#ვ-176-ბ-3-2017 5 აპრილი, 2017 წელი
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლე: პაატა ქათამაძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე
განმცხადებელი – თ. ჩ-ე
მოწინააღმდეგე მხარე – მ. გ-ე
გასაჩივრებული გადაწყვეტილება - ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006 წლის 13 ივლისის გადაწყვეტილება
განმცხადებლის მოთოვნა - საქმის წარმოების განახლება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2002 წლის 23 აპრილის გადაწყვეტილებით თ. ჩ-ის (შემდეგში მოსარჩელის) სარჩელი მ. გ-ისათვის (შემდეგში მოპასუხისათვის) 30 000 აშშ დოლარის დაკისრების შესახებ არ დაკმაყოფილდა.
2. დასახელებული გადაწყვეტილება მოსარჩელემ გაასაჩივრა სააპელაციო წესით.
3. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2003 წლის 22 აპრილის განჩინებით სააპელაციო საჩივარზე შეწყდა საქმის წარმოება, აპელანტის მიერ სააპელაციო საჩივარზე უარის თქმის გამო.
4. 2004 წლის 14 ივნისს მოსარჩელემ განცხადებით მიმართა სააპელაციო სასამართლოს ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების მოთხოვნით.
5. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2005 წლის 18 თებერვლის განჩინებით განცხადება დაკმაყოფილდა და ამ უკანასკნელის სააპელაციო საჩივარზე საქმის წარმოება განახლდა.
6. აჭარის ა/რ-ის უმაღლესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2005 წლის 8 ივლისის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა მოსარჩელის და შ. ქ-ს შუამდგომლობა, მოპასუხის გამოუცხადებლობის გამო მიღებულ იქნა დაუსწრებელი გადაწყვეტილება, რომლითაც დაკმაყოფილდა სააპელაციო საჩივარი, გაუქმდა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2002 წლის 23 აპრილის გადაწყვეტილება, მოპასუხეს შ. ქ-ს და მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 27450 აშშ დოლარის გადახდა.
7. დაუსწრებელ გადაწყვეტილებაზე საჩივარი შეიტანა მოპასუხის წარმომადგენელმა როლანდ ხალვაშმა, რომელმაც მოითხოვა მისი გაუქმება და საქმის წარმოების განახლება.
8. აჭარის ა/რ-ის უმაღლესი სასამართლოს ლიკვიდაციის გამო, მოცემული საქმე გადაეგზავნა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს.
9. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006 წლის 22 ივნისის განჩინებით მოპასუხის წარმომადგენლის საჩივარი დაკმაყოფილდა, გაუქმდა აჭარის ა/რ-ის უმაღლესი სასამართლოს 2005 წლის 8 ივლისის დაუსწრებელი გადაწყვეტილება და განახლდა საქმის წარმოება.
10. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006 წლის 13 ივლისის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით მოსარჩელის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2002 წლის 23 აპრილის გადაწყვეტილება.
11. სააპელაციო სასამართლოს დაუსწრებელი გადაწყვეტილება მოსარჩელემ გაასაჩივრა საჩივრით, მოითხოვა მისი გაუქმება და საქმის წარმოების განახლება.
12. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2008 წლის 09 იანვრის განმეორებითი დაუსწრებელი გადაწყვეტილებით მოსარჩელის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2002 წლის 23 აპრილის გადაწყვეტილება.
13. განმეორებით დაუსწრებელ გადაწყვეტილებაზე მოსარჩელემ შეიტანა საკასაციო საჩივარი.
14. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2008 წლის 4 ივნისის გადაწყვეტილებით მოსარჩელის საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, გაუქმდა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2008 წლის 09 იანვრის განმეორებითი დაუსწრებელი გადაწყვეტილება სახელმწიფო ბაჟის დაკისრების ნაწილში და ამ ნაწილში მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, თ. ჩ-ე გათავისუფლდა სახელმწიფო ბაჟის გადახდისგან, დანარჩენ ნაწილში განმეორებითი დაუსწრებელი გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად.
15. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006 წლის 22 ივნისის განჩინებაზე კერძო საჩივარი შეიტანეს მოსარჩელემ და შ. ქობულაძემ.
16. უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 4 ივნისის განჩინებით მოსარჩელის და შ. ქ-ს კერძო საჩივარი განუხილველად იქნა დატოვებული.
17. 2017 წლის 3 აპრილს საკასაციო სასამართლოს განცხადებით მომართა თ. ჩ-ემ და მოითხოვა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006 წლის 13 ივლისის დაუსწრებელი გადაწყვეტილების ბათილად ცნობა და საქმის წარმოების განახლება.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
18. საკასაციო სასამართლო განცხადების გაცნობის შედეგად მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი განცხადება განუხილველად უნდა დარჩეს, შემდეგ გარემოებათა გამო:
19. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 425-ე მუხლის თანახმად, გადაწყვეტილების ბათილად ცნობისა და ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ განცხადების შეტანა და მისი განხილვა წარმოებს საერთო წესების დაცვით, იმ გამონაკლისების გათვალისწინებით, რომლებიც ამ თავშია დადგენილი. ამავე კოდექსის 429-ე მუხლის თანახმად, სასამართლომ თავისი ინიაციტივით უნდა შეამოწმოს, დასაშვებია თუ არა განცხადება საქმის განახლების შესახებ. თუ არ არსებობს განცხადების დაშვების ესა თუ ის პირობა, სასამართლომ თავისი განჩინებით განცხადება განუხილველად უნდა დატოვოს, რაც შეიძლება გასაჩივრდეს კერძო საჩივრით.
20. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 186.1. „ე“ მუხლი ითვალისწინებს სარჩელის მიღებაზე უარის თქმას იმ შემთხვევაში, თუ საქმე ამ სასამართლოს განსჯადი არ არის. ამავე კოდექსის 424-ე მუხლი კი ადგენს საქმის წარმოების განახლების შესახებ განცხადების განხილვაზე განსჯად სასამართლოს. კანონის აღნიშნული ნორმის თანახმად, განცხადება გადაწყვეტილების ბათილად ცნობის ან ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ შეტანილ უნდა იქნეს გადაწყვეტილების გამომტან სასამართლოში. განცხადებას განიხილავს გადაწყვეტილების გამომტანი სასამართლო იმ შემთხვევაშიც, როდესაც არსებობს ზემდგომი სასამართლოს განჩინება ამ გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების შესახებ. საკასაციო სასამართლო მხოლოდ იმ შემთხვევაში განიხილავს განცხადებას გადაწყვეტილების ბათილად ცნობისა და ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ, თუ იგი მის მიერ გამოტანილ გადაწყვეტილებას ეხება.
21. მოცემულ შემთხვევაში გადაწყვეტილების ბათილად ცნობისა და საქმის წარმოების განახლების შესახებ განცხადება ეხება სააპელაციო სასამართლოს მიერ გამოტანილ გადაწყვეტილებას. კერძოდ, განმცხადებელი მოითხოვს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006 წლის 13 ივლისის დაუსწრებელი გადაწყვეტილების ბათილად ცნობასა და საქმის წარმოების განახლებას, შესაბამისად, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი განიხილოს ზემოაღნიშნული განცხადება, რის გამოც იგი განუხილველად უნდა იქნეს დატოვებული.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
22. საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 372-ე, 424-ე, 429-ე , 284-ე და 285-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. თ. ჩ-ის განცხადება ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006 წლის 13 ივლისის დაუსწრებელი გადაწყვეტილების ბათილად ცნობისა და საქმის წარმოების განახლების თაობაზე დატოვებულ იქნეს განუხილველად.
2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
მოსამართლე: პაატა ქათამაძე