Facebook Twitter

№ას-699-670-2016 21 ოქტომბერი, 2016 წელი,

ას-699-670-2016-მ-ა თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა/მოსამართლეები:

მზია თოდუა (თავმჯდომარე),

პაატა ქათამაძე (მომხსენებელი),

ეკატერინე გასიტაშვილი

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორები (მოპასუხეები) – კ., გ. და კ. ღ-ეები

მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) – ნ. ქ-ის უფლებამონაცვლე მ. მ-ა

გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 23 ივნისის განჩინება

კერძო საჩივრის ავტორთა მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი – უფლებამონაცვლედ ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

1. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 30 სექტემბრის გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა ნ. ქ-ის (შემდგომში - მოსარჩელის) სარჩელი და ბათილად იქნა ცნობილი ქ.ქუთაისში, ს. პ-ის ქ.№...-ში მდებარე უძრავ ქონებაზე მოსარჩელესა და კ., კ. და გ. ღ-ეებს (შემდგომში - მოპასუხეებს ან აპელანტებს) შორის 2009-2013 წლებში დადებული სხვადასხვა გარიგებები, მათ შორის, 2009 წლის 26 ნოემბრის ანდერძი, რომლის თანახმადაც, ერთ-ერთ მოპასუხეს (კ. ღ-ეს) მოსარჩელის მთელი ქონება ეანდერძა.

2. დასახელებული გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრეს მოპასუხეებმა. სააპელაციო სასამართლოში სამართალწარმოების მიმდინარეობისას აპელანტებმა სასამართლოში წარადგინეს შუამდგომლობა და ითხოვეს განსახილველი სამოქალაქო საქმისწარმოების შეჩერება იმ მოტივით, რომ მოსარჩელე გარდაიცვალა და გამოსარკვევი იყო უფლებამონაცვლეობის საკითხი.

3. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2014 წლის 19 ნოემბრის განჩინებით, მოწინააღმდეგე მხარის გარდაცვალების გამო, მისი უფლებამონაცვლის დადგენამდე, საქმისწარმოება შეჩერდა ექვსი თვის ვადით.

4. 2015 წლის 25 თებერვალს, გარდაცვლილი მოსარჩელის მეურვემ და მემკვიდრემ, მ. მ-ამ (შემდეგში - მოსარჩელის უფლებამონაცვლემ ან მეურვემ), სასამართლოს საქმის წარმოების განახლების განცხადებით მიმართა. ის, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდეგში სსკ-ის) 1421-ე მუხლის მეორე ნაწილზე დაყრდნობით ამტკიცებდა, რომ მან, როგორც გარდაცვლილის ერთადერთმა მემკვიდრემ და მისმა მეურვემ, სამკვიდრო ქონების მიღების მიზნით სანოტარო ორგანოს მიმართა. განმცხადებლის მოსაზრებით, აღნიშნული ქმედება (ნოტარიუსისადმი მიმართვა) განსახილველ სამოქალაქო დავაში გარდაცვლილის უფლებამონაცვლედ ცნობისა და საქმის წარმოების განახლებისთვის საკმარისი საფუძველია.

5. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2015 წლის 23 აპრილის განჩინებით მოსარჩელის მეურვისა და მემკვიდრის განცხადება დაკმაყოფილდა და იგი მოსარჩელის უფლებამონაცვლედ იქნა ცნობილი.

6. აღნიშნული განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრეს აპელანტებმა. მათი განმარტებით, სასამართლომ არასწორად მიიჩნია, რომ მემკვიდრის მიერ ნოტარიუსისათვის მიმართვა ადასტურებდა სამკვიდროს მიღებას მაშინ, როდესაც გარდაცვლილის მეურვეს სამკვიდრო მოწმობა ჯერ მიღებული არ ჰქონდა; სასამართლოს ქმედება კიდევ უფრო გაუმართლებელია იმ ვითარებაში, როცა გარდაცვლილ მამკვიდრებელს ერთ-ერთი მოპასუხის - კ. ღ-ის სახელზე შედგენილი ჰქონდა ანდერძი, რომელიც, მართალია, პირველი ინსტანციის სასამართლომ ბათილად ცნო, მაგრამ გადაწყვეტილება ჯერ კანონიერ ძალაში არ შესულა.

