Facebook Twitter

№330210015001132299

საქმე №ას-411-384-2017 16 ივნისი, 2017 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ზურაბ ძლიერიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

პაატა ქათამაძე, ბესარიონ ალავიძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი – ნ-- ა-–ი (მოპასუხე, აპელანტი)

მოწინააღმდეგე მხარე - თ- ო-ი (მოსარჩელე, მოწინააღმდეგე მხარე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 11 იანვრის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

დავის საგანი – სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ფულადი ვალდებულების შესრულება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. ნ--ა-მა (შემდეგში: მოპასუხე ან მსესხებელი ან მოვალე) 2011 წლის 02 მაისს თ- ო---ისგან (შემდეგში: მოსარჩელე ან გამსესხებელი ან კრედიტორი) ისესხა 1600 აშშ დოლარი, თვეში 5% გადახდით. ხელშეკრულების ვადა განისაზღვრა 3 თვით. პირველი თვის პროცენტი 80 ლარი წინასწარ იქნა გადახდილი.

2. მოსარჩელემ სარჩელი აღძრა მოპასუხის წინააღმდეგ სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების 1600 აშშ დოლარის გადახდის მოთხოვნით [საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდეგში: სსკ-ის) 623-ე მუხლი].

3. სარჩელის ფაქტობრივ გარემოებად მითითებულია, რომ გამსესხებელმა მსესხებელს ასესხა 1600 აშშ დოლარი სარგებლის გადახდის პირობით. მსესხებელმა გადაიხადა მხოლოდ ერთი თვის სარგებელი - 80 ლარი. მსესხებლის დავალიანება შეადგენს 1600 აშშ დოლარს.

4. მოპასუხემ წარმოადგინა, როგოროც მოთხოვნის გამომრიცხავი ისე, მოთხოვნის განხორციელების შემაფერხებელი (ხანდაზმულობა) შესაგებელი და უარყო კრედიტორის წინაშე მისი ვალდებულების არსებობა. მისი განმარტებით, სესხის თანხა მან გადასცა მ- ა-ლს (მესამე პირი).

5. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 24 მაისის გადაწყვეტილებით მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 1600 აშშ დოლარის გადახდა.

6. გადაწყვეტილების გაუქმების მოთხოვნით სააპელაციო საჩივარი წარადგინა მოპასუხემ.

7. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 11 იანვრის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

8. სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა განჩინების პპ: 1 -ში მითითებული გარემოებები.

9. სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ მოპასუხე უარყოფდა რაიმე სასესხო ვალდებულების არსებობას კრედიტორთან, იმ არგუმენტით, რომ სამართალურთიერთობის მოვალეს წარმოადგენდა მისი ნათესავი, მესამე პირი, ვის გამოც, მან გააფორმა ხელწერილი მოსარჩელესთან. სააპელაციო პალატის მოსაზრებით, საქმეში წარმოდგენილი ხელწერილი ასახავდა სესხის სამართლებრივ ურთიერთობას სადაც, განსაზღვრული იყო მოთხოვნის კრედიტორი და მოვალე. აღნიშნულ ურთიერთობაში მოვალეს სწორედ, მოპასუხე წარმოადგენდა. შესაბამისად, უარყოფილი იქნა მოპასუხის არგუმენტი მის მიმართ ვალდებულებითსამართლებრივი ურთიერთობიდან გამომდინარე მოთხოვნის არარსებობასთან მიმართებით.

10. უდავო გარემოებად იქნა მიჩნეული, რომ 2011 წლის 02 მაისს სესხის ხელშეკრულების მოქმედების ვადის გასვლისას ძირითადი თანხა მოვალეს კრედიტორისათვის არ დაუბრუნებია, იგი აგრძელებდა გამსესხებლისათვის საპროცენტო სარგებლის გადახდას. ძირითადი თანხის გადახდა გამსესხებელმა მოითხოვა 2015 წლის 23 ოქტომბერს სასამართლოში სარჩელის შეტანის გზით. მოპასუხეს სადავოდ არ გაუხდია ის ფაქტი, რომ გამსესხებელმა მსესხებელს ძირითადი თანხის დაბრუნება მოსთხოვა მას შემდეგ, რაც მოვალემ არ გადაიხადა თვიური პროცენტი. გამსესხებლის განმარტებით, მან ასეთი მოთხოვნა მსესხებელს წაუყენა სარჩელის აღძვრამდე თვე ნახევრის წინ.

