ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზისა და სასმელი წყლის გატარების საფასურის გაანგარიშების წესები“, რომელშიც აისახა ქსელის არალიცენზიატი მფლობელებისათვის გადასახდელი კომპენსაციის დათვლის ფორმულა. 2011 წლის 21 ივნისის საკანონმდებლო ცვლილება და 2013 წლის 30 დეკემბრის #15 დადგენილების მიღება უდავოდ ადასტურებდა, რომ მანამდე შესაბამისი საფასური ნორმატიულად არ იყო განსაზღვრული. ამასვე ადასტურებდა მანამდე არსებული სასამართლო პრაქტიკა, მათ შორის, მოსარჩელის სარჩელის საფუძველზე მიღებული ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2010 წლის 15 ოქტომბრის გადაწყვეტილება (საქმე #2/932-10), რომლითაც „ტარიფი გონივრულ ფარგლებში“ განისაზღვრა. მოპასუხის მოსაზრებით, მოსარჩელე უსაფუძვლოდ აპელირებს სემეკის #33 დადგენილების ნორმებზე, რადგან ამ დადგენილების მე-7 მუხლის მე-2 ნაწილი განსაზღვრავს ტარიფებს მოპასუხის ქსელით ელექტროენერგიის გატარებისთვის, ბუნებრივია, მოსარჩელის კუთვნილი ქსელი მოპასუხის ქსელის იდენტურად ვერ მიიჩნევა. ამდენად, მოქმედი კანონმდებლობით მოპასუხეს მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი თანხის ანაზღაურების ვალდებულება არ გააჩნია. უფრო მეტიც, სემეკის 2008 წლის 18 სექტემბრის #20 დადგენილებით დამტკიცებული „ელექტროენერგიის (სიმძლავრის) მიწოდებისა და მოხმარების წესების“ მე-15 მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტების შესაბამისად, მოპასუხეს უფლება არ ჰქონდა, თანხა მოსარჩელისათვის გადაეხადა. გარდა ზემოაღნიშნულისა, მოპასუხე მიიჩნევს, რომ სასარჩელო მოთხოვნა ელექტროენერგიის გატარების საფასურის გადახდის თაობაზე ხანდაზმულია, კერძოდ, ვინაიდან სარჩელი შეტანილია 2014 წლის ოქტომბერში, ხანდაზმულია მოთხოვნა 2011 წლის ოქტომბრამდე გატარებული ელექტროენერგიის საფასურის ანაზღაურების თაობაზე, რადგან ელექტროენერგიის საფასურის ანაზღაურება პერიოდულად შესასრულებელი ვალდებულებაა. ასეთი მოთხოვნების ხანდაზმულობის ვადა, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდეგში სსკ-ის) 129-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, სამი წელია, რაც, მოცემულ შემთხვევაში, გასულია. ეს გარემოება, მოპასუხის მოსაზრებით, სსკ-ის 144-ე მუხლის პირველი ნაწილის დანაწესიდან გამომდინარე (ხანდაზმულობის ვადის გასვლის შემდეგ ვალდებული პირი უფლებამოსილია, უარი თქვას მოქმედების შესრულებაზე), თანხის გადახდაზე უარის თქმის საფუძველს წარმოადგენს.

6. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 11 მარტის გადაწყვეტილებით: სარჩელი დაკმაყოფილდა; მოპასუხეს, მოსარჩელის სასარგებლოდ, დაეკისრა 40 126.14 ლარის გადახდა; დანარჩენ ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

