საქმე №ას-683-637-2017 13 ივნისი, 2017 წელი
№ას-683-637-2017 საქ.ბანკი ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ზურაბ ძლიერიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ნინო ბაქაქური, ბესარიონ ალავიძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი – სს „ს--ი“
მოწინააღმდეგე მხარე - სს „თ-ი“
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 08 მაისის განჩინება
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – განჩინების ბათილად ცნობისა და საქმის წარმოების განახლებაზე წარდგენილი განცხადების განუხილველად დატოვების თაობაზე მიღებული განჩინების გაუქმება
დავის საგანი – განჩინების ბათილად ცნობა და საქმის წარმოების განახლება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 17 იანვრის განჩინებით სს ,,თ- --ს” (შემდეგში: მოსარჩელე) უარი ეთქვა სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განცხადების დაკმაყოფილებაზე.
2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 06 თებერვლის განჩინებით მოსარჩელის საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 17 იანვრის განჩინებაზე დაუსაბუთებლობის გამო, გადმოეგზავნა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას.
3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 15 მარტის განჩინებით შეიცვალა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 17 იანვრის განჩინება და სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით დ-ს (შემდეგში: მოპასუხე ან დასაქმებული) აეკრძალა 2017 წლის 01 იანვრიდან 6 თვის განმავლობაში სს ,,ს-- ში” (შემდეგში: ბანკი ან დამსაქმებელი) დასაქმება და ამ ბანკთან რაიმე სახის პირდაპირი ან არაპირდაპირი თანამშრომლობა.
4. ზემოაღნიშნულ განჩინებაზე დასაქმებულის მიერ წარმოდგენილი საჩივრით, მოთხოვნილი იქნა უზრუნველყოფის ღონისძიების გაუქმება. მანვე იშუამდგომლა უზრუნველყოფის შესახებ განჩინების აღსრულების შეჩერების თაობაზე.
5. 2017 წლის 29 მარტს თბილისის სააპელაციო სასამართლოში წარმოდგენილი იქნა ბანკის განცხადება „გადაწყვეტილების ბათილად ცნობის და საქმის წარმოების განახლების შესახებ’’. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 03 აპრილის განჩინებით განცხადება მისი შინაარსიდან გამომდინარე მიჩნეული იქნა დაინტერესული პირის საჩივრად და როგორც დაინტერესებული მხარის საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში. განცხადებაში, რომელიც მიჩნეული იქნა საჩივრად, საქმის წარმოების განახლების საფუძვლად ბანკი უთითებდა იმ გარემოებაზე, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2017 წლის 15 მარტის განჩინებით უხეშად დაირღვა მისი უფლებები, რამეთუ ის არც კი წარმოადგენდა იმ სამართალწარმოების მხარეს, რომლის ფარგლებშიც მიღებული იქნა განჩინება სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების შესახებ. ბანკი სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ მიღებული განჩინების გაუქმებას შემდეგ გარემოებებზე მითითებით მოითხოვდა: ბანკსა და მოპასუხეს შორის არსებული სახელშეკრულებო ურთიერთობის გაგრძელების ხელშემშლელი ნებისმიერი პირობა, რომელიც დაავალდებულებს მოპასუხეს ცალმხრივად დაუყოვნებლივ ხელშეკრულებით გათვალისწინებული წინასწარი შეტყობინებისა და მისი შემცვლელი პირისთვის კეთილსინდისერად გონივრულ ვადაში გადაბარების გარეშე დაუყოვნებლივ მიატოვოს დაკავებული ადგილი და შეწყვიტოს დაკისრებული ვალდებულების შესრულება მნიშვნელოვან მატერიალურ და რეპუტაციულ ზიანს მიაყენებს ბანკს. ზიანის თავიდან არიდებას შეუძლებელს გახდის ის გარემოებაც, რომ ბანკის დირექტორის წევრის ჩანაცვლება შესაძლებელი იქნება იმ შემთხვევაში, თუ ახალი კადრი დააკმაყოფილებს ,,კომერციული ბანკების ადმინისტრატორთა შესაფერისობის კრიტერიუმების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე’’ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2014 წლის 17 ივნისის #50/04 ბრძანებით განსაზღვრულ სტანდარტებს. ასეთი კადრის მოძიება, შერჩევა და თანხმობის მიღება მყისიერად ვერ მოხდება. საჩივრის ავტორის მოსაზრებით, მოსარჩელე ვერ ადასტურებდა მოპასუხის ბანკში საქმიანობისას მის მიერ მოსარჩელე ბანკში საქმიანობასთან დაკავშირებით მოპოვებული ინფორმაციის გამოყენებას.
