Facebook Twitter

№ას-616-586-2013 24 დეკემბერი, 2015 წელი.

ას-616-586-2013-ქ. ა-ი ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა/მოსამართლეები:

მზია თოდუა (თავმჯდომარე),

პაატა ქათამაძე (მომხსენებელი),

ეკატერინე გასიტაშვილი

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე

კასატორი – შპს „ქ. ა-ი“ (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე – სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო (მოპასუხე)

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 7 მაისის გადაწყვეტილება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება

დავის საგანი – ზიანის ანაზღაურება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. შპს „სახელმწიფო უზრუნველყოფას“ (შემდეგში: შემკვეთი, საწარმო, კომპანია) და შპს „ქ. ა-ს“ (შემდეგში: შემსრულებელი, მენარდე, მოსარჩელე ან კასატორი) შორის 2010 წლის 1 თებერვალს დაიდო სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულება, რომლის საგანს შემკვეთისათვის ა-ორული მომსახურების გაწევა წარმოადგენდა (საქართველოს სამოქალაქო კოდექსის, შემდეგში სსკ-ის 629-ე მუხლის პირველი ნაწილი).

2. ხელშეკრულების მიხედვით, გაწეული მომსახურების ანაზღაურება მოხდებოდა დღგ-ს ანგარიშფაქტურის წარდგენისა და შესრულებული სამუშაოს მიღება-ჩაბარების აქტის საფუძველზე. ხელშეკრულების 7.2.1 პუნქტის მიხედვით, შემკვეთი ვალდებულებას კისრულობდა, მენარდის (შემსრულებლის) მიერ შესრულებული სამუშაო მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან არა უგვიანეს 30 საბანკო დღის განმავლობაში აენაზღაურებინა.

3. ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების ვადაში შესრულებას უზრუნველყოფდა პირგასამტეხლო, რომლის ოდენობა ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 0.01%-ით განისაზღვრა (სსკ-ს 417-418-ე მუხლები).

4. 2010 წლის 20 ივლისს მხარეთა შორის გაფორმდა მიღება-ჩაბარების აქტი. ამ აქტის თანახმად, მენარდემ შემკვეთის დავალებით შეასრულა აუდიტორული მომსახურება (კომპანიის 2009 წლის ფინანსური ანგარიშგების ა-ი), რომლის საფასური მხარეებმა თავდაპირველად 30 000 ლარით, ხოლო მოგვიანებით 12 000 ლარით განსაზღვრეს.

5. შემკვეთმა არ შეასრულა მენარდის წინაშე ნაკისრი ვალდებულება და მენარდეს შეთანხმებული 12 000 ლარი არ გადაუხადა.

6. შემკვეთის (კომპანიის) 100%-იანი წილის მესაკუთრე სახელმწიფო იყო. დამფუძნებლის 2012 წლის 10 ოქტომბრის გადაწყვეტილების საფუძველზე დაიწყო კომპანიის ლიკვიდაციის პროცესი, რომელიც იმავე წლის 15 ოქტომბერს (5 დღეში!) დასრულდა და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გადაწყვეტილებით საწარმოს რეგისტრაცია გაუქმდა.

7. კომპანიის ლიკვიდაციის შემდეგ დარჩენილი ქონება: 67 996 ლარი, 12 702 443 ლარის ღირებულების უძრავ-მოძრავი ქონება და 13 672 072.68 ლარის დებიტორული დავალიანების მოთხოვნის უფლება სახელმწიფოს გადაეცა.

8. 2012 წლის 17 ოქტომბერს მენარდემ სარჩელი აღძრა სსიპ „სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს“ (შემდეგში: მოპასუხე) წინააღმდეგ გაწეული მომსახურების საფასურის ძირითადი დავალიანების - 12 000 ლარის, აგრეთვე, 2010 წლის 20 აგვისტოდან 2012 წლის 10 ოქტომბრის ჩათვლით პირგასამტეხლოს - 940 ლარის დაკისრების მოთხოვნით.

9. მოპასუხემ სარჩელი არ ცნო. მან მოთხოვნის გამომრიცხველ შესაგებელში მიუთითა, რომ იურიდიული პირის უფლებაუნარიანობა წარმოიშობა მისი რეგისტრაციის მომენტიდან და წყდება მისი ლიკვიდაციის დასრულების ფაქტის რეგისტრაციის მომენტიდან. მოპასუხის მოსაზრებით, მოსარჩელეს თავისი უფლების რეალიზაცია იურიდიული პირის ლიკვიდაციის პროცესში უნდა მოეხდინა, რაც არ განუხორციელებია. ამასთან, შემკვეთის 2012 წლის 9 ოქტომბრის წერილით დასტურდება, რომ მას მოსარჩელის მიმართ დავალიანება არ ერიცხება.

10. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 24 დეკემბრის გადაწყვეტილებით: სარჩელი დაკმაყოფილდა; მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 12 940 ლარის გადახდა. სასამართლომ დავის მოსაწესრიგებლად გამოიყენა სსკ-ის 24-ე, 25-ე, 316-ე, 317-ე, 361-ე, 417-ე, 418-ე მუხლები, აგრეთვე, „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის (შემდეგში: მეწარმეთა კანონი) მე-14 და 44-ე მუხლები და მიიჩნია, რომ მოპასუხემ ვერ დაადასტურა ვალდებულების შესრულების ფაქტი.

11. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის უარყოფა მოითხოვა.

12. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 7 მაისის გადაწყვეტილებით: მოპასუხის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა; გასაჩივრებული გადაწყვეტილება შეიცვალა და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

12.1 სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია წინამდებარე განჩინების 1-7 პუნქტებში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები. მან განმარტა, რომ ლიკვიდაცია არის იურიდიული პირის (საწარმოს) არსებობის შეწყვეტა, რომლის შედეგად, მისი უფლებები და მოვალეობები უფლებამონაცვლეობის წესით სხვა პირებზე არ გადადის („სახელმწიფოს ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს 50%-ზე მეტი წილობრივი მონაწილეობით არსებული საწარმოების ლიკვიდაციის წესის შესახებ დებულების“ პირველი მუხლის მე-2 პუნქტი). ამდენად, მოცემულ შემთხვევაში, შემსყიდველის ლიკვიდაციის ფაქტის დასრულებისთანავე, საწარმომ, როგორც ორგანიზებულმა წარმონაქმნმა, არსებობა შეწყვიტა და მას ვალდებულებებზე უფლებამონაცვლე არ დარჩენია (სსკ-ის 25.4 მუხლი). მეწარმეთა კანონის 3.4 და 44.1 მუხლებით განმტკიცებული შპს-ს პარტნიორის პასუხისმგებლობის შეზღუდვის მიზნიდან გამომდინარე, პარტნიორისათვის (კონკრეტულ შემთხვევაში, სახელმწიფო) საწარმოს მიერ ნაკისრი ვალდებულების ანაზღაურების დაკისრება დაუსაბუთებელია და საზოგადოების პარტნიორთა პასუხისმგებლობის შეზღუდვის პრინციპს ეწინააღმდეგება.

12.2. სააპელაციო სასამართლომ უსაფუძვლოდ მიიჩნია მოსარჩელის მოთხოვნა პირგასამტეხლოს დაკისრების ნაწილშიც. მან მიუთითა, რომ აქცესორული ბუნებიდან გამომდინარე (სსსკ-ის 153-ე მუხლის პირველი ნაწილი), პირგასამტეხლო არ შეიძლება, არსებობდეს ძირითადი უფლების გარეშე; შესაბამისად, ვინაიდან, ძირითადი თანხის დაკისრების საფუძველი არ არსებობდა, არც პირგასამტეხლოს დაკისრებას არ გააჩნდა სამართლებრივი საფუძველი.

12.3. სასამართლომ დავის მოსაწესრიგებლად გამოიყენა მეწარმეთა კანონის 14.5 და 14.9 მუხლები, ასევე, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2010 წლის 27 დეკემბრის #1-1/2044 ბრძანებით დამტკიცებული „სახელმწიფოს ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს 50%-ზე მეტი წილობრივი მონაწილეობით არსებული საწარმოების ლიკვიდაციის წესის შესახებ“ დებულების 3.6 და 3.9 პუნქტები.

13. გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება.

14. საკასაციო საჩივრის საფუძვლები:

14.1 ა-ორული მომსახურების ხელშეკრულების საფუძველზე მენარდეს შემკვეთისადმი 12 000 ლარის მოთხოვნის უფლება გააჩნდა. შემკვეთმა ვალდებულება არ შეასრულა. ის გარემოება, რომ ლიკვიდაციის პროცესში დაირღვა კანონის მოთხოვნები, არ შეიძლება გახდეს სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველი მაშინ, როდესაც მოთხოვნის უფლება და შესრულების ვალდებულება ცალსახაა. მოსარჩელემ სასამართლოს სარჩელით მიმართა ლიკვიდაციის დაწყების შეტყობისთანავე და ამით დაიცვა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2010 წლის 27 დეკემბრის #1-1/2044 ბრძანებით დამტკიცებული „სახელმწიფოს ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს 50%-ზე მეტი წილობრივი მონაწილეობით არსებული საწარმოების ლიკვიდაციის წესის შესახებ“ დებულების მე-3 მუხლის მე-9 პუნქტით გათვალისწინებული სამთვიანი ვადა. პარტნიორისათვის ქონების არასწორად გადაცემა არ უნდა გახდეს სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველი, ასეთ შემთხვევაში, ირღვევა კონსტიტუციითა და კანონით დადგენილი საკუთრების ფუნდამენტური უფლება.

15. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2015 წლის 11 მაისის განჩინებით საკასაციო საჩივარი დასაშვებად იქნა ცნობილი საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში სსსკ-ის) 391-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

16. საქმის მასალების გაცნობა, მათი შესწავლა და ანალიზი, ასევე, მხარეთა მოსაზრებების ზეპირი მოსმენით შემოწმება, საკასაციო სასამართლოს შესაძლებლობას აძლევს, გამოიტანოს დასკვნა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებისა და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილების თაობაზე.

17. სსსკ-ის 407-ე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებულ პრეტენზიაში იგულისხმება მითითება იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორმა სააპელაციო სასამართლოს მიერ მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენებისა და განმარტების კუთხით დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება) წარმოადგინა.

18. გაწეული მომსახურების საფასურის ძირითადი დავალიანების, 12 000 ლარის, აგრეთვე, 2010 წლის 20 აგვისტოდან 2012 წლის 10 ოქტომბრის ჩათვლით პირგასამტეხლოს - 940 ლარის მოპასუხისათვის დაკისრების მოთხოვნა მეწარმეთა კანონის 14.9-14.10, სსკ-ის 992-ე, 408.1 და 409-ე მუხლებიდან გამომდინარეობს. საკასაციო პალატა ამ ნორმებით გათვალისწინებული სამართლებრივი შედეგის განმაპირობებელ წინაპირობებს განხორციელებულად და, აქედან გამომდინარე, სარჩელს დასაბუთებულად მიიჩნევს, სახელდობრ:

19. ლიკვიდაციის პროცესის დაწყების დროისათვის კასატორს (მოსარჩელეს) კომპანიის მიმართ 12 940 ლარის ნამდვილი და ვადამოსული სახელშეკრულებო მოთხოვნა გააჩნდა, რომელიც მან, როგორც კრედიტორმა, ლიკვიდაციის პროცესის კანონის დარღვევით ჩატარების გამო ვერ დაიკმაყოფილა.

20. გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაში გამოტანილი დასკვნა, რომ „მეწარმეთა შესახებ“ კანონის 3.4 და 44.1 მუხლებით განმტკიცებული შპს-ს პარტნიორის პასუხისმგებლობის შეზღუდვის მიზნიდან გამომდინარე, პარტნიორისათვის (კონკრეტულ შემთხვევაში, სახელმწიფო) საწარმოს მიერ ნაკისრი ვალდებულების ანაზღაურების დაკისრება დაუშვებელია, რადაგანაც საზოგადოების პარტნიორთა პასუხისმგებლობის შეზღუდვის პრინციპს ეწინააღმდეგება, დაუსაბუთებელია. განსახილველ შემთხვევაში კომპანიის პარტნიორის - სახელწიფოს მიერ დანიშნული ლიკვიდატორი არაკეთილსინდისიერად მოქმედებდა, რასაც შედეგად მენარდისათვის ზიანის მიყენება მოჰყვა. ლიკვიდაციის პროცესი ისე დაიწყო და დამთავრდა 5 დღეში, რომ ამის შესახებ ამ უკანასკნელს კანონით დადგენილი წესით არ ეცნობა, რითაც დარღვეულია მეწარმეთა მე-14.4 მუხლის მოთხოვნები, რომლის მიხედვითაც: „საწარმოს ლიკვიდაციის პროცესის დაწყების რეგისტრაციის მოთხოვნასთან ერთად მარეგისტრირებელ ორგანოს უნდა წარედგინოს ინფორმაცია, რომელშიც მითითებული იქნება საწარმოს ყველა ცნობილი კრედიტორის დაკმაყოფილების ვადები. საწარმოს ლიკვიდაციის პროცესის დაწყების რეგისტრაციისთანავე საწარმოს პარტნიორებმა საწარმოს ყველა ცნობილ კრედიტორს უნდა გაუგზავნონ წერილობითი შეტყობინება ლიკვიდაციის პროცესის დაწყების შესახებ, რომელშიც უნდა აღინიშნოს კრედიტორთა დაკმაყოფილების ვადები“. ანალოგიურ რეგულაციებს ითვალისწინებდა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2010 წლის 27 დეკემბრის #1-1/2044 ბრძანებით დამტკიცებული „სახელმწიფოს/ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს 50%-ზე მეტი წილობრივი მონაწილეობით არსებული საწარმოების ლიკვიდაციის წესის შესახებ“დებულებაც (იხ. 2.4. მუხლი და მე-5 მუხლის „დ“ პუნქტი)

