Facebook Twitter

№ას-528-504-2016 16 სექტემბერი, 2016 წელი,

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა/მოსამართლეები:

პაატა ქათამაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ბესარიონ ალავიძე,

ზურაბ ძლიერიშვილი

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

კასატორი (მოსარჩელე) – დ. ს-ია

მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) – შპს „ს-ი“

გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 6 აპრილის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება

დავის საგანი – ზიანის ანაზღაურება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. საიჯარო საწარმო „ს-სა“ (შემდეგში მოპასუხესა) და დ. ს-იას (შემდეგში: მოსარჩელესა ან კასატორს) შორის გაფორმდა წერილობითი ხელშეკრულება, რომლითაც მოპასუხემ იკისრა ვალდებულება, მოსარჩელისათვის გადაეცა ბინა 1993 წლის სექტემბრამდე. სანაცვლოდ, მოსარჩელეს ბინის მიღებიდან ხუთი წლის განმავლობაში მოპასუხესთან უნდა ემუშავა.

2. ქ.წყალტუბოში, თ-ის ქ.№...-ში მდებარე ბინა (შემდეგში: უძრავი ქონება ან სადავო ბინა), 1992 წლის 9 ივნისის პრივატიზაციის ხელშეკრულების საფუძველზე, 2013 წლის 24 სექტემბრიდან რეგისტრირებულია თედორე გულიჩის (შემდეგში უძრავი ქონების მესაკუთრის) საკუთრებაში.

3. მოსარჩელის ოჯახი, მოპასუხის ინიციატივითა და უძრავი ქონების მესაკუთრის თანხმობით, 1995 წლიდან ცხოვრობდა სადავო ბინაში და იხდიდა გადასახადებს.

4. 2015 წლის 11 ივნისს, სადავო ბინის მესაკუთრემ, წყალტუბოს პოლიციის სამმართველოს მეშვეობით, მოსარჩელის ოჯახი გამოასახლა მისი კუთვნილი უძრავი ქონებიდან.

5. მოსარჩელე მოპასუხესთან შრომით ურთიერთობაში იმყოფებოდა 1992-1997 წლებში.

6. მოსარჩელემ სარჩელი აღძრა სასამართლოში მოპასუხის წინააღმდეგ და მოითხოვა მოპასუხისათვის 7 000 აშშ დოლარის დაკისრება. მოსარჩელის განმარტებით, მოპასუხე მას დაჰპირდა საცხოვრებელი ბინით დაკმაყოფილებას, კერძოდ, სადავო ბინა გადასცა სარგებლობაში, ხოლო მომავალში ამ ბინის საკუთრებაში გადაცემას დაჰპირდა. მოპასუხემ პირობა არ შეასრულა. უძრავი ქონების მესაკუთრემ, 2013 წელს, მოსარჩელე გამოასახლა სადავო ბინიდან. აქედან გამომდინარე, მოსარჩელის მოსაზრებით, მოპასუხე ვალდებულია აუნაზღაუროს მას სადავო ბინის ღირებულება.

7. მოპასუხემ სარჩელი არ ცნო. მისი განმარტებით, სადავო ბინა მოსარჩელეს სარგებლობაში გადაეცა ამ ბინის მესაკუთრის თანხმობით, ხოლო საკუთრებაში ბინის გადაცემას მოპასუხე მას არ დაპირებია. მოპასუხის მოსაზრებით, საცხოვრებელი ბინის საკუთრებაში გადაცემას მოსარჩელეს რომც დაჰპირებოდა, ამ უკანასკნელის მოთხოვნა ხანდაზმული იყო, ვინაიდან ვალდებულება 1993 წელს უნდა შესრულებულიყო, სარჩელი კი შეტანილია 2015 წელს.

8. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 21 იანვრის გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა. სასამართლომ დაადგინა წინამდებარე განჩინების 1-5 პუნქტებში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები და, სამოქალაქო კოდექსის 1507-ე მუხლზე დაყრდნობით, დავის მოსაწესრიგებლად გამოიყენა საქართველოს სსრ სამოქალაქო სამართლის კოდექსის 75-ე, 239-ე, 269-ე და 335-ე მუხლები. მითითებული ნორმების საფუძველზე, პირველი ინსტანციის სასამართლომ სარჩელი როგორც დაუსაბუთებლად, ასევე ხანდაზმულად მიიჩნია.

9. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება.

10. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 6 აპრილის განჩინებით:

- სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა;

- უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება.

11. სააპელაციო სასამართლომ გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება შემდეგნაირად დაასაბუთა:

11.1. სასამართლომ მიუთითა სამოქალაქო კოდექსის 1507-ე მუხლზე და მიიჩნია, რომ მოცემული დავის მოსაწესრიგებლად სასამართლოს უნდა გამოეყენებინა 1964 წლის რედაქციის საქართველოს სამოქალაქო სამართლის კოდექსისა და საბინაო კოდექსის ნორმები.