6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 05 აპრილის განჩინებით: ბანკის საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ და მიღებულ იქნა ახალი განჩინება სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების ნაწილობრივი დაკმაყოფილებისა და დასაქმებულისათვის 2017 წლის 15 მარტიდან 2017 წლის 01 ივლისამდე ბანკში დასაქმების, აგრეთვე, აღნიშნულ ბანკთან რაიმე სახის პირდაპირი ან არაპირდაპირი თანამშრომლობის აკრძალვის შესახებ. დანარჩენ ნაწილში, დასაქმებულის და ბანკის საჩივრები თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 15 მარტის განჩინებაზე დაუსაბუთებლობის გამო, საქმის მასალებთან ერთად გაიგზავნა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში.
7. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 19 აპრილის განჩინებით აღნიშნული საჩივრები მიჩნეულ იქნა დაუშვებლად.
8. 2017 წლის 24 აპრილს თბილისის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების ბათილად ცნობის და საქმის წარმოების განახლების მოთხოვნით კვლავ მიმართა ბანკის წარმომადგენელმა. განმცხადებლის მითითებით ის ფაქტი, რომ 2017 წლის 15 მარტის განჩინებით დარღვეული იქნა ბანკის უფლებები აღიარებულია სასამართლოს 2017 წლის 03 და 05 აპრილის განჩინებებით. განმცხადებლის განმარტებით გასაჩივრებულ განჩინებასთან მიმართებით ბანკს არასდროს დაუყენებია მოთხოვნა საჩივრის ავტორის რანგში, რამეთუ ბანკი მოთხოვნას აფუძნებს საპროცესო კოდექსის იმ ნორმებზე, რომლითაც რეგულირდება არა პროცესის მონაწილე მხარის მიერ წარდგენილი საჩივრის განხილვის, არამედ კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით ან განჩინებით დამთავრებული საქმის წარმოების განახლების წესები.
9. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პლატის 2017 წლის 08 მაისის განჩინებით განცხადება დატოვებულ იქნა განუხილველად.
10. სააპელაციო პალატამ ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ 2017 წლის 24 აპრილს თბილისის სააპელაციო სასამართლოში ბანკის მიერ წარმოდგენილი განცხადება - გადაწყვეტილების ბათილად ცნობის და საქმის წარმოების განახლების შესახებ, ეფუძნებოდა იმ ფაქტებს და გარემოებებს, რომლებსაც ეფუძნებოდა ამ უკანასკნელის მიერ 2017 წლის 29 მარტს სასამართლოში წარმოდგენილი განცხადება. კერძოდ, 2017 წლის 24 აპრილს წარმოდგენილ განცხადებაში, ისევე როგორც 2017 წლის 29 მარტს წარმოდგენილ განცხადებაში ბანკის წარმომადგენელი განმარტავდა, რომ იმ პირობებში, როდესაც ბანკი არ წარმოადგენდა იმ სამართალწარმოების მხარეს, რომლის ფარგლებშიც გამოტანილი იქნა განჩინება სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების შესახებ უხეშად დაირღვა ბანკის უფლებები. აღნიშნულის გათვალისწინებით ბანკი მიიჩნევდა, რომ სახეზეა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2017 წლის 15 მარტის განჩინების ბათილად ცნობის და