Facebook Twitter

№030210015001128955

საქმე №ას-514-480-2017 30 ივნისი, 2017 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ზურაბ ძლიერიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

პაატა ქათამაძე, ბესარიონ ალავიძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი – ნ- ნ-ვილი (მოპასუხე, აპელანტი)

მოწინააღმდეგე მხარე - ნ-დ-ელია (მოსარჩელე, მოწინააღმდეგე მხარე)

გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 09 თებერვლის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

დავის საგანი –თანხის დაკისრება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. ნ- დ-ელიამ (შემდეგში: მოსარჩელე) დაავალა დ- ბ--ას (შემდეგში: მესამე პირი), მოსარჩელის სახელითა და ხარჯით, მოეძებნა მოსარჩელისათვის სასურველი მიწის ნაკვეთი და დაედო გამყიდველთან ნასყიდობის ხელშეკრულება.

2. 2011 წლის აგვისტოს თვეში მოსარჩელესა და ნ- ნ–ვილს (შემდეგში: მოპასუხე) შორის დაიდო მიწის ნაკვეთის ზეპირი ნასყიდობის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც მოსარჩელეს მოპასუხისათვის 1 წლის განმავლობაში ნაწილ-ნაწილ უნდა გადაეხადა 5000 აშშ დოლარი, რის შემდეგაც, მოპასუხე გადაუფორმებდა მის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთს მოსარჩელეს. მოსარჩელე ნასყიდობის საფასურს უგზავნიდა მესამე პირს, რომელსაც ევალებოდა აღნიშნული თანხის მოპასუხისათვის გადაცემა.

3. მოსარჩელემ სარჩელი აღძრა მოპასუხის წინააღმდეგ და მოითხოვა მოპასუხისათვის 4300 აშშ დოლარის გადახდის დაკისრება.

4. მოპასუხემ წარმოადგინა, როგორც მოთხოვნის გამომრიცხავი ისე, მოთხოვნის განხორციელების შემაფერხებელი შესაგებელი (ხანდაზმულობა).

5. ფოთის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 02 თებერვლის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. მოპასუხეს დაეკისრა მოსარჩელის სასარგებლოდ 50 ლარის, 3800 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის გადახდა.

6. მოთხოვნის განხორციელების შემაფერხებელი შედავება არ გაიზიარა საქალაქო სასამართლომ გამომდინარე იქიდან, რომ მოსარჩელეს მოთხოვნის უფლება წარმოეშვა 2012 წლის აგვისტოს თვეში, როდესაც მან უარი თქვა ხელშეკრულებაზე და მოსთხოვა მოპასუხეს გადახდილი ნასყიდობის საფასურის დაბრუნება.

7. სარჩელის საფუძვლიანობის თვალსაზრისით კი, დადგენილი იქნა წინამდებარე განჩინების პ: 1, 2-ში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები. იმავდროულად, საქალაქო სასამართლომ არ გაიზიარა მოპასუხის შედავება იმასთან დაკავშირებით, რომ გარიგების მხარეს - მყიდველს, წარმოადგენდა მესამე პირი და არა მოსარჩელე, რადგან საქმის მასალებით დადგენილი იყო, რომ მესამე პირმა დავალების ხელშეკრულების საფუძველზე, მისი მარწმუნებლის სახელით დადო მოპასუხესთან ნასყიდობის ხელშეკრულება. შესაბამისად, გარიგების სამართლებრივი შედეგის ადრესატს სწორედ მოსარჩელე წარმოადგენდა.

8. ამასთან, საქალაქო სასამართლომ 2011 წლის აგვისტოს თვეში მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის დადებული მიწის ნაკვეთის ნასყიდობის ხელშეკრულება მიიჩნია ბათილ გარიგებად, იმ ფაქტობრივ-სამართლებრივი საფუძლით, რომ მხარეთა შორის დაიდო უძრავი ნივთის ნასყიდობის ხელშეკრულება კანონით გათვალისწინებული, აუცილებელი, წერილობითი ფორმის დაუცველად.

