№030210015792674
საქმე №ას-617-576-2017 14 ივლისი, 2017 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ზურაბ ძლიერიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
პაატა ქათამაძე, ბესარიონ ალავიძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი – სს „ს--ა“ (მოსარჩელე, აპელანტი)
მოწინააღმდეგე მხარე - შეზღუდული პასუხისმგებლობის ამხანაგობა ,,ს-- ი” (მოპასუხე, აპელანტი)
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 06 მარტის გადაწყვეტილება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება 54680.83 შვეიცარული ფრანკის დაკისრებაზე უარის თქმის ნაწილში და ამ ნაწილში, ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება
დავის საგანი – თანხის დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. სს ,,ს- -ას” (შემდგომში: მოსარჩელე ან კასატორი) და შეზღუდული პასუხისმგებლობის ამხანაგობა ,,ს- ს” (შემდგომში - მოპასუხე ან მოწინააღმდეგე მხარე) შორის 2004 წლის 1 ივნისიდან წარმოიშვა სახელშეკრულებო ურთიერთობა, რომლის საფუძველზე მოსარჩელე მოპასუხეს აწვდიდა სარკინიგზო ვაგონებს, ეს უკანასკნელი კი, ვალდებული იყო გადაეხადა მომსახურების საფასური.
2. მოსარჩელემ სარჩელი აღძრა მოპასუხის წინააღმდეგ 55 886.47 შვეიცარიული ფრანკის გადახდევინების მოთხოვნით.
3. სარჩელის ფაქტობრივ გარემოებად მოსარჩელე მიუთითებდა მასზედ, რომ: ა) მხარეთა შორის 2004 წლის 1 ივნისიდან წარმოშობილი ვაგონების მიწოდების სახელშეკრულებო ურთიერთობის ფარგლებში, მოსარჩელემ, სხვადასხვა დროს, მიაწოდა მოპასუხეს ვაგონები, რომელთა ღირებულება მოპასუხეს არ გადაუხდია; ბ) სადგურ ფოთში 2010 წლის აპრილში მოსარჩელემ მიაწოდა ვაგონები მოპასუხეს ბორან ,,გ- --ზე” ასატვირთად, თუმცა, მოპასუხეს ვაგონები არ მიუღია და ამ მიწოდებისათვის არც 3 434 შვეიცარიული ფრანკი გადაუხდია. მოსარჩელემ 2011 წლის ნოემბერ-დეკემბერში მოპასუხეს კვლავ გაუწია მითითებული მომსახურება, რომლის ღირებულება - 29 986.84 შვეიცარიული ფრანკი, მოპასუხეს არ აუნაზღაურებია. მიუხედავად იმისა, რომ მოპასუხემ აღიარა 2011 წელს გაწეული მომსახურების დავალიანება - 101 452.63 შვეიცარული ფრანკი, საიდანაც გადაიხადა მხოლოდ 71 465.79 შვეიცარული ფრანკი. გ) მოსარჩელემ 2013 წლის ივლისში მოპასუხეს მიაწოდა ექსპლუატაციისთვის ვარგისი ვაგონი №---; მოპასუხემ უარი განაცხადა მომსახურების ღირებულების - 1 205.64 შვეიცარიული ფრანკის ანაზღაურებაზე, დაუსაბუთებელი პრეტენზიით, რომ ვაგონი იყო ტექნიკურად გაუმართავ მდგომარეობაში; დ) მოსარჩელემ 2013 წლის 4 ოქტომბერს ბორან ,,გ- -ზე” მოპასუხეს მიაწოდა 41 ვაგონი, რომელთაგან 9 ვაგონი დაუსაბუთებლად არ იქნა მიღებული ბორანზე; ასევე დაუსაბუთებლად არ იქნა მიღებული 2013 წლის 9 ოქტომბერს ბორან ,,გ- --ე” მოსარჩელის მიერ მიწოდებული 36 ვაგონი. ორივე შემთხვევაში, მოპასუხისათვის დარიცხულმა და გადაუხდელმა საზღაურმა შეადგინა 10 062.28 შვეიცარიული ფრანკი; (დ) მოსარჩელემ 2013 წლის 16 დეკემბერს ბორან ,,გ--- -იზე” მოპასუხეს მიაწოდა 23 ვაგონი, რომლებიც ასევე დაუსაბუთებლად არ იქნა მიღებული ბორანზე; მოპასუხისათვის დარიცხულმა და გადაუხდელმა საზღაურმა შეადგინა 11 197.71 შვეიცარიული ფრანკი; ე) მითითებული თანხების (3 434 + 29 986.84 + 1 205.64 + 10 062.28 + 11 197.71) ჯამი შეადგენს სარჩელით მოთხოვნილ თანხას, რომელიც წარმოადგენს მოსარჩელისათვის მიყენებულ ზიანს.
4. მოპასუხემ წარმოადგინა, როგორც მოთხოვნის გამომრიცხავი ისე, განხორციელების შემაფერებელი (ხანდაზმულობა) შესაგებელი, სახელდობრ, მოთხოვნის გამომრიცხავ შედავებაში დაადასტურა მხარეთა შორის სახელშეკრულებო ურთიერთობის არსებობა, თუმცა, აღნიშნა, რომ მოსარჩელის მიერ მითითებული მიწოდებები, რიგ შემთხვევაში, საერთოდ დაუდასტურებელი იყო, ხოლო დანარჩენ შემთხვევებში - ვაგონების მიუღებლობის და მიწოდების ღირებულების ანაზღაურებაზე უარის თქმის ობიექტური, მოპასუხისაგან დამოუკიდებელი მიზეზები, არსებობდა, სახელდობრ: ა) 2010 წლის აპრილის მიწოდება არ არის დადასტურებული შესაბამისი სავაგონო უწყისით, რომელშიც გადაშლილი იქნებოდა მიუღებელი ვაგონები; ასევე არ არსებობს მიწოდების ანაზღაურების ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელი, ხელშეკრულებითვე გათვალისწინებული და ორივე მხარის მიერ ხელმოწერილი აქტი მომსახურების გაწევის შესახებ. გარდა ამისა, ეს მოთხოვნა ხანდაზმულია, რადგან მისი წარდგენის უფლების წარმოშობის შემდეგ გასულია 3 წელზე მეტი დრო; ბ) 2011 წლის ნოემბერ-დეკემბრის შესაძლო დავალიანების ანაზღაურებასთან დაკავშირებულ სარჩელზე საქართველოს საერთო სასამართლოებს არ გააჩნიათ საერთაშორისო კომპეტენცია, მოპასუხის ადგილსამყოფლისა (უკრაინის რეზიდენტი იურიდიული პირია) და ,,საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ” საქართველოს კანონის მე-8-მე-10 მუხლების გათვალისწინებით, რადგან ამ პერიოდში არ არსებობდა მხარეთა შორის წერილობითი ფორმით დადებული, ორმხრივი ხელშეკრულება. გარდა ამისა, ეს მოთხოვნაც დაუსაბუთებელია: არ არის წარმოდგენილი შესაბამისი, ორმხრივად დამოწმებული მტკიცებულებები ანაზღაურების ვალდებულების დასადასტურებლად. მოთხოვნა ხანდაზმულიცაა, რადგან მისი წარდგენის უფლების წარმოშობის შემდეგ გასულია 3 წელზე მეტი დრო; გ) 2013 წლის ივლისში მიწოდებული ვაგონი №-------- იყო ტექნიკურად გაუმართავი, რაც გამოვლინდა დერინჯეს პორტში (თურქეთში) და რაც დადასტურდა ექსპედიტორის მიერ სურათების გადაღებით; ამ ფაქტზე პასუხისმგებელი მთლიანად მოსარჩელეა და, ამიტომ, მიწოდების ღირებულების ანაზღაურების მოთხოვნა მას არ წარმოშობია; დ) რაც შეეხება 2013 წლის 4 და 9 ოქტომბერს, ასევე - 16 დეკემბერს ბორნებზე ვაგონების მიუღებლობას, აღნიშნული განპირობებული იყო შესაბამისი ბორნების (გემების) კაპიტნების ექსკლუზიური გადაწყვეტილებებით, იმის გამო, რომ მიწოდებული ვაგონები არ იყო შეტანილი გადაზიდვის გეგმაში, ანუ - მათ წინასწარ არ ეცნობათ მისაღები ვაგონების კონკრეტული ოდენობების შესახებ; თავის მხრივ, ასეთი გადაწყვეტილების მიღების უფლება, საერთაშორისო საზღვაო გადაზიდვების წესების საფუძველზე, გემის კაპიტნებს მინიჭებული აქვთ იმ მიზნით, რომ დაიცვან ხომალდი ზედმეტი წონისგან გამოწვეული საფრთხისაგან. ამას გარდა, არ დასტურდება, თუ რა ზიანი მიიღო ვაგონების მიუღებლობით რკინიგზამ. ამ მოთხოვნების განხილვაზეც საქართველოს საერთო სასამართლოებს არ გააჩნიათ საერთაშორისო კომპეტენცია, მოპასუხის ადგილსამყოფლისა და ,,საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ” საქართველოს კანონის მე-8-მე-10 მუხლების გათვალისწინებით, რადგან იმ დროს მოქმედი ხელშეკრულების 5.2-5.3 პუნქტების თანახმად, მხარეთა შორის დავა უნდა განიხილოს მოპასუხის ადგილსამყოფლის მიხედვით უკრაინის სასამართლომ, უკრაინისავე სამართლის გამოყენებით; გ) აღნიშნული გარემოებებიდან გამომდინარე, 2011 და 2013 წლებში განხორციელებულ მიწოდებებთან დაკავშირებით სასარჩელო მოთხოვნებზე უნდა შეწყდეს საქმის წარმოება, ხოლო 2010 წლის მიწოდებასთან დაკავშირებით სასარჩელო მოთხოვნა უარყოფილ იქნეს დაუსაბუთებლობისა და ხანდაზმულობის გამო.
