Facebook Twitter

საქმე №ას-307-290-2017 5 მაისი, 2017 წელი

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ბესარიონ ალავიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

მოსამართლეები:

ზურაბ ძლიერიშვილი, ეკატერინე გასიტაშვილი

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი _ სს „ს-ა“ (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე _ შპს „რ-ი“ (მოპასუხე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 14 დეკემბრის განჩინება

კასატორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება

დავის საგანი – დავალიანების დაკისრება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. მოსარჩელის მოთხოვნა და სარჩელის ფაქტობრივი საფუძვლები:

1.1. სს „ს-ამ“ (შემდგომში _ მოსარჩელე, აპელანტი, კასატორი ან მეიჯარე) სარჩელი აღძრა სასამართლოში შპს „რ-ის“ (შემდგომში _ მოპასუხე, მოწინააღმდეგე მხარე ან მოიჯარე) მიმართ, 2003 წლის 17 ივლისის იჯარის #11 ხელშეკრულებიდან და 2005 წლის 1 აპრილის შეთანხმებიდან გამომდინარე 8 828,81 აშშ დოლარის მოპასუხისათვის დაკისრების მოთხოვნით.

1.2. სარჩელი ემყარება შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს: 2003 წლის 17 ივლისს მხარეებს შორის გაფორმებული იჯარის ხელშეკრულების თანახმად, მოპასუხეს დროებით სარგებლობაში გადაეცა ქ.თბილისში, ზ-ის ქ#...-ში მდებარე, მის ადმინისტრაციულ-სამეურნეო სამსახურის ბალანსზე რიცხული 370 კვ.მ არასაცხოვრებელი ფართი. საიჯარო ქირის წლიური ოდენობა 1 კვ. მეტრზე განისაზღვრა 6.48 აშშ დოლარის ეკვივალენტით ეროვნულ ვალუტაში დღგ-ს ჩათვლით, რაც ყოველ კვარტალში შეადგენდა 1 332 ლარს. ხელშეკრულებაში მოქმედების ვადა განისაზღვრა 2 წლით _ 2003 წლის 17 ივლისიდან 2005 წლის 17 ივლისამდე. 2005 წლის 1 აპრილს ამავე მხარეებს შორის გაფორმდა შეთანხმება საიჯარო ქირის გაზრდის თაობაზე და იგი 1 კვ. მეტრზე 15.00 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარით განისაზღვრა. მეიჯარემ არაერთხელ აცნობა მოპასუხეს იმ საიჯარო დავალიანების დაფარვის თაობაზე, რომელიც შესაბამისი პერიოდისათვის ერიცხებოდა. მიუხედავად არაერთი გაფრთხილებისა, მოპასუხემ არ შეასრულა ვალდებულება, რის გამოც 2012 წლის 20 სექტემბრის მდგომარეობით დავალიანება 8 828,81 აშშ დოლარს შეადგენს.

2. მოპასუხის პოზიცია:

მოთხოვნის გამომრიცხავი/განხორციელების შემაფერხებელი შესაგებლით მოპასუხემ არ ცნო სარჩელი და განმარტა, რომ მხარეთა შორის ხელშეკრულება დადებული იყო 2003 წლის 17 ივლისს 2005 წლის 17 ივლისამდე, რის შემდეგაც იგი არ გაგრძელებულა. შეთანხმება ტარიფის გაზრდის შესახებ მათ მიერ ხელმოწერილი არ ყოფილა, რადგან აღნიშნულს იმთავითვე არ დაეთანხმნენ, შესაბამისად, არავითარი დავალიანება მას არ გააჩნია. 2005 წლის ბოლოდან აღარც ფართით არ სარგებლობდა, ხოლო, 2005 წლის დავალიანება, შეთანხმებული და ხელშეკრულებით გათვალისწინებული ტარიფის შესაბამისად, მთლიანად იქნა დაფარული 2006 წლის 19 მაისს, 2007 წლის 13 თებერვალსა და 2007 წლის 7 მარტს. თავად ხელშეკრულება მოსარჩელისაგან მიღებული შეტყობინების საფუძველზე შეწყდა. გარდა აღნიშნულისა, მოპასუხემ მოთხოვნის ხანდაზმულობაზეც მიუთითა.

3. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 12 ოქტომბრის გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

4. აპელანტის მოთხოვნა:

საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მეიჯარემ, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება.

5. გასაჩივრებული განჩინების სარეზოლუციო ნაწილი:

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 14 დეკემბრის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, ხოლო გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად.

