Facebook Twitter

საქმე №ას-367-348-2015 15 მაისი, 2017 წელი

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ბესარიონ ალავიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

მოსამართლეები:

ზურაბ ძლიერიშვილი, პაატა ქათამაძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორები – სს „ს-ის“ უფლებამონაცვლეები: სს „ს-ი“, სს „ს-ი“, სს „ს-ი“ (მოპასუხე ძირითად სარჩელზე, შეგებებული მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე – საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრო (მოსარჩელე, მოპასუხე შეგებებულ სარჩელზე)

თანამოპასუხე ძირითად სარჩელზე _ შპს „მ-ი“

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 3 თებერვლის განჩინება

კასატორების მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით კასატორებისათვის 35 000 ლარის დაკისრებაზე უარის თქმა, ასევე, შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილება

დავის საგანი – თანხის დაკისრება (ძირითად სარჩელზე), საბანკო გარანტიის სიყალბის დადგენა (შეგებებულ სარჩელზე)

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. მოსარჩელის/შეგებებული მოსარჩელის მოთხოვნა და სარჩელის/შეგებებული სარჩელის ფაქტობრივი საფუძვლები:

1.1. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრომ (შემდგომში _ მოსარჩელე, მოპასუხე შეგებებულ სარჩელზე, მოწინააღმდეგე მხარე, ბენეფიციარი ან სამინისტრო) სარჩელი აღძრა სასამართლოში შპს „მ-ისა“ (შემდგომში _ მოპასუხე, მიწინააღმდეგე მხარე ან პრინციპალი) და სს „ს-ის“ (უფლებამონაცვლეები: სს „ს-ი“, სს „ს-ი“, სს „ს-ი“ (იხ. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 03.02.2015წ. საოქმო განჩინება), შემდგომში წოდებული, როგორც მოპასუხე ძირითად სარჩელზე, შეგებებული მოსარჩელე, აპელანტი, კასატორი ან გარანტი) მიმართ და მოითხოვა პრინციპალისათვის ვალდებულების დარღვევით მიყენებული ზიანის _ 1 002 492,75 ლარის, ასევე, პირგასამტეხლოს _ 374 348,92 ლარის, ხოლო გარანტისათვის მის მიერ გაცემული საბანკო გარანტიებით გათვალისწინებული თანხის, სულ _ 1 274 259 ლარის დაკისრება.

1.1.1. სარჩელი ემყარება შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:

ა) 2011 წლის 12 სექტემბერს მოსარჩელესა და პრინციპალს შორის გაფორმდა სახელმწიფო შესყიდვების შესახებ #... ხელშეკრულება, რომლითაც პრინციპლმა იკისრა ვალდებულება, 2011 წლის 1 დეკემბრამდე იძულებით გადაადგილებულ პირთა განსახლების მიზნით, საცხოვრებელი ფართების სარემონტო-სარეაბილიტაციო სამუშაოები ჩაეტარებინა ქ.თბილისში, ქ-ის ქუჩა #6-ში არსებულ მრავალპროფილიანი პროფესიული კოლეჯი „მ-ის“ შენობაში. ხელშეკრულების ღირებულება განისაზღვრა 1 399 000 ლარით. 2011 წლის 15 სექტემბერს ამავე მხარეებს შორის ასევე გაფორმდა სახელმწიფო შესყიდვების შესახებ #... ხელშეკრულება, რომლითაც 2011 წლის 1 დეკემბრამდე იძულებით გადაადგილებულ პირთა განსახლების მიზნით, მოპასუხეს საცხოვრებელი ფართების სარემონტო-სარეაბილიტაციო სამუშაოები უნდა ჩაეტარებინა ქ.თბილისში, მ-ის ხევში, გ-ის სახელობის პედაგოგიური კოლეჯის ადმინისტრაციული კორპუსისათვის. ხელშეკრულების ღირებულება განისაზღვრა 663 950 ლარით. პრინციპალმა 2011 წლის 13 სექტემბრის #70 წერილით 2011 წლის 12 სექტემბერის #... ხელშეკრულებისა და გარანტის მიერ გაცემული B... საბანკო გარანტიის საფუძველზე, მოითხოვა წინასწარი ანგარიშსწორება 835 000 ლარის ოდენობით, ხოლო 2011 წლის 23 სექტემბერს _ 2011 წლის 15 სექტემბრის #... ხელშეკრულებისა და გარანტის მიერ გაცემული B... საბანკო გარანტიის საფუძველზე _ 398 000 ლარის ოდენობით. ბენეფიციარმა მოპასუხის ხსენებული მოთხოვნები დააკმაყოფილა;

ბ) ხელშეკრულებებით ნაკისრი ვალდებულებები პრინციპალმა შეასრულა არაჯეროვნად, რის გამოც მინისტრის 2011 წლის 6 დეკემბრის #... ბრძანებით შეწყდა 2011 წლის 12 და 2011 წლის 15 სექტემბრის ხელშეკრულებების მოქმედება. ამასთან, მოსარჩელემ მიმართა გარანტს მის მიერ გაცემული საბანკო გარანტიების საფუძველზე თანხების ანაზღაურების მოთხოვნით, რაზეც ამ უკანასკნელმა უარი განაცხადა, ერთ შემთხვევაში, საბანკო გარანტიის არარსებობის, ხოლო, მეორე შემთხვევაში _ საბანკო გარანტიაში თანხის არასწორად მითითების გამო და მოითხოვა მის მიერ გაცემული საბანკო გარანტიების დედნების წარდგენა, რათა განეხილა ვალდებულების შესრულების საკითხი;

გ) 2011 წლის 12 სექტემბრის ხელშეკრულების საფუძველზე პრინციპალის მიერ წარმოებული სამუშაოების ღირებულება, ფაქტიურად წარმოებულ სამუშაოთა და ხარჯთაღრიცხვით მოცემული სამუშაოების ერთეული ღირებულებების გათვალისწინებით შეადგენდა 165 425,37 ლარს, დღგ-ს ჩათვლით, რაც ხარჯთაღრიცხვით გათვალისწინებულ შესასრულებელ სამუშაოთა ღირებულებაზე (1 399 000 ლარი) 1 233 574,63 ლარით ნაკლები იყო დღგ-ს ჩათვლით, რეალურად, შესრულებული სამუშაოები კი, 699 574,63 ლარით ნაკლები იყო წინსწრებით გადახდილ თანხასთან შედარებით. გარდა აღნიშნულისა, 2011 წლის 15 სექტემბრის #... ხელშეკრულების საფუძველზე წარმოებული სამუშაოების ღირებულებამ, ფაქტიურად წარმოებული სამუშაოების მოცულობებისა და ხარჯთაღრიცხვით მოცემულ სამუშაოთა ერთეული ღირებულებების გათვალისწინებით შეადგინა 65 081,88 ლარი დღგ-ს ჩათვლით, რაც ხარჯთაღრიცხვით გათვალისწინებულ შესასრულებელ სამუშაოთა ღირებულებაზე (663 950 ლარი) 598 868,12 ლარით ნაკლები იყო დღგ-ს ჩათვლით. ამასთან, რეალურად შესრულებული სამუშაოები 332 918,18 ლარით ნაკლები იყო წინსწრებით გადახდილ თანხასთან შედარებით;

