№330210016001339248
საქმე Nას-702-656-2017 14 ივლისი, 2017 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ზურაბ ძლიერიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
პაატა ქათამაძე, ბესარიონ ალავიძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორები – მ--- ს-–ვილი (მოსარჩელე, აპელანტი)
მოწინააღმდეგე მხარე - ა--- მ-იანი (მოპასუხე, მოწინააღმდეგე მხარე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 06 აპრილის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილება
დავის საგანი – თანხის დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. 1998 წლის 7 მაისს მ--- ს-ვილსა (შემდეგში: მოსარჩელე) და ა--- მ-იანს (შემდეგში: მოპასუხე) შორის გაფორმდა ხელწერილი, რომლის საფუძველზე მოსარჩელემ მოპასუხეს გადასცა 1 000 აშშ დოლარი სესხის სახით, 2 წლის ვადით [საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდეგში: სსკ-ის) 623-ე მუხლი].
2. 1998 წლის 18 ივნისს მხარეთა შორის გაფორმდა ხელშეკრულება, რომლის საფუძველზე მოსარჩელემ მოპასუხეს გადასცა 1 000 აშშ დოლარი სესხის სახით, 1 წლის ვადით, ყოველთვიური სარგებლის - 17%-ის დარიცხვით [სსკ-ის 623-ე, 625-ე მუხლები]. ხელშეკრულების თანახმად, პროცენტის გადაუხდელობის ანდა თანხის დაუბრუნებლობის შემთხვევაში, მოპასუხის კუთვნილი ნივთები: საძინებელი გარნიტური; სამზარეულის გარნიტური, მაგიდა - 2ც, სკამები - 5ც.; მაცივარი - 1ც, უთო - 1ც.; ტელევიზორი - 1ც.; ტრილიაჟი - 1ც.; ტახტი - 1ც.; საკერავი მანქანა - 1ც და ა.შ. გადავა მოსარჩელის მფლობელობაში.
3. მოსარჩელემ სარჩელი აღძრა მოპასუხის წინააღმდეგ, 10 000 აშშ დოლარის გადახდის მოთხოვნით.
4. მოსარჩელის განმარტებით განჩინების პპ: 1, 2 -ში მითითებული ხელშეკრულებით მოსარჩელემ მოპასუხეს ასესხა 2 000 აშშ დოლარი. ზეპირი შეთანხმების საფუძველზე, სესხის ხელშეკრულება გაგრძელდა 2006 წლამდე. მიუხედავად ამისა, მოპასუხემ ვალდებულება არ შეასრულა. მოსარჩელის განმარტებით, 1998 წლის 7 მაისს გაფორმებული ხელშეკრულება დაიდო ორი წლის ვადით, 1 000 აშშ დოლარზე, საცხოვრებელი ბინის დატოვებით, რომელიც შემდგომ, ზეპირი შეთანხმების საფუძველზე 2006 წლამდე გაგრძელდა. ამასთან, ხელშეკრულების იმ ჩანაწერის მიხედვით რომც არ გაგრძელებულიყო ხელშეკრულება, მასში მითითებული იყო, რომ ვალის დაბრუნების შემდგომ გაათავისუფლებდა მოსარჩელე ბინას. შესაბამისად, ერთგვარად განუსაზღვრელი ვადით დადებულ ხელშეკრულებას წარმოადგენს 1998 წლის 7 მაისის შეთანხმება. ხოლო 1998 წლის 18 ივნისის ხელშეკრულების საფუძველზე 1 000 აშშ დოლარი გაიცა მოპასუხეზე, ერთი წლის ვადით, ყოველთვიური 17%-ის დარიცხვით. აღნიშნულ ხელშეკრულებაში გაკეთდა დათქმა, რომ ამავე ხელშეკრულებაში მითითებული მოპასუხის კუთვნილი ნივთები გადავიდოდა მოსარჩელის საკუთრებაში, თუ მსესხებელი თანხას ან პროცენტს არ დააბრუნებდა. მოსარჩელემ აღნიშნა, რომ ხსენებული ხელშეკრულებაც 2006 წლამდე ზეპირი შეთანხმებით გაგრძელდა. ხელშეკრულებების ვადის 2006 წლამდე გაგრძელებასთან დაკავშირებით მოსარჩელის წარმომადგენელი სასამართლო სხდომაზე განმარტავდა, რომ ვადა გაგრძელდა მოსარჩელის შვილისა და ნათესავის მეშვეობით, ზეპირსიტყვიერად
5. მოპასუხემ წარმოადგინა, როგორც მოთხოვნის შემწყვეტი [სსკ-ის 427-ე მუხლი] ასევე, განხორციელების შემაფერხებელი (ხანდაზმულობა) შედავება. პირველ შემთხვევაში, მიუთითა სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულების შესრულებაზე, ხოლო მეორე შემთხვევაში, აღნიშნა, რომ მხარეთა შორის სესხის ხელშეკრულება (1998 წ.) დადებული იყო 2 წლის ვადით, მოპასუხემ უარყო სახელშეკრულებო ურთიერთობის ზეპირსიტყვიერი გაგრძელება და აღნიშნა, რომ მოსარჩელემ კი, დარღვეული უფლების აღსადგენად სასამართლოს სარჩელით მიმართა 2008 წელს. ხანდაზმულობის საფუძვლით, უარყო 1998 წლის 18 ივნისის ხელშეკრულებიდან გამომდინარე მოთხოვნა და იმავდროულად, აღნიშნა, რომ ვინაიდან მოთხოვნა უზრუნველყოფილი იყო მოძრავი ნივთებით, რომლებიც გადავიდა მოსარჩელის მფლობელობაში, იგი შეწყვეტილად უნდა მიჩნეულიყო.
6. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 22 სექტემბრის გადაწყვეტილებით სარჩელი უარყოფილი იქნა ხანდაზმულობის მოტივით [სსკ-ის 129-ე. 130-ე მუხლები].
7. საქალაქო სასამართლომ მიიჩნია, რომ განჩინების პპ:1.2-ში მითითებული აღნიშნული ხელშეკრულებები არ გაგრძელებულა ზეპირსიტყვიერად. მოსარჩელის არგუმენტი მათი გაგრძელების შესახებ უარყოფილი იქინა მისი დაუდასტურებლობის მოტივით [საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში: სსსკ-ის) 102-ე მუხლი]. იმის გათვალისწინებით, რომ სასამართლოს სარჩელი წარედგინა 2007 წლის 29 ნოემბერს, რომელზეც სასამართლოს მიერ 2008 წლის 27 ოქტომბერს მიღებულ იქნა დაუსწრებელი გადაწყვეტილება. თუმცა, თბილისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 12 ოქტომბრის განჩინებით ბათილად იქნა ცნობილი კანონიერ ძალაში შესული დაუსწრებელი გადაწყვეტილება და განახლდა საქმის წარმოება. შესაბამისად, სასამართლოში მომართვის თარიღი არის უცვლელი - 2007 წლის 29 ნოემბერი, ხოლო დავის საგანს წარმოადგენს 1998 წლის 7 მაისს და 1998 წლის 18 ივნისს გაფორმებული სესხის ხელშეკრულებები, საიდანაც პირველი გაფორმდა 2 წლის ვადით, ხოლო მეორე - 1 წლის ვადით. შესაბამისად, 1998 წლის 7 მაისს გაფორმებული ხელშეკრულების შესრულების ვადა იწურებოდა 2000 წლის 7 მაისს, ხოლო 1998 წლის 18 ივნისს გაფორმებული ხელშეკრულების - 2000 წლის 18 ივნისს. შესაბამისად, მათ მიმართ სსკ-ის 129-ე მუხლით დადგენილი სარჩელის აღძვრის ხანდაზმულობის სამ წლიანი ვადა გასული იყო.
8. არც მოსარჩელის მიერ საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმებისა და სარჩელის დაკმაყოფილების მოთხოვნით აღძრული სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 06 აპრილის განჩინებით გაზიარებული იქნა განჩინების პპ: 1, 2, 7-ით დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები.
9. თბილისის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ, რომელმაც მოითხოვა მისი გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილება.
10. საკასაციო საჩივრის ავტორი აღნიშნავს, რომ მხარეებს არ შეუწყვეტიათ აღნიშნული ხელშეკრულება და გაგრძელდა მისი მოქმედების ვადა, რის თაობაზეც მითითებული იყო ხელშეკრულებაში, ვინაიდან, მოწინააღმდეგე მხარის მიერ ვალდებულება არ იყო შესრულებული. კასატორი განმარტავს, რომ აღნიშნული ვადის გაგრძელება მოხდა ზეპირი შეთანხმების საფუძველზე, რაც კასატორის მოთხოვნის სამართლებრივი საფუძველია მოსთხოვოს მოწინააღმდეგე მხარეს სესხის დაბრუნება.
11. ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, კასატორის განმარტებით, მასსა და მოწინააღმდეგე მხარეს შორის არსებობდა ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობა და მისი მოთხოვნა ხანდაზმული არ არის. კასატორი სწორედ ხანდაზმულობის ვადის წარმოშობის მომენტს ხდის სადავოდ და მიიჩნევს, რომ სააპელაციო პალატამ არასწორად დაადგინა სარჩელის ხანდაზმულობა. საკასაციო საჩივრის ავტორი მიუთითებს 105-ე მუხლზე და მიიჩნევს, რომ იგი დარღვეულ იქნა სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მიერ. ასევე, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების საფუძვლად მიუთითებს სსსკ-ის 393-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებსა და ამავე მუხლის მესამე ნაწილს.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
12. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 16 ივნისის განჩინებით საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სსსკ-ის 396-ე მუხლით და 391-ე მუხლის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად.
13. საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც, მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად.
14. საკასაციო პალატის მოსაზრებით, კასატორის მიერ წარმოდგენილი არ არის დასაშვები და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია. საკასაციო საჩივარში მითითებულია სააპელაციო საჩივრის იდენტური საფუძვლები, რომელთანაც დაკავშირებით ამომწურავად აქვს ნამსჯელი სააპელაციო პალატას.
15. სახელდობრ, კასატორის ძირითიდი პრეტენზია, რაც იმავდროულად სარჩელის დაკმაყოფილების ერთ-ერთი აუცილებელ წინაპირობათაგანია, იმაში მდგომარეობს, რომ მხარეთა შორის არსებული სესხის ხელშეკრულებები გაგრძელდა განუსაზღრელი ვადით, მხარეთა ზეპირი შეთანხმებით და სწორედ აღნიშნულ ფაქტობრივ გარემოებას ეფუძნება სარჩელის ხანდაზმულობაზე მოპასუხის შედავების უარყოფა.
16. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. აღნიშნულიდან გამომდინარე, საქმის განმხილველი სასამართლოსათვის სავალდებულოა სარჩელის ფაქტობრივი საფუძვლები. სარჩელის საფუძველი არის იმ ფაქტების ერთობლიობა, რომლებიც ასაბუთებენ, ამართლებენ მოსარჩელის სასარჩელო მოთხოვნას. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საქმის განმხილველი სასამართლო შეზღუდულია მხოლოდ მხარის მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოებებით, რაც შეეხება სამართლის ნორმების გამოყენებას, სასამართლო, საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების შეფასებით, ადგენს თუ რა სამართლებრივი ურთიერთობა არსებობს მხარეთა შორის და ამ ურთიერთობის მარეგულირებელი სამართლებრივი ნორმების საფუძველზე აკმაყოფილებს ან არ აკმაყოფილებს სარჩელს. განსახილველ შემთხვევაში, არ დადასტურდა მოსარჩელის მითითება სასესხო ურთიერთობის გაგრძელების თაობაზე, შესაბამისად, სააპელაციო სასამართლომ სწორად უარყო სარჩელი ხანდაზმულობის მოტივით.
17. იმავდროულად, საკასაციო პალატა განმარტავს, რომ მოპასუხე უფლებამოსილი იყო მიეთითებინა სასარჩელო ხანდაზმულობაზე, თავის მხრივ, ხანდაზმულობაზე მითითება წარმოადგენს სარჩელის დაკმაყოფილების შემაფერხებელ შესაგებელს და ასეთ დროს მოსარჩელეს ეკისრება მტკიცების ტვირთი იმისა, რომ არ არსებობს ამ ინსტიტუტის გამოყენების წინაპირობები (მან უნდა ამტკიცოს ხანდაზმულობის ვადის შეჩერება, შეწყვეტა და სხვა).
18. საქმის მასალებით დადასტურებულია, რომ სასამართლოს სარჩელი წარედგინა 2007 წლის 29 ნოემბერს, რომელზეც სასამართლოს მიერ 2008 წლის 27 ოქტომბერს მიღებულ იქნა დაუსწრებელი გადაწყვეტილება. თუმცა, თბილისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 12 ოქტომბრის განჩინებით ბათილად იქნა ცნობილი კანონიერ ძალაში შესული დაუსწრებელი გადაწყვეტილება და განახლდა საქმის წარმოება. შესაბამისად, სასამართლოში მომართვის თარიღი არის უცვლელი - 2007 წლის 29 ნოემბერი, ხოლო დავის საგანს წარმოადგენს 1998 წლის 7 მაისს და 1998 წლის 18 ივნისს გაფორმებული სესხის ხელშეკრულებები, საიდანაც პირველი გაფორმდა 2 წლის ვადით, ხოლო მეორე - 1 წლის ვადით. შესაბამისად, 1998 წლის 7 მაისს გაფორმებული ხელშეკრულების შესრულების ვადა იწურებოდა 2000 წლის 7 მაისს, ხოლო 1998 წლის 18 ივნისს გაფორმებული ხელშეკრულების - 2000 წლის 18 ივნისს. შესაბამისად, მათ მიმართ სსკ-ის 129-ე მუხლით დადგენილი სარჩელის აღძვრის ხანდაზმულობის სამ წლიანი ვადა გასული იყო.
