№330210015737504
საქმე Nას-686-640-2017 14 ივლისი, 2017 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ზურაბ ძლიერიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
პაატა ქათამაძე, ბესარიონ ალავიძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორები – ნ- დ-უა, მ- გ-–ვილი, ბ–- მ--ე, თ--- ზ--ვილი, ე- გ---ე, მ-- რ-ვილი, ც-– კ---ე, გ-ი---ე, ი-- მ–-ე, თ-- გ---ა, ნ-- ლ--აია, დ-- ქ--ე, ნ-- თ--ვილი, რ--- ფ---ე, თ---თინ მ--ე, ლ-- გ---ა, თ--- მ-ე, დ--ს-–ვილი, მ---- ქ--ე, გ-- ა-- (მოსარჩელეები, აპელანტები)
მოწინააღმდეგე მხარე - მ- კ---ე, კ---- კ-ე (მოპასუხე, მოწინააღმდეგე მხარე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 17 მარტის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილება
დავის საგანი – კრების ოქმის ბათილად ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. შპს ,,N21 ბავშვთა პოლიკლინიკა” (შემდეგში - საზოგადოება) რეგისტრირებულია სამეწარმეო რეესტრში 1999 წლის 21 ოქტომბერს; საზოგადოების დირექტორია ნ--- ლ-აია (შემდეგში: პირველი მოსარჩელე ან დირექტორი), ხოლო საზოგადოების პარტნიორები არიან: ნ--- დ-----უა - (შემდეგში: მეორე მოსარჩელე) 1%, მ- გ---ვილი (შემდეგში: მესამე მოსარჩელე) - 1%, ბ--–- მ----ე (შემდეგში: მეოთხე მოსარჩელე) - 1%, თ--- ზ-–ვილი (შემდეგში: მეხუთე მოსარჩელე) - 1%, ე--- გ---ე (შემდეგში: მეექვსე მოსარჩელე) - 6%, მ-- რ-ვილი (შემდეგში: მეშვიდე მოსარჩელე) - 8%, ც- კ--ე (შემდეგში: მერვე მოსარჩელე) - 1%, გ-- ი--ე (შემდეგში: მეცხრე მოსარჩელე) - 2%, ი- მ–-ე (შემდეგში: მეათე მოსარჩელე) - 2%, თ----- გ-ა (შემდეგში: მეთერთმეტე მოსარჩელე)- 2%, დ---- ქ--ე (შემდეგში: მეთორმეტე მოსარჩელე) - 1%, ნ----- თ--–ვილი (შემდეგში: მეცამეტე მოსარჩელე) - 2%, რ--- ფ---ე (შემდეგში: მეთოთხმეტე მოსარჩელე) - 1%, თ---თინ მ--ე (შემდეგში: მეთხუთმეტე მოსარჩელე) - 2%, ლ-- გ--ა (შემდეგში: მეთექვსმეტე მოსარჩელე) - 2%, თ--მ--ე (შემდეგში: მეჩვიდმეტე მოსარჩელე) - 1%, დ--ს-–ვილი (შემდეგში: მეთვრამეტე მოსარჩელე) - 1%, მ---- ქ---ე (შემდეგში: მეცხრამეტე მოსარჩელე) - 1%, გ--- ა------ (შემდეგში: მეოცე მოსარჩელე) - 6%, ნ--- ლ------აია (შემდეგში: ოცდამეერთე მოსარჩელე) - 2%, მან--- ს------ე (შემდეგში: ოცდამეორე მოსარჩელე) - 7%, ნ---- გ----ე (შემდეგში: ოცდამესამე მოსარჩელე) - 1% და კაპიტალის 48% წილის მესაკუთრედ რეგისტრირებულია ყველა დასახელებული პარტნიორი.
