№ას-265-253-2015 24 დეკემბერი, 2015 წელი
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა/ მოსამართლეები:
მზია თოდუა (თავმჯდომარე),
პაატა ქათამაძე (მომხსენებელი),
ეკატერინე გასიტაშვილი
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე
კასატორი – ქარელის მუნიციპალიტეტის საკრებულო (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – შპს „კ-“ (მოსარჩელე)
მესამე პირი – შპს „გ.“
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 26 დეკემბრის გადაწყვეტილება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში და ამ ნაწილში ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის უარყოფა
დავის საგანი – გადახდილი პირგასამტეხლოს უკან დაბრუნება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. ქარელის მუნიციპალიტეტის საკრებულოს (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც მოპასუხე, შემკვეთი ან კასატორი) და შპს „კ--ს“ (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც მოსარჩელე ან მენარდე) შორის 2012 წლის 7 აგვისტოს, წერილობითი ფორმით დაიდო ნარდობის ხელშეკრულება (საქართველოს სამოქალაქო კოდექსის, შემდეგში სსკ-ის 629-ე მუხლი).
2. ხელშეკრულების საგანს წარმოადგენდა 2012 წლის 20 სექტემბრამდე, ქ. ქარელში: ბ-ის, ც-ს, მ-ის, ს-ს, ა-ის ქუჩების, დაბა აგარაში: ჩ-ის, ნ-ის, ჭ-ის, ს-ის ქუჩებისა და სოფ. ქვ.ხ-ის გზების მოასფალტების სამუშაოების ჩატარება. მოსარჩელემ სამუშაოები შპს „გ.ს“ (ქვემენარდე) მეშვეობით შეასრულა.
3. ხელშეკრულების 9.5-9.6 პუნქტები ითვალისწინებდა მენარდის პასუხისმგებლობას - მის მიერ ნაკისრი ვალდებულების ვადაგადაცილებით შესრულების შემთხვევისათვის პირგასამტეხლოს დაკისრებას (სსკ-ის 417-418-ემუხლები).
4. 2012 წლის 13 სექტემბერს, მოსარჩელემ მოპასუხეს წერილობით აცნობა, რომ მოსაასფალტებელი ქუჩებიდან ორ მათგანზე (ბ-ისა და ს-ს ქუჩებზე) ვლინდებოდა სამუშაოების ზედდება, კერძოდ, ამ ქუჩებზე სხვა ორგანიზაცია წყლის სისტემის სარეაბილიტაციო სამუშაოებს ატარებდა. ამასთან, ასფალტ-ბეტონის მოსამზადებელი ნედლეული საზღვარგარეთიდან დაგვიანებით შემოდიოდა, რის გამოც მან სამუშაოების ვადის გაგრძელება 2012 წლის 07 ოქტომბრამდე ითხოვა.
5. 2012 წლის 10 დეკემბერს, შემკვეთმა და მენარდემ შეადგინეს სამუშაოების მიღება-ჩაბარების აქტი, რომლის თანახმადაც, მოსარჩელის მიერ შესრულებული სამუშაოს ღირებულებამ, ნაცვლად 1 130 426 ლარისა, 1 127 296 ლარი შეადგინა. ამავე აქტით, ხელშეკრულების 9.6 პუნქტის შესაბამისად, ვალდებულების შეუსრულებელ ნაწილზე მენარდეს შემკვეთისათვის უნდა გადაეხადა ჯარიმა - 3129.24 ლარის 120% - 3745 ლარი. გარდა ამისა, ვინაიდან მენარდემ სამუშაო 2012 წლის 20 სექტემბრის ნაცვლად, იმავე წლის 19 ნოემბერს დაასრულა, მას შემკვეთისათვის პირგასამტეხლოს სახით უნდა გადაეხადა ხელშეკრულების მთლიანი ღირებულების 0.2% თითოეული ვადაგადაცილებული დღისათვის, რაც 135 651 ლარს შეადგენდა (სსკ-ის 417-418-ე მუხლები).