7. პირველი ინსტანციის სასამართლომ აღნიშნა, რომ 2014 წლის 1 იანვრიდან ამოქმედდა საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2013 წლის 30 დეკემბრის #15 დადგენილება, რომლითაც მესამე პირების მფლობელობაში არსებულ ქსელში ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზისა და სასმელი წყლის გატარების საფასურის გაანგარიშების წესი დამტკიცდა. ამ საქმეზე მოსარჩელე მოითხოვდა ნორმატიული აქტის ამოქმედებამდე - 2010 წლის ივნისიდან 2013 წლის დეკემბრის ჩათვლით გატარების მომსახურების ღირებულების ანაზღაურებას. ამ დროისათვის ელექტროენერგიის გატარების ზღვრული ტარიფები დადგენილი არ იყო ნორმატიული აქტებით საცალო მომხმარებლისათვის, იმ პირის მიერ, რომელიც განაწილების ლიცენზიატს არ წარმოადგენდა და ქსელს ფლობდა, შესაბამისად, პირველი ინსტანციის სასამართლომ გონივრულად მიიჩნია, 1 კვტ/საათის მომსახურების ღირებულება 2 თეთრით განსაზღვრულიყო. სასამართლოს განმარტებით, ეს ტარიფი გონივრული იყო და გატარების პერიოდში სემეკის მიერ ელექტროენერგიის გატარებისათვის ამავე ძაბვის ელექტროგადამცემი ელექტროხაზისათვის დადგენილ ტარიფს შეესაბამებოდა.

8. პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებით, სარჩელის მოთხოვნა 2010 წლის ივნისიდან 2011 წლის სექტემბრის ჩათვლით გატარებული 1 051 443 კვტ/სთ ელექტროენერგიის ანაზღაურების მოთხოვნის ნაწილში ხანდაზმული იყო და არ უნდა დაკმაყოფილებულიყო, რადგან, სამოქალაქო კოდექსის 128.1, 129.2, 130-ე, 144.1, 138-ე მუხლებიდან გამომდინარე, აღნიშნულ პერიოდზე მოთხოვნის უფლება მოსარჩელეს 2014 წლის ოქტომბრამდე უნდა გამოეყენებინა, სარჩელი კი, 2014 წლის 15 ოქტომბერს აღიძრა.

9. სარჩელის დაუკმაყოფილებელ ნაწილში პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებულ ნაწილში გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით მოპასუხისათვის მის სასარგებლოდ 21 028.86 ლარის დაკისრება, ხოლო სარჩელის დაკმაყოფილებულ ნაწილში პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებაზე სააპელაციო საჩივარი შეიტანა მოპასუხემ, რომელმაც მოითხოვა დასახელებულ ნაწილში გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

10. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 13 აპრილის გადაწყვეტილებით: მოსარჩელის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; მოპასუხის სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში თბილისის საქალაქო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება გაუქმდა და ამ ნაწილში, ახალი გადაწყვეტილებით, მოპასუხეს დაეკისრა 10 031.76 ლარის გადახდა მოსარჩელის სასარგებლოდ.

11. სააპელაციო სასამართლომ დაადგინა წინამდებარე განჩინების 1-3 პუნქტებში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები. სააპელაციო სასამართლოს შეფასებით, ვინაიდან სარჩელი 2010 წლის ივნისიდან 2011 წლის ოქტომბრამდე გატარებული ელექტროენერგიის ღირებულების მოთხოვნის ნაწილში აღიძრა ხანდაზმულობის სამწლიანი ვადის გასვლის შემდეგ - 2014 წლის 15 ოქტომბერს, ამასთან, არ იკვეთებოდა ხანდაზმულობის ვადის დენის შეწყვეტის ფაქტი, ხოლო მოპასუხე სარჩელის ხანდაზმულობაზე მიუთითებდა, ამ ნაწილში სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველი არ არსებობდა.

12. სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ 2011 წლის ივნისიდან 2013 წლის დეკემბრამდე მოპასუხემ მთლიანად 2 006 352 კვტ/სთ ელექტროენერგია გაატარა. სააპელაციო სასამართლომ მიუთითა „ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ“ კანონის 461 მუხლის მე-4 ნაწილზე, აგრეთვე, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2008 წლის 18 სექტემბრის #20 დადგენილებით დამტკიცებული „ელექტროენერგიის (სიმძლავრის) მიწოდებისა და მოხმარების წესების“ დამტკიცების შესახებ მე-15 მუხლის პირველ ნაწილზე, ამ მუხლის მე-2 ნაწილზე და განმარტა, რომ, მართალია, სპეციალური ნორმატიული აქტები სამოქალაქო კოდექსის საფუძველზე საკომპენსაციო თანხის განსაზღვრაზე უთითებდნენ, თუმცა პირდაპირ ამ ურთიერთობის მომწესრიგებელი ნორმა სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული არ იყო, რაც კანონის ანალოგიით გამოყენების საფუძველს წარმოადგენდა. სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებით, განსახილველი ურთიერთობისათვის ყველაზე უფრო მსგავსი ურთიერთობის მარეგულირებელ სამართლის ნორმას განეკუთვნებოდა სსკ-ის 180-ე მუხლის პირველი ნაწილი, რომლის თანახმად, თუ მიწის ნაკვეთს არა აქვს ჯეროვანი გამოყენებისათვის აუცილებელი კავშირი საჯარო გზებთან, ელექტრო, ნავთობის, გაზისა და წყალმომარაგების ქსელთან, მაშინ მესაკუთრეს შეუძლია მეზობელს მოსთხოვოს, რომ მან ითმინოს მისი მიწის ნაკვეთის გამოყენება ამგვარი აუცილებელი კავშირის უზრუნველსაყოფად. იმ მეზობლებს, რომელთა ნაკვეთზეც გადის აუცილებელი გზა ან გაყვანილობა, უნდა მიეცეთ შესაბამისი კომპენსაცია, რომელიც, მხარეთა შეთანხმებით, შეიძლება, ერთჯერადი გადახდით გამოიხატოს. ამასთან, სააპელაციო სასამართლომ მიზანშეწონილად მიიჩნია ელენერგიის გატარების გონივრული ტარიფის განსაზღვრა, რომელიც სემეკის მიერ ელექტროენერგიის გატარებისათვის და ენერგეტიკული მომსახურებისათვის ამგვარი ძაბვის ელექტროგადამცემი ხაზისათვის დადგენილ ტარიფებთან შესაბამისი იქნებოდა. სააპელაციო სასამართლომ მიუთითა საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2008 წლის 4 დეკემბრის #33 დადგენილებით დამტკიცებული „ელექტროენერგიის ტარიფების შესახებ“ წესების მე-7 მუხლის „ბ.ბ“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, 6-10 კილოვოლტი ძაბვის საფეხურზე ელექტროენერგიის გატარების ზღვრული ტარიფი 0.58 თეთრს შეადგენდა. სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ, კონკრეტულ შემთხვევაში, 2011 წლის ივნისიდან 2013 წლის დეკემბრამდე პერიოდში, მოპასუხის მიერ მოსარჩელისათვის ყოველ გატარებულ 1 კვტ/სთ ელენერგიაზე გადასახდელი გონივრული ტარიფი 0.50 თეთრით უნდა განსაზღვრულიყო, რაც 2 006 352 კვტ/საათი ელექტროენერგიის გატარებისთვის 10 031.76 ლარს შეადგენდა.

13. სააპელაციო სასამართლოს ზემომითითებულ გადაწყვეტილებაზე საკასაციო საჩივარი შეიტანა მოსარჩელემ. საკასაციო საჩივრის საფუძვლები:

13.1. სასამართლომ არასწორად განსაზღვრა ელენერგიის გატარების საფასურის ოდენობა, კერძოდ, სასამართლოს ელენერგიის გატარების ტარიფი უნდა განესაზღვრა 2 თეთრით 1კვტ/სთ-ზე, რომელიც სრულად შეესაბამებოდა „ელექტროენერგიის (სიმძლავრის) მიწოდებისა და მოხმარების წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2008 წლის 18 სექტემბრის #20 დადგენილებით დამტკიცებული „ელექტროენერგიის (სიმძლავრის) მიწოდებისა და მოხმარების წესების“ მე-15 მუხლს, „ელექტროენერგიის (სიმძლავრის) ბაზრის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის 2008 წლის 30 აგვისტოს #77 ბრძანებით დამტკიცებული „ელექტროენერგიის (სიმძლავრის) ბაზრის წესების“ 29-ე მუხლის მე-4 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტს, აგრეთვე, „ელექტროენერგიის ტარიფების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2008 წლის 4 დეკემბრის #33 დადგენილების მე-7 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ.ბ“ ქვეპუნქტსა და მე-3 პუნქტს.

