ას-166-162-2016-ხ-ი 2 აგვისტო, 2016 წელი,
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა/მოსამართლეები:
მზია თოდუა (თავმჯდომარე),
პაატა ქათამაძე (მომხსენებელი),
ეკატერინე გასიტაშვილი
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე
კასატორი (მოსარჩელე) – ვ. ხ-ი
კასატორის წარმომადგენელი - ნ. მ-ა (მეურვე)
მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) – ზ. ყ-ი
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 11 დეკემბრის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნება
დავის საგანი – ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობა, ზიანის ანაზღაურება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. ვ. ხ-სა (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც გამყიდველი, მოსარჩელე ან კასატორი) და ზ. ყ-ს (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც მოპასუხე) შორის 2011 წლის 9 ივნისს დაიდო უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულება გამოსყიდვის უფლებით, რომლის მონაცემებია: მდებარე ქ. თბილისში, პირველ საშუალო სკოლასა და შ-ოს ქუჩას შორის, ნაკვეთი ..., კომერციული საოფისე ფართი №3 (მშენებარე), სადარბაზო 1, დუპლექსი I და II სართული. ნასყიდობის საგნის ღირებულება 78 000 აშშ დოლარით განისაზღვრა (საქართველოს სამოქალაქო კოდექსის, შემდეგში სსკ-ის, 477-ე მუხლი).
2. ნასყიდობის ხელშეკრულების 8.1. პუნქტის მიხედვით, გამოსყიდვის ბოლო ვადა 2011 წლის 8 დეკემბერი იყო. გამყიდველს ნივთი უნდა გამოესყიდა თავდაპირველ ფასად (სსკ-ს 509-510-ე მუხლები).
3. განსახილველი დავის დაწყებამდე, მოსარჩელემ ორჯერ აღძრა სარჩელი სხვადასხვა საფუძვლით:
3.1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 19 ნოემბრის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით, არ დაკმაყოფილდა მოსარჩელის მოთხოვნა, გამოსყიდვის ფასის, 78 000 აშშ დოლარის, გადახდის გამო, ნასყიდობის საგნის უკან დაბრუნების თაობაზე;
3.2. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 16 აპრილის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით, ასევე არ დაკმაყოფილდა მოსარჩელის მოთხოვნა ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობის შესახებ. მოსარჩელე სადავო გარიგების ბათილად ცნობის საფუძვლად გარიგების თვალთმაქცურ ხასიათზე მიუთითებდა. სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძვლად კი, სასამართლომ იმ გარემოებაზე გაამახვილა ყურადღება, რომ 2012 წლის 19 ნოემბრის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით იყო განსაზღვრული მხარეთა შორის არსებული ურთიერთობის სამართლებრივი ხასიათი და მისი ნამდვილობა.
4. 2014 წლის 3 დეკემბერს მოსარჩელის დედამ - ნ. მ-ამ (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც მოსარჩელის მეურვე, აპელანტის მეურვე, კასატორის მეურვე) მოპასუხის წინააღმდეგ აღძრა სარჩელი. მან 2011 წლის 9 ივნისის ხელშეკრულების ბათილად ცნობა, მოპასუხისათვის, მოსარჩელის სასარგებლოდ, 400 000 აშშ დოლარისა და 2011 წლის 9 ივნისიდან 400 000 აშშ დოლარის გადახდამდე, ყოველთვიურად 5000 აშშ დოლარის დაკისრება მოითხოვა.
5. მოსარჩელემ შემდეგ გარემოებებზე მიუთითა:
5.1. 2014 წლის 2 აპრილს, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის გადაწყვეტილებით, მისი შვილი აღიარებულ იქნა ქმედუუნაროდ და სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს დიდუბე-ჩუღურეთის სოციალური მომსახურების ცენტრის გადაწყვეტილებით, მის მეურვედ დაინიშნა დედა (სსკ-ის 12771 მუხლი);
5.2. 2011 წლის 9 ივნისს სამეურვეო პირსა და მოპასუხეს შორის, ქ. თბილისში, პირველ საშუალო სკოლასა და შ-ოს ქუჩებს შორის მდებარე 90.60 კვ.მ. საოფისე ფართზე გაფორმდა ნასყიდობის ხელშეკრულება გამოსყიდვის უფლებით. ხელშეკრულება ბათილია, რადგან მასზე არსებული ხელმოწერა არ ეკუთვნის ქონების გამყიდველს (იმჟამინდელ მესაკუთრეს), იგი შესრულებულია სხვა პირის მიერ. ამასთან, სადავო ხელშეკრულების გაფორმებისას, მესაკუთრე იყო ქმედუუნარო. აქედან გამომდინარე, მას არ შეეძლო, გაეცნობიერებინა თავისი მოქმედების მნიშვნელობა.