21. მოსარჩელესთან (კრედიტორთან) საბოლოო ანგარიშსწორების გარეშე, 2012 წლის 15 ოქტომბერს, ლიკვიდატორმა ლიკვიდაციის პროცესი დასრულებულად გამოაცხადა, რასაც შედეგად საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გადაწყვეტილებით საწარმოს რეგისტრაციის გაუქმება მოჰყვა. მან კომპანიის ლიკვიდაციის შემდეგ დარჩენილი ქონება (იხ. წინამდებარე გადაწყვეტილების პ.7) პარტნიორს, ანუ სახელმწიფოს, ისე გადასცა, რომ არ გაითვალისწინა კანონის მოთხოვნა ამ ქონების სამი თვის განმავლობაში საწარმოს იმ კრედიტორების სასარგებლოდ დეპონირების თაობაზე, რომლებმაც ვერ დაიკმაყოფილეს მოთხოვნები (იხ. მეწარმეთა კანონის მუხლი 9).

21. ამრიგად, მოპასუხის მიერ დანიშნული ლიკვიდატორის მართლსაწინააღმდეგო და ბრალეულ მოქმედებას მენარდის ქონებრივი უფლების შელახვა, ანუ ზიანი მოჰყვა. ამ ზიანისათვის პასუხისმგებლობა კი, მოპასუხეს ეკისრება სსკ-ის 396-ე („მოვალემ თავისი კანონიერი წარმომადგენლის და იმ პირთა მოქმედებისათვის, რომელთაც იგი იყენებს საკუთარ ვალდებულებათა შესასრულებლად, ისეთივე მოცულობით უნდა აგოს პასუხი, როგორც საკუთარი ბრალეული მოქმედების დროს“)

992-ე, 408-ე მუხლის პირველი ნაწილისა და 409-ე მუხლების საფუძველზე იმის გათვალისწინებით, რომ მოთხოვნა ნამდვილია და მენარდემ სარჩელი წინამდებარე გადაწყვეტილების პ.20-ში მითითებულ სამთვიან ვადაში წარადგინა.

22. სსსკ-ის 411-ე მუხლის თანახმად, საკასაციო სასამართლო თვითონ მიიღებს გადაწყვეტილებას საქმეზე, თუ არ არსებობს ამ კოდექსის 412-ე მუხლით გათვალისწინებული გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის სააპელაციო სასამართლოში განსახილველად დაბრუნების საფუძვლები. მოცემულ შემთხვევაში საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ ფაქტობრივი გარემოებები სამართლებრივად სწორად არ შეაფასა, რამაც განაპირობა საქმეზე არასწორი გადაწყვეტილების მიღება.

23. სსსკ-ის 53-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ამ მუხლში აღნიშნული წესები შეეხება, აგრეთვე, სასამართლო ხარჯების განაწილებას, რომლებიც გაიღეს მხარეებმა საქმის სააპელაციო და საკასაციო ინსტანციებში წარმოებისას, ხოლო, ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ სააპელაციო ან საკასაციო სასამართლო შეცვლის გადაწყვეტილებას ან გამოიტანს ახალ გადაწყვეტილებას, შესაბამისად, შეცვლის სასამართლო ხარჯების განაწილებასაც.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 372-ე, მე-8, მე-7 მუხლებით, 257-ე მუხლის პირველი ნაწილით, 408-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 411-ე მუხლით და

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

1. შპს „ქ. ა-ის“ საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს;

2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 7 მაისის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება;

3. შპს „ქ. ა-ის“ სარჩელი დაკმაყოფილდეს;

4. სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს, შპს „ქ. ა-ის“ სასარგებლოდ, დაეკისროს 12 940.00 ლარის გადახდა;

5. სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს, შპს „ქ. ა-ის“ სასარგებლოდ, დაეკისროს ამ უკანასკნელის მიერ სარჩელზე და საკასაციო საჩივარზე გაღებული სახელმწიფო ბაჟის – 1035.19 ლარის გადახდა;

6. საკასაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. თოდუა

მოსამართლეები: პ. ქათამაძე

ე. გასიტაშვილი