№060210015001041987
საქმე №ას-178-167-2017 14 ივლისი, 2017 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ზურაბ ძლიერიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
პაატა ქათამაძე, ბესარიონ ალავიძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი – გ-ე (მოსარჩელე, მოწინააღმდეგეგ მხარე)
მოწინააღმდეგე მხარე – ვ---ის უფლებამონაცვლე ვ--ი (მოპასუხე, აპელანტი)
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 22 ნოემბრის გადაწყვეტილება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება
დავის საგანი – ფულადი ვალდებულების შესრულება, მოძრავი ნივთების დაბრუნება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. გ-ემ (შემდგომში: მოსარჩელე ან კასატორი) სარჩელი აღძრა სასამართლოში ვ--ის (შემდგომში – თავდაპირველი მოპასუხე) მიმართ 31785 ლარის ანაზღაურებისა და საყოფაცხოვრებო მოძრავი ნივთების დაბრუნების შესახებ.
2. მოსარჩელემ განმარტა, რომ მოპასუხე არის მისი ბიძა. მხარე მზრუნველობას იჩენდა ბიძისა და ბიცოლის მიმართ, რის შემდეგ, მადლიერების გამოხატვის მიზნით, მოპასუხემ მას აჩუქა სოლიდური თანხა. მხარეთა შორის დაიდო სამისდღეშიო რჩენის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზე მოსარჩელეს საკუთრებაში გადაეცა მოპასუხის სახელზე რიცხული სასოფლო-სამეურნეო (საკარმიდამო) მიწის ნაკვეთი მასზე აღმართული შენობა-ნაგებობით. მოპასუხის კუთვნილი სახლი იყო საცხოვრებლად უვარგის მდგომარეობაში, რის გამოც, მოსარჩელემ საკუთარი სახსრებით ჩაუტარა 31,785 ლარის ღირებულების სარემონტო სამუშაოები და შეიტანა თავისი კუთვნილი საყოფაცხოვრებო ნივთები.
3. მოსარჩელემ მიუთითა, რომ მეუღლის გარდაცვალების შემდეგ მოპასუხემ გააუქმა სამისდღეშიო რჩენის ხელშეკრულება და უძრავი ნივთი აღრიცხა კვლავ თავის სახელზე. ამასთან, მოპასუხეს გადაეცა მნიშვნელოვნად გაუმჯობესებული და კეთილმოწყობილი სახლი.
4. თავდაპირველმა მოპასუხემ მოთხოვნის გამომრიცხავ შედავებაში განმარტა, რომ სადავო უძრავი ნივთის გაუმჯობესებაზე გაწეული სახსრები მოსარჩელემ გაიღო მის მიერ რუსეთის ფედერაციიდან გამოგზავნილი თანხიდან, რომელიც მოსარჩელემ მიითვისა. აღნიშნულ საკითხზე მიმდინარეობს გამოძიება. ამასთან, სამისდღეშიო ხელშეკრულების შეწყვეტამდე გაღებული თანხის დაბრუნებას მოცემული ხელშეკრულება არ ითვალისწინებდა.
5. სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2015 წლის 6 ოქტომბრის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა, რაც მოპასუხემ გაასაჩივრა სააპელაციო წესით.
6. საქმეში ვ----ის გარდაცვალების გამო, მოპასუხის უფლებამონაცვლედ ჩაება ვ-----ი (შემდეგში: უფლებამონაცვლე ან მოპასუხე ან აპელანტი).
7. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 22 ნოემბრის გადაწყვეტილებით გაუქმდა გასაჩივრებული გადაწყვეტილება და სარჩელი თანხის დაკისრების ნაწილში, არ დაკმაყოფილდა, ხოლო უკანონო მფლობელობიდან მოძრავი ნივთების გამოთხოვის ნაწილში, სააპელაციო საჩივარზე შეწყდა საქმის წარმოება.
8. სააპელაციო სასამართლომ დადგენლად მიიჩნია რომ 2013 წლის 24 მაისს მოსარჩელესა და თავდაპირველ მოპასუხეს შორის დაიდო სამისდღეშიო რჩენის ხელშეკრულება (შემდეგში: ხელშეკრულება), რომლითაც მოსარჩელემ იკისრა თავდაპირველი მოპასუხისა და მისი მეუღლის კვებითა და სხვა აუცილებელი დახმარებით უზრუნველყოფის ვალდებულება. სანაცვლოდ, მოპასუხემ მოსარჩელეს გადასცა მიწის ნაკვეთი და საცხოვრებელი სახლი.
9. ხელშეკრულების თანახმად, სახლს სჭირდებოდა სარემონტო სამუშაოები, რომლებიც უნდა შეესრულებინა მოსარჩელეს საკუთარი სახსრებით. სახლში საცხოვრებლად კი, უნდა დარჩენილიყვენ თავდაპირველი მოპასუხე და მოსარჩელე.
10. ხელშეკრულების დადების დროს მხარეებს განემარტათ, რომ ხელშეკრულების შეწყვეტის შემთხვევაში გადაცემული უძრავი ქონება დაუბრუნდებოდა სარჩენს, ხოლო ხელშეკრულების შეწყვეტამდე გაწეული ხარჯები მარჩენალს არ აუნაზღაურდებოდა.
11. ხელშეკრულების დადების მომენტისათვის მოპასუხის კუთვნილი ბინის ღირებულება იყო 8000 ლარი.
12. ხელშეკრულების დადების შემდეგ მოსარჩელემ ქონება გაარემონტა, რაშიც მან დახარჯა 31 785 ლარი.
13. 2015 წლის 15 აგვისტოს თავდაპირველი მოპასუხე გარდაიცვალა და საქმეში ჩაება მისი უფლებამონაცვლე.
14. სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდგომში – სსსკ) 378-ე მუხლით და განმარტა, რომ სააპელაციო სასამართლოს სხდომაზე აპელანტმა მოწინააღმდეგე მხარის მფლობელობიდან მოძრავი ნივთების გამოთხოვის ნაწილში სააპელაციო საჩივარზე უარი თქვა, შესაბამისად, მითითებულ ნაწილში სააპელაციო წარმოება შეწყდა.
15. სააპელაციო პალატა დაეთანხმა აპელანტს, რომ მოსარჩელეს ქონებაზე გაწეული ხარჯის ანაზღაურების მოთხოვნის უფლება არ ჰქონდა.
16. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდგომში – სსკ) 494-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ სამისდღეშიო რჩენის ხელშეკრულება შეწყდა, ხოლო მარჩენალისათვის ხელშეკრულების შეწყვეტამდე გაწეული ხარჯის ანაზღაურების თაობაზე მხარეები შეთანხმებულნი არ იყვნენ. მეტიც, სანოტარო აქტშიც პირდაპირი მითითება იყო მასზედ, რომ გაწეული ხარჯი მარჩენალს არ აუნაზღაურდებოდა.
17. სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ გადაცემული ქონების რემონტის ვალდებულება, ხელშეკრულების თანახმად, მარჩენალს – მოსარჩელეს ევალებოდა. შესაბამისად, აღნიშნული ხარჯი შედიოდა რჩენის ვალდებულებაში და, ხელშეკრულების შეწყვეტის შემდეგ, მის ანაზღაურებას მარჩენალი ვეღარ მოითხოვდა.
18. სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ რაიონულმა სასამართლომ საქმის ფაქტობრივი გარემოებები შეცდომით შეაფასა, რასაც, შედეგად, მცდარი გადაწყვეტილების მიღება მოჰყვა.
19. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე მოსარჩელემ შეიტანა საკასაციო საჩივარი, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება შემდეგი საფუძვლებით:
20. კასატორმა მიიჩნია, რომ სააპელაციო პალატამ არასწორად გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილი გარემოება სადავო სახლში საცხოვრებლად მოსარჩელესთან ერთად მოპასუხის დარჩენასთან დაკავშირებითაც. ფაქტობრივად, იქვე უნდა ეცხოვრა მოპასუხის მეუღლესაც. აღნიშნული ფაქტი მნიშვნელოვანია, რადგან მოსარჩელე მოპასუხის მეუღლეს უვლიდა ჯერ კიდევ ამ უკანასკნელის ქ.მოსკოვში ყოფნისას, შემდეგ კი – საქართველოშიც.
21. კასატორის მოსაზრებით, საქალაქო სასამართლომ სწორად გაიზიარა მოსარჩელის მითითება, რომ მოპასუხეს ხელშეკრულების გაუქმების შემდეგ დაუბრუნდა არა ე.წ კარკასულ მდგომარეობაში არსებული სახლი, როგორიც სარემონტო სამუშაოებამდე იყო, არამედ მნიშვნელოვნად გაუმჯობესებული. მის კეთილმოწყობაზე მოსარჩელემ დახარჯა საკუთარი სახსრებიდან 31 785 ლარი.
22. კასატორმა მიიჩნია, რომ სააპელაციო პალატამ არასწორად და შესაძლოა, შეცდომითაც მიუთითა სსკ-ის 494-ე მუხლზე. სასამართლომ დაარღვია სსკ-ის 980-ე, 987-ე მუხლების, ასევე, სსსკ-ის 105-ე და 249-ე მუხლების მოთხოვნები. უგულებელყოფილ იქნა მოსარჩელის უფლება სამართლიანი სასამართლო განხილვაზე.
23. კასატორი არ დაეთანხმა გასაჩივრებული გადაწყვეტილების მსჯელობას სამისდღეშიო ხელშეკრულების შეწყვეტის შემდეგ მხარეთა უფლებებისა და ვალდებულებების თაობაზე.
24. კასატორის მითითებით, დაუშვებელია კანონის განმარტება მისი ცალკეული ნაწილის ძირითადი ტექსტისაგან განყენებულად.
25. სსკ-ის 52-ე და 949-ე მუხლების საფუძველზე კასატორმა მიიჩნია, რომ გონივრული განსჯა ხელშეკრულების შინაარსის სწორ განმარტებას გულისხმობს. სააპელაციო სასამართლოს არ დაუსაბუთებია, რა კრიტერიუმით შედის სახლის გარემონტება რჩენის ვალდებულებაში, მაგრამ ცხადია, აღნიშნული დასაბუთების გარეშე, დაუშვებელია დავის სწორად გადაწყვეტა.
26. კასატორის მითითებით, სსკ-ის 941-ე მუხლში განმარტებულია, რომ რჩენა მოიაზრებს გადასახადის – სარჩოს გადახდას, რომელიც შეიძლება გამოიხატოს ფულად სახსრებში და ნატურით, ანუ კვებით, მოვლით და სხვა აუცილებელი დახმარებით. შესაბამისად, რემონტი არ ნიშნავს რჩენას. გადაცემული ქონება თვითონ მესაკუთრემ შეაფასა 8000 ლარად და ხელშეკრულებითაც დადასტურდა, რომ სახლის რემონტს მისი სახსრებით მოსარჩელე გააკეთებდა.
27. კასატორის მოსაზრებით, მოპასუხემ მიიღო 31 785 ლარით გაზრდილი ღირებულების უძრავი ნივთი და ამით უსაფუძვლოდ გამდიდრდა. სსკ-ის 991-ე მუხლის საფუძველზე მოსარჩელე უფლებამოსილია, მოპასუხისაგან მოითხოვოს უსაფუძვლოდ მიღებული თანხის დაბრუნება. სააპელაციო პალატამ არ გამოიყენა სსკ-ის 987-ე და 991-ე მუხლები, რომლებიც უნდა გამოეყენებინა და არსწორად განმარტა 949-ე მუხლის მეორე ნაწილი. შედეგად მიღებული იქნა უკანონო გადაწყვეტილება, რომელიც სსსკ-ის 394-ე მუხლის „ე“ და „ე1“ ქვეპუნქტების მიხედვით, უნდა გაუქმდეს.
28. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 2 მარტის განჩინებით საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლით და ამავე კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად, ხოლო 2017 წლის 28 აპრილის განჩინებით საკასაციო საჩივარი ცნობილ იქნა დასაშვებად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
29. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა წარმოდგენილი საკასაციო საჩივრის საფუძვლები, შეამოწმა სააპელაციო პალატის გასაჩივრებული გადაწყვეტილების იურიდიული დასაბუთება და მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
30. წარმოდგენილი საკასაციო საჩივრით სადავოა სამისდღემშიო რჩენის ხელშეკრულებიდან გამომდინარე მხარეთა უფლება-მოვალეობები. აგრეთვე, რჩენის ვალდებულების შემადგენელ ნაწილად გადაცემული ქონების რემონტის კვალიფიცირება. საკასაციო საჩივრის საფუძვლების (კასაციის მიზეზების) საფუძვლიანობის კვლევისათვის, უნდა შემოწმდეს მხარეთა შორის წარმოშობილი სამართლებრივი ურთიერთობის შინაარსი, ის თუ რა უფლება-მოვალეობებს უდგენდა იგი მასში მონაწილე მხარეებს და რაც მნიშვნელოვანია, წარმოადგენდა თუ არა რჩენის ვალდებულებას იმ საცხოვრებელი სახლის რემონტი, სადაც ცხოვრობდა სარჩენი პირი. აქედან გამომდინარე, უნდა დადგინდეს მოთხოვნის იურიდიული მართებულობა.
31. სსსკ-ის 407-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლომ დაადგინა და მხარეთა მიერ დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია არ წარმოდგენილა საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელოვანი შემდეგი ფაქტობრივი გარემოებების მიმართ:
- მხარეთა შორის გაფორმდა რჩენის ხელშეკრულება, რომლითაც მოსარჩელემ იკისრა თავდაპირველი მოპასუხისა და მისი მეუღლის კვებითა და სხვა აუცილებელი დახმარებით უზრუნველყოფის ვალდებულება. სანაცვლოდ, მოპასუხემ მოსარჩელეს გადასცა მიწის ნაკვეთი და საცხოვრებელი სახლი. ხელშეკრულების თანახმად, სახლს სჭირდებოდა სარემონტო სამუშაოები, რომლებიც უნდა შეესრულებინა მოსარჩელეს საკუთარი სახსრებით. სახლში საცხოვრებლად კი, უნდა დარჩენილიყვენ თავდაპირველი მოპასუხე და მოსარჩელე.
- ხელშეკრულების დადების დროს მხარეებს განემარტათ, რომ ხელშეკრულების შეწყვეტის შემთხვევაში გადაცემული უძრავი ქონება დაუბრუნდებოდა სარჩენს, ხოლო ხელშეკრულების შეწყვეტამდე გაწეული ხარჯები მარჩენალს არ აუნაზღაურდებოდა.
- ხელშეკრულების დადების მომენტისათვის მოპასუხის კუთვნილი ბინის ღირებულება იყო 8000 ლარი.
- ხელშეკრულების დადების შემდეგ მოსარჩელემ ქონება გაარემონტა, რაშიც მან დახარჯა 31 785 ლარი.
- 2015 წლის 15 აგვისტოს თავდაპირველი მოპასუხე გარდაიცვალა და საქმეში ჩაება მისი უფლებამონაცვლე.
32. მხარეთა შორის არსებული სადავო ურთიერთობის კვალიფიკაციის მიზნებისათვის პირველ რიგში, საკასაციო პალატა მიზანშეწონილად მიიჩნევს ყურადღება გაამახვილოს სამისდღეშიო რჩენის ხელშეკრულების სამართლებრივ ბუნებაზე.
33. ამ თვალსაზრისით, საკასაციო პატალა განმარტავს, რომ საქართველოს კანონმდებლობა ითვალისწინებს ქონების საკუთრებაში გადაცემის ისეთ ხელშეკრულებებს, როგორიცაა: ნასყიდობა, გაცვლა, ჩუქება, სამისდღეშიო რჩენა, სესხი. ეს ხელშეკრულებები განკარგვითი ხასიათისაა და შედეგად შემძენისათვის საკუთრების უფლების გადაცემას იწვევს. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სამოქალაქო-სამართლებრივ ხელშეკრულებებს შორის სამისდღეშიო რჩენის ხელშეკრულების დამოუკიდებელი ხასიათი, შესაძლებლობას გვაძლევს ცალკე გამოვყოთ ამ ხელშეკრულებისათვის დამახასიათებელი სპეციფიკური ნიშან-თვისებები, რომლითაც იგი განსხვავდება ყველა სხვა ტიპის სახელშეკრულებო ვალდებულებებისაგან, კერძოდ:
ა) სამისდღეშიო რჩენის ხელშეკრულება მიეკუთვნება ქონების გადაცემის ტიპის ხელშეკრულებებს (ამ ხელშეკრულებებს მიეკუთვნება აგრეთვე ნასყიდობა, ჩუქება, სესხი, ქირავნობა, იჯარა და სხვა) და ამით განსხვავდება სამუშაოს შესრულების (ნარდობა), მომსახურების გაწევის (დავალება, შუამავლობა და სხვ.) და სადამფუძნებლო ხელშეკრულებებისაგან (ერთობლივი საქმიანობის-ამხანაგობის ხელშეკრულება).
ბ) სამისდღეშიო რჩენის ხელშეკრულებით ხდება განსაზღვრული ქონების გადაცემა საკუთრებაში. ამით იგი განსხვავდება ქონების დროებით სარგებლობაში გადაცემის ტიპის ხელშეკრულებებისაგან (იჯარა, ქირავნობა და სხვ.).