დ) პრინციპალმა მოსარჩელეს მიაყენა 1 002 492,75 ლარის ზიანი, რამდენადაც მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულებების საფუძველზე მისთვის გადახდილ იქნა 835 000 ლარი და 398 000 ლარი, სულ 1 233 000 ლარი. ექსპერტიზის დასკვნების თანახმად კი, ორივე ობიექტზე შესრულებულია მხოლოდ 230 507,25 ლარის სამუშაოები. გარდა ამისა, სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულებებით მხარეებმა ვალდებულების დარღვევისათვის გაითვალისწინეს პირგასამტეხლოს ანაზღაურება (ხელშეკრულების სპეციფიკური პირობების 9.2. და 9.3. მუხლები), მოცემულ შემთხვევაში, პრინციპალისათვის დასაკისრებელი პირგასამტეხლოს ოდენობა 374 348,92 ლარს შეადგენს, რადგანაც, შეთანხმების თანახმად, ვალდებულების დარღვევის დღიდან (2011 წლის 1 დეკემბერი) ვალდებულების დამრღვევმა უნდა აანაზღაუროს შეუსრულებელი სამუშაოს ღირებულების (1 832 442,75 ლარი) 0,2% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე. გარდა ამისა, ხელშეკრულებებით მხარეებმა განსაზღვრეს ასევე, რომ ვალდებულებების სრულად შეუსრულებლობის შემთხვევაში პირგასამტეხლოს სახით გათვალისწინებულია ჯარიმა ხელშეკრულების ღირებულების 5%-ის ოდენობით. ექსპერტიზის დასკვნებით დადგენილია, რომ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება შესრულებული არ არის და აღნიშნული ვალდებულებები არც სამომავლოდ შესრულდება, შესაბამისად, სახეზეა აღნიშნული სანქციის გამოყენების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძველი და თავად სანქციის ოდენობა ხელშეკრულებების საერთო ღირებულებიდან გამომდინარე 103 147,5 ლარია;

ე) გარანტის მიმართ დაყენებული მოთხოვნები ბენეფიციარმა დაამყარა იმ ფაქტს, რომ მოპასუხემ საბანკო გარანტიებით იკისრა ვალდებულება, უზრუნველეყო პრინციპალის მიერ ბენეფიციარის წინაშე აღებული ვალდებულებების შესრულება. ექსპერტიზის დასკვნებით დადგენილია, რომ პრინციპალს წინსწრებით გადახდილი თანხებით შესასრულებელი სამუშაოები არ შეუსრულებია, რაც გარანტის მიერ ნაკისრი ვალდებულების შესრულების საფუძველს იძლევა.

1.2. გარანტმა შეგებებული სარჩელი აღძრა სასამართლოში პრინციპალისა და ბენეფიციარის მიმართ და მოითხოვა 2011 წლის 12 სექტემბერს 835 000 ლარზე გაცემული საავანსო გადახდის უზრუნველსაყოფი B... საბანკო გარანტიისა და 2011 წლის 23 სექტემბერს 398 000 ლარზე გაცემული საავანსო გადახდის უზრუნველსაყოფი B... საბანკო გარანტიის სიყალბის აღიარება, ასევე, სამართლებრივი ურთიერთობის არარსებობის დადგენა.

1.2.1. შეგებებული სარჩელი ემყარება იმ ფაქტს, რომ თავდაპირველ მოსარჩელესა და პრინციპალს შორის დადებული სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულების უზრუნველსაყოფად გარანტმა მართლაც გასცა საბანკო გარანტიები, თუმცა, ბენეფიციარის მიერ მოთხოვნილი თანხის თაობაზე გაცემული დოკუმენტაცია გაყალბებულია, კერძოდ, B... საბანკო გარანტია გაცემულია არა 835 000, არამედ, 35 000 ლარზე, ხოლო B... საბანკო გარანტია შეგებებულ მოსარჩელეს საერთოდ არ გაუცია. თავის მხრივ, გარანტმა განმარტა ისიც, რომ სასამართლოს მხრიდან შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილება გამორიცხავს ბენეფიციარის მხრიდან მოთხოვნის წარდგენასა და გარანტის უფლებების სამომავლოდ დარღვევას.

2. მოპასუხეების პოზიცია:

2.1. გარანტმა თავდაპირველი სარჩელის წინააღმდეგ მოთხოვნის გამომრიცხველი შესაგებელი წარადგინა და განმარტა, რომ მისთვის ცნობილი იყო 2011 წლის 12 სექტემბრის #... ხელშეკრულების შესახებ, ხოლო #... ხელშეკრულება არ წარუდგენია პრინციპალს. B... საბანკო გარანტია 835 000 ლარზე მის მიერ არ გაცემულა, არამედ, #... ხელშეკრულების საფუძველზე, 2011 წლის 12 სექტემბერს გააფორმა საბანკო გარანტიის გაცემის შესახებ ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც გაიცა საავანსო გადახდის საბანკო გარანტია B... თანხით 35 000 ლარი. რაც შეეხება 398 000 ლარზე გაცემულ B... საბანკო გარანტიას, იგი საერთოდ არ გაცემულა. შესაგებლის თანახმად, მოპასუხე უარს არ აცხადებს, ბენეფიციარს აუნაზღაუროს 41 259 ლარი (იხ. საქალაქო სასამართლოს 18.07.2014წ. სხდომის ოქმი);

2.2. თავდაპირველმა მოსარჩელემ ასევე არ ცნო შეგებებული სარჩელი და აღნიშნა, რომ გარანტს სადავო საბანკო გარანტიების სიყალბის დამადასტურებელი მტკიცებულებები არ წარუდგენია, რის გამოც მას ეკისრება შესაბამისი თანხის ანაზღაურების ვალდებულება. საქმის მასალებით არც ის გარემოება დასტურდება, რომ ეროვნული ბანკისათვის წარდგენილ ანგარიშგებაში არ ფიქსირდებოდა სადავო საბანკო გარანტიები. მასთან წარდგენილ საბანკო გარანტიებსაც გააჩნდა იგივე დამცავი აღნიშვნები, ხელმოწერა, ბეჭედი და მათში აღნიშნული თანხები იყო თანხვედრაში იმ თანხებთან, რომელიც გადაცემულ იქნა სახელმწიფო შესყიდვების ხელშეკრულებებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესასრულებლად. ამასთან, 35 000 ლარზე წარდგენილი საბანკო გარანტია ლოგიკურად არ შეიძლებოდა ყოფილიყო ვალდებულების უზრუნველყოფის შესაბამისი, ვინაიდან ხელშეკრულებით ბენეფიციარის მიერ პრინციპალისათვის გადაცემული თანხა შეადგენდა 1 274 259 ლარს.