9. მოპასუხის აღიარების საფუძველზე კი, დადგენილ იქნა, რომ მოსარჩელემ მოპასუხეს გადაუხადა ნასყიდობის საფასური 3800 აშშ დოლარი და 50 ლარი.

10. სარჩელის ნაწილობრივ დაკმაყოფილების სამართლებრივ საფუძვლად საქალაქო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდეგში: სსკ-ის) 477-ე, 323-ე, 59-ე, 976-ე მუხლებით.

11. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 09 თებერვლის განჩინებით მოპასუხის მიერ წარდგენილი სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

12. სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია განჩინების პპ: 1, 2; 8; 9; 10-ით დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები. იმავდროულად მიუთითა საქმეში წარმოდგენილ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო - ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის ქ. ფოთის საქალაქო სამმართველოში არსებულ მასალებზე, მათ შორის, 2013 წლის 9 აგვისტოს მოპასუხის მოწმის სახით დაკითხვის ოქმზე, სადაც იგი ადასტურებდა, რომ მიწის ნაკვეთის შემსყიდველი სწორედ მოსარჩელე იყო. დასახელებულ ოქმში მიხედვით მოპასუხე აღნიშნავს შემდეგს: „დ------მ და მაიკომ (ანუ მოსარჩელის დედამ და დამ) დაათვალიერეს აღნიშნული მიწის ნაკვეთი და ტელეფონით გადაუღეს სურათები, ამის შემდეგ წავედით ჩემს საცხოვრებელ სახლში, სადაც მოვილაპარაკეთ, რომ სამ თვეში ნაწილ - ნაწილ დაფარავდნენ 5000 აშშ დოლარს, იმ შემთხვევაში, თუ მის შვილს ნ---ს, რომელიც ცხოვრობს უკრაინაში გაუგზავნიდნენ ფოტოებს და მოეწონებოდა მიწის ნაკვეთი ... ამის შემდეგ მეორე დღეს, დილის საათებში დამიკავშირდა დ--- (ბ-----ა) და მითხრა, რომ მოეწონა ჩემს შვილს ნ---ს თქვენი მიწის ნაკვთი და გადაწყიტა ყიდვაო . . . დაახლოებით 1 წელში გადამიხადეს 3800 აშშ დოლარი და 50 ლარი“ (იხ. ს.ფ. 58).

13. ამდენად, სააპელაციო პალატა მიიჩნია, რომ მოსარჩელემ ბათილი გარიგებიდან გამომდინარე გადაუხადა მხოლოდ 3800 აშშ დოლარი და 50 ლარი. საქმეში არ მოიპოვებოდა მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა მოპასუხისათვის 4300 აშშ დოლარის გადახდის ფაქტს.

14. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ, რომელმაც მისი გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

13. კასატორის პრეტენზია გარიგების მონაწილე მხარის არასწორად განსაზღვრას ეფუძნება, სახელდობრ, კასატორი აღნიშნავს, რომ მოსარჩელე არ იყო ნასყიდობის ხელშეკრულების მონაწილე მხარე, ვინაიდან მოპასუხეს მასთან ნასყიდობის ხელშეკრულება არ დაუდია. მესამე პირი პირადად მივიდა მოპასუხესთან და სწორედ მან დადო ზეპირი ფორმით ნასყიდობის ხელშეკრულება. გარდა ამისა, მესამე პირს მოპასუხისათვის არც ის განუმარტავს, რომ მოქმედებდა მოსარჩელის დავალებით, იმდენად რამდენადაც მხარეები წარმოშობით ერთი კუთხიდან აფხაზეთიდან იყვნენ, ერთმანეთს ენდვნენ და მორიგდნენ უძრავი ქონების გასხვისება და შეძენაზე. მაგრამ იმდენად რამდენადაც მყიდველმა - მესამე პირმა დ------ ბ-----ამ ვერ შეასრულა დათქმული დროის შუალედში პირობა საფასურის გადახდის შესახებ, ამ დროს კი, მოპასუხის დედის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამძიმდა, ბოლოს გარდაიცვალა კიდევაც, თავად მესამე პირმა განაცხადა უარი ნასყიდობის საგანზე და არა მოსარჩელემ, მაგრამ სააპელაციო სასამართლომ მიუთითა თითქოს მოსარჩელემ თქვა უარი ხელშეკრულებაზე და მოსთხოვა მოპასუხეს ნასყიდობის საფასურის დაბრუნება. ფოთის საქალაქო სასამართლოში თავად მოსარჩელემ აღიარა აღნიშნული გარემოება და პირველ სხდომაზე თანახმა იყო სათანადო მოსარჩელედ ჩანაცვლებულიყო მესამე პირი. ამ კუთხით, კასატორი ციტირებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 131-ე და 132-ე მუხლების დისპოზიციაზე (მხარის აღიარება და მისი ფორმა).

