Facebook Twitter

№ას-1163-1118-2016 29 ივნისი, 2017 წელი,

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა/მოსამართლეები:

პაატა ქათამაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ბესარიონ ალავიძე,

ზურაბ ძლიერიშვილი

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე

კასატორი (მოპასუხე) – ნ. მ-ი

მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) – ლ. ქ-ი

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 20 ოქტომბრის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

დავის საგანი – უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

1. 2015 წლის 04 ნოემბერს, ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე, ლ. ქ-მა (შემდგომში მყიდველმა ან მოსარჩელემ) ნ. გ-ისგან (შემდგომში გამყიდველისგან ან მოპასუხის გერისგან) შეიძინა ქ.თბილისში, წ-ის ქუჩის #...-ში მდებარე 30კვ.მ-ის #13 ბინა (საკადასტრო კოდი: #........). საჯარო რეესტრის ამონაწერის თანახმად, მითითებული ქონება რეგისტრირებულია მოსარჩელის სახელზე.

2. მოსარჩელის საკუთრებაში რეგისტრირებეულ უძრავ ქონებას ფლობს ნ. მ-ი (შემდეგში მოპასუხე).

3. მოსარჩელემ მოპასუხეს მოსთხოვა მის საკუთრებაში არსებული ბინის გათავისუფლება და მისთვის გადაცემა, რაზედაც მოპასუხემ უარი განაცხადა.

4. მოპასუხემ განცხადებით მიმართა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს (შემდგომში სამინისტროს) და მოითხოვა მოპასუხის გამოსახლება სადავო ბინიდან. სამინისტრომ უარი უთხრა მოსარჩელეს განცხადების დაკმაყოფილებაზე და განუმარტა, რომ სადავო საკითხის გადასაწყვეტად მას უნდა მიემართა სასამართლოსათვის.

5. 2015 წლის 30 დეკემბერს მოსარჩელემ სარჩელი შეიტანა თბილისის საქალაქო სასამართლოში და მოითხოვა მოპასუხის უკანონო მფლობელობიდან სადავო ბინის გამოთხოვა და მისთვის თავისუფალ მდგომარეობაში გადაცემა.

6. მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და შესაგებელში მიუთითა, რომ 04.11.2015 წლის ნასყიდობის ხელშეკრულება ბათილია, ვინაიდან იგი დაიდო მოსაჩვენებლად, კერძოდ, სადავო ბინის გამყიდველი არის მოპასუხის გერი. ამ უკანასკნელმა სადავო ბინა თავის მეგობარს მას შემდეგ მიჰყიდა, რაც მოპასუხემ გერის წინააღმდეგ სარჩელი აღძრა სასამართლოში. გარდა ამისა, მოპასუხის განმარტებით, სადავო ბინა 66 კვ.მ-ია, მოსარჩელე კი, რეგისტრირებულია მხოლოდ 30 კვ.მ-ის მესაკუთრედ. დანარჩენი 36 კვ.მ შეძენილია მოპასუხისა და მისი აწ გარდაცვლილი მეუღლის (გამყიდველის მამის) რეგისტრირებული ქორწინების პერიოდში. აქედან გამომდინარე, მოპასუხე კანონიერი მოსარგებლეა, შესაბამისად, სადავო ფართიდან მისი გამოსახლების საფუძველი არ არსებობს.

7. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 30 მარტის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა, მოპასუხის უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვილ იქნა სადავო ბინა და იგი თავისუფალ მდგომარეობაში გადაეცა მოსარჩელეს.

8. სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდგომში - სსკ-ის) 170-ე, 172-ე, 183-ე, 311-ე, 312.1., 168-ე მუხლებით და განმარტა შემდეგი: განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელე არის სადავო ბინის მესაკუთრე, ხოლო მოპასუხეს არ წარმოუდგენია იმ გარემოების დამადასტურებელი მტკიცებულებები, რომ მოსარჩელის კუთვნილ უძრავ ქონებას კანონიერად ფლობს. სასამართლოს მოსაზრებით, დაუსაბუთებელი იყო მოპასუხის მითითება ნასყიდობის ხელშეკრულების მოსაჩვენებლად დადების თაობაზე, ვინაიდან ამ გარემოების დამადასტურებელი მტკიცებულებები მოპასუხეს არ წარუდგენია. სასამართლომ აღნიშნა, რომ მხარეთა შორის არ არსებობდა რაიმე სახელშეკრულებო ურთიერთობა, რაც მოსარჩელეს შეზღუდავდა საკუთრებით თავისუფლად სარგებლობაში, ამასთან, არც საკუთრების ბოჭვის კანონისმიერი საფუძველი არ არსებობდა.

9. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა. აპელანტის განმარტებით, მოსარჩელე სადავო ბინის მხოლოდ 30 კვ.მ-ის მესაკუთრეა. დანარჩენი 36 კვ.მ მოპასუხემ და მისმა აწ გარდაცვლილმა მეუღლემ (გამყიდველის მამამ) ერთობლივად შემატეს ძირითად ფართს. აქედან გამომდინარე, მოპასუხე კანონიერი მოსარგებლეა და სადავო ფართიდან მისი გამოსახლების საფუძველი არ არსებობს.

10. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 20 ოქტომბრის განჩინებით მოპასუხის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება.

11. სააპელაციო პალატამ სრულად გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები და სამართლებრივი დასკვნები. პალატა არ დაეთანხმა აპელანტის პრეტენზიას იმის თაობაზე, რომ გამყიდველის მამა იყო სადავო ბინის ნაწილის მესაკუთრე. პლატამ აღნიშნა, რომ 2010 წლის 17 სექტემბერს, სადავო ბინა გამყიდველს აჩუქა მამამ, ხოლო ნაჩუქარი ბინა გამყიდველმა მიჰყიდა მოსარჩელეს. პალატის მოსაზრებით, მოპასუხეს არ წარმოუდგენია მტკიცებულებები, რაც ჩუქებისა და ნასყიდობის ხელშეკრულებების ბათილობას გამოიწვევდა.

12. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე საკასაციო საჩივარი შეიტანა მოპასუხემ შემდეგი საფუძვლებით: მოსარჩელე სადავო ბინის მხოლოდ 30 კვ.მ-ის მესაკუთრეა. დანარჩენი 36 კვ.მ მოპასუხემ და მისმა აწ გარდაცვლილმა მეუღლემ (გამყიდველის მამამ), რეგისტრირებული ქორწინების პერიოდში, ერთობლივად შემატეს ძირითად ფართს. ეს ფართი მოპასუხეს არ დაურეგისტრირებია საჯარო რეესტრში, ვინაიდან არ ელოდებოდა დავას სასამართლოში. სააპელაციო სასამართლოს არ დაუსაბუთებია, თუ რატომ დააკმაყოფილა მოსარჩელის მოთხოვნა მიმატებულ ფართზე, მაშინ როდესაც, მოსარჩელე ამ ფართის მესაკუთრედ არ არის რეგისტრირებული.

13. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 16 იანვრის განჩინებით მოპასუხის საკასაციო საჩივარი წარმოებაში იქნა მიღებული დასაშვებობის შესამოწმებლად საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდგომში სსსკ-ის) 391-ე მუხლის მიხედვით.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

14. საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ მოპასუხის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად, შემდეგ გარემოებათა გამო:

15. სსსკ-ის 391-ე მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით, არაქონებრივ-სამართლებრივ დავებში საკასაციო საჩივარი დასაშვებია სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებასთან დაკავშირებულ დავებზე, ხოლო ამავე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

16. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემომითითებული საფუძვლით.

17. სააპელაციო სასამართლოს საქმე არ განუხილავს მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით და ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ საპროცესო ნორმების დარღვევის გარეშე დაადგინა მოცემული დავის გადაწყვეტისათვის სამართლებრივად მნიშვნელოვანი ფაქტობრივი გარემოებები და იურიდიულად სწორად შეაფასა ისინი, შესაბამისად, სააპელაციო პალატის მიერ გამოტანილი სამართლებრივი დასკვნები გასაჩივრებული გადაწყვეტილების ძალაში დატოვების თაობაზე სწორია.

18. სსსკ-ის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებულ პრეტენზიაში იგულისხმება მითითება იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურ-სამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება.

19. მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების მიმართ (იხ. წინამდებარე განჩინების 1-4-ე, მე-8 და მე-11 პუნქტები) კასატორს დასაბუთებული საკასაციო პარეტენზია არ წარმოუდგენია, ამიტომ ისინი სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის (სსსკ-ის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილი).

