Facebook Twitter

№ას-129-125-2016 25 თებერვალი, 2016 წელი

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა/მოსამართლეები:

მზია თოდუა (თავმჯდომარე),

პაატა ქათამაძე (მომხსენებელი),

ეკატერინე გასიტაშვილი

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორები (მოსარჩელეები) – თ. მ-ი, ლ. ქ-ი

წარმომადგენელი – თ. მ-ი

მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) – ლ. დ-ი

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 24 ნოემბრის განჩინება

კერძო საჩივრის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნება

კერძო საჩივრის დავის საგანი – სააპელაციო საჩივრის დასაშვებობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. თელავის რაიონულ სასამართლოს სარჩელით მიმართეს თ. მ-მა და ლ. ქ-მა (შემდეგში - მოსარჩელეებმა) ლ. დ-ის (შემდეგში - მოპასუხის) წინააღმდეგ და მოითხოვეს მხარეების კუთვნილ მიწის ნაკვეთებს შორის გამყოფი საზღვრის დადგენა, საკადასტრო აზომვით ნახაზებში ცვლილებების შეტანა და მოპასუხის თანამონაწილეობა მყარი სასაზღვრო მიჯნის აღმართვაში.

2. თელავის რაიონული სასამართლოს 2015 წლის 20 ივლისის გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

3. ზემოაღნიშნულ გადაწყვეტილებაზე სააპელაციო საჩივარი შეიტანეს მოსარჩელეებმა, რომლებმაც მოითხოვეს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილება.

4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 24 ნოემბრის განჩინებით სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად. სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ აპელანტების წარმომადგენელმა გადაწყვეტილების ჩასაბარებლად ორჯერ მიმართა სასამართლოს განცხადებით, კერძოდ, გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან მე-17 დღეს - 2015 წლის 7 აგვისტოს (ს.ფ. 191) და 30 - დღიანი ვადის გასვლის შემდეგ - 2015 წლის 31 აგვისტოს (ს.ფ. 192). აპელანტების წარმომადგენელმა დასაბუთებული გადაწყვეტილება ჩაიბარა 2015 წლის 27 ოქტომბერს. აქედან გამომდინარე, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ გადაწყვეტილების გასაჩივრების ვადა უნდა ათვლილიყო გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან 30-ე დღეს, ვინაიდან აპელანტების წარმომადგენელმა გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, არ მიმართა სასამართლოს დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარების მოთხოვნით. სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებით, სააპელაციო საჩივრის შეტანის - 14 დღიანი ვადა ამოიწურა 2015 წლის 2 სექტემბერს, საჩივარი კი, შეტანილ იქნა 2015 წლის 27 ოქტომბერს (ს.ფ 195-219), ანუ კანონით დადგენილი ვადის დარღვევით, რაც სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველს წარმოადგენდა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში სსსკ-ის) 374-ე მუხლის მიხედვით.

5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 24 ნოემბრის განჩინებაზე კერძო საჩივარი შეიტანეს მოსარჩელეებმა, რომლებმაც მოითხოვეს გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნება შემდეგი საფუძვლით: მოსარჩელეთა წარმომადგენელმა სამჯერ მიმართა სასამართლოს დასაბუთებული გადაწყვეტილების მიღების მოთხოვნით, მათ შორის, 20-დან 30-დღემდე შუალედშიც, თუმცა ეს უკანასკნელი მიმართვა საქმეში არ აღმოჩნდა. არაერთი მიმართვის მიუხედავად, სასამართლომ დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლი მხარეს ჩააბარა მხოლოდ 2015 წლის 27 ოქტომბერს. კერძო საჩივრის ავტორის მოსაზრებით, ასეთ ვითარებაში, სსსკ-ის 369-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლომ სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადა უნდა აითვალოს მხარისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის ჩაბარების მომენტიდან და არა გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან 30-ე დღეს.

6. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 11 თებერვლის განჩინებით, კერძო საჩივარი, სსსკ-ის 419-420-ე მუხლების საფუძველზე, მიღებულ იქნა განსახილველად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

7. საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის, კერძო საჩივრის საფუძვლების გამოკვლევის შედეგად მიიჩნევს, რომ კერძო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს, უნდა გაუქმდეს გასაჩივრებული განჩინება და მოსარჩელეთა სააპელაციო საჩივარი დასაშვებობის ხელახლა შესამოწმებლად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს შემდეგ გარემოებათა გამო:

8. გასაჩივრებული განჩინებით მოსარჩელეთა სააპელაციო საჩივარი განუხილველად დარჩა იმ საფუძვლით, რომ აპელანტებმა საჩივარი შეიტანეს კანონით დადგენილი ვადის დარღვევით, კერძოდ, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ მოსარჩელეთა წარმომადგენელი კანონით დადგენილ ვადაში არ გამოცხადდა სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის მისაღებად, ამიტომ სააპელაციო საჩივრის შეტანის კანონით დადგენილი ვადის დენა დაიწყო გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან 30-ე დღეს - 2015 წლის 20 აგვისტოს და ამოიწურა ამავე წლის 2 სექტემბერს. მითითებულ ვადაში მოსარჩელეებს სააპელაციო საჩივარი არ შეუტანიათ.

