№ას-246-234-2016 17 მაისი, 2016 წელი,
ას-246-234-2016- ს-ე თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა/მოსამართლეები:
პაატა ქათამაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ეკატერინე გასიტაშვილი,
ბესარიონ ალავიძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი (მოპასუხე) – გ. ს-ე
მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) – მ. წ-ე
გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 17 თებერვლის განჩინება
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
დავის საგანი – მოვალის უფლებამონაცვლე პირის საწინააღმდეგოდ სააღსრულებო ფურცლის გაცემა
II. ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2002 წლის 15 ნოემბრის გადაწყვეტილებით ნ. ს-ეს (შემდეგში - მოპასუხეს, მოვალეს ან მამკვიდრებელს), მ. წ-ის (შემდეგში - მოსარჩელის ან კრედიტორის) სასარგებლოდ, დაეკისრა 2 775 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის გადახდა. ამავე გადაწყვეტილებით დადგინდა დავალიანების დაფარვის მიზნით იპოთეკით დატვირთული მოპასუხის კუთვნილი უძრავი ნივთის (მდებარე ქალაქ ზესტაფონში, კ-ას ქ.N...-ში) იძულებით აუქციონზე რეალიზაცია. გადაწყვეტილება შევიდა კანონიერ ძალაში.
2. 2008 წლის 20 მარტს მოპასუხე გარდაიცვალა. გარდაცვალებამდე მან ნაწილობრივ შეასრულა გადაწყვეტილებით დაკისრებული ვალდებულება და მოსარჩელეს გადაუხადა 1050 აშშ დოლარი.
3. 2008 წლის 1 აგვისტოს მოსარჩელემ განცხადებით მიმართა ზესტაფონის რაიონულ სასამართლოს და მოითხოვა გარდაცვლილი მოპასუხის უფლებამონაცვლედ მისი პირველი რიგის მემკვიდრეების, თ. და გ. ს-ეების, ცნობა. ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2010 წლის 10 მაისის გადაწყვეტილებით შუამდგომლობა უარყოფილ იქნა, რაც მოსარჩელემ სააპელაციო წესით გაასაჩივრა.
4. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 8 ნოემბრის გადაწყვეტილებით სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, გარდაცვლილი მოპასუხის უფლებამონაცვლედ ცნობილ იქნა მემკვიდრე გ. ს-ე (შემდეგში - მემკვიდრე, მოპასუხის უფლებამონაცვლე, კერძო საჩივრის ავტორი), რომელმაც ფაქტობრივი ფლობით მიიღო გარდაცვლილი დედის დანაშთი ქონება. ამავე გადაწყვეტილებით გარდაცვლილის უფლებამონაცვლეს 2 775 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის ანაზღაურება დაეკისრა კრედიტორის სასარგებლოდ.
5. 2016 წლის 1 თებერვალს მოსარჩელემ განცხადებით მიმართა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს და მოპასუხის უფლებამონაცვლის წინააღმდეგ სააღსრულებო ფურცლის გაცემა მოითხოვა. კრედიტორმა განცხადებას დაურთო ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის ზემოხსენებული 2010 წლის 8 ნოემბრის გადაწყვეტილება.
6. სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 17 თებერვლის განჩინებით კრედიტორის განცხადება დაკმაყოფილდა. სასამართლომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში სსსკ-ის) 92-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე დაასკვნა, რომ:
6.1. „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 24-ე მუხლის თანახმად, სააღსრულებო ფურცელი შეიძლება გაიცეს გადაწყვეტილებაში დასახელებული მოვალის უფლებამონაცვლე პირის საწინააღმდეგოდ, თუ უფლებამოსილება ნათელია ან ამის დამადასტურებელი დოკუმენტი შეადგინა სათანადოდ უფლებამოსილმა ორგანომ. თუ საჭირო დადასტურება ვერ ხერხდება სათანადოდ უფლებამოსილი ორგანოს მიერ შედგენილი ან ნოტარიუსის მიერ დამოწმებული დოკუმენტის საშუალებით, მაშინ კრედიტორმა ან მისმა უფლებამონაცვლე პირმა უფლებამონაცვლეობის დადგენისა და სააღსრულებო ფურცლის გაცემის თაობაზე უნდა მიმართოს გადაწყვეტილების გამომტან სასამართლოს.
