№030210016001491126
საქმე №ას-706-660-2017 14 ივლისი, 2017 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ზურაბ ძლიერიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
პაატა ქათამაძე, ბესარიონ ალავიძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი – გ- ხ--ე (მოსარჩელე, აპელანტი)
მოწინააღმდეგე მხარე - სს „პ--ი“ (მოპასუხე, მოწინააღმდეგე მხარე)
გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 14 თებერვლის გადაწყვეტილება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილება
დავის საგანი – პასუხისმგებლობისაგან გათავისუფლება, ქონების დაბრუნება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. 1979 წლის 01 სექტემბრის N415986 ქორწინების მოწმობის შესაბამისად, ვ-- ჟ----ა და მ-- ჭ-ე დაქორწინდნენ.
2. 2010 წლის 15 ოქტომბრის N294062 ქორწინების მოწმობის თანახმად, ლ-- ჟ----ა და ნ----- ც-- დაქორწინდნენ.
3. 2012 წლის 22 ნოემბრის N51121000116 ქორწინების მოწმობის მიხედვით, თ- ჟ--ა და ე-- ს-ია დაქორწინდნენ.
4. თ-ჟ----ასა და გ--–- ხ-ეს (შემდეგში: მოსარჩელე ან აპელანტი ან კასატორი) შორის 2016 წლის 13 მაისს დადებული მოთხოვნის დათმობის შესახებ ხელშეკრულების შესაბამისად, თ- ჟ----ა მოსარჩელეს გადასცემს საკუთრებაში მოთხოვნის უფლებას და ყველა საბუთს.
5. მ-- ჭ--ესა და მოსარჩელეს შორის 2016 წლის 13 მაისს დადებული მოთხოვნის დათმობის შესახებ ხელშეკრულების მიხედვით, მ- ჭ-ე მოსარჩელეს გადასცემს საკუთრებაში მოთხოვნის უფლებას და ყველა საბუთს.
6. ვ- ჟ----ასა და მოსარჩელეს შორის 2016 წლის 13 მაისს დადებული მოთხოვნის დათმობის შესახებ ხელშეკრულების თანახმად, ვ-– ჟ----ა მოსარჩელეს გადასცემს საკუთრებაში მოთხოვნის უფლებას და ყველა საბუთს.
7. ლ- ჟ----ასა და მოსარჩელეს შორის 2016 წლის 13 მაისს დადებული მოთხოვნის დათმობის შესახებ ხელშეკრულების შესაბამისად, ლ-- ჟ----ა მოსარჩელეს გადასცემს საკუთრებაში მოთხოვნის უფლებას და ყველა საბუთს.
8. ე- ს------იასა და მოსარჩელეს შორის 2016 წლის 27 მაისს დადებული მოთხოვნის დათმობის შესახებ ხელშეკრულების მიხედვით, ე--- ს--ია მოსარჩელეს გადასცემს საკუთრებაში მოთხოვნის უფლებას და ყველა საბუთს.
9. ნ-- ც------სა და მოსარჩელეს შორის 2016 წლის 27 მაისს დადებული მოთხოვნის დათმობის შესახებ ხელშეკრულების შესაბამისად, ნ--ც-- მოსარჩელეს გადასცემს საკუთრებაში მოთხოვნის უფლებას და ყველა საბუთს.
10. სს ,,პ-- -სა“ (შემდეგში: მოპასუხე ან კრედიტორი ან ბანკი) და მსესხებელს შპს ,,ფოთიფეიჯს“ (შემდეგში: მესამე პირი) შორის 2012 წლის 26 სექტემბერს დადებული N FW10.320 გენერალური ხელშეკრულების თანახმად, გენერალური საკრედიტო ხელშეკრულების საკრედიტო ლიმიტი განისაზღვრა 500000 აშშ დოლარით, ხელშეკრულების მოქმედების ვადა 360 თვით.
