გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
¹ 3გ-ად-30-კს-03 3 ივნისი, 2003 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა
შემადგენლობა: ბ. კობერიძე (თავმჯდომარე),
მ. ვაჩაძე,
ნ. ქადაგიძე
კერძო საჩივრის თხოვნა: გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის არსებითად განხილვა
აღწერილობითი ნაწილი:
2002წ. 28 მარტს გეოლოგიის სახელმწიფო დეპარტამენტმა სარჩელი აღძრა თბილისის საოლქო სასამართლოში მოპასუხე ფინანსთა სამინისტროს მიმართ.
სარჩელში აღნიშნულია, რომ გეოლოგიის სახელმწფიო დეპარტამენტი, როგორც საბიუჯეტო ორგანიზაცია, გეოლოგიურ სამუშაოებს წარმართავს მხოლოდ პროგრამული დაფინანსებით.
2002წ. 1 იანვრის მდგომარეობით გეოლოგიის სახელმწიფო დეპარტამენტს სახელმწიფო ბიუჯეტიდან მიუღებელი აქვს 1981500 ლარი, მათ შორის: 1997 წელს _ 362100 ლარი, 1998 წელს _ 1253100 ლარი, 1999 წელს _ 128400 ლარი, 2000 წელს _ 218100 ლარი, 2001 წელს _ 19800 ლარი. აღნიშნული დავალიანებების გამო, მოსარჩელეს დაუგროვდა დიდი ვალი, რასაც დამატებით მოჰყვა საჯარიმო სანქციები.
მოსარჩელის განმარტებით, დეპარტამენტის თანამშრომლებზე წლების განმავლობაში ვერ გაიცა ხელფასები. აღნიშნულის შესახებ მოსარჩელემ წერილობით მრავალჯერ მიმართა როგორც ფინანსთა სამინისტროს, ასევე _ საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტს, რათა პერმანენტულად, ნაწილ-ნაწილ მაინც დაფარულიყო ძველი დავალიანება, მაგრამ შედეგი არ დამდგარა.
მოსარჩელემ სარჩელით ითხოვა მის სასარგებლოდ მოპასუხისათვის 1981500 ლარის გადახდის დაკისრება.
თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 2002წ. 31 მაისის განჩინებით მოცემულ საქმეში მესამე პირად ჩაება ფინანსთა სამინისტროს სახაზინო სამსახური.
2003წ. 6 თებერვალს გეოლოგიის სახელმწიფო დეპარტამენტმა დაზუსტებული სარჩელით მიმართა თბილისის საოლქო სასამართლოს მოპასუხე ფინანსთა სამინისტროს მიმართ.
დაზუსტებულ სარჩელში აღნიშნულია, რომ 2002წ. 1 იანვრის მდგომარეობით გეოლოგიის სახელმწიფო დეპარტამენტს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო დეპარტამენტიდან მიუღებელი აქვს 1978400 ლარი და ითხოვა აღნიშნული თანხის მოპასუხისათვის დაკისრება.
თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის მთავარ სხდომაზე ფინანსთა სამინისტროს წარმომადგენელმა სსკ-ს 272-ე მუხლის “ა" პუნქტის საფუძველზე იშუამდგომლა საქმის წარმოების შეწყვეტის თაობაზე.
სასამართლო კოლეგიამ განჩინებას საფუძვლად დაუდო “აღმასრულებელი ხელისუფლების სტრუქტურისა და საქმიანობის წესის შესახებ" საქართველოს კანონის 50-ე მუხლის მე-3 ნაწილი, რომლის თანახმად, სამართლებრივ დავას იმ სახელმწიფო დაწესებულებებს შორის, რომლებიც მმართველობის სხვადასხვა სფეროში შედიან, წყვეტენ დაინტერესებული მინისტრები, ხოლო თანხმობის მიუღებლობის შემთხვევაში გადაწყვეტილებას იღებს საქართველოს პრეზიდენტი. სასამართლო კოლეგიამ მიიჩნია, რომ განსახილველი დავა მმართველობის სხვადასხვა სფეროში შემავალ დაწესებულებებს, კერძოდ, ფინანსთა სამინისტროსა და გეოლოგიის სახელმწიფო დეპარტამენტს შორის არსებული სამართლებრივი დავაა და, ამდენად, მოცემული საქმის განხილვა არ შედის სასამართლოს კომპეტენციაში.
