Facebook Twitter

№ას-384-368-2016 30 ივნისი, 2016 წელი,

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა/მოსამართლეები:

მზია თოდუა (თავმჯდომარე),

პაატა ქათამაძე (მომხსენებელი),

ეკატერინე გასიტაშვილი

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი (მოსარჩელე) – კ.. ა-ი

მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) – შპს „...“

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 18 მარტის განჩინება

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის წარმოების განახლება

დავის საგანი – საწარმოს პარტნიორობიდან გასვლა და წილის კომპენსაცია

II. ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. კ.. ა-მა (შემდეგში - მოსარჩელემ, აპელანტმა ან კერძო საჩივრის ავტორმა) სარჩელი აღძრა შპს „...-ის“ (შემდეგში - მოპასუხის, საწარმოს ან მოწინააღმდეგე მხარის) წინააღმდეგ საწარმოს პარტნიორობიდან გასვლისა და მოპასუხისათვის წილის კომპენსაციის დაკისრების მოთხოვნით.

2. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 10 ნოემბრის გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა. აღნიშნული გადაწყვეტილება მოსარჩელემ სააპელაციო წესით გაასაჩივრა.

3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 8 იანვრის განჩინებით აპელანტის სააპელაციო საჩივარს დაუდგინდა ხარვეზი, კერძოდ, აპელანტს დაევალა 10 დღის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში მისი მძიმე ქონებრივი მდგომარეობის დამადასტურებელი მტკიცებულებების ან სახელმწიფო ბაჟის, 5000 ლარის, გადახდის დამადასტურებელი ქვითრის დედნის (შემოსავლის ორდერის) წარმოდგენა.

4. 2016 წლის 22 იანვარს აპელანტმა განცხადებით მიმართა სასამართლოს და მოითხოვა სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადება გადაწყვეტილების გამოტანამდე. სააპელაციო სასამართლოს 2016 წლის 1 თებერვლის განჩინებით აპელანტის განცხადება არ დაკმაყოფილდა, ამასთან, მას 7 დღით გაუგრძელდა ხარვეზის შევსების ვადა. 2016 წლის 12 თებერვალს აპელანტმა სასამართლოს წარუდგინა სახელმწიფო ბაჟის სახით 2500 ლარის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი და მოითხოვა დარჩენილი 2500 ლარის გადახდის გადავადება. სააპელაციო სასამართლომ, 2016 წლის 22 თებერვლის განჩინებით, არ დააკმაყოფილა აპელანტის შუამდგომლობა, თუმცა კვლავ გააგრძელა ხარვეზის შევსების ვადა 5 დღით. 2016 წლის 9 მარტს აპელანტმა სასამართლოს წარუდგინა 500 ლარის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი და გადაწყვეტილების გამოტანამდე ბაჟის დანარჩენი ნაწილის (2000) ლარის გადახდის გადავადების შესახებ იშუამდგომლა.

5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 18 მარტის განჩინებით სააპელაციო საჩივარი განუხილველად დარჩა. სააპელაციო სასამართლომ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში სსსკ-ის) 59-ე, მე-60 და 63-ე მუხლებზე და მიიჩნია, რომ, ვინაიდან აპელანტმა სახელმწიფო ბაჟის გადავადების ან მისი გადახდისაგან განთავისუფლების მიზნით შესაბამისი მტკიცებულებები არ წარადგინა, ამასთან, ხარვეზის შესავსებად დადგენილი ვადის გაგრძელებაც არ მოითხოვა, მისი შუამდგომლობა სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადების თაობაზე არ უნდა დაკმაყოფილებულიყო, ხოლო სააპელაციო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩენილიყო.

6. სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ განჩინებაზე კერძო საჩივარი შეიტანა აპელანტმა და მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება შემდეგი დასაბუთებით: სახელმწიფო ბაჟის ნაწილი - 3000 ლარი აპელანტმა გადაიხადა, გადასახდელი დარჩა 2000 ლარი, რომლის ერთბაშად გადახდის ფინანსური საშუალება მას არ გააჩნდა. მიუხედავად ამისა, სასამართლომ მას ხარვეზის შესავსებად დამატებითი ვადა არ დაუნიშნა, მაშინ, როდესაც ადრე არაერთხელ გაუგრძელა ეს ვადა. აპელანტის მოსაზრებით, სასამართლომ დაუსაბუთებლად დატოვა მისი სააპელაციო საჩივარი განუხილველად.

7. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 6 მაისის განჩინებით კერძო საჩივარი, სსსკ-ის 414-416-ე მუხლების საფუძველზე, მიღებულ იქნა განსახილველად.

III. ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კერძო საჩივარი დაუსაბუთებელია, შესაბამისად, არ არსებობს მისი დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი შემდეგ გარემოებათა გამო:

8. სსსკ-ის 368-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, თუ სააპელაციო საჩივარი არ უპასუხებს ამ მუხლში ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, სააპელაციო საჩივარი აღარ მიიღება. მითითებული ნორმიდან გამომდინარეობს, რომ სააპელაციო საჩივრის ხარვეზის არსებობისას სასამართლო საჩივრის ავტორს განუსაზღვრავს ვადას და დაუდგენს იმ საპროცესო მოქმედებებს, რომლებიც ხარვეზის გამოსწორებისთვის უნდა შესრულდეს. სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში ხარვეზის გამოუსწორებლობა სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველია. ამდენად, ხარვეზის გამოუსწორებლობის შემთხვევაში მხარისათვის აშკარად უარყოფითი საპროცესო შედეგი მიიღება, ამიტომ სასამართლო ვალდებულია, ხარვეზის შესახებ განჩინების სარეზოლუციო ნაწილში ზუსტად განსაზღვროს ის საპროცესო მოქმედებები, რომელთა შესრულების შემთხვევაში ხარვეზი შევსებულად ჩაითვლება, ხოლო მხარე ვალდებულია, სათანადოდ შეასრულოს ყველა ეს მოქმედება, რათა თავიდან აიცილოს მისთვის არასასურველი პროცესუალური შედეგი.