6.2. განსახილველ შემთხვევაში, სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით დადგენილია, რომ კერძო საჩივრის ავტორმა 2008 წლის 20 მარტს მიიღო სამკვიდრო და, შესაბამისად, მასზე გადავიდა მიღებული აქტივის ფარგლებში მამკვიდრებლის კრედიტორთა მიმართ არსებული დავალიანების დაფარვის ვალდებულებაც.
7. ზემოაღნიშნული განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა მოპასუხის უფლებამონაცვლემ.
8. კერძო საჩივრის ავტორის მტკიცებით, სასამართლომ არ გაითვალისწინა ის გარემოება, რომ გარდაცვლილს მის გარდა სხვა მემკვიდრეც ჰყავდა. მას არასოდეს განუცხადებია თანხმობა მემკვიდრეობის მიღებაზე და, აქედან გამომდინარე, ის არც გარდაცვლილის უფლებამონაცვლედ ცნობაზე იყო თანახმა. სასამართლოს არ გამოუკვლევია, თუ რას შეადგენდა სამკვიდრო მასაში შემავალი ქონება და მიიღო თუ არა მან ის ქონება, რომელზეც სააღსრულებო ფურცელია გაცემული.
9. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 4 აპრილის განჩინებით კერძო საჩივარი, სსსკ-ის 414-416-ე მუხლების საფუძველზე, მიღებულ იქნა განსახილველად.
III. ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
10. საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, კერძო საჩივრის საფუძვლები და მიიჩნია, რომ კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, უცვლელად უნდა დარჩეს გასაჩივრებული განჩინება შემდეგ გარემოებათა გამო:
11. საკასაციო სასამართლო არ იზიარებს კერძო საჩივრის ავტორის მოსაზრებას მოპასუხის უფლებამონაცვლედ მისი ცნობის საფუძვლის არარსებობის შესახებ და მიუთითებს სსსკ-ის 92-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლითაც მოწესრიგებულია საპროცესო უფლებამონაცვლეობის საფუძვლები (სადავო ან სასამართლოს გადაწყვეტილებით დადგენილი სამართლებრივი ურთიერთობიდან ერთ-ერთი მხარის გასვლის შემთხვევაში (მოქალაქის გარდაცვალება, იურიდიული პირის რეორგანიზაცია, მოთხოვნის დათმობა, ვალის გადაცემა და სხვა) სასამართლო დაუშვებს ამ მხარის შეცვლას მისი უფლებამონაცვლით. უფლებამონაცვლეობა შესაძლებელია პროცესის ნებისმიერ სტადიაზე). საკასაციო პალატა განმარტავს, რომ საპროცესო უფლებამონაცვლეობას მატერიალური სამართლის ნორმები განაპირობებს, რომელთა მიხედვითაც, დასაშვებია სამართლებრივ ურთიერთობაში უფლებებისა და მოვალეობების სუბიექტების შეცვლა, როდესაც ახალი სუბიექტი მთლიანად ან ნაწილობრივ თავის თავზე იღებს წინამორბედის უფლებებს ან მოვალეობებს, შესაბამისად, თუ უფლებამონაცვლეობა მატერიალური სამართლის მიხედვით დაუშვებელია, მაშინ დაუშვებელია საპროცესო უფლებამონაცვლეობაც.
