Facebook Twitter

საქმე №ას-315-298-2017 5 მაისი, 2017 წელი

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ბესარიონ ალავიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

მოსამართლეები:

ზურაბ ძლიერიშვილი, ეკატერინე გასიტაშვილი

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი _ ა. კ-ე (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე _ სპს „ლ-ი“ (მოპასუხე)

გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 16 იანვრის განჩინება

კასატორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით საკასაციო საჩივრის სრულად დაკმაყოფილება

დავის საგანი – ზიანის ანაზღაურება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. მოსარჩელის მოთხოვნა და სარჩელის ფაქტობრივი საფუძვლები:

1.1. ა. კ-ემ (შემდგომში _ მოსარჩელე, აპელანტი ან კასატორი) სარჩელი აღძრა სასამართლოში სპს „ლ-ის“ (შემდგომში _ მოპასუხე ან მოწინააღმდეგე მხარე) მიმართ ზიანის _ 6 720 ლარის ანაზღაურების მოთხოვნით.

1.2. სარჩელი ემყარება შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს: 2015 წლის მარტში ზესტაფონის რაიონის სოფელ პირველ ს-ში დროებით სარგებლობაში არსებულ 0.8 ჰა ნაკვეთზე მოსარჩელემ დათესა კარტოფილი. კარტოფილის თესლი იყო კარგი ხარისხის, ამასთან, მან სათანადოდ დაამუშავა მიწაც. მცენარის აღმოცენების შემდეგ ნათესში იმძლავრა სარეველა ბალახმა, რომლის შესაწამლი პრეპარატი შეიძინა მოპასუხე მაღაზიაში და გამოიყენა ამავე მაღაზიის აგრონომის რეკომენდაციით. შეწამვლიდან ოთხი-ხუთი დღის შემდგომ, კარტოფილმა, რომელიც 7 სანტიმეტრი სიმაღლის იყო, დაიწყო ხმობა, ხოლო სარეველა ბალახს არაფერი დატყობია. დახმარების მიზნით მოსარჩელემ მიმართა იმავე მაღაზიის აგრონომს, რომელმაც ამჯერად 4-5 დასახელების პრეპარატი მისცა, თუმცა პრეპარატმა უარყოფითად იმოქმედა ნათესზე და იგი მთლიანად გაუნადგურდა, რითაც მხარეს მიადგა ზიანი.

2. მოპასუხის პოზიცია:

მოთხოვნის გამომრიცხავი შესაგებლით მოპასუხემ არ ცნო სარჩელი და განმარტა, რომ ნათესის განადგურება არც მაღაზიაში შეძენილ პრეპარატს და არც აგრონომის კონსულტაციას არ გამოუწვევია. მოსარჩელემ მოპასუხესთან ორჯერ შეიძინა „ჰერბიციდი“, თავდაპირველად გამოსაცდელად, ხოლო, სასურველი შედეგის მიღების შემდგომ _ მთლიანი ფართობის შესაწამლად. ამ პრეპარატის გამოყენებით ნათესი არ განადგურებულა. მცენარეთა ბიოლოგიური დაცვის ცენტრში წარდგენილ იქნა მოსარჩელის მიერ დათესილი კარტოფილის ნიმუშები. ლაბორატორიული და მიკროლოგიური ანალიზით დადგინდა, რომ კარტოფილის განადგურება გამოიწვია არა „ჰერბიციდებმა“, არამედ სოკოვანმა დაავადებამ და უსტრუქტურო ნიადაგმა. აქედან გამოდინარე, მიზეზობრივი კავშირი არ დგინდება, რაც ზიანის ანაზღაურებას გამორიცხავს.

3. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 13 იანვრის გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

4. აპელანტის მოთხოვნა:

რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება.

5. გასაჩივრებული განჩინების სარეზოლუციო ნაწილი:

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 16 იანვრის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, ხოლო გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად.

6. კასატორის მოთხოვნა:

სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა აპელანტმა, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და მიიჩნევს, რომ იგი დაუშვებელია შემდეგ გარემოებათა გამო:

1. საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის დასაბუთება:

1.1. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული დანაწესები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

1.2. მოცემულ შემთხვევაში, გასაჩივრებული განჩინების დასაბუთება ძირითადად იმ დასკვნებს ეფუძნება, რომ:

1.2.1. მოსარჩელეს საკუთრებაში გააჩნდა კარტოფილის ნათესი, რომელიც განადგურდა და ამით მას მიადგა ზიანი 6 720 ლარის ოდენობით;

1.2.2. ნათესის განადგურებამდე მოსარჩელემ მოპასუხისგან შეძენილი „ჰერბიციდებით“, ორჯერ შეწამლა იგი;

