№020210116001349823
საქმე №ას-712-665-2017 31 ივლისი, 2017 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ზურაბ ძლიერიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ნინო ბაქაქური, ბესარიონ ალავიძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი – ა- ხ---ა (მოსარჩელე, აპელანტი)
მოწინააღმდეგე მხარე - ა- ბ-ა (მოპასუხე, მოწინააღმდეგე მხარე)
გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 31 მარტის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილება
დავის საგანი – უძრავი ქონების მესაკუთრედ ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. №43.18.45.459 საკადასტრო კოდის მიწის ნაკვეთის (შემდეგში: სადავო უძრავი ქონება) მესაკუთრე იყო შოთა ნიქაბაძე (შემდეგში - მესამე პირი). ბიზნესსაქმიანობისთვის, ამ ნაკვეთის შეძენის სურვილი ჰქონდა ა- ხ---ას (შემდეგში: მოსარჩელე ან აპელანტი ან კასატორი), რომლის ნასყიდობაზე, დავალების ზეპირი ხელშეკრულების საფუძველზე, მოსარჩელის სახელით, მოლაპარაკებებს აწარმოებდა ა-- ბ-ა (შემდეგში: მოპასუხე ან მოწინააღმდეგე მხარე), თუმცა მიწის შესყიდვა ვერ განხორციელდა, რადგან მესამე პირს უძრავ ნივთთან დაკავშირებული დოკუმენტაცია არ ჰქონდა წესრიგში და პრობლემის მოგვარება სირთულეებთან იყო დაკავშირებული.
1. მოსარჩელემ სარჩელი აღძრა მოპასუხის წინააღმდეგ, მოპასუხის საკუთრებაში რეგისტრირებული სადავო უძრავი ქონების მესაკუთრედ აღიარებისა და მის მესაკუთრედ აღრიცხვის მოთხოვნით.
2. ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 31 აგვისტოს გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
3. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია განჩინების პ: 1-ით დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები. სასამართლომ დაუდასტურებლად მიიჩნია მოსარჩელის მიერ, მესამე პირის მიწის ნაკვეთის შესაძენად, მოპასუხისათვის 2000 აშშ დოლარის გადაცემა, ხოლო საქმეში წარმოდგენილი, მოპასუხის 07.11.2015წ. გამოკითხვის ოქმის შინაარსის განმარტებით, დადგენლად მიიჩნია, რომ მოპასუხეს ჰქონდა, მხოლოდ ინფორმაცია, რომ მოსარჩელემ მიწის შესაძენად თანხა გადასცა ნათესავს (რძალს) და ეს თანხა დაუბრუნდა უკან. მესამე პირთან წარუმატებელი მოლაპარაკებების შემდეგ, მოსარჩელისა და მოპასუხის შეთანხმებით, მოსარჩელის ბიზნესსაქმიანობის ხელშეშლის თავიდან ასაცილებლად, მოსარჩელეს საკუთრებაში დარეგისტრირდა მოპასუხის კუთვნილი უძრავი ქონება, სადაც დაიგეგმა შესაბამისი საამქროს გამართვა და დაიწყო მოსამზადებელი სამუშაოები. ამ გარიგების დადებით, მოპასუხემ შეწყვიტა მესამე პირის ნაკვეთის მოსარჩელისათვის შეძენის მოლაპარაკებები, რაც ცნობილი იყო მოსარჩელისთვის. მესამე პირს კვლავ ჰქონდა თავისი ნივთის გაყიდვის სურვილი. მოპასუხე დაინტერესდა ნაკვეთის შეძენით და მიუხედავად იმისა, რომ მისთვის ცნობილი იყო დოკუმენტაციასთან დაკავშირებული პრობლემები (სხვა ნაკვეთთან გადაფარვის გამო, საჯარო რეესტრში რეგისტრაცია შეუძლებელი იყო), 24.12.2010 წ. მესამე პირთან სანოტარო წესით გააფორმა ნასყიდობის ხელშეკრულება, თუმცა შეძენილი ნივთი საჯარო რეესტრში საკუთრებაში დაირეგისტრირა დოკუმენტაციასთან დაკავშირებული პრობლემების აღმოფხვრის შემდეგ, 12.11.2015 წელს.
4. გადაწყვეტილება უცვლელად იქნა დატოვებული ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 31 მარტის განჩინებით.
5. სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია განჩინების პპ: 1, 3 -ით დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები.