5. ფოთის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 14 დეკემბრის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ: მოპასუხეს დაეკისრა 22 465.63 შვეიცარიული ფრანკის გადახდა მოსარჩელის სასარგებლოდ.
6. გადაწყვეტილება ორივე მხარემ გაასაჩივრა სააპელაციო წესით. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 06 მარტის გადაწყვეტილებით შეიცვალა ფოთის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება და სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ: მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 1 205.64 შვეიცარიული ფრანკი. შესაბამისად, გადანაწილდა მხარეთა შორის სასამართლო ხარჯები.
7. სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ მხარეთა შორის წარმოიშვა გადაზიდვის ხელშეკრულება [საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდეგში: სსკ-ის) 668-ე მუხლი], რომლის თანახმად, მხარეები ვალდებულნი იყვნენ (არიან) - შეთანხმებული საზღაურის გადახდის სანაცვლოდ, გადაიტანონ ტვირთები დანიშნულების ადგილზე (ფოთის/ბათუმის პორტის გავლით ვარნაში ან ილიჩევსკში ან დერინჯეში); ამასთან, რკინიგზა გადაზიდვას ახორციელებს ხმელეთზე, უ--------ი უზრუნველყოფს გადაზიდვას საზღვაო მონაკვეთზე.
8. მოპასუხემ სადავო გახადა 2010 წლის აპრილში, აგრეთვე, 2011 წლის ნოემბერ-დეკემბერში განხორციელებული მომსახურებები. იმავდროულად, მიუთითა 2010 წლის აპრილში განხორციელებული მომსახურებისა და 2011 წლის ნოემბერში გაწეული მომსახურების ანაზღაურების თაობაზე მოთხოვნების ხანდაზმულობაზე. ამასთან, მოპასუხემ 2013 წლის ივლისში №-------- ვაგონის მიწოდების ფაქტი არ უარყო, თუმცა, მომსახურების ანაზღაურებაზე (1 205.64 შვეიცარიული ფრანკი) უარი იმ მოტივით განაცხადა, რომ ვაგონი იყო ტექნიკურად გაუმართავი და ვერ მოხერხდა მისი დატვირთვა პორტ დერინჯეში. მოპასუხემ, პირველი ინსტანციის სასამართლოში წარდგენილი შესაგებლით, ასევე არ უარყო 2013 წლის ოქტომბერ-დეკემბერში განხორციელებული მიწოდებები, თუმცა, ვაგონების მიუღებლობაში საკუთარი ბრალი გამორიცხა, იმის გამო, რომ მოსარჩელემ წინასწარ არ შეათანხმა მოპასუხესთან გადაზიდვის გეგმა. სააპელაციო საჩივარში მოპასუხემ სადავო გახადა აგრეთვე 2013 წლის 16 დეკემბერს ვაგონების მიწოდების ფაქტიც (იხ: სააპელაციო საჩივრის მე-7 გვერდი, ტ.4,ს.ფ.127), თუმცა - მას, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში: სსსკ-ის) 380-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, არ მიუთითებია იმ საპატიო მიზეზზე, რამაც განაპირობა ამ ფაქტზე შედავების წარუდგენლობა საქალაქო სასამართლოში საქმის განხილვისას; შესაბამისად, სააპელაციო სასამართლომ უგულებელყო აღნიშნულ ფაქტზე მითითება.
9. სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ დავაში გამოსაკვლევი იყო შემდეგი ფაქტები: ა) მიაწოდა თუ არა მოსარჩელემ მოპასუხეს 2010 წლის აპრილში ვაგონები; დადებითი პასუხის შემთხვევაში, რა ღირებულების მომსახურება იყო გაწეული; წარუდგინა თუ არა მოსარჩელემ მოთხოვნა მოპასუხეს კანონით განსაზღვრული ხანდაზმულობის ვადაში, იმ უდავო ფაქტის გათვალისწინებით, რომ წინამდებარე სარჩელი აღიძრა (ფოსტას ჩაბარდა) 2014 წლის 28 ნოემბერს; ბ) მიაწოდა თუ არა მოსარჩელემ მოპასუხეს 2011 წლის ნოემბერ-დეკემბერში ვაგონები; დადებითი პასუხის შემთხვევაში, რა ღირებულების მომსახურება იყო გაწეული; წარუდგინა თუ არა რკინიგზამ მოთხოვნა მოპასუხეს კანონით განსაზღვრული ხანდაზმულობის ვადაში, სარჩელის აღძვრის მომენტის გათვალისწინებით; გ) იყო თუ არა 2013 წლის ივლისში მოსარჩელის მიერ მოპასუხისათვის მიწოდებული №---ვაგონი ტექნიკურად გაუმართავი; დ) 2013 წლის ოქტომბერში და დეკემბერში მიწოდებული ვაგონების მიუღებლობა ხომ არ უკავშირდებოდა იმ ფაქტს, რომ მოსარჩელემ წინასწარ არ შეათანხმა მოპასუხესთან მისაწოდებელი ვაგონების ოდენობა; ასევე, რა ოდენობის ზიანი მიიღო მოსარჩელემ ვაგონების მიუღებლობიდან გამომდინარე.
10. სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა მოპასუხის პოზიცია №- ვაგონის ექსპლუატაციის ვარგისიანობაზე მტკიცების ტვირთის მოსარჩელეზე გადატანის თაობაზე, რადგან სწორედ მოპასუხემ მიუთითა ვაგონის გაუმართაობის შესახებ და მას უნდა ემტკიცებინა მითითებული ფაქტის არსებობა.
