Facebook Twitter

საქმე №ას-595-570-2016 15 მაისი, 2017 წელი

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ბესარიონ ალავიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

მოსამართლეები:

ზურაბ ძლიერიშვილი, პაატა ქათამაძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი – რ. კ-ი (მოპასუხე, შეგებებული მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე, განმცხადებელი – შპს „ლ. XXI“ (მოსარჩელე, შეგებებულ სარჩელში მოპასუხე)

მესამე პირები დამოუკიდებელი მოთხოვნის გარეშე - ნ. კ-ი, ი. მ-ე

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 12 იანვრის განჩინება

კასატორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების, ასევე, სააპელაციო სასამართლოს 2015 წლის 22 დეკემბრის საოქმო განჩინების გაუქმება, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა და შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილება

განმცხადებლის მოთხოვნა _ დავის საგნის არარსებობის გამო, საქმის წარმოების შეწყვეტა

დავის საგანი – ძირითად სარჩელში _ თანხის დაკისრება, შეგებებულ სარჩელში _ ვალის აღიარების ხელშეკრულების ბათილად ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

შპს „ლ. XXI-მ“ სარჩელი აღძრა სასამართლოში რ. კ-ის, ასევე, დამოუკიდებელი მოთხოვნის გარეშე მესამე პირების: ნ. კ-ისა და ი. მ-ის მიმართ 2012 წლის 15 თებერვლის „ვალდებულების არსებობის აღიარებისა და მოვალის კუთვნილი უძრავი ქონების იპოთეკით დატვირთვის შესახებ“ ხელშეკრულებიდან გამომდინარე მოპასუხისათვის დავალიანების _ 45 176,44 ლარისა და დარიცხული პირგასამტეხლოს _ 49 603,98 ლარის დაკისრების, ასევე, დავალიანების ამოღების მიზნით იპოთეკის საგნისა (უძრავი ქონების ს/კ #...) და რ. კ-ის საკუთრებაში არსებული სხვა ქონების რეალიზაციის მოთხოვნით.

მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და შეგებებული სარჩელით მიმართა სასამართლოს თავდაპირველი მოსარჩელის მიმართ, რომლითაც მხარეთა შორის 2012 წლის 15 თებერვალს გაფორმებული „ვალდებულების არსებობის აღიარებისა და მოვალის კუთვნილი უძრავი ქონების იპოთეკით დატვირთვის შესახებ“ ხელშეკრულების ბათილად ცნობა მოითხოვა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 13 მარტის გადაწყვეტილებით შპს „ლ. XXI-ს“ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, რ. კ-ს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 45 176,44 ლარის, პირგასამტეხლოს _ 2 480,20 ლარის, ასევე, პროცესის ხარჯების: სახელმწიფო ბაჟის _ 1 579,70 ლარისა და წარმომადგენლის მომსახურების გამო გადახდილი 1 600 ლარის ანაზღაურება, ამავე გადაწყვეტილებით დავალიანების ამოსაღებად სარეალიზაციოდ მიექცა მოპასუხის კუთვნილი იპოთეკის საგანი, დანარჩენ ნაწილში შპს „ლ. XXI-ს“ უარი ეთქვა სარჩელის დაკმაყოფილებაზე, ამავე გადაწყვეტილებით არ დაკმაყოფილდა რ. კ-ის შეგებებული სარჩელი.

საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მხარეებმა. მოსარჩელემ მისი ნაწილობრივ გაუქმება და სარჩელის სრულად დაკმაყოფილება, ხოლო მოპასუხემ _ სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა და შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 12 იანვრის განჩინებით სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა, ხოლო გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად.

სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა შეგებებულმა მოსარჩელემ, რომლითაც მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა, ხოლო შეგებებული სარჩელის სრულად დაკმაყოფილება მოითხოვა.