6. სააპელაციო პალატამ სარჩელის მოთხოვნა შეამოწმა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდეგში: სსკ-ის) 709-ე, 715-716-ე მუხლების საფუძველზე და განმარტა, რომ ნივთზე საკუთრების უფლების შეძენა ხორციელდება კანონით ან ხელშეკრულებით. სსკ-ის 103-ე მუხლის თანახმად, გარიგება შეიძლება დაიდოს წარმომადგენლის მეშვეობითაც, რომლის უფლებამოსილება ან კანონიდან გამომდინარეობს ანდა წარმოიშობა დავალების (მინდობილობის) საფუძველზე. სსკ-ის 107-ე მუხლის თანახმად, უფლებამოსილების (რწმუნებულების) მიცემა ხდება რწმუნებულის ან, იმ მესამე პირის მიმართ ნების გამოვლენით, რომელთანაც უნდა შედგეს წარმომადგენლობა; ნების გამოვლენას არ სჭირდება ის ფორმა, რომელიც აუცილებელია იმ გარიგების დასადებად, რომლისთვისაც გაცემულია უფლებამოსილება. ეს წესი არ გამოიყენება მაშინ, როცა დადგენილია სპეციალური ფორმა. ასეთ განსხვავებულ, იმპერატიულ ფორმას ადგენს სსკ-ის 183-ე მუხლი, რომლის მიხედვით, უძრავი ნივთის შესაძენად აუცილებელია გარიგების წერილობითი ფორმით დადება და შემძენზე ამ გარიგებით განსაზღვრული საკუთრების უფლების რეგისტრაცია საჯარო რეესტრში. მართალია, სსკ-ის 709-ე მუხლის მიხედვით, დავალების ხელშეკრულებისათვის ფორმა დადგენილი არ არის, თუმცა სკ-ის 107.2 და 183-ე მუხლის მოთხოვნების გათვალისწინებით, როდესაც გარიგება ეხება უძრავ ნივთს აუცილებელია წერილობითი ფორმით დადებული მინდობილობის არსებობა. ამდენად, მარწმუნებლის სახელით უძრავი ნივთის შესაძენად, კონკრეტული პირი წარმომადგენლის სტატუსს იძენს, სწორედ მის მიმართ, სანოტარო წესით გაცემული მინდობილობით. განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელემ ვერ დაადასტურა, რომ მხარეთა შორის არსებობდა უძრავი ნივთის შეძენაზე დავალების ხელშეკრულება და მოპასუხემ სწორედ მოსარჩელის დავალების საფუძველზე შეიძინა მესამე პირისაგან სადავო უძრავი ქონება. მოსარჩელემ, წარმოადგინა თავისი ახსნა-განმარტება და გამოძიებაში შედგენილი, მოპასუხის და ე. კ--ს გამოკითხვის ოქმები (ს.ფ.25-29). თავის მხრივ, მოპასუხემ, სადავო გახადა მესამე პირისაგან უძრავი ქონების შეძენისას მოსარჩელესთან დავალების ურთიერთობის არსებობა და მიუთითა, რომ უძრავი ქონება თავისთვის შეიძინა. ვინაიდან, უძრავი ქონების შესაძენად, დავალების ურთიერთობის არსებობისათვის აუცილებელია წერილობითი ფორმით დადებული გარიგება-მინდობილობა, რაც განსახილველ შემთხვევაში, არ არსებობს, სააპელაციო პალატამ მოსარჩელის ახსნა-განმარტება და გამოძიებაში შედგენილი გამოკითხვის ოქმები, არ მიიჩნია სადავო ურთიერთობის-დავალების ხელშეკრულების არსებობის დამადასტურებელ სათანადო მტკიცებულებად.
7. სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა აპელანტმა, რომელმაც მისი გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.
8. კასატორი აღნიშნავს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ გადაწყვეტილების მიღებისას ყურადღება გაამახვილა იმ ფაქტობრივ გარემოებებზე, რაც გულისხმობს მოწინააღმდეგე მხარის მიერ კასატორისაგან მიწის ნაკვეთის შესაძენად საჭირო თანხის მიღებას. საკასაციო საჩივრის ავტორის მითითებით, პირველი ინსტანციის სასამართლომ მიიჩნია, რომ მოწინააღმდეგე მხარისათვის 2 000 აშშ დოლარის გადაცემის ფაქტი არ დადგინდა. კასატორი აღნიშნავს, რომ სააპელაციო პალატამ არ მიიჩნია საკმარისად საქმეში არსებული მოწინააღმდეგე მხარის წერილობითი განმარტება, რომელიც ადასტურებს ამ უკანასკნელის მიერ 2 000 აშშ დოლარის კასატორისაგან მიღების და შემდეგ დაბრუნების ფაქტს. კასატორის განმარტებით, აღნიშნულს მოწინააღმდეგე მხარე ადასტურებდა პირველი ინსტანციისა და სააპელაციო სასამართლოს სხდომებზე, თუმცა სასამართლოს მიერ არ იქნა მტკიცებულებად მიჩნეული.