აღნიშნული განჩინება გეოლოგიის სახელმწიფო დეპარტამენტმა გაასაჩივრა კერძო საჩივრით, რომელშიც აღნიშნულია, რომ სასამართლო კოლეგიას არ უნდა გამოეყენებინა “აღმასრულებელი ხელისუფლების სტრუქტურისა და საქმიანობის წესის შესახებ" საქართველოს კანონი, როგორც ამკრძალავი ნორმა, რადგან იგი უფრო აღმჭურველი ხასაითისაა.
კერძო საჩივრის ავტორის განმარტებით, საქართველოს კონსტიტუციის 45-ე მუხლში მითითებული ძირითადი უფლებები, მათი შინაარსის გათვალისწინებით, ვრცელდება, აგრეთვე, იურიდიულ პირებზე. საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის თანახმად კი, ყოველ ადამიანს უფლება აქვს, თავის უფლებებისა და თავისუფლების დასაცავად მიმართოს სასამართლოს. კერძო საჩივრის ავტორი მიუთითებს, რომ ანალოგიური უფლებებით სარგებლობს იურიდიული პირიც.
კერძო საჩივრის ავტორი აღნიშნავს, რომ მისი სარჩელი ეხება მრავალი ადამიანის ძირითად კონსტიტუციურ-შრომით უფლებასა და სახელმწიფოს მიერ გაუცემელ ხელფასს. კონკრეტულ შემთხვევაში სახელმწიფო და პრეზიდენტი ვერ ახერხებენ საკითხის გადაწყვეტას და ამიტომ გადაწყვეტილება უნდა მიიღოს სასამართლომ.
კერძო საჩივრის ავტორმა ითხოვა თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 2003წ. 12 თებერვლის განჩინების გაუქმება და საქმის არსებითად განხილვა.
თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 2003წ. 7 მარტის განჩინებით კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და საქმის მასალებთან ერთად გადაეგზავნა საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატას.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლო ზეპირი განხილვის გარეშე გაეცნო საქმის მასალებს, შეამოწმა კერძო საჩივრისა და გასაჩივრებული განჩინების სამართლებრივი საფუძვლები, რის შემდეგაც მივიდა დასკვნამდე, რომ კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
საკასაციო სასამართლო თვლის, რომ თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიამ სწორად გამოიყენა “აღმასრულებელი ხელისუფლების სტრუქტურისა და საქმიანობის წესის შესახებ" საქრათველოს კანონის 50-ე მუხლის მე-3 ნაწილი, რომლის თანახმად, სამართლებრივ დავას იმ სახელმწიფო დაწესებულებებს შორის, რომლებიც მმართველობის სხვადასხვა სფეროში შედიან, წყვეტენ დაინტერესებული მინისტრები, ხოლო თანხმობის მიუღებლობის შემთხვევაში გადაწყვეტილებას იღებს საქართველოს პრეზიდენტი.
საკასაციო სასამართლო იზიარებს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის მოტივაციას, რომ განსახილველი დავა მმართველობის სხვადასხვა სფეროში შემავალ დაწესებულებებს, კერძოდ, გეოლოგიის სახელმწიფო დეპარტამენტსა და ფინანსთა სამინისტროს შორის არსებული სამართლებრივი დავაა, რომლის გადაწყვეტაც არ შედის სასამართლოს კომპეტენციაში.
საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სასამართლო კოლეგიამ სსკ-ს 272-ე მუხლის “ა" პუნქტის თანახმად სწორად შეწყვიტა მოცემულ საქმეზე წარმოება, რადგანაც მისი განხილვა სხვა უწყებების კომპეტენციაში შედის.
საკასაციო სასამართლო ეთანხმება სასამართლო კოლეგიის მოტივაციას, რომ თუ გეოლოგიის სახელმწიფო დეპარტამენტის სარჩელი ეხება მისი თანამშრომლების უფლებებს, მათ, როგორც ფიზიკურ პირებს, თვითონ შეუძლიათ აღძრან სარჩელი სასამართლოში თავიანთი უფლებების დასაცავად.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, სსკ-ს 419-ე, 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. გეოლოგიის სახელმწიფო დეპარტამენტის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
2. უცვლელად დარჩეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 2003წ. 1 თებერვლისა და 7 მარტის განჩინებები;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.