2.3. პრინციპალს არც თავდაპირველი და არც შეგებებული სარჩელის წინააღმდეგ არ წარუდგენია შესაგებელი, ხოლო სასამართლო სხდომაზე სადავო საბანკო გარანტიების სიყალბის ფაქტი დაადასტურა.

3. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 4 აგვისტოს გადაწყვეტილებით ბენეფიციარის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, გარანტს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა საბანკო გარანტიებით განსაზღვრული თანხის გადახდა შემდეგი ოდენობით: 2011 წლის 12 სექტემბრის B... საბანკო გარანტიიდან გამომდინარე _ 35 000 ლარი; 2011 წლის 9 სექტემბრის B... გარანტიიდან გამომდინარე _ 27 980 ლარი; 2011 წლის 12 სექტემბრის B... საბანკო გარანტიიდან გამომდინარე _ 13 279 ლარი. ამავე გადაწყვეტილებით პრინციპალს ძირითადი მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა მიყენებული ზიანის _ 926 233,75 ლარისა და პირგასამტეხლოს _ 374 348,92 ლარის ანაზღაურება. გარანტის შეგებებული სარჩელი ბენეფიციარის მიმართ არ დაკმაყოფილდა, ხოლო პრინციპალის მიმართ _ დაკმაყოფილდა, შესაბამისად, 2011 წლის 12 სექტემბრის საავანსო გადახდის გარანტია B... (თანხაზე 835 000 ლარი) და 2011 წლის 23 სექტემბრის საავანსო გადახდის გარანტია B... (თანხაზე 398 000 ლარი) აღიარებულ იქნა ყალბად;

4. აპელანტის მოთხოვნა:

საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა გარანტმა, მოითხოვა ბენეფიციარის სასარგებლოდ 2011 წლის 12 სექტემბერს 35 000 ლარზე გაცემული B... საბანკო გარანტიიდან გამომდინარე 35 000 ლარის დაკისრების ნაწილში, ასევე, თავდაპირველი მოსარჩელის მიმართ შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით ამ ნაწილში სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა, ასევე, შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილება.

5. გასაჩივრებული განჩინების სარეზოლუციო ნაწილი:

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 3 თებერვლის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, ხოლო გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად.

6. კასატორის მოთხოვნა:

სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა აპელანტმა, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით კასატორისათვის 35 000 ლარის დაკისრებაზე უარის თქმა, ასევე, შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილება.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საქმის მასალები, გასაჩივრებული განჩინების დასაბუთებულობა, საკასაციო საჩივრის არგუმენტები და მიიჩნევს, რომ კასატორის მოთხოვნა 2011 წლის 12 სექტემბერს გაცემული B... საავანსო გადახდის საბანკო გარანტიიდან გამომდინარე 35 000 ლარის დაკისრებაზე უარის თქმის ნაწილში საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო, ბენეფიციარის მიმართ შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილების მოთხოვნის ნაწილში სარჩელი განუხილველად უნდა იქნას დატოვებული შემდეგ გარემოებათა გამო:

1. 2011 წლის 12 სექტემბერს გაცემული B... საავანსო გადახდის საბანკო გარანტიიდან გამომდინარე ვალდებულების დაკიკსრების ნაწილში გასაჩივრებული განჩინების გაუქმებისა და ახალი გადაწყვეტილების მიღების ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება:

1.1. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე მუხლის თანახმად, საკასაციო საჩივარი შეიძლება ეფუძნებოდეს მხოლოდ იმას, რომ გადაწყვეტილება კანონის დარღვევითაა გამოტანილი. სამართლის ნორმები დარღვეულად ითვლება, თუ სასამართლომ: ა) არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა; ბ) გამოიყენა კანონი, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა; გ) არასწორად განმარტა კანონი. საპროცესო სამართლის ნორმების დარღვევა კი, მხოლოდ მაშინ შეიძლება გახდეს გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველი, თუ ამ დარღვევის შედეგად საქმეზე არასწორი გადაწყვეტილება იქნა გამოტანილი. განსახილველი ნორმიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო გააუქმებს გასაჩივრებულ გადაწყვეტილებას/განჩინებას, თუკი კასატორი საკუთარ პოზიციას მოხმობილ დებულებათაგან ერთ-ერთზე ამყარებს და საქმის მასალების შესწავლის შედეგად დადგინდება, როგორც ამ დარღვევის, ისე _ დარღვევის არსებითი ხასიათიდან გამომდინარე არასწორი გადაწყვეტილების მიღების ფაქტი. წარმოდგენილი საკასაციო საჩივრით გარანტი სადავოდ ხდის სასამართლოს შეფასებებსა და დასკვნებს B... საავანსო გადახდის საბანკო გარანტიიდან გამომდინარე 35 000 ლარის მოთხოვნის ნაწილში სარჩელის საფუძვლიანობის თაობაზე და მიიჩნევს, რომ ქვემდგომ სასამართლოთა დასკვნები ამ თვალსაზრისით მატერიალური სამართლის ნორმათა არასწორ გამოყენება-განმარტებას ემყარება.

1.2. იმის შესამოწმებლად, თუ რამდენად დასაშვები შედავება იქნა წარმოდგენილი კასატორის მხრიდან, პალატა ყურადღებას გაამახვილებს გასაჩივრებული განჩინებით დადგენილ, დავის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებზე:

1.2.1. 2011 წლის 12 სექტემბერს მოსარჩელესა და პრინციპალს შორის გაფორმდა სახელმწიფო შესყიდვის შესახებ #... ხელშეკრულება, პრინციპალმა იკისრა იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა განსახლების მიზნით საცხოვრებელი ფართების სარემონტო-სარეაბილიტაციო სამუშაოების შესრულების ვალდებულება, კერძოდ, მას უნდა შეესრულებინა ქ.თბილისში, ქ-ის ქ#6-ში მდებარე მრავალპროფილიანი პროფესიული კოლეჯი „მ-ის“ შენობის დევნილთათვის საცხოვრებელ სახლად რეაბილიტაციისათვის აუცილებელი სამუშაოები. ხელშეკრულების ჯამური ღირებულება შეადგენდა 1 399 000 ლარს. ხელშეკრულების მოქმედების ვადა განისაზღვრა 2011 წლის 25 დეკემბრამდე. ხელშეკრულების 4.12 მუხლის თანახმად, სამუშაოები უნდა შესრულებულიყო 2011 წლის პირველ დეკემბრამდე. 11.1. მუხლით, პრინციპალმა იკისრა ვალდებულება, წარედგინა საბანკო გარანტია ხელშეკრულების საერთო ღირებულების 2%-ის ოდენობით;