1.2.3. მოსარჩელეს სადავოდ არ გაუხდია და, შესაბამისად, არც მტკიცებულებები წარუდგენია იმის თაობაზე, რომ „ჰერბიციდი“ იყო უხარისხო ან ზოგადად დაუშვებელი იყო მისი გამოყენება კარტოფილის შესაწამლად. მან მხოლოდ ის ფაქტი გახადა სადავო, რომ მოპასუხესთან დასაქმებულმა პირმა მისცა არასწორი რეკომენდაციები „ჰერბიციდის“ მოხმარებასთან დაკავშირებით. ეს ფაქტი უარყო მოპასუხემ;

1.2.4. მოსარჩელეს არ წარუდგენია განკუთვნადი მტკიცებულებები, რომლებიც მოპასუხის ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის მიზეზობრივი კავშირის არსებობას დაამტკიცებდა.

1.3. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებულ პრეტენზიაში იგულისხმება მითითება იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურ-სამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).

1.4. საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების წინაპირობა ვერ გახდება კასატორის შედავება იმის თაობაზე, რომ:

1.4.1. სასამართლო სხდომაზე მან წარადგინა მტკიცებულება, რომლის თანახმადაც, შპს „მ-ს“ არ გააჩნდა ლიცენზია საქმეში არსებული 2015 წლის 17 ივნისის დასკვნის გასაცემად. სააპელაციო სასამართლომ ეს მტკიცებულება მიიღო, თუმცა, ფაქტობრივად არ შეუფასებია, წინააღმდეგ შემთხვევაში, გააუქმებდა რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებას, ამდენად, სასამართლომ დაარღვია კანონი;

1.4.2. სასამართლომ არასწორად დაადგინა დავის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივი გარემოებები, კერძოდ:

ა) სასამართლო უთითებს შპს „B-ს“ დასკვნაზე და ადგენს, რომ მოსავლის განადგურება გამოიწვია სოკომ, თუმცა, არ გამოუკვლევია, რამდენად სწორად იქნა მოპასუხის მიერ კარტოფილის დაზიანებული თესლის ნიმუში აღებული, ეს ნიმუში კასატორის მიწიდან იყო აღებული თუ არა;

ბ) მოსარჩელის მიწის მეზობლად მდებარე მიწაზე დათესილი კარტოფილის ნარგავი არ განადგურებულა;

გ) სააპელაციო სასამართლომ, მიუხედავად აპელანტის მითითებისა, გაეზიარებინა ბ. მ-ის მიერ გაცემული დასკვნა, უარყო იგი იმ დასაბუთებით, რომ საქმის მასალებით არ დასტურდებოდა, რომ რეკომენდაცია უშუალოდ დაზიანებული მოსავლიდან აღებულ ნიმუშზე იყო გაცემული და აღნიშნული არ შეესაბამებოდა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 165-ე-369-ე მუხლების მოთხოვნებს, მაშინ, როდესაც შპს „B-ს“ დასკვნაც ამავე დარღვევებითაა შედგენილი;

1.4.3. სააპელაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ყოველმხრივ შეისწავლა საქმის მასალები, თუმცა, მას მოსარჩელის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები, მათ შორის მოწმეთა ჩვენებები და სპეციალისტ დ. მ-ის განმარტება არ გამოუკვლევია. ამ მტკიცებულებებით კი, დასტურდება, რომ მოსავლის დაზიანება არა სოკოვანი დაავადებით, არამედ, ჰერბიციდებითაა გამოწვეული და ამ ფაქტის შესახებ მოსარჩელე სარჩელის პირველ ფაქტობრივ გარემოებაში მიუთითებდა.

1.5. საკასაციო პალატა ნაწილობრივ იზიარებს კასატორის პოზიციას სასამართლოს მხრიდან კანონის ნორმის არასწორად გამოყენების თაობაზე (მოთხოვნის დამფუძნებელი ნორმა), თუმცა, მიიჩნევს, რომ ამ დარღვევას შედეგად არასწორი გადაწყვეტილების მიღება არ მოჰყოლია, შესაბამისად პალატა ასკვნის, რომ გასაჩვრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე-394-ე მუხლების მოთხოვნებს და დამატებით განმარტავს შემდეგს:

1.5.1. უდავოა, რომ მხარეთა შორის სამოქალაქო კოდექსის 477-ე მუხლით რეგულირებული ნასყიდობის სამართლებრივი ურთიერთობა წარმოიშვა, რომლის ფარგლებშიც, მოპასუხეს, როგორც გამყიდველს, ეკისრებოდა ამავე კოდექსის 487-ე მუხლით განსაზღვრული უფლებრივი და ნივთობრივი ნაკლისაგან თავისუფალი საქონლის გადაცემა. მოსარჩელე ზიანის წარმოშობას უკავშირებს მოპასუხე საწარმოში დასაქმებული აგრონომის არასწორ რეკომენდაციას პრეპარატის შეძენა-გამოყენების თაობაზე, რაც საკასაციო პალატის აზრით, კვლავ ნასყიდობის სამართლებრივი ურთიერთობიდან გამომდინარე ზიანზე მიუთითებს, რამდენადაც, სამოქალაქო კოდექსის 396-ე მუხლის თანახმად, მოვალემ თავისი კანონიერი წარმომადგენლის და იმ პირთა მოქმედებისათვის, რომელთაც იგი იყენებს საკუთარ ვალდებულებათა შესასრულებლად, ისეთივე მოცულობით უნდა აგოს პასუხი, როგორც საკუთარი ბრალეული მოქმედების დროს.

1.5.2. სამოქალაქო კოდექსის 494-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ნივთის ნაკლით ან ხელშეკრულებით განსაზღვრული სხვა პირობების დარღვევით მიყენებული ზიანი ანაზღაურდება ზოგადი წესების მიხედვით, ამდენად, სახელშეკრულებო ვალდებულებიდან გამომდინარე ზიანისათვის გამოიყენება არა სამოქალაქო კოდექსის 992-ე, არამედ _ 394-ე მუხლი, რომლის პირველი ნაწილის პირველი წინადადების თანახმად, მოვალის მიერ ვალდებულების დარღვევისას კრედიტორს შეუძლია მოითხოვოს ამით გამოწვეული ზიანის ანაზღაურება.

1.5.3. მოპასუხის შედავების გათვალისწინებით (იხ. შესაგებელი), მტკიცების საგანში შემავალ ფაქტებს წარმოადგენდა გამყიდველის მართლსაწინააღმდეგო ქმედება და მიზეზობრივი კავშირი ამ ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის, რომელთა დადასტურებაც, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის შესაბამისად, ეკისრებოდა მოსარჩელეს. საკასაციო პალატა იზიარებს ქვემდგომი სასამართლოს დასკვნებს მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების (მოწმეთა ჩვენება, სპეციალისტის განმარტება და ბ.მ-ის რეკომენდაცია) გამოკვლევის შედეგად სადავო გარემოებების დამტკიცების შეუძლებლობის თაობაზე და თვლის, რომ ქვემდგომმა სასამართლომ ისინი საპროცესო სტანდარტების სრული დაცვით შეაფასა (სსსკ-ის 105-ე მუხლი), რაც შეეხება კასატორის არგუმენტს შპს „B-ს“ მიერ გაცემული დასკვნის გამოყენების თაობაზე, პალატა მას არ იზიარებს, რადგანაც სააპელაციო სასამართლომ დასაშვებად ცნო რა ამავე საწარმოს წერილი (იმის თაობაზე, რომ მას არ გააჩნია შესაბამისი ლიცენზია), აღარ გამოიკვლია სადავო დასკვნა, თუმცა, საპირისპირო ვითარებაშიც კი, მტკიცების ტვირთი ეკისრებოდა მოსარჩელეს, რომელმაც, როგორც ითქვა, იგი ვერ დაძლია.

1.6. ამდენად, განსახილველი დავა არ წარმოადგენს იშვიათ სამართლებრივ პრობლემას, რომელიც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას, რადგანაც ვალდებულების დარღვევით გამოწვეული ზიანის ანაზღაურების საკითხზე არსებობს საკასაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკა. კასატორი ვერ მიუთითებს იმგვარ გარემოებებზე, რაც სასამართლოს მისცემდა ვარაუდის საფუძველს, რომ საქმის არსებითი განხილვის შედეგად მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილება შეიძლებოდა ყოფილიყო მიღებული. სააპელაციო სასამართლოს მიერ მოცემული საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი მატერიალური ან საპროცესო სამართლის ნორმების დარღვევებით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე. გარდა ამისა, საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანს არ წარმოადგენს სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცველად დატოვების თოაბაზე, ხოლო, კასატორი ვერც ქვემდგომი სასამართლოს შეფასებებისა და დასკვნების წინააღმდეგობრიობას ამტკიცებს მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის დებულებებთან და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალთან, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.

1.7. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

2. სასამართლო ხარჯები:

„სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის 5.1. მუხლის „მ“ ქვეპუნქტის თანახმად, კასატორი სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლებულია.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ა. კ-ის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო.

2. კასატორი სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლებულია.

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ბ. ალავიძე

მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი

ე. გასიტაშვილი