№ას-155-151-2016 26 აგვისტო, 2016 წელი,
ას-155-151-2016- ს-ა თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა/ მოსამართლეები:
მზია თოდუა (თავმჯდომარე),
პაატა ქათამაძე (მომხსენებელი),
ეკატერინე გასიტაშვილი
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე
კასატორი (მოპასუხე) - სს „ს-ა“
მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) - გ. გ-ე
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 18 თებერვლის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
დავის საგანი - სარჩოს გადაანგარიშება
II. აღწერილობითი ნაწილი:
1. გ. გ-ე (შემდეგში - მოსარჩელე ან დაზარალებული) დაიბადა 1946 წლის 16 ნოემბერს, ის, 1978 წლიდან ელმავლის მემანქანედ მუშაობდა ხაშურის სალოკომოტივო დეპოში, რომლის უფლებამონაცვლეა ს.ს. „ს-ა (შემდეგში - მოპასუხე ან კასატორი).
2. მოსარჩელემ 42 წლის ასაკში, 1989 წლის 8 მარტს, საწარმოო ტრავმა მიიღო, რის შედეგადაც დაკარგა პროფესიული შრომისუნარიანობა 80%-ით. მას საწარმომ ყოველთვიურად დაუნიშნა სარჩო - 271.40 მანეთი (1964 წლის რედაქციით საქართველოს სამოქალაქო სამართლის კოდექსის 472-ე მუხლი).
3. დღემდე მოპასუხე, სარჩოს სახით, მოსარჩელეს ყოველთვიურად უხდის 385.61 ლარს.
4. 2014 წლის 14 ივლისს დაზარალებულმა სარჩელი აღძრა მოპასუხის წინააღმდეგ უკანასკნელი სამი წლის განმავლობაში მიუღებელი სარჩოს ერთობლივი თანხის - 20 036 ლარისა და 2014 წლის ივლისიდან სარჩოს - 1 000 ლარის დაკისრების მოთხოვნით. წინამდებარე განჩინების 1-3 პუნქტებში აღწერილ გარემოებებზე და საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდეგში სსკ-ის) 408-ე, 411-ე და 992-ე მუხლებზე დაყრდნობით მოსარჩელე ამტკიცებდა, რომ მოპასუხეს მისთვის უნდა გადაეხადა გაზრდილი სარჩო, ვინაიდან მემანქანის ხელფასი, მისთვის სარჩოს დანიშვნის დღიდან, სამჯერ გაიზარდა და 2011 წლის მარტიდან - 1050, 2012 წლის 30 მარტიდან - 1150, ხოლო 2012 წლის 1 დეკემბრიდან - 1250 ლარი შეადგინა. მიუხედავად ამისა, მოპასუხემ არ გადაიანგარიშა მისი კუთვნილი სარჩო და დღემდე ყოველთვიურად კვლავ 385.61 ლარს უხდის.
5. მოპასუხემ მოთხოვნის გამომრიცხველი შესაგებლით სარჩელი არ ცნო, კერძოდ, მან განმარტა, რომ თავის დროზე მოსარჩელისთვის სარჩო გადაანგარიშდა საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის N48 ბრძანებულების მე-12 პუნქტის შესაბამისად, რომლის თანახმადაც, ორგანიზაციაში შრომის ანაზღაურების ან მისი მინიმალური დონის ცვლილებების შესაბამისად ხდება სასამართლოს ან დამქირავებლის მიერ დადგენილი ყოველთვიური სარჩოს ოდენობის გადაანგარიშება, მიუხედავად იმისა, როდის მიიღო მან ეს დასახიჩრება. აღნიშნული წესი 2005 წლის 7 ნოემბრიდან აღარ მოქმედებს და, აქედან გამომდინარე, მოსარჩელის მოთხოვნას სამართლებრივი საფუძველი აღარ გააჩნია. სსკ-ის 408-ე მუხლი, რომელზედაც მოსარჩელე ამყარებდა თავის მოთხოვნას, სარჩელს ვერ ასაბუთებდა, რადგანაც მითითებული ნორმა არ ითვალისწინებდა სარჩოს გადაანგარიშების წესს. გარდა ამისა, მოპასუხემ ხანდაზმულობის ნორმებზე გაამახვილა ყურადღება და მიუთითა, რომ მოთხოვნის წარმოშობილად მიჩნევის შემთხვევაშიც, ის განხორციელებადი არ იყო.
6. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 18 თებერვლის გადაწყვეტილებით, სარჩელი სრულად დაკმაყოფილდა, კერძოდ, მოპასუხეს, მოსარჩელის სასარგებლოდ, დაეკისრა მიუღებელი სარჩოს ერთობლივი თანხის - 20 036 ლარისა და 2014 წლის ივლისიდან ყოველთვიური სარჩოს - 1000 ლარის გადახდა.
7. სასამართლომ გადაწყვეტილება დაასაბუთა სსკ-ის 316-ე, 317-ე მუხლებით, 408-ე მუხლის პირველი ნაწილით, საქართველოს შრომის კოდექსის 44-ე მუხლით და შემდეგი დასკვნები გამოიტანა:
7.1. ზიანის ანაზღაურების არსი დაზარალებულისათვის მიყენებული ზიანის კომპენსირებაა. ყოველთვიური სარჩოს სახით ზიანის ანაზღაურების ოდენობის განსაზღვრის კრიტერიუმს სწორედ ხელფასის ის ოდენობა წარმოადგენს, რასაც დაზარალებული ჯანმრთელობის დაზიანებამდე იღებდა და რასაც ის მიიღებდა შემდგომ, რომ არ დამდგარიყო ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება.
7.2. სასამართლომ მიიჩნია, რომ მოსარჩელემ დაამტკიცა ის გარემოებები, რაზეც ამყარებდა თავის სარჩელს, კერძოდ ის, რომ საწარმოო ტრავმამ გამოიწვია შრომისუნარიანობის 80%-ით დაქვეითება და მოსარჩელეს დაენიშნა სარჩო 385.61 ლარი, რომელიც, მიუხედავად მემანქანის ხელფასის ოდენობის ზრდისა, დღემდე არ შეცვლილა. მოპასუხე ვალდებული იყო, ყოველთვიური სარჩო დაზარალებულისათვის სადავო პერიოდისათვის არსებული სახელფასო განაკვეთის გათვალისწინებით გადაეხადა.
8. ზემოხსენებული სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ შემდეგი საფუძვლებით:
8.1. სასამართლომ არასწორად განმარტა კანონი. მან სარჩელის დაკმაყოფილების საფუძვლად სსკ-ის 408-ე მუხლი გამოიყენა, მაშინ, როდესაც აღნიშნული ნორმა არ აწესრიგებს სარჩოს გადაანგარიშების წესს და, აქედან გამომდინარე, არ შეიძლება, ჯანმრთელობისათვის მიყენებული ზიანის ანაზღაურებაზე გავრცელდეს.
8.2. სასამართლომ არ გაითვალისწინა, რომ საქართველოს მთავრობის 2007 წლის 24 მარტის N53 დადგენილება, რომელიც საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის N48 ბრძანებულების გაუქმების შემდგომ ამოქმედდა, ზიანის ანაზღაურების მიზნით დანიშნული სარჩოს ანაზღაურებას და არა უკვე დანიშნული სარჩოს გადაანგარიშებას ითვალისწინებდა.
9. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2015 წლის 18 დეკემბრის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 18 თებერვლის გადაწყვეტილება.
10. სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა პირველი ინსტანციის მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები და გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების სამართლებრივი დასაბუთების ნაწილში მიუთითა შემდეგი: საქმეში წარმოდგენილი აქტებითა და მოპასუხის კონკლუდენტური ქმედებებით დასტურდება დამსაქმებლის ვალდებულება, გადაუხადოს სარჩო მოსარჩელეს. საქართველოს მთავრობის 2007 წლის 24 მარტის N53 დადგენილების პირველივე პუნქტში მითითებულია, რომ შრომითი მოვალეობის დროს ჯანმრთელობისთვის მიყენებული ზიანი ანაზღაურდება შრომის კოდექსით და სსკ-ის ნორმებით. აღნიშნულის შესაბამისად, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ ზიანის ანაზღაურების ოდენობის განსაზღვრის კრიტერიუმს სწორედ იმდენი ხელფასი, რომელსაც მოსარჩელე მიიღებდა ზიანის ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება რომ არ დამდგარიყო. შესაბამისად, პალატამ მიიჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორად განსაზღვრა მოპასუხისათვის დასაკისრებელი სარჩოს ოდენობა.
11. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ შემდეგ საფუძვლებზე მითითებით:
11.1. სასარჩელო მოთხოვნას სამართლებრივი საფუძველი არ გააჩნია. მიუხედავად ამისა, სასამართლომ საქართველოს მთავრობის 2007 წლის 24 მარტის N53 დადგენილების საფუძველზე შესაძლებლად მიიჩნია სარჩელის დაკმაყოფილება, მაშინ, როდესაც ეს დადგენილება დანიშნული სარჩოს გადაანგარიშების შესაძლებლობას არ ითვალისწინებს.