11. იმავდროულად, სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა მოპასუხის მოსაზრება იმის შესახებ, რომ ვაგონების მიწოდების და მათი მიუღებლობის, აგრეთვე, გაწეული მომსახურების ღირებულების შესახებ მოსარჩელე ვალდებული იყო წარმოედგინა სპეციალური მტკიცებულებები: ა) სავაგონო უწყისები, დამოწმებული ორივე მხარის წარმომადგენელთა მიერ, სადაც მითითებული იქნებოდა ცალ-ცალკე ყველა მიწოდებული ვაგონის რეკვიზიტები, ასევე, გადახაზული იქნებოდა მიუღებელი ვაგონები; ბ) აქტი გაწეული მომსახურების შესახებ, ხელმოწერილი ორივე მხარის მიერ; ხოლო თუ ასეთი მტკიცებულება არ იარსებებდა, მოპასუხის მიერ ხელმოუწერლობის გამო, მაშინ მოსარჩელეს უნდა წარმოედგინა სხვა უტყუარი მტკიცებულება, რომელიც საშუალებას მისცემდა სააპელაციო სასამართლოს - განესაზღვრა გაწეული მომსახურების ღირებულება, მომსახურების ხასიათის, ხარისხისა და ტარიფის გათვალისწინებით; ბ) სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა საქალაქო სასამართლოს დასკვნა იმის შესახებ, რომ №-- ვაგონის ტექნიკურად გაუმართავობის გარემოება, სსსკ-ის 102-ე მუხლის მე-3 ნაწილის და 162-ე მუხლის 1-ლი ნაწილის შესაბამისად, უნდა დადგენილიყო სპეციალური ცოდნით აღჭურვილი პირის მიერ ვაგონზე ჩატარებული გამოკვლევის შედეგად მომზადებული ექსპერტიზის დასკვნის საფუძველზე; გ) მოსარჩელეს 2013 წლის ოქტომბერსა და დეკემბერში ვაგონების მიუღებლობაში საკუთარი ბრალის გამოსარიცხად, ამ გადაწყვეტილების 5.2.2 პუნქტის ,,დ” ქვეპუნქტში მითითებული წესების თანახმად, უნდა წარმოედგინა მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა, რომ მან მოპასუხეს წინასწარ აცნობა მისაწოდებელი ვაგონების ოდენობა და ამით უზრუნველყო მათი ბორნებით გადაზიდვის გეგმების შედგენა; ხოლო ვაგონების მიუღებლობის გამო, ზიანის ოდენობის დასადგენად - ზემოთ, ,,ა.ბ” ქვეპუნქტში მითითებული რომელიმე მტკიცებულება.
12. მოსარჩელემ, 2010 წლის აპრილში ვაგონების მიწოდების და გაწეული მომსახურების ღირებულების დასადგენად, წარმოადგინა შემდეგი მტკიცებულებები: ა) ვაგონების მიუღებლობის შესახებ 2010 წლის 11-14 აპრილის აქტი, რომლის თანახმად, ბორან ,,გ- ზე” არ იქნა მიღებული 20 ვაგონი; აქტი ხელმოწერილია მხოლოდ გადამცემი (რკინიგზის) მხარის მიერ; ბ) ფოთის რკინიგზის სადგურის თანამშრომლის მიერ შედგენილი ტელეგრამა №69, რომლის თანახმად, ბორან ,,გ- --ზე” მიუღებელი 20 ვაგონი უმოქმედოდ იყო გაჩერებული სადგურში; გ) რკინიგზის მიერვე შედგენილი ძირითადი საანგარიშო ნაერთი უწყებები, რომლის თანახმად, მომსახურების ღირებულება იყო საერთო ჯამში 3 434 შვეიცარიული ფრანკი; ეს უწყებები შედგენილია ბეჭდური ფორმით, ხელმოწერებისა და ბეჭდების (შტამპების) დასმის გარეშე;
13. მოპასუხემ მიუთითა ზემოთ აღნიშნულ მტკიცებულებათა არასრულყოფილებაზე და არასათანადოობაზე, რაც სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა. შესაბამისად, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ მოსარჩელემ ვერ დაამტკიცა, რომ 2010 წლის აპრილში უ--ს, ვაგონების მიწოდებით, გაუწია 3 434 შვეიცარიული ფრანკის ღირებულების მომსახურება.
14. მოსარჩელემ, 2011 წლის ნოემბერ-დეკემბერში ვაგონების მიწოდების და გაწეული მომსახურების ღირებულების დასადგენად, წარმოადგინა შემდეგი მტკიცებულებები: ა) მომსახურების გაწევის (სამუშაოს შესრულების) შესახებ 2012 წლის 2 მარტს შედგენილი აქტი, რომლის თანახმად, 2011 წლის 1 ივლისი-31 დეკემბრის პერიოდში მოპასუხეს გაეწია 101 452.63 შვეიცარიული ფრანკის მომსახურება (მათ შორის, ნოემბერ-დეკემბერში: 15 008.33 + 14 978.51 = 29 986.84), ხოლო თავად მოსარჩელეს ეკისრებოდა 23 961.34 შვეიცარიული ფრანკის გადახდა მოპასუხის სასარგებლოდ; საბოლოო ჯამში, ამ თანხების გაქვითვის შემდეგ, მოპასუხეს უნდა გადაეხადა 77 491.29 შვეიცარიული ფრანკი. ეს აქტი არ იყო ხელმოწერილი მხარეთა მიერ. ამდენად, ამ მტკიცებულებას მოპასუხის ვალდებულების ოდენობის განსასაზღვრად უტყუარი ძალა ვერ მიენიჭება; ბ) მოპასუხის მიერვე შედგენილი ძირითადი საანგარიშო ნაერთი უწყებები, რომლის თანახმად, მომსახურების ღირებულება იყო საერთო ჯამში 29 986.84 შვეიცარიული ფრანკი; ეს უწყებები შედგენილი იყო ბეჭდური ფორმით, ხელმოწერებისა და ბეჭდების (შტამპების) დასმის გარეშე.
15. მოპასუხემ კვლავ მიუთითა აღნიშნულ მტკიცებულებათა არასრულყოფილებასა და არასათანადოობაზე, რაც სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა და მიიჩნია, რომ მოსარჩელემ ვერც 2011 წლის ნოემბერ-დეკემბერში გაუწია მოპასუხეს 29 986.84 შვეიცარიული ფრანკის ღირებულების მომსახურება.
16. გარდა ამისა, მოპასუხემ წარმოადგინა მხარეთა მიერ ხელმოწერილი 2013 წლის 7 მაისის აქტი, რომლის თანახმად, 2011 წლის 1 ივლისიდან 2011 წლის 31 ოქტომბრის პერიოდში გაწეული მომსახურებისათვის, მოპასუხემ აღიარა რკინიგზისათვის 71 465.79 შვეიცარიული ფრანკის გადახდის ვალდებულება. ამ აქტით კი, ასევე გაქარწყლდა მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი 2012 წლის 2 მარტის აქტის მონაცემები. სახელდობრ, თუკი 2012 წლის 2 მარტის აქტის თანახმად, მოპასუხეს უნდა გადაეხადა 77 491.29 შვეიცარიული ფრანკი, 2013 წლის 7 მაისის აქტით დგინდებოდა, რომ მან აღიარა და გადაიხადა კიდეც 71 465.79 შვეიცარიული ფრანკი; ამ თანხებს შორის სხვაობა კი, არ შეადგენდა სარჩელით მოთხოვნილ 29 986.84 შვეიცარიულ ფრანკს.
