№330210115001026677
საქმე №ას-390-363-2017 16 ივნისი, 2017 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ზურაბ ძლიერიშვილი (თავმჯდომaარე, მომხსენებელი),
ეკატერინე გასიტაშვილი, ბესარიონ ალავიძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი – გ- ა-–ი (მოპასუხე, აპელანტი)
მოწინააღმდეგე მხარე - ს--ზ-ე (მოსარჩელე, მოწინააღმდეგე მხარე)
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 01 თებერვლის გადაწყვეტილება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე ურის თქმა
დავის საგანი – ფულადი ვალდებულების შესრულება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. ს- ზ-ეს (შემდეგში: მოსარჩელე ან მოწინააღმდეგე მხარე) სურდა 6000 აშშ დოლარის ღირებულების ნახევრად სატვირთო ავტომანქანის შეძენა, რისთვისაც ე-კ-ოს (შემდეგში: მესამე პირი) მეშვეობით დაუკავშირდა გ- ა-ს (შემდეგში: მოპასუხე ან კასატორი). მოპასუხე დაპირდა მოსარჩელეს ავტომანქანის ჩამოყვანას.
2. მოსარჩელემ სარჩელი აღძრა მოპასუხის წინააღმდეგ სესხის ხელშეკრულების საფუძველზე გადახდილი 4000 აშშ დოლარის გადახდის მოთხოვნით.
3. სარჩელის ფაქტობრივ გარემოებად მითითებულია, რომ მოსარჩელემ მოპასუხეს 2011 წლის ნოემბერში გადასცა 4000 აშშ დოლარი, მესამე პირის თანდასწრებით. თანხის გადაცემის მიზანს ნახევრად სატვირთო ავტომანქანის ჩამოყვანა წარმოადგენდა, რომლის ღირებულება 6000 აშშ დოლარს შეადგენდა. ვინაიდან გადაცემული თანხა საკმარისი არ აღმოჩნდა ავტომანქანის შესაძენად, მხარეები შეთანხმდნენ სხვა ავტომანქანის ყიდვასა და რეალიზაციაზე, საიდანაც გარკვეული ნაწილი, მოპასუხეს უნდა გადაეცა მოსარჩელისათვის. მოპასუხემ მოსარჩელეს გადასცა მხოლოდ 500 აშშ დოლარი.
4. მოპასუხემ წარმოადგინა, როგოროც მოთხოვნის გამომრიცხავი ისე, მოთხოვნის განხორციელების შემაფერხებელი (ხანდაზმულობა) შესაგებელი და უარყო რაიმე თანხის მოსარჩელისაგან მიღება. იმავდროულად, დაადასტურა თანხის მესამე პირის ბინაში მიტანის ფაქტი და აღნიშნა, რომ ამ თანხით მან მესამე პირის ბინაში გათბობის სისტემა დაამონტაჟა.
5. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 05 სექტემბრის გადაწყვეტილებით მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 4000 აშშ დოლარის შესაბამისი ეკვივალენტი ლარის გადახდა.
6. გადაწყვეტილების გაუქმების მოთხოვნით სააპელაციო საჩივარი წარადგინა მოპასუხემ. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ - 3500 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის მოპასუხისათვის დაკისრების ნაწილში.
7. სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა განჩინების პპ: 1 -ში მითითებული გარემოებები.
8. იმავდროულად, დადასტურებულად მიიჩნია ფაქტობრივი გარემოება მასზედ, რომ 2011 წლის ნოემბერში მოსარჩელემ მოპასუხეს ავტომობილის შეძენის მიზნით გადასცა 4000 აშშ დოლარი. მოპასუხემ სადავო გახადა შეთანხმება ავტომანქანის ჩამოყვანამდე მისთვის თანხის გადაცემის შესახებ. შესაგებლის მიხედვით კი, მოპასუხე ადასტურებდა მოსარჩელის მფლობელობიდან 4 000 აშშ დოლარის გასვლის და აღნიშნული თანხის მესამე პირის სახლში მიტანის ფაქტს. სააპელაციო პალატის მითითებით, აპელანტი იმ გარემოებასაც ადასტურებდა, რომ თანხის მესამე პირის ბინაში მიტანის პერიოდში მას იმდენად ახლო ურთიერთობა ჰქონდა მესამე პირთან, რომ ისინი ფაქტობრივად ერთ ოჯახად ცხოვრობდენ (იხ. შესაგებელის საფუძვლები: ს.ფ.62). პირველი ინსტანციის სასამართლოში დაკითხული მოწმე ადასტურებდა მოსარჩელის მიერ მოპასუხისათვის მანქანის ჩამოყვანის მიზნით თანხის გადაცემის ფაქტს. ამ თვალსაზრისით, სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ აღნიშნული მოწმის ჩვენება რელევანტური იყო თანხის გადაცემის მიზნობრიობის კვლევისათვის [საქართველოს სამოქალაქო საპროცესო (შემდეგში: სსსკ-ის) 105-ე მუხლი}, რამდენადაც დადასტურებას საჭიროებდა არა სესხის სამართალურიერთობის წარმოშობის ფაქტი, არამედ შესრულების (გადაცემული თანხის) მიზნობრიობა.