გ) სამისდღეშიო რჩენის ხელშეკრულების დადება შეიძლება განპირობებული იყოს სხვადასხვა გარემოებით, ძირითადად იგი იდება იმ შემთხვევებში, როდესაც სარჩენი არის შრომისუუნარო, ანდა განიცდის მატერიალურ გაჭირვებას და საჭიროებს მოვლას. იგი დებს ხელშეკრელებას მარჩენალთან, რომელსაც ამ მოვლისა და დახმარების სანაცვლოდ გადასცემს ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ქონებას ( სარჩენის საკუთრებაში არსებული უძრავი თუ მოძრავი ნივთები).
დ) სამისდღეშიო რჩენის ხელშეკრულება არის ვადიანი, მაგრამ ვადა, როგორც წესი, კალენდარული თარიღით კი არ განისაზღვრება, არამედ სარჩენის მთელი სიცოცხლის ხანგრძლივობით. თუმცა ხელშეკრულებით შეიძლება სხვა რამეც იყოს გათვალისწინებული ანუ მარჩენალი და სარჩენი შეთანხმდნენ კონკრეტულად განსაზღვრულ დროზე, რომლის განმავლობაშიც მარჩენალი კისრულობს სარჩენისათვისს სარჩოს გადახდას.
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სამისდღეშიო რჩენის ხელშეკრულების ერთ-ერთი უმთავრესი თავისებურება მისი სასყიდლიანი ხასიათია, რადგან მიზნად ისახავს მომავალში სარჩენის ქონების გადასვლას მარჩენალის საკუთრებაში განსაზღვრული შემხვედრი ანაზღაურების გადახდის გზით. ამით სამისდღეშიო რჩენა განსხვავდება ჩუქების ხელშეკრულებისაგან.
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ ხელშეკრულებათა ცალმხრივად და ორმხრივად კლასიფიცირება ხდება იმის მიხედვით, ხელშეკრულების საფუძველზე ვალდებულება ეკისრება ორივე მხარეს, თუ იგი მხოლოდ ერთ-ერთ მათგანს წარმოეშობა. პირველ შემთხვევაში, სახეზეა ორმხრივად მავალდებულებელი, ხოლო მეორე შემთხვევაში კი - ცალმხრივად მავალდებულებელი ხელშეკრულება. სამისდღემშიო რჩენის ხელშეკრულება არის სინალაგმატური ანუ ორმხრივად მავალდებელებელი ხელშეკრულება, რამეთუ თითოეულ მხარეს გააჩნია ერთდროულად უფლებებიც და ეკისრება მოვალეობებიც (იხ., სუსგ 2011 წლის 10 მარტის განჩინება საქმეზე Nას-1220-1071-2010).
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ ხელშეკრულებების რეალურად და კონსენსუალურად დაყოფის კრიტერიუმია, თუ რა მომენტიდან ითვლება ხელშეკრულება დადებულად. სამისდღეშიო რჩენის ხელშეკრულება კონსენსუალურია, რამეთუ იგი დადებულად ითვლება მას შემდეგ, როცა მხარეები ყველა მის არსებით პირობაზე შეთანხმდებიან საამისოდ გათვალისწინებული ფორმით.
34. იმავდროულად, საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ კანონმდებელი ხელშეკრულების ფორმასთან დაკავშირებით გარკვეულ დანაწესებს ისეთ შემთხვევებში განსაზღვრავს, როდესაც ეს საჭიროა თავად სახელშეკრულებო სამართლებრივი ურთიერთობის სტაბილურობის უზრუნველსაყოფად და ფორმის დაწესებას შესაბამისი მიზანი გააჩნია.
სამისდღეშიო რჩენის ხელშეკრულება მიეკუთვნება ფორმასავალდებულო ხელშეკრულებათა რიცხვს. თუ სარჩენი მარჩენალს გადასცემს უძრავ ქონებას, ასეთ შემთხვევაში, სამისდღეშიო რჩენის ხელშეკრულება უნდა დაიდოს წერილობითი ფორმით და დამოწმდეს სანოტარო წესით. უძრავი ნივთის ცნება და სახეები განსაზღვრულია სსკ-ის 149-ე მუხლში. სსკ-ის 942-ე მუხლით გათვალისწინებული უძრავი ქონების საკუთრებაში გადაცემა ამავე კოდექსის 183-ე მუხლით გათვალისწინებული წესებთან ერთობლიობაში უნდა განხორციელდეს და უძრავი ქონების გადაცემისათვის ხელშეკრულების სანოტარო წესით გაფორმება საკმარისი არ არის.). „სამოქალაქო კოდექსის 942-ე მუხლის დანაწესით გათვალისწინებული უძრავი ქონების გადაცემა უნდა განიმარტოს, როგორც სანივთო უფლების საკუთრების გადაცემა, რაც ამავე სახელშეკრულებო ურთიერთობის თავისებურებიდან გამომდინარე გარკვეულ უფლებრივ შეზღუდვას ექვემდებარება, მაგრამ ამ უფლების გადაცემა იურიდიული ძალის მქონეა მხოლოდ მაშინ, როდესაც უფლების წარმოშობისათვის დადგენილი წინაპირობები არსებობს“ (იხ., სუსგ 2012 წლის 19 ივნისის განჩინება საქმეზე # ას-185-178-2012).
