№ას-311-296-2016 30 ივნისი, 2016 წელი,
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა/მოსამართლეები:
მზია თოდუა (თავმჯდომარე),
პაატა ქათამაძე (მომხსენებელი),
ეკატერინე გასიტაშვილი
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე
კასატორი (მოპასუხე) – სს „ს...ა“
მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) – სს „ე...ია“
გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 3 თებერვლის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
დავის საგანი –მოხმარებული ელექტროენერგიის ღირებულების დაკისრება
II. აღწერილობითი ნაწილი:
1. სს ,,ს...ის“ (რომელიც შემდეგში ტექსტში მოხსენიებულია, როგორც მოსარჩელე ან კომპანია) ელექტროენერგიით მომარაგებას სს ,,ე...ია” (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც კასატორი ან მოპასუხე) კუთვნილ ობიექტზე, მდებარე ქ. ბ-ში, ხ-ს ქ. №...-ში, 2013 წლის 19 ივლისამდე უზრუნველყოფდა. მოხმარებული ელექტროენერგიის რაოდენობა განისაზღვრებოდა ინდივიდუალური მრიცხველის ჩვენებაზე დაყრდნობით (საქართველოს სამოქალაქო კოდექსის, შემდეგში სსკ-ის, 477-ე მუხლი, ელექტროენერგიის სიმძლავრის, მიწოდებისა და მოხმარების წესების დამტკიცების შესახებ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის №20 დადგენილების 3.1. მუხლი).
2. 2012 წლის 18 ნოემბერს, მოსარჩელე კომპანიის წარმომადგენლებმა ზემოხსენებულ ობიექტზე შეამოწმეს ელექტროენერგიის აღრიცხვის კვანძი და დაადგინეს, რომ მრიცხველი შეფერხებით მუშაობდა, დახარჯულ ელექტროენერგიას სრულად არ აღრიცხავდა და აუცილებელი იყო შეცვლა.
3. დაზიანებული კვანძი მოსარჩელემ 2013 წლის 4 თებერვალს ახლით შეცვალა.
4. 2013 წლის 4 ოქტომბერს მოსარჩელემ შეადგინა წერილობითი დოკუმენტი -აქტი, რომლის მიხედვითაც ელექტროენერგია არ აღირიცხებოდა 2012 წლის 18 ივლისიდან 2012 წლის 18 ნოემბრამდე. აქტში აღინიშნა, რომ ამ პერიოდში მოხმარებული, მაგრამ აღურიცხავი ენერგიის ოდენობის დადგენის მიზნით, გადაისინჯა ის პერიოდი, როდესაც კვანძის მიერ გამართულად აღირიცხებოდა დახარჯული ელექტროენერგია. დადგინდა, რომ დაკვირვების პერიოდში (2011 წლის 1 აგვისტოდან 2011 წლის 1 ნოემბრამდე), ობიექტის საშუალო დღიური დანახარჯი შეადგენდა 198.26 კვტ.სთ-ს. შესაბამისად, 2012 წლის 18 ივლისიდან 18 ნოემბრამდე მოხმარებული, მაგრამ აღურიცხავი ენერგიის ღირებულებამ 1523.98 ლარი შეადგინა (“ელექტროენერგიის (სიმძლავრის) მიწოდებისა და მოხმარების წესების”დამტკიცების შესახებ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის №20 დადგენილების 30-ე მუხლის მე-5 პუნქტი).
5. მოხმარებული, მაგრამ აღურიცხავი ელექტროენერგიის ღირებულების (1523.98 ლარის) გადახდაზე მოპასუხემ უარი განაცხადა.
6. 2015 წლის 10 ივლისს მოსარჩელემ სარჩელი აღძრა მოპასუხის წინააღმდეგ და წინამდებარე განჩინების 1-5 პუნქტებში მითითებულ ფაქტობრივ გარემოებებზე დაყრდნობით 1523.98 ლარის დაკისრება მოითხოვა.
7. მოპასუხემ სარჩელი არ ცნო. ის ამტკიცებდა, რომ დახარჯული ელექტროენერგიის ღირებულებას სრულად იხდიდა. მისთვის გაუგებარი იყო, 2013 წლის 4 ოქტომბრის შემოწმებისა და დარიცხვის აქტით მოსარჩელე რას მოითხოვდა მისგან, მაშინ, როდესაც 2013 წლის 19 ივლისიდან მათ შორის ურთიერთობა შეწყვეტილი იყო, რადგანაც მოსარჩელე აღარ აწვდიდა ელექტროენერგიას.
8. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 7 ოქტომბრის გადაწყვეტილებით, სარჩელი დაკმაყოფილდა. მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ 1523.98 ლარის გადახდა დაეკისრა. სასამართლომ იხელმძღვანელა სსკ-ის 361-ე, 316-ე, 327-ე, 477-ე, “ელექტროენერგიის (სიმძლავრის) მიწოდებისა და მოხმარების წესების დამტკიცების შესახებ” საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის №20 დადგენილების მეორე მუხლის პირველი ნაწილით და 30-ე მუხლით და, დადგენილ ფაქტობრივ გარემოებათა სამართლებრივი შეფასების საფუძველზე, დაადგინა, რომ:
8.1. მოპასუხის ელექტროენერგიის აღრიცხვის კვანძი მწყობრიდან იყო გამოსული და ის ახალი მრიცხველით შეიცვალა. აღურიცხავი ელექტროენერგიის დადგენის მეთოდიკა აღწერილია ,,ელექტროენერგიის (სიმძლავრის) მიწოდებისა და მოხმარების წესების დამტკიცების შესახებ” საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის №20 დადგენილების 30-ე მუხლში. სწორედ ამ წესის დაცვით დაიანგარიშა მოსარჩელემ აღურიცხავი ენერგიის მოცულობა და იგი გაავრცელა დადგენილებით გათვალისწინებულ სამ თვეზე. დაანგარიშებისას, მოსარჩელემ გაითვალისწინა შედარების მეთოდი, ასევე - მოწესრიგებული აღრიცხვიანობის პერიოდში ენერგიის ხარჯვის საკითხი, მუშაობისა და გამოყენებული დანადგარების შესაძლო დატვირთვის რეჟიმი, სეზონური ცვლილებები და დაადგინა, რომ მოპასუხემ საშუალოდ მოიხმარა 1523.98 ლარის ელექტროენერგია. სასამართლომ მიიჩნია, რომ გადასახდელი თანხა სწორადაა დაანგარიშებული და ვალდებულების შესრულებისა და მხარეთა თანასწორობის აღდგენის მიზნით, მოპასუხე ვალდებულია, მოსარჩელეს გადაუხადოს მოხმარებული ელექტროენერგიის ღირებულება - 1523.98 ლარი.
9. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებაზე სააპელაციო საჩივარი შეიტანა მოპასუხემ. მან ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის უარყოფა მოითხოვა შემდეგ გარემოებებზე მითითებით:
9.1. სასამართლომ არასწორად დაადგინა ფაქტობრივი გარემოებები, რასაც შედეგად არასწორი სამართლებრივი შეფასება მოჰყვა, კერძოდ, საქართველოს ენერგეტიკის მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2007 წლის 30 მაისის №9 დადგენილების შესაბამისად, მოხმარებული ელექტროენერგიის საფასური აბონენტს უნდა გადაეხადა ყოველთვიურად, დახარჯული ელექტროენერგიის შესაბამისად. მას დავალიანება, 80.60 ლარი, გადახდილი აქვს სრულად.
9.2. როგორც აღრიცხვის კვანძის შემოწმების აქტით დასტურდება, მრიცხველი მუშაობდა შეფერხებით და საჭიროებისამებრ არა 7 დღის ვადაში, არამედ თითქმის 4 თვის დაგვიანებით შეიცვალა. მოსარჩელე ვალდებული იყო, დროულად ეცნობებინა მოპასუხისთვის დავალიანების არსებობის თაობაზე. მას დავალიანების შესახებ მხოლოდ მას შემდეგ ეცნობა, როცა გაუქმდა აბონენტის რეგისტრაცია და მრიცხველის დემონტაჟი მოხდა, კერძოდ, 2013 წლის 19 ივლისის შემდგომ.
10. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 3 თებერვლის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. უცვლელად დარჩა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 7 ოქტომბრის გადაწყვეტილება. სასამართლომ სრულად გაიზიარა პირველი ინსტანციის მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები და სამართლებრივი შეფასებები და აღნიშნა:
10.1. „ელექტროენერგიის (სიმძლავრის) მიწოდებისა და მოხმარების წესების” დამტკიცების შესახებ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის №20 დადგენილების მოთხოვნათა შესაბამისად, მოსარჩელე უზრუნველყოფდა მოპასუხე მხარის ელექტროენერგიით მომარაგებას. იმ ფაქტობრივი გარემოებიდან გამომდინარე, რომ მოპასუხის ელექტროენერგიის აღრიცხვის კვანძი მწყობრიდან იყო გამოსული, ის სათანადოდ არ აღრიცხავდა მოხმარებულ ელექტროენერგიას. მწყობრიდან გამოსული მრიცხველი ახალი მრიცხველით შეიცვალა. ,,ელექტროენერგიის (სიმძლავრის) მიწოდებისა და მოხმარების წესების დამტკიცების შესახებ” საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის №20 დადგენილების 30-ე მუხლის დაცვით, მოსარჩელემ მოპასუხეს სამი თვის გაანგარიშებით დაარიცხა მოხმარებული და აღურიცხავი ელექტროენერგიის საფასური, რომელმაც 1523.98 ლარი შეადგინა. მოპასუხემ, როგორც მყიდველმა, მას მოხმარებული ელექტროენერგიის საფასური დასახელებული დადგენილებისა და სსკ-ის 477-ე მუხლის მეორე ნაწილის მოთხოვნათა შესაბამისად უნდა გადაუხადოს.
11. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ.
11.1. კასატორი ამტკიცებს, რომ 2007 წლის 4 სექტემბრიდან 2013 წლის 17 ივლისამდე მოხმარებული ელექტროენერგიის დავალიანება მას არასწორად დაერიცხა. ამ პერიოდში მოხმარებული ელექტროენერგიის საფასურს ის საქართველოს ენერგეტიკის მარეგულირებელი კომისიის 2007 წლის 30 მაისის N9 დადგენილებით დამტკიცებული წესის თანახმად, ამოწერილი ქვითრის მონაცემების მიხედვით, ყოველთვიურად იხდიდა.
11.2. მოსარჩელე ვალდებული იყო, დაზიანებული მრიცხველი შეეცვალა 7 დღეში, მან კი 4 თვის დაგვიანებით შეცვალა. გარდა ამისა, ის ვალდებული იყო, კასატორისთვის დროულად, და არა მრიცხველის დემონტაჟის შემდეგ, ეცნობებინა დავალიანების არსებობის შესახებ.
12. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2016 წლის 11 აპრილის განჩინებით საკასაციო საჩივარი წარმოებაში იქნა მიღებული საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის, შემდეგში სსსკ-ის, 391-ე მუხლის მიხედვით, დასაშვებობის შესამოწმებლად.
III. ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
13. საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს და არ არის დასაშვები.
14. სსსკ-ის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. აღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
15. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით.
16. სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილული არ არის მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე. სააპელაციო სასამართლოს მიერ გამოტანილი განჩინება გასაჩივრებული გადაწყვეტილების ძალაში დატოვების შესახებ არსებითად სწორია.
17. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც იმ საფუძვლით, რომ სააპელაციო სასამართლოს განჩინება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან.
18. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ წინამდებარე განჩინების მე-11 პუნქტში ჩამოთვლილი კასატორის არცერთი პრეტენზია არაა გასაზიარებელი, რადგანაც საქმის ფაქტობრივი გარემოებების მისეული გადმოცემა და ინტერპრეტაცია საქმის მასალებთან შეუსაბამო და არადამაჯერებელია.
18.1. მოსარჩელის მოთხოვნა, მოხმარებული და აღურიცხავი ელექტროენერგიის ღირებულების - 1523.98 ლარის გადახდის თაობაზე, სსკ-ის 477-ე მუხლის მეორე ნაწილიდან გამომდინარეობს. მის მიერ წარმოდგენილი დავალიანების დარიცხვის აქტი Nა7/2-4470 ადასტურებს, რომ ელელქტროენერგიის აღურიცხავობა მოიცავს 2012 წლის 18 ივლისიდან 18 ნოემბრამდე პერიოდს, ანუ სულ 123 დღეს და არა 2007 წლის 4 სექტემბრიდან 2013 წლის 17 ივლისამდე პერიოდს, როგორც ამას კასატორი მიუთითებს. გარდა ამისა, ამ უკანასკნელის მსჯელობა სათანადო არგუმენტაციასაა მოკლებული, რადგანაც ის ფაქტობრივად არ უარყოფდა ელ.მრიცხველის გაუმართაობის ფაქტს, რასაც შედეგად მოხმარებული პროდუქტის არასწორი აღრიცხვა მოჰყვა. შესაგებელში, იგი მხოლოდ სიტყვიერად, სათანადო მტკიცებულების წარდგენის გარეშე მიუთითებდა, რომ მისი მხრიდან აქტზე ხელმომწერ პირს შესაბამისი უფლებამოსილება არ გააჩნდა.
