Facebook Twitter

საქმე №ას-455-427-2017 25 მაისი, 2017 წელი

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ბესარიონ ალავიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

მოსამართლეები:

ზურაბ ძლიერიშვილი, პაატა ქათამაძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი – ზ. ე-ი (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – კ. და გ. ე-ები (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 9 მარტის განჩინება

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – საქმის ზეპირი მოსმენით განხილვა, მისი საქართველოს უზენაესი სასამართლოს დიდი პალატისათვის განსახილველად გადაცემა, გასაჩივრებული განჩინების, ასევე, სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 21 ივლისის გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება ან საქმის საქართველოს საპროკურორო საბჭოს ან შინაგან საქმეთა სამინისტროსათვის გადაცემა

დავის საგანი – ხელშეშლის აღკვეთა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. თელავის რაიონული სასამართლოს 2011 წლის 12 აპრილის გადაწყვეტილებით კ. და გ. ე-ების სარჩელი ზ. ე-ის მიმართ ხელშეშლის აღკვეთისა და უფლების განხორციელების თაობაზე არ დაკმაყოფილდა (იხ. ასევე, ახმეტის მაგისტრატი სასამართლოს 2010 წლის 6 აგვისტოს გადაწყვეტილება, რომელიც თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 21 დეკემბრის განჩინებით გაუქმდა და საქმე ხელახლა განსახილველად გადაეგზავნა თელავის რაიონულ სასამართლოს).

2. რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს კ. და გ. ე-ებმა.

3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 21 ივლისის გადაწყვეტილებით სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, ზ. ე-ს აეკრძალა კ. და გ. ე-ებისათვის მათ მფლობელობაში არსებულ მიწის ნაკვეთზე გადასული ჯონჯოლის ხეების ტოტების მოჭრაში ხელის შეშლა, ხოლო საღორეების მოშლის ნაწილში კ. და გ. ე-ების სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

4. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა ზ. ე-მა.

5. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 14 ნოემბრის განჩინებით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული წინაპირობების არარსებობის გამო, საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩა განუხილველად.

6. მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების კანონიერება, საქმის წარმოების განახლების კონტექსტში არაერთხელ იყო ზემდგომი სასამართლოების განხილვის საგანი, საბოლოოდ, ზ. ე-მა განცხადებით მიმართა სასამართლოს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 21 ივლისის გადაწყვეტილების აღსრულების შებრუნების თაობაზე.

7. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 9 მარტის განჩინებით განცხადება არ დაკმაყოფილდა, რაც კერძო საჩივრით გაასაჩივრა ზ.ე-მა, მოითხოვა მისი გაუქმება და განცხადების დაკმაყოფილება, ასევე, საქმის განხილვის დასრულებამდე კერძო საჩივრის ავტორმა არაერთხელ მომართა საკასაციო სასამართლოს და მოითხოვა: საქმის ზეპირი მოსმენით განხილვა; მისი საქართველოს უზენაესი სასამართლოს დიდი პალატისათვის განსახილველად გადაცემა; თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 21 ივლისის გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება ან საქმის საქართველოს საპროკურორო საბჭოს ან შინაგან საქმეთა სამინისტროსათვის გადაცემა.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების ანალიზის, საქმის მასალების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ზ. ე-ის კერძო საჩივარი, ასევე, სხვადასხვა დროს მის მიერ წარმოდგენილი შუამდგომლობები უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგი გარემოებების გამო:

1. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 410-ე მუხლის თანახმად კი, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო (კერძო) საჩივარს, თუ:

ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი;

ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა;

გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.

2. განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსრულების შებრუნება წარმოადგენს, ამ თვალსაზრისით კი, საქმის მასალებით დადგენილია, რომ:

2.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 21 ივლისის გადაწყვეტილება, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 264-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, კანონიერ ძალაში შევიდა 2011 წლის 14 ნოემბერს, გადაწყვეტილებაზე გაცემულია სააღსრულებო ფურცელი და ექვემდებარება აღსრულებას;

2.2. ზ. ე-მა ზემდგომი ინსტანციის სასამართლოებს არაერთხელ მიმართა გადაწყვეტილების გაუქმებისა (ახლად აღმოჩენილ გარემოებათა, ასევე, ბათილობის გამო) და საქმის წარმოების განახლების მოთხოვნით, თუმცა, არც ერთი მისი განცხადება და კერძო საჩივარი არ იქნა დაკმაყოფილებული უსაფუძვლობის გამო, ამდენად, სააპელაციო სასამართლოს 2011 წლის 21 ივლისის გადაწყვეტილება კვლავაც კანონიერ ძალაშია.

