Facebook Twitter

№080210016001403630

საქმე №ას-601-560-2017 20 ივნისი, 2017 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ზურაბ ძლიერიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ეკატერინე გასიტაშვილი, ბესარიონ ალავიძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი – მ--- ნ–ვილი (მოსარჩელე,მოწინააღმდეგე მხარე)

მოწინააღმდეგე მხარე - ა(ა)იპ „ქალაქ ქუთაისის ბაგა-ბაღების გაერთიანება“ (მოპასუხე, აპელანტი)

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 10 მარტის გადაწყვეტილება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილება

დავის საგანი – ბრძანების ბათილად ცნობა, ტოლფას თანამდებობაზე აღდგენა, კომპენსაციის დაკისრება, განაცდურის ანაზღაურება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. ააიპ „ქალაქ ქუთაისის ბაგა-ბაღების გაერთიანების“ (შემდეგში: მოპასუხე გაერთიანება) დამფუძნებლის, ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერის 2016 წლის 13 მაისის №15 ბრძანებით, ცვლილება შევიდა წესდებაში, რომლითაც გაერთიანების თანამდებობათა ჩამონათვალიდან ამოღებული იქნა სამი თანამდებობა, მათ შორის, დირექტორის პირველი მოადგილე, სადაც დასაქმებული იყო მ--- ნ–ვილი (შემდეგში: მოსარჩელე). ამავე ბრძანების შესაბამისად, გაერთიანების დირექტორის ბრძანებით გაუქმდა დირექტორის პირველი მოადგილის შტატი;

2. შტატით გათვალისწინებული თანამდებობის გაუქმების გამო, 2016 წლის 20 მაისს, მოსარჩელე გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან.

3. მოსარჩელემ სარჩელი აღძრა მოპასუხის წინააღმდეგ, რომლითაც მოითხოვა მოპასუხის მიერ გამოცემული 2016 წლის 20 მაისის ბრძანების N1185 „კ“ (შემდეგში: სადავო ბრძანება) ბათილად ცნობა; მოპასუხე გაერთიანების დირექტორის პირველი მოადგილის ტოლფას თანამდებობაზე აღდგენა ან კომპენსაციის მიცემა. იძულებითი განაცდურის ანაზღაურება გათავისუფლებიდან სასამართლოს გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლამდე.

4. მოპასუხემ სარჩელი არ ცნო.

5. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 12 დეკემბრის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა. ბათილად იქნა ცნობილი სადავო ბრძანება. მოპასუხე გაერთიანებას დაეკისრა, მოსარჩელის სასარგებლოდ, კომპენსაციის გადახდა 6 თვის ხელფასის (თვეში 1200 ლარი) ოდენობით; მოპასუხე გაერთიანებას დაეკისრა მოსარჩელის სასარგებლოდ, იძულებითი განაცდურის ანაზღაურება, სამუშაოდან გათავისუფლების დღიდან 2015 წლის 20 მაისიდან, სასამართლო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლამდე.

6. გადაწყვეტილების გაუქმების მოთხოვნით აღძრული მოპასუხე გაერთიანების სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, შესაბამისად, სარჩელს უარი ეთქვა დაკმაყოფილებაზე.

7. სააპელაციო სასამართლომ დადგენლად მიიჩნია განჩინების პპ:1-2-ში მითითებულოი ფაქტობრივი გარემოებები.

8. ასევე, დადგენილად მიიჩნია, რომ მოპასუხე გაერთიანებაში რეალურად განხორციელდა ორგანიზაციული ცვლილებები, შტატების შემცირება, გაუქმდა სამი თანამდებობა, არსებულ შტატებს დაემატა ორი ერთეული ადგილი.