6. მოპასუხემ (შემკვეთმა) შესრულებული სამუშაოების ღირებულების ნაწილი, 380 000 ლარი, მოსარჩელეს 2012 წლის 13 დეკემბერს გადაუხადა. ამ უკანასკნელმა, იმავე დღეს შემკვეთს უნაღდო ანგარიშსწორების გზით გადაუხადა პირგასამტეხლო - 139 406.1 ლარი. ამის შემდეგ შემკვეთმა მოსარჩელეს შესრულებული სამუშაოს ღირებულების დარჩენილი 248 558. 88 ლარი, გადაურიცხა ანგარიშზე.
7. 2013 წლის 23 მაისს მენარდემ სარჩელი აღძრა შემკვეთის წინააღმდეგ ამ უკანასკნელის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობისათვის ხელშეკრულების საერთო ღირებულების (1 130 426 ლარის) 0,2% ოდენობით პირგასამტეხლოს (2260X84 დღეზე) - 189 840 ლარის დაკისრებისა და მის მიერ პირგასამტეხლოს სახით შემკვეთისათვის გადახდილი 139 406.1 ლარის უკან დაბრუნების მოთხოვნით. მოსარჩელე ამტკიცებდა, რომ:
6.1. მან შემკვეთს უსაფუძვლოდ გადაუხადა 139 406,1 ლარი (პირგასამტეხლო და ჯარიმა). წინამდებარე გადაწყვეტილების მესამე პუნქტით გათვალისწინებულ გარემოებაზე დაყრდნობით ის ასაბუთებდა, რომ შესრულების ვადის გადაცილება მისი ბრალი არ იყო და ის იძულებული გახდა, ვადაგადაცილებისთვის პირგასამტეხლოს სახით შემკვეთისათვის 139 406.1 ლარი გადაეხადა, წინააღმდეგ შემთხვევაში, ეს უკანასკნელი უარს აცხადებდა შესრულებული სამუშაოს ღირებულების სრულად გადახდაზე, რაც რეალურ საფრთხეს უქმნიდა მის სამეწარმეო საქმიანობას, რადგან მას სხვა საშუალება არ გააჩნდა მუშა–მოსამსახურეების შრომისა და სხვა ხარჯების ასანაზღაურებლად.
6.2. მოსარჩელე ასევე მიუთითებდა, რომ მოპასუხემ შესრულებული სამუშაოების ღირებულება დაგვიანებით გადაუხადა და ამიტომ 2012 წლის 21 სექტემბრიდან 2012 წლის 13 დეკემბრის ჩათვლით ვადაგადაცილებისათვის მას უნდა დაჰკისრებოდა პირგასამტეხლოს გადახდა ხელშეკრულების საერთო ღირებულების (1 130 426 ლარის) 0,2%–ის ოდენობით (1 დღე - 2260 ლარი X 84 დღეზე), სულ 189 840 ლარის ოდენობით.
7. მოპასუხემ მოთხოვნა გამორიცხა შემდეგ გარემოებებზე მითითებით:
7.1. მუნიციპალიტეტის კომისიამ მოსარჩელეს 2012 წლის 14 სექტემბერს, მეორე დღესვე, წერილობით უპასუხა, რომ ის უარს აცხადებდა სამუშაოების შესრულების ვადის გაგრძელებაზე, რადგანაც მენარდეს სხვა ობიექტზეც ჰქონდა სამუშაოები დასასრულებელი, რაშიც მას ხელს არ უშლიდა მის მიერ მითითებულ ქუჩებზე წყლის სისტემის სარეაბილიტაციო სამუშაოები.