9. კერძო საჩივრის ავტორი არ ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს ზემოხსენებულ დასკვნას და ამტკიცებს, რომ მან დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის მისაღებად სასამართლოს არაერთხელ მიმართა, მათ შორის, სსსკ-ის 2591 მუხლით დადგენილ 21-დან 30-ე დღემდე შუალედშიც, კერძოდ, 2015 წლის 11 აგვისტოს. მიუხედავად ამისა, სასამართლომ დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლი მას ჩააბარა 2015 წლის 27 ოქტომბერს.

10. საკასაციო სასამართლო იზიარებს კერძო საჩივრის ავტორის ზემოხსენებულ პრეტენზიას და მიიჩნევს, რომ მოსარჩელეებს სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადა არ დაურღვევიათ. სსსკ-ის 2591 მუხლის შინაარსიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა განმარტავს, რომ გადაწყვეტილების გასაჩივრებისათვის კანონით დადგენილი ვადის დენა გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან 30-ე დღეს მხოლოდ იმ შემთხვევაში დაიწყება, თუ მხარე ამავე მუხლით განსაზღვრულ ვადაში არ გამოცხადდება სასამართლოში და არ ჩაიბარებს გადაწყვეტილებას. სწორედ ასეთ დროს მოქმედებს დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის მხარისათვის ჩაბარების პრეზუმფცია (იხ. სუსგ, საქმე #ას-1161-1106-2014, 30.12.2014 წ.). მოცემულ შემთხვევაში, გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი გამოცხადდა 2015 წლის 20 ივლისს, შესაბამისად, მოსარჩელეები ვალდებული იყვნენ დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის მისაღებად სასამართლოში გამოცხადებულიყვნენ სსსკ-ის 2591 მუხლით დადგენილ 21-დან 30-ე დღემდე შუალედში, ანუ 2015 წლის 10 აგვისტოდან 20 აგვისტოს ჩათვლით. კერძო საჩივრის ავტორის მიერ წარმოდგენილი განცხადებებით დასტურდება, რომ მოსარჩელეთა წარმომადგენელმა სამჯერ მიმართა სასამართლოს წერილობით, კერძოდ, 2015 წლის 7, 11 და 31 აგვისტოს (ს.ფ. 229-231). ამდენად, იკვეთება, რომ მხარის წარმომადგენელი დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის მისაღებად სასამართლოში გამოცხადდა კანონით დადგენილ ვადაში - 2015 წლის 11 აგვისტოს, თუმცა მან ვერც ამ დღეს და ვერც 2015 წლის 31 აგვისტოს, განმეორებითი მიმართვის შემდეგ, ვერ მიიღო დასაბუთებული გადაწყვეტილება. ეს უკანასკნელი მას სასამართლომ გაუგზავნა 2015 წლის 26 ოქტომბერს და ჩააბარა ამავე წლის 27 ოქტომბერს (ს.ფ. 193). ზემოაღნიშნულ გარემოებათა გათვალისწინებით, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ, მოცემულ შემთხვევაში, აღარ მოქმედებს (გაქარწყლებულია) დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის მხარისათვის ჩაბარების პრეზუმფცია, შესაბამისად, სააპელაციო საჩივრის შეტანის კანონით დადგენილი ვადის ათვლა უნდა დაიწყოს მოსარჩელეთა წარმომადგენლისათვის გადაწყვეტილების ასლის ჩაბარების მომენტიდან, ანუ 2015 წლის 28 ოქტომბერს და უნდა დამთავრდეს ამავე წლის 10 ნოემბერს. საქმის მასალებით დადგენილია, რომ მოსარჩელეებმა სააპელაციო საჩივარი შეიტანეს 2015 წლის 2 ნოემბერს, ანუ კანონით დადგენილ ვადაში (ს.ფ. 195-219).

11. საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კერძო საჩივრის ავტორის მოწინააღმდეგე მხარის მოსაზრებას იმის შესახებ, რომ მოსარჩელეთა წარმომადგენელს არ მიუმართავს სასამართლოსათვის 2015 წლის 11 აგვისტოს, რაც იმით დასტურდება, რომ ეს განცხადება არ არის რეგისტრირებული თელავის რაიონული სასამართლოს მიერ წარმოებულ საქმეში მატერიალური სახით და არც საქმის წარმოების ელექტრონულ სისტემაში. საკასაციო პალატა, უპირველესად, ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებას, რომ კერძო საჩივრის ავტორის მიერ წარმოდგენილი 11.08.2015 წლის განცხადება ხელმოწერილია სასამართლოს უფლებამოსილი პირის მიერ და დამოწმებულია სასამართლოს კანცელარიის ბეჭდით. ამ თვალსაზრისით, მითითებული განცხადების ნამდვილობაში ეჭვის შეტანის საფუძველი არ არსებობს. ამასთან, მხარის მიერ წარმოდგენილი განცხადების ნამდვილობა ეჭვქვეშ ვერც იმ საფუძვლით ვერ დადგება, რომ იგი არაა განთავსებული წინამდებარე საქმეში ან საქმის წარმოების ელექტრონულ სისტემაში. პალატა განმარტავს, რომ მხარის მიერ წარმოდგენილი წერილობითი განცხადების საქმეში განთავსებისა და საქმის წარმოების ელექტრონულ სისტემაში შეტანის ვალდებულება სასამართლოს შესაბამის მოხელეს აკისრია. ამ ვალდებულების შეუსრულებლობა, პალატის მოსაზრებით, მხარეს არ ართმევს უფლებას, დავის შემთხვევაში, დაეყრდნოს სასამართლოს მოხელის მიერ ხელმოწერილ და სასამართლოს კანცელარიის ბეჭდით დამოწმებულ მის ხელთ არსებულ მტკიცებულებას.