6. მოპასუხემ მოთხოვნის გამომრიცხველი შესაგებლით სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ სადავო ნასყიდობის ხელშეკრულება სანოტარო ბიუროში გაფორმდა, ნოტარიუსმა ხელშეკრულებაზე ხელმომწერი პირების ვინაობა დაადგინა პირადობის მოწმობების საფუძველზე, ასევე - მათი ქმედუნარიანობა და ხელშეკრულებაზე მხარეებმა ხელი მოაწერეს ნოტარიუსის თანდასწრებით. ამასთან, სადავო ნასყიდობის ხელშეკრულებასთან დაკავშირებით, მხარეებს შორის 2012 წლიდან მიმდინარეობდა დავები და, მათი განხილვისას, მოსარჩელეს სადავოდ არ გაუხდია ხელშეკრულების ნამდვილობა ქმედუუნარობის მოტივით. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2012 წლის 19 ნოემბრისა და 2013 წლის 16 აპრილის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებებით, დადგენილია არა მარტო სადავო ნასყიდობის ხელშეკრულების ნამდვილობა, არამედ ამ ხელშეკრულების საფუძველზე მყიდველისაგან ნასყიდობის საფასურის მიღების ფაქტიც.
7. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 17 ივლისის გადაწყვეტილებით სარჩელი უარყოფილ იქნა.
8. თბილისის საქალაქო სასამართლომ დადგენილად ცნო განჩინების 1-5 პუნქტებში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები და დაასკვნა შემდეგი: კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებებით დადგენილია სადავო ხელშეკრულების ნამდვილობა. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის, შემდეგში სსსკ-ის, 266-ე მუხლის თანახმად, გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ მხარეებს, აგრეთვე, მათ უფლებამონაცვლეებს, არ შეუძლიათ ხელახლა განაცხადონ სასამართლოში იგივე სასარჩელო მოთხოვნები იმავე საფუძველზე, აგრეთვე, სადავო გახადონ სხვა პროცესში გადაწყვეტილებით დადგენილი ფაქტები და სამართლებრივი ურთიერთობანი. აღნიშნულის გათვალისწინებით, სასამართლომ არ შეაფასა საქმეში წარმოდგენილი ის მტკიცებულებები, რომლებიც უკავშირდებოდა ხელშეკრულებაზე გამყიდველის ხელმოწერის ნამდვილობას და სადავო გარიგების დადების დროისათვის გამყიდველის ჯანმრთელობას.
9. საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელის მეურვემ შემდეგი საფუძვლებით:
9.1. საქმეში წარმოდგენილია სასამართლო ფსიქიატრიული ექსპერტიზის დასკვნა, რომლის მიხედვითაც დასტურდება, რომ ნასყიდობის ხელშეკრულების დადების დროს (2011 წლის 9 ივნისს) აპელანტს, როგორც ქმედუუნაროს, არ შეეძლო, ანგარიში გაეწია თავისი მოქმედებისათვის. ამის საფუძველზე, სასამართლოს ბათილად უნდა ეცნო 2011 წლის 9 ივნისის ნასყიდობის ხელშეკრულება. ეს მტკიცებულება სასამართლომ არ შეაფასა;
9.2. სასამართლო პროცესის დამთავრების შემდეგ, როდესაც მოსარჩელე საფუძვლიანად გაეცნო კრიმინალური ექსპერტიზის დეპარტამენტის დასკვნას, აღმოაჩინა, რომ სისხლის სამართლის საქმეზე ჩატარებული გრაფიკული ექსპერტიზით, გამოკვლეული იყო ხელმოწერა არა სადავო ნასყიდობის ხელშეკრულებაზე, არამედ იმ დოკუმენტებზე, რომლებზედაც ხელი აქვს მოწერილი პირადად მოსარჩელეს, გამოძიებას კი უნდა ჩაეტარებინა 2011 წლის 9 ივნისის ხელშეკრულებაზე არსებული ხელმოწერის ექსპერტიზა. ყოველივე ეს სასამართლომ არ გაითვალისწინა და უსაფუძვლოდ არ დააკმაყოფილა მოსარჩელის შუამდგომლობა ალტერნატიული გრაფიკული ექსპერტიზის დანიშვნის შესახებ.
10. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 11 დეკემბრის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება.
11. სააპელაციო სასამართლომ სრულად გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები და სამართლებრივი შეფასებები, ამასთან, უარყო აპელანტის პრეტენზიები შემდეგი დასაბუთებით:
11.1. პალატამ აპელანტის ის მტკიცება, რომ სადავო ხელშეკრულება გაყალბებული იყო და მას ხელს აწერდა სხვა პირი, არ გაიზიარა. ჩატარებული გრაფიკული ექსპერტიზის დასკვნის საფუძველზე, პალატამ დაასკვნა, რომ 2011 წლის 9 ივნისით დათარიღებულ უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულებაზე გრაფაში - ,,გამყიდველი“- ხელმოწერა შესრულებული იყო მოსარჩელის მიერ (ტ. I, ს.ფ. 229). პალატა არ დაეთანხმა აპელანტს, იმაში, რომ სანოტარო წესით დამოწმებული ხელშეკრულების გაფორმებისას, მოსარჩელეს არ ჰქონდა რეალური ვითარების სწორად აღქმის უნარი, ვერ აცნობიერებდა, რას აკეთებდა და არ შეეძლო შეეგნო თავისი მოქმედების მნიშვნელობა;
11.2. გარდა ზემოაღნიშნულისა, სააპელაციო სასამართლომ ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზეც, რომ სადავო გარიგების ბათილად ცნობის თაობაზე მიმდინარეობდა არაერთი სასამართლო დავა. დავების განხილვისას, მხარე არ მიუთითებდა მის მიერ გამოვლენილი ნების ნაკლზე, არც იმ გარემოებაზე, რომ გარიგებაზე ხელმოწერა არ ეკუთვნოდა მას. პირიქით, ეს უკანასკნელი მოითხოვდა ხელშეკრულებიდან გამომდინარე, გამოსყიდვის უფლების მისთვის მინიჭებას.
12. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა აპელანტის მეურვემ. მან გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის ხელახალი განხილვის მიზნით უკან დაბრუნება მოითხოვა შემდეგი საფუძვლებით:
12.1. სასამართლომ სათანადოდ არ შეაფასა გარიგების დადების დროს მოსარჩელის ქმედუუნარობის საკითხი, რომელიც დასტურდებოდა ექსპერტიზის დასკვნით. დასკვნის მიხედვით, დაავადების სპეციფიკიდან გამომდინარე, ხელშეკრულების დადების მომენტისთვის, მოსარჩელეს არ შეეძლო, ანგარიში გაეწია საკუთარი ქმედებისთვის. სამეურვეო პირი დაავადებულია ფსიქიკური აშლილობით, რაც გამოწვეულია თავის ქალის ქერქისა და ტვინის უჯრედების დაზიანებით. ამ მიზეზით, ის ცნობილ იქნა ქმედუუნაროდ და დაენიშნა მეურვე;
12.2. ნასყიდობის ხელშეკრულება არ შეიცავს მითითებას, რომ ნივთის მესაკუთრეს თანხა გადაუხადეს. საქმეში წარმოდგენილი ხელწერილი, რომ თითქოს გამყიდველმა თანხა მიიღო, დაუშვებელი მტკიცებულებაა, რადგანაც ხელწერილი არა არის დამოწმებული სანოტარო წესით; თავად ხელშეკრულებაც შედგენილია თაღლითურად, ქონების მითვისების მიზნით, რაც ასევე უტყუარად დასტურდებოდა.
13. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 21 აპრილის განჩინებით, საკასაციო საჩივარი დასაშვებად იქნა ცნობილი სსსკ-ის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტების საფუძველზე.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
14. საქმის მასალების გაცნობა, შესწავლა და ანალიზი, ასევე, მიღებული გადაწყვეტილების იურიდიული დასაბუთებულობისა და საკასაციო საჩივრის მოტივების შემოწმება, საკასაციო სასამართლოს შესაძლებლობას აძლევს, გამოიტანოს დასკვნა გასაჩივრებული განჩინების გაუქმებისა და, საქმის ხელახალი განხილვის მიზნით, იმავე სასამართლოსათვის დაბრუნების თაობაზე.