7.2. მოსარჩელემ სამუშაოების შესრულების თაობაზე შედგენილი ექსპერტიზის აქტი 2012 წლის 27 ნოემბერს წარუდგინა შემკვეთს. ამ დასკვნის საფუძველზე, იმავე წლის 10 დეკემბერს, შედგა მიღება-ჩაბარების აქტი, რომლითაც დადგინდა, რომ მენარდეს შეუსრულებელი დარჩა 3 129 ლარის სამუშაოები, რის გამოც მას უნდა გადაეხადა პირგასამტეხლო - 3 129 ლარის 120% და ჯარიმაც ხელშეკრულების მთლიანი ღირებულების 0.2% სამუშაოს 60 დღით (პერიოდი 20 სექტემბრიდან 20 ნოემბრამდე) ვადაგადაცილებისთვის. აღნიშნულთან დაკავშირებით, მოსარჩელეს თავის დროზე პრეტენზია არ გამოუთქვამს.
7.3. მოპასუხის მტკიცებით, მას ვალდებულება არ დაურღვევია. მან მიღება–ჩაბარების აქტის ხელმოწერიდან 3 დღეში, 13 დეკემბერს, სრულად აუნაზღაურა მენარდეს შესრულებული სამუშაოს ღირებულება.
8. ხაშურის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 23 ივლისის გადაწყვეტილებით სასარჩელო მოთხოვნა უარყოფილ იქნა. სასამართლომ სსკ-ის 361–ე, 417–ე, მე–400 მუხლებზე დაყრდნობით დაასკვნა შემდეგი:
8.1. შემკვეთს შესრულებული სამუშაოს ღირებულება უნდა გადაეხადა სამუშაოების მიღება–ჩაბარების აქტის ხელმოწერიდან 10 დღის ვადაში. აქტი შედგა 2012 წლის 10 დეკემბერს, ხოლო სამუშაოს ღირებულება შემკვეთმა გადაიხადა იმავე წლის 13 დეკემბერს, შესაბამისად, მას ფულადი ვალდებულების შესრულების ვადა არ დაურღვევია.
8.2. მხარეებმა 2012 წლის 10 დეკემბრის აქტში მიუთითეს, რომ მენარდე ვალდებული იყო, შეუსრულებელი სამუშაოს 120% და პირგასამტეხლოს - ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე ხელშეკრულების საერთო ღირებულების 0.2% გადაეხადა, რითაც მენარდემ, ანუ მოსარჩელემ, თავის დროზე აღიარა ვალდებულების არსებობა.
9. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებაზე სააპელაციო საჩივარი შეიტანა მოსარჩელემ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება შემდეგ გარემოებებზე მითითებით:
9.1. აპელანტის მოსაზრებით, სასამართლომ არასწორად მიიჩნია, რომ მოსარჩელეს 2012 წლის 13 სექტემბრის წერილის პასუხი (ხელშეკრულების ვადის გაგრძელების შესახებ) 2012 წლის 14 სექტემბერს ჩაჰბარდა. მოპასუხეს არც სასამართლო სხდომებზე და არც შესაგებელზე თანდართულ მასალებში არ წარმოუდგენია წერილის ჩაბარების დამადასტურებელი მტკიცებულება. ასეთ პირობებში, მოსარჩელემ, კანონიდან გამომდინარე, მოპასუხის დუმილი თანხმობად მიიჩნია (სსკ-ის 335-ე მუხლი) და ჩათვალა, რომ ხელშეკრულების ვადა გაგრძელებული იყო. საკრებულომ მოსარჩელეს 60 დღის ვადაგადაცილებისათვის არასწორად დააკისრა პირგასამტეხლო, რაც სასამართლომაც არასწორად გაიზიარა.
9.2. სასამართლომ, სსკ-ის 361-ე მუხლზე მითითებით (ვალდებულების არსებობის პრეზუმფცია), არასწორად დაასკვნა, რომ მოსარჩელემ დაარღვია ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება. მან არ გაითვალისწინა სსკ-ის 398-ე მუხლის დანაწესი (ხელშეკრულების მისადაგება შეცვლილი გარემოებებისადმი). აპელანტმა ყველა მტკიცებულება წარადგინა იმის დასადასტურებლად, რომ მოსაასფალტებელ ქუჩებზე შეუძლებელი იყო მუშაობა. ამასთან, მოპასუხეს, არც ხელშეკრულების დადების დროს და არც შემდგომ არ გაუფრთხილებია მოსარჩელე, რომ სარეაბილიტაციო ქუჩებზე სექტემბერ-ოქტომბერში სხვა სამუშაოებიც უნდა შესრულებულიყო.