11. 2014 წლის 08 აგვისტოს გაფორმდა მორიგების აქტი კრედიტორს, მესამე პირს, ლ---- ჟ----ას, ვ-- ჟ----ას, თ- ჟ----ასა და მარგარიტა ჭ-ეს შორის, რომლის მიხედვით, სოლიდარული მოვალეები მესამე პირი, ლ---- ჟ----ა და მ- ჭ---ე აღიარებენ და სოლიდარულად კისრულობენ დაფარონ კრედიტორის წინაშე არსებული დავალიანება: 95504.26 აშშ დოლარი (მათ შორის მორიგების დღემდე დარიცხული საპროცენტო სარგებელი და ჯარიმა). იპოთეკის საგნის მესაკუთრე: თ-- ჟ----ა (სხვა მესაკუთრეებთან ერთად, რომლებიც იმავდროულად წარმოადგენენ სოლიდარულ მოვალეებს) თანახმაა უზრუნველყოს სოლიდარული მოვალეების მიერ ამ მორიგებით გათავლისწინებული (ნაკისრი) მთლიანი ვალდებულება მათ საკუთრებაში არსებული უძრავი ქონებით. რაც გამოიხატება იმაში, რომ მორიგების აქტის გაფორმებით არ უქმდება არანაირი იპოთეკა (გირავნობა), რომელიც უზრუნველყოფს მოსარჩელის მოთხოვნებს. ფოთის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 08 აგვისტოს განჩინების შესაბამისად, დამტკიცდა აღნიშნული მორიგების აქტი, ბანკსა და მოპასუხეებს: მესამე პირს, ლ---- ჟ----ას, ვ--- ჟ----ას, მ---- ჭ--ეს და თ-- ჟ----ას შორის.
12. ბანკს, მესამე პირს და მესაკუთრე ლ--ჟ----ას შორის 2012 წლის 24 სექტემბერს დადებული N300009249-021 იპოთეკის ხელშეკრულების შესაბამისად, მსესხებელსა და ბანკს შორის N FW10.320 გენერალური საკრედიტო ხელშეკრულებით და მის საფუძველზე მოქმედი საკრედიტო ხელშეკრულებებით გათვალისწინებული მსესხებლის ვალდებულებების შესრულების უზრუნველსაყოფად, მესაკუთრემ ბანკის სასარგებლოდ, იპოთეკით დატვირთა მის საკუთრებაში არსებული ქონება ამ ხელშეკრულებით გათვალისწინებული წესითა და პირობებით.
13. ბანკს, მესამე პირს და მესაკუთრე მ-- ჭ--ეს შორის 2012 წლის 24 სექტემბერს დადებული N300015127-0222 იპოთეკის ხელშეკრულების შესაბამისად, მსესხებელსა და ბანკს შორის 2012 წლის ბოლომდე გასაფორმებელი N FW10.320 გენერალური საკრედიტო ხელშეკრულებით და მის საფუძველზე მოქმედი საკრედიტო ხელშეკრულებებით გათვალისწინებული მსესხებლის ვალდებულებების შესრულების უზრუნველსაყოფად, მესაკუთრემ ბანკის სასარგებლოდ, იპოთეკით დატვირთა მის საკუთრებაში არსებული ქონება ამ ხელშეკრულებით გათვალისწინებული წესითა და პირობებით.
14. მოსარჩელემ სარჩელი აღძრა მოპასუხის წინააღმდეგ, რომლითაც მოითხოვა თავდებთა პასუხისმგებლობისაგან განთავისუფლება, მათი ქონების კანონიერი მესაკუთრეებისათვის დაბრუნება, ქონებათა თანაზიარი მესაკუთრეების ვალისაგან ქონებით პასუხისმგებლობისაგან განთავისუფლება, ვალის ანაზღაურება მესამე პირის ქონებით და შემოსავლებით.
15. ფოთის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 18 ნოემბრის გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა. გადაწყვეტილება უცვლელად იქნა დატოვებული ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 14 თებერვლის განჩინებით.
16. სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია განჩინების პპ: 1-13 -ით დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები.