19. ხანდამულობის ვადის განსაზღვარსთან და მისი ათვლის სამართლებრივ საკითხებთან დაკკავშირებით კი, საკასაციო პალატამ არაერთხელ განმარტა სსკ-ის 128-ე, 129-ე მუხლის, 130-ე მუხლების ნორმატიული შინაარსი იხ., სუსგ №ას-1342-1380-2014, რომელშიც განიმარტა, რომ „..სასარჩელო ხანდაზმულობის ვადაში მოიაზრება დრო, რომლის განმავლობაშიც უფლებამოსილ პირს შეუძლია თავისი უფლების რეალიზაცია ან დაცვა. ხანდაზმულობის ინსტიტუტის სპეციფიკურობა იმაში მდგომარეობს, რომ დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ მოთხოვნის უფლება ობიექტურად არსებობს, თუმცა იგი განუხორციელებელია, ანუ ამ უფლების რეალიზება სრული მოცულობით დამოკიდებულია მოთხოვნის ადრესატის ნება-სურვილზე. სსკ-ის 130-ე მუხლი ხანდაზმულობის დაწყებას მოთხოვნის წარმოშობის მომენტს უკავშირებს, ხოლო მოთხოვნის წარმოშობის მომენტად მიიჩნევა დრო, როდესაც პირმა შეიტყო ან უნდა შეეტყო უფლების დარღვევის შესახებ.
20. სხვა საქმეშიც განმარტა ხანდაზმულობის ინსტიტუტის დანიშნულება - სსკ-ის 128-ე და 144-ე მუხლების ნორმატიული შინაარსი, სახელდობრ, სუს განჩინებით №ას-369-350-2015, 30 ივლისი, 2015 წელი, განიმარტა შემდეგი: „..სსკ-ის 128-ე მუხლით განსაზღვრული ხანდაზმულობის ინსტიტუტის დანიიშნულება კრედიტორის უფლების იძულებით განხორციელებაზე ან დაცვაზე ზემოქმედების ძლიერი მატერიალურ-სამართლებრივი საშუალებაა, რამდენადაც, ამავე კოდექსის 144-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხანდაზმულობის ვადის გასვლის შემდეგ ვალდებული პირი უფლებამოსილია უარი თქვას მოქმედების შესრულებაზე. ასეთ შემთხვევაში, მოთხოვნა მატერიალურ-სამართლებრივი თვალსაზრისით კვლავ განაგრძობს არსებობას, თუმცა შეუძლებელია სასამართლო წესით ამ მოთხოვნის იძულებით განხორციელება“.
21. ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში, არ იკვეთება საკასაციო საჩივრის დასაშვებობის სსსკ-ის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული რომელიმე საფუძვლის არსებობა, ვინაიდან ნორმის დანაწესით საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. როგორც საქმის მასალებით ირკვევა, სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით, ვინაიდან სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან, არც დასაბუთებული პოზიციაა წარმოდგენილი ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციათან ანდა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალთან წინააღმდეგობის საფუძვლით.
22. ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისითაც, რადგანაც სსკ-ის 623-ე, სსკ-ის 128-ე, 129-ე და 144-ე მუხლებითან დაკავშირებით დადგენილია საქართველოს უზენაესი სასამართლოს სტაბილური პრაქტიკა.
23. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი დაუშვას საკასაციო საჩივარი, რის გამოც, საკასაციო საჩივარს უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
24. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. მ--- ს--–ვილის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;
2. კასატორს მ--- ს-ვილს უკან დაუბრუნდეს 2017 წლის 14 ივნისს თ--ის მიერ საგადასახდო დავალება N0 გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან (1,205.25 ლარი) 843.67 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 3 0077 3150.
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ზ. ძლიერიშვილი
მოსამართლეები: პ. ქათამაძე
ბ. ალავიძე