7. იმავდროულად, ერთერთმა მოპასუხემ, როგორც ანდერძისმიერმა მემკვიდრემ, დამოუკიდებელი განცხადებით მიმართა სააპელაციო სასამართლოს და მოსარჩელის უფლებამონაცვლედ მისი ჩაბმა მოითხოვა. განმცხადებელმა აღნიშნა, რომ მან, როგორც გარდაცვლილის ანდერძისმიერმა მემკვიდრემ, სამკვიდროს მიღების მოთხოვნით განცხადებით უკვე მიმართა ნოტარიუსს, ექვსი თვის გასვლის შემდგომ იგი მიიღებს სამკვიდრო მოწმობას, რის საფუძველზეც მას გააჩნია უკეთესი სამართლებრივი საფუძველი, ვიდრე გარდაცვლილი მოსარჩელის მეურვეს, გახდეს ამ უკანასკნელის უფლებამონაცვლე.

8. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 28 სექტემბრის განჩინებით კერძო საჩივარი დაკმაყოფილდა, გაუქმდა გასაჩივრებული განჩინება და საქმე ხელახალი განხილვის მიზნით დაუბრუნდა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს.

9. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 20 ნოემბრის განჩინებით, ვინაიდან ვერცერთმა მხარემ ვერ შეძლო გარდაცვლილის სამკვიდრო ქონებაზე მოწმობის მიღება, მხარეთა შუამდგომლობა, გარდაცვლილის უფლებამონაცვლის დადგენამდე საქმის წარმოების შეჩერების თაობაზე, არ დააკმაყოფილდა; გაუქმდა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 30 სექტემბრის გადაწყვეტილება და გარდაცვლილის სარჩელი მოპასუხეთა მიმართ დარჩა განუხილველად.

10. მითითებული განჩინება ორივე მხარემ კერძო საჩივრით გაასაჩივრა.

11. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2016 წლის 23 თებერვლის განჩინებით, ორივე კერძო საჩივარი დაკმაყოფილდა და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა იმავე სასამართლოს.

12. საკასაციო სასამართლომ განჩინებაში მიუთითა, რომ სააპელაციო სასამართლომ სათანადოდ არ გამოიკვლია საპროცესო უფლებამონაცვლეობის საკითხი, არ გაითვალისწინა და არ შეაფასა ის გარემოება, რომ მამკვიდრებელმა სიცოცხლეშივე, სხვადასხვა გარიგებებთან ერთად, სადავოდ გახადა ერთ-ერთი მოპასუხის (კ. ღ-ის) სასარგებლოდ შედგენილი ანდერძი, მისი სასარჩელო მოთხოვნა პირველი ინსტანციის სასამართლომ დააკმაყოფილა და ბათილად ცნო როგორც ანდერძი, ასევე, სხვა გარიგებებიც. ფაქტია, რომ მოსარჩელის გარდაცვალების შემდეგ კანონისმიერმა მემკვიდრემ და იმ მოპასუხემ, რომელიც სადავო ანდერძში მოხსენიებული პიროვნებაცაა, სამკვიდროს მისაღებად, განცხადება სანოტარო ორგანოში შეიტანეს კანონით დადგენილ ვადაში. ის გარემოება, რომ მათ სასამართლოს ვერ წარუდგინეს სამკვიდრო მოწმობა, უფლებამონაცვლეობის საკითხის განხილვაზე გავლენას ვერ იქონიებს შემდეგი მიზეზის გამო:

12.1. საკასაციო სასამართლოს განმარტებით, სამკვიდრო მოწმობის გაცემა მხოლოდ ცალკეულ შემთხვევაშია სავალდებულო და, როგორც წესი, ის ერთგვარი იურიდიული ფიქციაა სავალდებულო უფლებების მარეგისტრირებელ ორგანოში აღრიცხვისთვის; იგი გულისხმობს არა სამკვიდროს მიღებას აღნიშნული მოწმობის საფუძველზე, არამედ სამკვიდროს მიღებაზე განცხადებული ნების დოკუმენტურ დადასტურებას, ამიტომ, სამოქალაქო კოდექსით განსაზღვრული უფლებამონაცვლეობის ინსტიტუტი არ შეიძლება, დავუკავშიროთ ნოტარიუსის მიერ სამკვიდრო მოწმობის გაცემას, ვინაიდან ეს სამართლებრივ პროცესს ჩიხში შეიყვანს და საქმეზე სამართლიანი სასამართლოს განხორცილების პრინციპს შეეწინააღმდეგება. შესაბამისად, სასამართლოში სადავოდ ქცეული სამემკვიდრეო უფლებები თავად ამ ორგანომ უნდა შეაფასოს და გამოიტანოს დასკვნა, თუ რამდენად საკმარისია და მიზანშეწონილი, უფლებამონაცვლეობის დასადგენად სამკვიდროს მიღებაზე განცხადების შეტანა.