17. იმავდროულად, დაუსაბუთებლად მიიჩნია როგორც სარჩელი, ისე სააპელაციო საჩივარი; სააპელაციო პალატის მოსაზრებით, მოთხოვნის საფუძველი არის სამართლებრივი მნიშვნელობის ის ფაქტები, რომლებზეც მოსარჩელე თავის სარჩელს აყრდნობს. ამგვარი ფაქტებზე სარჩელსა და სააპელაციო საჩივარში მითითებული არ ყოფილა. სარჩელის მოთხოვნა, ძირითადად, ეყრდნობოდა რამდენიმე გარემოებას: მოსარჩელის მოსაზრებით, დაუშვებელი იყო შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების ვალისათვის პასუხი ეგოთ სხვა პირებს თავიანთი ქონებით; ბანკსა და მოვალეებს შორის დადებული გარიგებით განკარგული ქონების თანამესაკუთრენი იყვნენ ნ--- ც- და ე--- ს------ია, რომელთაც თავდებობა არ უკისრიათ; ვალი არ დახარჯულა ოჯახის საჭიროებისათვის; ლ- ჟ----ას დედა იყო ქონების თანამესაკუთრე; კრედიტორს არ მიუწოდებია ცნობები თავდებთათვის ვალის არსებობის შესახებ.
18. პალატამ მიიჩნია, რომ ზემოხსენებული გარემოებები, წარმოადგენდნენ არა ფაქტებს, რომლებსაც შეეძლოთ სარჩელის ფაქტობრივი საფუძვლის შექმნა, არამედ - ფაქტების სამართლებრივ შეფასებას. აპელანტის აზრით, რადგან ბანკისაგან თანხა შპს P----.GE-მ ისესხა, სხვა პირები ამ ვალდებულებაზე პასუხს ვერ აგებენ. სააპელაციო პალატამ აპელანტის მითითებული მოსაზრება არ გაიზიარა და მიუთითა საქართველოს კანონზე მეწარმეთა შესახებ, რომლის მე-3 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების პარტნიორები საზოგადოების ვალდებულებებისათვის კრედიტორების წინაშე პასუხს არ აგებენ, თუმცა, აქედან აპელანტის მოსაზრების მართებულობა არ გამომდინარეობდა. პალატამ აღნიშნა ისიც, რომ შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება სამართლის დამოუკიდებელი სუბიექტია და სამართლებრივ ურთიერთობებში თავისი სახელით გამოდის. ეს კი ნიშნავს, რომ ამ ურთიერთობებში, მასთან ერთად, სხვა პირებიც შეიძლება მონაწილეობდნენ. ამის შესაბამისად, მესამე პირებმა ხელშეკრულებით შეიძლება იკისრონ პასუხისმგებლობა საწარმოს ვალებზე. ამის შემდეგ, კრედიტორის წინაშე ისინი პასუხს აგებენ არა საწარმოს, არამედ საკუთარი ვალდებულებისათვის. მხარეთა შორის დადებული ხელშეკრულებებითა და მორიგების აქტით P--.GE-ს ვალისათვის პასუხისმგებლობა იკისრეს ლ-- ჟ-ამ, მ--ჭ-ემ, ვ-- ჟ----ამ და თ- ჟ----ამ, რაც სავსებით დასაშვები და კანონიერი იყო. ამის გამო, კრედიტორს მათგან სწორედ ამ ვალდებულების შესრულება შეეძლო მოეთხოვა, რაც განახორციელა კიდეც. აპელანტის მიერ წარმოდგენილი ქორწინების მოწმობებით დგინდებოდა, რომ ე--ს--ია და თ--ჟ----ა დაქორწინდნენ 2012 წლის 22 ნოემბერს სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებები კი, დაიდო 2012 წლის სექტემბერში. აპელანტს არ მიუთითებია, თუ რომელი ქონების თანამესაკუთრეა ე------ ს------ია, რის საფუძველზე და რა კავშირი აქვს ამას სადავო გარიგებებთან. აპელანტს არ მიუთითებია, თუ რომელი ქონების თანამესაკუთრედ მიაჩნია ნ----- ც------ და რის საფუძველზე. საქმის მასალებით კი დგინდებოდა, რომ ნ----- ც------ და ლ---- ჟ----ა დაქორწინდნენ 2010 წლის 15 ოქტომბერს. ლ---- ჟ----ამ ბანკის სასარგებლოდ იპოთეკით დატვირთა ქონება 2011 წლის 12 სექტემბერს, ე.