Facebook Twitter

№330210014548582

საქმე №ას-690-644-2017 31 ივლისი, 2017 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ზურაბ ძლიერიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

პაატა ქათამაძე, ბესარიონ ალავიძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი – სს „ს-ა“ (მოსარჩელე, აპელანტი)

მოწინააღმდეგე მხარე - შპს „მ-ი“ (მოპასუხე, მოწინააღმდეგე მხარე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 23 მარტის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილება

დავის საგანი – ნაკლის გამოსწორება, ნაკლის გამოსასწორებლად გაწეული ხარჯის ანაზღაურება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. 2009 წლის 06 მაისს, სს „ს-ას“ (შემდეგში: მოსარჩელე ან კასატორი) და შპს „რ-ას“ (შემდეგში: კერძო კომპანია) შორის გაფორმდა ხელშეკრულება (შემდეგში: ხელშეკრულება). აღნიშნული ხელშეკრულების საფუძველზე, კერძო კომპანიამ იკისრა ვალდებულება შემკვეთისთვის დაემზადებინა 18 400 ერთეული რკინაბეტონის განძელი. თავის მხრივ, მოსარჩელე ვალდებული იყო გადაეხადა შესრულებული სამუშაოს ღირებულება - 2 478 848 ლარი.

2. ხელშეკრულების სპეციფიკური პირობების 4.1 პუნქტის მიხედვით, საქონელი შემსყიდველის მიერ მიღებულად, ხოლო მიმწოდებლის მიერ გადაცემულად ითვლება მიღება- ჩაბარების აქტის გაფორმების შედეგად, რომელიც შედგება და დადასტურდება შემსყიდველისა და მიმწოდებლის მიერ საამისოდ უფლებამოსილი წარმომადგენლების ხელმოწერებით, ფაქტიურად მიწოდებული საქონლის შესაბამისად.

3. ხელშეკრულების სპეციფიკური პირობების 5.1. პუნქტის თანახმად, მიმწოდებელი იძლევა გარანტიას, რომ მის მიერ მიწოდებული შეესაბამება ხელშეკრულების მოთხოვნებს და ხარისხის დამადასტურებელ დოკუმენტს. ამავე ხელშეკრულების 5.2. პუნქტის მიხედვით, მიმწოდებელი იღებს ვალდებულებას საკუთარი ხარჯებით აღმოფხვრას მიწოდებული საქონლის უხარისხობით გამოწვეული ზარალი. ამავე მუხლის 5.3. პუნქტის თანახმად, შემსყიდველი უფლებამოსილია წარადგინოს პრეტენზია ხარისხისა და რაოდენობის თაობაზე. მიმწოდებელი ვალდებულია დააკმაყოფილოს წარდგენილი პრეტენზია და ჩაანაცვლოს დეფექტური საქონელი ახლით საკუთარი სახსრებით.

4. 2009 წლის 13 მაისს, მოსარჩელესა და კერძო პირს შორის გაფორმდა 448 ერთეული განძელის მიღება-ჩაბარების აქტი. 2009 წლის 14 მაისს გაფორმდა 448 ერთეული განძელის მიღება-ჩაბარების აქტი. 2009 წლის 15 მაისს 416 ერთეული განძელის მიღება-ჩაბარების აქტი. 2009 წლის 22 ივნისს 672 ერთეული განძელის მიღება-ჩაბარების აქტი. 2009 წლის 23 ივნისს 448 ერთეული განძელის მიღება-ჩაბარების აქტი. 2009 წლის 24 ივნისს გაფორმდა 448 ერთეული განძელის მიღება-ჩაბარების აქტი. 2009 წლის 25 ივნისს გაფორმდა 448 ერთეული განძელის მიღება-ჩაბარების აქტი. 2009 წლის 29 ივნისს გაფორმდა 448 ერთეული განძელის მიღება-ჩაბარების აქტი. 2009 წლის 06 ივლისს გაფორმდა 448 ერთეული განძელის მიღება-ჩაბარების აქტი. 2009 წლის 28 ივლისს გაფორმდა 448 ერთეული განძელის მიღება-ჩაბარების აქტი. 2009 წლის 29 ივლისს გაფორმდა 448 ერთეული განძელის მიღება-ჩაბარების აქტი. 2009 წლის 30 ივლისს გაფორმდა 1 120 ერთეული განძელის მიღება-ჩაბარების აქტი. 2009 წლის 01 სექტემბერს გაფორმდა 448 ერთეული განძელის მიღება-ჩაბარების აქტი. 2009 წლის 02 სექტემბერს გაფორმდა 224 ერთეული განძელის მიღება-ჩაბარების აქტი. 2009 წლის 11 სექტემბერს გაფორმდა 448 ერთეული განძელის მიღება-ჩაბარების აქტი. 2009 წლის 15 სექტემბერს გაფორმდა 896 ერთეული განძელის მიღება-ჩაბარების აქტი. 2009 წლის 23 სექტემბერს გაფორმდა 672 ერთეული განძელის მიღება-ჩაბარების აქტი. 2009 წლის 24 სექტემბერს გაფორმდა 672 ერთეული განძელის მიღება-ჩაბარების აქტი. 2009 წლის 25 სექტემბერს გაფორმდა 560 განძელის მიღება-ჩაბარების აქტი.

5. სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2014 წლის 08 აპრილის ექსპერტიზის დასკვნით გორი-სკრის გადასარბენ მონაკვეთზე შპალები დაზიანებულია თითქმის ყველა პიკეტში მეტნაკლები რაოდენობით. მთლიანად ამ მონაკვეთში დაზიანებული და შესაბამისად გამოსაცვლელი შპალების რაოდენობა შეადგენს 2 177 შპალს.

6. კერძო კომპანია შეერწყა შპს „მ-ს“ (შემდეგში: მოპასუხე ან მოწინააღმდეგე მხარე), რის გამოც, მოპასუხე არის კერძო კომპანიის სამართალმემკვიდრე.

7. მოსარჩელემ სარჩელი აღძრა მოპასუხის წინააღმდეგ, 1777 ერთეული დაზიანებული განძელის ახლით შეცვლის და 144675 ლარის გადახდის დაკისრების მოთხოვნით. მოსარჩელის განმარტებით, მოპასუხის მიერ დამზადებული 2 177 ერთეული განძელი იყო ნაკლის მქონე. ნაკლიანი ნივთების ნაწილი, კერძოდ, 584 ერთეული განძელი შეცვლილი იქნა თავად მოსარჩელის მიერ, რომელმაც ამისთვის დამატებით გასწია ხარჯი 144 675 ლარის ოდენობით, ხოლო 1 777 ერთეული განძელი კვლავ შესაცვლელია [საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდეგში: სსკ-ის) 629-ე, 639-ე, 641-ე 642-ე მუხლები].

8. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 29 სექტემბრის გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

9. გადაწყვეტილება უცვლელად იქნა დატოვებული თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 23 მარტის განჩინებით.

10. სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია განჩინების პპ:1-6 -ით დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები.

11. სააპელაციო პალატამ დავა მოაწესრიგა სსკ-ის 128-ე, 129-ე და 144-ე მუხლის პირველი ნაწილით და აღნიშნა, რომ მოცემულ შემთხვევაში, ადგილი ჰქონდა სსკ-ის 129-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებულ ისეთ შემთხვევას, როდესაც კანონი სახელშეკრულებო მოთხოვნების ხანდაზმულობის ვადად მიუთითებდა სხვა ვადაზე.

12. სსკ-ის 655-ე მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევაში კი, მოთხოვნა შესრულების ნაკლის გამო, შემკვეთმა შეიძლება წარადგინოს ერთი წლის მანძილზე, ხოლო ისეთი მოთხოვნა, რომელიც ნაგებობას შეეხება - ხუთი წლის განმავლობაში შესრულებული სამუშაოს მიღების დღიდან. მოცემულ შემთხვევაში, სასარჩელო მოთხოვნაზე უნდა გავრცელებულიყო ხანდაზმულობის ერთწლიანი ვადა, ვინაიდან, შესრულების ნაკლი ეხებოდა 2009 წლის 06 მაისის ხელშეკრულების საფუძველზე, კერძო კომპანიის მიერ იმ რკინაბეტონის განძელების დამზადებას, რომლებიც განკუთვნილი იყო სარკინიგზო ლიანდაგის მშენებლობისათვის.

