№240210016001356506
საქმე №ას-693-647-2017 31 ივლისი, 2017 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ზურაბ ძლიერიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
პაატა ქათამაძე, ბესარიონ ალავიძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი – ნ-ი (მოსარჩელე, აპელანტი)
მოწინააღმდეგე მხარე – შპს „ს-ა“ (დირექტორი - მ--ა) (მოპასუხე, მოწინააღმდეგე მხარე)
გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 29 მარტის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების ნაწილობრივი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება
დავის საგანი – მიუღებელი ხელფასისა და დაყოვნებული თანხის 0,07%-ის ანაზღაურება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. ნ-ი (შემდეგში: მოსარჩელე ან კასატორი ან დასაქმებული) 1995 წლის 01 ოქტომბრიდან იყო დასაქმებული შპს „ს-აში“ (შემდეგში: მოპასუხე ან დამსაქმებელი ან პოლიკლინიკა ) ექიმ-ალერგოლოგის (ბრძანება №83/კ-01.10.95) თანამდებობაზე ხელშეკრულების საფუძველზე.
2. მოსარჩელე გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან 2006 წლის 29 დეკემბერს, ხელშეკრულების მოქმედების ვადის გასვლის საფუძვლით (ბრძანება №15/კ-29.12.06).
3. მოსარჩელემ სარჩელი აღძრა მოპასუხის წინააღმდეგ და მოითხოვა მისთვის: ა) 2002-2004 წლების სახელფასო დავალიანების - 640 ლარისა და ანაზღაურების დაყოვნების ყოველი დღისათვის დაყოვნებული თანხის 0.07 პროცენტის გადახდის დაკისრება; ბ) 2004 წლის სახელფასო დავალიანების - 1440 ლარისა და ანაზღაურების დაყოვნების ყოველი დღისათვის დაყოვნებული თანხის 0.07 პროცენტის გადახდის დაკისრება.
4. მოპასუხემ წარმოადგინა მოთხოვნის გამომრიცხავი და განხორციელების ხელშემშლელი (3-წლიანი ხანდაზმულობის ვადის გასვლა) შესაგებელი.
5. 2002-2004 წლებში დასაქმებული მუშაობდა პოლიკლინიკის სოფელ ე-ის უბანში უმცროს ექიმად. დასაქმებულმა სასამართლოში წარადგინა, პოლიკლინიკის დირექტორის 2004 წლის 5 იანვრის №4 ბრძანება, რომლითაც (მე-17 პარაგრაფი) დადგენილია, რომ დასაქმებული, როგორც უმცროსი ექიმ-თერაპევტი, მიმაგრებული იყო სერტიფიცირებულ ექიმთან, მ-სთან. უმცროსი ექიმის ხელფასი მითითებულ წლებში შეადგენდა 95 ლარს.
6. ს----ის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 30 დეკემბრის გადაწყვეტილებით სარჩელი უსაფუძვლობასთან ერთად ხანდაზმულადაც იქნა მიჩნეული და მოსარჩელეს უარი ეთქვა მის დაკმაყოფილებაზე.
7. გადაწყვეტილების გაუქმებისა და სარჩელის დაკმაყოფილების მოთხოვნით სააპელაციო საჩივარი წარადგინა მოსარჩელემ, რაზედაც აგრეთვე ეთქვა უარი უსაფუძვლობისა და ხანდაზმულობის მოტივით.
8. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ 2017 წლის 29 მარტის განჩინებით დადგენილად მიიჩნია წინამდებარე განჩინების პპ: 1, 2-ით დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები და დამატებით დაადგინა შემდეგი:
9. 2002-2004 წლებში მოსარჩელე მუშაობდა პოლიკლინიკის სოფელ ე-ის უბანში უმცროს ექიმად. მოსარჩელემ სასამართლოში წარადგინა, პოლიკლინიკის დირექტორის 2004 წლის 5 იანვრის №4 ბრძანება, რომლითაც (პ: 17) დადგენილია, რომ დასაქმებული, როგორც უმცროსი ექიმ-თერაპევტი, მიმაგრებული იყო სერტიფიცირებულ ექიმთან, მ-სთან. უმცროსი ექიმის ხელფასი მითითებულ წლებში შეადგენდა 95 ლარს.