ი. ქორწინების შემდეგ შეძენილი ქონება დაიტვირთა უფლებრივად. აქედან გამომდინარე, სააპელაციო პალატის მოსაზრებით, შესაძლებელი იყო ვარაუდის დაშვება, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1158-ე მუხლის (შემდეგში: სსკ-ის) 1-ლი ნაწილის თანახმად, ამ ქონებიდან წილი ეკუთვნოდა ნ----- ც------საც. თუმცა, იპოთეკის ხელშეკრულების თანახმად, გარიგების დადების მომენტისათვის, ეს ქონება საჯარო რეესტრში რეგისტრირებული იყო, მხოლოდ, ლ---- ჟ----ას საკუთრებად. ამის შესაბამისად, სსკ-ის 1160-ე მუხლის მე-2 ნაწილისა და 185-ე მუხლის თანახმად, შემძენის ინტერესებიდან გამომდინარე, ლ---- ჟ----ა ითვლებოდა სადავო ქონების მესაკუთრედ, ხოლო ნ----- ც------ს გარიგების შეცილების უფლება დაკარგული ჰქონდა. აპელანტს საერთოდ არ მიუთითებია ლ---- ჟ----ას მშობლების ვინაობა და არც ის, თუ რატომ იყვნენ ისინი ქონების თანამესაკუთრენი. სააპელაციო პალატის მოსარებით, სარჩელის საფუძვლად მითითებულ სხვა გარემოებებს აპელანტის მოთხოვნასთან კავშირი საერთოდ არა გააჩნდა. მითუმეტეს, როგორც აღინიშნა, ისინი კონკრეტული ფაქტობრივი გარემოებებს არ წარმოადგენდნენ.
19. სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა აპელანტმა, რომელმაც მისი გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.
20. კასატორის მოსაზრებით, გაურკვეველია თუ რატომაა თანაზიარ მესაკუთრეთა უფლებები მოცემულ საქმეში უარყოფილი, ან მათი კონსტიტუციის მეორე მუხლით გარანტირებული საკუთრების უფლება ხელყოფილი.
21. კასატორი მიუთითებს სსკ-ის 1158-ე, 1159-ე, 1170-ე მუხლებზე და მე-300-ე მუხლის პირველ პუნქტზე და აღნიშნავს, რომ სასამართლომ არ გამოიყენა დასახელებული მუხლები, რადგან არ არსებობს კრედიტორისა და მოვალის მიერ საჯარო რეესტრისათვის ერთობლივი განცხადებით მიმართვის დამადასტურებელი მტკიცებულება. კასატორის განმარტებით, ქონებათა თანაზიარი მესაკუთრეები არ აწერენ ხელს არც მორიგების და არც იპოთეკის ხელშეკრულებას. კასატორის მითითებით, სასამართლო ვერ არკვევს იმ ფაქტს, რომ მოვალეს არ უსესხებია 500 000 აშშ დოლარი და სინამდვილეში ისესხა 95 504 აშშ დოლარი. კასატორის განმარტებით, სააპელაციო პალატამ სრული იგნორირება გააკეთა და დაუსაბუთებლად უარყო თავდებთა პასუხისმგებლობისაგან გათავისუფლების შესახებ სსკ-ის 900-ე მუხლის შესაბამისი პუნქტები და ფაქტები სააღსრულებო ფურცლის გაცემისა და თავდებისათვის რწმუნებულის უფლების მინიჭების თაობაზე.
22. საკასაციო საჩივრის ავტორი მიუთითებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის „ა“ და „ბ“ პუნქტებზე და განმარტავს, რომ საქმე მნიშვნელოვანია სასამართლოს განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის ზემოაღნიშნული „ა“ პუნქტის შესაბამისად. ასევე, განმარტავს „ბ“ პუნქტის შესაბამისად, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან. იმავდროულად, კასატორი აღნიშნავს, რომ სახეზეა საკასაციო საჩივრის საფუძვლები სსსკ-ის 393-ე და 394-ე მუხლების შესაბამისად. გადაწყვეტილება.