11.2. სასამართლომ არასწორად გამოიყენა სსკ-ის 408-ე მუხლი, რომელიც ითვალისწინებს იმ ზიანის ანაზღაურებას, რომელიც სახელშეკრულებო ან არასახელშეკრულებო ვალდებულებათა შეუსრულებლობის შედეგად მიიღება, შესაბამისად, მისი გავრცელება ჯანმრთელობისათვის მიყენებული ზიანის შემთხვევებზე დაუშვებელია.
12. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 21 აპრილის განჩინებით საკასაციო საჩივარი დასაშვებად იქნა ცნობილი სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე.
III. ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
13. საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ დასაბუთებულია, შესაბამისად, გასაჩივრებული განჩინება უნდა გაუქმდეს და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
14. სსსკ-ის 407-ე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორმა წარმოადგინა სააპელაციო სასამართლოს მიერ მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენებისა და განმარტების კუთხით ნაწილობრივ დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).
15. საკასაციო პალატა არ იზიარებს კასატორის პრეტენზიას იმ ნაწილში, რომლითაც ის სადავოდ ხდის სსკ-ის 408-ე მუხლის პირველი ნაწილის გამოყენების მართლზომიერებას იმ მოტივით, რომ მოპასუხეს ბრალი არ მიუძღვოდა ზიანის მიყენებაში და ამის გამო სარჩოს გადახდის ვალდებულებაც არ უნდა დაჰკისრებოდა. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ მოპასუხემ, თავის დროზე მოსარჩელის წინაშე აღიარა, ამ უკანასკნელის ჯანმრთელობისათვის ვნების მიყენების გამო, ყოველთვიური სარჩოს გადახდის ვალდებულება, რომელსაც ის ყოველთვიურად კეთილსინდისიერად ასრულებს კიდეც. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ, მოცემულ შემთხვევაში, მტკიცების ტვირთის მატარებელმა კასატორმა ვერ გააქარწყლა პრეზუმფცია იმისა, რომ ყოველი შესრულება გულისხმობს ვალდებულების არსებობას (შდრ: საქმე #ას-1220-1145-2015).
16. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ უკვე დანიშნული სარჩოს გადაანგარიშების მოთხოვნას სამართლებრივი საფუძველი გააჩნია, თუმცა, განსახილველ შემთხვევაში, ის სრულად წარმოშობილი და განხორციელებადი არაა. ამის საილუსტრაციოდ საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს ამ საკითხზე მყარად დადგენილ სასამართლო პრაქტიკაზე და განმარტავს, რომ საქართველოს მთავრობის 2007 წლის 24 მარტის #53 დადგენილება „შრომითი მოვალეობის შესრულებისას მუშაკის ჯანმრთელობისათვის მიყენებული ზიანის ანაზღაურების წესის შესახებ“, რომელიც ძალადაკარგულია 03/02/2013 წლიდან, არ ითვალისწინებდა “შრომითი მოვალეობის შესრულებისას მუშაკის ჯანმრთელობისათვის ვნების მიყენების შედეგად ზიანის ანაზღაურების წესის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 9 თებერვლის N48 ბრძანებულების მოთხოვნათა დაცვით დანიშნული „ზიანის ანაზღაურების სარჩოს“ გადაანგარიშების სპეციალურ წესს. მთავრობის ზემოხსენებული დადგენილების თანახმად, ახლებურად მოწესრიგდა შრომითი მოვალეობის შესრულებისას დასაქმებული პირისათვის ზიანის ანაზღაურების წესები. სხეულის დაზიანებითა და ჯანმრთელობისათვის ვნების მიყენებით გამოწვეული ზიანი ანაზღაურდება არასახელშეკრულებო (დელიქტური) პასუხისმგებლობის ფორმით. სსკ-ის 992-ე მუხლის თანახმად, პირი, რომელიც სხვა პირს მართლსაწინააღმდეგო, განზრახი ან გაუფრთხილებელი მოქმედებით მიაყენებს ზიანს, ვალდებულია, აუნაზღაუროს მას ეს ზიანი. ამავე კოდექსის 408-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების თანახმად, იმ პირმა, რომელიც ვალდებულია, აანაზღაუროს ზიანი, უნდა აღადგინოს ის მდგომარეობა, რომელიც იარსებებდა, რომ არ შექმნილიყო ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება. თუ სხეულის დაზიანებით ან ჯანმრთელობისათვის ვნების მიყენების შედეგად დაზარალებულს წაერთვა შრომის უნარი ან შეუმცირდა იგი, ანდა იზრდება მისი მოთხოვნილებები, დაზარალებულს უნდა აუნაზღაურდეს ზიანი ყოველთვიური სარჩოს გადახდით. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ სარჩოს მიღების უფლების ხანგრძლივობა პირდაპირაა დაკავშირებული დაზარალებულის მხრიდან ხელფასის მიღების შესაძლებლობასთან. სარჩოს ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება, დაზარალებულს ართმევს შესაძლებლობას, ჰქონდეს სამუშაო და იღებდეს შესაბამის შრომით ანაზღაურებას. სარჩოს გადახდით დაზარალებულისათვის შემოსავლის მიღება უზრუნველყოფილია ზიანის არარსებობის პირობებში შესაძლო შრომის ანაზღაურების შესაბამისად. თავად ის გარემოება, რომ, ჯანმრთელობის დაზიანების გამო, მოსარჩელემ დაკარგა სამუშაო და შესაბამისი ანაზღაურების მიღების შესაძლებლობა, თავის მხრივ, წარმოშობს საფუძვლიან და კანონიერ ვარაუდს იმასთან დაკავშირებით, რომ ზიანის არარსებობის პირობებში, მუშაკი განაგრძობდა მუშაობას და მიიღებდა ხელფასს, თუმცა განუსაზღვრელი ვადით სარჩოს დაწესება, თავისთავად არ გულისხმობს სარჩოს უვადოდ გადახდის ვალდებულებას. სარჩოს ოდენობა უნდა განისაზღვროს იმ ოდენობით, რა ოდენობითაც სარჩოს მოთხოვნაზე უფლებამოსილი პირი მიიღებდა ხელფასს ზიანის ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება რომ არ დამდგარიყო (შდრ: სუსგ, #ას-169-497-09, #ას-939-889-2015; #ას-84-80-2016).
17. ამასთან, სარჩელის დაკმაყოფილება დამოკიდებულია იმაზე, შესრულებულია თუ არა ზემოაღნიშნული ნორმებით გათვალისწინებული სამართლებრივი შედეგის განმაპირობებელი ყველა ფაქტობრივი წინაპირობა. შესაბამისად, მოთხოვნის წარმოშობას ხელს არ უნდა უშლიდეს გამომრიცხველი გარემოების არსებობა და წარმოშობილი მოთხოვნა განხორციელებადი უნდა იყოს. განსახილველ შემთხვევაში, 2011 წლის ნოემბრის შემდეგ, მოთხოვნის წარმოშობას აბრკოლებს დაზარალებულის ასაკი. მოქმედი კანონმდებლობით დაზარალებულ მამაკაცთა საპენსიო ასაკი 65 წლით განისაზღვრება, შესაბამისად, პრეზუმირებულია, რომ ამ ასაკამდე მოსარჩელე იმუშავებდა თავისი პროფესიის შესაბამისად (შდრ.: „ზიანის ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება რომ არ დამდგარიყო, პრეზუმირებულია, რომ მემანქანე იმუშავებდა საპენსიო ასაკამდე, რომელიც იმხანად მოქმედი შრომის კოდექსის (1973 წლის 28 ივნისის რედაქციით) მიხედვით, მამაკაცებისათვის 65 წელს შეადგენდა“ სუსგ: #ას-789-746-2015, 22.01.2016წ., #ას-637-608-2016; #ას-1216-1141-2015).
18. განსახილველ შემთხვევაში, სარჩელი აღიძრა 2014 წლის 16 ივლისს. მოსარჩელე ამტკიცებდა, რომ მისთვის სარჩოს დანიშვნის შემდეგ მემანქანის ხელფასი სამჯერ გაიზარდა და გახდა: 2011 წლის 1 მარტიდან - 1050 ლარი, 2012 წლის 30 მარტიდან - 1150 ლარი, ხოლო 2012 წლის 1 დეკემბრიდან - 1250 ლარი, - ე.ი. გადაანგარიშებული სარჩოს მიღების მოთხოვნის უფლება მოსარჩელეს სამჯერ: 2010, 2012 და 2013 წლებში წარმოეშვა. დაზარალებული დაიბადა 1946 წლის 16 ნოემბერს. მან საპენსიო ასაკს მიაღწია 2011 წლის 16 ნოემბერს, შესაბამისად, 2011 წლის დეკემბრიდან მას ზიანის ანაზღაურების სარჩოს გადაანგარიშების მოთხოვნის უფლება აღარ გააჩნია, თუმცა მოსარჩელეს უნარჩუნდება მოპასუხის მიერ უკვე დანიშნული და გაანგარიშებული სარჩოს (385.61 ლარის) მოთხოვნის უფლება.
