Facebook Twitter

საქმე №ას-322-305-2017 5 მაისი, 2017 წელი

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ბესარიონ ალავიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

მოსამართლეები:

ეკატერინე გასიტაშვილი, ზურაბ ძლიერიშვილი

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი – მ. ქ-ი (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე – ნ. თ-ი (მოპასუხე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 23 იანვრის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის იმავე სასამართლოსათვის ხელახლა განსახილველად დაბრუნება

დავის საგანი – სააღსრულებო ფურცლის გაუქმება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. მოსარჩელის მოთხოვნა და სარჩელის ფაქტობრივი საფუძვლები:

1.1. მ. ქ-მა (შემდგომში _ მოსარჩელე, აპელანტი ან კასატორი) სარჩელი აღძრა სასამართლოში ნ. თ-ის (შემდგომში _ მოპასუხე, მოწინააღმდეგე მხარე ან კრედიტორი) მიმართ 2015 წლის 14 მაისს გაცემული #... სააღსრულებო ფურცლის ბათილად ცნობის მოთხოვნით.

1.2. სარჩელი ემყარება შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს: 2011 წლის 15 მარტს გ. ქ-ს (შემდგომში _ მოვალე) და მოპასუხეს შორის დაიდო სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება, რომლის პირობებიც 13.12.2012 წელს დაზუსტდა. ხელშეკრულების საფუძველზე მოვალემ კრედიტორისაგან ისესხა 33 000 აშშ დოლარი ყოველთვიური 3.03%-ის გადახდის პირობით, ვალდებულების უზრუნველსაყოფად იპოთეკით დაიტვირთა იმ დროს მოვალის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება (მდებარე ქ. თბილისში, ა-ას ქუჩა #..., ბინა #..., ს/კ #..., შემდგომში _ იპოთეკის საგანი). იპოთეკის საგანი მოვალეს მიღებული ჰქონდა ლ. კ-ასაგან (შემდგომში _ თავდაპირველი მესაკუთრე). სასამართლოს გადაწყვეტილებით ჩუქების ხელშეკრულება ბათილად იქნა ცნობილი და ქონება აღირიცხა კვლავ თავდაპირველი მესაკუთრის სახელზე. გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლამდე გარდაიცვალა თავდაპირველი მესაკუთრე და ქონება გარდაცვლილზე ვერ დარეგისტრირდა, ხოლო კრედიტორმა იპოთეკის საგანზე დაიწყო იძულებითი აღსრულება 2015 წლის 14 მაისს ნოტარიუსის მიერ გაცემული #... სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე, რომლის თანახმადაც, მოვალეს დაეკისრა ძირითადი თანხა - 33 000 აშშ დოლარი, სარგებელი - 2, 799.72 აშშ დოლარი და პირგასამტეხლო - 0.1% ყოველი ვადაგადაცილებული დღისათვის აღსრულებამდე. მოვალემ აღნიშნული თანხა სრულად დაფარა. დაფარული ვალის სარეალიზაციოდ აუქციონზე ქონების მიქცევით კი ზიანი ადგება მას, რამდენადაც, დედის სამკვიდრო ქონება - იპოთეკის საგანი მოსარჩელის სახელზე ვერ აღირიცხა.

2. მოპასუხის პოზიცია:

მოთხოვნის განხორციელების გამომრიცხველი შესაგებლით მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ იპოთეკით დატვირთული ქონება თავდაპირველი მესაკუთრის პირველი რიგის მემკვიდრეებს, შვილებს - მოსარჩელესა და მოვალეს ეკუთვნით, შესაბამისად, მხოლოდ მოსარჩელე მთელი სამკვიდრო ქონების მესაკუთრე ვერ გახდება მემკვიდრეებს შორის დავის შემთხვევაში. საჯარო რეესტრში მოსარჩელე ¾-ის მესაკუთრედაა რეგისტრირებული, ხოლო ¼, 2015 წლის 7 სექტემბრის მდგომარეობით თავდაპირველი მესაკუთრის სახელზეა აღრიცხული. გარდა ამისა, მოვალეს ფულადი ვალდებულება შესრულებული არ აქვს, აღნიშნულის დამადასტურებელი მტკიცებულება მოსარჩელეს სასამართლოსათვის არ წარუდგენია.

3. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 11 ივლისის გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

4. აპელანტის მოთხოვნა:

საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება.

5. გასაჩივრებული განჩინების სარეზოლუციო ნაწილი:

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 23 იანვრის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად.

