№ას-1032-993-2016 31 მარტი, 2017 წელი,
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა/მოსამართლეები:
პაატა ქათამაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ბესარიონ ალავიძე,
ზურაბ ძლიერიშვილი
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე
კასატორი (მოსარჩელე) – ნ. წ-ე
მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) – ა(ა)იპ თვითმმართველი ქალაქ თ-ს ბაგა-ბაღების გაერთიანება
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 28 სექტემბრის გადაწყვეტილება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება
დავის საგანი – საშტატო ერთეულის გაუქმებისა და სამუშაოდან განთავისუფლების შესახებ ბრძანების ბათილად ცნობა, სამუშაოზე აღდგენა, იძულებითი განაცდურის ანაზღაურება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. ნ. წ-ე (შემდეგში: მოსარჩელე, აპელანტი ან კასატორი) 2007 წლის 2 ივლისიდან მუშაობდა ა(ა)იპ თვითმმართველი ქალაქ თ-ს ბაგა-ბაღების გაერთიანების (შემდეგში მოპასუხის) დირექტორის მოადგილედ.
2. 2015 წლის 1 იანვარს მოპასუხესა და მოსარჩელეს შორის დადებული შრომითი ხელშეკრულების თანახმად, ამ უკანასკნელს დაეკისრა დირექტორის მოადგილის ფუნქციების შესრულება თვეში 600 (ექვსასი) ლარის ანაზღაურებით. ხელშეკრულების მოქმედების ვადა განისაზღვრა 2015 წლის 31 დეკემბრამდე.
3. 2015 წლის 30 ოქტომბერს მოპასუხის დირექტორმა №... წერილით მიმართა თვითმმართველი ქალაქი თ-ს მუნიციპალიტეტის მერს, სადაც მიუთითა, რომ, ბავშვთა რაოდენობის ზრდის გამო, საჭირო გახდა ქალაქ თ-ს №1, №2, №3, №5, №8 ბაგა-ბაღებში აღმზრდელის თანაშემწის დამატება. იქიდან გამომდინარე, რომ მოპასუხეს არ გააჩნდა აღნიშნული საშტატო ერთეულების დასაშვებად საჭირო ფულადი სახსრები, დირექტორმა მოითხოვა თანხმობა დირექტორის მოადგილის, გაერთიანების სამეურნეო ნაწილის გამგის, თეთრეულის მრეცხავის, ლოგოპედისა და ფსიქოლოგის საშტატო ერთეულების გაუქმების თაობაზე, რათა გამოთავისუფლებული ფულადი სახსრები მიემართა ახალი საშტატო ერთეულების შესაქმნელად.
4. 2015 წლის 2 ნოემბერს, მოპასუხის დირექტორის ზემოხსენებულ მოთხოვნაზე, თვითმმართველი ქალაქ თ-ს მუნიციპალიტეტის მერმა გასცა თანხმობა.
5. მოპასუხის დირექტორის 2015 წლის 9 ნოემბრის №... ბრძანებით, ა(ა)იპ თვითმმართველი ქალაქ თ-ს ბაგა-ბაღების გაერთიანების წესდების მე-3 მუხლის „ე“ ქვეპუნქტის საფუძველზე, გაუქმდა მოპასუხის 2015 წლის 30 ოქტომბრის №... წერილში მითითებული საშტატო ერთეულები, მათ შორის, მოსარჩელის საშტატო ერთეულიც.
6. მოპასუხის დირექტორის 2015 წლის 9 ნოემბრის №255 ბრძანებით მოსარჩელეს შეუწყდა შრომითი ხელშეკრულება ა(ა)იპ თვითმმართველი ქალაქ თ-ს ბაგა-ბაღების გაერთიანების წესდების მე-3 მუხლის მე-2 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის, საქართველოს შრომის კოდექსის (შემდეგში სშკ-ის) 37-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის, 38-ე მუხლის „ო“ ქვეპუნქტისა და 48-ე მუხლის საფუძველზე.