საქმის წარმოების განახლების საფუძველი. ბანკი სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ მიღებული განჩინების გაუქმებას კი, მოითხოვდა შემდეგ გარემოებებზე მითითებით: ბანკს და დასაქმებულს შორის არსებული სახელშეკრულებო ურთიერთობის გაგრძელების ხელშემშლელი ნებისმიერი პირობა, რომელიც დაავალდებულებს მოპასუხეს ცალმხრივად დაუყოვნებლივ ხელშეკრულებით გათვალისწინებული წინასწარი შეტყობინებისა და მისი შემცვლელი პირისთვის კეთილსინდისერად გონივრულ ვადაში გადაბარების გარეშე, დაუყოვნებლივ მიატოვოს დაკავებული პოსტი და შეწყვიტოს დაკისრებული ვალდებულების შესრულება მნიშვნელოვან მატერიალურ და რეპუტაციულ ზიანს მიაყენებს ბანკს. ზიანის თავიდან არიდებას შეუძლებელს გახდის ის გარემოებაც, რომ ბანკის დირექტორის წევრის ჩანაცვლება შესაძლებელი იქნება იმ შემთხვევაში, თუ ახალი კადრი დააკმაყოფილებს ,,კომერციული ბანკების ადმინისტრატორთა შესაფერისობის კრიტერიუმების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე’’ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2014 წლის 17 ივნისის #50/04 ბრძანებით განსაზღვრულ სტანდარტებს. ასეთი კადრის მოძიება, შერჩევა და თანხმობის მიღება მყისიერად ვერ მოხდება. საჩივრის ავტორის მოსაზრებით, ბანკი ვერაფრით ადასტურებს დასაქმებულის ბანკში საქმიანობისას მის მიერ მოსარჩელე ბანკში საქმიანობასთან დაკავშირებით მოპოვებული ინფორმაციის გამოყენებას. სარჩელის უზრუნველყოფიოს სახით, დასაქმებულისათვის ბანკში მუშაობის აკრძალვის დროისთვის მხარეთა შორის უკვე არსებობდა სახელშეკრულებო ურთიერთობა და იგი რეგისტრირებული იყო რეესტრში, რომლის მიმართაც მოქმედებს სისრულისა და უტყუარობის პრეზუმფცია, 2017 წლის პირველი იანვრიდან ბანკში დასაქმებისა და მასთან ყოველგვარი პირდაპირი თუ არაპირდაპირი თანამშრომლობის აკრძალვა ეჭქვეშ დააყენებს 2017 წლის 01 მარტიდან 2017 წლის 15 მარტამდე პერიოდში დასაქმებულის, როგორც ბანკის წარმომადგენლის სახელით დადებული გარიგებებისა თუ მიღებული გადაწყვეტილებების კანონიერებას.
11. სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ ბანკის მიერ 2017 წლის 29 მარტს და ამავე წლის 24 აპრილს თბილისის სააპელაციო სასამართლოში გადაწყვეტილების ბათილად ცნობის და საქმის წარმოების განახლების შესახებ წარმოდგენილი განცხადებები იგივეობრივია. დასახელებულ განცხადებებში მითითებულ საფუძვლებთან დაკავშირებით ერთხელ უკვე იმსჯელა სააპელაციო პალატამ და მიიღო განჩინება განცხადების შინაარსის გათვალისწინებით მისი საჩივრად მიჩნევის შესახებ. ამასთან, ნაწილობრივ გაზიარებული იქნა ბანკის მოთხოვნა საჩივართან დაკავშირებით, რაც თავის მხრივ, უცვლელად იქნა დატოვებული საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 19 აპრილის განჩინებით.
12. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 08 მაისის განჩინების გაუქმების მოთხოვნით კერძო საჩივარი წარედგინა ბანკმა.