23. კასატორი აღნიშნავს, რომ მხარეებს არ მოუწერიათ ხელი იპოთეკის და სასესხო მორიგების ხელშეკრულებაზე, რის გამოც, არ წარმოადგენენ ვალდებულ პირებს, კრედიტორის წინაშე პასუხი აგონ თავიანთი ქონებით, რადგან პასუხისმგებლობა წარმოიშობა გარიგების შედეგად, რომელიც დასტურდება შესაბამისი უტყუარი მტკიცებულებით. კასატორი განმარტავს, რომ მოცემულ შემთხვევაში აღნიშნული მტკიცებულება არ არსებობს იმ პირთა მიმართ, ვისი საკუთრებაც ხელყოფილია, კერძოდ, მესამე პირის დირექტორის მეუღლის თანაზიარი საკუთრება.
24. კასატორი აღნიშნავს, რომ თანასაკუთრებით არ შეიძლება ვალის გადახდა სსკ-ის 1170-ე მუხლის მიხედვით, კერძოდ, ერთ-ერთი მეუღლის ვალის დაფარვის წესის შესაბამისად (მეორე პუნქტი): აღნიშნული ვალების გამო, მეუღლეთა საერთო ქონებიდან გადახდევინება შეიძლება მაშინ, თუ სასამართლო დაადგენს, რომ რაც ვალდებულებით იყო მიღებული, გამოყენებულია მთელი ოჯახის საერთო ინტერესებისათვის. კასატორის განმარტებით, მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს არავითარი სასამართლო დადგენილება, რომ ვალი დაიხარჯა მთელი ოჯახის საჭიროებისათვის და არსებობს მტკიცებულება, რომ თ-- ჟ----ას მეუღლეა ე- ს--ია, რომელთა ქონება თანაზიარი საკუთრებაა და არ შეიძლება სსკ-ის 1179-ე მუხლის მეორე პუნქტის შესაბამისად აღნიშნული თანაზიარი საკუთრებით ვალის გადახდა ამ შემთხვევაში.
25. საკასაციო საჩივრის ავტორი არ ეთანხმება გასაჩივრებული განჩინების 4.2 პუნქტს, კერძოდ იმას, რომ „ამ ხელშეკრულების საფუძველზე კრედიტორმა მოვალეებს ასესხა 500 000 აშშ დოლარი.“ იგი მიუთითებს, რომ სასამართლოს აერია გაცემული სესხი და საკრედიტო ლიმიტი, ეს უკანასკნელი კი შეადგენდა 500 000 აშშ დოლარს. კასატორი აღნიშნავს, რომ ქორწინების მოწმობით ე--- ს--ია და თ--- ჟ--ა 2012 წლის 22 ნოემბერს დაქორწინდნენ, რის გამოც, სასამართლო არ თვლის ქონების თანაზიარ მესაკუთრედ ე-- ს--იას. კასატორი აღნიშნავს, რომ ამ საკითხზე მან უკვე ჩამოაყალიბა თავისი მოსაზრება და დამატებით განმარტა, რომ 2014 წლის 08 აგვისტოს გაფორმებული მორიგების აქტით საბოლოოდ დადგინდა გარიგების და მორიგების აქტებზე მხოლოდ თ--- ჟ----ას ხელმოწერის ფაქტი და არა ე-- ს---იას - ქონების თანაზიარი მესაკუთრის. სააპელაციო პალატა ამ ფაქტის შესახებ დუმს და იგნორირებას უკეთებს თანაზიარი მესაკუთრის კანონიერ უფლებას. საკასაციო საჩივრის ავტორი სსკ-ის 1159-ე მუხლს განმარტავს, რომლის მიხედვითაც თანასაკუთრებაში არსებულ ქონებაზე მეუღლეებს აქვთ თანაზიარი უფლებები, ამ ქონების ფლობა. სარგებლობა და განკარგვა ხორციელდება მეუღლეთა შეთანხმებით, მიუხედავად იმისა, თუ რომელი მეუღლე განკარგავს ქონებას. კასატორი მიუთითებს საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლით დაცულ საკუთრების უფლებაზე, რომელიც ხელშეუხებელია. კასატორი განმარტავს, რომ კონსტიტუცია კანონთა იერარქიულ საფეხურზე ყველაზე მაღლა დგას და თუ კანონის რომელიმე მუხლი წინააღმდეგობაშია მასთან, მოქმედებს კონსტიტუციური კანონი.