3. საკასაციო პალატა სრულად იზიარებს გასაჩივრებული განჩინების სამართლებრივ დასაბუთებას და აღნიშნავს, რომ გადაწყვეტილების აღსრულების შებრუნების კანონისმიერი წინაპირობების არსებობის დაუდასტურებლობის მოტივით, შეუძლებელია კერძო საჩივრის საფუძვლიანობაზე მსჯელობა, კერძოდ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 2672 მუხლი არეგულირებს გადაწყვეტილების აღსრულების შებრუნების საკითხს და იგი დაიშვება ნორმის პირველი ნაწილის აღწერილობით ნაწილში გადმოცემულ წინაპირობათაგან ერთ-ერთის არსებობისას. ეს წინაპირობები კი, შემდეგია: კანონიერ ძალაში შესული/დაუყოვებლივ აღსრსრულებლად მიქცეული გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს და მიღებულ იქნას ახალი გადაწყვეტილება სარჩელის მთლიანად ან ნაწილობრივ დაკმაყოფილებაზე უარის თქმის, საქმის წარმოების შეწყვეტის ან სარჩელის განუხილველად დატოვების თაობაზე, ამასთანავე, ნორმის მე-2 ნაწილის დისპოზიციიდან გამომდინარე, აღსრულების შებრუნების საკითხს მოპასუხის განცხადების საფუძველზე გადაწყვეტს ახალი გადაწყვეტილების ან განჩინების მიმღები სასამართლო.

4. მოცემულ შემთხვევაში, არ დგინდება რა სააპელაციო სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების გაუქმების და მით უფრო ახალი გადაწყვეტილების მიღების ფაქტი, პალატა თვლის, რომ განმცხადებლის მოთხოვნა უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

5. საკასაციო პალატა, უსაფუძვლობის მოტოვით, არ იზიარებს კერძო საჩივრის ავტორის არგუმენტს იმის თაობაზე, რომ მისი საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შესახებ განჩინება (საკასაციო სასამართლოს 14.11.2011წ. განჩინება) არაკანონიერია, რადგანაც გასაჩივრებულ გადაწყვეტილებას არც უარყოფს და არც ადასტურებს, ამასთან, არ არის წარმოდგენილი მისი კანონიერ ძალაში შესვლის დამადასტურებელი მტკიცებულება. პალატა განმარტავს, რომ მხარის ამგვარი მოსაზრებები არ გამომდინარეობს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 264-ე მუხლის მე-3 ნაწილის დისპოზიციიდან, რამდენადაც, კანონის ძალით, საკასაციო სასამართლოს გადაწყვეტილება გამოცხადებისთანავე იძენს კანონიერ ძალას და რაიმე დამატებითი დოკუმენტის არსებობა ამ საკითხის გადასაწყვეტად საჭირო არაა, რაც შეეხება თავად ამ განჩინებას, საკასაციო პალატა განმარტავს, რომ ვინაიდან ზ. ე-მა თავის დროზე ვერ წარმოადგინა დასაბუთებული შედავება, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, მისი საკასაციო პრეტენზიები განუხილველად იქნა დატოვებული.

6. რაც შეეხება აღმასრულებლის ქმედების კანონშესაბამისობას, საკასაციო პალატა ამ საკითხს აღარ მიუბრუნდება და მის პასუხად ზ.ე-ს მიუთითებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 16 ნოემბრის განჩინებაზე, სადაც მას განემარტა, რომ აღმასრულებლის ქმედება (აღსრულების ოქმის კანონიერება) საკასაციო პალატის მსჯელობის საგანს არ წარმოადგენს (ეს განმარტება უცვლელად იქნა ასახული სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებულ განჩინებაშიც).