13. კერძო საჩივრის ავტორი მიუთითებს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 15 მარტის განჩინებაზე, რომლითაც შეიცვალა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 17 იანვრის განჩინება და სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით დასაქმებულს აეკრძალა 2017 წლის 01 იანვრიდან 6 თვის განმავლობაში ბანკში დასაქმება და ამ ბანკთან რაიმე სახის პირდაპირი ან არაპირდაპირი თანამშრომლობა. ამავე განჩინებით მხარეს მიეცა განჩინების გასაჩივრების შესაძლებლობა. ვინაიდან განჩინება უხეშად ლახავდა ბანკის უფლებებს, ბანკმა წარდგინა განცხადება გადაწყვეტილების ბათილად ცნობისა და საქმის წარმოების განახლების შესახებ. სააპელაციო პალატამ განცხადება მიიჩნია საჩივრად. 5 აპრილის გადაწყვეტილებით ნაწილობრივ გაუქმდა 2017 წლის 15 მარტის განჩინება და დანარჩენ ნაწილში, ბანკის განცხადება, გადაიგზავნა საქართველოს უზენაეს სასამართლოში, რომელმაც საჩივარი ცნო დაუშვებლად იმ მოტივით, რომ აღნიშნული განჩინება გასაჩივრებას არ ექვემდებარებოდა. აღნიშნულიდან გამომდინარე, ბანკმა 2017 წლის 24 აპრილს კვლავ მიმართა თბილისის სააპელაციო სასამართლოს, რომლითაც მოითხოვა 2017 წლის 15 მარტის განჩინების ბათილად ცნობა და საქმის წარმოების განახლება. ბანკის მითითებით, მისთვის ნათელი იყო, რომ საჩივარი განხილული უნდა ყოფილიყო სხვა პროცედურული წესებით, რაც გათვალისწინებულია საქმის წარმოების განახლების წესებით. ვინაიდან, მისი მოთხოვნა განხილული იქნა არარელევანტური პროცედურული წესებით, მას შეეზღუდა უფლება მიეღწია მისთვის სასურველი შედეგისათვის. გარდა ამისა, ბანკი, მის მიერ წარდგენილ ორივე განცხადებაში მათ განხილვას ითხოვდა რელევანტური წესით, იგი 2017 წლის 15 მარტის განჩინების ბათილობის მოთხოვნას აყენებდა სრულად, ყველა ნაწილში, რისთვისაც არსებობს ყველა საკმარისი წინაპირობა და ისინი მითითებული იქნა ორივე განცხადებაში. თუმცა გასაჩივრებული განჩინებით სააპელაციო პალატამ განუხილველად დატოვა ბანკის განცხადება იმ საფუძვლით, რომ აღნიშნულ საფუძვლით ბანკს ადრეც ჰქონდა წარდგენილი განცხადება და არ არსებობდა მისი არსებითად განხილვის საფუძველი.
14. ბანკს მიაჩნია, რომ უხეშადაა დარღვეული მისი უფლებები, რაც გამოიხატება შემდეგში: ა) ბანკს შეეზღუდა სსსკ-ის 422-ე მინიჭებული უფლება, რაც მისი მონაწილეობის გარეშე მიღებული სასამართლო გადაწყვეტილების ბათილობასა და საქმის წარმოების განახლებას გულისხმობს; ბ) ბანკს შეეზღუდა უფლება, მისი განცხადების საფუძველზე სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში (რაც ეხება 15 მარტის შემდგომ დასაქმების შეზღუდვის გაუქმებას და ბანკის შუამდგომლობას აღსრულების შეჩერების შესახებ) გაესაჩივრებინა ზემდგომ ინსტანციაში. გ) ამ გარემოებების საფუძველზე ბანკმა ვერ შეძლო თავიდან აერიდებონა ზიანი, რომელიც ადგება გასაჩივრებული გადაწყვეტილების მოქმედების პირობებში.
15. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 31 მაისის განჩინებით კერძო საჩივარი მიღებულ იქნა განსახილველად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
16. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატა კერძო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების სამართლებრივი დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება დარჩეს უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:
17. მოცემულ შემთხვევაში, დადგენილია, რომ სასამართლოში იხილება სს „თი ბი სი“ ბანკის სარჩელი დასაქმებულის მიმართ ხელშეკრულებით ნაკისრი კონკურენციის არგაწევის პირობების შესრულებისა და აქციების უკან დაბრუნების შესახებ. სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით (უზრუნველყოფაზე უარის თქმის შესახებ განჩინების ნაწილობრივი დაკმაყოფილების ფარგლებში) თბილისის სააპელაციო სასამართლომ დასაქმებულს აუკრძალა 2017 წლის 01 იანვრიდან 6 თვის განმავლობაში კერძო საჩივრის ავტორ ბანკში დასაქმება და ამ ბანკთან რაიმე სახის პირდაპირი ან არაპირდაპირი თანამშრომლობა.