9. საკასაციო საჩივრის ავტორი აღნიშნავს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ არ იმსჯელა დავალების ხელშეკრულების ზეპირ ფორმასთან დაკავშირებულ სამართლებრივ საკითხებზე. მისი განმარტებით, სააპელაციო სასამართლომ სამართლებრივად შეაფასა მოწინააღმდეგე მხარესა და კასატორს შორის დადებული დავალების ხელშეკრულება, თუმცა, სააპელაციო პალატამ არ გაითვალისწინა ის მნიშვნელოვანი საკითხი, რომლის მიხედვითაც ორივე მხარე ორივე ინსტანციის სასამართლო სხდომებზე აცხადებდა, რომ კასატორმა მოწინააღმდეგე მხარეს თანხა გადასცა მიწის ნაკვეთის შესაძენად. ეს უკანასკნელი მოწინააღმდეგე მხარეს უნდა გაეფორმებინა არა თავის სახელზე, არამედ კასატორის ნათესავის - ინდირას სახელზე. საჩივრის ავტორის განმარტებით, აღნიშნული წარმოადგენდა დავალების ხელშეკრულების ცალსახა მოთხოვნას. სააპელაციო სასამართლომ კი, იმსჯელა უძრავი ნივთის ნასყიდობასთან დაკავშირებული ხელშეკრულების ფორმასა და შინაარსზე, რაც კასატორის აზრით, ნორმის არასწორი გამოყენებაა.
10. კასატორი განმარტავს, რომ სსკ-ის 107-ე და 183-ე მუხლები ეხება არა დავალების ხელშეკრულებიდან გამომდინარე სამართლებრივ ურთიერთობას, არამედ ზოგადად, უძრავი ნივთის მესაკუთრესა და ნივთის შემძენს შორის სამართლებრივი ურთიერთობის მოწესრიგებას, სადაც აუცილებელ მოთხოვნას წარმოადგენს წერილობითი, სათანადო წესით დამოწმებული ხელშეკრულების გაფორმება - შემდგომ საკუთრების უფლების წარმოშობის საფუძველი, ხელშეკრულების საჯარო რეესტრში დარეგისტრირება.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
11. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 27 ივნისის განჩინებით საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სსსკ-ის 396-ე მუხლით და 391-ე მუხლის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად.
12. საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც, მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად.
13. განსახილველ შემთხვევაში, სარჩელი აღძრულია მოპასუხის საკუთრებაში რეგისტრირებული სადავო უძრავი ქონების მესაკუთრედ აღიარებისა და მის მესაკუთრედ აღრიცხვის მოთხოვნით, ხოლო სარჩელის დაკმაყოფილების საფუძვლად, მოსარჩელე მიუთითებს მოპასუხის მიერ სადავო უძრავი ქონების დავალების ხელშეკრულების საფუძველზე შეძენის ფაქტზე, რაც შეძენილი ქონების დავალების გამცემი პირის სახელზე აღრიცხვას უკავშირდება.
14. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სსსკ-ის მე-4 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. აღნიშნულიდან გამომდინარე, საქმის განმხილველი სასამართლოსათვის სავალდებულოა სარჩელის ფაქტობრივი საფუძვლები. სარჩელის საფუძველი არის იმ ფაქტების ერთობლიობა, რომლებიც ასაბუთებენ, ამართლებენ მოსარჩელის სასარჩელო მოთხოვნას. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საქმის განმხილველი სასამართლო შეზღუდულია მხოლოდ მხარის მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოებებით, რაც შეეხება სამართლის ნორმების გამოყენებას, სასამართლო, საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების შეფასებით, ადგენს თუ რა სამართლებრივი ურთიერთობა არსებობს მხარეთა შორის და ამ ურთიერთობის მარეგულირებელი სამართლებრივი ნორმების საფუძველზე აკმაყოფილებს ან არ აკმაყოფილებს სარჩელს. საგულისხმოა, ისიც, რომ შეჯიბრებითობის პრინციპის საფუძველზე, მოპასუხე უფლებამოსილია მიუთითოს სასარჩელო ხანდაზმულობაზე, რაც, მისი დადასტურების შემთხვევაში, წარმოადგენს სარჩელის დაკმაყოფილების ხელშემშლელ შესაგებელს.