7. 2015 წლის 7 დეკემბერს მოსარჩელემ სარჩელი აღძრა სასამართლოში მოპასუხის წინააღმდეგ და მოითხოვა: საშტატო ერთეულის გაუქმებისა და სამუშაოდან განთავისუფლების შესახებ ბრძანების ბათილად ცნობა; სამუშაოზე აღდგენა; იძულებითი განაცდურის ანაზღაურება.
8. მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ თვითმმართველი ქალაქ თ-ს ბაგა-ბაღების გაერთიანება მოიცავს 9 ბაღს, სადაც 2015 წელს სკოლამდელი ასაკის აღსაზრდელთა რაოდენობა მნიშვნელოვნად გაიზარდა. ამან განაპირობა აღმზრდელის თანაშემწის საშტატო ერთეულის დამატების აუცილებლობა, მაგრამ, იმის გათვალისწინებით, რომ დაფინანსება იგივე დარჩა, შეუძლებელი იყო რაიმე თანხა მოჰკლებოდა ბავშვთა კვებას, ამიტომ მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, რომ გაუქმებულიყო ნაკლებმნიშვნელოვანი საშტატო ერთეულები. ამის თაობაზე ქ.თ-ს მუნიციპალიტეტის მერმა გასცა თანხმობა, რომლის საფუძველზეც გაუქმდა როგორც მოსარჩელის, ისე სხვა საშტატო ერთეულებიც, შესაბამისად, მოსარჩელის შტატი კანონიერად შემცირდა, რაც გამორიცხავს მისი სარჩელის დაკმაყოფილების შესაძლებლობას.
9. თელავის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 25 აპრილის გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
10. რაიონულმა სასამართლომ დადგენილად ცნო წინამდებარე განჩინების 1-6 პუნქტებში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები და დავის მოწესრიგებისას გამოიყენა სშკ-ის მე-2, მე-6, 37-ე და 38-ე მუხლები, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში სსსკ-ის) მე-4, 102-ე, 103-ე და 105-ე მუხლები.
11. მოსარჩელემ სააპელაციო წესით გაასაჩივრა რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება შემდეგი საფუძვლებით:
11.1. მოპასუხის დირექტორის 2015 წლის 9 ნოემბრის №... ბრძანება არაუფლებამოსილი პირის მიერაა მიღებული, ამდენად, იგი იურიდიული ძალის არმქონე და კანონსაწინააღმდეგო დოკუმენტია;
11.2. სასამართლოს სათანადოდ არ შეუფასებია, მოსარჩელეს შრომითი ურთიერთობის რამდენად მართლზომიერად შეუწყდა სამოქალაქო კოდექსის 115-ე მუხლის კონტექსტში. მოპასუხემ ვერ დაასაბუთა, შიდა ორგანიზაციული ცვლილების რომელი შედეგი ვერ დააკმაყოფილა მოსარჩელემ, შესაბამისად, არ დასტურდება უფლების გამოყენების მართლზომიერებაც, რაც იმთავითვე აჩენს დასაქმებულის მიმართ დისკრიმინაციული მოპყრობის საფუძვლიან ეჭვს, რომლის გაქარწყლებაც დამსაქმებელს ეკისრება.
12. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 28 სექტემბრის გადაწყვეტილებით მოსარჩელის სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა: ბათილად იქნა ცნობილი მოპასუხის დირექტორის 2015 წლის 9 ნოემბრის #... ბრძანება მოსარჩელესთან გაფორმებული შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ; მოპასუხეს, მოსარჩელის სასარგებლოდ, დაეკისრა 6000.00 (ექვსი ათასი) ლარის კომპენსაციის გადახდა; მოპასუხეს, მოსარჩელის სასარგებლოდ, დაეკისრა, ასევე, სარჩელსა და სააპელაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის – 250.00 ლარისა და წარმომადგენლის მომსახურებისთვის გადახდილი 200.00 ლარის ანაზღაურება.