15. სსსკ-ის 404-ე მუხლის პირველი ნაწილით, საკასაციო სასამართლო გადაწყვეტილებას ამოწმებს საკასაციო საჩივრის ფარგლებში, ამავე კოდექსის 407-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, საკასაციო სასამართლო იმსჯელებს მხოლოდ იმ ახსნა-განმარტებაზე, რომელიც ასახულია სასამართლო გადაწყვეტილებებსა და სხდომის ოქმებში. გარდა ამისა, შეიძლება მხედველობაში იქნეს მიღებული ამ კოდექსის 396-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტში მითითებული ფაქტები; ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).
16. სააპელაციო სასამართლომ ყოველმხრივად, სრულად და ობიექტურად არ გამოიკვლია და სათანადოდ არ შეაფასა მტკიცების საგანში შემავალი, ანუ საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა ფაქტი {სსსკ-ის 105-ე მუხლის მეორე ნაწილი}, ამის შედეგად საკმარისი არგუმენტაციის გარეშე იქნა უარყოფილი სააპელაციო საჩივარი და არ იქნა გაზიარებული მოსარჩელის პრეტენზიები, სახელდობრ:
16.1 განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელის ინტერესს 2011 წლის 9 ივნისის ხელშეკრულების ბათილობიდან გამომდინარე, მოპასუხისათვის, მოსარჩელის სასარგებლოდ, 400 000 აშშ დოლარისა და 2011 წლის 9 ივნისიდან 400 000 აშშ დოლარის გადახდამდე, ყოველთვიურად 5000 აშშ დოლარის დაკისრება წარმოადგენდა. სასამართლოს, უპირველეს ყოვლისა, უნდა განესაზღვრა ამ მოთხოვნების მატერიალურსამართლებრივი საფუძვლები და მისი ფაქტობრივი დასაბუთებულობა ამის შემდეგ შეემოწმებინა. მხედველობაშია სსკ-ის 976-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, 979-ე მუხლის მეორე ნაწილითა და 981-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით გათვალისწინებული სამართლებრივი წანამძღვრები, კერძოდ:
16.1.1. 2011 წლის 9 ივნისის ხელშეკრულების დადების დროს, მოსარჩელის მიერ გამოვლენილი ნება იყო თუ არა ნამდვილი, ანუ შეეძლო თუ არა მას რეალური ვითარება სწორად აღექვა და ეკონტროლებინა საკუთარი მოქმედებები, შესაბამისად, ხომ არ არსებობდა სსკ-ის 58-ე მუხლის მესამე ნაწილით გათვალისწინებული გარიგების ბათილობის საფუძველი. სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებით, საქმის მასალებით არ დასტურდებოდა ის გარემოება, რომ 09.06.2011 წლის სანოტარო წესით დამოწმებული ხელშეკრულების გაფორმებისას, მოსარჩელეს არ ჰქონდა რეალური ვითარების სწორად აღქმის უნარი, ვერ აცნობიერებდა, რას აკეთებდა და არ შეეძლო შეეგნო თავისი მოქმედების მნიშვნელობა. სააპელაციო პალატამ აღნიშნული დასკვნა ისე გამოიტანა, რომ სათანადოდ არ შეაფასა საქმეში არსებული სასამართლო ფსიქიატრიული ექსპერტიზის კატეგორიული დასკვნა, რომლის მიხედვითაც, გარიგების დადების დროს, მოსარჩელეს არ შეეძლო ანგარიში გაეწია თავისი ქმედებებისათვის. მართალია, სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა (სსსკ-ის 105-ე მუხლის პირველი ნაწილი), მაგრამ სასამართლო ვალდებული იყო, ექსპერტიზის დასკვნა არგუმენტირებულად, სათანადო და დასაშვები მტკიცებულებების მოშველიებით უარეყო. („მტკიცებულებათა სახეები, რომელიც შეიძლება გამოიყენოს სასამართლომ საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების დასადგენად, ამომწურავადაა განსაზღვრული სსკ-ის 102-ე მუხლის მე-2 ნაწილით. არცერთ მტკიცებულებას არ გააჩნია რაიმე უპირატესობა სხვა მტკიცებულებასთან შედარებით, აგრეთვე, არცერთ მტკიცებულებას არა აქვს, წინასწარ დადგენილი ძალა სასამართლოსათვის, რაც იმას ნიშნავს, რომ ამა თუ იმ მტკიცებულების მნიშვნელობა წინასწარ არ არის განსაზღვრული და მისი ძალა და მნიშვნელობა სასამართლოს შეფასებაზეა დამოკიდებული. მტკიცებულებათა შეფასების დროს მხარეებს უფლება აქვთ, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მტკიცებულებების სარწმუნოობა. მათი უტყუარობისა თუ სიყალბის შესახებ მოსაზრებები შეიძლება გამოთქვან არა მარტო მხარეებმა, არამედ მესამე პირებმა, აგრეთვე, სპეციალისტებმა და ექსპერტებმა, თუ ისინი მონაწილეობენ პროცესში. საბოლოოდ კი, წარმოდგენილ მტკიცებულებებს აფასებს სასამართლო. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 162-ე მუხლის შინაარსიდან გამომდინარე ექსპერტის დასკვნა სპეციალური ცოდნით აღჭურვილი პირის მიერ მოკვლეული საკითხის ირგვლივ გაკეთებული შეფასებაა. ექსპერტის დასკვნის შეფასებისას (იმდენად, რამდენადაც დასკვნა სპეციალური ცოდნით აღჭურვილი პირის კომპეტენციას ეფუძნება), ყურადღება უნდა მიექცეს რამდენიმე გარემოებას, მათ შორის: გამოსაკვლევად მიწოდებულ მასალას, მის კვლევით ნაწილს, რადგან სწორედ კვლევითი ნაწილის შედეგი აისახება საბოლოო დასკვნაში“... იხ. საქმე #ას459-438-15, 07.10.2015 წელი);
16.1.2. სააპელაციო პალატა, ექსპერტიზის დასკვნის შეფასებისას, დაეყრდნო სადავო გარიგების ნამდვილობასთან დაკავშირებით ადრე გამოტანილ კანონიერ ძალაში შესულ სასამართლო გადაწყვეტილებებით დადგენილ ფაქტებს (იხ. წინამდებარე განჩინების პ.3), რაც არასწორია. სსსკ-ის 266-ე მუხლის სააპელაციო სასამართლოსეული განმარტება ეწინააღმდეგება ამ ნორმის უზენაესი სასამართლოს განმარტებებს, რომლის მიხედვით, პრეიუდიციული ძალის მქონე არ არის გადაწყვეტილების/განჩინების სამოტივაციო ნაწილით დადგენილი ყველა გარემოება, ასევე, პრეიუდიციული ძალა არ ვრცელდება ამ ფაქტების სამართლებრივ შეფასებაზე. ეს საკითხი უნდა განისაზღვროს იმის მიხედვით, თუ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილში მითითებული, სასამართლოს მიერ დადგენილი რომელი ფაქტები ამართლებს სარეზოლუციო ნაწილში ჩამოყალიბებულ დასკვნებს. „გადაწყვეტილების კანონიერ ძალას გააჩნია კანონით განსაზღვრული სუბიექტური და ობიექტური ფარგლები, რომელიც აზუსტებს გადაწყვეტილების მოქმედების საზღვრებს. გადაწყვეტილების კანონიერი ძალა ვრცელდება საქმის განხილვაში მონაწილე პირთა წრეზე (სუბიექტური ფარგლები) და გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილზე (ობიექტური ფარგლები). შესაბამისად, გასაჩივრებას ექვემდებარება გადაწყვეტილება, თუ სადავოა მისი სარეზოლუციო ნაწილით და არა აღწერილობითი ან სამოტივაციო ნაწილით დადგენილი ფაქტი“ (იხ. სუსგ # ას 341-326-16, 21,10.16, ას-710-2011-09, 07.09.2009წ.). „წინასწარ დადგენილი ძალის მქონე ფაქტებად კანონმდებელი განიხილავს კანონიერ ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილებით დადგენილ ფაქტებს და მხარეს მათ დასადასტურებლად მტკიცებულებათა წარდგენის ვალდებულებისაგან ათავისუფლებს იმ შემთხვევაში, თუ სამოქალაქო საქმის განხილვისას იგივე მხარეები მონაწილეობენ, ანუ პრეიუდიციული ძალის მქონედ ფაქტობრივი გარემოების მიჩნევისათვის, სავალდებულოა არსებობდეს სამოქალაქო საქმეზე მიღებული, კანონიერ ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილება და ამ გადაწყვეტილების სუბიექტები სხვა სამოქალაქო საქმის მხარეებად უნდა გვევლინებოდნენ. თავად პრეიუდიციულ ფაქტებში იგულისხმება ისეთი ფაქტობრივი გარემოებები, რომლებითაც განსაზღვრულია მხარეთა მატერიალურსამართლებრივი ურთიერთობით გათვალისწინებული უფლებები და ვალდებულებები, რაც საფუძვლად დაედო გადაწყვეტილების გამოტანას. პრეიუდიციულობის შემოწმების დროს მნიშვნელობა ენიჭება როგორც იმ პროცესუალურსამართლებრივ კრიტერიუმებს, რომლითაც განისაზღვრება კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების ფორმალური მოთხოვნები, ასევე, ამ გადაწყვეტილებით დადგენილ ფაქტობრივი გარემოების შინაარსს“ (იხ. სუსგ ას-824-790-16, 23.12.16).