6. კასატორის მოთხოვნა:

სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა აპელანტმა, მოითხოვა მისი გაუქმება და საქმის იმავე სასამართლოსათვის ხელახლა განსახილველად დაბრუნება.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და მიიჩნევს, რომ იგი დაუშვებელია შემდეგ გარემოებათა გამო:

1. საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის დასაბუთება:

1.1. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული დანაწესები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

1.2. მოცემულ შემთხვევაში, გასაჩივრებული განჩინების დასაბუთება ძირითადად იმ დასკვნებს ეფუძნება, რომ:

1.2.1. 2012 წლის 13 დეკემბერს მოვალესა და მოპასუხეს შორის გაფორმდა შეთანხმება სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებაში ცვლილებების შეტანის შესახებ. შეთანხმების მიხედვით, მოვალემ ისესხა 33 000 აშშ დოლარი, ყოველთვიურად სესხის ძირითად თანხაზე 3.03%-ის დარიცხვით. ყოველთვიური სარგებლის ოდენობა განისაზღვრა 999.9 აშშ დოლარით. სესხისა და და მასზე დარიცხული პროცენტის დაბრუნების ვადად განისაზღვრა 2013 წლის 13 მარტი. სესხის უზრუნველსაყოფად იპოთეკით დაიტვირთა იმ დროს მოვალის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება;

1.2.2. მოვალეს იპოთეკის საგანი მიღებული ჰქონდა დედისაგან (თავდაპირველი მესაკუთრე) ჩუქების საფუძველზე. სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების საფუძველზე გაუქმდა აღნიშნული ჩუქების ხელშეკრულება და 2015 წლის 21 ივლისის მდგომარეობით იპოთეკის საგანი კვლავ აღირიცხა თავდაპირველი მესაკუთრის სახელზე;

1.2.3. თავდაპირველი მესაკუთრის გარდაცვალების შემდეგ, მოსარჩელემ, როგორც მისმა მემკვიდრემ, საკუთრების უფლებით მიიღო მამკვიდრებლის საკუთრებაში არსებული ქონებიდან მისი კუთვნილი სავალდებულო წილი, რის შედეგადაც იპოთეკის საგნის 1/4 ნაწილზე დარეგისტრირდა მოსარჩელის საკუთრების უფლება;

1.2.4. 2014 წლის 14 მაისს კრედიტორის სასარგებლოდ ნოტარიუსმა გასცა სააღსრულებო ფურცელი, რომლითაც სარეალიზაციოდ მიექცა მოვალის საკუთრებაში არსებული იპოთეკის საგანი;

1.2.5. საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით მოვალის მიერ სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულების ფაქტი არ დგინდება.

1.3. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებულ პრეტენზიაში იგულისხმება მითითება იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურ-სამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).

1.4. საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების წინაპირობა ვერ გახდება კასატორის შედავება იმის თაობაზე, რომ მართალია, სასამართლომ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, მაგრამ არასწორად განმარტა იგი, რადგანაც კასატორმა იპოთეკის საგნის 1/4 მემკვიდრეობით მიიღო დედისგან, მას მოპასუხესთან სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება არ გაუფორმებია და არც კრედიტორის მიმართ ვალდებულ პირს არ წარმოადგენს.

1.5. საკასაციო პალატა უარყოფს კასატორის ზემოხსენებულ პრეტენზიას იმ დასაბუთებით, რომ ქვემდგომი სასამართლოს დასკვნები არ ეწინააღმდეგება კანონის მოთხოვნებს (სსსკ-ის 393-ე-394-ე მუხლები). პალატა განმარტავს, რომ განსხვავებით ვალდებულებითი ურთიერთობებისაგან, რომლებიც რელატიური (ფარდობითი) ხასიათისაა, სანივთო-სამართლებრივი უფლებები, მათ შორის იპოთეკა (იხ. სკ-ის 286-ე მუხლი) აბსოლუტური ხასიათიის მატარებელია, რაც თავის თავში მოიცავს მათ გარდამავალ ხასიათს, კერძოდ, იპოთეკის უფლება არ წყდება მესაკუთრის ცვლილებისას, არამედ, აქცესორულია და განპირობებულია ვალდებულების არსებობით, რამდენადაც, სამოქალაქო კოდექსის 153-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, აქცესორულია უფლება, რომელიც ისეა დაკავშირებული სხვა უფლებასთან, რომ მის გარეშე არც შეიძლება არსებობდეს. მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო პალატა სრულად იზიარებს ქვემდგომი სასამართლოს დასკვნას, რომ მოსარჩელემ მოვალის მიერ ვალდებულების შესრულების დამადასტურებელი სათანადო მტკიცებულების წარდგენა ვერ უზრუნველყო (იხ. სსსკ-ის 102-ე მუხლი, ასევე, სკ-ის 429-ე მუხლი), რაც მეტყველებს იმაზე, რომ სასესხო ურთიერთობა კვლავ არსებობს, შესაბამისად, არსებობს მისი უზრუნველყოფის საშუალებაც _ იპოთეკა. რაც შეეხება კასატორის არგუმენტს რომ იგი მოპასუხის წინაშე არ არის ვალდებული პირი, ხოლო ქონება მიიღო მემკვიდრეობით, იგი საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილებას ვერ გამოიწვევს, რამდენადაც უდავოა, რომ მოსარჩელე მოპასუხესთან მართლაც არ იმყოფება სახელშეკრულებო ურთიერთობაში, არამედ, მისი საკუთრება წარმოადგენს სხვისი ვალდებულების უზრუნველყოფის საშუალებას. ასევე უდავოა, რომ მემკვიდრეობის გზით მან იპოთეკით დატვირთული საგანი მიიღო (იპოთეკის წარმოშობისა და ამ თვალსაზრისითი რეესტრის ჩანაწერის მიმართ იპოთეკარის კეთილსინდისიერების თაობაზე იხ. სუსგ №ას-394-373-2013, 20 მაისი, 2014 წელი), შესაბამისად, უფლებამონაცვლეობა მოთხოვნის უზრუნველყოფის სანივთო საშუალების ნამდვილობაზე გავლენას ვერ იქონიებდა.