11.2. სასამართლომ მიიჩნია, რომ წინამდებარე განჩინების პირველ პუნქტში მითითებული ხელშეკრულებით, მოპასუხემ იკისრა ვალდებულება, დროებით (დასაქმების პერიოდის განმავლობაში) სარგებლობის უფლებით უზრუნველეყო მოსარჩელე საცხოვრებელი ბინით. სასამართლომ მიუთითა, ხელშეკრულების დადების დროს მოქმედი საბინაო კოდექსის 112-ე, 115-116-ე მუხლებზე, რომლებიც ითვალისწინებდნენ, საწარმოს ადმინისტრაციის გადაწყვეტილების საფუძველზე, საწარმოსთან შრომით ურთიერთობაში მყოფი დასაქმებულისათვის საცხოვრებელი სადგომით უზრუნველყოფას დასაქმების მთელი პერიოდისათვის. სასამართლოს მოსაზრებით, მართალია, ამავე კოდექსის 38-ე მუხლის მე-2 ნაწილი და 53-ე მუხლი ითვალისწინებდა საწარმოში დასაქმებული პირებისათვის საცხოვრებელი ბინის უვადო სარგებლობაში გადაცემასაც, მაგრამ, მოცემულ შემთხვევაში, ასეთი სარგებლობისათვის კანონით გათვალისწინებული წინაპირობები არ არსებობდა, ვინაიდან საბინაო კოდექსის 36-ე მუხლის მიხედვით, საუწყებო საბინაო ფონდის სახლებში საცხოვრებელი ბინის სარგებლობაში გადაცემა ხორციელდებოდა პროფკავშირის კომიტეტისა და ადმინისტრაციის მიერ მიღებული ერთობლივი გადაწყვეტილების საფუძველზე დამტკიცებული სიის შესაბამისად, რაც შესათანხმებლად და დასამტკიცებლად წარედგინებოდა სახალხო დეპუტატთა საბჭოს ადგილობრივ აღმასკომს. სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ არც ერთი დასახელებული დოკუმენტი მოსარჩელეს სასამართლოსათვის არ წარუდგენია და არც მათ შესახებ მიუთითებია.

11.3. სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებით, მოპასუხემ შეასრულა ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულება, კერძოდ, მოსარჩელე, საწარმოში დასაქმების მთელი პერიოდის განმავლობაში, უზრუნველყო საცხოვრებელი ბინით. აქედან გამომდინარე, სასამართლომ მიიჩნია, რომ მოპასუხეს ვალდებულება არ დაურღვევია, რაც გამორიცხავდა მისთვის ზიანის მოთხოვნის უფლებას.

12. სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება შემდეგი საფუძვლით:

12.1. მოსარჩელე იმ ზიანის მინიმალურ ანაზღაურებას მოითხოვს, რაც მას მოპასუხემ მიაყენა უძრავი ქონების საკუთრებაში გადაცემის პირობის შეუსრულებლობით, კერძოდ, მოპასუხე მოსარჩელეს დაპირდა სადავო ბინის არა მარტო სარგებლობაში, არამედ საკუთრებაში გადაცემასაც, რაც არ შეასრულა, კერძოდ, მართალია, დროებით სარგებლობაში გადასცა ბინა, მაგრამ საკუთრების უფლებით აღარ დაუკანონა.

13. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 17 ივნისის განჩინებით მოსარჩელის საკასაციო საჩივარი წარმოებაში იქნა მიღებული, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში სსსკ-ის) 391-ე მუხლის მიხედვით, დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

14. საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული შემდეგ გარემოებათა გამო:

15. სსსკ-ის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. აღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

16. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი საფუძვლით.

17. სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით და ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ საპროცესო ნორმების დარღვევის გარეშე დაადგინა მოცემული დავის გადაწყვეტისათვის სამართლებრივად მნიშვნელოვანი ფაქტობრივი გარემოებები და იურიდიულად სწორად შეაფასა ისინი, შესაბამისად, სწორია სააპელაციო პალატის მიერ გამოტანილი სამართლებრივი დასკვნები გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.

18. სსსკ-ის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებულ პრეტენზიაში იგულისხმება მითითება იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურ-სამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. მოცემულ შემთხვევაში, კასატორს არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება) სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების მიმართ.

19. კასატორის განმარტებით, მისი მოთხოვნაა - მოპასუხის მიერ ნაკისრი ვალდებულების, კერძოდ, უძრავი ქონების (სადავო ბინის) საკუთრებაში გადაცემის პირობის შეუსრულებლობით გამოწვეული ზიანის ანაზღაურება.

20. საქართველოს სამოქალაქო სამართლის კოდექსის (1964 წლის რედაქციით) 212-ე მუხლი კრედიტორს უფლებას ანიჭებს, მოითხოვოს მოვალის მიერ ვალდებულების დარღვევით გამოწვეული ზიანის ანაზღაურება. მოცემულ შემთხვევაში, უნდა შემოწმდეს არსებობს თუ არა მითითებული ნორმით გათვალისწინებული ზიანის ანაზღაურების წინაპირობები. ამისათვის უნდა გაირკვეს, თუ რა ვალდებულებითსამართლებრივი ურთიერთობა არსებობდა მოსარჩელესა (კრედიტორსა) და მოპასუხეს (მოვალეს) შორის და დაარღვია თუ არა მოვალემ ვალდებულება.