1.2.2. პრინციპალმა ბენეფიციარს წარუდგინა 2011 წლის 12 სექტემბრით დაღარიღებული შეგებებული მოსარჩელის სახელით გაცემული B... საბანკო გარანტია 835 000 ლარზე და მოითხოვა ამავე თანხაზე წინასწარი ანგარიშსწორება, რაც განხორციელდა კიდეც;

1.2.3. 2011 წლის 15 სექტემბერს ბენეფიციარსა და პრინციპალს შორის ასევე გაფორმდა სახელმწიფო შესყიდვის შესახებ #... ხელშეკრულება, რომლის თანახმადაც, ამ უკანასკნელმა იკისრა იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა განსახლების მიზნით საცხოვრებელი ფართების სარემონტო-სარეაბილიტაციო სამუშაოების შესრულების ვალდებულება (ქ.თბილისში, მ-ის ხევში, გ-ის სახელობის პედაგოგიური კოლეჯის ადმინისტრაციული კორპუსის). ხელშეკრულების ჯამური ღირებულება შეადგენდა 663 950 ლარს, ხოლო მისი მოქმედების ვადა განისაზღვრა 2011 წლის 25 დეკემბრამდე. 4.12 მუხლის თანახმად, სამუშაოები უნდა შესრულებულიყო 2011 წლის პირველ დეკემბრამდე. 11.1 მუხლით, მიმწოდებელმა იკისრა ვალდებულება, წარედგინა საბანკო გარანტია ხელშეკრულების საერთო ღირებულების 2%-ის ოდენობით;

1.2.4. პრინციპალმა ბენეფიციარს წარუდგინა 2011 წლის 23 სექტემბრით დათარიღებული შეგებებული მოსარჩელის სახელით გაცემული B... საბანკო გარანტია 398 000 ლარზე და მოსთხოვა სამინისტროს ამავე თანხაზე წინასწარი ანგარიშსწორება, რაც განხორციელდა კიდეც;

1.2.5. 2011 წლის 5 დეკემბერს პრინციპალმა ძირითად მოსარჩელეს აცნობა, რომ ვერ ხერხდებოდა სამუშაოების შესრულება, რადგან კომპანიის ყოფილი ხელმძღვანელობა, რომელთაც გააფორმეს ხელშეკრულება, იმყოფებოდა პატიმრობაში და კომპანიას არ გააჩნდა სახსრები, შესაბამისად, ბენეფიციარის 2011 წლის 6 დეკემბრის #... ბრძანებით შეწყდა 2011 წლის 12 და 15 სექტემბრის #... და #... ხელშეკრულებები მიმწოდებლის მიერ ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო;

1.2.6. 2011 წლის 5 დეკემბერს სამინისტრომ გარანტს აცნობა, რომ პრინციპალის მიერ წარდგენილ იქნა ხელშეკრულების უზრუნველყოფის საბანკო გარანტიები, რომელთა საფუძველზეც მოხდა 1 233 000 ლარის გადარიცხვა. რამდენადაც პრინციპალს არ შეუსრულებია ნაკისრი ვალდებულებები, სამინისტრომ მოითხოვა საბანკო გარანტიების შესაბამისად გადარიცხული თანხის - 1 274 259 ლარის ანაზღაურება, საიდანაც 41 259 ლარი იყო ხელშეკრულების უზრუნველყოფა. მოსარჩელემ შესაბამისი თანხების ჩარიცხვა მოითხოვა 2011 წლის 7 და 23 დეკემბრის წერილებითაც;

1.2.7. 2011 წლის 7 დეკემბერს გარანტმა ბენეფიციარს აცნობა, რომ მოთხოვნაზე თანდართული 2011 წლის 12 დეკემბრის B... საბანკო გარანტიის ასლი არ შეესაბამებოდა მათ მიერ ამავე რიცხვში ამავე ნომრით გაცემულ საბანკო გარანტიას, კერძოდ, მათ მიერ გაცემულ საბანკო გარანტიის პირველ პუნქტში მითითებული თანხა შეადგენდა 35 00 ლარს და არა 835 000 ლარს. ამავე წერილით მოსარჩელეს ეცნობა, რომ მათ მიერ საერთოდ არ ყოფილა გაცემული B... საბანკო გარანტია;

1.2.8. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიამ 2014 წლის 4 აგვისტოს გადაწყეტილებით შეგებებული მოსარჩელის მიერ 2011 წლის 12 სექტემბრის 835 000 ლარზე გაცემული საავანსო გადახდის გარანტია B... და 2011 წლის 23 სექტემბერს 398 000 ლარზე გაცემული B... საბანკო გარანტია აღიარა ყალბად. გადაწყვეტილება ამ ნაწილში არ გასაჩივრებულა;

1.2.9. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 13 ივლისის კანონიერ ძალაში შესული განაჩენით ასევე დადგინდა, რომ ზემოხსენებული საბანკო გარანტიების გაყალბებაში მონაწილეობდა ასევე პრონციპალის ხელმძღვანელობაზე და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირი. განაჩენით ბენეფიციარის/მისი უფლებამოსილი წარმომადგენლის რაიმე ფორმით კავშირი საბანკო გარანტიების გაყალბებასთან მიმართებით არ დადგინდა;

1.2.10. გარანტის მიერ 2011 წლის 12 სექტემბერს რეალურად გაცემულ იქნა საბანკო გარანტია B... შემდეგი მონაცემებით:

- გარანტი - სს „საერთაშორისო ს- ინტერნეიშენალი“;

- პრინციპალი - შპს „მ-ი“;

- ბენეფიციარი - საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრო;

- საფუძველი (ხელშეკრულება, საიდანაც წარმოიშვა უზრუნველყოფილი მოთხოვნა) - 2011 წლის 12 სექტემბრის #... ხელშეკრულება;

- საბანკო გარანტიის მოქმედების ვადა - 2011 წლის 12 სექტემბრიდან 2011 წლის 25 დეკემბრის ჩათვლით;

- საბანკო გარანტიით უზრუნველყოფილ იქნა პრინციპალის მიერ ბენეფიციარის წინაშე აღებული ვალდებულების სრულად ან ნაწილობრივ შესრულება მხოლოდ 35 000 ლარის ფარგლებში.

1.3. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებულ პრეტენზიაში იგულისხმება მითითება იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურ-სამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება.