9. დირექტორის პირველი მოადგილის შტატით გათვალისწინებული ფუნქციები ახალ შტატებს არ გადასცემია, იგი გადანაწილდა უკვე არსებულ შტატებზე, შესყიდვებისა და სამეურნეო საქმეთა კოორდინატორზე, იურისტსა და ადმინისტრაციის უფროსზე. აღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატამ დაასკვნა, რომ განხორციელებული ორგანიზაციული ცვლილებები არ ატარებდა მხოლოდ ფორმალურ ხასიათს, არამედ იყო რეალური, რომლესაც მოჰყვა სახელფასო ფონდის 18650 ლარიდან 17100 ლარამდე შემცირება - ფინანსური რესურსების დაზოგვა.

10. დადგენილად იქნა მიჩნეული, რომ მოსალოდნელი გათავისუფლების შესახებ წინასწარ იქნა გაფრთხილებული მოსარჩელე ერთი თვით ადრე,

11. დადგენილად იქნა მიჩნეული, რომ უკვე არსებულ თანამდებობაზე ახლად დამატებული შტატით, სასწავლო პროცესისა და მეთოდური დარგის კოორდინატორის ყოველთვიური ხელფასი განსაზღვრულია 750 ლარი, ხოლო ადამიანური რესურსების მართვის სპეციალისტისა - 700 ლარი.

12. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასების მიზნით სააპელაციო პალატამ მიუთითა საქართველოს შრომის კოდექსის (შემდეგში: სშკ-ი) 38.8 მუხლის იმ დანაწესზე, რომელიც დამსაქმებელს ავალდებულებს სამუშაოდან გათავისუფლებული დასაქმებული აღადგინოს პირვანდელ სამუშაო ადგილზე ან უზრუნველყოს ის ტოლფასი სამუშაოთი, ან გადაუხადოს მას კომპენსაცია, დადგენილია, მხოლოდ უკანონოდ გათავისუფლებული პირების მიმართ. დამსაქმებლისათვის დადგენილია უკანონოდ გათავისუფლებული დასაქმებულის პირვანდელ სამუშაოზე აღდგენა, ხოლო თუკი აღნიშნული შეუძლებელია, მაშინ მომდევნო რიგითობით დადგენილი ვალდებულებების შესრულება (ტოლფას სამუშაოზე დასაქმება ან კომპენსაციის გადახდა).

13. მხედველობაში იქნა მიღებული ის გარემოებაც, რომ მოწინააღმდეგე მხარეს, სააპელაციო საჩივართან დაკავშირებით შესაგებელი არ წარმოუდგენია. მოწინააღმდეგ მხარის მხრიდან აღნიშნული საპროცესო ვალდებულების შეუსრულებლობა არ შეფასდა მის წინააღმდეგ დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის განმაპირობებელ აუცილებელ ფაქტორად [იხ., დიდი პალატის განჩინება №ას-121-117-2016, 17 მარტი, 2016 წელი].

14. საააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ ნაწილობრივ არასწორი შეფასება მისცა დადგენილ ფაქტებს, აღნიშნული გარემოება, გაერთიანების სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილების, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებისა და სარჩელზე უარის თქმის საფუძვლად იქნა მიჩნეული.

15. თბილისის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ, რომელმაც მოითხოვა მისი გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილება [იხ., საკასაციო საჩივრის მოთხოვნა ტ.2. ს.ფ. 68].

16. საკასაციო საჩივრის პრეტენზია იმაში მდგომარეობს, რომ რეორგანიზაციისა და შტატების შემცირების შედეგად ორი ახალი შტატი დაემატა მოპასუხე გაერთიანებას, რის შესახებაც, მოსარჩელისთვის ცნობილი არ ყოფილა. აღნიშნულის შესახებ მან შეიტყო მხოლოდ მას შემდეგ რაც გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან და დაიწყო დავა. აქედან გამომდინარე, კასატორი არ ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს იმ მსჯელობას, რომ მოსარჩელეს არ მოუთხოვია ახალ შტატზე დასაქმება. კასატორს მიაჩნია, რომ ახალ შტატზე დასაქმების შეთავაზება დამსაქმებლის კომპეტენცია იყო. იმავდროულად, დამსაქმებელს უნდა გამოეკვლია გააჩნდა თუ არა მოსარჩელეს კვალიფიკაცია. კასატორი მიუთითებს სამოქალაქო კოდექსის 115-ე მუხლით განსაზღვრული უფლების განხორციელების მართლზომიერების პრინციპის დარღვევაზე და მიიჩნევს, რომ მოსარჩელის გათავისუფლება მოხდა უკანონოდ, რის გამოც, პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ სწორად იქნა ბათილად ცნობილი მისი გათავისუფლების შესახებ ბრძანება. ამასთან, რადგან მისი აღდგენა ტოლფას თანამდებობაზე ვერ მოხდა, მას სწორად დაეკისრა კომპენსაცია. იმავდროულად, კასატორს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ არასწორად განმარტა კომპენსაციის საკითხი, რასაც შედეგად მოჰყვა დავის არასწორი გადაწყევტა.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

17. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 23 მაისის განჩინებით საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სსსკ-ის 396-ე მუხლით და 391-ე მუხლის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად.

18. საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც, მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად.

19. წარმოდგენილი საკასაციო საჩივრის შესწავლის შედეგად საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ კასატორის მოთხოვნაა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 10 მარტის გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილება [იხ., საკასაციო საჩივრის მოთხოვნა ტ.2. ს.ფ. 68]. სასაკასაციო პალატის მოსაზრებით, კასატორის მოთხოვნას არ გააჩნია ვარგისი საპროცესო სამართლებრივი საფუძველი შემდეგ გარემოებათა გამო:

20. საქმის მასალებით დადგენილია, რომ მოსარჩელის მოთხოვნას წარმოადგენდა 2016 წლის 20 მაისის ბრძანების N1185 „კ“ ბათილად ცნობა; მოსარჩელის აღდგენა მოპასუხე გაერთიანების დირექტორის პირველი მოადგილის ტოლფას თანამდებობაზე ან მისთვის კომპენსაციის მიცემა. იძულებითი განაცდურის ანაზღაურება გათავისუფლებიდან სასამართლოს გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლამდე (იხ., განჩინების პ:3). ქუთაისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 12 დეკემბრის გადაწყვეტილებით ბათილად იქნა ცნობილი სადავო ბრძანება. მოპასუხე გაერთიანებას დაეკისრა, მოსარჩელის სასარგებლოდ, კომპენსაციის გადახდა 6 თვის ხელფასის (თვეში 1200 ლარი) ოდენობით; მოპასუხე გაერთიანებას დაეკისრა მოსარჩელის სასარგებლოდ, იძულებითი განაცდურის ანაზღაურება, სამუშაოდან გათავისუფლების დღიდან 2015 წლის 20 მაისიდან, სასამართლო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლამდე. ამდენად, დადგენილია, რომ მოსარჩელეს ზემოაღნიშნული მოთხოვნებიდან უარი ეთქვა მოპასუხე გაერთიანების დირექტორის პირველი მოადგილის ტოლფას თანამდებობაზე აღდგენის ნაწილში, თუმცა მოსარჩელეს ამ ნაწილში, პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება არ გაუსაჩივრებია [საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში: სსსკ-ის) 243.1; 244-ე; 264. „ბ“ მუხლები]. ამავე საფუძვლით უარყოფილი უნდა იქნეს კასატორის პრეტენზია ახალ შტატზე მოსარჩელის დასაქმების შეთავაზების განუხორციელებლობასა და მაშასადამე, დამსაქმებლის მხრიდან უფლების არამართლზომიერ გამოყენებასთან მიმართებით (იხ., საკასაციო საჩივრის საფუძველი განჩინების პ:16).

21. რაც შეეხება კომპენსაციისა და იძულებითი განაცდურის მოპასუხე გაერთიანებისათვის დაკისრებაზე უარის თქმის ნაწილში წარმოდგენილ საკასაციო პრეტენზიას, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ არც ამ ნაწილშია წარმოდგენილი დასაშვები და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია (შედავება).