17. მოპასუხემ 2013 წლის ივლისში მისთვის მიწოდებული №---- ვაგონის ტექნიკურად გაუმართავობის დასამტკიცებლად, წარმოადგინა შემდეგი მტკიცებულებები: ა) ელექტრონული მიმოწერა მასა და თურქულ კომპანიას (ექსპედიტორს) შორის, რომლითაც ექსპედიტორი ატყობინებდა ვაგონის გაუმართაობას; ბ) ფოტოსურათები, რომელზეც ასახულია ვაგონი, თუმცა, გაურკვეველი იყო წუნდების მიზეზი. სააპელაციო სასამართლომ ეს მტკიცებულებებიც არ მიიჩნია რელევანტურად. შესაბამისად, მოპასუხემ ვერ დაამტკიცა, რომ 2013 წლის ივლისში მისთვის მიწოდებული №--- ვაგონი იყო ტექნიკურად გაუმართავი. მოპასუხეს 2013 წლის ოქტომბერსა და დეკემბერში მიწოდებული ვაგონების მიუღებლობაში საკუთარი ბრალის გამოსარიცხად, აგრეთვე, ვაგონების მიუღებლობით მისთვის შესაძლო ზიანის ოდენობის განსაზღვრისათვის, არ წარმოუდგენია ამ გადაწყვეტილების 5.2.7 პუნქტის ,,გ” ქვეპუნქტში მითითებული მტკიცებულებები. სამაგიეროდ, უ--------მა წარმოადგინა ბორნების: ,,გ- --ის”, ,,- -ის” და ,,გ-- -ის” სატვირთო გეგმები, რომლებზეც აისახებოდა გარკვეული რაოდენობის ვაგონების განთავსების ზუსტი ადგილები ბორნების გემბანებზე, იმ გარემოების დასამტკიცებლად, რომ მისაწოდებელი ვაგონების ოდენობის წინასწარ შეუტყობინებლობის გამო ბორნებზე აღარ იყო დარჩენილი ყველა ვაგონის განსათავსებელი ადგილი.
18. აღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ 2013 წლის ოქტომბერსა და დეკემბერში მოპასუხისათვის მიწოდებული ვაგონების მიუღებლობა არ ყოფილა გამოწვეული უ----ის ბრალით. მოსარჩელემ ასევე ვერ დაამტკიცა, რომ ვაგონების მიუღებლობით მას მიადგა რაიმე ზიანი.
19. დადგენილ ფაქტობრივ გარემოებათა შეჯერებით სააპელაციო სასამართლომ დაასკვნა შემდეგი:
20. მოსარჩელემ ვერ დაამტკიცა სადგურ ფოთში 2010 წლის აპრილში მოპასუხისათვის ბორან ,,გ-- ზე” ასატვირთად ვაგონების მიწოდების ფაქტი. შესაბამისად, ამ მომსახურებისათვის 3 434 შვეიცარიული ფრანკის გადახდევინების თაობაზე სარჩელი უარყოფილი იქნა;
21. მოპასუხეს ხელშეკრულებით განსაზღვრული წესით, მომსახურების საზღაური უნდა გადაეხადა არაუგვიანეს 2010 წლის 25 მაისისა, შესაბამისად, მოთხოვნა, სსკ-ის 699-ე მუხლის თანახმად, წარდგეილი უნდა ყოფილიყო ამ მომენტიდან 3 წლის ვადაში, სარჩელი კი აღიძრა 2014 წლის 28 ნოემბერს, მითითებული ვადის დარღვევით; ამიტომ, ეს უფლება ხანდაზმულობის გამო იყო უარსაყოფი [სსკ-ის 144-ე მუხლი].;
22. მოსარჩელემ ვერ დაამტკიცა, რომ 2011 წლის ნოემბერ-დეკემბერში მოპასუხეს გაუწია 29 986.84 შვეიცარიული ფრანკის ღირებულების მომსახურება; შესაბამისად, სასარჩელო მოთხოვნა ამ თანხის გადახდევინების თაობაზე წარუმატებელი იყო, დაუსაბუთებლობის მოტივით;
23. მოსარჩელემ მოპასუხეს 2013 წლის ივლისში მიაწოდა №--- ვაგონი, ტექნიკურად გამართულ მდგომარეობაში, რომელიც მოპასუხემ მიიღო და ბორნის მეშვეობით გადაიტანა დერინჯეში (თურქეთი). ამდენად, ამ მომსახურების საფასურის - 1 205.64 შვეიცარიული ფრანკი, გადახდევინების თაობაზე სარჩელი დასაბუთებული იყო.
24. მოსარჩელის მიერ 2013 წლის ოქტომბერსა და დეკემბერში მოპასუხისათვის მიწოდებული ვაგონების მიუღებლობა გამოწვეული იყო თავად მოსარჩელისსავე ბრალით; ამდენად, მიწოდებული ვაგონების (შესრულების) მიუღებლობით გამოწვეულ შესაძლო ზიანზე, მოპასუხე პასუხს ვერ აგებდა. მით უმეტეს, რომ არც დამდგარი ზიანის ფაქტი დასტურდებოდა. აღნიშნულიდან გამომდინარე, სასარჩელო მოთხოვნები 10 062.28 შვეიცარიული ფრანკის და 11 197.71 შვეიცარიული ფრანკის გადახდევინების თაობაზე დაუსაბუთებელი იყო და დაკმაყოფილებას არ ექვემდებარეობოდა.
25. დავის სამართლებრივი მოწესრიგებისას სააპელაციო პალატამ მიუთითა შემდეგზე: ა) 1999 წლის 17 აპრილს დაიდო სამმხრივი საერთაშორისო, ჩარჩო შეთანხმება საქართველოს, უკრაინასა და ბულგარეთის სახელმწიფოებს შორის ,,ვარნის (ბულგარეთის რესპუბლიკა), ფოთი/ბათუმი (საქართველო) და ილიჩევსკის (უკრაინა) ნავსადგურებს შორის სარკინიგზო-საბორნე გადასასვლელის ერთობლივი ექსპლუატაციის შესახებ”, რომელიც ყოველი შემდგომი შეთანხმების თუ მითითებულ სახელმწიფოთა მიერ დანიშნულ საწარმოებს (იგულისხმებიან მოდავე მხარეები) შორის დადებული ხელშეკრულებების ძირითად წყაროს, საფუძველს წარმოადგენს. მის საფუძველზე გაფორმდა რამდენიმე საერთაშორისო სპეციალური შეთანხმებაც (მაგ: უკრაინასა და საქართველოს შორის პირდაპირ სარკინიგზო -საბორნე მიმოსვლაში სატვირთო ვაგონების ექსპლუატაციის, ნუმერირებული აღრიცხვის და მათი გამოყენებისათვის ანგარიშსწორების შეთანხმება; ილიჩევსკი - ბათუმი/ფოთი პირდაპირ საბორნე მიმოსვლაში დსთ-ს წევრი ქვეყნების, ლიტვის, ლატვიის და ესტონეთის რესპუბლიკების კუთვნილი სატვირთო ვაგონების ექსპლუატაციის და მათი გამოყენებისათვის ანგარიშსწორების წესები და სხვა); ბ) უშუალოდ მოდავე მხარეებს შორის 2007 წლის 27 აგვისტოს დაიდო ხელშეკრულება, რომლის საგანიც იყო პირდაპირ სარკინიგზო -საბორნე მიმოსვლაში - ფოთი/ბათუმი - ვარნა, ვარნა - ფოთი/ბათუმი, ფოთი/ბათუმი - ილიჩევსკი - სატვირთო ვაგონების გამოყენება; სხვა სიტყვებით, რკინიგზას უნდა მიეწოდებინა სატვირთო ვაგონები უ--------ისათვის ფოთის/ბათუმის პორტში, გემზე (ბორანზე) ასაგორებლად და ზემოთ მითითებული მიმართულებებით გასაგზავნად; მოპასუხე კი იხდიდა ამ მომსახურების საფასურს, ვაგონების საზღვაო მონაკვეთზე ყოფნის პერიოდისათვის. ამასთან, მხარეები შეთანხმდნენ გადახდის შემდეგ წესზე: ბ.