7 საკასაციო პალატა ასევე უარყოფს კერძო საჩივარში მითითებულ სხვა არგუმენტებს (როგორიცაა: მოსარჩელეს, რომელიც კერძო საჩივრის ავტორის მეზობლად ცხოვრობს, არ აქვს დარეგიტსრირებული უძრავი ქონება, რომლით სარგებლობაში ხელშეშლასაც მოითხოვს; პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 243-ე მუხლის შესაბამისად, საბოლოოა და ზემდგომი წესით გასაჩივრებას არ ექვემდებარება; სააპელაციო სასამართლოს არაკანონიერმა შემადგენლობამ არასწორად შეცვალა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება; სააპელაციო სასამართლომ სამოქალაქო საპროცესო კოდსექსის 368-ე მუხლის დარღვევით, არასწორად მიიღო სააპელაციო საჩივარი განსახილველად და მხარე უკანონოდ გაათავისუფლა ბაჟის გადახდისაგან; საქმის არსებითი განხილვისას სააპელაციო სასამართლომ უკანონოდ შეამცირა სასარჩელო მოთხოვნა და ნაცვლად ჯონჯოლის ხეების სხვა ადგილას გადატანისა, მიიღო ტოტების მოჭრის შესახებ გადაწყვეტილება; სააპელაციო სასამართლომ შემაჯამებელი გადაწყვეტილების მიღებისას დაარღვია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 384-ე მუხლის მოთხოვნები, რომლის კანონიერებას არც ადასტურებს და არც უარყოფს საკასაციო სასამართლოს 2011 წლის 21 ივლისის განჩინება; სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვისას მონაწილეობდნენ იგივე მოსამართლეები, რომლებსაც ადრე უკვე ჰქონდათ მონაწილეობა მიღებული საქმის განხილვაში, რითაც დაირღვა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 394-ე მუხლის „ა“, „ე1“ და „ზ“ ქვეპუნქტები) იმ დასაბუთებით, რომ ისინი გადაწყვეტილების აღსრულების შებრუნების საკითხზე გავლენას ვერ იქონიებს და რაც უფრო მთავარია, ეს საკითხები არაერთხელ იქნა შეფასებული, როგორც სააპელაციო, ისე საკასაციო სასამართლოს მხრიდან ზ. ე-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხის, ასევე, საქმის წარმოების განახლების თაობაზე განცხადებებისა და კერძო საჩივრების შესწავლა-ანალიზის გზით (იხ. საქმის მასალები).

8. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო თვლის, რომ გასაჩივრებული განჩინება მიღებულია კანონის მოთხოვნათა დაცვით, რომლის წინააღმდეგაც კერძო საჩივრის ავტორს არ მიუთითებია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე-394-ე მუხლებით გათვალისწინებული დასაბუთებული პრეტენზია, რაც ამ განჩინების გაუქმებაზე უარის თქმის საფუძველია.

9. რაც შეეხება ზ.ე-ის შუამდგომლობებს საქმის ზეპირი მოსმენით განხილვის, მისი უზენაესი სასამართლოს დიდი პალატისათვის, ასევე, სამართალდამცავი ორგამოებისათვის გადაცემის, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 21 ივლისის გადაწყვეტილების გაუქმებისა და ახალი გადაწყვეტილების მიღების თაობაზე, საკასაციო პალატა განმარტავს შემდეგს:

9.1. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე მუხლის მე-2 ნაწილი განსაზღვრავს კერძო საჩივრის განხილვის ფორმას და ადგენს, რომ განჩინება გამოიტანება საქმის ზეპირი განხილვის გარეშე. სასამართლოს შეუძლია დაადგინოს კერძო საჩივრის ზეპირი განხილვაც, თუ ეს საჭიროა და ხელს უწყობს საქმის გარემოებების გარკვევას. საქმის ზეპირი განხილვის შემთხვევაში მოსამართლე უფლებამოსილია, განჩინება გამოიტანოს სათათბირო ოთახში გაუსვლელად. დასახელებული ნორმიდან გამომდინარე, კერძო საჩივრის მხარეთა დასწრებით განხილვის საკითხს სასამართლო წყვეტს საქმის სირთულის გათვალისწინებით, რაც შესაფასებელი გარემოებებიდან გამომდინარეობს. ზემოთ განხილული საკითხების გათვალისწინებით საკასაციო პალატამ, ბუნებრივია, წინამდებარე დავა არ მიიჩნია იმ ხარისხის სამართლებრივი სირთულის მატარებლად, რაც ზეპირი მოსმენის დანიშვნას განაპირობებდა, ამასთანავე, საქმის მასალებით დასტურდება, რომ მხარეები განხილვის ყოველი ეტაპის თაობაზე ინფორმირებული იყვნენ, შესაბამისად, სურვილის შემთხვევაში, დამატებითი მოსაზრებისა თუ პოზიციის, ასევე, შუამდგომლობის დაყენების უფლება არ შეზღუდვიათ (ამ უფლებებით სრულად ისარგებლა კიდევაც კერძო საჩივრის ავტორმა);