26. საკასაციო საჩივრის ავტორი მიუთითებს გასაჩივრებული განჩინების 4.3-ე პუნქტზე და განმარტავს, რომ ამით სასამართლო ადასტურებს, რომ 2012 წლის 26 სექტემბერს მოწინააღმდეგე მხარესა და მოვალეებს - მესამე პირსა და ლ-- ჟ----ას შორის დაიდო გენერალური ხელშეკრულება საბანკო პროდუქტებით მომსახურების შესახებ.
27. კასატორის განმარტებით, ვალდებულების უზრუნველსაყოფად იპოთეკით დაიტვირთა ლ--- ჟ---ასა და მარგარიტა ჭ---ის კუთვნილი ქონება და ვალდებულებათა შესახებ სხვა ფაქტობრივ გარემოებას 2014 წლის 08 აგვისტოს მხარეებს შორის მორიგების აქტამდე ვერ უთითებს სააპელაციო სასამართლო.
28. კასატორის განმარტებით, გასაჩივრებული განჩინების 4.8-ე პუნქტით დადგენილია, რომ „ზემოთხსენებული გარემოებები, ძირითადად, არა ფაქტები, არამედ ფაქტების სამართლებრივი შეფასებაა, თავად ის ფაქტები კი, საიდანაც ეს შეფასებები გამომდინარეობს აპელანტს არ მიუთითებია“. საკასაციო საჩივრის ავტორი აღნიშნავს, რომ ეს არამარტო უკანონობა, ასევე, ფაქტების შეგნებულად შეცვლა და დამახინჯებაა, რადგან კასატორის მიერ მითითებული იყო სააპელაციო და სამოქალაქო სარჩელებში კონკრეტული ფაქტები და გარემოებები. საკასაციო საჩივრის ავტორი მიიჩნევს, რომ სრულიად უსაფუძვლოდ და დაუსაბუთებლადაა იგნორირებული სააპელაციო პალატის მიერ სსკ-ის თავდებათა პასუხისმგებლობისაგან გათავისუფლების შესაბამისი მუხლები მაშინ, როცა გაცემულია სააღსრულებო ფურცელი და თავდებს ენიჭება რწმუნებულის უფლება. კასატორის პრეტენზიას წარმოადგენს სასამართლოს მიერ გასაჩივრებული განჩინების 4.8 პუნქტის მიხედვით ფაქტების სამართლებრივი შეფასება. კასატორი აღნიშნავს, რომ საქმეში მის მიერ წარმოდგენილია არამარტო თანაზიარ მესაკუთრეთა სახელები და გვარები, არამედ ქორწინების მოწმობებიც და შესაბამისი სამართლებრივი შეფასება. საკასაციო საჩივრის ავტორი განმარტავს, რომ სხვა პირები, ქონებათა თანაზიარი მესაკუთრენი, რომელთაც ხელი არ მოუწერიათ შეთანხმების ხელშეკრულებაზე არსებული უკვე დასახელებული კანონთა ნორმების თანახმად პასუხს არ აგებენ მესამე პირის ვალებზე. კასატორის განმარტებით, სასამართლო არასწორად ადგენს, რომ კასატორს არ მიუთითებია რომელი ქონების თანამესაკუთრეები არიან ე------ ს-------ია და ნ----- ც------ მაშინ, როცა საქმეში ქორწინების მოწმობებია, რაც ნიშნავს, რომ მეუღლეებს ქონების ფლობის და განკარგვის თანაბარი უფლება აქვთ.შუამდგომლობები: კასატორი შუამდგომლობს თანდართული განცხადების წარმოებაში მიღებაზე, ვინაიდან, მისი განმარტებით, არსებული საკასაციო საჩივრის ფორმა ზღუდავს მის უფლებას სრულად და არგუმენტირებულად წარმოადგინოს საკასაციო საჩივრის დასაბუთება.