19. რაც შეეხება 2011 წლის 1 მარტიდან იმავე წლის დეკემბრამდე, სსკ-ის 992-ე და 408-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე, წარმოშობილ ზიანის ანაზღაურების სარჩოს გადაანგარიშების შედეგად 5315.12 ლარის მოთხოვნის განხორციელებადობას, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ, სსკ-ის 129-ე მუხლის მეორე ნაწილის, 130-ე მუხლისა და 144-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მოთხოვნა ნაწილობრივ, 1955.12 ლარის ნაწილში, ხანდაზმულია, კერძოდ, სარჩელი აღძრულია 2014 წლის 16 ივლისს და, მაშასადამე, მოსარჩელეს უფლება აქვს, ოთხი თვის ზიანის ანაზღაურების სარჩოს გადაანგარიშების შედეგად (2011 წლის 16 ივლისიდან 2011 წლის 16 ნოემბრამდე) 3 360 ლარი მოითხოვოს.
20. სსსკ-ის 411-ე მუხლის თანახმად, საკასაციო სასამართლო თვითონ მიიღებს გადაწყვეტილებას საქმეზე, თუ არ არსებობს ამ კოდექსის 412-ე მუხლით გათვალისწინებული გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის სააპელაციო სასამართლოში ხელახლა განსახილველად დაბრუნების საფუძვლები. მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან სახეზე არ გამოკვეთილა საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნების კანონისმიერი საფუძვლები, პალატა მიიჩნევს, რომ უფლებამოსილია, თავად გადაწყვიტოს დავა, კერძოდ, ახალი გადაწყვეტილებით სარჩელი ნაწილობრივ დააკმაყოფილოს.
21. სსსკ-ის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ამ მუხლში აღნიშნული წესები შეეხება, აგრეთვე, სასამართლო ხარჯების განაწილებას, რომლებიც გაიღეს მხარეებმა საქმის სააპელაციო და საკასაციო ინსტანციებში წარმოებისას, ხოლო, ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ სააპელაციო ან საკასაციო სასამართლო შეცვლის გადაწყვეტილებას ან გამოიტანს ახალ გადაწყვეტილებას, შესაბამისად, შეცვლის სასამართლო ხარჯების განაწილებასაც.
22. „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის 5.1. მუხლის „ე“ ქვეპუნქტის შესაბამისად, მოსარჩელე გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან. სსსკ-ის 55-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან განთავისუფლებული იყო მოსარჩელე, დაეკისრება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია.
23. განსახილველ შემთხვევაში, საქმის მასალებით ირკვევა, რომ კასატორს სახელმწიფო ბაჟის სახით სააპელაციო საჩივარზე – 1096.37 ლარი აქვს გადახდილი, საკასაციო საჩივარზე – 1370.43 ლარი (სულ 2 466.8 ლარი), ხოლო მოსარჩელე გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.
24. საკასაციო პალატის წინამდებარე გადაწყვეტილებით განსაზღვრული სამართლებრივი შედეგის გათვალისწინებით, პალატა მიიჩნევს, რომ მოპასუხეს (კასატორს), სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ, უნდა დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის - 302.15 ლარის გადახდა, ხოლო მოსარჩელეს, მოპასუხის (კასატორის) სასარგებლოდ, უნდა დაეკისროს 2 164.32 ლარის გადახდა სააპელაციო და საკასაციო საჩივრებზე მოპასუხის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ასანაზღაურებლად.
IV. ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 372-ე, მე-8, 53-ე, 55.1-ე, 264.3-ე, 411-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
1. სს „ს-ის“ საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს;
2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 18 თებერვლის განჩინება და მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება;
3. გ. გ-ის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს;
4. სს „ს-ას“, გ. გ-ის სასარგებლოდ, დაეკისროს 3360 ლარის გადახდა;
5. დანარჩენ ნაწილში გ. გ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდეს;
6. გ. გ-ეს, სს „ს-ის“ სასარგებლოდ, დაეკისროს 2164.32 ლარის გადახდა მოპასუხის მიერ სააპელაციო და საკასაციო საჩივრებზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ასანაზღაურებლად;
7. სს „ს-ას“, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ, დაეკისროს 302.15 ლარის გადახდა. სახელმწიფო ბაჟი განთავსებულ იქნეს შემდეგ ანგარიშზე: ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 3 0077 3150;
8. საკასაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ. თოდუა
მოსამართლეები: პ. ქათამაძე
ე. გასიტაშვილი