9. ამდენად, იმ პირობებში, როდესაც დგინდებოდა მხარეებს შორის არსებობული ზეპირი შეთანხმება ავტომანქანის ჩამოყვანის შესახებ, დასტურდებოდა ასევე, რომ ამგვარი შეთანხმების შემდეგ მოსარჩელემ 4 000 აშშ დოლარი მესამე პირის ბინაში მიიტანა, სადაც მოპასუხე, როგორც საკუთარ ოჯახში ცხოვრობდა, იძლეოდა დასკვნის გაკეთების საფუძველს, რომ მოსარჩელემ მოპასუხეს, მათ შორის არსებული ზეპირი შეთანხმების საფუძველზე ავტომობილის შეძენის მიზნით გადასცა 4 000 აშშ დოლარი.
სააპელაციო პალატამ დადასტურებულად მიიჩნია, რომ მოპასუხემ მოსარჩელეს დაუბრუნა 500 აშშ დოლარი. მართალია ამ თანხის მიღებას მოსარჩელეც ადასტურებდა, თუმცა მისი მოსაზრებით, აღნიშნული თანხა პროცენტს წარმოადგენდა (სარჩელი, ს.ფ. 3), რაც იქნა გაზიარებული სააპელაციო პალატის მიერ სარგებელზე (პროცენტზე) შეთანხმების არარსებობის საფუძვლით [საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდეგში: სსკ-ის) 625-ე მუხლი].
10. დავის სამართლებრივი მოწესრიგების მიზნით, სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სსკ-ის 976-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტით, პირს, რომელმაც სხვას ვალდებულების შესასრულებლად რაიმე გადასცა, შეუძლია მოსთხოვოს ვითომ-კრედიტორს (მიმღებს) მისი უკან დაბრუნება, თუ ვალდებულება გარიგების ბათილობის ან სხვა საფუძვლის გამო არ არსებობს, არ წარმოიშობა ან შეწყდა შემდგომში. 991-ე მუხლიის მიხედვით, პირი, რომელიც სხვა პირის ხარჯზე უსაფუძვლოდ გამდიდრდა სხვა საშუალებითაც, გარდა იმისა, რაც გათვალისწინებულია ამ თავში, მოვალეა დაუბრუნოს მას მიღებული.
11. განსახილველ შემთხვევაში, დადგენილად იქნა მიჩნეული მოპასუხისათვის ავტომობილის შეძენის მიზნით 4 000 აშშ დოლარის გადაცემის ფაქტი, თუმცა დასტურდებოდა, რომ მხარეებს შორის სახელშეკრულებო ურთიერთობა არ წარმოიშვა. მოპასუხემ მოსარჩელეს გადაცემული თანხიდან 500 აშშ დოლარი დაუბრუნა. შესაბამისად, პალატამ მიიჩნია, რომ არსებობდა მოპასუხის უსაფუძვლოდ გამდიდრების კვალიფიკაციისთვის აუცილებელი ყველა პირობა 3 500 აშშ დოლარის უკან დაბრუნების ნაწილში [სსკ-ის 976-ე, 991-ე მუხლები].
12. არ იქნა გაზიარებული მოპასუხის შდავება ხანდაზმულობასთან მიმართებითაც, რამეთუ სააპელაციო პალატის მოსაზრებით, მხარეთა შორის წარმოშობილი ურთიერთობის მარეგულირებელ სამართლის ნორმად უსაფუძვლო გამდიდრების წესები იქნა მიჩნეული, რაზედაც ვრცელდებოდა 10 წლიანი ხანდაზმულობის ვადა, რაც არ იყო ამოწურული.
13. თბილისის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებასაკასაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ, რომელმაც მისი გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
14. კასატორის პრეტენზია სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს შეეხება, სახელდობრ, კასატორი უარყოფს მოსარჩელის მხრიდან მისთვის თანხის გადაცემას და იმავდროულად, სარწმუნოდ არ მიიჩნევს მესამე პირის ჩვენებას, რამდენადაც მესამე პირი მასზე განაწყენებული იყო.