14. კასატორი სადავოდ ხდის მოსარჩელის მიერ თანხის გაგზავნის ფაქტსაც და აღნიშნავს, რომ საქმეში არანაირი მტკიცებულება არ მოიპოვება იმასთან დაკავშირებით რომ მოსარჩელე მესამე პირს უგზავნიდა გარკვეულ თანხებს უძრავი ქონების შესაძენად. არც მოსარჩელეს დაუსახელებია რა პერიოდულობით, რა ოდენობის თანხებს უგზავნიდა თავის დედას - მესამე პირს.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

15. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 08 მაისის განჩინებით საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სსსკ-ის 396-ე მუხლით და 391-ე მუხლის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად.

16. საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც, მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად.

17. განსახილველ შემთხვევაში, კასატორი სადავოდ ხდის მოსარჩელის სათანადოობას და მიაჩნია, რომ სამართალურთიერთობის მონაწილე პირად არასწორად განისაზღვრა იგი, მოსარჩელის ნაცვლად უძრავი ნივთის - მიწის ნასყიდობის ზეპირი ხელშეკრულების მხარეს წარმოადგენდა მესამე პირი. იმავდროულად, სადავოა, მოსარჩელის მიერ თანხის გაგზავნის (გადახდის) ფაქტობრივი გარემოება, რელევანტურ მტკიცებულებათა არარსებობის მოტივით.

