№010230817700031220
საქმე №ას-427-399-ა-2017 23 ივნისი, 2017 წელი
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ზურაბ ძლიერიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
პაატა ქათამაძე, ბესარიონ ალავიძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი – ე- ა-ვილი (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 20 თებერვლის განჩინება
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის წარმოების განახლება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. 2017 წლის 24 იანვარს თბილისის სააპელაციო სასამართლოს განცხადებით მიმართა ე- ა–ვილმა (შემდეგში: განმცხადებელი) და მოითხოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 01 ოქტომბრის საოქმო განჩინების ბათილად ცნობა და საქმის წარმოების განახლება [საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში: სსსკ-ის) 421-ე, 422-ე მუხლი].
2. განცხადება ეფუძნება შემდეგ მოსაზრებებსა და საფუძვლებს.
3. თელავის რაიონული სასამართლოს 2008 წლის 19 დეკემბრის გადაწყვეტილებით შ. ა--–ვილის და ზ. ა--–ვილის სარჩელი მოპასუხეების - საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ახმეტის სარეგისტრაციო სამსახურის და განმცხადებლის - მიმართ უძრავი ქონების მიკუთვნების და უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის შესახებ დაკმაყოფილდა. აღნიშნულ გადაწყვეტილებაზე წარდგენილი განმცხადებლის სააპელაციო საჩივარი აპელანტის გამოუცხადებლობის გამო, დარჩა განუხილველი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 01 ოქტომბრის საოქმო განჩინებით [სსსკ-ის 372-ე და 275. „გ“].
4. განმცხადებლის მოსაზრებით, მის ინტერესებს პირველი ინსტანციის სასამართლოში, იცავდნენ სხვა რწმუნებულები, ხოლო სააპელაციო ინსტანციის სასამართლოში კი - ქ.-–-ილი, რომელიც მონაწილეობას მიიღებდა მხოლოდ ერთ-პროცესზე (23 ივლისს). განმცხადებელი 23 ივლისს სხდომას არ ესწრებოდა, ხოლო მას შემდეგ, რაც სხდომა გადაიდო 01 ოქტომბრისათვის, აღნიშნული განმცხადებლისთვის არ უცნობებიათ. ამასთან, თავად განმცხადებელი რწმუნებულს ვერ დაუკავშირდა, რომ მიეღო მისგან ინფორმაცია. განმცხადებელს 01 ოქტომბრის სხდომის დღის შესახებ არც უწყება მიუღია.
5. განმცხადებელი აღნიშნავს, რომ მან მოგვიანებით შეიტყო მისი სააპელაციო საჩივრის განუხილევლად დატოვების შესახებ, რის თაობაზეც უსიამოვნება მოუვიდა ქ.--ილთან და მისი ბიუროს უფროსთან.
6. განმცხადებელი აღნიშნავს, რომ არის მარტოხელა მოხუცი, რომელსაც არ ჰქონდა შესაძლებლობა, აეყვანა ახალი ადვოკატი.
7. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 20 თებერვლის განჩინებით განცხადება (საოქმო) განჩინების ბათილად ცნობისა და საქმის წარმოების განახლების შესახებ არ დაკმაყოფილდა.
8. სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია განჩინების პ: 3-ში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები. იმავდროულად, აღნიშნა, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 25 თებერვლის განჩინებით განმცხადებლის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 01 ოქტომბრის განჩინება დარჩა უცვლელი.
9. იმავდროულად, სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ 2017 წლის 24 იანვარს განცხადებაში მითითებული თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 01 ოქტომბრის განჩინების ბათილობის საფუძვლები იგივეობრივი იყო 2009 წლის 09 ნოემბრის კერძო საჩივარში მითითებულ საფუძვლებთან, რაზედაც ნამსჯელი ჰქონდა საქართველოს უზენაეს სასამართლოს კერძო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ განჩინებაში. მაშასადამე, ირკვეოდა, რომ განცხადებაში დასახელებული საფუძვლებით საპროცესო სამართლებრივი შედავების მექანიზმი ერთხელ უკვე გამოყენებული ჰქონდა განმცხადებელს კერძო საჩივრის წარდგენის გზით. ეს კი იმას ნიშნავდა, რომ სსსკ-ის 422.2 მუხლიდან გამომდინარე, მხარეს ერთმეოდა უფლება მიეღწია განჩინების გადასინჯვის შესაძლებლობისათვის. ამდენად, არ არსებობდა განცხადების დაკმაყოფილების სამართლებრივი და ფაქტობრივი საფუძვლები.
10. ამდენად, სააპელაციო პალატის მოსაზრებით, სახეზე არ იყო სსსკ-ის 421-ე და 422-ე მუხლის საპროცესო სამართლებრივი საფუძვლები, რის გამოც განცხადება უარყოფილი იქნა.
11. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 20 თებერევლის განჩინებაზე კერძო საჩივრი წრადგინა განმცხადებელმა, რომელიც ეფუძნება ძირითადად 2017 წლის 24 იანვრის განცხადებაში მითითებულ გარემოებებსა და მოსაზრებებს: იხ., განჩინების პ-4. სახელდობრ, განმცხადებლის მოსაზრებით, მის ინტერესებს პირველი ინსტანციის სასამართლოში, იცავდნენ სხვა რწმუნებულები, ხოლო სააპელაციო ინსტანციის სასამართლოში კი - ქ.--ილი, რომელიც მონაწილეობას მიიღებდა მხოლოდ ერთ-პროცესზე (23 ივლისს). განმცხადებელი 23 ივლისს სხდომას არ ესწრებოდა, ხოლო მას შემდეგ, რაც სხდომა გადაიდო 01 ოქტომბრისათვის, აღნიშნული განმცხადებლისთვის არ უცნობებიათ. ამასთან, თავად განმცხადებელი რწმუნებულს ვერ დაუკავშირდა, რომ მიეღო მისგან ინფორმაცია. განმცხადებელს 01 ოქტომბრის სხდომის დღის შესახებ არც უწყება მიუღია. ადვოკატების უპასუხისმგებლო საქციელი განმცხადებელა ადვოკატთა ეთიკის კომისიაში გაასაჩივრა. განმცხადებელმა ასევე მიმართა „ადამიანის უფლებათა დაცვისა და დახმარების საერთაშორისო კავშირ „ნდობას“, რომლის პრეს-ცენტრის უფროსმა 16.08.2013წ. კვლავ განცხადებით მიმართა სსიპ საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის ეთიკის კომისიას ლ. ჩ-სა და მისი ბიუროს ადვოკატების ვ. შ-ისა და ქ. ს-ის მიერ განმცხადებლის მიმართ უპასუხისმგებლო დამოკიდებულების გამო. სსიპ „სქართველოს ადვოკატთა ასოციაციის“ ეთიკის კომისიის 16.09.2013წ. #079/13 გადაწყვეტილებით უსაფუძვლოდ შეწყდა დიციპლინურ საქმეზე #079/13 ადვოკატ ლ. ჩ-ის მიმართ დისციპლინური წარმოება. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში 24.01.2017წ. დაგვიანებით მოხდა (ვერ მოხერხდა) ზემოთ ჩამოთვლილ დამატებით მტკიცებულებათა დართვა, რადგან სსიპ „საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის“ ეთიკის კომისიიდან ვერ მოხდა მოთხოვნილი დოკუმენტაციის დროულად მოპოვება და ამოღება. ამ უკანსაკნელი მტკიცებულებების, როგორც ახლად აღმოჩენილი გარემოებების, წარდგენა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში მოხდა 28.02.2017წ.-ს, მაშინ როცა 20.02.2017წ. N2ბ/462-17 განჩინებით განმცხადებელს უარი ეთქვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 01 ოქტომბრის საოქმო განჩინების ბათილად ცნობის შესახებ განცხადების დაკმაყოფილებაზე, რომელიც განმცხადებელმა ჩაიბარა 2017 წლის 11 მარტს. განმცხადებელი არის მარტოხელა მოხუცი, რომელსაც არ ჰქონდა შესაძლებლობა მოეპოვებინა და ამოეღო მისთვის საჭირო ახლად აღმოჩენილი გარემოება. ამის გამო დროულად ვერ გაასაჩივრა გაჩინება.
12. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პლტის 2017 წლის 05 ივნისის განჩინებით კერძო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში.
სამოტივაციო ნაწილი :
13. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატა კერძო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების სამართლებრივი დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება დარჩეს უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:
14. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 421-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით ან განჩინებით დამთავრებული საქმის წარმოების განახლება დასაშვებია მხოლოდ მაშინ, როდესაც არსებობს გადაწყვეტილების ბათილად ცნობის (422-ე მუხლი) ან ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ (423-ე მუხლი) განცხადების წანამძღვრები.
15. ზემოთ აღნიშნული ნორმის მიზნიდან გამომდინარე, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებისა თუ განჩინების გაუქმების ან ბათილად ცნობის შესახებ განცხადება შეიძლება ეფუძნებოდეს მხოლოდ კანონით – სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 422-ე და 423-ე მუხლებით ზუსტად განსაზღვრულ შემთხვევებს, რადგან საქმის წარმოების განახლება არ წარმოადგენს სასამართლო გადაწყვეტილების გასაჩივრების მორიგ ეტაპს და შესაბამისად, გადაწყვეტილების კანონიერების შემოწმების დამატებით საპროცესო მექანიზმს. კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით დასრულებული საქმის წარმოების განახლება დასაშვებია მხოლოდ გამონაკლის შემთხვევაში და ისიც, კანონით ზუსტად განსაზღვრული წინაპირობების არსებობისას. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 422-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ პუნქტის თანახმად, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება დაინტერესებული პირის განცხადებით შეიძლება ბათილად იქნეს ცნობილი, თუ ერთ-ერთი მხარე ან მისი კანონიერი წარმომადგენელი (თუ მას ასეთი წარმომადგენელი სჭირდება) არ იყო მოწვეული საქმის განხილვაზე.