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სამისდღეშიო რჩენის ხელშეკრულება შეიძლება დაიდოს სარჩენის მთელი სიცოცხლის ხანგრძლივობით ანდა განსაზღვრული ვადით. ამასთან ერთად, კანონმდებლობა შესაძლებლობას აძლევს მხარეებს, დადგენილი საფუძვლების არსებობისას ცალმხრივად განაცხადონ უარი სამისდღეშიო რჩენის ხელშეკრულებაზე. უარის თქმის საფუძველი შეიძლება იყოს სახელშეკრულებო მოვალეობათა ისეთი დარღვევა, რომლის შედეგად მხარეთა შორის ურთიერთობა აუტანელი გახდა, ანდა არსებობს სხვა მიზეზები, რომლებიც უკიდურესად აძნელებს ან შეუძლებელს ხდის მხარეთა შორის ურთიერთობების შემდგომ გაგრძელებას.
35. საქმის მასალებით დადგენილია, რომ მხარეთა შორის დაიდო სამისდღემშიო რჩენის ხელშეკრულება, რომელიც მის მონაწილე მხარეებს (სარჩენი და მარჩენალი) უდგენდა როგორც კანონით ისე, უშუალოდ ხელშეკრულებით განსაზღვრულ უფლება-მოვალეობებს.
36. საკასაციო პალატის მოსაზრებით, ხელშემკრველ მხარეთა უფლება-მოვალეობების დადგენამდე უპრიანია ყურადღება მიექცეს ხელშეკრულების მხარეთა ქცევის წესს კეთილსინდისიერების პრინციპთან მიმართებით. გამომდინარე იქიდან, რომ კეთილსინდისიერების პრინციპის ძირითადი ფუნქცია ურთიერთობის მონაწილეთა ინტერესების არა დაპირისპირება, არამედ მათი სოლიდარობაა, რაც ნორმალური სამოქალაქო ბრუნვის საფუძველია. საკასაციო პალატის მოსაზრებით, აღნიშნული მნიშვნელოვნად ხელს შეუწყობს სარჩენსა და მარჩენალს შორის წარმოშობილი სადავო ურთიერთობის სწორად გადაწყვეტას.
37. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ კეთილსინდისიერება გულისხმობს სამოქალაქო ბრუნვის მონაწილეთა მოქმედებას პასუხისმგებლობით, და ერთმანეთის უფლებებისადმი პატივისცემით მოპყრობას. კეთილსინდისიერების საფუძველზე აღმოიფხვრება როგორც კანონის, ისე ხელშეკრულების ხარვეზი. კეთილსინდისიერების პრინციპის შინაარსი, უპირველეს ყოვლისა, იმით გამოიხატება, რომ მხარეს, გარდა ვალდებულების ჯეროვანი შესრულებისა, ევალება ვალდებულების კეთილსინდისიერად შესრულებაც, ანუ კონტრაჰენტის პატივსადები ინტერესების გათვალისწინება და დაცვა. ამ მოთხოვნის დარღვევა კი არა მხოლოდ სახელშეკრულებო ვალდებულების შესრულების პროცესში, არამედ სახელშეკრულებო მოლაპარაკებათა და ძირითადი ვალდებულებების შესრულების შემდგომ ეტაპზეც შეიძლება პასუხისმგებლობის დაკისრების საფუძველი გახდეს.
კეთილსინდისიერების პრინციპს სამი ფუნქცია ეკისრება: 1) ყველა ხელშეკრულება უნდა განიმარტოს კეთილსინდისიერების პრინციპიდან გამომდინარე; 2) კეთილსინდისიერების პრინციპს აქვს ხარვეზის (სამართლის ნორმის ხარვეზის) შემავსებელი ფუნქცია, ასევე ხელშეკრულების პირობათა (რომლებიც მხარეთა მიერ ან/და კანონით არ იყო გათვალისწინებული) დამატების ფუნქცია; 3) გამაუქმებელი, შემზღუდავი და „მაკორექტირებელი“ ფუნქცია.
საკასაციო პალატის მოსაზრებით, კეთილსინდისიერების პრინციპიდან გამომდინარე, ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობის მონაწილე მხარეთა თანამშრომლობა, მეორე მხარის ინტერესების გათვალისწინება, მეორე მხარის უფლებებისა და ქონებისადმი განსაკუთრებული გულისხმიერების გამოჩენა საჭიროა ამ ურთიერთობის ნორმალურად განვითარებისათვის.
38. საკასაციო პალატა მიზანშეწონილად მიიჩნევს, ყურადღება გაამახვილოს 2013 წლის 24 მაისს მხარეთა შორის დადებულ სამისდღეშიო რჩენის ხელშეკრულების მეათე აბზაცით გათვალისწინებულ დებულებაზე, კერძოდ, „ხელშეკრულების შეწყვეტამდე გაწეული ხარჯები მარჩენალს არ აუნაზღაურდება, თუ ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული“. (იხ.ტ.2; ს.ფ.22), აგრეთვე ტ.2.,ს.ფ.23-ზე განთავსებული სამისდღეშიო რჩენის ხელშეკრულების მე-6 აბზაცით გათვალისწინებულ დებულებაზე, კერძოდ, „უძრავ ქონებას სჭირდება სარემონტო სამუშაოების ჩატარება, რომელსაც შეასრულებს გ---ე (მარჩენალი) თავისი სახსრებით“.
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ ხელშეკრულებათა განმარტების თავისებურება განპირობებულია ურთიერთობათა ორმხრივი (მრავალმხრივი) ხასიათით, დისპოზიციური ნორმების გამოყენებით, სავაჭრო და საქმიანი ჩვეულებებითა და ტრადიციებით, მხარეთა შორის არსებულ ურთიერთობაში ჩამოყალიბებული პრაქტიკით, იმპერატიული ნორმების მოთხოვნათა გათვალისწინების აუცილებლობით და ა.შ.