9.2. რაც შეეხება საქმის საქართველოს უზენაესი სასამართლოს დიდი პალატისათვის გადაცემის საკითხს, საკასაციო პალატა კვლავ განმარტავს, რომ იგი, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 3911 მუხლის შესაბამისად, დავის ფაქტობრივი ან სამართლებრივი სირთულის მიხედვით წყდება. როგორც უკვე აღინიშნა, წინამდებარე საქმეს არ ახასითებს სირთულე, ამასთანავე, ვინაიდან საკასაციო პალატა იხილავს აღსრულების შებრუნებაზე უარის თქმის შესახებ ქვემდგომი სასამართლოს განჩინების კანონიერებას, დანაშაულის ნიშნები და ამ მოტივით საქმის გამოძიების ორგანოებისათვის გადაცემის აუცილებლობა არ იკვეთება, გარდა ამისა, თუკი მხარე მიიჩნევს, რომ სწორედ ამ გზით უნდა დაიცვას საკუთარი უფლებები, ბუნებრივია, ის ამაში შეზღუდული არა რის (ერთადერთი შემთხვევა, როდესაც სამოქალაქო საქმის განმხილველი სასამართლო უფლებამოსილია საქმე საგამოძიებო ორგანოს გადასცეს, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 137-ე მუხლითაა რეგულირებული, თუმცა, ეს საკითხი ამ ეტაპზე განხილვის საგანი არაა);

9.3. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 414-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, კერძო საჩივრის შეტანა შეიძლება სასამართლოს მიერ გამოტანილ განჩინებებზე, მხოლოდ ამ კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში. დასახელებული ნორმით დადგენილია კერძო საჩივრის დასაშვებობის კრიტერიუმები და იგი კანონიერ ძალაში შესულ გადაწყვეტილებას არ შეეხება, უფრო მეტიც, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 266-ე მუხლი ადგენს სასამართლო გადაწყვეტილების მატერიალურ კანონიერ ძალას და განსაზღვრავს, რომ გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ მხარეებს, აგრეთვე მათ უფლებამონაცვლეებს არ შეუძლიათ ხელახლა განაცხადონ სასამართლოში იგივე სასარჩელო მოთხოვნები იმავე საფუძველზე, აგრეთვე სადავო გახადონ სხვა პროცესში გადაწყვეტილებით დადგენილი ფაქტები და სამართლებრივი ურთიერთობანი. მოხმობილი ნორმებიდან გამომდინარე, პალატა მიიჩნევს, რომ ზ.ე-ის კერძო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 21 ივლისის გადაწყვეტილების გაუქმებისა და ახალი გადაწყვეტილების მიღების მოთხოვნის ნაწილში, ამავე კოდექსის 187-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე უნდა დარჩეს განუხილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 187-ე, 372-ე, 3911, 399-ე, 414-ე, 419-ე, 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ზ. ე-ის შუამდგომლობა საქმის ზეპირი მოსმენით განხილვის, მისი საქართველოს უზენაესი სასამართლოს დიდი პალატისათვის, ასევე, სამართალდამცავი ორგანოებისათვის გადაცემის თაობაზე არ დაკმაყოფილდეს.

2. ზ. ე-ის კერძო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 21 ივლისის გადაწყვეტილების გაუქმებისა და ახალი გადაწყვეტილების მიღების მოთხოვნის ნაწილში დარჩეს განუხილველად, ხოლო, ამავე სასამართლოს 2017 წლის 9 მარტის განჩინების გაუქმების თაობაზე არ დაკმაყოფილდეს.

3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 9 მარტის განჩინება დარჩეს უცვლელად.

4. კერძო საჩივრის ავტორი სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლებულია.

5. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ბ. ალავიძე

მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი

პ. ქათამაძე