10. საქართველოს სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდის სამეგრელო ზემო სვანეთის სამხარეო ფილიალსა და პოლიკლინიკის დირექტორს შორის დადებული ხელშეკრულების თანახმად, ლიცენზირებული, ანუ თერაპიის სპეციალობაში შესაბამისი ნებართვის მქონე (სახელმწიფო სერტიფიკატის) მქონე უბნის ექიმის ხელფასი შეადგენდა 100 ლარს
11. პოლიკლინიკის დირექტორის 2001 წლის 3 დეკემბრის №127/კ ბრძანების ამონაწერით დადგენილია, რომ უმცროსი ექიმის შრომის ანაზღაურება განსაზღვრული იყო სერტიფიცირებული ექიმის ანაზღაურების 95%-ით.
12. საქმის მასალების მიხედვით დაუდასტურებელია, 2004 წელს მოსარჩელის მიერ სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფი მოსახლეობისათვის სტაციონარული მომსახურების გაწევის ფაქტი, ასევე დაუდასტურებელია 2004 წელს, ბავშვთა კონტიგენტის მომსახურების გაწევის ფაქტი.
13. იმავდროულად, განსახილველი სარჩელი ხანდაზმულობის დარღვევით წარდგენილად იქნა მიჩნეული, რადგან სარჩელით სადავო იყო 2002-2004 წლის სახელფასო დავალიანება, ხოლო სარჩელი აღძრული იყო 2016 წლის 11 მაისს.
14. სააპელაციო პალატამ დავის სამართლებრივი მოწესრიგებისას მიუთითა „საექიმო საქმიანობის შესახებ” საქართველოს კანონის მე-5 მუხლის „ნ” ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, უმცროსი ექიმის თანამდებობის დაკავების უფლება აქვს სახელმწიფო აკრედიტაციის მქონე უმაღლესი სამედიცინო სასწავლებლის დიპლომირებულ კურსდამთავრებულს, რომელიც ექიმის ფუნქციას ასრულებს დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის სუბიექტის მითითებითა და პასუხისმგებლობით. ამავე კანონის „ბ” ქვეპუნქტით დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობა განმარტებულია, როგორც უმაღლესი სამედიცინო განათლებისა და დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის უფლების დამადასტურებელი სახელმწიფო სერტიფიკატის მქონე პირის პროფესიული საქმიანობა, რომლის შედეგებზედაც ის პასუხს აგებს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
15. სამედიცინო განათლების მქონე პირს შესაბამისი სერტიფიკატის გარეშე, არ გააჩნია დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის განხორციელების უფლება. ასეთ პირს აქვს უმცროსი ექიმის თანამდებობის დაკავების უფლება და იგი ექიმის ფუნქციას ასრულებს დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის სუბიექტის მითითებითა და პასუხისმგებლობით. კონკრეტულ შემთხვევაში, დადგენილი იქნა, რომ აპელანტს არ გააჩნდა სახელმწიფო ლიცენზია თერაპიაში, რის გამოც, იგი 2002-2004 წლებში მუშაობდა პოლიკლინიკის ე-ის უბანში უმცროს ექიმად და მიმაგრებული იყო ე-ის უბნის ექიმთან მ. მ-სთან, რომელსაც გააჩნდა შესაბამისი სერთიფიკატი. აღნიშნული ფაქტობრივი გარემოება დადასტურდა თავად მოსარჩელის განმარტებითაც და მის მიერ წარდგენილი, პოლიკლინიკის დირექტორის 2004 წლის 5 იანვრის №4 ბრძანებით.
16. აპელანტი 2002-2004 წელს დასაქმებული იყო რა, უბნის უმცროსი ექიმის თანამდებობაზე, მისი თანამდებობრივი სარგო შეადგენდა ყოველთვიურად 95 ლარს.
17. საქმის მასალებითი დაუდასტურებელი იყო ფაქტობრივი გარემოება იმის შესახებ, რომ 2004 წელს, აპელანტი ახორციელებდა ბავშვთა კონტიგენტის მომსახურებას. შესაბამისად უსაფუძვლოდ იქნა მიჩნეული დასაქმებულის მოთხოვნა, აღნიშნული მომსახურების გაწევისათვის დამატებით თვეში 100 (სულ 600) ლარს მოპასუხისათვის დაკისრების შესახებ. საქმის მასალებში წარმოდგენილი არ იყო ინფორმაცია, რომლებიც დაადასტურებდა, მოსარჩელის მხრიდან, სახელმწიფო პროგრამით გათვალისწინებული ბენეფიციარებისადმი (ბავშვთა კონტიგენტისადმი) სახელმწიფო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში, ანაზღაურებადი სამედიცინო მომსახურების გაწევის ფაქტს.