12.2. საკასაციო სასამართლომ, აგრეთვე, მიუთითა, რომ სააპელაციო სასამართლომ საქმის ხელახალი განხილვის დროს უნდა შეაფასოს, რამდენად აქვს მატერიალური და პროცესუალური უფლება მოპასუხეს (კ. ღ-ე), რომ მის წინააღმდეგ მიმდინარე დავაში მოწინააღმდეგე მხარის უფლებამონაცვლედ ჩაერთოს? ხომ არ დაარღვევს ეს მოსარჩელის უფლებას სამართლიანი სასამართლოს განხორციელების თაობაზე, რამდენად შეესაბამება ასეთი ქმედება სასამართლოს ძირითად ფუნქციას, დავა გადაწყვიტოს მხარეთა თანასწორუფლებიანობისა და შეჯიბრებითობის პრინციპების საფუძველზე და რამდენად შეესაბამება იგი საპროცესო ურთიერთობებში დადგენილ საკანონმდებლო წესრიგს?

13. საკასაციო სასამართლოს მიერ საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნების შემდგომ სააპელაციო პალატა გაეცნო საქმის მასალებს, მხარეთა შუამდგომლობებს, საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2016 წლის 23 თებერვლის განჩინებაში ასახულ მითითებებს და 2016 წლის 23 ივნისს მიიღო განჩინება, რომლითაც გარდაცვლილი მოსარჩელის კანონისმიერი მეკვიდრის შუამდგომლობა უფლებამონაცვლედ ცნობის თაობაზე დაკმაყოფილდა, ხოლო ანდერძისმიერი მემკვიდრის მოთხოვნა გარდაცვლილი მოსარჩელის უფლებამონაცვლედ ცნობის თაობაზე უარყოფილ იქნა შემდეგი დასაბუთებით:

13.1. დადგენილია, რომ გარდაცვლილი მოსარჩელის მეორე რიგის მემკვიდრე და მეურვე იყო მ. მ-ა, ხოლო მოპასუხე კ. ღ-ე, რომელიც მოსარჩელის ულებამონაცვლედ ცნობასაც ითხოვს, გარდაცვლილი მოსარჩელის მიერ მემკვიდრედაა დასახელებული იმ ანდერძში, რომელიც მოსარჩელემ სიცოცხლეშივე გახადა სადავო. სააპელაციო პალატის განმარტებით, იმ შემთხვევაში, თუ სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილებით დადგინდება შედავებული ანდერძის ბათილობა, კანონისმიერი მემკვიდრეობის ნორმები ამოქმედდება და მეორე რიგის კანონისმიერი მემკვიდრე შეძლებს ამ უფლების რეალიზაციას. შესაბამისად, სააპელაციო პალატის მოსაზრებით, გონივრულია გარდაცვლილი მოსარჩელის უფლებამონაცვლედ მეორე რიგის მემკვიდრის ჩაბმა. მითითებული ფაქტობრივი გარემოებები იძლევა ამ უკანასკნელის განცხადების დაკმაყოფილებისა და საქმისწარმოების განახლების შესაძლებლობას.

14. აღნიშნული განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრეს აპელანტებმა (მოპასუხეებმა) და მოითხოვეს მისი გაუქმება შემდეგი საფუძვლებით:

14.1. სააპელაციო სასამართლომ დასაბუთების გარეშე გაიზიარა საკასაციო სასამართლოს 2016 წლის 23 თებერვლის განჩინება. სასამართლო დაეყრდნო მხოლოდ იმ ფაქტს, რომ ერთ-ერთი აპელანტის სასარგებლოდ შედგენილი ანდერძი სადავოა, სინამდვილეში კი, გარდაცვლილ მოსარჩელეს ანდერძი სადავოდ არ გაუხდია და მისი ნამდვილობაც არ დაუყენებია ეჭვქვეშ. ანდერძზე დავობს მისი მეურვე, რომელმაც ექსპერტიზის ყალბი დასკვნის საფუძველზე ქმედუუნაროდ აღიარა მოსარჩელე და თავი მის მეურვედ დაინიშნა, ასევე, სასამართლომ მ. მ-ას, როგორც მეორე რიგის მემკვიდრეს, დაუსაბუთებლად მიანიჭა უპირატესობა ანდერძისმიერ მემკვიდრესთან მიმართებით. სასამართლომ არ გაითვალისწინა ის გარემოება, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსით განსაზღვრულია ანდერძისმიერ მემკვიდრეთა უპირატესობა ყველა რიგის მემკვიდრესთან მიმართებით, რადგან ანდერძით მამკვიდრებელი გამოხატავს თავის ნებას, თუ ვინ უნდა განაგოს და მართოს მისი ქონება მისი სიკვდილის შემდეგ.