18.2. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ მოსარჩელემ დასაშვები მტკიცებულებებით დაამტკიცა ელექტრომრიცხველის გაუმართაობა, რომლის შემდეგაც მან იმოქმედა ,,ელექტროენერგიის (სიმძლავრის) მიწოდებისა და მოხმარების წესების დამტკიცების შესახებ” საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის №20 დადგენილების 30-ე მუხლის მიხედვით და, ვინაიდან, მოპასუხის მიერ დახარჯული ელექტროენერგიის განსაზღვრა შეუძლებელი იყო ელექტროენერგიის მრიცხველის დაზიანების პირობებში, მომხმარებელს ელექტროენერგიის აღურიცხავად დახარჯვის პერიოდზე დაეკისრა საფასური, რომელიც გამოთვალა მრიცხველის გამართულად მუშაობისას, სამი თვის განმავლობაში მოხმარებული ელექტროენერგიის რაოდენობის საშუალო თვიური მაჩვენებლით. მოსარჩელემ შეისწავლა ელექტროენერგიის მოხმარების მაჩვენებელი 2012 წლის 1 აგვისტოდან 1 ნოემბრამდე და დაადგინა, რომ იმავე თვეების განმავლობაში, მაგრამ ერთი წლით ადრე, მოპასუხე მოიხმარდა დღეში 198.26 კვტ-ს, რაც გადამრავლდა 123 დღეზე (2012 წლის 18 ივლისი - 18 ნოემბერი) და შეადგინა 24 385.98 კვტ.სთ. ამ მაჩვენებელს გამოაკლდა დაზიანებული მრიცხველის მიერ იმავე 123 დღის განმავლობაში აღრიცხული 18 240 კვტ.სთ, რამაც ჯამში შეადგინა 9 524.38 კვტ.სთ. (იხ.ტ.1. ს.ფ. 25-26).
18.3. განსახილველ შემთხვევაში მოპასუხისათვის დავალიანების დაგვიანებით შეტყობინების ფაქტის დადგენა და ელექტრომრიცხველის დაგვიანებით შეცვლა სამართლებრივ სურათს არ ცვლის, რადგანაც სახელშეკრულებო მოთხოვნა წარმოშობილია და განხორციელებადია, რადგანაც მოპასუხის მიერ ვალდებულების დარღვევა გამოვლინდა 2012 წლის 18 ოქტომბერს, სარჩელი კი აღიძრა 2015 წლის 10 ივლისს, ანუ კანონით გათვალისწინებულ სამწლიან ვადაში (სსკ-ის 129-ე მუხლი, შდრ.სუსგ ას-1663-1560-2012; ას-1061-1001-2015; ას-692-658-2015; ას-844-794-2015).;
19. საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
20. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ დაადგინა საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მისაღებად საჭირო ყველა ფაქტობრივი წანამძღვარი და სამართლებრივად სწორად შეაფასა. შესაბამისად, რადგანაც კასატორმა ვერ დაძლია გასაჩივრებული განჩინების დასაბუთება დამაჯერებელი და სარწმუნო მტკიცებულებებით, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის კანონისმიერი საფუძვლები.
IV. ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 399-ე, 372-ე, 7.2, 257.1, 264.3, 391-ე მუხლებით, 401-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. სს „ს...ის“ საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;
2. კასატორ სს „ს...ას“ დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის (300.00 ლარის, საგადახდო დავალება #12539, გადახდის თარიღი 21.03.2016) 70% – 210.00 ლარი;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ. თოდუა
მოსამართლეები: პ. ქათამაძე
ე. გასიტაშვილი