12. საკასაციო პალატის მოსაზრებით, 2015 წლის 11 აგვისტოს რომც არ მიემართათ მოსარჩელეებს სასამართლოსათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის მისაღებად, გასაჩივრების ვადის ათვლა მაინც იმ მომენტიდან უნდა დაიწყოს, როდესაც მხარის წარმომადგენელს ჩაჰბარდა დასაბუთებული გადაწყვეტილება. ასეთი დასკვნის გამოტანა შესაძლებელია იმ უდავო ფაქტობრივი გარემოების გათვალისწინებით, რომ, 2015 წლის 31 აგვისტოს წერილობითი მოთხოვნის მიუხედავად, პირველი ინსტანციის სასამართლომ მხარის წარმომადგენელს გადაწყვეტილება ჩააბარა მხოლოდ 2015 წლის 27 ოქტომბერს. განსახილველი საკითხისადმი ასეთი მიდგომა შეესაბამება მსგავს საქმეებზე უზენაესი სასამართლოს მიერ დადგენილ პრაქტიკას, კერძოდ, ერთ-ერთ საქმეზე საკასაციო პალატამ განმარტა შემდეგი: „მითითებული მუხლი, (იგულისხმება სსსკ-ის 2591 მუხლი) ერთი მხრივ, მხარის ვალდებულებას ადგენს, მითითებულ ვადაში სასამართლოში გამოცხადდეს გადაწყვეტილების მისაღებად (გარდა იმავე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული გამონაკლისებისა), ხოლო, მეორე მხრივ, ითვალისწინებს სასამართლოს ვალდებულებას, იმავე ვადაში მზად ჰქონდეს დასაბუთებული გადაწყვეტილება მხარისათვის გადასაცემად. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 257-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან 14 დღის ვადაში სასამართლო ამზადებს დასაბუთებულ გადაწყვეტილებას მხარეთათვის გადასაცემად. აღნიშნულის გათვალისწინებით, არ არსებობს დამაბრკოლებელი გარემოება, რის გამოც სასამართლო, მიმართვის შემთხვევაში, გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან მე-20 დღესვე ვერ შეძლებს მხარისათვის გადაწყვეტილების ჩაბარებას. ვინაიდან, მოთხოვნის მიუხედავად, გადაწყვეტილება მხარეს ვერ ჩაბარდა, საკასაციო სასამართლოს აზრით, განსახილველ შემთხვევაში, ივარაუდება, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს დასაბუთებული გადაწყვეტილება არ ჰქონდა მზად სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს მე-20 და არა უგვიანეს 30-ე დღისა. შესაბამისად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ვადის ათვლა ამ შემთხვევაში არა სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან 30-ე დღიდან უნდა დაიწყოს, არამედ გადაწყვეტილების რეალურად ჩაბარებიდან.“ (იხ. №ას-1129-1076-2014).

13. სსსკ-ის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 412-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საკასაციო სასამართლო აუქმებს გადაწყვეტილებას და საქმეს ხელახლა განსახილველად აბრუნებს სააპელაციო სასამართლოში, თუ: ა) საქმის გარემოებები საპროცესო ნორმების ისეთი დარღვევითაა დადგენილი, რომ ამ დარღვევების შედეგად საქმეზე არასწორი გადაწყვეტილება იქნა გამოტანილი და საჭიროა მტკიცებულებათა დამატებითი გამოკვლევა; ბ)არსებობს ამ კოდექსის 394-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლები, გარდა აღნიშნული მუხლის „გ“ და „ე“ ქვეპუნქტებისა.

14. მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ, სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადის დარღვევის გამო, მოსარჩელეთა სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველი არ არსებობდა, ამიტომ გასაჩივრებული განჩინება უნდა გაუქმდეს და სააპელაციო საჩივარი დასაშვებობის ხელახლა შესამოწმებლად უნდა დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 372-ე, 419-ე, 420-ე, 284-ე, 285-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. თინა მამუკელაშვილისა და ლიზა ქეთიაშვილის კერძო საჩივარი დაკმაყოფილდეს;

2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 24 ნოემბრის განჩინება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. თოდუა

მოსამართლეები: პ. ქათამაძე

ე. გასიტაშვილი