16. მოცემულ შემთხვევაში, კერძო საჩივრის ძირითადი დასაბუთება იმაში მდგომარეობს, რომ განმცხადებელი არ იყო ინფორმირებული მისი სააპელაციო საჩივრის 2009 წლის 01 ოქტომბრის სხდომაზე განხილვის შესახებ. განმცხადებლის მოსაზრებით, მის ინტერესებს პირველი ინსტანციის სასამართლოში, იცავდნენ სხვა რწმუნებულები, ხოლო სააპელაციო ინსტანციის სასამართლოში კი - ქ.------–-ილი, რომელიც მონაწილეობას მიიღებდა მხოლოდ ერთ-პროცესზე (23 ივლისს). განმცხადებელი 23 ივლისს სხდომას არ ესწრებოდა, ხოლო მას შემდეგ, რაც სხდომა გადაიდო 01 ოქტომბრისათვის, აღნიშნული განმცხადებლისთვის არ უცნობებიათ. ამასთან, თავად განმცხადებელი რწმუნებულს ვერ დაუკავშირდა, რომ მიეღო მისგან ინფორმაცია. განმცხადებელს 01 ოქტომბრის სხდომის დღის შესახებ არც უწყება მიუღია.
17. საკასაციო პალატა კერძო საჩივრის ავტორის არგუმენტს არ მიიჩნევს კანონიერ ძალაში შესული განჩინების/გადაწყვეტილების (კონკრეტულ შემთხვევაში, საოქმო განჩინების) გაუქმების სსკ-ის 422-ე მუხლის „გ“ პუნქტით გათვალისწინებულ ლეგიტიმურ საფუძვლად და აღნიშნავს, რომ მხარეებს და მათ წარმომადგენელებს სასამართლოს სხდომის შესახებ ეცნობებათ სსსკ-ის 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით. ამავე კოდექსის 70.1 მუხლის მიხედვით, შეტყობინების ვალდებულება ვრცელდება ერთ-ერთ (მხარეზე ან წარმომადგენელზე) მათგანზე. ხოლო 216-ე მუხლი მე-3 ნაწილის მიხედვით, სასამართლო სხდომის გადადების შემთხვევაში, სასამართლო დანიშნავს ახალი სასამართლო სხდომის დღეს და ამის შესახებ აცნობებს სასამართლო პროცესზე გამოცხადებულ პირებს, რასაც ისინი ადასტურებენ ხელის მოწერით. აქედან გამომდინარე, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ განმცხადებელს სწორად ეთქვა უარი მისი განცხადების დაკმაყოფილებაზე.
18. იმავდროულად, საგულისხმოა, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსით დადგენილია კანონიერ ძალაში შესულ გადაწყვეტილებაზე/განჩინებაზე საქმის წარმოების განახლების ვადები, სახელდობრ, სსსკ-ის 426-ე მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით, გადაწყვეტილების ბათილად ცნობის გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ განცხადების შეტანა დაუშვებელია გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლიდან 5 წლის გასვლის შემდეგ, გარდა ამ კოდექსის 422-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით დადგენილია საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა იხ., Nას-1106-1370-09, 25 თებერვალი, 2010 წელი. ამდენად, დასახელებული ნორმა ითვალისწინებს განცხადების დასაშვებობის ვადის თვალსაზრისით იმგვარ გამონაკლისს, როდესაც საქმის წარმოების განახლების საფუძველია სსსკ-ის 422 მუხლის „გ“ პუნქტი (დისპოზიცია: კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება დაინტერესებული პირის განცხადებით შეიძლება ბათილად იქნეს ცნობილი, თუ პირი, რომლის უფლებებსა და კანონით გათვალისწინებულ ინტერესებს უშუალოდ ეხება მიღებული გადაწყვეტილება, არ იყო მოწვეული საქმის განხილვაზე), რასაც მოცემულ საქმეზე ადგილი არ ჰქონდა. მაშასადამე, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ განცხადება არამარტო დაუსაბუთებელია, არამედ გასულია მისი წარდგენის კანონით დადგენილი 5 წლიანი ვადა (ხანდაზმულობა), რის გამოც, მას უარი სწორად ეთქვა დაკმაყოფილებაზე.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ე- ა--ვილის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 20 თებერვლის განჩინება დარჩეს უცვლელად.
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ზ. ძლიერიშვილი
მოსამართლეები: პ. ქათამაძე
ბ. ალავიძე
a