ხელშეკრულება არის მხარეთა მიერ მიღწეული კონსესუსის შედეგი, რომელიც, სამართლებრივი თვალსაზრისით, იწვევს მხარეთა მიმართ უფლებებისა და ვალდებულებების წარმოშობას მათივე ნების საფუძველზე. ხელშეკრულების არსებობისათვის აუცილებელია ორი ან მეტი ნების თანხვედრა, რაც იწვევს მხარეთა საერთო ნების დადგენის აუცილებლობას. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ხელშეკრულების განმარტების არსი მხარეთა მიერ გამოვლენილი საერთო ნების ნამდვილი შინაარის, ხელშეკრულების რეალური მიზნის დადგენაში მდგომარეობს. სასამართლო მხარეთა ნამდვილ ნებას ადგენს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ განმარტების პროცესში წარმოიშობა ხელშეკრულების ტექსტში გადმოცემულ დებულებათა შორის წინააღმდეგობა ან შეუსაბამობა.
ყველა იმ გარიგებაში, რომლებშიც ნების გამოვლენის ნამდვილობა დამოკიდებულია მეორე მხარის მიერ ამ ნების მიღებაზე, არცთუ იშვიათად იბადება კითხვა, სწორად გაიგო თუ არა მეორე მხარემ ის, რისი თქმაც ნების გამომვლენ პირს სურდა. თუ მხედველობაში მივიღებთ იმას, რომ გარიგებათა აბსოლუტურ უმრავლესობაში ორი მხარე – ნების გამომვლენი და ნების მიმღები – მონაწილეობს, აშკარა გახდება, თუ რა დიდი მნიშვნელობა აქვს გამოვლენილი ნების სწორად გაგებას მეორე მხარის მიერ. მრავალი გარემოებით შეიძლება იყოს გამოწვეული, რომ ის, რაც იგულისხმა ნების გამომვლენმა, სხვაგვარად გაიგო მისმა მიმღებმა. აქედან წარმოიშობა გამოვლენილ ნებათა კონფლიქტი, რომელიც საჭიროებს სწორად გადაწყვეტას. ამ კონფლიქტის გადაწყვეტის სამართლებრივ საშუალებას წარმოადგენს ნების გამოვლენის განმარტება.
სსკ-ის 52-ე მუხლის თანახმად, ნების გამოვლენის განმარტებისას ნება უნდა დადგინდეს გონივრული განსჯის შედეგად, და არა მარტოოდენ გამოთქმის სიტყვასიტყვითი აზრიდან. ცხადია, რომ ეს „გონივრული განსჯა“ უნდა ემყარებოდეს გარკვეულ კრიტერიუმებს, კერძოდ, ნების გამოვლენის განმარტება უნდა განხორციელდეს ნების მიმღების შემეცნების (გაგების) შესაძლებლობათა გათვალისწინებით. ამგვარი განმარტების დროს გათვალისწინებული უნდა იქნეს ყველა ხელშესახები გარემოება, რომელიც ამ შემთხვევას ახასიათებს.
ხელშეკრულების განმარტების საჭიროებას ადგილი აქვს იმ შემთხვევაში, როცა სახეზეა ხელშეკრულება, რომლის გამონათქვამებიც ბუნდოვანი, ორაზროვანი ან ურთიერთგამომრიცხავია, აგრეთვე როცა მისი გამონათქვამები შესწორებასა და შევსებას მოითხოვენ.ხელშეკრულების განმარტების დროს სასამართლო ორ მნიშვნელოვან საკითხს წყვეტს: სასამართლოს ევალება მხარეთა მიერ ხელშეკრულებაში გაკეთებული გამონათქვამების დაზუსტება, ხოლო მეორეს მხრივ, სასამართლო თავისი გადაწყვეტილებით ხელშეკრულებაში ღიად დარჩენილი ადგილების ე.წ. ხარვეზების შევსებას ახორციელებს .(ხელშეკრულების განმარტების საკითხებზე იხ., სუსგ №ას-1144-1090-2014, 23 თებერვალი, 2015 წელი). შესაბამისად, ტ.2.,ს.ფ.23-ზე განთავსებული სამისდღეშიო რჩენის ხელშეკრულების 6-ე აბზაცით გათვალისწინებულ დებულება - „უძრავ ქონებას სჭირდება სარემონტო სამუშაოების ჩატარება, რომელსაც შეასრულებს გ--ე (მარჩენალი) თავისი სახსრებით, უნდა განიმარტოს იმგვარად, რომ მარჩენალს არ ააქვს სარჩენისაგან ( მისი მემკვიდრისაგან) ამ ხარჯების ანაზღაურების მოთხოვნის უფლება.
39. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სსკ-ის 949-ე მუხლის თანახმად, როგორც მარჩენალს, ისე სარჩენს შეუძლიათ უარი თქვან სამისდღეშიო რჩენის ხელშეკრულებაზე. გადაცემული უძრავი ქონება ხელშეკრულების შეწყვეტისას უბრუნდება სარჩენს, ხოლო ხელშეკრულების შეწყვეტამდე გაწეული ხარჯები მარჩენალს არ აუნაზღაურდება, თუ ხელშეკრულებიოთ სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
40. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ საკანონმდებლო მოწესრიგებას საფუძვლად უდევს კონკრეტული სოციალური პროცესების მართვის სამართლებრივ-პოლიტიკური მოდელი ანუ, როდესაც კანონმდებელი განსაზღვრულ ქცევას სავალდებულოდ ადგენს, ამით მას სურს განსაზღვრული მიზნების მიღწევა. ასეთ შემთხვევაში კანონმდებლს მინიჭებული აქვს უფლებამოსილებები ერთის მხრივ, დასახული მიზნის მიღწევასთან, ხოლო მეორეს მხრივ, ამ მიზნის მისაღწევად გამოსაყენებელი სამართლებრივი საშუალებების მიზანშეწონილობასთან დაკავშირებით. კანონის ინტერპრეტაცია უნდა ემსახურებოდეს ამ კანონის მიზანს. კანონის ცალკეული დებულებები გააზრებული უნდა იქნას სხვადასხვა დებულებათა ურთიერთდამოკიდებულებაში.