20. მოსარჩელეს აღძრული აქვს ვინდიკაციური სარჩელი, შესაბამისად, მისი მოთხოვნის სამართლებრივი საფუძველია სსკ-ის 172-ე მუხლის პირველი ნაწილი, რომლის მიხედვით, მესაკუთრეს შეუძლია, მფლობელს მოსთხოვოს ნივთის უკან დაბრუნება, გარდა იმ შემთხვევისა, როცა მფლობელს ჰქონდა ამ ნივთის ფლობის უფლება.

21. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ვინდიკაციური სარჩელის დაკმაყოფილებისათვის უნდა არსებობდეს შემდეგი წინაპირობები: ა. მოსარჩელე უნდა იყოს ნივთის მესაკუთრე; ბ. მოპასუხე უნდა ფლობდეს ნივთს; გ. მოპასუხეს არ უნდა ჰქონდეს ნივთის ფლობის უფლება.

22. განსახილველ შემთხვევაში, როგორც აღინიშნა, სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ მოსარჩელე არის უძრავი ნივთის მესაკუთრე, მოპასუხე - ნივთის მფლობელი და მას ამ ნივთის ფლობის უფლება არ გააჩნია, შესაბამისად, არსებობს სსკ-ის 172.1 მუხლის ყველა წინაპირობა, რაც იმას ნიშნავს, რომ მოსარჩელის სარჩელი დასაბუთებულია და დაკმაყოფილებას ექვემდებარება.

23. საკასაციო სასამართლო არ იზიარებს წინამდებარე განჩინების მე-12 პუნქტში მითითებულ კასატორის პრეტენზიას და, უპირველესად, ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებას, რომ სადავო ბინის 36 კვ.მ, მართალია, არ არის რეგისტრირებული მოსარჩელის საკუთრებაში, თუმცა, ისიც უდავოა, რომ ეს ფართი არც ცალკე უფლების ობიექტად არ არის აღრიცხული საჯარო რეესტრში. ამასთან, მოპასუხის მიერ წარმოდგენილი აზომვითი ნახაზით ირკვევა, რომ სადავო ბინა ფაქტობრივად 66.88 კვ.მ-ია, საიდანაც საჯარო რეესტრში რეგისტრირებულია 30 კვ.მ, რომელიც არ არის გამიჯნული დანარჩენი ფართიდან, შესაბამისად, სადავო ბინის 66.88 კვ.მ ერთმანეთთან დაკავშირებული ოთახებისა და სათავსოებისგან შედგება. აღსანიშნავია, ასევე, რომ მოსარჩელე უარყოფს სადავო ბინაზე მოპასუხის მიერ დამატებითი ფართის მიშენებას, თუმცა ამ ფაქტის დადგენილად მიჩნევის შემთხვევაშიც, მოპასუხის საკასაციო საჩივარს ვერ ექნება წარმატების პერსპექტივა შემდეგ მოსაზრებათა გამო:

23.1. საკასაციო სასამართლო მიუთითებს სსკ-ის 150.1 მუხლზე (ნივთის შემადგენელი ნაწილი, რომლის გამოცალკევებაც შეუძლებელია მთლიანი ნივთის ან ამ ნაწილის განადგურების ანდა მათი დანიშნულების მოსპობის გარეშე (ნივთის არსებითი შემადგენელი ნაწილი), ცალკე უფლების ობიექტად შეიძლება იყოს მხოლოდ კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში) და განმარტავს, რომ შენობა-ნაგებობაზე (რომელიც, თავის მხრივ, მიწის ნაკვეთის არსებითი შემადგენელი ნაწილია - სსკ-ის 150.2 მუხლი) განხორციელებული მიშენება-დაშენება წარმოადგენს ამ შენობა-ნაგებობის არსებით შემადგენელ ნაწილს, რომელზედაც დამოუკიდებელი სანივთო უფლება არ წარმოიშობა. არსებითი შემადგენელი ნაწილის იურიდიული ბედი მთლიანადაა დაკავშირებული მთავარ ნივთთან და, როგორც წესი, იგი არ შეიძლება იყოს ცალკე უფლების ობიექტი. აქედან გამომდინარე, შეუძლებელია არსებითი შემადგენელი ნაწილის დამოუკიდებლად განკარგვა. იგი განიკარგება მთავარ ნივთთან ერთად და ეს არაა დამოკიდებული ურთიერთობის მონაწილეთა ნებაზე. მაგალითად, თუ პირი ყიდულობს მიწას, ივარაუდება, რომ იგი ყიდულობს ამ მიწასთან დაკავშირებულ შენობა-ნაგებობებს და სხვა არსებით შემადგენელ ნაწილებს. სსკ-ის 150-ე მუხლით განსაზღვრული მთავარი ნივთისა და მისი არსებითი შემადგენელი ნაწილების კავშირურთიერთობის შინაარსი განაპირობებს იმას, რომ ამავე კოდექსის 171-ე მუხლის თანახმად, ნივთზე საკუთრების უფლება ვრცელდება ასევე ამ ნივთის არსებით შემადგენელ ნაწილებზედაც. ზემოხსენებული მსჯელობა შეესაბამება საკასაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ერთგვაროვან პრაქტიკას (იხ. სუსგ: #ას-1081-1110-2011, 10.11.2011; #ას-500-476-2013, 21.10.2013). აღნიშნულიდან გამომდინარე, მოცემულ შემთხვევაში, სადავო ბინაზე მოსარჩელის საკუთრების უფლება ვრცელდება ასევე ამ ბინის არსებით შემადგენელ ნაწილზე - მიშენებულ ფართზე, შესაბამისად, მოსარჩელეს უფლება აქვს მოითხოვოს ამ ფართიდან მოპასუხის გამოსახლება.