13.2. მოსარჩელემ დაიცვა სსკ-ის 129-ე მუხლით გათვალისწინებული ხანდაზმულობის ვადა, ვინაიდან უფლების დარღვევის შესახებ მან შეიტყო 2014 წლის 20 თებერვალს, როდესაც მოპასუხემ უარი განაცხადა ელექტროენერგიის გატარების საფასურის გადახდაზე. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება არ შეიცავს დასაბუთებას, მოსარჩელის მიერ მოპასუხისათვის დასახელებული მიმართვების ჩაბარება, თუ რატომ არ წარმოადგენს მოსარჩელის მხრიდან აღმასრულებელი მოქმედების განხორციელებას.

14. საქართველოს უზენასი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 4 ივლისის განჩინებით წარმოებაში იქნა მიღებული მოსარჩელის საკასაციო საჩივარი, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში სსსკ-ის) 391-ე მუხლის მიხედვით, დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

15. საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ მოსარჩელის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად, შემდეგ გარემოებათა გამო:

16. სსსკ-ის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა. საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ.სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ. სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ. გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

17. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემომითითებული საფუძვლით.

18. სააპელაციო სასამართლოს საქმე არ განუხილავს მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით და ვერც კასატორი ვერ მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ საპროცესო ნორმების დარღვევის გარეშე დაადგინა მოცემული დავის გადაწყვეტისათვის სამართლებრივად მნიშვნელოვანი ფაქტობრივი გარემოებები და იურიდიულად სწორად შეაფასა, შესაბამისად, სწორია სააპელაციო პალატის მიერ გამოტანილი სამართლებრივი დასკვნები გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ შეცვლის თაობაზე.

19. სსსკ-ის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურ-სამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება.

20. მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების მიმართ (იხ. წინამდებარე განჩინების 1-3 პუნქტები) კასატორს დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია არ წარმოუდგენია, ამიტომ ისინი სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის (სსსკ-ის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილი).