კანონის ინტერპრეტაცია მთლიანობაში წარმოადგენს არგუმენტების შერჩევისა და გადაწყვეტილებების მიღების პროცესს, რომელიც ხშირად სხვადასხვა, ერთმანეთთან კონკურენციაში მყოფ მიზნებზე არის ორიენტირებული. სამართლებრივი გადაწყვეტილებები დამოკიდებულია კონკრეტულ სიტუაციებზე, რადგან განსხვავებულ, თუნდაც ტიპიურ სიტუაციებში, მიზნები და მათთან დაკავშირებული ინტერესები სხვადასხვა მოცულობითა და კონსტელაციაში გარკვეულ როლს თამაშობენ.
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სამართლიანობის მიღწევის გარდა, სამართლის ამოცანაა, უზრუნველყოს სამართლებრივი უსაფრთხოება და ინტერესთა ოპტიმალური და მიზანშეწონილი დაკმაყოფილება. ყოველივე ეს მიზანი გათვალისწინებულ უნდა იქნას კანონის ინტერპრეტაციისა და განვრცობის პროცესში. სამართლის ფუნქცია, რომ პრობლემები სამართლიანად გდაწყვიტოს, არა მხოლოდ ინტერპრეტაციის გზით ხორციელდება, არამედ , ამავე დროს, წარმოადგენს კანონის გავრცობის საჭიროების შემოწმებას.
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ კანონის ინტერპრეტაციის მიზნის მისაღწევად ანუ კანონის აზრის გასაგებად, გამოიყენება განმარტების გრამატიკული, ლოგიკური, ისტორიული და სისტემური ხერხები. „გრამატიკული“ ინტერპრეტანციის მიზანია, დაადგინოს, ენობრივი თვალსაზრისით, რა მნიშვნელობით იხმარება კანონის სიტყვები ამ ენის მატარებელთა საზოგადოებაში და რა მნიშვნელობით იყენებს მათ კანონმდებელი. (რაინჰოლდ ციპელიუსი, იურიდიული მეთოდების მოძღვრება, 10-ე გადამუშავებული გამოცემა,GIZ 2009, გვ.53)
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ კანონის ინტერპრეტაცია სამართლიან მოწესრიგებასა და ოპტიმალურ დაკმაყოფილებას უნდა იწვევდეს. კანონის ინტერპრეტაცია არ ნიშნავს მხოლოდ სიტყვების მიღმა მდგომი აზრის ახსნას, არამედ იგი ნიშნავს სხვადასხვა მნიშვნელობებიდან ყველაზე სწორი და გადამწყვეტი მნიშვნელობის შერჩევას. „ინტერპრეტაციას აქვს მსჯელობითი ხასიათი, როდესაც არგუმენტებისა და კონტრარგუმენტების წარმოდგენა ხდება, რომელთაგან უკეთეს მოტივაციას უპირატესი მნიშვნელობა უნდა მიენიჭოს.(რაინჰოლდ ციპელიუსი, იურიდიული მეთოდების მოძღვრება, 10-ე გადამუშავებული გამოცემა,GIZ 2009, გვ.59). გარდა ამისა, კანონის ინტერპრეტაცია უნდა იცავდეს „სამართლის ერთიანობის“ პრინციპს, ე.ი. ინტერპრეტაციის შედეგად მიღებული გადაწყვეტილება არ უნდა მოდიოდეს წინააღმდეგობაში სამართლის სხვა ნორმებთან. სამართლის ნორმა ისე უნდა იქნეს ინტერპრეტირებული, რომ იგი ყოველგვარი წინააღმდეგობის გარეშე ლოგიკურად თავსებადი იყოს უფრო მაღალი ან იგივე რანგის ნორმათა კონტექსტში.
41. საკასაციო პალატას განმარტავს, რომ სსკ-ის 949-ე მუხლის მეორე ნაწილის დებულება „ ...ხოლო ხელშეკრულების შეწყვეტამდე გაწეული ხარჯები მარჩენალს არ აუნაზღაურდება, თუ ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული“, უნდა განიმარტოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში საქმის გარემოებების გათვალისწინებით.
42. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ სასამართლოს უპირველესი ამოცანაა დაადგინოს, თუ რას ითხოვს მოსარჩელე მოპასუხისაგან და რის საფუძველზე, ანუ რა ფაქტობრივ გარემოებებზე ამყარებს მხარე თავის მოთხოვნას. სასამართლომ მხარის მიერ მითითებული მოთხოვნის ფარგლებში უნდა მოძებნოს ის სამართლებრივი ნორმა, რომელიც იმ შედეგს ითვალისწინებს, რომლის მიღწევაც მხარეს სურს. ამასთან, მოთხოვნის სამართლებრივ საფუძვლად განხილული ნორმა შეიცავს იმ აღწერილობას (ფაქტობრივ შემადგენლობას), რომელთა შემოწმებაც სასამართლოს პრეროგატივაა და რომელიც უნდა განხორციელდეს ლოგიკური მეთოდების გამოყენების გზით. ანუ, სასამართლომ უნდა დაადგინოს ნორმაში მოყვანილი აბსტარქტული აღწერილობა რამდენად შეესაბამება კონკრეტულ ცხოვრებისეულ სიტუაციას და გამოიტანოს შესაბამისი დასკვნები. ის მხარე, რომელსაც აქვს მოთხოვნა მეორე მხარისადმი, სულ მცირე, უნდა უთითებდეს იმ ფაქტობრივ შემადგენლობაზე, რომელსაც სამართლის ნორმა გვთავაზობს. აქედან გამომდინარე, შეგვიძლია დავასკვნათ, რომ მოთხოვნის სამართლებრივი საფუძვლის რომელიმე ფაქტობრივი შემადგენლობის არარსებობა გამორიცხავს მხარისათვის სასურველი სამართლებრივი შედეგის დადგომას.
43. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. აღნიშნულიდან გამომდინარე, საქმის განმხილველი სასამართლოსათვის სავალდებულოა სარჩელის ფაქტობრივი საფუძვლები. სარჩელის საფუძველი არის იმ ფაქტების ერთობლიობა, რომლებიც ასაბუთებენ, ამართლებენ მოსარჩელის სასარჩელო მოთხოვნას. საქმის განმხილველი სასამართლო შეზღუდულია მხოლოდ მხარის მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოებებით, რაც შეეხება სამართლის ნორმების გამოყენებას, სასამართლო, საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების შეფასებით, ადგენს თუ რა სამართლებრივი ურთიერთობა არსებობს მხარეთა შორის და ამ ურთიერთობის მარეგულირებელი სამართლებრივი ნორმების საფუძველზე აკმაყოფილებს ან არ აკმაყოფილებს სარჩელს. მხარეთა შორის არსებული ურთიერთობის შეფასება შედის სასამართლოს კომპეტენციაში, თუმცა საქმეზე გადაწყვეტილება მიღებულ უნდა იქნეს შეჯიბრებითობის პრინციპის სრულად რეალიზაციის პირობებში.
იმავდროულად, აღსანიშნავია, რომ ყოველი კონკრეტული სამოქალაქო საქმის გადაწყვეტა სასამართლოში, დაკავშირებულია გარკვეული ფაქტების დადგენასთან. ფაქტების დადგენის აუცილებლობა განპირობებულია იმით, რომ სასამართლო იხილავს და წყვეტს მხარეთა შორის წარმოშობილ დავებს, რომლებიც სამართლით რეგულირებული ურთიერთობებიდან წარმოიშობიან. სამართლებრივი ურთიერთობა კი, როგორც ეს ცნობილია, შეიძლება აღმოცენდეს, განვითარდეს ან შეწყდეს მხოლოდ იურიდიული ფაქტების საფუძველზე. სწორედ მტკიცების ტვირთსა და მის სწორ განაწილებაზეა დამოკიდებული დასაბუთებული და კანონიერი გადაწყვეტილების მიღება.
ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვეციის 6-ე მუხლით გათვალისწინებული სამართლიანი სასამართლოს უფლების რეალიზება უმეტესწილად დამოკიდებულია და გულისხმობს სასამართლოს მიერ დასაბუთებული, მტკიცებულებათა შეჯერების საფუძველზე მიღებული გადაწყვეტილების მიღებას. მტკიცების ტვირთის როლი განსაკუთრებით ვლინდება სამოქალაქო სამართალწარმოებაში, სადაც მხარეთა ნების ავტონომიას გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება. შესაძლებელია მხარის მოთხოვნა საფუძვლიანი იყოს, მაგრამ შეუძლებელია მხარემ მიიღოს თავისი სასარგებლო გადაწყვეტილება, თუ ვერ დაამტკიცებს თავის სასარგებლო გარემოებებს საპროცესო სამართლით დადგენილი წესით. ამიტომაც, ერთ-ერთ მნიშვნელოვან ფაქტორს წარმოადგენს მტკიცების ტვირთის სწორი გადანაწილება მოდავე მხარეებს შორის.
მტკიცების ტვირთზე მითითებას აკეთებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექის 102-ე მუხლის პირველი ნაწილი, რომლის მიხედვითაც თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. მოსარჩელემ უნდა ამტკიცოს ის გარემოებები, რომლებზედაც დაფუძნებულია სასარჩელო მოთხოვნა, ხოლო მოპასუხემ გარემოებები, რომლებსაც მისი შესაგებელი ემყარება.მტკიცების ტვირთი - ესაა სამოქალაქო სამართალწარმოებაში საქმის სწორედ გადაწყვეტისათვის მნიშვნელოვანი ფაქტების დამტკიცების მოვალეობის დაკისრება მხარეებზე, რომლის შესრულება უზრუნველყოფილია მატერიალურ-სამართლებრივი თვალსაზრისით არახელსაყრელი გადაწყვეტილების გამოტანით იმ მხარის მიმართ, რომელმაც ეს მოვალეობა არ (ვერ) შეასრულა. მხარეთა მტკიცებითი საქმიანობის საბოლოო მიზანი - ესაა სასამართლოს დარწმუნება საქმის სწორად გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობაში. სასამართლოს დაურწმუნებლობა კი მხარისათვის არახელსაყრელ შედეგს იწვევს.
44. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ კასატორმა (მოსარჩელემ) განსახილველ შემთხვევაში, ვერ შეძლო იმის დამტკიცება, რომ მის მიერ გაღებული 31785 ლარის ოდენობის ხარჯები არ იყო გამოწვეული სამისდღეშიო რჩენის ხელშეკრულების 6-ე აბზაცით (იხ. ტ.2., ს.ფ.23) გათვალისწინებული ვალდებულების, კერძოდ, „უძრავ ქონებას სჭირდება სარემონტო სამუშაოების ჩატარება, რომელსაც შეასრულებს გ--ე (მარჩენალი) თავისი სახსრებით“, შესრულების საფუძველზე, ამიტომაც, საკასაციო საჩივარი დაუსაბუთებულია.
45. შესაბამისად, სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას. აღნიშნული კი, სსსკ-ის 410-ე მუხლის „გ“ ქვეპუნქტის საფუძველზე გასაჩივრებული გადაწყვეტილების ძალაში დატოვების და საკასაციო საჩივრის (შესაბამისად, სარჩელის) დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ფაქტობრივ- სამართლებრივი საფუძველია.
46. საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟი დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 410-ე მუხლის „ გ“ ქვეპუნქტით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. გ---ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს მოცემულ საქმეზე ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 22 ნოემბრის გადაწყვეტილება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ზ. ძლიერიშვილი
მოსამართლეები: პ. ქათამაძე
ბ. ალავიძე