21. საკასაციო სასამართლო ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებას იმის შესახებ, რომ წინამდებარე განჩინების პირველ პუნქტში მითითებული ხელშეკრულება წარმოადგენს იმ დროს მოქმედი საბინაო კოდექსის 112-ე, 115-116-ე მუხლებით გათვალისწინებულ ხელშეკრულებას, რომლითაც საწარმოში დასაქმებულს (მოსარჩელეს) დროებით (დასაქმების პერიოდში) სარგებლობაში უნდა გადასცემოდა საცხოვრებელი სადგომი (იხ. წინამდებარე განჩინების მე-11 პუნქტი). სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილია და კასატორი თავადაც არ უარყოფს იმ გარემოებას, რომ იგი დასაქმების პერიოდში და შემდგომშიც (2015 წლის 11 ივნისამდე) სარგებლობდა სადავო ბინით. მართალია, ამ პერიოდში მითითებული ბინა უკვე აღარ წარმოადგენდა მოპასუხის საკუთრებას, მაგრამ ახალმა მესაკუთრემ თავისი ბინა მოსარჩელეს გადასცა უსასყიდლო და დროებით სარგებლობაში მოპასუხის შუამდგომლობის საფუძველზე. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს დასკვნას იმის შესახებ, რომ მოპასუხეს ვალდებულება არ დაურღვევია და, შესაბამისად, ზიანის ანაზღაურებაც ვერ დაეკისრება.

22. საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს კასატორის მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ ზემოხსენებული ხელშეკრულება ითვალისწინებდა მოსარჩელისათვის საცხოვრებელი ბინის მუდმივ სარგებლობაში და საკუთრებაში გადაცემას. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მითითებული ხელშეკრულების შინაარსი ამგვარი განმარტების შესაძლებლობას არ იძლევა და ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას, რომელიც მოცემულია წინამდებარე განჩინების მე-11 პუნქტში. ამასთან, საკასაციო პალატის მოსაზრებით, ზემოხსენებული ხელშეკრულება საცხოვრებელი ბინის მოსარჩელის საკუთრებაში გადაცემის ვალდებულებას ვერ წარმოშობს, ვინაიდან ეს ხელშეკრულება არ პასუხობს უძრავი ქონების საკუთრებაში გადაცემისათვის კანონით დადგენილ ფორმას და, შესაბამისად, ბათილია (1964 წლის რედაქციით საქართველოს სამოქალაქო სამართლის კოდექსის 45-ე და 239-ე მუხლები). თუნდაც მივიჩნიოთ, რომ წინამდებარე განჩინების პირველ პუნქტში მითითებული ხელშეკრულებით მოპასუხეს წარმოეშვა მოსარჩელისათვის საცხოვრებელი ბინის საკუთრებაში გადაცემის ვალდებულება, პალატის მოსაზრებით, ამ ვალდებულების შეუსრულებლობით გამოწვეული ზიანის ანაზღაურების მოთხოვნა ხანდაზმულია, ვინაიდან 1993 წლის სექტემბრიდან (მოთხოვნის წარმოშობის მომენტიდან) გასულია კანონით დადგენილი ხანდაზმულობის სამწლიანი ვადა (1964 წლის რედაქციით საქართველოს სამოქალაქო სამართლის კოდექსის 78-ე მუხლი), ამასთან, მოცემულ შემთხვევაში, არ არსებობს ხანდაზმულობის ვადის დენის შეჩერების ან შეწყვეტის კანონით გათვალისწინებული საფუძვლები.

23. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. ასეთ საფუძველზე ვერც კასატორი ვერ მიუთითებს. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან.

24. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.

25. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სსსკ-ის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი დაუშვას წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი, რის გამოც საკასაციო საჩივარს უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

26. სსსკ-ის 401.4 მუხლის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. მოცემულ შემთხვევაში, კასატორისათვის სახელმწიფო ბაჟის დაბრუნების საფუძველი არ არსებობს, ვინაიდან იგი გათავისუფლებულია საკასაციო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან სსსკ-ის 46.1 მუხლის „ვ“ ქვეპუნქტისა და „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის 5.1 მუხლის „მ1“ ქვეპუნქტის საფუძველზე.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 372-ე, 264.3-ე, 391-ე მუხლებით, 401-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. დ. ს-იას საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;

2. კასატორი გათავისუფლებულია საკასაციო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46.1 მუხლის „ვ“ ქვეპუნქტისა და „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის 5.1 მუხლის „მ1“ ქვეპუნქტის საფუძველზე;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე პ. ქათამაძე

მოსამართლეები: ბ. ალავიძე

ზ. ძლიერიშვილი