11. დავის სამართლებრივი მოწესრიგების მიზნით, სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სსკ-ის 623-ე მუხლით და დასაბუთებულად მიიჩნია სარჩელი 2011 წლის 02 მაისის სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების 1600 აშშ დოლარის გადახდის დაკისრების თაობაზე.

12. არ იქნა გაზიარებული მოპასუხის შედავება ხანდაზმულობასთან მიმართებით, რამეთუ სააპელაციო პალატის მოსაზრებით, მხარეთა შორის წარმოშობილი ურთიერთობა გაგრძელდა განუსაზღვრელი ვადით, გამომდინარე იქიდან, რომ მსესხებელი სარგებლის გადახდას აგრძელებდა სახელშეკრულებო ურთიერთობის ამოწურვის შემდეგაც. ამდენად, სახელშეკრულებო მოთხოვნის სამწლიანი ხანდაზმულობა დაიწყო არა სესხის ხელშეკრულებით თავიდანვე გათვალისწინებული სამი თვის ამოწურვის შემდეგ, არამედ, იმ პერიოდიდან, როდესაც კრედიტორმა შეიტყო, რომ მას ვალდებულებას აღარ უსრულებდნენ და სარჩელის აღძვრით შეწყვიტა განუსაზღვრელი ვადით არსებული სახელშეკრულებო ურთიერთობა [სსკ-ის 626.1, 129.1 და 130-ე მუხლები].

13. თბილისის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ, რომელმაც მისი გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

14. კასატორის პრეტენზია სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს შეეხება, სახელდობრ, კასატორი უარყოფს მხარეთა შორის არსებული სამთვიანი სახელშეკრულებო ურთიერთობის განუსაზღვრელი ვადით გაგრძელების შესაძლებლობას და მიაჩნია, რომ სახელშეკრულებო ვადის ამოწურვის შემდეგ მის მიერ გადახდილი თანხა უნდა გამოკლებოდა ძირითად თანხას. კასატორის მოსაზრებით, მოპასუხემ დაბნეულობის შედეგად თქვა, რომ მოსარჩელეს უხდიდა პროცენტებს. ასეთ შემთხვევაში, სასამართლოს უპირატესობა უნდა მიენიჭებინა მოსარჩელის იმ პოზიციისათვის, რომ მოპასუხეს მხოლოდ ერთი თვის საპროცენტო სარგებელი ჰქონდა გადახდილი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

15. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 24 აპრილის განჩინებით საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სსსკ-ის 396-ე მუხლით და 391-ე მუხლის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად.

16. საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც, მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად.

განსახილველ შემთხვევაში, კასატორი სადავოდ ხდის სესხის სამართლებრივი ურთიერთობის განუსაზღვრელი ვადით გაგრძელების ფაქტობრივ გარემოებას, თუმცა საგულისხმოა, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ ამ თვალსაზრისით, დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების საპირისპიროდ კასატორს დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია (შედავება წარმოდგენილი არ აქვს). შესაბამისად, საკასაციო პალატა სრულად იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებას იმის თაობაზე, რომ თავდაპირველად, ხელშეკრულება დაიდო სამი თვის ვადით. ხელშეკრულების მოქმედების ვადის გასვლის შემდეგ მსესხებელი გამსესხებელს უხდიდა საპროცენტო სარგებელს-თვეში 5%-ს, ხოლო შემდგომ საპროცენტო სარგებლის ნახევარს. მოგვიანებით, მოპასუხემ სარგებლის გადახდა შეწყვიტა. ამდენად, კრედიტორის მოთხოვნა არ წარმოშობილა 2011 წლის 02 მაისიდან სამი თვის ამოწურვის შემდეგ, არამედ, წარმოიშვა სარგებლის შეწყვეტისა და სესხის დაბრუნების შესახებ სარჩელის მოთხოვნის სასამართლოში აღძვრით [სსსკ-ის 407.2 მუხლი].