13. სააპელაციო სასამართლომ მიუთითა საქართველოს შრომის კოდექსის 37-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძველია ეკონომიკური გარემოებები, ტექნოლოგიური ან ორგანიზაციული ცვლილებები, რომლებიც აუცილებელს ხდის სამუშაო ძალის შემცირებას. მითითებული ნორმის ანალიზით, პალატამ დასკვნა გამოიტანა, რომ დასაქმებულთან შრომითი ხელშეკრულების შესაწყვეტად კუმულაციურად უნდა არსებობდეს ზემოხსენებული ნორმით გათვალისწინებული წინაპირობები, კერძოდ, ეკონომიკური გარემოებები, ტექნოლოგიური ან ორგანიზაციული ცვლილებები შედეგობრივად უნდა იწვევდეს სამუშაო ძალის შემცირებას. პალატამ აღნიშნა, რომ, მოცემულ შემთხვევაში, დამსაქმებელი მოსარჩელესთან შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტას ორგანიზაციული ცვლილებების (შტატების ოპტიმიზაციის) აუცილებლობით ხსნის, კერძოდ, მოპასუხის წარმომადგენლის მითითებით, ორგანიზაციული ცვლილებები განპირობებული იყო იმ გარემოებით, რომ, ბავშვთა რაოდენობის ზრდის გამო, საჭირო გახდა ქალაქ თ-ს №1, №2, №3, №5, №8 ბაგა-ბაღებში აღმზრდელის თანაშემწის შტატების დამატება. იქიდან გამომდინარე, რომ მოპასუხეს არ გააჩნდა აღნიშნული შტატების დასამატებელი ფულადი სახსრები, ხოლო დირექტორის მოადგილის შტატის საჭიროება არ არსებობდა, გადაწყდა ამ შტატის შემცირება. სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, რეორგანიზაცია იმ შემთხვევაში წარმოშობს მუშაკის სამსახურიდან განთავისუფლების მართლზომიერ საფუძველს, თუ დადგინდება, რომ რეორგანიზაცია, თავისი შინაარსის გათვალისწინებით, ეკონომიკური სიდუხჭირის გამო, შტატების ან/და ხელფასების შემცირების ან სხვა ობიექტური საჭიროების გამო, დამსაქმებელს აყენებს კონკრეტული თანამდებობიდან მუშაკის განთავისუფლების აუცილებლობის წინაშე. ასეთი გარემოების არსებობა, პალატის მოსაზრებით, მოპასუხემ ვერ დაამტკიცა, შესაბამისად, პალატამ მივიდა ის დასკვნა გამოიტანა, რომ, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 54-ე მუხლის საფუძველზე, უნდა გაბათილებულიყო მოპასუხის დირექტორის 2015 წლის 9 ნოემბრის N... ბრძანება აპელანტთან გაფორმებული შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ.