21. მოსარჩელე მოპასუხისგან მოითხოვს მისი კუთვნილი ელქსელით სარგებლობისათვის საკომპენსაციო თანხის გადახდას. სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ მოსარჩელე არ წარმოადგენს ელექტროენერგიის განაწილების ლიცენზიატს. ამ გარემოების გათვალისწინებით, პალატამ მიიჩნია, რომ მოსარჩელის ელქსელით სარგებლობისათვის კომპენსაციის (ელენერგიის გატარების საფასურის) გადახდის მოთხოვნის სამართლებრივი საფუძველია სსკ-ის 180-ე მუხლი. საკასაციო პალატა ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს ზემოხსენებულ მსჯელობას და მიუთითებს მსგავს საქმეზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს განმარტებაზე: „ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ“ საქართველოს კანონის 461 მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ მოთხოვნილი გატარების (მათ შორის, ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზის ან სასმელი წყლის გატარების) მომსახურება ეხება ისეთ ქსელს, რომელიც არ არის განაწილების ანდა წყალმომარაგების ლიცენზიატის მფლობელობაში, ქსელის მფლობელი, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის თანახმად, ვალდებულია, ჯეროვანი კავშირის უზრუნველყოფის მიზნით, ითმინოს თავისი ქსელით სარგებლობა. ამასთანავე, ქსელის მფლობელი უფლებამოსილია თავისი ქსელით სარგებლობისათვის მოითხოვოს გატარების საფასურის ან თმენის კომპენსაციის გადახდა. საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2008 წლის 18 სექტემბერი N20 დადგენილებით დამტკიცებული „ელექტროენერგიის (სიმძლავრის) მიწოდებისა და მოხმარების წესების” დამტკიცების შესახებ მე-15 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად პირი, რომელიც არ არის განაწილების ლიცენზიატი, მაგრამ ფლობს ელექტროენერგიის ქსელს, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის თანახმად, ვალდებულია, სხვა მომხმარებელთა ელექტროენერგიით მომარაგების მიზნით, ითმინოს მისი ქსელით სარგებლობა და გაატაროს ელექტროენერგია. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ელექტროენერგიის გატარებისა და ქსელით სარგებლობის თმენისათვის კომპენსაცია გაიცემა საქართველოს სამოქალაქო კოდექსით დადგენილი წესის შესაბამისად. ამდენად, განსახილველი წესები ელექტროენერგიის გატარებისა და ქსელით სარგებლობის თმენისათვის კომპენსაციის განსაზღვრისათვის საქართველოს სამოქალაქო კოდექსზე მიუთითებენ. კონკრეტულ შემთხვევაში, მიუხედავად იმისა, რომ სპეციალური ნორმატიული აქტები უთითებენ სამოქალაქო კოდექსის საფუძველზე საკომპენსაციო თანხის განსაზღვრაზე, პირდაპირ ამ ურთიერთობის მომწესრიგებელი ნორმა სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული არ არის, რაც კანონის ანალოგიით გამოყენების საფუძველია. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-5 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, კანონში პირდაპირ გაუთვალისწინებელი ურთიერთობის მოსაწესრიგებლად გამოიყენება ყველაზე უფრო მსგავსი ურთიერთობის მარეგულირებელი სამართლის ნორმა (კანონის ანალოგია). საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ განსახილველ ურთიერთობისათვის ყველაზე უფრო მსგავსი ურთიერთობის მარეგულირებელი სამართლის ნორმას წარმოადგენს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 180-ე მუხლის პირველი ნაწილი, რომლის თანახმად, თუ მიწის ნაკვეთს არა აქვს ჯეროვანი გამოყენებისათვის აუცილებელი კავშირი საჯარო გზებთან, ელექტრო-, ნავთობის, გაზისა და წყალმომარაგების ქსელთან, მაშინ მესაკუთრეს შეუძლია მეზობელს მოსთხოვოს, რომ მან ითმინოს მისი მიწის ნაკვეთის გამოყენება ამგვარი აუცილებელი კავშირის უზრუნველსაყოფად. იმ მეზობლებს, რომელთა ნაკვეთზეც გადის აუცილებელი გზა ან გაყვანილობა, უნდა მიეცეთ შესაბამისი კომპენსაცია, რომელიც, მხარეთა შეთანხმებით, შეიძლება ერთჯერადი გადახდით გამოიხატოს“ (იხ. სუსგ, საქმე #ას-803-762-2013, 10.10.2014). ამავე საქმეზე საკასაციო პალატამ განმარტა, ასევე, რომ: „განსახილველი დავის სპეციფიკის თანახმად, საშუალო მესაკუთრის ინტერესის დაკმაყოფილების ერთგვარ ნიმუშს წარმოადგენს საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2008 წლის 4 დეკემბრის N 33 დადგენილებით დამტკიცებული წესები. საკასაციო პალატა კიდევ ერთხელ დასძენს, იმის გათვალისწინებით, რომ განსახილველი დავა ეხება არალიცენზიატი მესაკუთრის უფლებებს, მითითებული სამართლებრივი აქტი შეიძლება გამოვიყენოთ არა, როგორც პირდაპირი გამოყენების წყარო, არამედ - სახელმძღვანელო, რადგან სემეკის მიერ ელექტროენერგიის ტარიფების დადგენის წესისა და პრინციპების განსაზღვრა გამოიყენება ელექტროენერგიის წარმოების, გადაცემის, დისპეტჩერიზაციის, განაწილების, გატარების, იმპორტის, მოხმარების, სისტემის კომერციული ოპერატორის მომსახურების, გარანტირებული სიმძლავრის წყაროსათვის ელექტროენერგიის წარმოების ტარიფებისა და გარანტირებული სიმძლავრის საფასურის დადგენისას“. იქვე პალატა განმარტავს, რომ: „ელექტროენერგიის გატარებისა და ქსელით სარგებლობის თმენისათვის განაწილების ლიცენზიატს უფლება არ აქვს, სხვისი კუთვნილი ქსელით სარგებლობის შემთხვევაში, ქსელის მფლობელს გადაუხადოს იმაზე მეტი, რასაც ითვალისწინებს კომისია ტარიფის დადგენისას, იმავე ძაბვისა და ანალოგიური ტექნიკური მონაცემების გამანაწილებელი ქსელის მონაკვეთზე ელექტროენერგიის გატარების მომსახურებისათვის (საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2008 წლის 18 სექტემბერი N20 დადგენილებით დამტკიცებული „ელექტროენერგიის (სიმძლავრის) მიწოდებისა და მოხმარების წესების“ მე-15 მუხლის მე-4 ნაწილი). ამდენად, მითითებული წესის მიხედვით, ამ ურთიერთობისათვის განაწილების ლიცენზიატს შეუძლია, ქსელის მფლობელს გადაუხადოს იგივე ან იმაზე ნაკლები ტარიფი, რაც დადგენილია სემეკის მიერ ძაბვისა და ანალოგიური ტექნიკური მონაცემების გამანაწილებელი ქსელის მონაკვეთზე ელექტროენერგიის გატარების მომსახურებისათვის. ამდენად, მოსარჩელის ელქსელით სარგებლობისათვის ამ უკანასკნელის თმენის ვალდებულებისათვის საკომპენსაციო თანხა 1 კვტ/სთ-ზე არ უნდა აღემატებოდეს 0,580 თეთრს“.