2. საზოგადოების 2014 წლის 18 ივლისის N2 კრების ოქმის (შემდეგში: სადავო კრების ოქმი) გადაწყვეტილებით (კრებას ესწრებოდა საზოგადოების კაპიტალის 93% წილის მფლობელი პარტნიორები) (1) საზოგადოების სახელზე საკუთრების უფლებით რეგისტრირებული ქ.თბილისში, დ------ მ----ის მე-5 კვარტალში, კორპუსი N5ა-ში მდებარე (შემდეგში: სადავო მისამართზე) უძრავი ნივთი ფართობით 430 კვ.მ, გაიმიჯნა ორ ნაწილად - 200 და 230 კვ.მ; შესაბამისად, განხორციელდა მათი ცალ-ცალკე რეგისტრაცია; (2) საზოგადოების კაპიტალის 5%-იანი წილის მფლობელი პარტნიორის მ-------- კ-------–--ის (შემდეგში: პირველი მოპასუხე ან პირველი მოწინააღმდეგე მხარე) და 43%-იანი წილის მფლობელი პარტნიორის კ- კ--ის (შემდეგში: მეორე მოპასუხე ან მეორე მოწინააღმდეგე მხარე) განცხადება წილების ნატურით გატანის შესახებ დაკმაყოფილდა; (3) გამიჯვნის შედეგად სადავო მისამართზე მდებარე 200 კვ.მ ფართი თანასაკუთრებაში გადაეცათ პირველ და მეორე მოპასუხეებს.
3. სადავო მისამართზე პირველ სართულზე მდებარე 200 კვ.მ ფართიდან 20 კვ.მ. რეგისტრირებულია პირველი მოპასუხის საკუთრებად, ხოლო დარჩენილი 180 კვ.მ. - მეორე მოპასუხის საკუთრებად. ისინი წამოადგენენ აღნიშნული ფართის თანამესაკუთრეებს.
4. მოსარჩელეებმა აღძრეს სარჩელი მოპასუხეთა წინააღმდეგ, რომლითაც მოითხოვეს სადავო კრების ოქმის ბათილად ცნობა სადავო მისამართზე მდებარე უძრავი ქონების ორ ნაწილად გამიჯვნის, მოპასუხეთა თანასაკუთრების უფლებით 200 კვ.მ ფართობის რეგისტრაციის, მოპასუხეთა მიერ მითითებული ფართობის ნატურით გატანის, წილის ნატურით გატანის შედეგად საზოგადოების კაპიტალში მოპასუხეთა 48%-იანი წილის სხვა პარტნიორებისათვის გადაცემის ნაწილში და სადავო მისამართზე პირველ სართულზე მდებარე ფართის საზოგადოების სახელზე აღრიცხვა.
5. მოსარჩელეთა განმარტებით შპს ,,ხუროთმოძღვარის” (შემდეგში: კერძო კომპანია) მიერ შესრულებული აზომვითი ნახაზების შესაბამისად განხორციელდა სადავო მისამართზე მდებარე უძრავი ქონების გამიჯვნა, თუმცა აღნიშნული აზომვითი ნახაზები უზუსტოა, რამდენადაც არ შეესაბამება კრების ოქმით პარტნიორებისათვის მიკუთვნებული ფართების მოცულობას, კონფიგურაციისა და ფაქტობრივი განლაგების მიხედვით.
6. მოპასუხეებმა წარმოადგინეს მოთხოვნის გამომრიცხავი და განხორციელების შემაფერხებელი (ხანდაზმულობა) შესაგებელი, რომელშიც განმარტეს, რომ აზომვითი ნახაზი შესრულდა კერძო კომპანიის მიერ, მოსარჩელეთაა დაკვეთით. მოგვიანებით, აღმოჩენილი უსწორობის გამო, შედგა ახალი აზოვნითი ნახაზი, რომელიც წარედგინა მარეგისტრირებელ ორგანოს და მის საფუძველზე, შესწორდა უზუსტო მონაცემები.
7. თბილსის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 15 აპრილის გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა. გადაწყვეტილების გაუქმების მოთხოვნით წარდგენილ სააპელაციო საჩივარს უარი ეთქვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 15 მარტის განჩინებით.
8. სააპელაციო პალატამ გაიზიარა წინამდებარე განჩინების პპ: 1-3 -ით დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები. იმავდროულად, მიუთითა, რომ განსახილველ საქმეში სადავო იყო სწორედ ფართის განაწილებისა და განლაგების სისწორე და არა, მათი მოცულობა. აღნიშნული კი, განაპირობა გარიგების შინაარსში დაშვებულმა არსებითმა შეცდომამ.
9. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი მოწესრიგებისას სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდეგში: სსკ-ის) 72-ე, 73-ე მუხლებით (არსებითი შეცდომა გარიგებაში და მის საფუძვლეზე განხორციელებადი შეცილების უფლება).
10. სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ საცილო გარიგებები მიეკუთვნებიან შეცდომით დადებულ გარიგებებს, თუმცა, ყველა ტიპის შეცდომას სსკ-ი არ მიიჩნევს ისეთ არსებით შეცდომად, რომელიც შეცილების უფლების შესაძლებლობას იძლევა. შეცილების უფლების განხორციელებამდე კი, გარიგება მიიჩნევა ნამდვილად. გარიგების შინაარსში დაშვებული შეცდომის შემთხვევაში ,ნების გამომვლენი შეცდომას უშვებს ნების გამოვლენის ნიშნების ობიექტურ მნიშვნელობაში. ამ თვალსაზრისთ, ნების გამომვლენის მიერ გარეგნულად გამოხატული ნება შეესაბამება მის შინაგან ნებას. ნების გამომვლენმა იცის რასაც ამბობს, მაგრამ მან არ იცის ის ამ ქმედებას რა იურიუდიული შედეგი მოჰყვება. ამდენად, გარიგების შინაარსში არსებითი შეცდომა სახეზეა მაშინ, როცა გარიგების მხარე თავის მიერვე გამოვლენილ ნებას აღიქვამს განსხვავებული სტრუქტუირებით, ვიდრე გარიგების ფორმალური შინაარსი ასახავს მას.
11. სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ სადავო კრების ოქმით საზოგადოების სახელზე საკუთრების უფლებით რეგისტრირებული უძრავი ნივთი - 430 კვ.მ ფართი გაიმიჯნა ორ ნაწილად, კერძოდ 200 კვ.მ და 230 კვ.მ ფართებად და ამ მოცემულობით განხორციელდა მათი რეგისტრაცია საჯარო რეესტრში, თუმცა, 200 კვ.მ -ის ნავლად პირველ და მეორე მოპასუხეს თანასაკუთრებაში რეალურად გადაეცა მხოლოდ 180 კვ.მ, რაც აღმოიფხვრა კიდევაც 2015 წელს საკადასტრო ნახაზში განხორციელებული ცვლილებით. ამასთან, საზოგადოების კუთვნილი წილი - 230 კვ.მ არ შემცირებულა. კორექტირებული ნახაზის მიხედვით, მას მოაკლდა მხოლოდ ის ფართი, რომელიც აჭარბებდა კრების ოქმით შეთანხმებულ ოდენობას.
12. იმავდროულად, უარყოფილი იქნა ხანდაზმულობასთან დაკავშირებული შედავება; სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ სსკ-ის 79-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, შეცილება უნდა მოხდეს შეცილების საფუძვლის შეტყობის მომენტიდან ერთი თვის ვადაში. ,,მეწარმეთა შესახებ” საქართველოს კანონის მე-15 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დაუშვებელია პარტნიორთა კრების, აგრეთვე, სამეთვალყურეო საბჭოს გადაწყვეტილებათა გასაჩივრება შესაბამისი ოქმის შედგენიდან 2 თვის გასვლის შემდეგ, გარდა იმ შემთხვევისა, როცა კრება (სხდომა) მოწვეულ იქნა ან ჩატარდა კანონის ან წესდების ნორმათა უხეში დარღვევით; ამ შემთხვევაში, გასაჩივრების ხანდაზმულობის ვადა ერთი წელია. სააპელაციო პალატის მოსაზრებით, აღნიშნული ნორმა, როგორც ურთიერთობის მარეგულირებელი სპეციალური ნორმა უპირატესია. სახელდობრ, შეცილების უფლების რეალიზაციის დაწყების დროდ შეცილების საფუძვლის შეტყობის მომენტი დადგენილია სსკ-ით, რომელიც ზოგადი ნორმაა და გამოიყენება სწორედ მაშინ თუ სპეციალური ურთიერთობის მომწესრიგელი ნორმა არ ადგენს განსხვავებულ წესს.
