№340210015001186000
საქმე №ას-745-697-2017 31 ივლისი, 2017 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ზურაბ ძლიერიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ნინო ბაქაქური, ბესარიონ ალავიძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი – მ- მ–ი (მოპასუხე,აპელანტი)
მოწინააღმდეგე მხარე - სს „ს-ი“ (მოსარჩელე, მოწინააღმდეგე მხარე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 22 მარტის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნება
დავის საგანი – საკრედიტო ხელშეკრულების შეწყვეტა, მოპასუხეებისთვის თანხის დაკისრება და საკრედიტო ხელშეკრულების უზრუნველსაყოფად იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონების რეალიზაცია
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. სს „ს--სა“ (შემდეგში: მოსარჩელე ან ბანკი) და ნ- მ–ს (შემდეგში: მოვალე) შორის 2014 წლის 21 მაისს დაიდო გენერალური საკრედიტო ხაზის ხელშეკრულება №000053493, რომლის მიხედვით მსესხებელზე გამოიყო საკრედიტო ლიმიტი 150000 აშშ დოლარი ან ექვივალენტი სხვა ვალუტაში.
2. აღნიშნული ხელშეკრულებიდან გამომდინარე 2014 წლის 23 დეკემბერს გაფორმდა შემადგენელი საკრედიტო ხელშეკრულება №2357751, რომლითაც მოპასუხეზე გაიცა კრედიტი 38 000 აშშ დოლარის ოდენობით, 60 თვის ვადით, წლიური 13%-იანი საპროცესო განაკვეთით. პირგასამტეხლო გათვალისწინებული იქნა 0,5%-ის ოდენობით ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე. მოპასუხეს სესხის დაფარვა უნდა ეწარმოებინა საკრედიტო ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობებით და ხელშეკრულებაზე თანდართული გრაფიკის მიხედვით.
3. საბანკო კრედიტის ხელშეკრულების უზრუნველყოფის მიზნით მ-- მ–თან (შემდეგში: მოპასუხე ან აპელანტი ან კასატორი ან პირველი თავდები), ა--- მ–თან (შემდეგში: მე-2 თავდები) და მ- ლ-თან (შემდეგში: მე-3 თავდები) გაფორმდა თავდებობის ხელშეკრულება, რომლითაც თავდებებმა იკისრეს სოლიდარული პასუხისმგებლობა მსესხებლის მიერ ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში.
4. სესხი უზრუნველყოფილ იქნა იპოთეკის ხელშეკრულებებით, რომლის თანახმად იპოთეკით დაიტვირთა თავდებისა და მოვალის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება.
5. იპოთეკის ხელშეკრულებების 8.4. პუნქტით მხარეები შეთანხმდნენ, იმ შემთხვევაში თუ, იპოთეკით დატვირთული ქონების რეალიზაციის შედეგად ამონაგები თანხა არ იქნება საკმარისი მოსარჩელის მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად, აღსრულება მიექცევა მსესხებლის სხვა ქონებაზე.
6. მოპასუხის მიერ კრედიტის მოქმედების პერიოდში ხდებოდა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების არაჯეროვნად შესრულება, რაც გამოიხატა ხელშეკრულების გრაფიკის, ვადებისა და პირობების არაერთგზის დარღვევაში.
7. ბანკმა სარჩელით მიმართა სასამართლოს, მოვალის, პირველი, მე-2 და მე-3 თავდები პირების მიმართ საკრედიტო ხელშეკრულების შეწყვეტის, მოპასუხეებისთვის თანხის დაკისრებისა და საკრედიტო ხელშეკრულების უზრუნველსაყოფად იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონების რეალიზაციის გამოთხოვის მოთხოვნით.
8. მოპასუხე მხარემ დაადასტურა კრედიტის დაფარვის გრაფიკის დარღვევის ფაქტობრივი გარემოება და აღიარა დავალიანების არსებობა 37 688,46 აშშ დოლარის ოდენობით, საიდანაც ძირი თანხაა 35321.16 აშშ დოლარი, პროცენტი 1967.30 აშშ დოლარი და პირგასამტეხლო - 400 აშშ დოლარი.
9. გურჯაანის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 30 ივნისის გადაწყვეტილებით შეწყდა მხარეთა შორის გაფორმებული საკრედიტო ხაზით მომსახურების ხელშეკრულება და მისგან გამომდინარე ხელშეკრულებები და მოვალეს, პირველ, მე-2 და მე-3 თავდებ პირებს ბანკის სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისრათ დავალიანება 37 688,46 აშშ დოლარი, საიდანაც ძირი თანხაა 35 321.16 აშშ დოლარი, პროცენტი 1967.30 აშშ დოლარი და პირგასამტეხლო - 400 აშშ დოლარი. დავალიანების დაფარვის მიზნით სარეალიზაციოდ მიექცა პირველი თავდებისა და მოვალის უძრავი ქონება. ამავე გადაწყვეტილებით დადგინდა, რომ იმ შემთხვევაში თუ იპოთეკით დატვირთული ქონების რეალიზაციის შედეგად ამონაგები თანხა არ იქნება საკმარისი მოსარჩელის მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად, აღსრულება მიექცეს მოპასუხეთა საკუთრებაში არსებულ სხვა ქონებაზე.
10. გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გასაჩივრდა მხოლოდ პირველი თავდების მიერ.
11. გადაწყვეტილება უცვლელად დატოვა თბილისის სააპელაციო სასამართლომ.
12. აღსანიშნავია, რომ აპელანტმა გასაჩივრებულ გადაწყვეტილება სადავოდ გახადა მხოლოდ მის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების რეალიზაციის ნაწილში. აპელანტს პრეტენზია არ ჰქონდა სასარჩელო მოთხოვნის ცნობის ნაწილში.
13. შესაბამისად, სააპელაციო პალატამ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში: სსსკ-ის) მე-3 მუხლზე, რომელიც მხარეს აძლევს შესაძლებლობას მისი უფლების სასამართლო წესით დაცვის რეალიზაცია მოახდინოს მხოლოდ საკუთარი ნების თავისუფლად გამოვლენის საფუძველზე, მასვე ეძლევა სრული შესაძლებლობა, საპროცესო კანონმდებლობის სხვა პრინციპების გათვალისწინებით, გარკვეულწილად თავადვე განაპირობოს საქმის წარმოების შედეგი. სააპელაციო პალატის განმარტებით, აღნიშნული თვალნათლივ იკვეთება ამავე მუხლის მე-2 ნაწილის დანაწესში, სადაც განსაზღვრულია, რომ მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ. მოსარჩელეს შეუძლია უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხეს – ცნოს სარჩელი. მოცემულ შემთხვევაში, დისპოზიციურობის პრინციპის ფარგლებში, მხარემ პირველ ინსტანციის ეტაპზე საქმის განხილვისას სრულად ცნო სასარჩელო მოთხოვნა, რომელიც თანხის გადაუხდელობის შემთხვევაში ასევე მოიცავდა უძრავი ქონების რეალიზაციის დადგენას, რითაც მან განკარგა კანონმდებლობით მისთვის მინიჭებული პროცესუალური შესაძლებლობანი.
14. სააპელაციო პალატამ უარყო აპელანტის პრეტენზია მისი უძრავი ქონების რეალიზაციის დაუშვებლობის თაობაზე, შემდეგ გარემოებათა გამო: საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდეგში: სსკ-ის) 286-ე მუხლის თანახმად, უძრავი ნივთი შეიძლება ისე იქნეს გამოყენებული (დატვირთული) მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად, რომ უზრუნველყოფილ კრედიტორს მიეცეს უფლება, სხვა კრედიტორებთან შედარებით პირველ რიგში მიიღოს თავისი მოთხოვნის დაკმაყოფილება ამ ნივთის რეალიზაციით ან მის საკუთრებაში გადაცემით (იპოთეკა). ამდენად, იპოთეკა სანივთო სამართლებრივი გარიგებაა, რომელიც უზრუნველყოფს ვალდებულებას. მისი არსი და დანიშნულება არსებული ვალდებულების უზრუნველყოფაა და მის გარეშე არ არსებობს. იპოთეკა აქცესორული უფლებაა და სსკ-ის 153-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, იგი არ წარმოიშობა და არც შეიძლება არსებობდეს ძირითადი უფლების გარეშე. ამავე კოდექსის 301-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად კი თუ მოვალე არ დააკმაყოფილებს მოთხოვნას, რომლის უზრუნველყოფის საშუალებაც არის იპოთეკა, იპოთეკარი უფლებამოსილია, მოითხოვოს უძრავი ნივთის რეალიზაცია, თუ იპოთეკის ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. ამავე მუხლის 11 ნაწილის თანახმად, მოთხოვნა, რომლის უზრუნველყოფის საშუალებაც არის იპოთეკა, დაკმაყოფილებულად ითვლება იმ შემთხვევაშიც, როდესაც იპოთეკით დატვირთული უძრავი ნივთის რეალიზაციიდან ამონაგები თანხა საკმარისი არ არის იპოთეკით უზრუნველყოფილი მოთხოვნის დასაფარავად, თუ კანონით ან მხარეთა შეთანხმებით სხვა რამ არ არის დადგენილი.
15. სააპელაციო პალატამ განმარტა, რომ უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებისას გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება მოვალისა და კრედიტორის ნებას, კერძოდ, მოვალის (უძრავი ქონების მესაკუთრის) სურვილს, გარკვეული რისკის ქვეშ დააყენოს უძრავი ქონება, რითაც ქმნის ნაკისრი ვალდებულებების შესრულების გარანტიასა და კრედიტორის სურვილს, გასცეს თანხა, სანაცვლოდ მიიღოს უზრუნველყოფის ღონისძიება გარანტიად, რომლითაც უპირობოდ დაკმაყოფილდება მისი მოთხოვნა მოვალის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში.