14.2. გასაჩივრებული განჩინება ეფუძნება იმ ვარაუდს, რომ შესაძლებელია, მომავალში ანდერძი გაუქმდეს და სადავო ქონება დარჩეს მის ერთადერთ მემკვიდრეს - მ. მ-ას. ამით სასამართლომ წინასწარ გამოთქვა ვარაუდი ანდერძის ბათილობასთან დაკავშირებით, რაც მის მიკერძოებაზე მიუთითებს. კ. ღ-ის უფლებამონაცვლედ ცნობა კანონისმიერ მემკვიდრეს არ შეუშლიდა ხელს იმაში, რომ დამოუკიდებელი სარჩელით ედავა მამკვიდრებლის ქონებაზე.

15. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 24 გვისტოს განჩინებით, კერძო საჩივარი საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში სსსკ-ის) 414-416-ე მუხლების საფუძველზე მიღებულ იქნა განსახილველად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

16. საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობის შედეგად ასკვნის, რომ კერძო საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

17. კერძო საჩივრის ძირითადი პრეტენზია მდგომარეობს იმაში, რომ უფლებამონაცვლის განსაზღვრისათვის ანდერძისმიერ მემკვიდრეს სამართლებივი უპირატესობა გააჩნია კანონისმიერ მემკვიდრესთან მიმართებით, რასაც ვერ დაეთანხმება საკასაციო სასამართლო, კერძოდ, სსსკ-ის 92-ე მუხლი საპროცესო უფლებამონაცვლეობის საფუძვლებს აყალიბებს: სადავო ან სასამართლოს გადაწყვეტილებით დადგენილი სამართლებრივი ურთიერთობიდან ერთ-ერთი მხარის გასვლის შემთხვევაში (მოქალაქის გარდაცვალება, იურიდიული პირის რეორგანიზაცია, მოთხოვნის დათმობა, ვალის გადაცემა და სხვა), სასამართლო დაუშვებს ამ მხარის შეცვლას მისი უფლებამონაცვლით. მოყვანილი ნორმის შინაარსი ცხადყოფს, რომ საპროცესო უფლებამონაცვლეობის საფუძველი მატერიალური სამართლის ნორმებითაა განპირობებული. მატერიალური სამართალი აღიარებს სამართალურთიერთობაში სუბიექტთა შეცვლას, რასაც, თავის მხრივ, ახალი სუბიექტის მიერ წინამორბედის უფლებებისა და მოვალეობის თავის თავზე აღება უკავშირდება. ამ უფლებებსა და მოვალეობებს შორის ერთ-ერთია საპროცესო უფლებამონაცვლეობა, რომელიც ახალ სუბიექტს (უფლებამონაცვლეს) ზუსტად იმ მდგომარეობაში გადაეცემა, რა მდგომარეობაშიც არსებობდა წინამორბედის ხელში (სსსკ-ის 92.2 მუხლი). მაშასადამე, უფლებამონაცვლეობის როგორც საპროცესო, ისე მატერიალური თვალსაზრისით შეფასების შემთხვევაშიც, კერძო საჩივრის ავტორი ვერ იქნება მოსარჩელის უფლებამონაცვლე, რადგან ის წარმოადგენს მხარეს, რომელიც მოცემულ დავაში მოპასუხეა და სწორედ მას ედავებიან გარიგებით (ანდერძით) მისაღები სარგებლის სამართლებრივ საფუძვლებში. აღნიშნულის დაშვების შემთხვევაში, საქმე გვექნებოდა იურიდიულ ნონსენსთან იმ თვალსაზრისით, რომ საქმეში მოპასუხეც და მოსარჩელეც (მისი უფლებამონაცვლეც) ერთი და იგივე სუბიექტი იქნებოდა.

18. სასამართლო ასევე ვერ გაიზიარებს პრეტენზიას იმასთან მიმართებით, რომ თავად მამკვიდრებელს ანდერძი სადაოდ არასდროს გაუხდია. ამის საწინააღმდეგო დასტურდება საქმეში არსებული სასარჩელო განცხადებით, ასევე, სარჩელზე წარმოდგენილი შესაგებლითაც.

19. სსსკ-ის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. კოდექსის 410-ე მუხლის თანახმად, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ: ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.

20. ამრიგად, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ვინაიდან სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებულ განჩინებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 372-ე, 284-ე, 285-ე, 419-ე, 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. კ., გ. და კ. ღ-ეების კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 23 ივნისის განჩინება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. თოდუა

მოსამართლეები: პ. ქათამაძე

ე. გასიტაშვილი