9.3. სასამართლომ არ გამოიკვლია, ჰქონდა თუ არა მოპასუხის მხრიდან იძულებას ადგილი. ამ უკანასკნელმა ისარგებლა მოსარჩელის მძიმე მატერიალური მდგომარეობით და აიძულა, უკანონოდ დაკისრებული პირგასამტეხლო საკრებულოს ანგარიშზე ჩაერიცხა.
9.4. გარდა ამისა, სასამართლომ არ გამოიყენა სსკ-ის 420-ე მუხლი (პირგასამტეხლოს შემცირება სასამართლოს მიერ) და საქმის გარემოებათა გათვალისწინებით, არ შეამცირა შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო.
10. თბილისის სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვისას აპელანტმა შეამცირა სასარჩელო მოთხოვნა და მოპასუხისთვის მხოლოდ 139 406,1 ლარის (მის მიერ გადახდილი პირგასამტეხლოს) დაკისრება (უკან დაბრუნება) მოითხოვა.
11. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 26 დეკემბრის გადაწყვეტილებით სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა: მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ 38 434,5 ლარის გადახდა დაეკისრა. სასამართლომ გაიზიარა პირველი ინსტანციის მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებები და შემდეგი დასკვნები გამოიტანა:
11.1. იმ გარემოების მტკიცების ტვირთი, რომ მოპასუხემ მოსარჩელის 2012 წლის 13 სექტემბრის წერილს უპასუხა და სამუშაოების შესრულების ვადის 2012 წლის 7 ოქტომბრამდე გაგრძელებაზე თანხმობა არ გაუცია, მოპასუხეს ეკისრებოდა (საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის, შემდეგში სსსკ-ის, 102-ე მუხლის პირველი ნაწილი). რადგანაც ამ უკანასკნელმა ვერ შეძლო მითითებული გარემოების დამტკიცება, სასამართლომ მიიჩნია, რომ მოსარჩელეს პირგასამტეხლო უნდა დაჰკისრებოდა არა 2012 წლის 20 სექტემბრიდან, არამედ 2012 წლის 7 ოქტომბრიდან - 19 ნოემბრამდე (ანუ 43 დღეზე, ნაცვლად 60 დღისა), რაც, მოცემულ შემთხვევაში, ზედმეტად გადახდილი პირგასამტეხლოს - 38 434,5 ლარის (2260.85X17 დღეზე) უკან დაბრუნების საფუძველს ქმნის.
11.2. სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა მოპასუხის მითითება, რომ მოსარჩელემ, მიღება-ჩაბარების აქტზე ხელმოწერით, ფაქტობრივად, აღიარა ვალდებულება და განმარტა, რომ მიღება-ჩაბარების აქტი წარმოადგენს მოსარჩელის მიერ 1 127 296,77 ლარის ღირებულების სამუშაოებისა და „შემსყიდველის“ მხრიდან მისთვის 139 406,1 ლარის პირგასამტეხლოს დარიცხვის ფაქტობრივი გარემოებების დამადასტურებელ მტკიცებულებას და მასზე მოსარჩელე ორგანიზაციის დირექტორის ხელმოწერის არსებობა არ არის საკმარისი იმისთვის, რომ ვალის აღიარებად შეფასდეს.
12. სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ. მან გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის უარყოფა მოითხოვა. კასატორის მოსაზრებით:
12.1. სააპელაციო სასამართლომ არასწორად დაადგინა, ის ფაქტი რომ სარემონტო სამუშაოების შესრულების ვადა 2012 წლის 7 ოქტომბრამდე გაგრძელდა. სინამდვილეში, იმავე წლის 14 სექტემბრის საპასუხო წერილით მოსარჩელეს ფოსტის საშუალებით ეცნობა იმის შესახებ, რომ შემკვეთი ვადის გაგრძელებაზე თანახმა არ იყო. ჩაბარების დამადასტურებელი მტკიცებულების მოპოვება ვერ მოხერხდა, რადგან გზავნილების მოძიების პერიოდი განისაზღვრება 6 თვის ვადით, სარჩელი კი აღიძრა 2013 წლის მაისში.
12.2. სასამართლომ არ გაითვალისწინა ხელშეკრულების 14.5. პუნქტის დათქმა, რომლის მიხედვითაც ხელშეკრულებაში ნებისმიერი ცვლილება ან დამატება ძალაში შედიოდა და იურიდიულ ძალას შეიძენდა მხოლოდ მას შემდეგ, რაც წერილობით შეთანხმებას ორივე მხარე მოაწერდა ხელს.
13. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 24 სექტემბრის განჩინებით, სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტების საფუძველზე დასაშვებად იქნა ცნობილი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო საჩივარი დასაბუთებულია, შესაბამისად, გასაჩივრებული გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელი უარყოფილ უნდა იქნეს.
14. სსსკ-ის 407-ე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებულ პრეტენზიაში იგულისხმება მითითება იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორმა სააპელაციო სასამართლოს მიერ მატერიალურ-სამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენებისა და განმარტების კუთხით დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება) წარმოადგინა.
15. შემკვეთისათვის გადახდილი 139 406.1 ლარის უკან დაბრუნების მოთხოვნას მოსარჩელე უსაფუძვლო გამდიდრების ნორმებზე ამყარებდა (სსკ-ის 976-ე მუხლის პირველი ნაწილი „ა“ ქვეპუნქტი, 978-ე და 979-ე მუხლის პირველი ნაწილი). ის ამტკიცებდა, რომ არ იყო ვალდებული, მოპასუხისათვის გადაეხადა პირგასამტეხლო და ჯარიმა - 139 406,1 ლარი, რადგანაც სამუშაოების შესრულების ვადა მას არ დაურღვევია. შემკვეთი ემუქრებოდა, რომ არ აუნაზღაურებდა შესრულებული სამუშაოების ღირებულებას, რის გამოც ის იძულებული გახდა, გადაეხადა მოთხოვნილი პირგასამტეხლო. მან შემკვეთს წერილობით შეატყობინა, რომ მოსაასფალტებელი ქუჩებიდან ორ მათგანზე (ბ-ისა და ს-ს ქუჩებზე) გამოვლინდა ე.წ. სამუშაოების ზედდება, კერძოდ, ამ ქუჩებზე სხვა ორგანიზაცია წყლის სისტემის სარეაბილიტაციო სამუშაოებს ასრულებდა. გარდა ამისა, ასფალტ-ბეტონის მოსამზადებელი ნედლეული საზღვარგარეთიდან დაგვიანებით შემოდიოდა, რის გამოც მან სამუშაოების ვადის გაგრძელება 2012 წლის 7 ოქტომბრამდე ითხოვა. რადგანაც შემკვეთი ემუქრებოდა, რომ არ აუნაზღაურებდა შესრულებული სამუშაოების ღირებულებას, ის იძულებული იყო, გადაეხადა მოთხოვნილი პირგასამტეხლო.