14. სააპელაციო პალატამ მიუთითა სშკ-ის 38-ე მუხლის მე-8 ნაწილზე, რომლის მიხედვით, სასამართლოს მიერ დასაქმებულთან შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ დამსაქმებლის გადაწყვეტილების ბათილად ცნობის შემთხვევაში, სასამართლოს გადაწყვეტილებით, დამსაქმებელი ვალდებულია, პირვანდელ სამუშაო ადგილზე აღადგინოს პირი, რომელსაც შეუწყდა შრომითი ხელშეკრულება ან უზრუნველყოს ის ტოლფასი სამუშაოთი, ან გადაუხადოს მას კომპენსაცია სასამართლოს მიერ განსაზღვრული ოდენობით. პალატამ აღნიშნა, რომ მოპასუხის 2016 წლის საშტატო განრიგით არ არის გათვალისწინებული ის საშტატო ერთეული, რომელზეც მოსარჩელე მუშაობდა, ამიტომ სასამართლომ შეუძლებლად მიიჩნია მოსარჩელის პირვანდელ სამუშაო ადგილზე აღდგენა. პალატამ აღნიშნა, რომ მოსარჩელეს ტოლფასი სამუშაოთი უზრუნველყოფა არ მოუთხოვია, ამასთან, ასეთი მოთხოვნის არსებობის შემთხვევაშიც, პალატის მოსაზრებით, ტოლფასი თანამდებობის არსებობის მტკიცების ტვირთი მოსარჩელეს ეკისრებოდა, რაც მან ვერ შეძლო. აღნიშნულიდან გამომდინარე, პალატამ მიიჩნია, რომ შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ დამსაქმებლის გადაწყვეტილების ბათილად ცნობისა და იმ გარემოებების გათვალისწინებით, რომ ვერ ხერხდება პირვანდელ ან ტოლფას თანამდებობაზე მოსარჩელის აღდგენა, ამ უკანასკნელს უნდა მიეცეს კომპენსაცია სასამართლოს მიერ დადგენილი ოდენობით, რაც ერთი წლის შრომის ანაზღაურებით უნდა განისაზღვროს და მოპასუხეს, მოსარჩელის სასარგებლოდ, უნდა დაეკისროს 6000 ლარის კომპენსაციის გადახდა.
15. სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა აპელანტის პრეტენზია იმის შესახებ, რომ მოპასუხის დირექტორის 2015 წლის 9 ნოემბრის №... ბრძანება საშტატო ერთეულების გაუქმების თაობაზე გამოცემულია არაუფლებამოსილი პირის მიერ და, შესაბამისად, ბათილია. სასამართლომ მიუთითა ა(ა)იპ თვითმმართველი ქალაქ თ-ს ბაგა-ბაღების გაერთიანების წესდების (დამტკიცებულია ქალაქ თ-ს მუნიციპალიტეტის მერის 2014 წლის 30 ოქტომბრის №290 ბრძანებით) მე-3 მუხლის პირველ პუნქტზე, რომლის თანახმად, ბაგა-ბაღების გაერთიანების საქმიანობას წარმართავს დირექტორი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს თვითმმართველი ქალაქ თ-ს მუნიციპალიტეტის მერი. ამავე წესდების მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ბ” ქვეპუნქტის მიხედვით, დირექტორი თ-ს მუნიციპალიტეტის მერიას შესათანხმებლად წარუდგენს გაერთიანების საშტატო განრიგსა და სახელფასო ფონდს; წესდების მე-3 მუხლის მე-2 ნაწილის ,,დ” ქვეპუნქტის შესაბამისად, დირექტორი ნიშნავს და ათავისუფლებს თანამშრომლებს, იღებს გადაწყვეტილებებს თანამშრომელთა წახალისებისა და დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე, ხოლო, მე-3 მუხლის მე-2 ნაწილის ,,ე” ქვეპუნქტის თანახმად, დირექტორი თავისი კომპეტენციის ფარგლებში გამოსცემს ინდივიდუალურ-ადმინისტრაციულ აქტებს. სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, მოცემულ შემთხვევაში, გაერთიანების დირექტორმა დაიცვა წესდებით განსაზღვრული პროცედურები და, შესაბამისად, სარჩელში მითითებული საფუძვლით ხსენებული ბრძანების ბათილად ცნობის წინაპირობა არ არსებობდა.
16. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა აპელანტმა და მოითხოვა სარჩელის სრულად დაკმაყოფილება შემდეგი საფუძვლებით:
16.1. სააპელაციო სასამართლომ არასწორად გამოიყენა ქ.თ-ს მუნიციპალიტეტის მერის 2014 წლის 30 ოქტომბრის #... ბრძანებით დამტკიცებული არასამეწარმეო (არაკომრციული) იურიდიული პირის თვითმმართველი ქალაქ თ-ს ბაგა-ბაღების გაერთანების წესდების მე-3 მუხლი და უგულებელყო „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ 54-ე მუხლის პირველი პუნქტის „დ.ბ“ ქვეპუნქტი, ასევე, თ-ს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 03.08.2014 წლის დადგენილებით დამტკიცებული თვითმმართველი ქალაქ თ-ს მუნიციპალიტეტის მერიის დებულების მე-6 მუხლის მე-3 ნაწილის დ.ბ) ქვეპუნქტი, რომლის მიხედვით, კერძო სამართლის იურიდიული პირების დაფუძნების, რეორგანიზაციისა და ლიკვიდაციის შესახებ გადაწყვეტილებას საკრებულოს თანხმობით იღებს მერი და არა ბაგა-ბაღების გაერთიანების დირექტორი. აქედან გამომდინარე, მოპასუხის დირექტორის 2015 წლის 9 ნოემბრის №... ბრძანება საშტატო ერთეულების გაუქმების თაობაზე გამოცემულია არაუფლებამოსილი პირის მიერ და, შესაბამისად, ბათილია, ვინაიდან ეს აქტი არ წარმოშობს სამართლებრივ შედეგებს;
16.2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილში არაა მითითებული პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების იმ ნაწილის უცვლელად დატოვების თაობაზე, რომლითაც არ დაკმაყოფილდა მოსარჩელის სარჩელი მოპასუხის დირექტორის 2015 წლის 9 ნოემბრის №... ბრძანების გაუქმების თაობაზე.
17. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 24 ნოემბრის განჩინებით მოსარჩელის საკასაციო საჩივარი წარმოებაში იქნა მიღებული დასაშვებობის შესამოწმებლად სსსკ-ის 391-ე მუხლის მიხედვით.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
18. საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ მოსარჩელის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად, შემდეგ გარემოებათა გამო:
19. სსსკ-ის 391-ე მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით, არაქონებრივ-სამართლებრივ დავებში საკასაციო საჩივარი დასაშვებია სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებასთან დაკავშირებულ დავებზე, ხოლო, ამავე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
20. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი ზემომითითებული საფუძვლით.
21. სააპელაციო სასამართლოს საქმე არ განუხილავს მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით და ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ საპროცესო ნორმების დარღვევის გარეშე დაადგინა მოცემული დავის გადაწყვეტისათვის სამართლებრივად მნიშვნელოვანი ფაქტობრივი გარემოებები და იურიდიულად სწორად შეაფასა, შესაბამისად, სწორია სააპელაციო პალატის მიერ გამოტანილი სამართლებრივი დასკვნები სარჩელის ნაწილობრივ დაკმაყოფილების შესახებ.
22. სსსკ-ის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურ-სამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება.
23. მოცემულ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ მოპასუხის 2015 წლის 9 ნოემბრის №... ბრძანების საფუძველზე გაუქმდა მოსარჩელის საშტატო ერთეული, შესაბამისად, აღარ არსებობს ის შტატი, რომელზეც მოსარჩელე მუშაობდა. პალატამ ასევე დაადგინა, რომ არ არსებობს მოსარჩელის სამუშაოს ტოლფასი სამუშაოც. სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ამ ფაქტობრივი გარემოებების მიმართ კასატორს დასაბუთებული საკასაციო პარეტენზია არ წარმოუდგენია, ამიტომ ისინი სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის (სსსკ-ის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილი). საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ ზემოხსენებული ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, სააპელაციო სასამართლომ სწორად იხელმძღვანელა სშკ-ის 38-ე მუხლის მე-8 ნაწილით და სწორად დააკისრა მოპასუხეს, მოსარჩელის სასარგებლოდ, კომპენსაციის გადახდა, ვინაიდან, მოცემულ შემთხვევაში, შეუძლებელი იყო მოსარჩელის აღდგენა როგორც პირვანდელ, ასევე - ტოლფას სამუშაოზე, ასეთი სამუშაოების არარსებობის გამო.
24. საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს კასატორის პრეტენზიას (იხ. წინამდებარე განჩინების 16.1 პუნქტი) იმის შესახებ, რომ მოპასუხე არ იყო უფლებამოსილი, გამოეცა 2015 წლის 9 ნოემბრის №... ბრძანება მოსარჩელის საშტატო ერთეულის გაუქმების თაობაზე. საკასაციო პალატის მოსაზრებით, კასატორის მიერ მითითებული ნორმატიული აქტები ვერ ასაბუთებენ იმ მოსაზრებას, რომ მოპასუხეს არ გააჩნდა იურიდიული პირის შტატების გაუქმების უფლებამოსილება. ხსენებული ნორმატიული აქტებით გათვალისწინებული ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების მიერ დაფუძნებული კერძო სამართლის იურიდიული პირების „რეორგანიზაცია“ (რომლის თაობაზეც გადაწყვეტილებას იღებს გამგებელი/მერი საკრებულოს თანხმობით) გულისხმობს ამ იურიდიული პირების სამართლებრივი ფორმის ცვლილებას (გარდაქმნას), იურიდიული პირის/პირების სხვა იურიდიულ პირთან გაერთიანებას ან მიერთებას (შერწყმას), ასევე, იურიდიული პირის დაყოფას რამდენიმე იურიდიულ პირად, ან ერთი იურიდიული პირიდან მეორის გამოყოფას (გაყოფას). მოცემულ შემთხვევაში, მოპასუხეს (არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირს) ზემოხსენებული სახით რეორგანიზაცია არ განუცდია, შესაბამისად, არასწორია მოსარჩელის აპელირება „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ 54-ე მუხლის პირველი პუნქტის „დ.ბ“ ქვეპუნქტზე და თ-ს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 03.08.2014 წლის დადგენილებით დამტკიცებული თვითმმართველი ქალაქი თ-ს მუნიციპალიტეტის მერიის დებულების მე-6 მუხლის მე-3 ნაწილის „დ.ბ)“ ქვეპუნქტზე. ამასთან, საკასაციო პალატა სრულად ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას იმის შესახებ, რომ მოსარჩელის საშტატო ერთეულის გაუქმების თაობაზე მოპასუხის მიერ 2015 წლის 9 ნოემბრის №... ბრძანების გამოცემის უფლებამოსილება გამომდინარეობს ქ.თ-ს მუნიციპალიტეტის მერის 2014 წლის 30 ოქტომბრის #... ბრძანებით დამტკიცებული არასამეწარმეო (არაკომრციული) იურიდიული პირის თვითმმართველი ქალაქ თ-ს ბაგა-ბაღების გაერთიანების წესდებიდან, კერძოდ, ამ წესდების 1.1. მუხლის თანახმად, თვითმმართველი ქალაქ თ-ს ბაგა-ბაღების გაერთიანება წარმოადგენს საქართველოს სამოქალაქო კოდექსისა და საქართველოს ორგანული კანონის - ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსით შექმნილ არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირს. ამავე წესდების 1.2. მუხლის თანახმად, ბაგა-ბაღების გაერთიანება შექმნილია თვითმმართველი ქალაქ თ-ს მუნიციპალიტეტის ქონების საფუძველზე და მის კონტროლს ახორციელებს თვითმმართველი ქალაქ თ-ს მუნიციპალიტეტის მერია. წესდების 3.1. მუხლის თანახმად, ბაგა-ბაღების გაერთიანების საქმიანობას წარმართავს დირექტორი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს თვითმმართველი ქალაქ თ-ს მუნიციპალიტეტის მერი. წესდების 3.2. მუხლით კი, დირექტორი: ა) ხელმძღვანელობს ბაგა-ბაღების გაერთანების საქმიანობას; ბ) ანაწილებს ფუნქციებსა და მოვალეობებს თანამშრომლთა შორის, გ) თ-ს მუნიციპალიტეტის მერიას შესათანხმებლად წარუდგენს გაერთიანების საშტატო განრიგსა და სახელფასო ფონდს; დ) ნიშნავს და ათავისუფლებს თანამშრომლებს, იღებს გადაწყვეტილებებს თანამშრომელთა წახალისებისა და დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ და სხვა. აქედან გამომდინარე, ნათელია, რომ ბაგა-ბაღების გაერთიანების საშტატო განრიგსა და