საკასაციო პალატა განმარტავს, რომ სამოქალაქო პროცესი აგებულია რა შეჯიბრებითობის პრინციპზე, მხარეებს უფლებებთან ერთად აკისრებს თავისივე ინტერესებისათვის აუცილებელ საპროცესო მოვალეობებს, რომელთა შეუსრულებლობა იწვევს ამავე მხარისათვის არახელსაყრელ შედეგს. ეს დანაწესი განმტკიცებულია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლით, აგრეთვე, 102-ე მუხლით, რომლის თანახმად, მხარეს ეკისრება როგორც ფაქტების მითითების, ასევე მათი დამტკიცების ტვირთი, რაც სათანადო მტკიცებულებების წარდგენით უნდა განხორციელდეს [სასესხო ურთიერთობებში მტკიცების ტვირთთან დაკავშირებით იხ., სუსგ №ას-570-541-2015, 11 ნოემბერი, 2015 წელი].

მოცემულ შემთხვევაში, კასატორი ვერ ადასტურებს მხარეთა შორის 2011 წლის 02 მაისს წარმოშობილი სახელშეკრულებო ურთიერთობის სამ თვეში შეწყვეტის ფაქტობრივ გარემოებას და მის მიერ თანხის არა სარგებლის, არამედ ძირითადი თანხის ანგარიშში გადახდის გარემოებას [სსკ-ის 378 მუხლის დისპოზიცია: „მოვალეს უფლება აქვს ვალდებულება შეასრულოს ნაწილ-ნაწილ, თუკი კრედიტორი ამაზე თანახმაა“], რაც შესაძლებელს გახდიდა გვემსჯელა სახელშეკრულებო ურთიერთობის შეწყვეტილად აღიარებასა და მაშასადამე, სარგებლის გადახდის ვალდებულების შეწყვეტაზე. რამდენადაც (პროცენტის) გადახდის ვალდებულება, რომელიც მხარეებმა გაითვალისწინეს სესხის ხელშეკრულებისათვის, შეიძლება არსებობდეს მხოლოდ ხელშეკრულების მოქმედების ვადაში [იხ., სუსგ ას-1701-1685-2011, 22 ოქტომბერი, 2012 წელი].

იმავდროულად, აღსანიშავია, რომ კასატორს ხანდაზმულობასთან მიმართებით შედავება წარმოდგენილი არ აქვს. შესაბამისდ, ამ საკითხზე საკასაციო პალატა დამატებით არ იმსჯელებს.

17. ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში, არ იკვეთება საკასაციო საჩივრის დასაშვებობის სსსკ-ის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული რომელიმე საფუძვლის არსებობა, ვინაიდან ნორმის დანაწესით საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. როგორც საქმის მასალებით ირკვევა, სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით, ვინაიდან სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან, არც დასაბუთებული პოზიციაა წარმოდგენილი ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციათან ანდა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალთან წინააღმდეგობის საფუძვლით.

18. ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისითაც. სასესხო სამართლებრბივ ურთიერთობებთან დაკავშირებით არსებობს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა.

19. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი დაუშვას საკასაციო საჩივარი, რის გამოც, საკასაციო საჩივარს უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

20. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ნ- ა-–ის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;

2. კასატორ ნ-ა–ს უკან დაუბრუნდეს 2017 წლის 20 აპრილს საგადახდო დავალება N1 გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან (300 ლარი) 210ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 3 0077 3150.

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ზ. ძლიერიშვილი

მოსამართლეები: პ. ქათამაძე

ბ. ალავიძე