საკასაციო სასამართლოს განცხადებით მომართა შპს „ლ. XXI-მ“ და განმარტა, რომ რ.კ-მა სრულად დაფარა, როგორც გადაწყვეტილებით დაკისრებული ვალი, ისე _ პროცესის ხარჯები, რის გამოც უზრუნველყოფის საგანზე მოიხსნა იპოთეკა. ამ გარემოებების გათვალისწინებით, განმცხადებელმა იშუამდგომლა საქმის წარმოების შეწყვეტის თაობაზე. განცხადებას ერთვის, როგორც საგადახდო დავალების ასლი თანხის გადახდის თაობაზე, ისე _ შპს „ლ. XXI-ის“ განცხადება საჯარო რეესტრის სახელზე იპოთეკის გაუქმების შესახებ.

შპს „ლ. XXI-ის“ განცხადება საკასაციო სასამართლომ ჩააბარა რ.კ-საც, რომელმაც მის პასუხად წერილობით განმარტა, რომ ვალდებულების შესრულების მიზანს ქონების იპოთეკისაგან გათავისუფლება წარმოადგენდა, რათა ამ უკანასკნელს გაესხვისებინა იგი. განმცხადებლის განმარტებით, იგი მოსარჩელის მიმართ არავითარი ვალდებულების არსებობას არ აღიარებს და მოითხოვს გადახდილი თანხის დაბრუნებას.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ შეისწავლა შპს „ლ. XXI-ის“ განცხადების საფუძვლიანობა და თვლის, რომ იგი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს, კერძოდ, სამოქალაქო საქმის წარმოება შპს „ლ. XXI-ს“ სარჩელზე რ. კ-ის მიმართ, „ვალდებულების არსებობის აღიარებისა და მოვალის კუთვნილი უძრავი ქონების იპოთეკით დატვირთვის შესახებ“ ხელშეკრულებიდან გამომდინარე თანხის დაკისრებისა და იპოთეკის საგნის რეალიზაციის თაობაზე უნდა შეწყდეს.

შპს „ლ. XXI-ის“ წარმომადგენელ ა.კ-ის განცხადებითა და თანდართული მასალების შესწავლით დგინდება, რომ მოპასუხემ ნებაყოფლობით შეასრულა ვალდებულება, რომელსაც განმცხადებელი სარჩელით მოითხოვდა. საკასაციო სასამართლო ყურადღებას გაამახვილებს საქმეში წარმოდგენილ მინდობილობაზე, რომლის თანახმადაც, ა.კ-ი იცავს მოსარჩელის ინტერესებს. მინდობილობა გაცემულია საწარმოს დირექტორის მიერ და მოქმედებდა 2017 წლის 9 თებერვლის ჩათვლით, განცხადება კი, საწარმოს სახელით შედგენილი და წარმოდგენილია 2016 წლის 14 დეკემბერს.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 93-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მოქალაქეებს შეუძლიათ საქმე აწარმოონ სასამართლოში პირადად, ხოლო იურიდიულ პირებს ან სხვა ორგანიზაციებს – იმ თანამდებობის პირის მეშვეობით, რომელსაც წესდებით ან დებულებით შეუძლია ამ იურიდიული პირისა თუ ორგანიზაციის სახელით იმოქმედოს. ამავე კოდექსის 96-ე მუხლის მე-2 ნაწილით კი, მინდობილობას ორგანიზაციის სახელით გასცემს შესაბამისი ორგანიზაციის ხელმძღვანელი ან სხვა უფლებამოსილი პირი.

ამდენად, საკასაციო პალატა თვლის, რომ განცხადება წარმოდგენილია უფლებამოსილი პირის მიერ და ექვემდებარება შეფასებას.