9. დადგენილია, რომ აპელანტს სააპელაციო საჩივარზე არაერთხელ გაუგრძელდა ხარვეზის შევსების ვადა. ამასთან, ვადის გაგრძელების თაობაზე მიღებულ ყველა განჩინებაში მითითებული იყო აპელანტის ვალდებულებაზე, სასამართლოსათვის წარედგინა მისი მძიმე ქონებრივი მდგომარეობის დამადასტურებელი სათანადო მტკიცებულებები. აპელანტმა, 2016 წლის 9 მარტის განცხადებით, ბაჟის დარჩენილი ნაწილის გადახდის გადავადება და სააპელაციო საჩივრის წარმოებაში მიღება მოითხოვა. ამასთან, აპელანტის წარმომადგენელმა, რომელიც მუდმივად საჩივრის ავტორის მძიმე ფინანსურ მდგომარეობაზე აპელირებდა, მტკიცებულების სახით განცხადებას დაურთო საბანკო გადარიცხვების ამონაწერი, საიდანაც მხოლოდ ის დგინდება, რომ აპელანტი ყოველთვიურად იხდის ალიმენტს - 320 ლარს. საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებას, რომ აღნიშნული მტკიცებულებით აპელანტმა დამაჯერებლად და სარწმუნოდ ვერ დაადასტურა მისი მძიმე ფინანსური მდგომარეობა. აქედან გამომდინარე, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ სწორად გამოიყენა სსსკ-ის 368-ე მუხლის მე-5 ნაწილი და, დაკისრებული ხარვეზის შეუვსებლობის გამო, სააპელაციო საჩივარი კანონშესაბამისად დატოვა განუხილველად .

10. საკასაციო პალატა დაუსაბუთებლად მიიჩნევს კერძო საჩივრის ავტორის პრეტენზიას იმის თაობაზე, რომ სასამართლოს თავისი ინიციატივით უნდა გაეგრძელებინა აპელანტისათვის ხარვეზის შევსების ვადა. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ, სსსკ-ის 368.7 მუხლის მიხედვით, სააპელაციო საჩივარზე ხარვეზის შესავსებად სასამართლოს მიერ დანიშნული ვადა სასამართლომ შეიძლება, გააგრძელოს მხოლოდ მხარეთა თხოვნით. ამდენად, სააპელაციო სასამართლო უფლებამოსილი არაა, თავისი ინიციატივით გააგრძელოს სააპელაციო საჩივარზე ხარვეზის შესავსებად დანიშნული ვადა. მოცემულ შემთხვევაში, როგორც აღინიშნა, ხარვეზის შევსების ვადის გაგრძელების თხოვნით აპელანტს სასამართლოსათვის არ მიუმართავს, შესაბამისად, სასამართლოც ვერ გაუგრძელებდა მას ამ ვადას. ამასთან, ასეც რომ არ იყოს, სსსკ-ის 64-ე მუხლით დადგენილი ზოგადი წესის მიხედვით, სასამართლო უფლებამოსილია, მხარეს გაუგრძელოს მის მიერ დადგენილი ვადა მხოლოდ ობიექტური გარემოებების არსებობისას. შესაბამისად, დაუშვებელია საპროცესო ვადის გაგრძელებამ გამოიწვიოს საქმის განხილვის გაჭიანურება და პროცესუალური ეკონომიის პრინციპის უგულებელყოფა (შდრ.სუსგ 30.01.2015წ. საქმე №ას-1238-1178-2014). აპელანტს საკმარისი და გონივრული ვადა მიეცა ხარვეზის გამოსასწორებლად. მისი მოთხოვნით საპროცესო ვადა არაერთხელ გაგრძელდა, შესაბამისად, ვადის კიდევ ერთხელ გაგრძელება გამოიწვევდა საქმის განხილვის ვადის გაუმართლებელ გაჭიანურებას და, შესაბამისად, ხელყოფდა მოწინააღმდეგე მხარის კანონიერ ინტერესებს.

11. სსსკ-ის 410-ე მუხლის თანახმად, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ: ა. კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.

12. მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლო არ აკმაყოფილებს კერძო საჩივარს, ვინაიდან სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებულ განჩინებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა.

13. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ აპელანტს უნდა დაუბრუნდეს მის მიერ სააპელაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟი - 3 000.00 ლარი, ვინაიდან, სსსკ-ის 374.3 მუხლის მიხედვით, თუ სააპელაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს მთლიანად დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი.

IV. ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 372-ე, 374.3-ე, 264.3-ე, 284-ე, 285-ე, 419-ე, 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. კ.. ა-ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 18 მარტის განჩინება;

3. კ.. ა-ს დაუბრუნდეს მის მიერ სააპელაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟი - 3 000.00 ლარი (2 500.00 ლარი, საკრედიტო საგადახდო დავალება #1, გადახდის თარიღი 12.02.2016, გადამხდელი - პ. ს-ა, სახელმწიფო ბაჟი კ.. ა-ის სააპელაციო საჩივარზე; 500.00 ლარი, საგადახდო დავალება #1, გადახდის თარიღი 09.03.2016, გადამხდელი - ზ. დ-ე, სახელმწიფო ბაჟი კ.. ა-ის სააპელაციო საჩივარზე);

4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ.თოდუა

მოსამართლეები: პ.ქათამაძე

ე.გასიტაშვილი