საქმე №ას-234-222-2017 25 მაისი, 2017 წელი
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ბესარიონ ალავიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
მოსამართლეები:
ზურაბ ძლიერიშვილი, პაატა ქათამაძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი – ა. ჯ-ი (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – ლ. ხ-ი (მოსარჩელე)
თავდაპირველი თანამოპასუხეები _ მ., ზ. და ზ. ჯ-ები, ს. გ-ი
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 25 იანვრის განჩინება
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
დავის საგანი – უკანონო მფლობელობიდან უძრავი ქონების გამოთხოვა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. სასარჩელო მოთხოვნა:
ლ. ხ-მა (შემდგომში _ მოსარჩელე, მოწინააღმდეგე მხარე ან მესაკუთრე) სარჩელი აღძრა სასამართლოში ა. ჯ-ის (შემდგომში _ მოპასუხე, აპელანტი, კერძო საჩივრის ავტორი ან მფლობელი), მ., ზ., ზ. ჯ-ებისა და ს. გ-ის (შემდგომში _ თავამოპასუხეები ან თანამფლობელები) მიმართ მოპასუხეთა უკანონო მფლობელობიდან მოსარჩელის კუთვნილი, გარდაბნის რაიონის სართიჭალის საკრებულოს ტერიტორიაზე მდებარე #... უძრავი ქონების გამოთხოვისა და ხელშეშლის აღკვეთის მოთხოვნით.
2. მოპასუხის პოზიცია:
მარტივი შედავებით მოპასუხეებმა არ ცნეს სარჩელი და მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვეს.
3. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 5 ოქტომბრის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა, მოპასუხეების უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვილ იქნა და გამოთავისუფლებულ მდგომარეობაში გადაეცა მოსარჩელეს #... უძრავი ქონება.
4. აპელანტის მოთხოვნა:
საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება.
5. გასაჩივრებული განჩინების სარეზოლუციო ნაწილი:
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 25 იანვრის განჩინებით სააპელაციო საჩივარი დატოვებულ იქნა განუხილველად.
6. კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა და კერძო საჩივრის საფუძვლები:
6.1. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე კერძო საჩივარი შეიტანა აპელანტმა და მოითხოვა მისი გაუქმება.
6.2. კერძო საჩივრის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ხარვეზის გამოსწორების მიზნით მხარემ განცხადებით მიმართა სასამართლოს. სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა მისი უმძიმესი მატერიალური მდგომარეობა და აღარ გაუგრძელა აპელანტს დადგენილი ხარვეზის გამოსწორების ვადა, რაც არასწორია, რადგანაც დაირღვა ადამიანის უფლებათა დაცვის ევროკონვენციის მე-6 მუხლით გარანტირებული მისი უფლება, ესარგებლა სამართლიანი სასამართლოთი, ასევე, საპროცესო კოდექსით გარანტირებული შესაძლებლობა, დაეცვა საკუთარი ინტერესები სასამართლოს მეშვეობით. კანონის მოთხოვნას წარმოადგენს, რომ შესაძლებელი იყოს ნებისმიერი პირისათვის სასამართლოს ხელმისაწვდომობა და მისი ეფექტური გამოყენება, კერძო საჩივრის ავტორის მიერ წარდგენილი არც ერთი განცხადება პროცესის გაჭიანურების მიზანს არ ემსახურებოდა, ხოლო სასამართლომ დაარღვია მხარის უფლებები.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების ანალიზის, საქმის მასალების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ა. ჯ-ის კერძო საჩივარი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგი გარემოებების გამო:
1. გასაჩივრებული განჩინების უცვლელად დატოვების ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება:
1.1. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 410-ე მუხლის თანახმად კი, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო (კერძო) საჩივარს, თუ:
ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი;
ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა;
გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.