თავად განცხადების შინაარსის შესწავლით კი, სასამართლო მიდის დასკვნამდე, რომ აღარ არსებობს ძირითადი სარჩელის საგანი. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე და 372-ე მუხლების მიხედვით საკასაციო სასამართლო უფლებამოსილია, საქმის განხილვის ნებისმიერ ეტაპზე დაუბრკოლებლად იხელმძღვანელოს ქვემდგომი წესით საქმის განხილვის მარეგულირებელი იმ ნორმებით, რომლებიც საკასაციო სამართალწარმოებისას სპეციალურ რეგულაციას არ ეწინააღმდეგებიან, თავის მხრივ, ამავე კოდექსის 272-ე მუხლის „ა1“ ქვეპუნქტის თანახმად, სასამართლო, მხარეთა განცხადებით ან თავისი ინიციატივით, შეწყვეტს საქმის წარმოებას, თუ არ არსებობს დავის საგანი, ამასთან, საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლოსათვის ხელმეორედ მიმართვა დავაზე იმავე მხარეებს შორის, იმავე საგანზე და იმავე საფუძვლით არ შეიძლება (სსსკ-ის 273.2 მუხლი).

ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, პალატა მიიჩნევს, რომ შპს „ლ. XXI-ის“ განცხადება ძირითად სარჩელზე საქმის წარმოების შეწყვეტის ნაწილში საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.

რაც შეეხება რ. კ-ის შეგებებული სარჩელის ნაწილში საქმის წარმოების საკითხს, პალატა მიიჩნევს, რომ შეგებებული სარჩელი განუხილველად უნდა იქნას დატოვებული შემდეგი გარემოებების გამო:

უდავოა, რომ შეგებებული სარჩელის საგანს იმ ხელშეკრულების ბათილად ცნობა წარმოადგენდა, რომელის საფძველზეც თავდაპირველი მოსარჩელე ვალდებულების შესრულებას მოითხოვდა. ამ თვალსაზრისით, შეიძლება ითქვას, რომ შეგებებული სარჩელი, პროცესუალურ-სამართლებრივი თვალსაზრისით, აღიარებით კატეგორიას განეკუთვნებოდა და წინამდებარე დავის ფარგლებში მისი დაშვება შეგებებული მოსარჩელის უფლების დაცვას ემსახურებოდა, თუმცა, სარჩელის აღძვრის შემდგომ რ.კ-მა შეასრულა რა ვალდებულება, აღნიშნულით მის აღიარებით სარჩელს გამოეცალა იურიდიული ინტერესი. ამ მხრივ პალატა მხედველობაში იღებს შპს „ლ. XXI-ის“ განცხადების პასუხად რ.კ-ის მიერ წარმოდგენილ შეპასუხებას (სადაც იგი ვალდებულების შესრულებას არ ეთანხმება და მოითხოვს გადახდილი თანხის დაბრუნებას) და განმარტავს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 406-ე მუხლის შესაბამისად, რ.კ-ი საკასაციო სასამართლოში დავის საგანს ვერც შეცვლის და ვერც გაადიდებს, ხოლო იურიდიული ინტერესის არარსებობის პირობებში აღძრული აღიარებითი სარჩელი სასამართლოში განხილვას არ ექვემდებარება, ამ საკითხის კვლევა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 186-ე მუხლის ფარგლებში სარჩელის განსახილველად მიღებისას წყდება, თუმცა იმისათვის, რათა შესაძლო დაშვებული ან შემდგომში გამოვლენილი ხარვეზი გამოსწორდეს, საპროცესო სამართალი იცნობს წარმოებაში არსებული სარჩელის განუხილველად დატოვების ინსტიტუტსაც, რომელიც საპროცესო კოდექსის 187-ე მუხლის მე-2 ნაწილითაა მოწესრიგებული. თავად ეს უკანასკნელი ნორმა მითითებითი ხასიათისაა და მართალია, ამავე კოდექსის 275-ე მუხლის წინაპირობების შემოწმებაზეა მასში აღნიშნული, თუმცა ეს უკანასკნელი ნორმაც არ შეიცავს სარჩელის განუხილველად დატოვების ამომწურავ ჩამონათვალს, რის გამოც, დასაშვებია საპროცესო ანალოგიის პრინციპის გამოყენება (სსსკ-ის მე-7 მუხლი) იმ შემთხვევისათვის, როდესაც სახეზე გვაქვს სარჩელის მიღებაზე უარის თქმის კანონით გათვალისწინებული სხვა შემთხვევა (იხ. სუსგ №ას-551-522-2015, 14 აგვისტო, 2015 წელი). როგორც ზემოთ აღინიშნა, გარიგების ბათილად ცნობის შესახებ სარჩელი აღიარებით კატეგორიას განეკუთვნება და საპროცესო კოდექსის 178-ე მუხლის პირველი ნაწილის „ლ“ ქვეპუნქტის თანახმად, სავალდებულოა, მასში აღინიშნოს ამ კოდექსის 180-ე მუხლით გათვალისწინებული იურიდიული ინტერესი. დავის მიმართ იურიდიული ინტერესის არსებობის კვლევა განეკუთვნება სამართლის საკითხს და მისი არსებობის დასადგენად მნიშვნელოვანია, პასუხი გაეცეს მთავარ კითხვებს: აქვს მოსარჩელეს ნამდვილი იურიდიული ინტერესი დავის მიმართ? უზრუნველყოფს მოსარჩელის მოთხოვნა ამ ინტერესის დაკმაყოფილებას? აღიარებითი სარჩელის შემთხვევაში, იურიდიული ინტერესის არსებობა განპირობებულია არა ზოგადად მხარის ინტერესით, არამედ მატერიალურ-სამართლებრივი დანაწესით, რომლის შედეგის რეალიზაცია შესაძლებელია აღიარებითი სარჩელის აღძვრით. მატერიალურ-სამართლებრივი ნორმით განსაზღვრული უფლების დაცვას უნდა ემსახურებოდეს აღიარებითი სარჩელი. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 180-ე მუხლი ადგენს აღიარებითი სარჩელის იურიდიული ინტერესის განმსაზღვრელ კრიტერიუმებს, რომელთაც განეკუთვნება შემდეგი: ა) მოსარჩელეს უნდა ედავებოდნენ უფლებაში; ბ) დავის არსებობა უნდა ქმნიდეს მოსარჩელის უფლების მომავალში დარღვევის რეალურ საშიშროებას; გ) აღიარებითი სარჩელის გადაწყვეტა დავის გადაწყვეტის საუკეთესო საშუალება უნდა იყოს, კერძოდ, გადაწყვეტილების შედეგად სრულად გარკვეული შედეგი უნდა დგებოდეს მხარისათვის, აღიარებითი სარჩელის დაკმაყოფილება უნდა ქმნიდეს იმ უფლებისა თუ ურთიერთობის განსაზღვრულობას, რაც მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის წარმოშობილი დავის გამო ირღვევა. აღიარებითი სარჩელის საფუძვლიანობის განხილვისას მნიშვნელოვანია, გაირკვეს, ხომ არ არსებობს სხვა ტიპის სარჩელის აღძვრის წინაპირობები, რადგან ამგვარი წინაპირობების არსებობისას, მოსარჩელე ვერ შეძლებს თავისი ნამდვილი მიზნის (უფლების დაცვის) აღიარებითი სარჩელით მიღწევას, რაც საფუძველს აცლის აღიარებით მოთხოვნას. თუკი ამგვარი წინაპირობები არ არსებობს, მაშინ სარჩელის მატერიალურ-სამართლებრივი შედეგი უნდა უკავშირდებოდეს სამართლებრივი ურთიერთობების არსებობა-არარსებობის დადგენას, დოკუმენტების ნამდვილობის აღიარებას ან დოკუმენტების სიყალბის დადგენას. ისეთ ვითარებაში, როდესაც სავალდებულოა, მაგალითად, მიკუთვნებითი სარჩელის აღძვრა, უფლების დაცვის თვალსაზრისით მხოლოდ აღიარებითი სარჩელი არ შეიძლება განხილულ იქნას სასამართლოს მიერ (იხ. სუსგ №ას-1439-1357-2012, 1 ივლისი, 2013 წელი).