15. კასატორი მიუთითებს მოთხოვნის ხანდაზმულობაზე და აღნიშნავს, რომ მოსარჩელის მოთხოვნაზე უნდა გავრცელებული სამწლიანი ხანდაზმულობა. იმავდროულად, კასატორი არ ეთანხმება სადავო სამართალურთიერთობის უსაფუძვლო გამდიდრების მარეგულირებელი ნორმებით გადაწყვეტას. კასატორი მიუთითებს, რომ როგორც ეს გასაჩივრებული გადაწყვეტილებითაა დადგენილი მოპასუხე მოსარჩელეს დაპირდა დახმარებას ავტომანქანის ჩამოყვანაში, რაც კასატორის მოსაზრებით, იმას ნიშნავს, რომ მხარეებს შორის სახელშეკრულებო ურთიერთობა იყო, ხოლო თუ სახელშეკრულებო ურთიერთობა იყო, რელევანტური არ არის მოთხოვნის სამწლინი ხანდაზმულობის უარყოფა [სსკ-ის 129.1 მუხლი].
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
16. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 03 აპრილის განჩინებით საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სსსკ-ის 396-ე მუხლით და 391-ე მუხლის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად.
17. საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც, მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად.
18. განსახილველ შემთხვევაში, კასატორი სადავოდ ხდის მისთვის თანხის გადაცემას და იმავდროულად, არასარწმუნოდ მიაჩნია თანხის გადაცემის ფაქტის დასადასტურებლად მოწმის ჩვენების სარწმუნოობა.
19. საკასაციო პალატა წარმოდგენილ საკასაციო პრეტენზიას არ იზიარებს და აღნიშნავს, რომ მხარეთა შორის სადავოა 4000 აშშ დოლარის გადაცემა. მოპასუხე წარდგენილ შესაგებელში უთითებდა, რომ „არანაირი ფული მოსარჩელისგან არ აუღია, თუმცა იცის, რომ მესამე პირის სახლში მოსარჩელეს აქვს მიტანილი 4000 აშშ დოლარი. მოგვიანებით, მესამე პირისაგან გაიგო, რომ ამ ფულით მას სახლში გათბობის სისტემა გაუკეთებია. იმ დროს, მას მესამე პირთან ახლო ურთიერთობა ჰქონდა. ფაქტობრივად ერთ ოჯახად ცხოვრობდა. შემდგომ კი, მათი ურთიერთობა გაუარესდა.“ (იხ., შესაგებლის ფაქტობრივი გარემოებები: ს.ფ. 62).
20. საკასაციო პალატა მიუთითებს გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაზე, რომლითაც დადგენილია მოწმის - მესამე პირის ჩვენებით მოპასუხისათვის გადაცემული თანხის მიზნობრიობა. შესაბამისად, სააპელაციო პალატამ მტკიცებულებათა ერთობლიობაში შეფასებით მართებულად დაასკვნა, რომ იმ ვითარებაში, როდესაც მოპასუხე თავადაც არ უარყოფდა მოსარჩელის მხრიდან სადავო თანხის გაღებას, თანხის მიზნობრიობის უარსაყოფად მოწმის ჩვენების არარელევანტურობაზე მითითებას ვარგისი საპროცესო სამართლებრივი საფუძველი არ გააჩნდა. ამ თვალსაზრისით, არც დასაბუთებული საკასაციო შედავებაა წარმოდგენილი [სსსკ-ის 407.2].