17. განსახილველ შემთხვევაში, არც 2012 წლის 19 ნოემბრისა და არც 2013 წლის 16 აპრილის გადაწყვეტილებით არ ყოფილა დადგენილი სსკ-ის 976-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, 979-ე მუხლის მეორე ნაწილითა და 981-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით გათვალისწინებული სამართლებრივი წანამძღვრები, შესაბამისად, ზემოაღნიშნული ნორმებიდან გამომდინარე, მხარეთა მატერიალურსამართლებრივი ურთიერთობით გათვალისწინებული უფლებები და ვალდებულებები არ განსაზღვრულა, რაც საფუძვლად შეიძლებოდა, დასდებოდა გადაწყვეტილების გამოტანას.
18. ამრიგად, საქმის ხელახალი განხილვის დროს, სააპელაციო საჩივრის ფარგლებში უნდა დადგინდეს: 2011 წლის 9 ივნისის ხელშეკრულების დადების დროს, მოსარჩელის მიერ გამოვლენილი ნება იყო თუ არა ნამდვილი, ანუ შეეძლო თუ არა მას, რეალური ვითარება სწორად აღექვა და ეკონტროლებინა საკუთარი ქმედებები, შესაბამისად, ხომ არ არსებობდა სსკ-ის 58-ე მუხლის მესამე ნაწილით გათვალისწინებული გარიგების ბათილობის საფუძველი მისგან გამომდინარე სამართლებრივი შედეგებით. სასამართლომ ყოველმხრივ, სრულად და ობიექტურად უნდა გამოიკვლიოს საქმის გარემოებები და მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის სწორად განაწილებით უნდა გამოიტანოს შესაბამისი სამართლებრივი დასკვნები.
19. სსსკ-ის 412-ე მუხლის თანახმად, საკასაციო სასამართლო აუქმებს გადაწყვეტილებას და საქმეს ხელახლა განსახილველად აბრუნებს სააპელაციო სასამართლოში, თუ: ა)საქმის გარემოებები საპროცესო ნორმების ისეთი დარღვევითაა დადგენილი, რომ ამ დარღვევების შედეგად, საქმეზე არასწორი გადაწყვეტილება იქნა გამოტანილი და საჭიროა მტკიცებულებათა დამატებითი გამოკვლევა; ბ)არსებობს ამ კოდექსის 394-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლები, გარდა აღნიშნული მუხლის „გ“ და „ე“ ქვეპუნქტებისა. ამავე კოდექსის 394-ე მუხლის „ე1“ ქვეპუნქტის თანახმად, გადაწყვეტილება ყოველთვის ჩაითვლება კანონის დარღვევით მიღებულად, თუ გადაწყვეტილების დასაბუთება იმდენად არასრულია, რომ მისი სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმება შეუძლებელია. მოცემული ნორმების ანალიზისა და წინამდებარე განჩინებაში ჩამოყალიბებული დასაბუთების გათვალისწინებით, საკასაციო პალატა მოკლებულია შესაძლებლობას, შეამოწმოს გასაჩივრებული განჩინების კანონიერება, ვიდრე საქმეზე არ დადგინდება დავის გადაწყვეტისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება.
20. კასატორი სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლებულია.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 372-ე, 264.3-ე, 408.3-ე, 412-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ვ. ხ-ის საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს;
2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 11 დეკემბრის განჩინება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ. თოდუა
მოსამართლეები: პ. ქათამაძე
ე. გასიტაშვილი