1.4. საკასაციო სასამართლო ნაწილობრივ იზიარებს კასატორის პოზიციას ქვემდგომი სასამართლოების მხრიდან კანონის, კერძოდ, სამოქალაქო კოდექსის 879-ე მუხლის არასწორად განმარტების თაობაზე და მიიჩნევს, რომ ამ დარღვევას გასაჩივრებულ ნაწილში არასწორი გადაწყვეტილების/განჩინების მიღება მოჰყვა. უპირველესად, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ვერ დაეთანხმება გარანტის მითითებას იმის თაობაზე, რომ სადავო ურთიერთობის რეგულირება ქვემდგომ სასამართლოს სამოქალაქო კოდექსის 837-ე მუხლზე უნდა დაემყარებინა და ამ დასაბუთებით არ დაეკმაყოფილებინა 35 000 ლარის დაკისრების მოთხოვნის ნაწილში სარჩელი, რამდენადაც ეს უკანასკნელი ნორმა სამოქალაქო კოდექსის იმ თავშია მოქცეული, რომელიც სახელშეკრულებო ურთიერთობის სპეციალურ სახეს _ დაზღვევას არეგულირებს, ამავე კოდექსის მე-5 მუხლის მე-3 ნაწილის იმპერატიული დათქმიდან გამომიდნარე კი, სპეციალური ურთიერთობების მომწესრიგებელი ნორმები (საგამონაკლისო ნორმები) არ შეიძლება გამოყენებულ იქნეს ანალოგიით. რაც შეეხება თავად საბანკო გარანტიიდან გამომდინარე სასარჩელო მოთხოვნის საფუძველიანობას, პალატა განმარტავს, რომ ბენეფიციარის მოთხოვნის დამფუძნებელ ნორმად, როდესაც საბანკო გარანტიით გათვალისწინებული ვალდებულების შესრულება წარმოადგენს დავის საგანს, სამოქალაქო კოდექსის 879-ე მუხლი გვევლინება. მოხმობილი ნორმის თანახმად კი, საბანკო გარანტიის ძალით ბანკი, სხვა საკრედიტო დაწესებულება ან სადაზღვევო ორგანიზაცია (გარანტი) სხვა პირის (პრინციპალის) თხოვნით კისრულობს წერილობით ვალდებულებას, რომ ნაკისრი ვალდებულების შესაბამისად გადაუხდის პრინციპალის კრედიტორს (ბენეფიციარს) ფულად თანხას გადახდის შესახებ ბენეფიციარის წერილობითი მოთხოვნის საფუძველზე. იმისათვის, რათა ამომწურავად შეფასდეს სადავო ვალდებულების წარმოშობის საკითხი, საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, შეფასებას ექვემდებარება თავად ხელშეკრულების დადების საკითხი, რომელიც კრედიტორის მოთხოვნის ნამდვილობას განაპირობებს. ამ თვალსაზრისით საბანკო გარანტიიდან გამომდინარე ურთიერთობათა მარეგულირებელი სპეციალური ნორმები არ შეიცავენ შესაბამის დათქმებს, რის გამოც, საკასაციო პალატა თვლის, რომ ურთიერთობის შესაფასებლად გამოყენებულ უნდა იქნას სახელშეკრულებო სამართლის მომწესრიგებელ იმ ნორმათა დებულებები, რომლებიც ამავე კოდექსის 879-ე-890-ე მუხლების დათქმებს არ ეწინააღმდეგება, კერძოდ:

1.4.1. სამოქალაქო კოდექსის 879-ე მუხლის დეფინიციიდან გამომდინარე, სადავოს არ წარმოადგენს ის გარემოება, რომ საბანკო გარანტია ცალმხრივი გარიგებაა, კერძოდ, გარანტი ცალმხრივად კისრულობს ვალდებულებას ბენეფიციარის მიმართ განახორციელოს გარკვეული ფულადი შესრულება ბენეფიციარსა და პრინციპალს შორის არსებული სამართალურთიერობის პრინციპალის მხრიდან დარღვევის შემთხვევაში. განსხვავებით ამ სამართლებრივი ურთიერთობისაგან, თავად გარანტსა და პრინციპალს შორის არსებობს დამოუკიდებელი ორმხრივი შეთანხმება, რომელიც საბანკო გარანტიის ნამდვილობაზე გავლენას არ ახდენს (იხ. სკ-ის 890-ე მუხლი). ცალმხრივი ნების ნამდვილობის საკითხი მოწესრიგებულია სამოქალაქო კოდექსის 51-ე მუხლით, რომლის პირველი ნაწილის თანახმად, ნების გამოვლენა, რომელიც მოითხოვს მეორე მხარის მიერ მის მიღებას, ნამდვილად ჩაითვლება იმ მომენტიდან, როცა იგი მეორე მხარეს მიუვა. სამართლის თეორიაში გაბატონებული მოსაზრების თანახმად, 51-ე მუხლის მოქმედება, მიუხედავად მისი სათაურისა, ვრცელდება არა მხოლოდ ცალმხრივი, არამედ ყველა იმ ორმხრივი/მრავალმხრივი ნების მიმართ, რომელიც შინაარსობრივად მიღებასავალდებულო კატეგორიას განეკუთვნება, მით უფრო მნიშვნელოვანია ამ საკითხის სწორად განსაზღვრა ცალმხრივი ნების ნამდვილობის კვლევისას, რამეთუ მას სამართლებრივი შედეგები მოჰყვება და კანონმდებელი იმპერატიულად ადგენს, რომ ნება ადრესატს უნდა მიუვიდეს, რათა წარმოშობილად იქნას მიჩნეული ესა თუ ის ურთიერთობა, ანუ ცალმხრივი გარიგება იურიდიულ ძალმოსილებას მას შემდეგ შეიძენს, რაც მისი გარეგანი ფორმირების პროცესი ადრესატის აღქმის არეალში მოქცევით დასრულდება.

1.4.2. განსახილველ შემთხვევაში, ქვემდგომმა სასამართლოებმა 35 000 ლარის დაკისრების ნაწილში სასარჩელო მოთხოვნა საფუძვლიანად იმ დასაბუთებით მიიჩნიეს, რომ პრინციპალსა და ბენეფიციარს შორის დადებული სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულების ფარგლებში გარანტს მართლაც ჰქონდა B... საავანსო ანგარიშსწორების საბანკო გარანტია გაცემული, თუმცა, საგარანტიო თანხა შეადგენდა არა ბენეფიციარისათვის გადაცემულ დოკუმენტში აღნიშნულ 835 000 ლარს, არამედ, მხოლოდ 35 000 ლარს. ვინაიდან სისხლის სასამართლის საქმეზე დოკუმენტის გაყალბების ფაქტის მიმართ არ დადგინდა ბენეფიციარის რაიმე მართლსაწინააღმდეგო ქმედება, სამოქალაქო კოდექსის მე-8 მუხლის მე-3 ნაწილზე დაყრდნობით, მიჩნეულ იქნა, რომ სამინისტრო, როგორც კეთილსინდისიერი მხარე, უფლებამოსილი იყო მოეთხოვა შესრულება, ხოლო გარანტი ვალდებული იყო აენაზღაურებინა იმ ოდენობის თანხა, რა ოდენობაზეც რეალურად იქნა გაცემული საბანკო გარანტია.