ამდენად, რ.კ-მა ნებაყოფლობით შეასრულა რა ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულება და იგი ამ შესრულების გამოთხოვის უფლებას იტოვებს, საკასაციო პალატა თვლის, რომ მხოლოდ ხელშეკრულების ბათილად ცნობის მოთხოვნა რ.კ-ის ინტერესების დაცვას ვერ უზრუნველყოფს, რაც მისი შეგებებული სარჩელის განუხილველად დატოვების საფუძველია.

თავის მხრივ, ვინაიდან აღარ არსებობს საკასაციო საჩივრის საგანი, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 272-ე მუხლის „ა1“ ქვეპუნქტის თანახმად, საქმის წარმოება რ. კ-ის საკასაციო საჩივარზე შპს „ლ. XXI-ის“ მიმართ, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 12 იანვრის განჩინებაზე უნდა შეწყდეს.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1991 მუხლის თანახმად, სარჩელის განუხილველად დატოვების ან საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლო თავისი გადაწყვეტილებით (განჩინებით) აუქმებს ამ სარჩელთან დაკავშირებით გამოყენებულ უზრუნველყოფის ღონისძიებას. მოხმობილი ნორმის დისპოზიციიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ უნდა გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 4 სექტემბრის განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება და ყადაღისაგან გათავისუფლდეს რ. კ-ის კუთვნილი ქ.თბილისში, ვ-ის ქ#9/16-ში მდებარე უძრავი ქონება (საკუთრების ტიპი: თანასაკუთრება, ნაკვეთის ფუნქცია: არასასოფლო სამეურნეო, ს/კ #...).

რაც შეეხება პროცესის ხარჯებს, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ვინაიდან მას საქმე არსებითად არ განუხილავს, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 187-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, რ. კ-ს უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 2 542 ლარის 70% _ 1 779,4 ლარი. შპს „ლ. XXI-ის“ მიმართ კი, პალატა არ ხელმძღვანელობს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 54-ე მუხლის პირველი ნაწილით, რადგანაც, როგორც განცხადებიდან, ასევე, წარმოდგენილი მტკიცებულებებიდან ირკვევა, რ. კ-მა მას ნებაყოფლობით აუნაზღაურა პროცესის ხარჯებიც.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 180-ე, 187-ე, 1991, 272-ე, 273-ე, 372-ე, 399-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. შპს „ლ. XXI-ის“ შუამდგომლობა საქმის წარმოების შეწყვეტის თაობაზე ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს.

2. შეწყდეს წარმოება შპს „ლ. XXI-ს“ სარჩელზე რ. კ-ის მიმართ, თანხის დაკისრებისა და იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონების რეალიზაციის თაობაზე.

3. რ. კ-ის სარჩელი შპს „ლ. XXI-ს“ მიმართ, ვალის აღიარების ხელშეკრულების ბათილად ცნობის თაობაზე დარჩეს განუხილველად.

4. გაუქმდეს ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოების მიერ ამ საქმეზე მიღებული გადაწყვეტილებები და რ. კ-ის საკასაციო საჩივარზე შეწყდეს საქმის წარმოება.

5. განემარტოთ მხარეებს, რომ საქმის წარმოების შეწყვეტის გამო დავაზე იმავე მხარეებს შორის იმავე საგანზე და იმავე საფუძვლით სასამართლოსათვის ხელმეორედ მიმართვა დაუშვებელია.

6. გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 4 სექტემბრის განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება და ყადაღისაგან გათავისუფლდეს რ. კ-ის კუთვნილი ქ.თბილისში, ვ-ის ქ#9/16-ში მდებარე უძრავი ქონება (საკუთრების ტიპი: თანასაკუთრება, ნაკვეთის ფუნქცია: არასასოფლო სამეურნეო, ს/კ #...).

7. რ. კ-ს სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს მის მიერ 23.05.2016წ. #... საგადახდო დავალებით სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 2 542 ლარის 70% _ 1 779,4 ლარი.

8. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ბ. ალავიძე

მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი

პ. ქათამაძე