22. საქმის მასალებით დადგენილია, რომ მოპასუხე გაერთიანებაში რეალურად განხორციელდა ორგანიზაციული ცვლილებები, შტატების შემცირება, გაუქმდა სამი თანამდებობა, არსებულ შტატებს დაემატა ორი ერთეული ადგილი. დირექტორის პირველი მოადგილის შტატით გათვალისწინებული ფუნქციები ახალ შტატებს არ გადასცემია, იგი გადანაწილდა უკვე არსებულ შტატებზე, შესყიდვებისა და სამეურნეო საქმეთა კოორდინატორზე, იურისტსა და ადმინისტრაციის უფროსზე. აღნიშნულიდან გამომდინარე, განხორციელებული ორგანიზაციული ცვლილებები არ ატარებდა მხოლოდ ფორმალურ ხასიათს, არამედ იყო რეალური, რომლესაც მოჰყვა სახელფასო ფონდის 18650 ლარიდან 17100 ლარამდე შემცირება - ფინანსური რესურსების დაზოგვა. დადგენილად იქნა მიჩნეული, რომ უკვე არსებულ თანამდებობაზე ახლად დამატებული შტატით, სასწავლო პროცესისა და მეთოდური დარგის კოორდინატორის ყოველთვიური ხელფასი განსაზღვრულია 750 ლარი, ხოლო ადამიანური რესურსების მართვის სპეციალისტისა - 700 ლარი. (იხ., განჩინების პპ: 8, 9, 11).

23. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების საწინააღმდეგოდ კასატორს რაიმე პრეტენზია არ წარმოუდგენია, მისი საჩივარი მარტოოდენ იმ გარემოებას ეფუძნება, რომ კომპენსაციის საკითხი განიმარტა არასწორად და მოსარჩელეს არასწორად ეთქვა უარი კომპენსაციისა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურებაზე. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ კომპენსაციის დაკისრება და იძულებითი განაცდურის ანაზღაურების ვალდებულება [სშკ-ის 38.8; 32-ე მუხლები) წარმოადგენენ უკანონოდ გათვისუფლებული მუშაკის შრომით უფლებებში აღდგენის მატერიალურ სამართლებრივ საშუალებას; როგორც დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებიდან ირკვევა, მოსარჩელე გათავისუფლდა რეორგანიზაციის შედეგად, თავად რეორგანიზაციის კანონიერების საკითხი სააპელაციო საჩივრით არათუ შედავებული, არამედ საერთოდ გასაჩივრებული არ ყოფილა. აქედან გამომდინარე, რელევენატური არ იყო სშკ-ის 38.8 მუხლის და 32-ე მუხლის საფუძველზე მოსარჩელისათის კომპენსაციის მიკუთვნება ანდა იძულებითი განაცდურის მიცემა, რადგან აღნიშნული სამართლებრივი საფუძვლები თავის მხრივ, ატარებენ უკანონოდ გათავისუფლების მაკომპენსირებელ და ზიანის ანაზღაურების ფუნქციას.

24. ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში, არ იკვეთება საკასაციო საჩივრის დასაშვებობის სსსკ-ის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული რომელიმე საფუძვლის არსებობა, ვინაიდან ნორმის დანაწესით საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. როგორც საქმის მასალებით ირკვევა, სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით, ვინაიდან სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან, არც დასაბუთებული პოზიციაა წარმოდგენილი ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციათან ანდა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალთან წინააღმდეგობის საფუძვლით.

25. ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისითაც, რადგანაც სშკ-ის 32-ე და 38.8 მუხლის გამოყენების სამართლებრივ საკითხებზე დადგენილია საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა.

26. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი დაუშვას საკასაციო საჩივარი, რის გამოც, საკასაციო საჩივარს უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

27. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. მ--- ნ-–ვილის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;

2. კასატორ მ--- ნ-ვილს უკან დაუბრუნდეს 2017 წლის 18 მაისს რ- ხ-ას მიერ საგადახდო დავალება N23 გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან (300 ლარი) 210 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 3 0077 3150.

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ზ. ძლიერიშვილი

მოსამართლეები: ე. გასიტაშვილი

ბ. ალავიძე