13. თბილისის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრეს მოსარჩელეებმა, რომლებმაც მოითხოვეს მისი გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილება.
14. წარმოდგენილ საკასაციო საჩივარში კასატორები მიუთითებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ სარჩელის უარყოფის იმ ძირითად არგუმენტზე, რომლის მიხედვით, სადავო კრების ოქმით მიღებული გადაწყვეტილება ეფუძნება ორ გარემოებას: ფართების მოცულობას და გამიჯვნის კონფიგურაციას. კასატორები აღნიშნავენ, რომ კერძო კომპანიის მიერ შედგენილი აზომვითი ნახაზით გამიჯვნისას ფართების მოცულობა სადავო არ ყოფილა, ხოლო მათი კონფიგურაცია და გამიჯვნის პრინციპი სასამართლოს მოსაზრებით, ორივე ნახაზის მიხედვით იდენტურია. იმავდროულად, კასატორი სადავოდ ხდის ნების ნაკლის გამოვლენას გარიგების შინაარსში (არსებითი შეცდომის საფუძვლით). თავის მხრივ, სააპელაციო სასამართლო განჩინებას ძირითადად აყრდნობს იმ მოსაზრებას, რომ კერძო კომპანიის მიერ შედგენილი 2014 წლის 04 ივლისის აზომვითი ნახაზითა და 2015 წლის 03 თებერვლის კორექტირებული აზომვითი ნახაზით მოსარჩელეთა (კასატორთა) საკუთრებაში რჩება იგივე მხარე და ცენტრალური შესასვლელი და ცვლილებები ეხება მხოლოდ მე-6 (39), მე-17 (30) და მე-18 (31-32) ოთახებს, რომელთა საერთო ფართობიც შეადგენს 13 კვ.მ. საკასაციო საჩივრის ავტორთა განმარტებით, 2014 წლის 04 ივლისს მომზადებულ ნახაზზე ასახული გამიჯვნის პრინციპის არ არსებობის შემთხვევაში, კასატორთა მიერ არ იქნებოდა სადავო გადაწყვეტილება მიღებული.
15. ამასთანავე, კასატორები სწორედ ფართის განლაგებასა და მის კონფიგურაციას მიიჩნევენ ნების გამოვლენის განმსაზღვრელ საფუძვლად. აღნიშნულიდან გამომდინარე, კასატორებს მიაჩნიათ, რომ მსგავსი ხასიათის შეცდომა ვერ ჩაითვლება სსკ-ის 78-ე მუხლით გათვალისწინებულ წვრილმან შეცდომად, რაც იძლევა მხოლოდ შესწორების და არა შეცილების უფლებას. შესაბამისად, კასატორები თვლიან, რომ სახეზეა არსებითი შეცდომა და იგი მათი მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველია.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
16. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 22 ივნისის განჩინებით საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სსსკ-ის 396-ე მუხლით და 391-ე მუხლის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად.
17. საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც, მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად.
18. განსახილველ შემთხვევაში, სადავო კრების ოქმის ბათილობის შესახებ მოსარჩელეთა მოთხოვნა უარყოფილია იმ საფუძვლით, რომ განსახილველ საქმეში სადავო იყო სწორედ ფართის განაწილებისა და განლაგების სისწორე და არა, მათი მოცულობა. აღნიშნული კი, საკასაციო საჩივრის ავტორებს მიაჩნიათ გარიგების შინაარში დაშვებულ იმგვარ არსებით შეცდომად, რომელიც შეცილების შემთხვევაში, განაპირობებს გარიგების ბათილად ცნობას.