22. ზემოხსენებულ პუნქტში ასახული მსჯელობის გათვალისწინებით, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ, მოცემულ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლოს შეეძლო, მოსარჩელისათვის გადასახდელი საკომპენსაციო თანხა (1 კვტ/სთ-ზე 0.5 თეთრი) უფრო ნაკლებითაც განესაზღვრა, შესაბამისად, დაუსაბუთებელია კასატორის მოსაზრება საკომპენსაციო თანხის გაზრდის თაობაზე მის მიერ მითითებული ნორმატიული აქტების საფუძველზე, ვინაიდან, როგორც აღინიშნა, ეს აქტები ადგენენ შესაბამის ტარიფებს ლიცენზიატი მფლობელებისათვის, ხოლო არალიცენზიატი მფლობელისათვის ტარიფი შესაძლოა, ნაკლებიც იყოს, რა დროსაც ითვალისწინებენ არალიცენზიატი მფლობელის ელქსელების ტექნიკური მონაცემები, რომელიც, როგორც წესი, ჩამორჩება ლიცენზიატის ელექსელების ტექნიკურ მონაცემებს. გასათვალისწინებელია ისიც, რომ იმავე მხარეებს შორის ელექტროენერგიის გატარების საფასური, 2010 წლამდე, სასამართლომ 1კვტ/სთ-ზე 0.2 თეთრით განსაზღვრა.