29. საკასაციო საჩივრის ავტორი ასევე შუამდგომლობს, რომ საკასაციო პალატამ გაითვალისწინოს ის გარემოება, რომ არსებული საკასაციო საჩივრის ფორმით თითქმის შეუძლებელია ყველა ფაქტობრივი და პროცესულური დარღვევების დასაბუთება და აღნიშნული ფორმა საჭიროებს კორექტირებას.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
30. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 12 ივნისის განჩინებით საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სსსკ-ის 396-ე მუხლით და 391-ე მუხლის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად.
31. საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც, მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად.
32. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივარი რამდენიმე მიმართულებითაა წარმოდგენილი, მათ შორისა, ერთ-ერთი - თანაზიარ მესაკუთრეთა უფლებების უგულვებელყოფასთან დაკავშირებული პრეტენზია. ამ თვალსაზრისით, კასატორი აღნიშნავს, რომ ქონებათა თანაზიარი მესაკუთრეები არ აწერენ ხელს არც მორიგების და არც იპოთეკის ხელშეკრულებას. იგნორირებულია თავდებთა პასუხისმგებლობისაგან გათავისუფლების შესახებ სსკ-ის 900-ე მუხლის შესაბამისი პუნქტები და ფაქტები სააღსრულებო ფურცლის გაცემისა და თავდებისათვის რწმუნებულის უფლების მინიჭების თაობაზე.
33. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ ამ კუთხით არ არის წარმოდგენილი დასაშვები საკასაციო პრეტენზია, რამდენადაც, გასაჩივრებული განჩინების ძირითადი დასაბუთება ეყრდნობა სწორედ იმ არგუმენტს, რომ სარჩელისა და სააპელაციო საჩივრის საფუძვლები უზუსტოა, არ არის მოთხოვნის განმაპირობებელი ფაქტობრივი გარემოებები მითითებული, რაც მოსარჩელის ტვირთი და შესაბამისად, მისივე საპროცესო ვალდებულებაა [საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3; მე-4; 102-ე მუხლები], რამაც სარჩელის უარყოფის იურიდიული შედეგი განაპირობა. რაც შეეხება კასატორის მიერ მითითებულ პირებს, საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ თითოეული პირისათვის უზრუნველყოფილია უფლების სასამართლო წესით დაცვა და გადაწყვეტილებას უფლების დაცვის სასარჩელო ფორმის გამოყენების შესახებ იღებს შესაბამისი უფლების მქონე პირი (ვინც დარღვეულად ანდა სადავოდ მიიჩნევს მის უფლებას), მოსარჩელე განსაზღვრას დავის საგანს და მიუთითებს მოპასუხეს [საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-2, მე-3 მუხლები].
34. განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო პალატა იზიარებს გასაჩივრებული განჩინების დასაბუთებას საქართველოს კანონზე მეწარმეთა შესახებ, რომლის მე-3 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების პარტნიორები საზოგადოების ვალდებულებებისათვის კრედიტორების წინაშე პასუხს არ აგებენ, თუმცა, აქედან კასატორის მოსაზრების მართებულობა არ გამომდინარეობდა. საგულისხმოა, რომ შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება სამართლებრივ ურთიერთობებში თავისი სახელით დამოუკიდებლად გამოდის. ეს კი ნიშნავს, რომ ამ ურთიერთობებში, მასთან ერთად, სხვა პირებიც შეიძლება მონაწილეობდნენ. ამის შესაბამისად, მესამე პირებმა ხელშეკრულებით შეიძლება იკისრონ პასუხისმგებლობა საწარმოს ვალებზე. ამის შემდეგ, კრედიტორის წინაშე ისინი პასუხს აგებენ არა საწარმოს, არამედ საკუთარი ვალდებულებისათვის. მხარეთა შორის დადებული ხელშეკრულებებითა და მორიგების აქტით P--GE-ს ვალისათვის პასუხისმგებლობა იკისრეს ლ---- ჟ----ამ, მ-- ჭ---ემ, ვ- ჟ----ამ და თ--ჟ----ამ, რითაც კანონი ან საჯარო წესრიგი არ დარღვეულა. ამის გამო, კრედიტორს მათგან სწორედ ამ ვალდებულების შესრულება შეეძლო მოეთხოვა, რაც განახორციელა.