13. უარყოფილი იქნა მოსარჩელის პოზიცია მოთხოვნაზე 5-წლიანი ხანდაზმულობის გავრცელების თაობაზე. მოსარჩელის არგუმენტი იმაში მდგომარეობდა, რომ ვინაიდან სარკინიგზო ხაზი წარმოადგენდა უძრავ ნივთს, ხოლო განძელები მისი არსებითი შემადგენელი ნაწილი იყო, შესრულების ნაკლის გამო, მის მოთხოვნაზე უნდა გავრცელებულიყო ხუთწლიანი ხანდაზმულობის ვადა.

14. სააპელაციო პალატამ მიუთითა „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლზე, რომლის თანახმად, ამ კანონის მიზნებისათვის გამოყენებულ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა: ა) უძრავი ნივთი – მიწის ნაკვეთი მასზე არსებული შენობა-ნაგებობით ან მის გარეშე, შენობა-ნაგებობა (მშენებარე, აშენებული ან დანგრეული), შენობა-ნაგებობის ერთეული (მშენებარე, აშენებული ან დანგრეული) და ხაზობრივი ნაგებობა; დ) ხაზობრივი ნაგებობა – საკომუნიკაციო ნაგებობა, საავტომობილო გზა, რკინიგზა, ყველა სახის მილსადენი, გვირაბი, საჰაერო-საბაგირო გზა, ელექტროგადამცემი ხაზი, კავშირგაბმულობის ხაზი, ფუნიკულორი, დამბა, არხი. პალატამ აღნიშნა, რომ მართალია აღნიშნული ნორმის თანახმად სარკინიგზო ხაზი განიხილება უძრავ ნივთად, თუმცა, გასათვალისწინებელია ის გარემოება, რომ ამ შემთხვევაში, ხელშეკრულების საგანს წარმოადგენს არა სარკინიგზო ლიანდაგის, არამედ მისი შემადგენელი ნაწილის - რკინაბეტონის განძელების დამზადება. ხოლო, იმ შემთხვევაში, როდესაც შესასრულებელი სამუშაოს საგანია მოძრავი ნივთი, თუნდაც ის განკუთვნილი იყოს შენობა-ნაგებობის ან სხვა უძრავი ნივთისათვის, შესრულების ნაკლის გამო მოთხოვნაზე უნდა გავრცელდეს ხანდაზმულობის ერთწლიანი ვადა.

15. სსკ-ის 656-ე მუხლის ნორმატიული დანაწესით, თუ ხელშეკრულების მიხედვით სამუშაო მიღებულია ნაწილ-ნაწილ, ნაკლის გამო მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადა იწყება სამუშაოს მთლიანად მიღების დღიდან. მოცემულ შემთხვევაში, ხანდაზმულობის ვადის დასაწყისად მიჩნეული იქნა 2009 წლის 26 სექტემბერი. 2009 წლის 06 მაისის ხელშეკრულების საფუძველზე დამზადებული განძელების მიღება ხდებოდა ნაწილ-ნაწილ. დამზადებული განძელების მიღების თაობაზე ბოლო მიღება-ჩაბარების აქტი მხარეთა შორის გაფორმდა 2009 წლის 25 სექტემბერს. შესაბამისად, მოსარჩელის მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადის ათვლა დაიწყო 2009 წლის 26 სექტემბრიდან და იგი ამოიწურა 2010 წლის 26 სექტემბერს. მოსარჩელის მიერ სარჩელი დაზიანებული განძელების შეცვლის და მის მიერ განძელების შეცვლისთვის გაწეული ხარჯის ანაზღაურების თაობაზე აღძრული იქნა 2014 წლის 16 ივლისს. აღნიშნული კი, იმაზე მიუთითებდა, რომ სარჩელი აღძრული იქნა კანონით დადგენილი ერთწლიანი ხანდაზმულობის ვადის გასვლის შემდეგ.

16. სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა აპელანტმა, რომელმაც მისი გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.

17. გასაჩივრებული განჩინების საფუძვლად კასატორი საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში: სსსკ-ის) 393 და 394 „ე“ მუხლებს მიიჩნევს.

18. კასატორი ახდენს სსკ-ის 655-ე მუხლის ციტირებას და მიუთითებს ხელშეკრულების საგანზე, სახელდობრ, კასატორს მიაჩნია, რომ ვინაიდან ხელშეკრულების საგანი განკუთვნილი იყო სარკინიგზო ლიანდაგისათვის, ხოლო თავად ლიანდაგი, როგორც ხაზობრივი ნაგებობა უძრავ ნივთს მიეკუთვნება, მოთხოვნაზე უნდა გავრცელებულიყო 5-წლიანი ხანდაზმულობა.