18. 2004 წლის მოსახლეობის ამბულატორიულ - სამედიცინო დახმარების პროგრამის ფარგლებში, საქართველოს სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდის სამეგრელო ზემო სვანეთის სამხარეო ფილიალსა და პოლიკლინიკის დირექტორს შორის, 2004 წელს დაიდო ხელშეკრულება სახელმწიფო შესყიდვის შესახებ, რომლითაც ხელშეკრულების საგანს წარმოადგენდა მოსახლეობის სტაციონარული/ამბულატორიული დახმარების სახელმწიფო პროგრამით გათვალისწინებული სამედიცინო მომსახურების შესყიდვა. ამ ხელშეკრულების მე-17 მუხლით მხარეთა (შემსყიდველის - საქართველოს სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდის და მიმწოდებლის - (პოლიკლინიკა) სხვა უფლება - მოვალეობებთან ერთად, განისაზღვრა მათი ვალდებულება - პაციენტებისათვის სამედიცინო მომსახურების გაწევა მხოლოდ ნორმატიული აქტით დამტკიცებული „პროგრამის” ფარგლებში. იმავე მხარეებს შორის, იმავე წელს დაიდო №2რ16 ხელშეკრულება, რომლითაც განისაზღვრა 2004 წლის „სახელმწიფო შესყიდვის შესახებ” ხელშეკრულების სპეციფიკური პირობები . №2რ16 ხელშეკრულების სპეციფიკური პირობების მიხედვით, შემსყიდველი „ხელშეკრულებით განსაზღვრული მომსახურების შესრულების, აღრიცხვის, ანგარიშგებისა და ანაზღაურების წესის” შესაბამისად, ვალდებულებას იღებდა, რომ მიმწოდებელს აუნაზღაურებდა მოსახლეობის სტაციონარული დახმარების 2004 წლის სახელმწიფო პროგრამის სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფი მოსახლეობის სამედიცინო დაზღვევის კომპონენტის მიხედვით შესრულებულ სამუშაოს . №2რ16 ხელშეკრულების სპეციფიკური პირობების მიხედვით, ექიმ-სპეციალისტის მიერ. „პროგრამით“ შესრულებული სამუშაოების დაფინანსება განხორციელდებოდა ფიქსირებული ანაზღაურების წესით და დარიცხული ხელფასი განისაზღვრა 120 ლარით. პოლიკლინიკას მოსახლეობისათვის სტაციონარული მომსახურება, ამგვარი მომსახურებისათვის აუცილებელი შესაბამისი პირობების (სტაციონარის) არარსებობის გამო, არ გაუწევია. ვინაიდან სახელმწიფო პროგრამის სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფი მოსახლეობის სამედიცინო დაზღვევის კომპონენტის მიხედვით გათვალისწინებული სამუშაო მოპასუხის მიერ არც კი, შესრულებულა და სტაციონარული მომსახურება არ გაწეულა, შესაბამისად, პოლიკლინიკას არც ამგვარი სამუშაოების დაფინანსება სადაზღვევო ორგანიზაციიდან არ მიუღია.
19. მოსარჩელეს 2004 წელს სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფი მოსახლეობისათვის სტაციონარული მომსახურება არ გაუწევია და შესაბამისად, სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში სტაციონარული დახმარების გაწევისათვის საქართველოს სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდის სამეგრელო ზემო სვანეთის სამხარეო ფილიალსა და პოლიკლინიკის დირექტორს შორის დადებული ხელშეკრულების სპეციფიკური პირობებით დადგენილი ხელფასი -120 ლარის ოდენობით, არ ეკუთვნის.
20. სააპელაციო პალატამ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში: სსსკ-ის) მე-4 და 102-ე მუხლებზე და აღნიშნა, რომ სარჩელი არ ემყარებოდა სათანადო მტკიცებულებებს, რაც სარჩელის უარყოფის საფუძველი იყო.