16. შემკვეთის საკასაციო პრეტენზია შეეხება იმას, რომ გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაში გამოტანილი დასკვნა, 2012 წლის 7 აგვისტოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული გზების სარემონტო სამუშაოების შესრულების ვადის 2012 წლის 7 ოქტომბრამდე გაგრძელების შესახებ, არასწორია. საკასაციო პალატა იზიარებს კასატორის აღნიშნულ პრეტენზიას შემდეგი დასაბუთებით: 16.1. სააპელაციო სასამართლომ მენარდის მიერ სარემონტო სამუშაოების შესრულების ვადა გაგრძელებულად მიიჩნია და დაასკვნა, რომ მოსარჩელეს პირგასამტეხლო უნდა დაჰკისრებოდა არა 2012 წლის 20 სექტემბრიდან, არამედ 2012 წლის 7 ოქტომბრიდან - 19 ნოემბრამდე (ანუ 43 დღეზე, ნაცვლად 60 დღისა), რაც მოცემულ შემთხვევაში, ზედმეტად გადახდილი პირგასამტეხლოს - 38 434,5 ლარის (2260.85X17 დღეზე) უკან დაბრუნებას ექვემდებარებოდა. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სააპელაციო სასამართლომ მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის არასწორად განაწილებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების მცდარი შეფასების შედეგად არასწორი დასკვნა გამოიტანა სარჩელის ნაწილობრივ საფუძვლიანობასთან მიმართებით. სასამართლომ იმ გარემოების მტკიცების ტვირთი, რომ მოპასუხემ მოსარჩელის 2012 წლის 13 სექტემბრის წერილს უპასუხა და სამუშაოების შესრულების ვადის 2012 წლის 7 ოქტომბრამდე გაგრძელებაზე თანხმობა გასცა, მოპასუხეს არასწორად დააკისრა. დადგენილია, რომ მოცემული დავა ნარდობის სახელშეკრულებო ურთიერთობას უკავშირდება (სსკ-ის 629-ე და მომდევნო მუხლები). მხარეებმა 2012 წლის 7 აგვისტოს ნარდობის ხელშეკრულება წერილობით გააფორმეს და დათქვეს, რომ ხელშეკრულებაში ნებისმიერი ცვლილების ან დამატების შეტანა წერილობით უნდა მომხდარიყო (იხ. 2012 წლის 7 აგვისტოს ხელშეკრულების 14.5 პუნქტი, ტ.1. ს.ფ.21). კანონის თანახმად, ფორმას უზრუნველყოფდა წერილების ურთიერთგაცვლაც (სსკ-ის 328-ე მუხლის მეორე ნაწილი). ამ კუთხით დასაბუთებისა და მტკიცების ტვირთის მატარებელი იყო მოსარჩელე. სამოქალაქო საპროცესო სამართალში მოქმედი სადავო გარემოებების მტკიცების სტანდარტის მიხედვით, ყოველი მხარე ვალდებულია, სათანადო მტკიცებულებების წარდგენით, დაადასტუროს საკუთარი პოზიციის სისწორე და უტყუარობა სასამართლოს წინაშე. აღნიშნული წესი, იშვიათი გამონაკლისის გარდა, გულისხმობს შემდეგს: მოსარჩელემ უნდა წარადგინოს მის სასარჩელო განცხადებაში მითითებული გარემოებების დამადასტურებელი მტკიცებულებები, ხოლო მოპასუხე, რომელიც არ ეთანხმება სასარჩელო განცხადებას, მოსარჩელის არგუმენტებისაგან თავდაცვის მიზნით, ვალდებულია, საპასუხო მტკიცებულებების წარდგენით გააქარწყლოს მოსარჩელის პოზიცია (სსსკ-ის 102-ე მუხლის პირველი ნაწილი). მენარდემ, რომელიც თავის მოთხოვნას სარემონტო სამუშაოების ვადის 2012 წლის 7 ოქტომბრამდე გაგრძელებაზე ამყარებდა, ვერ წარუდგინა სასამართლოს ვადის გაგრძელების დამადასტურებელი მტკიცებულება. მან ვერ დაამტკიცა, რომ შემკვეთი საპასუხო წერილით ვადის გაგრძელებას დასთანხმდა. პირიქით, ამ გარემოების გასაბათილებლად შემკვეთმა სასამართლოს წარუდგინა 2012 წლის 14 სექტემბერს მენარდისათვის გაგზავნილი საპასუხო წერილი #725, საიდანაც დასტურდება, რომ ვადის გაგრძელებაზე შეთანხმება არ შედგა (იხ. ტ.1. ს.ფ114.). გარდა ამისა, საქმეში წარმოდგენილია ორივე მხარის მიერ ხელმოწერილი 2012 წლის 10 დეკემბრის სამშენებლო-სარემონტო სამუშაოების მიღება-ჩაბარების აქტი (იხ.ტ.1. ს.ფ.118), საიდანაც დგინდება, რომ მენარდე ფაქტობრივად ადასტურებდა ვადის გადაცილებას და თანახმა იყო, გადაეხადა პირგასამტეხლო 139 406,1 ლარი, რაც მან შეასრულა კიდეც.