19. იმავდროულად, კასატორი დეფექტის გამოვლენის ვადად მიუთითებს 2013 წელს და აღნიშნავს, რომ დეფექტის გამოვლენამდე, მოსარჩელეს არ ჰქონდა ინფორმაცია ნაკლიან მიწოდებაზე.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

20. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 13 ივნისის განჩინებით საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სსსკ-ის 396-ე მუხლით და 391-ე მუხლის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად.

21. საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც, მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად.

22. განსახილველ შემთხვევაში, აღძრული სარჩელის ფაქტობრივი საფუძველია ნარდობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ნაკლიანი ნივთის დამზადება, ხოლო საკასაციო საჩივარი ეფუძნება მოთხოვნის ხელშემშლელი შესაგებლის (ხანდაზმულობა) უსაფუძვლობას. მოთხოვნის ხანდაზმულობის უარსაყოფად, კასატორი ეყრდნობა სსკ-ის 655-ე მუხლის ნორმატიულ რეგულირებას, რომლის მიხედვით, მოთხოვნა შესრულების ნაკლის გამო შემკვეთმა შეიძლება წარადგინოს ერთი წლის მანძილზე, ხოლო ისეთი მოთხოვნა, რომელიც ნაგებობას შეეხება - ხუთი წლის განმავლობაში შესრულებული სამუშაოს მიღების დღიდან.

23. საკასაციო პალატა გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასაბუთებულობის შემოწმებისა და წარმოდგენილი საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობის კვლევის შედეგად ასკვნის, რომ წარმოდგენილი არ არის დასაშვები და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია (შედავება), შემდეგ გარემოებათა გამო:

24. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სსსკ-ის მე-4 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. აღნიშნულიდან გამომდინარე, საქმის განმხილველი სასამართლოსათვის სავალდებულოა სარჩელის ფაქტობრივი საფუძვლები. სარჩელის საფუძველი არის იმ ფაქტების ერთობლიობა, რომლებიც ასაბუთებენ, ამართლებენ მოსარჩელის სასარჩელო მოთხოვნას. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საქმის განმხილველი სასამართლო შეზღუდულია მხოლოდ მხარის მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოებებით, რაც შეეხება სამართლის ნორმების გამოყენებას, სასამართლო, საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების შეფასებით, ადგენს თუ რა სამართლებრივი ურთიერთობა არსებობს მხარეთა შორის და ამ ურთიერთობის მარეგულირებელი სამართლებრივი ნორმების საფუძველზე აკმაყოფილებს ან არ აკმაყოფილებს სარჩელს.

25. საგულისხმოა, ისიც, რომ შეჯიბრებითობის პრინციპის საფუძველზე, მოპასუხე უფლებამოსილია მიუთითოს სასარჩელო ხანდაზმულობაზე, რაც, მისი დადასტურების შემთხვევაში, წარმოადგენს სარჩელის დაკმაყოფილების ხელშემშლელ შესაგებელს.

26. მოცემულ შემთხვევაში, სარჩელის საფუძველი ნაკლიან შესრულებაში მდგომარეობდა. სახელდობრ, დადგენილია, რომ კერძო კომპანიამ იკისრა ვალდებულება შემკვეთისთვის დაემზადებინა 18,400 ერთეული რკინაბეტონის განძელი. ხელშეკრულების მიხედვით, მხარებმა შეადგინეს განძელის მიღება-ჩაბარების აქტები. სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2014 წლის 08 აპრილის ექსპერტიზის დასკვნით გორი-სკრის გადასარბენ მონაკვეთზე შპალები დაზიანებულია თითქმის ყველა პიკეტში მეტნაკლები რაოდენობით. მთლიანად ამ მონაკვეთში დაზიანებული და შესაბამისად გამოსაცვლელი შპალების რაოდენობა შეადგენს 2 177 შპალს.