21. სააპელაციო პალატამ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდეგში: სსკ-ის) 327-ე მუხლზე, რომლის თანახმად: ხელშეკრულება დადებულად ითვლება, თუ მხარეები მის ყველა არსებით პირობაზე შეთანხმდნენ საამისოდ გათვალისწინებული ფორმით. არსებითად ჩაითვლება ხელშეკრულების ის პირობები, რომლებზედაც ერთ-ერთი მხარის მოთხოვნით მიღწეულ უნდა იქნეს შეთანხმება, ანდა რომლებიც ასეთად მიჩნეულია კანონის მიერ.
22. სააპელაციო პალატამ მიუთითა საქართველოს შრომის კოდექსის (შემდეგში: სშკ-ის) მე-2 მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად: შრომითი ურთიერთობა არის შრომის ორგანიზაციული მოწესრიგების პირობებში დასაქმებულის მიერ დამსაქმებლისათვის სამუშაოს შესრულება ანაზღაურების სანაცვლოდ. შრომის სანაცვლოდ ანაზღაურების მიღება და მის ოდენობაზე შეთანხმება ხელშეკრულების არსებითი პირობას წარმოადგენს, რომლის თაობაზეც დასაქმებულისათვის ცნობილი უნდა ყოფილიყო 2002-2004 წლებში, მით უფრო, იმის გათვალისწინებით, რომ მას ნაწილი თვეების ანუ, რამდენიმე თვის ანაზღაურება მიღებული აქვს. მოსარჩელის განმარტებით, მას ხელფასი მიღებული აქვს, რასაც დააკლდა გარკვეული ოდენობის თანხა. აღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა სსკ-ის 128-ე, 129-ე, 130-ე და 131-ე მუხლების ნორმატიული შინაარსით და აღნიშნა, რომ სარჩელის მოთხოვნას წარმოადგენდა 2002-2004 წლის შრომის ანაზღაურება. სარჩელი სასამართლოს წარედგინა 2016 წლის 11 მაისს, მოთხოვნის წარმოშობის მომენტიდან დაახლოებით 12-14 წლის შემდეგ, რის გამოც, სარჩელი უსაფუძვლობასთან ერთად ხანდაზმულადაც იქნა მიჩნეული.
23. სააპელაციო სასამართლოს განჩინების ნაწილობრივი გაუქმებისა და სარჩელის დაკმაყოფილების მოთხოვნით საკასაციო საჩივარი წარადგინა აპელანტმა, რომელმაც განმარტა, რომ ითხოვს სარჩელის ნაწილობრივ დაკმაყოფილებას 2002 წლის აპრილის და მაისის ხელფასებს სრულად. მიღებული აქვს 95-95 ლარი, დააკლეს 5-5 ლარი (იხ., საკასაციო საჩივრის მოთხოვნა - ს.ფ. 243).
24. კასატორი გასაჩივრებული განჩინების გაუქმების საფუძვლად მის იურიდიულ დაუსაბუთებლობას ასახელებს.
25. სააპელაციო სასამართლოს განჩინების გაუქმების საფუძვლად კასატორი იმ გარემოებას ასახელებს, რომ არ არის მართებულად დადგენილი მისი თანამდებობა და რელევანტურობა სშკ-თან.
26. კასატორი არ ეთანხმება ს----ის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებას იმის თაობაზე, რომ მოსარჩელე 2002 წელს მუშაობდა ს----ის ამბულატორიულ - პოლიკლინიკური გაერთიანების სოფელ ე-----–------ის უბანში უმცროს ექიმად. კასატორი მიუთითებს ბრძანება N8-კ 8.01.02წ. სადაც წერია პ:17 ე--ი მე-18 ბრიგადის ექიმად ძ- და აღნიშნავს, რომ არსად წერია მისი უმცროს ექიმად მუშაობის ფაქტი. კასატორი სადავოდ ხდის იმ გარემოებასაც, რომ იგი მიმაგრებული იყო ექიმ მ. მ--სთან და მიუთითებს, რომ მ. მ- იყო ექიმი ქ.ს----ში, ხოლო მოსარჩელე იყო ექიმი სოფ.ე-ში. კასატორის მოსაზრებით, აღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების უმართებულობა განპირობებულია მისი კუთვნილი ხელფასის წართმევით.
27. კასატორი სადავაოდ ხდის ბრძანება N8-კ 8.01.02წ. სათანადოდ შეუფასებლობას და აღნიშნავს, რომ თუკი ეს ბრძანება არ შეფასდა კანონით დადგენილი წესით, განჩინების გაუქმების საფუძველია, ხოლო თუ იგი გააქრეს საქმიდან, მაშინ კრიმინალია.