19. საკასაციო პალატის მოსაზრებით, კასატორთა მიერ წარმოდგენილი არ არის დასაშვები და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია, გამომდინარე იქიდან, რომ როგორც ეს საქმის მასალებითაა დადგენილი სადავო კრების ოქმით საზოგადოების სახელზე საკუთრების უფლებით რეგისტრირებული უძრავი ნივთი - 430 კვ.მ ფართი გაიმიჯნა ორ ნაწილად, კერძოდ 200 კვ.მ და 230 კვ.მ ფართებად და ამ მოცემულობით განხორციელდა მათი რეგისტრაცია საჯარო რეესტრში, თუმცა, 200 კვ.მ -ის ნავლად პირველ და მეორე მოპასუხეს თანასაკუთრებაში რეალურად გადაეცა მხოლოდ 180 კვ.მ, რაც აღმოიფხვრა კიდევაც 2015 წელს საკადასტრო ნახაზში განხორციელებული ცვლილებით.
20. ამასთან, საზოგადოების კუთვნილი წილი - 230 კვ.მ არ შემცირებულა. კორექტირებული ნახაზის მიხედვით, მას მოაკლდა მხოლოდ ის ფართი, რომელიც აჭარბებდა კრების ოქმით შეთანხმებულ ოდენობას.
21. იმის გათვალისწინებით, რომ მოსარჩელეები სადავოდ არ მიიჩნევდნენ გამოვლენილ ნებას საზოგადოების კუთვნილი უძრავი ქონების გამიჯვნისა და საზოგადოებიდან გასვლის სანაცვლოდ მოპასუხეთათვის 200 კვ.მ ფართის საკუთრებაში გადაცემას, არ დასტურდებოდა სადავო კრების ოქმში (მრავალმხრივი გარიგება) დაშვებული ნების ნაკლი და ნების გამომვლენის შეცდომა, რამდენადაც აზომვით ნახაზში კორექტირება განხორციელდა გარიგების დადების შემდგომ, რაც არ შეიძლება გახდეს გარიგების ბათილად ცნობის საფუძველი.
22. ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში, არ იკვეთება საკასაციო საჩივრის დასაშვებობის სსსკ-ის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული რომელიმე საფუძვლის არსებობა, ვინაიდან ნორმის დანაწესით საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. როგორც საქმის მასალებით ირკვევა, სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით, ვინაიდან სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან, არც დასაბუთებული პოზიციაა წარმოდგენილი ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციათან ანდა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალთან წინააღმდეგობის საფუძვლით.
23. ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისითაც, რადგანაც ნების გამომვლენის მიერ განხორციელებული შეცილების საფუძველზე მრავალმხრივი გარიგების ბათილობაზე დადგენილია საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა.
24. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი დაუშვას საკასაციო საჩივარი, რის გამოც, საკასაციო საჩივარს უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
25. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ნ-- დ---უას, მ---- გ-–ვილის, ბ--–- მ----ის, თ--- ზ-–ვილის, ე--- გ---ის, მ---- რ-–ვილის, ც-– კ-------ის, გ- ი--ის, ი-- მ–ის, თ----- გ--ას, ნ--- ლ------აიას, დ- ქ--–----ის, ნ-- თ–ვილის, რ--- ფ--ის, თ---თინ მ----ის, ლ--–- გ--ას, თ--- მ---ის, დ--- ს---–ვილის, მ---- ქ----ის, გ---- ა---ს საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;
2. კასატორებს: ნ-- დ--უას, მ------ გ-–ვილს, ბ--–- მ----ეს, თ--- ზ--–ვილს, ე--- გ---ეს, მ--- რ-–ვილს, ც-- კ--ეს, გ–- ი---ეს, ი--- მ--ეს, თ----- გ----ას, ნ--- ლ------აიას, დ--ქ---ეს, ნ--თ-ვილს, რ-- ფ---ეს, თ---თინ მ--ეს, ლ--–- გ---ას, თ--- მ--ეს, დ-- ს-ვილს, მ---- ქ---ეს, გ-- ა--ს უკან დაუბრუნდეთ 2017 წლის 19 ივნისს პ-- ლ---ის მიერ საგადახდო დავალება N1 გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან (300 ლარი) 210 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 3 0077 3150.
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ზ. ძლიერიშვილი
მოსამართლეები: პ. ქათამაძე
ბ. ალავიძე