23.2. სადავო ბინა (მიშენებულ ფართთან ერთად) მეუღლეთა თანასაკუთრებადაც რომ მივიჩნიოთ (სსკ-ის 1158-ე ან 1163-ე მუხლების საფუძველზე), ეს გარემოება მაინც ვერ გაამართლებს ამ ბინაზე მოპასუხის ამჟამინდელ მფლობელობას, ვინაიდან დადგენილია, რომ მითითებული უძრავი ნივთი მოპასუხის მეუღლემ აჩუქა თავის შვილს, ხოლო ამ უკანასკნელმა მიჰყიდა მოსარჩელეს. ამდენად, მოცემულ შემთხვევაში, მოპასუხეს სადავო ბინაზე თანასაკუთრების უფლება აღარ გააჩნია, რადგანაც ამ ბინის მესაკუთრედ საჯარო რეესტრში რეგისტრირებულია მესამე პირი ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე. ამ ხელშეკრულების ბათილად ცნობის გარეშე კი, მოპასუხე სადავო ბინაზე თანასაკუთრებას ვერ დაიბრუნებს. მოპასუხე, მართალია, უთითებს, რომ ზემოხსენებული ხელშეკრულება ბათილია, როგორც მოსაჩვენებლად დადებული გარიგება, თუმცა ამ გარემოების დასადასტურებლად მას სასამართლოსათვის არავითარი მტკიცებულება არ წარმოუდგენია, გარდა საკუთარი ახსნა-განმარტებისა. უფრო მეტიც, საკასაციო საჩივარში მოპასუხე ამ გარემოებაზე საერთოდ არ უთითებს, კერძოდ, იგი არ ედავება ორივე ინსტანციის სასამართლოს მიერ გაკეთებულ დასკვნას იმის შესახებ, რომ, სსკ-ის 56-ე მუხლის მიხედვით, 04.11.2015 წლის ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობის საფუძველი არ არსებობს. ამდენად, მოპასუხეს თანასაკუთრებიდან გამომდინარე მფლობელობა სადავო ბინაზე აღარ გააჩნია, მფლობელობის სხვა საფუძველზე კი, იგი ვერ უთითებს, შესაბამისად, მოპასუხე ვალდებულია სადავო ბინა დაუბრუნოს მოსარჩელეს.

24. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სსსკ-ის 391-ე მუხლის მიხედვით, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი დაუშვას მოპასუხის საკასაციო საჩივარი, რის გამოც საკასაციო საჩივარს უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

25. სსსკ-ის 401.4 მუხლის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. მოცემულ შემთხვევაში, კასატორს უნდა დაუბრუნდეს მის საკასაციო საჩივარზე ს. კ-ას (პ/ნ …..) მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის (300.00 ლარის, საგადახდო დავალება #1, გადახდის თარიღი 06.01.2017) 70% – 210.00 ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 372-ე, 264.3-ე, 391-ე მუხლებით, 401-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ნ. მ-ის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;

2. კასატორ ნ. მ-ს დაუბრუნდეს მის საკასაციო საჩივარზე ს. კ-ას (პ/ნ …..) მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის (300.00 ლარის, საგადახდო დავალება #1, გადახდის თარიღი 06.01.2017) 70% – 210.00 ლარი;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე პ. ქათამაძე

მოსამართლეები: ბ. ალავიძე

ზ.ძლიერიშვილი