28. კასატორი არ ეთანხმება სასამართლოს მიერ უმცროსი ექიმის განმარტებას და აღნიშნავს, რომ საექიმო საქმიანობის შესახებ საქართველოს კანონშია განმარტებული მისი დეფინიცია და ახდენს ციტირებას.
29. კასატორი მოთხოვნას აფუძნებს ბრძანებაზე N8-კ 8.01.02წ.; აგრეთვე, სახელფასო უწყისებზე 2002წ-ის იანვრის, თებერვლის, მარტის (იხ., საკასაციო საჩივარი - ს.ფ. 245) და მიაჩნია, რომ მის საწინააღმდეგოს ადგენს და ამტკიცებს პირველი ინსტანციის სასამართლო და აღნიშნავს, რომ მოსარჩელეს არ ეკუთვნის 0,07%-ის ანაზღაურება.
30. კასატორი არ ეთანხმება მითითებას სარჩელის ხანდაზმულობაზეც, რაც უმართებულოდ დადგინდა პირველი ინსტანციის სასამართლოში და გაიზიარა სააპელაციო სასამართლომ. კასატორი მიუთითებს, რომ ადრე სასამართლო, როდესაც მის სასარჩელო მოთხოვნას იხილავდა ხანდაზმულობას სხვა მეთოდით ადგენდა, ამჯერად კი, სხვა მეთოდით მივიდა ამგვარ უმართებულო დასკვნამდე (იხ., საკასაციო საჩივარი - ს.ფ. 246). კასატორი აღნიშნავს, რომ სშკ-ი არ ადგენს ამგვარი მოთხოვნის ვადით შეზღუდვას და სშკ-იში არაფერია ამაზე ნათქვამი.
31. კასატორი მოითხოვს საკასაციო პალატა გაეცნოს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექის 368-ე და 369-ე მუხლებს და დაადგინოს თუ რა დანაშულია ჩადენილი მოცემულ საქმეზე სასამართლოს მიერ.
სამოტივაციო ნაწილი:
32. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 08 ივნისის განჩინებით საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლით და ამავე კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად.
33. საკასაციო სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და მიიჩნევს, რომ იგი დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული შემდეგ გარემოებათა გამო:
34. მოცემულ შემთხვევაში, კასატორი არ ეთანხმება საქმეზე დადგენილ ფაქტობრივი გარემოებებს (მათ შორის, მისი უმცროსი ექიმის თანამდებობაზე მუშაობის ფაქტს; მისი ექიმ მ. მ--სთან მიმაგრების ფაქტს, მისი სახელფასო ანაზღაურების ოდენობას და ხელფასის გაცემის საკითხს - იხ., საკასაციო საჩივარი - ს.ფ. 245), თუმცა, საგულისხმოა, რომ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების მიმართ, კასატორს დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია (შედავება) წარმოდგენილი არ აქვს. შესაბამისად, საკასაციო პალატისათვის სავალდებულოა განსახილველ საქმეზე დადგენილი შემდეგი ფაქტობრივ გარემოებები [სსსკ-ის 407.2 მუხლი]: მოსარჩელე 1995 წლის 01 ოქტომბრიდან იყო დასაქმებული პოლიკლინიკაში ექიმ-ალერგოლოგის (ბრძანება №83/კ-01.10.95) თანამდებობაზე ხელშეკრულების საფუძველზე, საიდანაც გათავისუფლდა 2006 წლის 29 დეკემბერს, ხელშეკრულების მოქმედების ვადის გასვლის საფუძვლით (ბრძანება №15/კ-29.12.06). 2002-2004 წლებში დასაქმებული მუშაობდა პოლიკლინიკის სოფელ ე-ის უბანში უმცროს ექიმად. დასაქმებულმა სასამართლოში წარადგინა, პოლიკლინიკის დირექტორის 2004 წლის 5 იანვრის №4 ბრძანება, რომლითაც (მე-17 პარაგრაფი) დადგენილია, რომ დასაქმებული, როგორც უმცროსი ექიმ-თერაპევტი, მიმაგრებული იყო სერტიფიცირებულ ექიმთან, მ-სთან. უმცროსი ექიმის ხელფასი მითითებულ წლებში შეადგენდა 95 ლარს. საქართველოს სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდის სამეგრელო ზემო სვანეთის სამხარეო ფილიალსა და პოლიკლინიკის დირექტორს შორის დადებული ხელშეკრულების თანახმად, ლიცენზირებული, ანუ თერაპიის სპეციალობაში შესაბამისი ნებართვის მქონე (სახელმწიფო სერტიფიკატის) მქონე უბნის ექიმის ხელფასი შეადგენდა 100 ლარს. პოლიკლინიკის დირექტორის 2001 წლის 3 დეკემბრის №127/კ ბრძანების ამონაწერით დადგენილია, რომ უმცროსი ექიმის შრომის ანაზღაურება განსაზღვრული იყო სერტიფიცირებული ექიმის ანაზღაურების 95%-ით. საქმის მასალების მიხედვით დაუდასტურებელია, 2004 წელს მოსარჩელის მიერ სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფი მოსახლეობისათვის სტაციონარული მომსახურების გაწევის ფაქტი, ასევე დაუდასტურებელია 2004 წელს, ბავშვთა კონტიგენტის მომსახურების გაწევის ფაქტი.
35. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები სააპელაციო პალატამ სწორად შეაფასა და სწორად მიიჩნია, რომ სარჩელის მოთხოვნა მიუღებელი ხელფასისა და მისი დაყოვნების 0,07%-ს დაკისრების შესახებ უსაფუძვლო იყო.
36. კასატორის შემდეგ პრეტენზიას მოთხოვნის განხორციელების ხელშემშლელი შედავების (ხანდაზმულობა) უსაფუძვლობა წარმოადგენს. აღნიშნულს კასატორი იმით ხსნის, რომ მოთხოვნას სახელფასო დავალიანების ანაზღაურება წარმოადგენს, რაზედაც მოქმედი სშკ-ით ხანდაზმულობის რაიმე ვადა არ ვრცელდება, ხოლო სსკ-ის გამოყენება მითითებულ დავაზე კანონმდებლის ნორმატიული ნებით ნაკარნახევი არ არის.
37. კასატორის ზემოთმითითებულ პოზიციას არ გააჩნია ვარგისი სამართლებრივი საფუძველი შემდეგ გარემოებათა გამო: სარჩელში დავის საგანია ხელფასის ანაზღაურება. სშკ-ის პირველი მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე კი, შრომით ურთიერთობასთან დაკავშირებული საკითხები, რომლებსაც არ აწესრიგებს ეს კანონი ან სხვა სპეციალური კანონი, რეგულირდება სსკ-ის ნორმებით. სსკ-ის 129-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით ხანდაზმულობის ვადა იმ მოთხოვნებისა, რომლებიც წარმოიშობა პერიოდულად შესასრულებელი ვალდებულებებიდან, სამი წელია. მოცემულ შემთხვევაში, დადგენილია, რომ მოსარჩელე სადავოდ ხდის 2006 წლის სახელფასო დავალიანებას, სარჩელი კი, სასამართლოში წარდგენილია 2015 წლის 08 ივნისს, რაც ერთმნიშვნელოვანს ხდის მოთხოვნის ხანდაზმულობას. აღნიშნულთან დაკავშირებით ნამსჯელი აქვს საქართველოს უზენაეს სასამართლოს ამავე კასატორის მიერ წარდგენილი საკასაციო საჩივრის ფარგლებში, რომელშიც დავის საგანი იყო სახელფასო ანაზღაურება გარკვეულ პერიოდზე იხ., სუსგ საქმე №ას-560-535-2016, 02 სექტემბერი, 2016 წელი.
38. ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში, არ იკვეთება საკასაციო საჩივრის დასაშვებობის სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული რომელიმე საფუძვლის არსებობა, ვინაიდან ნორმის დანაწესით საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. როგორც საქმის მასალებით ირკვევა, სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით, ვინაიდან სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან.
39. ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისითაც, ვინაიდან სახელფასო დავალიანების ანაზღაურების დავებზე არსებობს სასამართლოს მიერ მყარად დადგენილი პრაქტიკა.
40. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სსსკ-ის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
41. კასატორი გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან კანონის საფუძველზე.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ნ--ის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო.
2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ზ. ძლიერიშვილი
მოსამართლეები: პ. ქათამაძე
ბ. ალავიძე