1.4.3. საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს ქვემდგომ სასამართლოთა ამ დასკვნას და განმარტავს, რომ მართალია, სამოქალაქო კოდექსი ადგენს სამოქალაქო ურთიერთობის მონაწილეთა კეთილსინდისიერი ქცევის სტანდარტს (სკ-ის 8.3. მუხლი), თუმცა, კეთილსინდისიერებით არ შეიძლება ყოველთვის იქნას ახსნილი სამოქალაქო ბრუნვის მონაწილის ინტერესი, რადგანაც თავად კეთილსინდისიერება კონტრაჰენტს იცავს მაშინ, როდესაც ეს გათვალისწინებულია კანონით (მაგ: სკ-ის 312-ე მუხლი), რამდენადაც კანონმდებლის ამგვარი მიდგომა წარმოადგენს კოლიდირებულ სიკეთეთა შორის უპირატესი უფლების მქონე პირის განსაზღვრის ინსტრუმენტს და ცდილობს, ამ გზით დაიცვას ყველა იმ კეთილსინდისიერი პირის ინტერესები, რომლებიც მართლზომიერად განკარგავდნენ საკუთარ სამოქალაქო უფლებებს და გააჩნდათ ამ განკარგვის ლეგიტიმური შედეგის დადგომის მოლოდინი. განსხვავებით ამისაგან, კეთილსინდისიერი პირის ინტერესების დაცვა ვერ გადაწონის იმ პირის უფლებებს, რომელიც სამოქალაქო ურთიერთობაში არ შესულა და არც შესაბამისი უფლება-მოვალეობები წარმოშობია.

1.4.4. საკასაციო სასამართლო მხედველობაში იღებს იმ უდავო ფაქტს, რომ კასატორის მხრიდან 35 000 ლარის ანაზღაურების თაობაზე შესაბამისი საბანკო გარანტიის გაცემის მიუხედავად, ეს ნება ადრესატს (ბენეფიციარი) არ მისვლია, არამედ, მას გადაეცა სრულიად განსხვავებული, არარა ნება, რომელიც ვალდებული პირისაგან არ მომდინარეობდა და თვლის, რომ ამ შემთხვევაში, კასატორსა და ძირითად მოსარჩელს შორის საბანკო გარანტიიდან გამომდინარე ვალდებულება, მიუხედავად ბენეფიციარის კეთილსინდისიერებისა, არ წარმოშობილა. შესაბამისად, ვერც ამ მხრივ იქნება გაზიარებული სააპელაციო სასამართლოს შეფასება იმის თაობაზე, რომ დაკისრებული თანხის ფარგლებში შეგებებული მოსარჩელის ნების არსებობა მის ვალდებულებას განაპირობებდა.

1.4.5. ამდენად, ბენეფიციარმა სამოქალაქო კოდექსის 879-ე მუხლის საფუძველზე მოითხოვა რა გარანტისაგან თანხის ანაზღაურება, ამ მოთხოვნას მოპასუხემ იმგვარი შესაგებელი დაუპირისპირა, რომელიც ვალდებულებას გამორიცხავს (მოთხოვნის გამომრიცხველი შესაგებელი), რამეთუ მან საბანკო გარანტიის სიყალბეზე მითითებით სადავო გახადა სახელშეკრულებო ურთიერთობის არსებობის ფაქტი. თავის მხრივ, მხარეთა შორის უდავოა რა ის გარემოება, რომ ადრესატს გარანტის ნამდვილი ნება არ მიუღია, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ ამ მოთხოვნის ნაწილში სამინისტროს სარჩელი უსაფუძვლოა და არ არსებობს მისი დაკმაყოფილების ფაქტობრივ-სამართლებრივი წინაპირობები. ამასთანავე, საგულისხმოა, რომ მხარეთა შორის არა თუ რაიმე ფორმით ბათილი ხელშეკრულება, არამედ, ნების არარსებობის პირობებში (835 000 ლარი) გარიგება საერთოდ არ წარმოშობილა, შესაბამისად, მას ვერც დადასტურება (სკ-ის 61-ე მუხლი) და ვერც ნებაზე ზემოქმედების რაიმე კანონისმიერი საშულება ნამდვილად ვერ აქცევს.

1.5. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 411-ე მუხლის თანახმად, საკასაციო სასამართლო თვითონ მიიღებს გადაწყვეტილებას საქმეზე, თუ არ არსებობს ამ კოდექსის 412-ე მუხლით გათვალისწინებული გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის სააპელაციო სასამართლოში ხელახლა განსახილველად დაბრუნების საფუძვლები. მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან არ იკვეთება 2011 წლის 12 სექტემბერს გაცემული B... საავანსო გადახდის საბანკო გარანტიიდან გამომდინარე დავის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივი გარემოებების დამატებით დადგენისა და ამ თვალსაზრისით მტკიცებულებათა დამატებით გამოკვლევის აუცილებლობა და/ან გასაჩივრებული განჩინების გაუქმების აბსოლუტური საფუძვლების არსებობა, არამედ, დავის გადაწყვეტისათვის მნიშვნელოვანია დადგენილი გარემოებების სწორი სამართლებრივი შეფასება, საკასაციო პალატა უფლებამოსილია, თავად მიიღოს ამ ნაწილში გადაწყვეტილება. განვითარებული მსჯელობის გათვალისწინებით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, საკასაციო პალატა აუქმებს გასაჩივრებულ განჩინებას გარანტისათვის 35 000 ლარის დაკისრების ნაწილში და სახელშეკრულებო ურთიერთობის არარსებობის გამო, ბენეფიციარის ამ მოთხოვნას უარყოფს. ამასთანავე, ვინაიდან წინამდებარე გადაწყვეტილებით პალატა სრულად აკმაყოფილებს გარანტის საკასაციო პრეტენზიას ზემოხსენებული თანხის დაკისრებაზე უარის თქმის ნაწილში, შეფასების გარეშე ტოვებს მის იმ შედავებას, რომლებიც სასამართლოს მხრიდან სამოქალაქო კოდექსის 887-ე მუხლის არასწორ განმარტებას, ასევე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 83-ე მუხლის მე-3 ნაწილის დარღვევას შეეხება.

2. შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში გასაჩივრებული განჩინების გაუქმებისა და შეგებებული სარჩელის განუხილველად დატოვების ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთება:

2.1. მოცემულ შემთხვევაში, უდავოა, რომ გარანტმა აღძრა ნეგატიური შეგებებული სარჩელი და მოითხოვა 2011 წლის 12 სექტემბერს 835 000 ლარზე გაცემული საავანსო გადახდის უზრუნველსაყოფი B... საბანკო გარანტიისა და 2011 წლის 23 სექტემბერს 398 000 ლარზე გაცემული საავანსო გადახდის უზრუნველსაყოფი B... საბანკო გარანტიის სიყალბის აღიარება, ასევე, სამართლებრივი ურთიერთობის არარსებობის დადგენა.