ა) რკინიგზა აწარმოებდა საანგარიშსწორებო უწყისების ფორმირებას და საანგარიშსწორებო თვის მომდევნო თვის 15 რიცხვამდე უგზავნიდა მას უ--------ს; ბ.ბ.) უ--------ი, უწყისების მიღებიდან 10 დღის ვადაში, ამოწმებდა თანხების დარიცხვის სისწორეს; თუ არ გამოვლინდებოდა რაიმე უზუსტობა, მხარეები ადგენდნენ აქტს გაწეული მომსახურების შესახებ, რომელშიც აისახებოდა შეთანხმებული, ანაზღაურებას დაქვემდებარებული თანხა (იხ: ხელშეკრულება - ტ.2,ს.ფ.68-74; კერძოდ - მისი 2.2, 2.3 და 2.4 პუნქტები); გ) 2007 წლის 27 აგვისტოს ხელშეკრულების ვადა ამოიწურა 2010 წლის 31 დეკემბერს; 2011 წლის 1 იანვრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით პერიოდზე მხარეთა შორის წერილობითი ხელშეკრულება არ ყოფილა გაფორმებული და ისინი ურთიერთობას აგრძელებდნენ ზეპირი შეთანხმების საფუძველზე. ამასთან, ეს ურთიერთობა რეგულირდებოდა იმ საერთაშორისო შეთანხმებების (წესების) საფუძველზე, რომლებიც მითითებულიც იყო თუნდაც ზემოთ აღნიშნული ხელშეკრულების პრეამბულაში, კერძოდ: გ.ა) უკრაინასა და საქართველოს შორის პირდაპირ სარკინიგზო -საბორნე მიმოსვლაში სატვირთო ვაგონების ექსპლუატაციის, ნუმერირებული აღრიცხვის და მათი გამოყენებისათვის ანგარიშსწორების შეთანხმება, მასზე ანგარიშსწორების წესებითურთ; გ.ბ) ბულგარეთსა და საქართველოს შორის პირდაპირ სარკინიგზო -საბორნე მიმოსვლაში სატვირთო ვაგონების ექსპლუატაციის, ნუმერირებული აღრიცხვის და მათი გამოყენებისათვის ანგარიშსწორების შეთანხმება, მასზე ანგარიშსწორების წესებითურთ; გ.გ) სხვა ქვეყნის კუთვნილი სატვირთო ვაგონების გამოყენებისათვის ექსპლუატაციის, ნუმერირებული აღრიცხვის და ანგარიშსწორების წესები; დ),,უკრაინასა და საქართველოს შორის ილიჩევსკი ფოთი/ბათუმის პორტებიდან საერთაშორისო პირდაპირი სარკინიგზე-საბორნე მიმოსვლაში ტვირთების გადაზიდვის წესები”, რომელიც შემუშავებულია ზემოთ აღნიშნული სამთავრობოთაშორისო შეთანხმების მე-12 მუხლის საფუძველზე. ამ წესების მე-2 მუხლის 1.1 პუნქტის თანახმად, რკინიგზები და სანაოსნო კომპანიები ვალდებულნი არიან - განახორციელონ ტვირთების გადაზიდვა პირდაპირ სარკინიგზე-საბორნე მიმოსვლაში, თუ ტვირთები გათვალისწინებული არის გადაზიდვის გეგმაში; ხოლო მე-9 მუხლის მე-7 პუნქტის თანახმად, სანაოსნო კომპანიაზე ფორმირებული ვაგონების გადაცემა რკინიგზით ხორციელდება ბორანების მუშაობის განრიგის გათვალისწინებით; ე) უშუალოდ მოდავე მხარეებს შორის 2011 წლის 29 დეკემბერს დადებული ხელშეკრულება, რომლის საგანიც იყო იგივე, რაც 2007 წლის 27 აგვისტოს ხელშეკრულებისა, ოღონდ - მარშრუტს დაემატა კიდევ ერთი მიმართულება: ფოთი/ბათუმი - ქერჩი. ანგარიშსწორების წესიც დარჩა ანალოგიური.
26. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება 54680.83 შვეიცარული ფრანკის დაკისრებაზე უარის თქმის ნაწილში და ამ ნაწილში, ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება.
27. საკასაციო საჩივარი ეფუძნება შემდეგ მოსაზრებებს და პრეტენზიებს:
28. 2011 წლის ნოემბერ-დეკემბერში მოპასუხემ არ გადაიხადა მიღებული მომსახურების საფასური 29 986.84 შვ.ფრანკი. კასატორი მიუთითებს იმ გარემოებაზე, რომ 2011 წლის 1 იანვრიდან 2012 წლის პირველ იანვრამდე მხარეები თანამშრომლობდნენ ორმხრივი ხელშეკრულების გარეშე. მოპასუხე მხარის მიერ წარმოდგენილია 2013 წლის 7 მაისს შედგენილი მომსახურების გაწევის შესახებ აქტი, რომლის მიხედვითაც მოსარჩელემ მოპასუხეს სატვირთო ვაგონებით სარგებლობასთან დაკავშირებით გაუწია მომსახურება 2011 წლის 1 ივლისიდან 2011 წლის 30 ოქტომბრის ჩათლით, რაშიც გადახდილ იქნა კიდევაც მომსახურების ღირებულება 71, 465 შეიცარული ფრანკის და 79 სანტიმის ოდენობით. შესაბამისად თვით მოწინააღმდეგე მხარის მიერ აღიარებულია ის ფაქტობრივი გარემოება, რომ იგი მოსარჩელესთან დროის ამ მონაკვეთში იმყოფებოდა სახელშეკრულებო ურთიერთობაში. შესაბამისად, ხელშეკრულების წერილობითი ფორმის არ არსებობა არანაირად არ გამორიცხავდა მხარეთა შორის ურთიერთობის ფაქტს (მომსახურების გაწევას). ის ფაქტი, რომ მოსარჩელე მხარე 2011 წლის ნოემბრისა და დეკემბრის თვის ჩათვლით მოპასუხე მხარეს უწევდა ანალოგიური ხასიათის მომსახურებას ანუ მათ შორის გრძელდებოდა სახელშეკრულებო უერთიერთობა ასევე დასტურდება საქმეში წამოდგენილი 2011 წლის 29 დეკემბრის ხელშეკრულებით რომლის მე-2 მუხლში მითითებულია ანგარიშწორების წესები (ანალოგიური წესები მითითებულია 2004 წლის ივლისის ხელშეკრულებაში.) კერძოდ საანგარიშო ნაერთი უწყისები. ასევე სამოქალაქო საქმეში წარმოგიდგენილია 2011 წლის 8 დეკემბრისა და 2012 წლის 5 იანვარს მოპასუხეზე მხარეზე გაგზავნილი წერილები, რითაც მოსარჩელე ითხოვდა მოპასუხისგან მის საბანკო ანგარიშზე გაწეული მომსახურების ღირებულების 29 986, 84 შვ, ფრანკის ანაზღაურებას. რადგანაც მოხსენიებული ხელშეკრულების ასევე მანამდე არსებულ ხელშეკრულების ანგარიშწორების პირობებში ნათლად არის აღნიშნული, რომ მოსარჩელე აფორმებდა საანგარიშე და ნაერთ უწყისებს და მოპასუხეს უგზავნიდა საანგარიშსწორებო თვის მომდევნო თვის 15 რიცხვში. ვინაიდან, მოწინააღმდეგე მხარეს ამ წესების მიხედვით ვალდებულება თანხის გადახდაზე წარმოეშობოდა წერილის მიღებიდან 10 სამუშაო დღის მანძილზე.