1.6. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ სწორად გაანაწილა მხარეთა შორის მტკიცების ტვირთი, სწორადვე დაადგინა მტკიცების საგანში შემავალი გარემოებები და ვინაიდან არ დადგინდა სასესხო ურთიერთობის შესრულების გზით შეწყვეტის ფაქტი (სკ-ის 427-ე მუხლი), მართებულად უთხრა უარი მოსარჩელეს მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე.

1.7. ამდენად, განსახილველი დავა არ წარმოადგენს იშვიათ სამართლებრივ პრობლემას, რომელიც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას, რადგანაც აქცესორული უფლების ნამდვილობასა და სესხის ხელსეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულების მტკიცების თაობაზე არსებობს საკასაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკა (იხ. მაგ: №ას-872-830-2013, 17 ოქტომბერი, 2014 წელი), რომლისგანაც არ განსხვავდება სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული განჩინება. კასატორი ვერ მიუთითებს იმგვარ გარემოებებზე, რაც სასამართლოს მისცემდა ვარაუდის საფუძველს, რომ საქმის არსებითი განხილვის შედეგად მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილება შეიძლებოდა ყოფილიყო მიღებული. სააპელაციო სასამართლოს მიერ მოცემული საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი მატერიალური ან საპროცესო სამართლის ნორმების დარღვევებით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე. გარდა ამისა, საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანს არ წარმოადგენს სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე, ხოლო, კასატორი ვერც ქვემდგომი სასამართლოს შეფასებებისა და დასკვნების წინააღმდეგობრიობას ამტკიცებს მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის დებულებებთან და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალთან, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.

1.8. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

2. სკასაციო სასამართლოში წარმოდგენილი მტკიცებულებები:

2.1. წარმოდგენილ საკასაციო საჩივარს ერთვის საჯარო რეესტრის ამონაწერი უძრავ ქონებაზე ს/კ #....

2.2. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, საკასაციო სასამართლო იმსჯელებს მხარის მხოლოდ იმ ახსნა-განმარტებაზე, რომელიც ასახულია სასამართლოთა გადაწყვეტილებებში ან სხდომათა ოქმებში. გარდა ამისა, შეიძლება მხედველობაში იქნეს მიღებული ამ კოდექსის 396-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტში მითითებული ფაქტები. აღნიშნული ნორმა ადგენს საკასაციო სასამართლოს მიერ ფაქტობრივი გარემოებების შეფასების პროცესუალურ ფარგლებს და მისი შინაარსიდან გამომდინარეობს, რომ საკასაციო სასამართლოში ახალ ფაქტებზე მითითება და ახალი მტკიცებულებების წარმოდგენა არ დაიშვება, მით უფრო სამართალწარმოების მიზნებს არ შეესაბამება საქმეში უკვე არსებული დოკუმენტების განმეორებით და არაერთგზის წარმოდგენა. ამავე კოდექსის 104-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლო არ მიიღებს, არ გამოითხოვს ან საქმიდან ამოიღებს მტკიცებულებებს, რომლებსაც საქმისათვის მნიშვნელობა არ აქვთ. ამდენად, პალატა თვლის, რომ კასატორს უნდა დაუბრუნდეს ზემოხსენებული დოკუმენტი 1 (ერთი) ფურცლად.

სასამართლო ხარჯები:

„სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის 5.1. მუხლის „მ1“ ქვეპუნქტის თანახმად, კასატორი სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლებულია.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 104-ე, 391-ე, 401-ე, 407-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. მ. ქ-ის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო.

2. კასატორს დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე დართული საჯარო რეესტრის ამონაწერი 1 (ერთი) ფურცლად (ტ. III, ს.ფ 102).

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ბ. ალავიძე

მოსამართლეები: ე. გასიტაშვილი

ზ. ძლიერიშვილი