18. 2017 წლის 29 მარტს თბილისის სააპელაციო სასამართლოში წარმოდგენილი იქნა ბანკის განცხადება „გადაწყვეტილების ბათილად ცნობის და საქმის წარმოების განახლების შესახებ’’. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 03 აპრილის განჩინებით განცხადება მისი შინაარსიდან გამომდინარე მიჩნეული იქნა დაინტერესული პირის საჩივრად და როგორც დაინტერესებული მხარის საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში. დადგენილია, რომ განცხადებაში, ბანკი უთითებდა იმ გარემოებაზე, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2017 წლის 15 მარტის განჩინებით უხეშად დაირღვა მისი უფლებები, რამეთუ ის არც კი წარმოადგენდა იმ სამართალწარმოების მხარეს, რომლის ფარგლებშიც მიღებული იქნა განჩინება სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების შესახებ.
19. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 05 აპრილის განჩინებით: ბანკის საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ და მიღებულ იქნა ახალი განჩინება სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების ნაწილობრივი დაკმაყოფილებისა და დასაქმებულისათვის 2017 წლის 15 მარტიდან 2017 წლის 01 ივლისამდე ბანკში დასაქმების, აგრეთვე, აღნიშნულ ბანკთან რაიმე სახის პირდაპირი ან არაპირდაპირი თანამშრომლობის აკრძალვის შესახებ. დანარჩენ ნაწილში, დასაქმებულის და ბანკის საჩივრები თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 15 მარტის განჩინებაზე დაუსაბუთებლობის გამო, საქმის მასალებთან ერთად გაიგზავნა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 19 აპრილის განჩინებით აღნიშნული საჩივრები მიჩნეულ იქნა დაუშვებლად.
20. 2017 წლის 24 აპრილს თბილისის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების ბათილად ცნობის და საქმის წარმოების განახლების მოთხოვნით კვლავ მიმართა ბანკის წარმომადგენელმა. განცხადება დარჩა განუხილველად, რაზედაც ბანკმა წარმოადგინა კერძო საჩივარი.განსახილველი კერძო საჩივრით ირკვევა, რომ ბანკის პრეტენზია ძირითადად ეფუძნება იმ გარემოებას, რომ (ა) ბანკს შეეზღუდა სსსკ-ის 422-ე მინიჭებული უფლება, რაც მისი მონაწილეობის გარეშე მიღებული სასამართლო გადაწყვეტილების ბათილობასა და საქმის წარმოების განახლებას გულისხმობდა; ბ) ბანკს შეეზღუდა უფლება, მისი განცხადების საფუძველზე სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში (რაც ეხება 15 მარტის შემდგომ დასაქმების შეზღუდვის გაუქმებას და ბანკის შუამდგომლობას აღსრულების შეჩერების შესახებ) გაესაჩივრებინა ზემდგომ ინსტანციაში. გ) ამ გარემოებების საფუძველზე ბანკმა ვერ შეძლო თავიდან აერიდებინა ზიანი, რომელიც ადგება გასაჩივრებული გადაწყვეტილების მოქმედების პირობებში. იმავდროულად, აღსანიშნავია, რომ სააპელაციო სასამართლოს 2017 წლის 29 მარტისა და 24 აპრილის განჩინებებში ბანკის მიერ დაყენებულ პრეტენზიებზე ნამსჯელი აქვს სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას, სახელდობრ, 29 მარტის განცხადებაში ბანკი მიუთითებდა, რომ უხეშად დაირღვა მისი უფლებები, რამეთუ ის არც კი წარმოადგენდა იმ სამართალწარმოების მხარეს, რომლის ფარგლებშიც მიღებული იქნა განჩინება სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების შესახებ. თუმცა, აღსანიშნავია, რომ ბანკის მიერ წარდგენილი განცხადების ფარგლებში, რომელიც სააპელაციო პალატის მიერ მიჩნეული იქნა საჩივრად, ბანკი ცნობილ იქნა დაინტერესებულ პირად და სააპელაციო პალატამ განიხილა მისი პრეტენზია. შესაბამისად, მას მიეცა სამართალწარმოებაში მონაწილეობის უფლება. რაც შეეხება უშუალოდ უზრუნველყოფის ღონისძიებას, რასაც სადავოდ ხდის ბანკი, საგულისხმოა, რომ აღნიშნულ საკითხზე საჩივრის ფარგლებში ამომწურავად არის ნამსჯელი სააპელაციო სასამართლოს განჩინებაში.