29. კასატორის მოსაზრებით, სააპელაციო სასამართლომ არასწორად შეაფასა ფაქტობრივი გარემოებების და დავის განხილვისას გამოიყენა სსკ-ის 677-ე 668-ე და 701-ე მუხლები, მაშინ როდესაც მხარეთა შორის მოცემულ საქმეზე არსებული ურთიერთობა იურიდიულად არ რეგულირდება სამოქალაქო კოდექსის ნორმებით და სადაო ურთიერთობისას გამოყენებული უნდა ყოფილიყო ბულგარეთის და საქართველოს შორის სამმხრივი ხელშეკრულების საფუძველზე მიღებული „საქართველოს და უკრაინას შორის პორტების ილიჩევსკი-ფოთი-ბათუმი გავლით საერთაშორისო პირდაპირი სარკინიგზო-საზღვაო შეტყობინებაში ვაგონებში ტვირთის გადაზიდვის წესები, ვინაიდან სამოქალაქო დავა არ დამომდინარეობს გადაზიდვის ხელშეკერულებიდან, არამედ როგორც ზემოთ აღვნიშნეთ მომსახურების გაწევის შესახებ ხელშეკრულებიდან.
30. კასატორის მოსაზრებით, სასამართლომ არასწორად მიიჩნია უდაოდ ის გარემოება, რომ 2010 წლის აპრილის თვეში, სადგურ ფოთში ადგილი ჰქონდა ბორან ,,გ----------–--იზე" მოსარჩელის მიერ მიწოდებული ვაგონების მიუღებლობის ფაქტს, რაზედაც ფოთის სადგურის წარმომადგენლების მიერ შედგენილ იქნა აქტი, რომელიც დადასტურებულია ხელმოწერითა და ბეჭდით. აღნიშნულთან დაკავშირებით გაფორმდა შესაბამისი უწყისები ვაგონების მიუღებლობაზე, საერთო თანხით 3 434.00 შვეიცარული ფრანკი. სასამართლომ არასწორად არ მიიჩნია დადგენილად ის გარემოება, რომ მოსარჩელესა და დახურულ სააქციო საზოგადოება, სანაოსნო კომპანია ,,უ ---"-ს შორის 2004 წლის 1 ივნისს გაფორმებულ ხელშეკრულებას, სატვირთო ვაგონებით სარგებლობისა და ურთიერთანგარიშსწორების შესახებ, მოქმედების ვადა ამოეწურა 2010 წლის 31 დეკემბერს. ახალი ხელშეკრულების გაფორმება, გარკვეული საკითხების, იუსტიციის სამინისტროსთან შეთანხმების მიზნით მოითხოვდა შესაბამის დროს. მიუხედავად ამისა, სატვირთო ვაგონებით მომსახურების გაწევა, მოსარჩელის მხრიდან, სანაოსნო კომპანია ,,უ- --ისათვის" მთელი 2011 წლის განმავლობაში გრძელდებოდა. მხარეებს შორის შეხვედრის შედეგად მიღწეულ იქნა სიტყვიერი შეთანხმება, რომლის თანახმად, მოპასუხემ ნაწილობრივ დაფარა დავალიანება და მოსარჩელეს გადაუხადა 71 465.79 შვ. ფრანკი. გადაუხდელი დარჩა მოსარჩელის მხრიდან ვაგონებით გაწეული მომსახურების ღირებულება, რომელიც მოიცავს 2011 წლის ნოემბერ-დეკემბრის პერიოდს. რაც შეეხება გადაწყვეტილების 3.5.4. პუნქტში მითითებულ 2013 წლის 7 მაისის აქტს, ის შეთანხმება და გადახდილი თანხა მოიცავს 2011 წლის 1 ივლისიდან 2011 წლის 31 ოქტომბრის პერიოდში გაწეული მომსახურების საფასურის გადახდას და არა 2011 წლის ნოემბერ-დეკემბრის პერიოდში მოსარჩელის მხრიდან გაწეული მომსახურების თანხის გადახდას, რომელიც შეადგენს 29 986.84 შვ. ფრანკს.
31. კასატორის მოსაზრებით, დაუდგენელია ის გარემოება, რომ 2013 წლის 4 ოქტომბერში ფოთის პორტში, ბორან ,,გ-–--ი"-ზე მოსარჩელემ მოპასუხეს მიაწოდა 41 ვაგონი, რომელთაგან 9 ვაგონი ბორან ,,გ–--მა" არ მიიღო დაუსაბუთებლობის გამო. ასევე, 2013 წლის 9 ოქტომბერში ფოთის პორტში, ბორან ,,- -ი"-ს მიერ დაუსაბუთებლად არ იქნა მიღებული 36 ვაგონი. ორივე შემთხვევაში მოსარჩელემ გაწია ხარჯები, როგორც სამანევრო სამუშაოებზე, ასევე ვაგონების მესაკუთრე სარკინიგზო ადმინისტრაციებისთვის ვაგონების გამოყენების თანხების ანაზღაურებაზე. დარიცხულმა და სანაოსნო კომპანია ,,უ--------ი"-სათვის გადასახდელად წარდგენილმა თანხამ შეადგინა 10 062.28 შვ. ფრანკი. 2013 წლის 16 დეკემბერს, ზემოაღნიშნულის მსგავსად, ადგილი ჰქონდა ფოთის პორტში, ბორან ,,გ- --ის" მიერ დაუსაბუთებლად 23 ვაგონის არმიღების ფაქტს, რაზედაც სანაოსნო კომპანია ,,უ- --ი"-ს დაერიცხა 11 197.71 შვ. ფრანკი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
32. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 24 მაისის განჩინებით საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სსსკ-ის 396-ე მუხლით და 391-ე მუხლის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად.
33. საკასაციო საჩივრით სადავოა 54680.83 შვეიცარული ფრანკის დაკისრებაზე უარის თქმის ნაწილში გასაჩივრებული გადაწყვეტილება და წარმოდგენილია საკასაციო პრეტენზია, როგორც ფაქტობრივი ისე, სამართლებრივი კუთხით. ფაქტის ნაწილში სადავოა 54680.83 შვეიცარული ფრანკის ღირებულების მომსახურების ჯეროვანი გაწევა და მისი ანაზღაურების ვალდებულების არსებობა, ხოლო სამართლის ნაწილში, კასატორს მიაჩნია, რომ დავის სამართლებრივი მოწესრიგება უმართებულოა სსკ-ით დადგენილი წესით. იმავდროულად, კასატორი სადავოდ ხდის მხარეთა შორის წარმოშობილი დავის გადაზიდვის სამართალურთიერთობად კვალიფიცირებას და აღნიშნავს, რომ სახეზეა მომსახურების გაწევის შესახებ ხელშეკრულება.
34. საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც, მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად. მოცემულ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებით დადგენილია ფაქტობრივი გარემოება იმის თაობაზე, რომ გაწეული მომსახურების ღირებულების შესახებ მოსარჩელე ვალდებული იყო წარმოედგინა სპეციალური მტკიცებულებები: ა) სავაგონო უწყისები, დამოწმებული ორივე მხარის წარმომადგენელთა მიერ, სადაც მითითებული იქნებოდა ცალ-ცალკე ყველა მიწოდებული ვაგონის რეკვიზიტები, ასევე, გადახაზული იქნებოდა მიუღებელი ვაგონები; ბ) აქტი გაწეული მომსახურების შესახებ, ხელმოწერილი ორივე მხარის მიერ; ხოლო თუ ასეთი მტკიცებულება არ იარსებებდა, მოპასუხის მიერ ხელმოუწერლობის გამო, მაშინ სხვა იმგვარი მტკიცებულება, რომლის საშუალებითაც დადასტურდებოდა გაწეული მომსახურებისა და მისი ღირებულების ფაქტი; გ) საგულისხმოა, რომ №-------- ვაგონის ტექნიკურად გაუმართავობის გარემოება, სსსკ-ის 102-ე მუხლის მე-3 ნაწილის და 162-ე მუხლის 1-ლი ნაწილის შესაბამისად, უნდა დადგენილიყო სპეციალური ცოდნით აღჭურვილი პირის მიერ ვაგონზე ჩატარებული გამოკვლევის შედეგად მომზადებული ექსპერტიზის დასკვნის საფუძველზე; დ) მოსარჩელეს 2013 წლის ოქტომბერსა და დეკემბერში ვაგონების მიუღებლობაში საკუთარი ბრალის გამოსარიცხად, ამ გადაწყვეტილების 5.2.2 პუნქტის ,,დ” ქვეპუნქტში მითითებული წესების თანახმად, უნდა წარმოედგინა მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა, რომ მან მოპასუხეს წინასწარ აცნობა მისაწოდებელი ვაგონების ოდენობა და ამით უზრუნველყო მათი ბორნებით გადაზიდვის გეგმების შედგენა; ხოლო ვაგონების მიუღებლობის გამო, ზიანის ოდენობის დასადგენად - ზემოთ, ,,ა.ბ” ქვეპუნქტში მითითებული რომელიმე მტკიცებულება.