12. „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 24-ე მუხლის თანახმად, სააღსრულებო ფურცელი შეიძლება გაიცეს გადაწყვეტილებაში დასახელებული კრედიტორის უფლებამონაცვლე პირის სასარგებლოდ ან მოვალის უფლებამონაცვლე პირის საწინააღმდეგოდ, თუ უფლებამონაცვლეობა ნათელია ან ამის დამადასტურებელი დოკუმენტი შეადგინა სათანადოდ უფლებამოსილმა ორგანომ ან დაამოწმა ნოტარიუსმა. თუ საჭირო დადასტურება ვერ ხერხდება სათანადოდ უფლებამოსილი ორგანოს მიერ შედგენილი ან ნოტარიუსის მიერ დამოწმებული დოკუმენტის საშუალებით, მაშინ კრედიტორმა ან მისმა უფლებამონაცვლე პირმა უფლებამონაცვლეობის დადგენისა და სააღსრულებო ფურცლის გაცემის თაობაზე უნდა მიმართოს გადაწყვეტილების გამომტან სასამართლოს.
13. საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის ავტორის ყურადღებას მიაქცევს მოცემული დავის მხარეთა მონაწილეობით მიღებულ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 8 ნოემბრის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით დადგენილ ფაქტებზე და სამართლებრივ ურთიერთობაზე. ამ გადაწყვეტილებით დადგენილია საჩივრის ავტორის მიერ გარდაცვლილი დედის (მოვალის) დანაშთი ქონების ფაქტობრივი ფლობით მიღება (სსკ-ის 1421-ე მუხლის მეორე ნაწილი). აქედან გამომდინარე, კერძო საჩივრის ავტორს აღარ შეუძლია, სადავო გახადოს სხვა პროცესში გადაწყვეტილებით დადგენილი ფაქტები და სამართლებრივი ურთიერთობანი (სსსკ-ის 266-ე მუხლი), შესაბამისად, ამ უკანასკნელის განაცხადი სამკვიდროს მიღებაზე უარის თქმის შესახებ სამართლებრივ სურათს არ ცვლის. გარდა ამისა, მემკვიდრემ სამკვიდროს მიღებაზე უარი უნდა თქვას კანონით დადგენილი წესით, კერძოდ, სსკ-ის 1434-ე მუხლის მიხედვით, მემკვიდრეს შეუძლია, უარი თქვას სამკვიდროს მიღებაზე სამი თვის განმავლობაში იმ დღიდან, როცა მან შეიტყო ან უნდა შეეტყო თავისი მოწვევის შესახებ სამკვიდროს მისაღებად. საპატიო მიზეზის არსებობისას ეს ვადა შეიძლება გაარძელოს სასამართლომ, მაგრამ არაუმეტეს ორი თვისა. უარის თქმა სამკვიდროს მიღებაზე უნდა გაფორმდეს სანოტარო ორგანოში. განსახილველ შემთხვევაში, საქმის მასალებით არ დასტურდება, რომ კერძო საჩივრის ავტორმა უარი თქვა სამკვიდროს მიღებაზე ზემოხსენებული ნორმით დადგენილი წესით.
14. ამრიგად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ, მოცემულ შემთხვევაში, საპროცესო უფლებამონაცვლეობა დასაშვებია, ვინაიდან უფლებამონაცვლეობა დასაშვებია მატერიალური სამართლის მიხედვით, კერძოდ, სსკ-ის 1336.1-ე, 1421.2-ე, 1433-ე, 1328-ე და 1484.1-ე მუხლებიდან გამომდინარე, მოსარჩელეს უფლება აქვს, კერძო საჩივრის ავტორს მოსთხოვოს მამკვიდრებლის ვალების გასტუმრება მიღებული აქტივის ფარგლებში.
15. სსსკ-ის 410-ე მუხლის თანახმად, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ: ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.
16. მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლო არ აკმაყოფილებს კერძო საჩივარს, ვინაიდან სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებულ განჩინებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 372-ე, 264.3-ე, 284-ე, 285-ე, 419-ე, 420-ე მუხებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. გ. ს-ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 17 თებერვლის განჩინება
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე პ.ქათამაძე
მოსამართლეები: ე.გასიტაშვილი
ბ.ალავიძე