21. რაც შეეხება კასატორის პრეტენზიას სარჩელის ხანდაზმულობასა და მოსარჩელესთან სახელშეკრულებო ურთიერთობის არსებობის თაობაზე, საკასაციო პალატა პირველ რიგში, აღნიშნავს, რომ ვინაიდან მხარეთა შორის შეთანხმება არ განხორციელდა, კასატორის პრეტენზია გაზიარებული ვერ იქნება, ხოლო უსაფუძვლოდ მიღებული თანხის დაბრუნების სამართლებრივ საფუძვლად რელევანტურია სსკ-ის 976-ე და 991-ე მუხლებით ხელმძღვანელობა. ერთ-ერთ გადაწყვეტილებაში საკასაციო პალატამ განმარტა კონდიქციური ვალდებულების წარმოშობის სამართლებრივი საკითხები და ამ ურთიერთობის ხანდაზმულობის საკითხი (იხ., სუსგ №ას-225-215-2016, 25 მაისი, 2016 წელი). მითითებული გადაწყვეტილებით განიმარტა შემდეგი: კონდიქციური ვალდებულების წარმოშობისათვის სახეზე უნდა იყოს ერთი პირის გამდიდრება მეორის ხარჯზე და ასეთი გამდიდრება მოკლებული უნდა იყოს სამართლებრივ საფუძველს, რომელიც ან თავიდანვე არ არსებობდა, ან შემდგომში მოიშალა. ამასთან, მნიშვნელობა არა აქვს იმ გარემოებას თუ, რის შედეგად დადგა უსაფუძვლო გამდიდრების ფაქტი – თავად დაზარალებულის მოქმედების, გამდიდრებულის მოქმედების, თუ მესამე პირთა მოქმედების შედეგად ან განხორციელდა იგი მათი ნების საწინააღმდეგოდ. ასევე, არ აქვს მნიშვნელობა ამ სამართალურთიერთობაში მონაწილე სუბიექტთა ბრალეულობას, კეთილსინდისიერებასა და მათ მიერ განხორციელებული მოქმედებების მართლზომიერებას, თუ მართლწინააღმდეგობას. კონდიქციური ვალდებულების არსებობის სამართლებრივი საფუძვლით, სარჩელის დასაკმაყოფილებლად მნიშვნელოვანია დადგინდეს მხოლოდ ობიექტური შედეგი, რაც გულისხმობს ერთი პირის მიერ მეორე პირის ხარჯზე რაიმე სამართლებრივი სიკეთის შეძენას (დაზოგვას) შესაბამისი სამართლებრივი საფუძვლის არსებობის გარეშე. ასევე, აუცილებელია, რომ გამდიდრება მოხდეს სხვის ხარჯზე, რის შედეგადაც ერთი პირის ქონების გაზრდა ხდება მეორე პირის ქონების შესაბამისი შემცირების ხარჯზე. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ უსაფუძვლო გამდიდრების ინსტიტუტის ნორმები აღჭურვილია დაცვითი ფუნქციით, უზრუნველყოფს რა არაუფლებამოსილი სუბიექტისაგან უსაფუძვლოდ მიღებული ქონების ამოღებას და მისი უფლებამოსილი პირისათვის გადაცემას. შედეგობრივი თვალსაზრისით, სამართლისათვის არავითარი მნიშვნელობა არ აქვს, თუ რა საშუალებით გამდიდრდა პირი – მიიღო, თუ დაზოგა ქონება. ფაქტი ერთია – ვითომ კრედიტორის ქონებრივ სფეროში აღმოჩნდა ქონება, რომელსაც იქ არსებობის სამართლებრივი საფუძველი არ გააჩნია და, აქედან გამომდინარე, ექვემდებარება უფლებამოსილი პირისათვის დაბრუნებას.“ მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ უსაფუძვლო გამდიდრების მიზანი არის სამართლებრივი საფუძვლის გარეშე შეძენილი ქონების (რომელშიც უნდა ვიგულისხმოთ უფლების ან გარკვეული შეღავათის, უპირატესობის) ამოღება, რითაც უნდა უზრუნველყოფილი იქნეს სამართლიანობის აღდგენა ანუ იმ მდგომარეობის აღდგენა, რომელიც იარსებებდა არაუფლებამოსილი პირის მიერ დაზარალებულის ხარჯზე გარკვეული შეღავათის, უფლების, უპირატესობის მიღებამდე. შესაბამისად, სარჩელის დამაყოფილების მიზნებისათვის რელევანტურია სსკ-ის 976-ე და 991-ე მუხლებით ხელმძღვანელობა, რომლებიც ამ საფუძლით მოთხოვნის ხანდაზმულობის 10 წლიან ვადას აწესებენ.
22. ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში, არ იკვეთება საკასაციო საჩივრის დასაშვებობის სსსკ-ის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული რომელიმე საფუძვლის არსებობა, ვინაიდან ნორმის დანაწესით საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. როგორც საქმის მასალებით ირკვევა, სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით, ვინაიდან სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან, არც დასაბუთებული პოზიციაა წარმოდგენილი ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციათან ანდა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალთან წინააღმდეგობის საფუძვლით.
23. ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისითაც. უსაფუძვლო გამდიდრების სამართლებრივ საფუძვლებთან დაკავშირებით არსებობს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა.
24. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი დაუშვას საკასაციო საჩივარი, რის გამოც, საკასაციო საჩივარს უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
25. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. გ- ა-ის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;
2. კასატორ გ- ა-ს უკან დაუბრუნდეს რ-ა--ის მიერ 2017 წლის 20 მარტს საკრედიტო საგადახდო დავალება N1 გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან (500 ლარი) 350 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 3 0077 3150.
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ზ. ძლიერიშვილი
მოსამართლეები: ე. გასიტაშვილი
ბ. ალავიძე