1.2. განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანს წარმოადგენს სააპელაციო საჩივარზე დადგენილი ხარვეზის გამოუსწორებლობის გამო სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ განჩინების კანონიერება, რომელსაც არ ეთანხმება კერძო საჩივრის ავტორი და შემიფარგლება იმის მტკიცებით, რომ სასამართლომ დაარღვია ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის კონვენციით (შემდგომში _ ევროკონვენცია), ასევე ეროვნული კანონმდებლობით გარანტირებული სამართლიანი სასამართლოს ხელმისაწვდომობის უფლება.
1.3. კერძო საჩივარში გადმოცემული პრეტენზიების საფუძვლიანობის შემოწმების მიზნით საკასაციო პალატა უპირველესად ყურადღებას საქმის ფაქტობრივ გარემოებებზე გაამახვილებს, კერძოდ:
1.3.1. უძრავი ქონების მფლობელმა, რომლის მფლობელობაც არამართლზომიერად მიიჩნია პირველი ინსტანციის სასამართლომ, ქონების მისი უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვის შესახებ გადაწყვეტილება გაასაჩივრა სააპელაციო წესით. სააპელაციო საჩივარი ხელმოწერილი იყო მხარის წარმომადგენლის მიერ და ერთვოდა უფლებამოსილების ვადის ამოწურვის მოტივით შეწყვეტილი მინდობილობა, გარდა ამისა, სააპელაციო საჩივარს გააჩნდა, როგორც შინაარსობრივი, ისე _ ტექნიკური ხარვეზები: არ შეესაბამებოდა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368-ე მუხლის მოთხოვნებს და არ იყო გადახდილი სახელმწიფო ბაჟი, აპელანტი შუამდგომლობდა ბიუჯეტის მიმართ ანგარიშსწორების გადავადებაზე, თუმცა, ქონებრივი მდგომარეობის დამადასტურებელი მტკიცებულებები მას არ წარუდგენია;
1.3.2. თბილისის სააპელაციო სასამართლომ 2016 წლის 5 დეკემბრის განჩინებით, ზემოხსენებული ხარვეზების გამოსწორების მიზნით, აპელანტს განუსაზღვრა 7-დღიანი საპროცესო ვადა, ასევე, განუმარტა, რომ სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადების კანონისმიერი საფუძვლის არსებობა არ დგინდებოდა (სსსკ-ის 48.2 მუხლი), ხოლო სხვა მხრივ, შუამდგომლობა არ იყო დასაბუთებული. მასვე განემარტა ხარვეზის გამოუსწორებლობის შედეგები;
1.3.3. აპელანტის შუამდგომლობის საფუძველზე, პალატამ 2016 წლის 20 დეკემბრის განჩინებით საპროცესო ვადა გააგრძელა 7 დღით, ისე, რომ არც ერთ ნაწილში დადგენილი ხარვეზი მხარეს გამოსწორებული არ ჰქონია;
1.3.4. დადგენილ ვადაში აპელანტმა კვლავ იშუამდგომლა საპროცესო ვადის გაგრძელების თაობაზე, იმგვარად, რომ მას არც ერთი საპროცესო მოქმედება არ განუხორციელებია, ხოლო, სააპელაციო სასამართლომ 2017 წლის 9 იანვრის განჩინებით ვადა კვლავ 7 დღით გააგრძელა;
1.3.5. განსაზღვრულ ვადაში აპელანტმა კვლავ განცხადებით მიმართა სასამართლოს და იშუამდგომლა საპროცესო ვადის გაგრძელების თაობაზე. სააპელაციო სასამართლომ, გასაჩივრებული განჩინებით შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა, ხოლო, ხარვეზის გამოუსწორებლობის გამო, სააპელაციო საჩვარი დატოვა განუხილველად.