35. დადგენილია, რომ 2010 წლის აპრილში ვაგონების მიწოდების და გაწეული მომსახურების ღირებულების დასადგენად, მოსარჩელემ წარმოადგინა შემდეგი მტკიცებულებები: ა) ვაგონების მიუღებლობის შესახებ 2010 წლის 11-14 აპრილის აქტი, რომლის თანახმად, ბორან ,,გ----------–--ზე” არ იქნა მიღებული 20 ვაგონი; აქტი ხელმოწერილია მხოლოდ გადამცემი (რკინიგზის) მხარის მიერ; ბ) ფოთის რკინიგზის სადგურის თანამშრომლის მიერ შედგენილი ტელეგრამა №69, რომლის თანახმად, ბორან ,,გ----------–--ზე” მიუღებელი 20 ვაგონი უმოქმედოდ იყო გაჩერებული სადგურში; გ) რკინიგზის მიერვე შედგენილი ძირითადი საანგარიშო ნაერთი უწყებები, რომლის თანახმად, მომსახურების ღირებულება იყო საერთო ჯამში 3 434 შვეიცარიული ფრანკი; ეს უწყებები შედგენილია ბეჭდური ფორმით, ხელმოწერებისა და ბეჭდების (შტამპების) დასმის გარეშე. საკასაციო პალატა იზიარებს წარმოდგენილ მტკიცებულებათა მიერ სადავო ფაქტობრივ გარემოებათა დასადგენად იურიდიული ძალის არასაკმარისობის შესახებ (უტყარობა და სარწმუნოობა) სააპელაციო სასამართლოს დასკვნას [სსსკ-ის 105-ე მუხლი] და მიაჩნია, რომ ამ ნაწილში, დასაბუთუბული საკასაციო შედავება წარმოდგენილი არ არის. შესაბამისად, 2010 წლის აპრილში 3 434 შვეიცარიული ფრანკის ღირებულების მომსახურების ღირებულების ანაზღაურებას ვარგისი ფაქტობრივსამარღთლებრივი საფუძველი არ გააჩნია.
36. საკასაციო საჩივრით შედავებულია აგრეთვე 2011 წლის ნოემბერ-დეკემბერში ვაგონების მიწოდება და გაწეული მომსახურების ღირებულების გადაუხდელობა. კასატორის მითითებით, 2011 წლის 1 იანვრიდან 2012 წლის პირველ იანვრამდე მხარეები თანამშრომლობდნენ ორმხრივი ხელშეკრულების გარეშე. მოპასუხე მხარის მიერ წარმოდგენილია 2013 წლის 7 მაისს შედგენილი მომსახურების გაწევის შესახებ აქტი, რომლის მიხედვითაც მოსარჩელემ მოპასუხეს სატვირთო ვაგონებით სარგებლობასთან დაკავშირებით გაუწია მომსახურება 2011 წლის 1 ივლისიდან 2011 წლის 30 ოქტომბრის ჩათლით, რაშიც გადახდილ იქნა კიდევაც მომსახურების ღირებულება 71, 465 შეიცარული ფრანკის და 79 სანტიმის ოდენობით. შესაბამისად თვით მოწინააღმდეგე მხარის მიერ აღიარებულია ის ფაქტობრივი გარემოება, რომ იგი მოსარჩელესთან დროის ამ მონაკვეთში იმყოფებოდა სახელშეკრულებო ურთიერთობაში. შესაბამისად, ხელშეკრულების წერილობითი ფორმის არ არსებობა არანაირად არ გამორიცხავდა მხარეთა შორის ურთიერთობის ფაქტს (მომსახურების გაწევას) (იხ., საკასაციო საჩივარი). საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ 2011 წლის ნოემბერ-დეკემბერში გაწეული მომსახურების ღირებულების ანაზღაურებას (29 986.84 შვეიცარიული ფრანკი) ვარგისი ფაქტობრივ-სამართლებრივი საფუძველი არ გააჩნია. საგულისხმოა, რომ ამ ნაწილში, სარჩელის უარსაყოფად მოპასუხემ წარმოადგინა მხარეთა მიერ ხელმოწერილი 2013 წლის 7 მაისის აქტი, რომლის თანახმად, 2011 წლის 1 ივლისიდან 2011 წლის 31 ოქტომბრის პერიოდში გაწეული მომსახურებისათვის, მოპასუხემ აღიარა რკინიგზისათვის 71 465.79 შვეიცარიული ფრანკის გადახდის ვალდებულება. ამ აქტით კი, ასევე გაქარწყლდა მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი 2012 წლის 2 მარტის აქტის მონაცემები. სახელდობრ, თუკი 2012 წლის 2 მარტის აქტის თანახმად, მოპასუხეს უნდა გადაეხადა 77 491.29 შვეიცარიული ფრანკი, 2013 წლის 7 მაისის აქტით დგინდებოდა, რომ მან აღიარა და გადაიხადა კიდეც 71 465.79 შვეიცარიული ფრანკი; ამ თანხებს შორის სხვაობა კი, არ შეადგენდა სარჩელით მოთხოვნილ 29 986.84 შვეიცარიულ ფრანკს.
37. კასატორის მოსაზრებით, დაუდგენელია ის გარემოება, რომ 2013 წლის 4 ოქტომბერს ფოთის პორტში, ბორან ,,გ- --ი"-ზე მოსარჩელემ მოპასუხეს მიაწოდა 41 ვაგონი, რომელთაგან 9 ვაგონი ბორან ,,გ- --მა" არ მიიღო დაუსაბუთებლობის გამო. ასევე, 2013 წლის 9 ოქტომბერს ფოთის პორტში, ბორან ,,- -ი"-ს მიერ დაუსაბუთებლად არ იქნა მიღებული 36 ვაგონი. საქმის მასალებით დადგენილია, რომ 2013 წლის ოქტომბერსა და დეკემბერში მოპასუხისათვის მიწოდებული ვაგონების მიუღებლობა გამოწვეული იყო თავად მოსარჩელისსავე ბრალით; ამდენად, მიწოდებული ვაგონების (შესრულების) მიუღებლობით გამოწვეულ შესაძლო ზიანზე, მოპასუხე პასუხს ვერ აგებდა. მით უმეტეს, რომ არც დამდგარი ზიანის ფაქტი დასტურდებოდა. აგრეთვე, სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ სადგურ ფოთში 2010 წლის აპრილში მოპასუხისათვის ბორან ,,გ- --ზე” ასატვირთად ვაგონების მიწოდების ფაქტი არ დადასტურდა. შესაბამისად, ამ მომსახურებისათვის 3 434 შვეიცარიული ფრანკის გადახდევინების თაობაზე სარჩელი უარყოფილი იქნა.