2.2. აღიარებითი სარჩელის ძირითად საფუძვლებად მხარე, პირველი საბანკო გარანტიის მიმართ, მიუთითებდა მის გაყალბებაზე, ხოლო, მეორე საბანკო გატანტიის სიყალბეს უკავშირებდა იმას, რომ ამგვარი გარანტია საერთოდ არ გაცემულა ბენეფიციარსა და პრინციპალს შორის დადებული შესაბამისი ხელშეკრულების უზრუნველყოფის თაობაზე. აღიარებითი სარჩელის იურიდიულ ინტერესად მხარე ასახელებდა ვალდებულების შესრულებისგან გათავისუფლებას, თუკი სასამართლო დააკმაყოფილებდა მას.

2.3. თბილისის საქალაქო სასამართლომ 2014 წლის 4 აგვისტოს გადაწყვეტილებით ნაწილობრივ დააკმაყოფილა რა აღიარებითი სარჩელი, სადავო საბანკო გარანტიების სიყალბე აღიარა პრინციპალის მიმართ, ხოლო სამართლებრივი ძალის მქონედ მიიჩნია ბენეფიციარის მიმართ. პრინციპალის მიმართ საბანკო გარანტიის სიყალბე ზემდგომი წესით არ გასაჩივრებულა და სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 264-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, შევიდა კანონიერ ძალაში. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ გარიგების ბათილობა თავისთავად არ ნიშნავს განუხორციელებელ მოქმედებას, არამედ, ის წარმოშობს სამართლებრივ შედეგებს, თუმცა, არა იმას, რომლის დადგომისკენაც მხარეთა ნება იყო მიმართული. მაგალითად: ნივთის ბათილი განკარგვის დროს ნების ნაკლი/არარსებობა შეიძლება მოგვიანებით გახდეს ცნობილი და მიუხედავად განკარგვისა, ნივთის მიმღები ვერ გახდება უფლების მქონე ამ ნივთზე, ასეთ შემთხვევაში სამოქალაქო კოდექსის შესაბამისი ნორმები (მაგ: კონდიქცია) ადგენს პირთა რესტიტუციის შესაძლებლობას. საკასაციო პალატა განმარტავს ასევე, რომ სამართალი დასაშვებად მიიჩნევს ხელშეკრულების ნაწილობრივ ბათილად ცნობის შესაძლებლობასაც და ეს ამ ხელშეკრულების სხვა ნაწილების უცილოდ ბათილობას არ იწვევს (იხ. სკ-ის 62-ე მუხლი), თუმცა, ისეთ ვითარებაში, როდესაც დადგინდება სამართლებრივი ურთიერთობის არარსებობა (ნების უცილოდ ბათილობა) იგი არ შეიძლება ვინმეს მიმართ ნამდვილად იქნას მიჩნეული. მიუხედავად ამ მსჯელობისა, პრინციპალის მიმართ შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის გამო, შესაბამისი ფაქტები საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანი ვეღარ გახდება.

2.4. რაც შეეხება ბენეფიციარის მიმართ შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილების საკითხს, პალატა მიიჩნევს, რომ დოკუმენტის სიყალბისა და სამართლებრივი ურთიერთობის არარსებობის დადგენის თაობაზე გარანტის სარჩელი განუხილველად უნდა იქნას დატოვებული, რადგანაც გარანტს ნეგატიური აღიარებითი მოთხოვნის მიმართ არ გააჩნია იურიდიული ინტერესი:

2.4.1. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ იურიდიული ინტერესის არარსებობის პირობებში აღძრული სარჩელი სასამართლოში განხილვას არ ექვემდებარება, ამ საკითხის კვლევა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 186-ე მუხლის ფარგლებში სარჩელის განსახილველად მიღებისას წყდება, თუმცა იმისათვის, რათა შესაძლო დაშვებული ხარვეზი გამოსწორდეს, საპროცესო სამართალი იცნობს წარმოებაში არსებული სარჩელის განუხილველად დატოვების ინსტიტუტსაც, რომელიც საპროცესო კოდექსის 187-ე მუხლის მე-2 ნაწილითაა მოწესრიგებული. თავად ეს უკანასკნელი ნორმა მითითებითი ხასიათისაა და მართალია, ამავე კოდექსის 275-ე მუხლის წინაპირობების შემოწმებაზე მასშია აღნიშნული, თუმცა ეს უკანასკნელი ნორმაც არ შეიცავს სარჩელის განუხილველად დატოვების ამომწურავ ჩამონათვალს, რის გამოც, დასაშვებია საპროცესო ანალოგიის პრინციპის გამოყენება (სსსკ-ის მე-7 მუხლი) იმ შემთხვევისათვის, როდესაც სახეზე გვაქვს სარჩელის მიღებაზე უარის თქმის კანონით გათვალისწინებული სხვა შემთხვევა (იხ. სუსგ №ას-551-522-2015, 14 აგვისტო, 2015 წელი). სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 178-ე მუხლის პირველი ნაწილის „ლ“ ქვეპუნქტის თანახმად, სავალდებულოა, აღიარებით სარჩელში აღინიშნოს ამ კოდექსის 180-ე მუხლით გათვალისწინებული იურიდიული ინტერესი. დავის მიმართ იურიდიული ინტერესის არსებობის კვლევა განეკუთვნება სამართლის საკითხს და მის დასადგენად მნიშვნელოვანია, პასუხი გაეცეს მთავარ კითხვებს: აქვს მოსარჩელეს ნამდვილი იურიდიული ინტერესი დავის მიმართ? უზრუნველყოფს მოსარჩელის მოთხოვნა ამ ინტერესის დაკმაყოფილებას? აღიარებითი სარჩელის შემთხვევაში, იურიდიული ინტერესის არსებობა განპირობებულია არა ზოგადად მხარის ინტერესით, არამედ მატერიალურ-სამართლებრივი დანაწესით, რომლის შედეგის რეალიზაცია შესაძლებელია აღიარებითი სარჩელის აღძვრით, რადგანაც სწორედ მატერიალურ-სამართლებრივი ნორმით განსაზღვრული უფლების დაცვას უნდა ემსახურებოდეს აღიარებითი სარჩელი.