15. მოცემულ შემთხვევაში, დაუდასტურებელია მოსარჩელის მიერ, მესამე პირის მიწის ნაკვეთის შესაძენად, მოპასუხისათვის 2000 აშშ დოლარის გადაცემა, ხოლო საქმეში წარმოდგენილი, მოპასუხის 07.11.2015წ. გამოკითხვის ოქმის შინაარსით დადგენილია, რომ მოპასუხეს ჰქონდა, მხოლოდ ინფორმაცია, რომ მოსარჩელემ მიწის შესაძენად თანხა გადასცა ნათესავს (რძალს) და ეს თანხა დაუბრუნდა უკან. მესამე პირთან წარუმატებელი მოლაპარაკებების შემდეგ, მოსარჩელისა და მოპასუხის შეთანხმებით, მოსარჩელის ბიზნესსაქმიანობის ხელშეშლის თავიდან ასაცილებლად, მოსარჩელეს საკუთრებაში დარეგისტრირდა მოპასუხის კუთვნილი უძრავი ქონება, სადაც დაიგეგმა შესაბამისი საამქროს გამართვა და დაიწყო მოსამზადებელი სამუშაოები. ამ გარიგების დადებით, მოპასუხემ შეწყვიტა მესამე პირის ნაკვეთის მოსარჩელისათვის შეძენის მოლაპარაკებები, რაც ცნობილი იყო მოსარჩელისთვის. მესამე პირს კვლავ ჰქონდა თავისი ნივთის გაყიდვის სურვილი. მოპასუხე დაინტერესდა ნაკვეთის შეძენით და მიუხედავად იმისა, რომ მისთვის ცნობილი იყო დოკუმენტაციასთან დაკავშირებული პრობლემები (სხვა ნაკვეთთან გადაფარვის გამო, საჯარო რეესტრში რეგისტრაცია შეუძლებელი იყო), 24.12.2010 წ. მესამე პირთან სანოტარო წესით გააფორმა ნასყიდობის ხელშეკრულება, თუმცა შეძენილი ნივთი საჯარო რეესტრში საკუთრებაში დაირეგისტრირა დოკუმენტაციასთან დაკავშირებული პრობლემების აღმოფხვრის შემდეგ, 12.11.2015 წელს.
16. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გასაქარწყლებლად, კასატორს დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია არ წარმოუდგენია. შესაბამისად, გასაზიარებელია სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასების ნაწილიც, რომელშიც აღნიშნულია, რომ მოსარჩელემ ვერ დაადასტურა მხარეთა შორის უძრავი ნივთის შეძენაზე დავალების ხელშეკრულების არსებობა და ამ ხელშეკრულების ფარგლებში, მოპასუხისათვის სადავო უძრავი ნივთის შესაძენად თანხის გადაცემა. მოსარჩელემ, წარმოადგინა თავისი ახსნა-განმარტება და გამოძიებაში შედგენილი, მოპასუხის და ე. კ--ს გამოკითხვის ოქმები (ს.ფ.25-29), თუმცა, მათი გაზიარების შესაძლებლობა გამორიცხა მოპასუხის შედავებამ, რომელმაც თავის მხრივ, სადავო გახადა მესამე პირისაგან უძრავი ქონების შეძენისას მოსარჩელესთან დავალების ურთიერთობის არსებობა და მიუთითა, რომ უძრავი ქონება თავისთვის შეიძინა. ვინაიდან, მოსარჩელემ უძრავი ქონების შესაძენად, დავალების ურთიერთობის ზეპირი შეთანხმების გარდა, სხვა სარწმუნო მტკიცებულებაზე ვერ მიუთითა, სარჩელი დავალების ხელშეკრულების ფარგლებში შეძენილ უძრავ ქონებაზე საკუთრების უფლების აღიარებისა და მის მესაკუთრედ აღრიცხვის შესახებ, სწორად იქნა უარყოფილი.
17. ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში, არ იკვეთება საკასაციო საჩივრის დასაშვებობის სსსკ-ის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული რომელიმე საფუძვლის არსებობა, ვინაიდან ნორმის დანაწესით საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. როგორც საქმის მასალებით ირკვევა, სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით, ვინაიდან სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან, არც დასაბუთებული პოზიციაა წარმოდგენილი ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასთან ანდა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალთან წინააღმდეგობის საფუძვლით.
18. ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისითაც, ვინაიდან უძრავი ქონების შეძენის თაობაზე დავალების ხელშეკრულებასთან დაკავშირებულ სამართლებრივ საკითხებზე არსებობს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა.
19. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი დაუშვას საკასაციო საჩივარი, რის გამოც, საკასაციო საჩივარს უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
20. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ა- ხ---ას საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;
2. კასატორს ა- ხ---ას უკან დაუბრუნდეს ვ--იას მიერ 2017 წლის 27 ივნისს საგადასახადო დავალება N0 გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან (300 ლარი) 210 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 3 0077 3150.
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ზ. ძლიერიშვილი
მოსამართლეები: ნ. ბაქაქური
ბ. ალავიძე