35. რაც შეეხება საკასაციო პრეტენზიას სხვა პირთა უფლებების დარღვევასთან მიმართებით, კასატორს არ მიუთითებია, თუ რომელი ქონების თანამესაკუთრეა ე-- ს--ია, რის საფუძველზე და რა კავშირი აქვს ამას სადავო გარიგებებთან. კასატორს არ მიუთითებია, თუ რომელი ქონების თანამესაკუთრედ მიაჩნია ნ-- ც-- და რის საფუძველზე. საქმის მასალებით კი დგინდებოდა, რომ ნ-- ც-- და ლ---- ჟ----ა დაქორწინდნენ 2010 წლის 15 ოქტომბერს. ლ-- ჟ--ამ ბანკის სასარგებლოდ იპოთეკით დატვირთა ქონება 2011 წლის 12 სექტემბერს, ე.ი. ქორწინების შემდეგ შეძენილი ქონება დაიტვირთა უფლებრივად. აქედან გამომდინარე, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ პრეზუმირების შემთხვევაში, სსკ-ის 1158-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ამ ქონებიდან წილი ეკუთვნოდა ნ--- ც---საც. თუმცა, იპოთეკის ხელშეკრულების თანახმად, გარიგების დადების მომენტისათვის, ეს ქონება საჯარო რეესტრში რეგისტრირებული იყო, მხოლოდ, ლ-- ჟ----ას საკუთრებად. ამის შესაბამისად, სსკ-ის 1160-ე მუხლის მე-2 ნაწილისა და 185-ე მუხლის თანახმად, შემძენის ინტერესებიდან გამომდინარე, ლ---- ჟ----ა ითვლებოდა სადავო ქონების მესაკუთრედ, ხოლო ნ----- ც------ს გარიგების შეცილების უფლება დაკარგული ჰქონდა. კასატორს საერთოდ არ მიუთითებია ლ---- ჟ----ას მშობლების ვინაობა და არც ის, თუ რატომ იყვნენ ისინი ქონების თანამესაკუთრენი. სარჩელის საფუძვლად მითითებულ სხვა გარემოებებს კასატორის მოთხოვნასთან კავშირი საერთოდ არა გააჩნდა. მითუმეტეს, როგორც აღინიშნა, ისინი კონკრეტული ფაქტობრივ გარემოებებს არ წარმოადგენდნენ.
36. რაც შეეხება საკასაციო საჩივრის ფორმის ნიმუშის შეცვლის მოთხოვნით წარმოდგენილ შუამდგომლობას, საკასაციო პალატის მოსაზრებით, არ არსებობს შუამდგომლობის დაკმაყოფილების საფუძველი. იმავდროულად, საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივრის ფორმის ნიმუში დამტკიცებულია საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ და აღნიშნული არ შედის საკასაციო პალატის უფლებამოსილებაში.
37. ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში, არ იკვეთება საკასაციო საჩივრის დასაშვებობის სსსკ-ის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული რომელიმე საფუძვლის არსებობა, ვინაიდან ნორმის დანაწესით საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. როგორც საქმის მასალებით ირკვევა, სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით, ვინაიდან სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან, არც დასაბუთებული პოზიციაა წარმოდგენილი ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციათან ანდა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალთან წინააღმდეგობის საფუძვლით.
38. ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისითაც, ვინაიდან თავდებთა პასუხისმგებლობის, მეუღლეთა თანასაკუთრების, მოთხოვნის დათმობისა და იპოთეკის სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით არსებობს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა.
39. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი დაუშვას საკასაციო საჩივარი, რის გამოც, საკასაციო საჩივარს უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
40. კასატორი გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. გ- ხ--ის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;
2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ზ. ძლიერიშვილი
მოსამართლეები: პ. ქათამაძე
ბ. ალავიძე