2.4.2. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 180-ე მუხლი ადგენს აღიარებითი სარჩელის იურიდიული ინტერესის განმსაზღვრელ კრიტერიუმებს რომელთაც განეკუთვნება შემდეგი: ა) მოსარჩელეს უნდა ედავებოდნენ უფლებაში; ბ) დავის არსებობა უნდა ქმნიდეს მოსარჩელის უფლების მომავალში დარღვევის რეალურ საშიშროებას; გ) აღიარებითი სარჩელის გადაწყვეტა დავის გადაწყვეტის საუკეთესო საშუალება უნდა იყოს, კერძოდ, გადაწყვეტილების შედეგად სრულად გარკვეული შედეგი უნდა დგებოდეს მხარისათვის, აღიარებითი სარჩელის დაკმაყოფილება უნდა ქმნიდეს იმ უფლებისა თუ ურთიერთობის განსაზღვრულობას, რაც მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის წარმოშობილი დავის გამო ირღვევა. აღიარებითი სარჩელის დასაშვებობის განხილვისას მნიშვნელოვანია, გაირკვეს, არსებობს ზოგადად სარჩელის აღძვრის წინაპირობა და დადებით შემთხვევაში _ ხომ არ უნდა აღიძრას სხვა ტიპის სარჩელი, რადგან ამგვარი წინაპირობების არსებობისას, მოსარჩელე ვერ შეძლებს თავისი ნამდვილი მიზნის (უფლების დაცვის) აღიარებითი სარჩელით მიღწევას, რაც საფუძველს აცლის აღიარებით მოთხოვნას. თუკი ამგვარი წინაპირობები არ არსებობს, მაშინ სარჩელის მატერიალურ-სამართლებრივი შედეგი უნდა უკავშირდებოდეს სამართლებრივი ურთიერთობების არსებობა-არარსებობის დადგენას, დოკუმენტების ნამდვილობის აღიარებას ან დოკუმენტების სიყალბის დადგენას. ისეთ ვითარებაში, როდესაც სავალდებულოა, მაგალითად, მიკუთვნებითი სარჩელის აღძვრა, უფლების დაცვის თვალსაზრისით მხოლოდ აღიარებითი სარჩელი არ შეიძლება განხილულ იქნას სასამართლოს მიერ (იხ. სუსგ №ას-1439-1357-2012, 1 ივლისი, 2013 წელი).

2.4.3. საკასაციო სასამართლოს წინამდებარე გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილში განვითარებული მსჯელობისა და სამართლებრივი შეფასებების გათვალისწინებით, პალატა მიიჩნევს, რომ ბენეფიციარის სარჩელისაგან თავდაცვის საპროცესო საშუალებად სადავო საბანკო გარანტიების სამართლებრივი ძალის არარსებობის მტკიცების თვალსაზრისით გარანტის მოთხოვნის გამომრიცხავი შესაგებელი საკმარისი საშუალება იყო, რომლის ფარგლბშიც საკასაციო პალატამ დააკმაყოფილა საკასაციო მოთხოვნა, შესაბამისად ამისა, მიღწეული სამართლებრივი შედეგის შეგებებული სარჩელის ფარგლებში კვლავ მიღწევა გარანტის იურიდიულ ინტერესს გამორიცხავს აღიარებითი მოთხოვნის მიმართ.

2.5. ამდენად, საკასაციო პალატა თვლის, რომ აღიარებითი სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში ქვემდგომი სასამართლოების გადაწყვეტილებები იურიდიულად არასაკმარისადაა დასაბუთებული, რაც მათი გაუქმების აბსოლუტური საფუძველია (სსსკ-ის 394-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტი), ხოლო, ვინაიდან მოსარჩელეს არ გააჩნია მოთხოვნის მიმართ იურიდიული ინტერესი, სარჩელი განუხილველად უნდა იქნას დატოვებული სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 187-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად.

3. სასამართლო ხარჯები:

3.1. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. ამ მუხლში აღნიშნული წესები შეეხება, აგრეთვე, სასამართლო ხარჯების განაწილებას, რომლებიც გასწიეს მხარეებმა საქმის სააპელაციო და საკასაციო ინსტანციებში წარმოებისას. თუ სააპელაციო ან საკასაციო სასამართლო შეცვლის გადაწყვეტილებას ან გამოიტანს ახალ გადაწყვეტილებას, იგი შესაბამისად შეცვლის სასამართლო ხარჯების განაწილებასაც.

3.2. საქმის მასალებით დასტურდება, რომ შეგებებულმა მოსარჩელემ პირველი ინსტანციის წესით საქმის განხილვისას სახელმწიფო ბაჟის სახით გადაიხადა 5 000 ლარი, სააპელაციო საჩივარზე _ 1 400 ლარი, ხოლო საკასაციო საჩივარზე _ 1 750 ლარი. პირველი ინსტანციის სასამართლომ პრინციპალის მიმართ დააკმაყოფილა რა შეგებებული სარჩელი და ამ ნაწილში განსაზღვრა პროცესის ხარჯებიც, გადაწყვეტილება შევიდა კანონიერ ძალაში (იხ. სამოტივაციო ნაწილის 2.3. პუნქტი), შესაბამისად, ამ ნაწილში აღარ არსებობს სასამართლო ხარჯების განაწილების საფუძველი, ამასთანავე, ვინაიდან 35 000 ლარის დაკისრებაზე უარის თქმის ნაწილში დაკმაყოფილდა კასატორის მოთხოვნა, პალატა თვლის, რომ მოსარჩელეს მის სასარგებლოდ უნდა დეკისროს სააპელაციო და საკასაციო საჩივრებზე გადახდილი ბაჟის _ 3 150 ლარის გადახდა.

3.3. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრო „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის 5.1. მუხლის „უ“ ქვეპუნქტის თანახმად, გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან, რის გამოც, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის თანახმად, საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეულ ხარჯებს გაიღებს სახელმწიფო.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე, 55-ე, 187-ე, 372-ე, 399-ე, 411-ე მუხლებით და

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

1. სს „ს-ის“ უფლებამონაცვლეების: სს „ს-ის“, სს „ს-ისა“ და სს „ს-ის“ საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს.

2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 3 თებერვლის განჩინება და მიღებულ იქნას ახალი გადაწყვეტილება.

3. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს სარჩელი 2011 წლის 12 სექტემბერს გაცემული B... საავანსო გადახდის საბანკო გარანტიიდან გამომდინარე ვალდებულების (35 000 ლარის დაკისრება) შესრულების თაობაზე არ დაკმაყოფილდეს.

4. სს „ს-ის“ (უფლებამონაცვლეები: სს „ს-ი“, სს „ს-ი“ და სს „ს-ი“) შეგებებული სარჩელი დოკუმენტის სიყალბის აღიარებისა და სამართლებრივი ურთიერთობის არარსებობის დადგენის თაობაზე დარჩეს განუხილველად, შესაბამისად, გაუქმდეს ამ ნაწილში ქვემდგომი სასამართლოების მიერ მიღებული გადაწყვეტილებები.

5. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს სს „ს-ის“, სს „ს-ისა“ და სს „ს-ის“ სასარგებლოდ დაეკისროს სააპელაციო და საკასაციო საჩივრებზე გადახდილი ბაჟის _ 3 150 ლარის ანაზღაურება, ხოლო შეგებებულ სარჩელზე გადახდილი ბაჟი დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში.

6. საკასაციო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟი გადახდილია.

7. საკასაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ბ. ალავიძე

მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი

პ. ქათამაძე