1.4. საკასაციო სასამართლო არ იზიარებს მფლობელის პრეტენზიებს მის მიმართ სამართლიანი სასამართლოს უფლების დარღვევის თაობაზე და განმარტავს, რომ ზოგადი წესის თანახმად, სამართალწარმოების განხორციელებაზე უარის თქმა ნიშნავს ევროკონვენციის მე-6 მუხლით დაცულ სიკეთეში ჩარევას, თუმცა, მხოლოდ ეს საკითხი უფლების დარღვევად არ განიხილება. იმის დასადგენად დაირღვა თუ არა პირის უფლება, გამოყენებულ უნდა იქნას ე.წ „პროპორციულობის ტესტი“, რომელიც მოიაზრებს იმ საკითხთა ანალიზს, ჩარევა იყო თუ არა ლეგიტიმური და არსებობდა თუ არა ამ ჩარევის მწვავე აუცილებლობა, ანუ ესა თუ ის ქმედება მიზნის მიღწევის პროპორციული საშუალება არის თუ არა. საგულისხმოა, რომ ევროკონვენციის მე-6 მუხლის ანალოგიური შინაარსის უფლებას განამტკიცებს საქართველოს კონსტიტციის 42-ე მუხლი და სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილი.
1.4.1. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სამართალწარმოების ფუნდამენტურ საფუძველს, ზემოხსენებული საკონსტიტუციო დათქმის, ასევე, საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლის ფარგლებში, წარმოადგენს მხარეთა თანასწორობის საფუძველზე სამართალწარმოების განხორციელება, რაც იმას ნიშნავს, რომ ერთი პირის მიმართ ამა თუ იმ საპროცესო შეღავათის გაწევისას გასათვალისწინებელია მეორე მხარის ინტერესებიც. მოცემულ შემთხვევაში აპელანტის არაერთი შუამდგომლობა დააკმაყოფილა რა პალატამ და მას არაერთხელ დაუდგინა ვადა სამართლიანი სასამართლოს უფლებით სარგებლობისა, აპელანტს, ნაცვლად ხარვეზის თუნდაც ნაწილობრივ გამოსწორებისა, მხოლოდ დაუსაბუთებელი შუამდგომლობები შეჰქონდა სასამართლოში საპროცესო ვადის უკანასკნელ დღეს და ყოველგვარი მტკიცების გარეშე მოითხოვდა ვადის კვლავ გაგრძელებას. ამ შემთხვევაში, ევროკონვენციის მე-6 მუხლით დაცული სიკეთის რეალიზაციისას ირღვეოდა ამავე კონვენციის პირველი დამატებით ოქმით დაცული აპელანტის მოწინააღმდეგე მხარის ინტერესი, რამეთუ თავად აპელანტი, როგორც ითქვა, ყოველგვარი მტკიცების გარეშე იხოვდა დანიშნული ვადის კვლავ გაგრძელებას, თავის მხრივ, არ გამოსწორდა რა არც ერთ ნაწილში სასამართლოს მიერ დადგენილი ხარვეზი, ჩარევის ლეგიტიმურ საფუძველს სწორედ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368-ე მუხლის მე-5 ნაწილი წარმოადგენდა (იხ. ასევე საპროცესო კოდექსის 2.2. მუხლი).
1.4.2. მოხმობილი ფაქტობრივი გარემოებების ანალიზის შედეგად საკასაციო პალატა ასკვნის, რომ ჩარევას გააჩნდა ლეგიტიმური საფუძველი და იგი პროპორციული იყო მიზნის მისაღწევად (სწრაფი და ეფექტიანი მართლმსაჯულება), რის გამოც კერძო საჩივრის ავტორის მიმართ სამართლიანი სასამართლოს უფლების (რაც თავის თავში მოიცავს სასამართლო ხელმისაწვდომობასაც) დარღვევის ფაქტი არ დგინდება.
1.5. ამდენად, საკასაციო პალატა იზიარებს გასაჩივრებული განჩინების შეფასებებსა და დასკვნებს და მიიჩნევს, რომ იგი სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368-ე მუხლის სწორ გამოყენება-განმარტებას ემყარება, რის წინააღმდეგაც მფლობელს არ მიუთითებია ამავე კოდექსის 393-ე-394-ე მუხლებით გათვალისწინებული დასაბუთებული პრეტენზია, რაც ამ განჩინების გაუქმებაზე უარის თქმის საფუძველია.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ა. ჯ-ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 25 იანვრის განჩინება დარჩეს უცვლელად.
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ბ. ალავიძე
მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი
პ. ქათამაძე