6. კასატორის მოთხოვნა:

სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა აპელანტმა, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და მიიჩნევს, რომ იგი დაუშვებელია შემდეგ გარემოებათა გამო:

1. საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის დასაბუთება:

1.1. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული დანაწესები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

1.2. მოცემულ შემთხვევაში, გასაჩივრებული განჩინების დასაბუთება ძირითადად იმ დასკვნებს ეფუძნება, რომ:

1.2.1. 2003 წლის 17 ივლისს მხარეებს შორის გაფორმდა იჯარის #11 ხელშეკრულება, რომლის თანახმად, მოპასუხემ, სამეწარმეო ან კომერციული საქმიანობის მიზნით, მოსარჩელისაგან იქირავა ამ უკანასკნელის ბალანსზე რიცხული 370 კვ.მ არასაცხოვრებელი ფართი;

1.2.2. საიჯარო ქირა 1 კვ. მეტრზე წლიურად 6.48 აშშ დოლარის ეკვივალენტ ლარს შეადგენდა (დღგ-ს ჩათვლით), ხოლო, საერთო დაქირავებულ ფართზე საიჯარო ქირა ყოველ კვარტალში _ 1 332 ლარს;

1.2.3. ხელშეკრულება დადებული იყო 2 წლის ვადით. მასში ცვლილებების შეტანა ხდებოდა წერილობით, მხარეთა ურთიერთშეთანხმების საფუძველზე და აისახებოდა ამ ხელშეკრულების დამატებაში;

1.2.4. 2005 წლის 1 აპრილს, 2003 წლის 17 ივლისის ხელშეკრულების მე-3 პუნქტში განხორციელდა ცვლილება და საიჯარო ქირა წლიურად 1 კვ.მ.-ზე განისაზღვრა 15.00 აშშ დოლარის ეკვივალენტით ლარში (დღგ-ს ჩათვლით), შეთანხმებაზე მოპასუხის ხელმოწერა არ ფიქსირდება;

1.2.5. მეიჯარის 2010 წლის 10 აგვისტოს წერილის თანახმად, მოიჯარის დავალიანება შეადგენდა 7 340 ლარს, ხოლო 2009 წლის 1 იანვრის მდგომარეობით _ ასევე 7 340 ლარს;

1.2.6. მეიჯარეს მოპასუხემ 2007 წლის 1 თებერვალს გადაუხადა 581,43 აშშ დოლარი, 2007 წლის 13 თებერვალს - 1 000 ლარი, 2007 წლის 1 მარტს - 583,94 აშშ დოლარი, ხოლო, 2007 წლის 7 მარტს - 1 000 ლარი. აღნიშნულის შემდეგ, მოპასუხეს მოსარჩელისათვის საიჯარო თანხა არ გადაუხდია;

1.2.7. მოპასუხეს მეიჯარემ აცნობა, რომ მათ შორის ხელშეკრულება შეწყდა სახელშეკრულებო ვადის ამოწურვის გამო და სთხოვა დაკავებული ფართის გათავისუფლება;

1.2.8. 2007 წლის 9 ოქტომბერს მოსარჩელის წარმომადგენლების მიერ შედგენილი ქმანის თანახმად, მათ დაათვალირეს მოპასუხისათვის იჯარით გადაცემული ფართი, ვინაიდან, მოპასუხეს ერიცხებოდა დავალიანება 7 340 ლარი და ვერ მოინახა მისი წარმომადგენელი, ფართი დაილუქა მოსარჩელის თანამშრომლების მიერ. მოსარჩელის მიერ წარდგენილი გაანგარიშების მიხედვით, მოპასუხის დავალიანება შეადგენს 8 828,81 აშშ დოლარს;

1.2.9. მოიჯარეს საიჯარო ფართით არ უსარგებლია 2007 წლის 9 ოქტომბრის შემდეგ. ამავე პერიოდისთვის მოსარჩელემ დაიბრუნა იჯარით გაცემული ქონება, ხოლო მოპასუხეს 2007 წლის მარტის შემდეგ საიჯარო ქირის დავალიანება აღარ გადაუხდია.

1.3. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებულ პრეტენზიაში იგულისხმება მითითება იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურ-სამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).

1.4. საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების წინაპირობა ვერ გახდება კასატორის შედავება იმის თაობაზე, რომ:

1.4.1. სასამართლოს დავის გადაწყვეტისას უნდა გამოეყენებინა სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილი, 581-ე მუხლი, 361-ე მუხლის მე-2 ნაწილი და დაეკისრებინა მოიჯარისათვის დავალიანება;

1.4.2. მიუხედავად ხელშეკრულების შეწყვეტისა, მოპასუხე 2007 წლის 9 ოქტომბრამდე სარგებლობდა მოსარჩელის ქონებით, შესაბამისად, მას დაეკისრა საიჯარო ქირის გადახდა ქონებით სარგებლობის მთელი პერიოდისათვის, რაც ანაზღაურებული არ არის.