21. რაც შეეხება კერძო საჩივრის ავტორის პრეტენზიას, რომ ბანკს შეეზღუდა უფლება მისი განცხადების საფუძველზე სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული განჩინება მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარისთქმის ნაწილში (რაც შეეხება 15 მარტის შემდგომ დასაქმების შეზღუდვის გაუქმებას) გაესაჩივრებინა ზემდგომ ინსტანციაში (იხ., კერძო საჩივარი, ტ.1. ს.ფ. 346). საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ უზრუნველყოფის შესახებ მიღებული განჩინება საჩივრდება ერთჯერდად ზემდგომ სასამართლოში. კონკრეტულ საქმეში კი, საკასაციო პალატა ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებას, რომ უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებაზე უარის თქმის შესახებ პირველი ინსტანციის სასამართლოს განჩინებების კანონიერებაზე საჩივრის ფარგლებში იმსჯელა სააპელაციო სასამართლომ, როგორც ზემდგომი ინსტანციის სასამართლომ და მიიღო საჩივრის/განცხადების დაკმაყოფილების შესახებ განჩინება, შესაბამისად, აღნიშნული განჩინება წარმოადგენს სსსკ-ის 419-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებულ, ზემდგომი სასამართლოს განჩინებას, რომლის კანონიერების შემოწმების საკითხი მეტჯერ ვეღარ დაისმება (იხ., სუსგ №ას-471-439-2017, 9 აპრილი, 2017 წელი).
22. რაც შეეხება ბანკის პრეტენზიას მისთვის მიყენებულ ზიანთან მიმართებით, რაც მას სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებებით ადგება, დადგენილია რომ მის მიერ აღნიშნული საკითხი დასმული იქნა სასამართლოს წინაშე თავდაპირველი განცხადებაში, რომელთან დაკავშირებითაც ნამსჯელია თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2017 წლის 05 აპრილის განჩინებაში, რომლითაც ნაწილობრივაა დაკმაყოფილებული ბანკის საჩივარი და დასაქმებულისათვის 2017 წლის 15 მარტიდან 2017 წლის 01 ივლისამდე ბანკში დასაქმების, აგრეთვე, აღნიშნულ ბანკთან რაიმე სახის პირდაპირი ან არაპირდაპირი თანამშრომლობის აკრძალვაა დადგენილი.
23. შესაბამისად, საკასაციო პალატა ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს მითითებას იმასთან დაკავშირებით, რომ ბანკის მიერ 2017 წლის 29 მარტს და ამავე წლის 24 აპრილს თბილისის სააპელაციო სასამართლოში გადაწყვეტილების ბათილად ცნობის და საქმის წარმოების განახლების შესახებ წარმოდგენილი განცხადებები იგივეობრივია. დასახელებულ განცხადებებში მითითებულ საფუძვლებთან დაკავშირებით ერთხელ უკვე იმსჯელა სააპელაციო პალატამ და მიიღო განჩინება განცხადების შინაარსის გათვალისწინებით მისი საჩივრად მიჩნევის შესახებ. ამასთან, ნაწილობრივ გაზიარებული იქნა ბანკის მოთხოვნა საჩივართან დაკავშირებით.
24. აღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატის განჩინება ბანკის განცხადების დანუხილველად დატოვების შესახებ სწორი და დასაბუთებულია. შესაბამისად, არ არსებობს გასაჩივრებული განჩინების გაუქმებისა და კერძო საჩივრის დაკმაყოფილების ფაქტობრივ-სამართლებრივი საფუძვლები.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე, 410-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. სს „ს-ის“ კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 08 მაისის განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ზ. ძლიერიშვილი
მოსამართლეები: ნ. ბაქაქური
ბ. ალავიძე