15. კასატორის ზემოაღნიშნულ პრეტენზიას არ გააჩნია ვარგისი სამართლებრივი საფუძველი შემდეგ გარემოებათა გამო: როგორც საქმის მასალებით ირკვევა, კასატორმა მესამე პირთან სამართლებრივი ურთიერთობის წარმოშობის საკითხი დააყენა ჯერ კიდევ, პირველი ინსტანციის სასამართლოში, რაც დასაბუთებულად არ იქნა გაზიარებული რამდენადაც საქმის მასალებით დასტურდებოდა, რომ სწორედ მოსარჩელემ დაავალა მესამე პირს, მოსარჩელის სახელითა და ხარჯით, მოეძებნა მისთვის სასურველი მიწის ნაკვეთი და დაედო გამყიდველთან ნასყიდობის ხელშეკრულება. ამდენად, მესამე პირის მონაწილეობა მხოლოდ იმაში გამოვლინდა, რომ დახმარება გაეწია მოსარჩელისა და მოპასუხისათვის სახელშეკრულებო ურთიერთობის წარმოშობაში, თუმცა, გარიგების იურიდიული შედეგის ადრესატს სწორედ მოსარჩელე წარმოადგენდა და არა მესამე პირი. ამას გარდა, სააპელაციო საჩივრის განხილვის ეტაპზე, სააპელაციო პალატამ გამოიკვლია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო - ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის ქ. ფოთის საქალაქო სამმართველოში არსებულ მასალებზე, მათ შორის, 2013 წლის 9 აგვისტოს მოპასუხის მოწმის სახით დაკითხვის ოქმზე, სადაც იგი ადასტურებდა, რომ მიწის ნაკვეთის შემსყიდველი სწორედ მოსარჩელე იყო. დასახელებულ ოქმში მიხედვით მოპასუხე აღნიშნავდა შემდეგს: „დ--მ და მაიკომ (ანუ მოსარჩელის დედამ და დამ) დაათვალიერეს აღნიშნული მიწის ნაკვეთი და ტელეფონით გადაუღეს სურათები, ამის შემდეგ წავედით ჩემს საცხოვრებელ სახლში, სადაც მოვილაპარაკეთ, რომ სამ თვეში ნაწილ - ნაწილ დაფარავდნენ 5000 აშშ დოლარს, იმ შემთხვევაში, თუ მის შვილს ნ---ს, რომელიც ცხოვრობს უკრაინაში გაუგზავნიდნენ ფოტოებს და მოეწონებოდა მიწის ნაკვეთი ... ამის შემდეგ მეორე დღეს, დილის საათებში დამიკავშირდა დ- (ბ-ა) და მითხრა, რომ მოეწონა ჩემს შვილს ნ---ს თქვენი მიწის ნაკვთი და გადაწყიტა ყიდვაო . . . დაახლოებით 1 წელში გადამიხადეს 3800 აშშ დოლარი და 50 ლარი“ (იხ. ს.ფ. 58). აღნიშნულ ფაქტობრივ გარემოებებზე დაყრდნობით, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ სარჩელი აღძრულია უფლებამოსილი პირის მიერ და კასატორის პრეტენზიას არ გააჩნია ვარგისი სამართლებრივი საფუძველი. ამავე ფაქტობრივ გარემოებებზე დაყრდნობით უნდა იქნეს უარყოფილი კასატორის შემდეგი პრეტენზია, რომელიც მოსარჩელის მხრიდან მისთვის თანხის გადახდის სადავოობას შეეხება რელევანტურ მტკიცებულებათა წარმოუდგენლობის მოტივით, რამეთუ თავად კასატორის მიერ მიცემული ახსნა-განმარტებითაა დადგენილი 3800 აშშ დოლარისა და 50 ლარის მისთვის გადახდის ფაქტობრივი გარემოება (იხ., 2013 წლის 9 აგვისტოს მოპასუხის/კასატორის მოწმის სახით დაკითხვის ოქმი, ოქმის შემდგენელი საქართველოს შსს სამეგრელო - ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის ქ. ფოთის საქალაქო სამმართველოს უბნის ინსპექტორ-გამომძიებელი).

16. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მხარეთა შორის შედგა ნასყიდობის ხელშეკრულება უძრავ ნივთზე -მიწის ნაკვეთზე, საამისოდ კანონით გათვალისწინებული სავალდებულო ფორმის დაუცველად, რასაც მართებულად დაუკავშირდა ბათილობის სამართლებრივი შედეგი [სსკ-ის 477-ე, 183-ე, 59-ე და 976-ე მუხლები]

18. ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში, არ იკვეთება საკასაციო საჩივრის დასაშვებობის სსსკ-ის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული რომელიმე საფუძვლის არსებობა, ვინაიდან ნორმის დანაწესით საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. როგორც საქმის მასალებით ირკვევა, სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით, ვინაიდან სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან, არც დასაბუთებული პოზიციაა წარმოდგენილი ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციათან ანდა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალთან წინააღმდეგობის საფუძვლით.

19. ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისითაც. უძრავ ნივთებზე გარიგების სავალდებულო ფორმასა და მისი დაუცველობის სამართლებრივ შედეგებთან დაკავშირებით არსებობს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა.

20. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი დაუშვას საკასაციო საჩივარი, რის გამოც, საკასაციო საჩივარს უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

21. სსსკ-ის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, კასატორს სახელმწიფო ბიუჯეტიდან უნდა დაუბრუნდეს გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ნ- ნ-ვილის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;

2. კასატორ ნ- ნ–ვილს უკან დაუბრუნდეს 2017 წლის 05 მაისს საგადახდო დავალება N5 გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან (473 ლარი) 331.10 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 3 0077 3150.

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ზ. ძლიერიშვილი

მოსამართლეები: პ. ქათამაძე

ბ. ალავიძე