1.5. საკასაციო პალატა უარყოფს კასატორის ზემოხსენებულ პრეტენზიებს იმ დასაბუთებით, რომ ქვემდგომი სასამართლოს დასკვნები არ ეწინააღმდეგება კანონის მოთხოვნებს (სსსკ-ის 393-ე-394-ე მუხლები). პალატა განმარტავს, რომ სადავო ურთიერთობის რეგულირების მატერიალურ საფუძველს სამოქალაქო კოდექსის 581-ე მუხლი წარმოადგენს, რომლის პირველი ნაწილის მე-2 წინადადების თანახმად, მოიჯარეს ეკისრება საიჯარო ქირის გადახდის ვალდებულება იჯარის საგნით სარგებლობისათვის, თუმცა, განსახილველ შემთხვევაში, მოპასუხემ სასარჩელო მოთხოვნას იმგვარი შესაგებელი დაუპირისპირა, რომელიც მის იძულებით განხორციელებას შეუძლებელს ხდის, რამდენადაც სამოქალაქო კოდექსის 128-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მოსარჩელის მოთხოვნაზე ვრცელდება ხანდაზმულობა. უდავოა, რომ საიჯარო ქირის გადახდა შეთანხმებული იყო მხარეთა შორის პერიოდულობით, შესაბამისად, მასზე ვრცელდება სამოქალაქო კოდექსის 129-ე მუხლის მე-2 ნაწილით განსაზღვრული 3-წლიანი ვადა, ასევე უდავოა, რომ ამავე კოდექსის 130-ე მუხლის მიზნებისათვის, უფლების დარღვევის თაობაზე მოსარჩელისათვის ცნობილი გახდა 2007 წლის ოქტომბერში, სარჩელი კი აღძრულია 2014 წლის 27 აგვისტოს. მოპასუხემ ისარგებლა სამოქალაქო კოდექსის 144-ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული უფლებით, რითაც მოთხოვნა განუხორციელებადი გახდა.

1.6. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ სწორად გაანაწილა მხარეთა შორის მტკიცების ტვირთი, სწორად დაადგინა მტკიცების საგანში შემავალი ფაქტები (მოთხოვნის წარმოშობა და მისი იძულებით განხორციელების ვადები) და იმ პირობებში, როდესაც სარჩელის მომზადების ეტაპზე მოპასუხემ თავდაცვის მატერიალურ-სამართლებრივ საშუალებად სამოქალაქო კოდექსის 144-ე მუხლით ისარგებლა, სწორად არ დააკმაყოფილა მეიჯარის სარჩელი.

1.7. ამდენად, განსახილველი დავა არ წარმოადგენს იშვიათ სამართლებრივ პრობლემას, რომელიც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას, რადგანაც ხანდაზმულობის საკითხზე არსებობს საკასაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკა, რომლისგანაც არ განსხვავდება სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული განჩინება. კასატორი ვერ მიუთითებს იმგვარ გარემოებებზე, რაც სასამართლოს მისცემდა ვარაუდის საფუძველს, რომ საქმის არსებითი განხილვის შედეგად მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილება შეიძლებოდა ყოფილიყო მიღებული. სააპელაციო სასამართლოს მიერ მოცემული საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი მატერიალური ან საპროცესო სამართლის ნორმების დარღვევებით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე. გარდა ამისა, საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანს არ წარმოადგენს სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცველად დატოვების თაობაზე, ხოლო, კასატორი ვერც ქვემდგომი სასამართლოს შეფასებებისა და დასკვნების წინააღმდეგობრიობას ამტკიცებს მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის დებულებებთან და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალთან, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.

1.8. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

2. სასამართლო ხარჯები:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი. ამდენად, პალატა თვლის, რომ კასატორს უნდა დაუბრუნდეს მის მიერ 27.02.2017წ. #... საგადახდო დავალებით სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 1 142,58 ლარის 70% _ 799,806 ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. სს „ს-ის“ საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო.

2. კასატორ სს „ს-ას“ (ს/კ #...) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს მის მიერ 27.02.2017წ. #... საგადახდო დავალებით სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 1 142,58 ლარის 70% _ 799,806 ლარი.

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ბ. ალავიძე

მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი

ე. გასიტაშვილი