38. რაც შეეხება კასატორის მიერ წარმოდგენილ შედავებას სამართლებრივი კვალიფიკაციის ნაწილში, საკასაციო პალატის მოსაზრებით, არც აღნიშნულ პრეტენზიას გააჩნია ვარგისი სამართლებრივი საფუძველი. საკასაციო პალატა იზიარებს მხარეთა შორის წარმოშობილი დავის სამართლებრივ კვალიფიკაციას და მიაჩნია, რომ დავის მოსაწესრიგებლად სააპელაციო პალატა მართებულად დაეყრდნო: ა) 1999 წლის 17 აპრილს დადებულ სამმხრივ საერთაშორისო, ჩარჩო შეთანხმებას საქართველოს, უკრაინასა და ბულგარეთის სახელმწიფოებს შორის ,,ვარნის (ბულგარეთის რესპუბლიკა), ფოთი/ბათუმი (საქართველო) და ილიჩევსკის (უკრაინა) ნავსადგურებს შორის სარკინიგზო-საბორნე გადასასვლელის ერთობლივი ექსპლუატაციის შესახებ”; ამ შეთანხმების საფუძველზე გაფორმებულ რამდენიმე საერთაშორისო სპეციალურ შეთანხმებას (მაგ: უკრაინასა და საქართველოს შორის პირდაპირ სარკინიგზო -საბორნე მიმოსვლაში სატვირთო ვაგონების ექსპლუატაციის, ნუმერირებული აღრიცხვის და მათი გამოყენებისათვის ანგარიშსწორების შეთანხმება; ილიჩევსკი - ბათუმი/ფოთი პირდაპირ საბორნე მიმოსვლაში დსთ-ს წევრი ქვეყნების, ლიტვის, ლატვიის და ესტონეთის რესპუბლიკების კუთვნილი სატვირთო ვაგონების ექსპლუატაციის და მათი გამოყენებისათვის ანგარიშსწორების წესები და სხვა); ბ) უშუალოდ მოდავე მხარეებს შორის 2007 წლის 27 აგვისტოს ხელშეკრულებას, რომლის საგანს წარმოადგენდა პირდაპირ სარკინიგზო -საბორნე მიმოსვლაში - ფოთი/ბათუმი - ვარნა, ვარნა - ფოთი/ბათუმი, ფოთი/ბათუმი - ილიჩევსკი - სატვირთო ვაგონების გამოყენება. სწორედ ამ ხელშეკრულების საფუძველზე იქნა დადგენილი, რომ მოსარჩელეს უნდა მიეწოდებინა სატვირთო ვაგონები მოპასუხისათვის ფოთის/ბათუმის პორტში, გემზე (ბორანზე) ასაგორებლად და ზემოთ მითითებული მიმართულებებით გასაგზავნად; მოპასუხე კი, იხდიდა ამ მომსახურების საფასურს, ვაგონების საზღვაო მონაკვეთზე ყოფნის პერიოდისათვის. შეთანხმებული იქნა გადახდის წესიც, სახელდობრ: ა) მოსარჩელე აწარმოებდა საანგარიშსწორებო უწყისების ფორმირებას და საანგარიშსწორებო თვის მომდევნო თვის 15 რიცხვამდე უგზავნიდა მას მოპასუხეს; ბ.) მოპასუხე უწყისების მიღებიდან 10 დღის ვადაში, ამოწმებდა თანხების დარიცხვის სისწორეს; თუ არ გამოვლინდებოდა რაიმე უზუსტობა, მხარეები ადგენდნენ აქტს გაწეული მომსახურების შესახებ, რომელშიც აისახებოდა შეთანხმებული, ანაზღაურებას დაქვემდებარებული თანხა; გ) 2007 წლის 27 აგვისტოს ხელშეკრულების ვადა ამოიწურა 2010 წლის 31 დეკემბერს; 2011 წლის 1 იანვრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით პერიოდზე მხარეთა შორის წერილობითი ხელშეკრულება არ გაფორმებულა და მაშასადამე, ამ პერიოდიდან მათ შორის ურთიერთობა რეგულირდებოდა იმ საერთაშორისო შეთანხმებების (წესების) საფუძველზე, რომლებიც მითითებულიც იყო თუნდაც ზემოთ აღნიშნული ხელშეკრულების პრეამბულაში, კერძოდ: ა) უკრაინასა და საქართველოს შორის პირდაპირ სარკინიგზო -საბორნე მიმოსვლაში სატვირთო ვაგონების ექსპლუატაციის, ნუმერირებული აღრიცხვის და მათი გამოყენებისათვის ანგარიშსწორების შეთანხმება, მასზე ანგარიშსწორების წესებითურთ; ბ) ბულგარეთსა და საქართველოს შორის პირდაპირ სარკინიგზო -საბორნე მიმოსვლაში სატვირთო ვაგონების ექსპლუატაციის, ნუმერირებული აღრიცხვის და მათი გამოყენებისათვის ანგარიშსწორების შეთანხმება, მასზე ანგარიშსწორების წესებითურთ; გ) სხვა ქვეყნის კუთვნილი სატვირთო ვაგონების გამოყენებისათვის ექსპლუატაციის, ნუმერირებული აღრიცხვის და ანგარიშსწორების წესები; დ),,უკრაინასა და საქართველოს შორის ილიჩევსკი ფოთი/ბათუმის პორტებიდან საერთაშორისო პირდაპირი სარკინიგზე-საბორნე მიმოსვლაში ტვირთების გადაზიდვის წესები”, რომელიც შემუშავებულია ზემოთ აღნიშნული სამთავრობოთაშორისო შეთანხმების მე-12 მუხლის საფუძველზე. ამ წესების მე-2 მუხლის 1.1 პუნქტის თანახმად, რკინიგზები და სანაოსნო კომპანიები ვალდებულნი არიან - განახორციელონ ტვირთების გადაზიდვა პირდაპირ სარკინიგზე-საბორნე მიმოსვლაში, თუ ტვირთები გათვალისწინებული არის გადაზიდვის გეგმაში; ხოლო მე-9 მუხლის მე-7 პუნქტის თანახმად, სანაოსნო კომპანიაზე ფორმირებული ვაგონების გადაცემა რკინიგზით ხორციელდება ბორანების მუშაობის განრიგის გათვალისწინებით; ე) უშუალოდ მხარეებს შორის 2011 წლის 29 დეკემბერს დადებული ხელშეკრულებით, რომლის საგანიც იდენტური იყო რა 2007 წლის 27 აგვისტოს ხელშეკრულებისა, გარდა იმისა, რომ მარშრუტს დაემატა კიდევ ერთი მიმართულება: ფოთი/ბათუმი - ქერჩი. ანგარიშსწორების წესიც დარჩა ანალოგიური.
39. ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში, არ იკვეთება საკასაციო საჩივრის დასაშვებობის სსსკ-ის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული რომელიმე საფუძვლის არსებობა, ვინაიდან ნორმის დანაწესით საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. როგორც საქმის მასალებით ირკვევა, სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით, ვინაიდან სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან, არც დასაბუთებული პოზიციაა წარმოდგენილი ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციათან ანდა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალთან წინააღმდეგობის საფუძვლით.
40. ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისითაც. ვინაიდან გადაზიდვის სამართალურთიერთობებთან დაკავშირებით არსებობს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა.
41. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი დაუშვას საკასაციო საჩივარი, რის გამოც, საკასაციო საჩივარს უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
42. სსსკ-ის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. სს „ს--ის“ საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;
2. კასატორ სს „ს----ას“ უკან დაუბრუნდეს 2017 წლის 26 აპრილს საგადახდო დავალება N1324 გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან (6622.14 ლარი) 4635.49 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 3 0077 3150.
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ზ. ძლიერიშვილი
მოსამართლეები: პ. ქათამაძე
ბ. ალავიძე