23. საკასაციო სასამართლო არ იზიარებს კასატორის პრეტენზიას სარჩელის ნაწილობრივ ხანდაზმულად მიჩნევის თაობაზე. მოპასუხის განმარტებით, ელენერგიის გატარების საფასური გამოიანგარიშება ელქსელში გატარებული ელენერგიის ოდენობის გათვალისწინებით და გადაიხდებოდა ყოველთვიურად, შესაბამისად, ელენერგიის გატარების საფასურის გადახდა პერიოდულად შესასრულებელ ვალდებულებას წარმოადგენს. აღსანიშნავია, რომ თავად მოსარჩელეც მოპასუხეს სთხოვდა საკომპენსაციო თანხის გადახდას ყოველთვიურად (ტ. 1, ს.ფ. 26-27). პერიოდულად შესასრულებელი ვალდებულებიდან წარმოშობილი მოთხოვნების ხანდაზმულობის ვადა სამი წელია (სსკ-ის 129.3 მუხლი), რაც, მოცემულ შემთხვევაში, გასულია. საკასაციო პალატა არ იზიარებს კასატორის მოსაზრებას იმის შესახებ, რომ მან უფლების დარღვევის თაობაზე შეიტყო 2014 წლის 20 მარტს, როდესაც მოპასუხემ უარი განუცხადა თანხის გადახდაზე. უპირველესად, უნდა აღინიშნოს, რომ ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 10.10.2010 წლის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით ელენერგიის გატარების ტარიფი, რომლის მიხედვითაც მოპასუხეს დაეკისრა საკომპენსაციო თანხის გადახდა, განისაზღვრა 0.2 თეთრით 1კვტ/სთ-ზე. ამავე გადაწყვეტილებით მოპასუხეს, მოსარჩელის სასარგებლოდ, დაეკისრა ელენერგიის გატარების საფასურის - 9412.32 ლარის გადახდა, რომელიც მოიცავდა პერიოდს 2007 წლის ივლისიდან 2010 წლის მაისამდე. ამდენად, მოსარჩელემ 2010 წელსვე იცოდა იმის შესახებ, რომ მას 2010 წლის მაისიდან შეეძლო, მოპასუხისათვის მოეთხოვა ელენერგიის გატარების საფასურის გადახდა 0.2 თეთრი 1კვტ/სთ-ზე. ამასთან, ვინაიდან ყოველთვიურად უნდა გადახდილიყო, მოსარჩელის მოთხოვნა, სსკ-ის 129.2 მუხლის მიხედვით, ხანდაზმულია 2011 წლის ოქტომბრამდე (სარჩელი შეტანილია 15.10.2014 წელს). კასატორის მოსაზრებით, მოპასუხისათვის მიმართვა თანხის გადახდის თაობაზე წარმოადგენს სსკ-ის 138-ე მუხლით გათვალისწინებულ აღმასრულებელ მოქმედებას და, შესაბამისად, ხანდაზმულობის ვადის დენის შეწყვეტის საფუძველს. საკასაციო პალატა არ იზიარებს კასატორის აღნიშნულ მოსაზრებას, ვინაიდან მითითებული მუხლით გათვალისწინებული აღმასრულებელი მოქმედება გულისხმობს კრედიტორის მიერ თავისი მოთხოვნის თავადვე აღსრულებას და არა მოვალისათვის ვალდებულების შესრულების მოთხოვნის წაყენებას. ამასთან, საკასაციო პალატის მოსაზრებით, მოსარჩელის მოთხოვნა ხანდაზმულად რომც არ მივიჩნიოთ, სააპელაციო სასამართლოს მიერ დაკისრებული საკომპენსაციო თანხა მაინც გონივრულია თუნდაც მთელი სადავო პერიოდის გათვალისწინებით.

24. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სსსკ-ის 391-ე მუხლის მიხედვით, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას მოსარჩელის საკასაციო საჩივარი, რის გამოც საკასაციო საჩივარს უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

25. სსსკ-ის 401.4 მუხლის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. მოცემულ შემთხვევაში, კასატორს უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის (2551.17 ლარის, საგადახდო დავალება #1, გადახდის თარიღი 24.06.2016) 70% – 1785.81 ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 372-ე, 264.3-ე, 391-ე მუხლებით, 401-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. სს „ი-ის“ საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;

2. კასატორ სს „იმედს“ დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის (2551.17 ლარის, საგადახდო დავალება #1, გადახდის თარიღი 24.06.2016) 70% – 1785.81 ლარი;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე პ. ქათამაძე

მოსამართლეები: ბ. ალავიძე

ზ. ძლიერიშვილი