სახელფასო ფონდს ადგენს გაერთიანების დირექტორი და მას დასამტკიცებლად წარუდგენს თ-ს მუნიციპალიტეტის მერიას. მოცემულ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლომ დაადგინა და სადავო არაა, რომ საშტატო განრიგში შესატანი ცვლილება (კონკრეტული შტატების შემცირება და ახალი შტატების შექმნა) გაერთიანების დირექტორმა შესათანხმებლად (დასამტკიცებლად) წარუდგინა ქალაქ თ-ს მუნიციპალიტეტის მერს და მიიღო კიდეც შესაბამისი წერილობითი თანხმობა. აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს დასკვნას იმის შესახებ, რომ, გაერთიანების საშტატო ერთეულების გაუქმებისას, მოპასუხემ დაიცვა წესდებით გათვალისწინებული პროცედურები, რის გამოც კანონიერად მიიჩნევა მოპასუხის 2015 წლის 9 ნოემბრის №... ბრძანება.
25. დაუსაბუთებელია, წინამდებარე განჩინების 16.2 პუნქტში მითითებული კასატორის პრეტენზიაც. მართალია, გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი არ შეიცავს მითითებას იმის შესახებ, რომ სააპელაციო სასამართლომ უცვლელად დატოვა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების ის ნაწილი, რომლითაც არ დაკმაყოფილდა მოსარჩელის სარჩელი მოპასუხის 2015 წლის 9 ნოემბრის №... ბრძანების გაუქმების თაობაზე, მაგრამ, ეს გარემოება, საკასაციო პლატის მოსაზრებით, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველი ვერ გახდება (სსსკ-ის 393.3 მუხლი), ვინაიდან ამ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილის შინაარსიდან გამომდინარე, ცხადია, რომ სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა აპელანტის პრეტენზია სადავო ბრძანების არაკანონიერების თაობაზე. ამასთან, ისიც უდავოა, რომ სააპელაციო სასამართლომ გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილით გააუქმა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის 1.2. და 1.5. პუნქტები, ხოლო ამავე გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის 1.1. პუქტი (რომლითაც არ დაკმაყოფილდა მოსარჩელის სარჩელი მოპასუხის 2015 წლის 9 ნოემბრის №... ბრძანების გაუქმების თაობაზე) არ გაუუქმებია, შესაბამისად, ნათელია, რომ ამ ნაწილში სააპელაციო სასამართლომ უცვლელად დატოვა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება.
26. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სსსკ-ის 391-ე მუხლის მიხედვით, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას მოსარჩელის საკასაციო საჩივარი, რის გამოც საკასაციო საჩივარს უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
27. სსსკ-ის 401.4 მუხლის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. მოცემულ შემთხვევაში, კასატორს უნდა დაუბრუნდეს მის საკასაციო საჩივარზე შ. წ-ის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის (300.00 ლარის, საგადახდო დავალება #1, გადახდის თარიღი 07.11.2016) 70% – 210.00 ლარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 372-ე, 264.3-ე, 391-ე მუხლებით, 401-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ნ. წ-ის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;
2. კასატორ ნ. წ-ეს დაუბრუნდეს მის საკასაციო საჩივარზე შ. წ-ის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის (300.00 ლარის, საგადახდო დავალება #1, გადახდის თარიღი 07.11.2016) 70% – 210.00 ლარი;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე პ. ქათამაძე
მოსამართლეები: ბ. ალავიძე
ზ. ძლიერიშვილი