16.2. ამრიგად, რადგანაც მენარდემ დაარღვია ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება, კერძოდ, ხელშეკრულებით გათვალისწინებული სარემონტო სამუშაოები, 2012 წლის 20 სექტემბრის ნაცვლად, იმავე წლის 19 ნოემბერს დაასრულა, მას, სსკ-ის 417-ე-418-ე მუხლების საფუძველზე, წარმოეშვა შემკვეთისათვის პირგასამტეხლოს გადახდის ვალდებულება, რამაც 139 406.1 ლარი შეადგინა.
17. რაც შეეხება მოსარჩელის მტკიცებას, რომ, რადგანაც ის შემკვეთმა აიძულა გადაეხადა პირგასამტეხლო, სსკ-ის 978-ე მუხლის დანაწესი მას ანიჭებდა შესრულებულის უკან დაბრუნების მოთხოვნის უფლებას, საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს. ჯერ ერთი, არც ამ გარემოების დამადასტურებელი მტკიცებულება არ წარმოუდგენია მას, მეორეც, რომც დადასტურებულად მიგვეჩნია იძულება, მოთხოვნა მაინც წარუმატებელი იქნებოდა, რადგანაც შემკვეთს უფლება ჰქონდა გადაცემულზე (პირს, რომელიც მეორე პირს გადასცემს რაიმეს არა ვალდებულების შესასრულებლად, არამედ იძულების ან მუქარის საფუძველზე, შეუძლია, მოითხოვოს მისი უკან დაბრუნება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა მიმღებს უფლება ჰქონდა გადაცემულზე, მუხლი 978).
18. სსსკ-ის 411-ე მუხლის თანახმად, საკასაციო სასამართლო თვითონ მიიღებს გადაწყვეტილებას საქმეზე, თუ არ არსებობს ამ კოდექსის 412-ე მუხლით გათვალისწინებული გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის სააპელაციო სასამართლოში განსახილველად დაბრუნების საფუძვლები. მოცემულ შემთხვევაში საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ ფაქტობრივი გარემოებები სამართლებრივად სწორად არ შეაფასა, რამაც საქმეზე არასწორი გადაწყვეტილების მიღება განაპირობა.
19. კასატორი სახელწიფო ბაჟის გადახდისგან გათავისუფლებულია.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 372-ე, მე-8, 408-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 411-ე მუხლით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
1. ქარელის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს;
2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 26 დეკემბრის გადაწყვეტილება იმ ნაწილში, რომლითაც ნაწილობრივ დაკმაყოფილდა შპს „კ--ის“ სარჩელი და ქარელის მუნიციპალიტეტის საკრებულოს შპს „კ--ის“ სასარგებლოდ დაეკისრა 38 434.50 ლარისა და სახელმწიფო ბაჟის – 2063.50 ლარის გადახდა;
3. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებულ ნაწილში მიღებულ იქნას ახალი გადაწყვეტილება;
4. შპს „კ--ის“ სარჩელი მოპასუხე ქარელის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიმართ გადახდილი პირგასამტეხლოს უკან დაბრუნების თაობაზე არ დაკმაყოფილდეს;
5. საკასაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ.თოდუა
მოსამართლეები: პ. ქათამაძე
ე. გასიტაშვილი