27. უარსაყოფია კასატორის პრეტენზია მოთხოვნაზე 5-წლიანი ხანდაზმულობის გავრცელების თაობაზე. მართალია სადავო სამართალურთიერთობის შინაარსის მიხედვით გამოსაყენებელი სამართლის ნორმას წარმოადგენს არა სსკ-ის 130-ე მუხლი (ზოგადი ნორმა ხანდაზმულობის შესახებ), არამედ სპეციალულრი ნორმა - 655-ე მუხლი, თუმცა, კასატორის არგუმენტი იმ მოსაზრებას ეფუძნება, რომ კონკრეტულ შემთხვევაზე სწორედ 5-წლიანი ხანდაზმულობა უნდა გავრცელებული, რასაც არ გააჩნია ვარგისი სამართლებრივი საფუძველი. მართალია სარკინიგზო ხაზი წარმოადგენს უძრავ ნივთს [„საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლი], თუმცა, სადავო შემთხვევა შეეხება არა სარკინიგზო ლიანდაგის დამზადებას, არამედ მისთვის განკუთვნილი 18,400 ერთეული რკინაბეტონის განძელის დამზადებას. ხოლო, იმ შემთხვევაში, როდესაც შესასრულებელი სამუშაოს საგანია მოძრავი ნივთი, თუნდაც ის განკუთვნილი იყოს შენობა-ნაგებობის ან სხვა უძრავი ნივთისათვის, შესრულების ნაკლის გამო მოთხოვნაზე უნდა გავრცელდეს ხანდაზმულობის ერთწლიანი ვადა.

28. რაც შეეხება ხანდაზმულობის ვადის ათვლის დროს, სსკ-ის 656-ე მუხლის ნორმატიული დანაწესით, თუ ხელშეკრულების მიხედვით სამუშაო მიღებულია ნაწილ-ნაწილ, ნაკლის გამო მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადა იწყება სამუშაოს მთლიანად მიღების დღიდან. მოცემულ შემთხვევაში, ხანდაზმულობის ვადის დასაწყისად მიჩნეული იქნა 2009 წლის 26 სექტემბერი. 2009 წლის 06 მაისის ხელშეკრულების საფუძველზე დამზადებული განძელების მიღება ხდებოდა ნაწილ-ნაწილ. დამზადებული განძელების მიღების თაობაზე ბოლო მიღება-ჩაბარების აქტი მხარეთა შორის გაფორმდა 2009 წლის 25 სექტემბერს. შესაბამისად, მოსარჩელის მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადის ათვლა დაიწყო 2009 წლის 26 სექტემბრიდან და იგი ამოიწურა 2010 წლის 26 სექტემბერს. კასატორი მიუთითებს, რომ მან მხოლოდ 2013 წელს შეიტყო ნაკლის შესახებ, თუმცა აღსანიშნავია, რომ კანონმდებელი ნარდობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე შემკვეთის მიერ მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადის ათვლას იწყებს არა იმ მომენტიდან, როცა პირმა შეიტყო ან უნდა შეეტყო თავისი უფლების დარღვევის შესახებ, არამედ შესრულებული სამუშაოს მიღების მომენტიდან (იხ., სუსგ 1072-1102-2011, 23 ოქტომბერი, 2011 წელი).

29. საკასაციო პალატა ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში, არ იკვეთება საკასაციო საჩივრის დასაშვებობის სსსკ-ის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული რომელიმე საფუძვლის არსებობა, ვინაიდან ნორმის დანაწესით საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. როგორც საქმის მასალებით ირკვევა, სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით, ვინაიდან სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან, არც დასაბუთებული პოზიციაა წარმოდგენილი ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასთან ანდა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალთან წინააღმდეგობის საფუძვლით.

30. ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისითაც, ვინაიდან ნარდობის ხელშეკრულოებიდან გამომდინარე ნაკლიანი მიწოდების სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით არსებობს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა.

31. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი დაუშვას საკასაციო საჩივარი, რის გამოც, საკასაციო საჩივარს უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

32. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. სს „ს-ის“ საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;

2. კასატორს სს „ს-ას“ უკან დაუბრუნდეს 2017 წლის 30 მაისს საგადახადო დავალება N1998 გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან (7,233.75 ლარი) 5063.62 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 3 0077 3150.

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ზ. ძლიერიშვილი

მოსამართლეები: პ. ქათამაძე

ბ. ალავიძე