16. მოცემულ შემთხვევაში, აპელანტი სადავოდ არ მიიჩნევდა 2014 წლის 22 დეკემბრის იპოთეკის ხელშეკრულების დადებისას მის მიერ გამოხატული ნების ნამდვილობას, რაც იმას ნიშნავდა, რომ მისთვის ცნობილი იყო ამ ხელშეკრულების შინაარსი და აცნობიერებდა ხელმოწერით გამოხატული ნების სამართლებრივ შედეგს, რაც კონკრეტულ შემთხვევაში, მოვალის მხრიდან ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში, იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონების რეალიზაციას მოიზრებდა. შესაბამისად იმ პირობებში, როდესაც მოვალემ და მისმა სოლოდარულმა თავდებებმა 2014 წლის 21 მაისსი გენერალური საკრედიტო ხაზის ხელშეკრულებიდან გამომდინარე არ შესრულეს ნაკისრი ვალდებულებები, რომლის უზრუნველყოფის მიზნითაც იპოთეკით არის დატვირთული აპელანტის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება, მისი პრეტენზია იპოთეკის საგნის რეალიზაცისთან მიმართებით უსაფუძვლო იყო.
17. ამასთან, პალატა დაეთანხმა აპელანტის მოსაზრებას, რომ ქონების რეალიზაცია არის უკიდურესი ღონისძიება კრედიტორის მიერ მოთხოვნის დაკმაყოფილებისათვის, რომლის თავიდან აცილებაც შესაძლებელია, მოვალეთა მიერ ვალდებულების დროული, ჯეროვანი და სათანადო შესრულებით და იმ შემთხვევაში, თუ მოპასუხეები დროულად შეასრულებენ გასაჩივრებული გადაწყვეტილებით დაკისრებულ ვალდებულებებს, შეძლებენ თავიდან იქნეს აცილებული იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონებების რეალიზაცია.
18. გადაწყვეტილების გასაჩივრებულ ნაწილში გაუქმების საფუძვლად არ იქნა მიჩნეული აპელანტის პრეტენზია, იმასთან დაკავშირებით, რომ მოსარჩელის მიერ უარყოფილი იქნა მათი შეთავაზება დავალიანების განაწილვადების თაობაზე, რადგან აღნიშნული (მორიგება) შეიძლება განხორციელდეს მხოლოდ მხარეთა ორმხრივი ნების არსებობისა და მათ შორის კონსესუსის მიღწევის პირობებში, რასაც კონკრეტულ შემთხვევაში, ადგილი არ ჰქონია. პირიქით, მოპასუხეებმა პირველი ინსტანციაში სრულად ცნეს სარჩელი, რაც საფუძლად დაედო სასამართლოს მიერ სარჩელის სრულად დაკმაყოფილებას.
19. ამასთან, პალატამ მიუთითა, რომ მხარეთა შორის მორიგება დასაშვებია და შესაძლებელია საქმის განხილვის ნებისმიერ ეტაპზე, მათ შორის გადაწყვეტილების აღსრულებისას და ის გარემოება რომ მოცემულ ეტაპამდე მხარეებმა ვერ შეძლეს მორიგება, ეს არ გამორიცხავს მათ შორის მორიგების შესაძლებლობას საქმის წარმოების მომდევნო ეტაპებზე.
20. სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა აპელანტმა, რომელმაც მისი გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.
21. კასატორის მიერ წარმოდგენილი პრეტენზია მისი სააპელაციო საჩივრის საფუძვლების იდენტურია, სახელდობრ, კასატორის განმარტებით, ქონების რეალიზაცია არის უკიდურესი ღონისძიება კრედიტორის მოთხოვნის დაკმაყოფილებისათვის. ამ ეტაპისთვის კი, მოვალეს აქვს შემოსავალი და ვალის განაწილვადების შემთხვევაში, შესძლებს ნაკისრი ვალდებულების შესრულებას, რის გამოც, მიზანშეწონილი არ არის ვალის უზრუნველყოფის მიზნით პირველი თავდების კუთვნილი ბინის რეალიზაცია, რომელიც წარმოადგენს მის ერთადერთ საცხოვრებელ ადგილს.
22. იმავდროულად, კასატორი აღნიშნავს, რომ ფინანსური მდგომარეობის გაუარესებამდე მოვალე კეთილსინდისიერად ასრულებდა ნაკისრ ვალდებულებას. ამ ეტაპისთვისაც მოვალეები სრულად აღიარებენ ბანკის წინაშე არსებულ დავალიანებას. მოვალეთა მიერ არაერთხელ იქნა შეთავაზებული ბანკისათვის ახალი გრაფიკის შედგენა, მათ შორის წერილობითი, რაც იგნორირებული იქნა კრედიტორის მიერ (იხ., საკასაციო საჩივრის საფუძვლები (მიზეზები) - ტ.2. ს.ფ. 73).
23. კასატორი შუამდგომლობს საქმეში მოვალის დაინტერესებულ პირად ჩაბმაზე.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
24. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 16 ივნისის განჩინებით საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სსსკ-ის 396-ე მუხლით და 391-ე მუხლის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად.
25. საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც, მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად.
26. საკასაციო პალატა გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასაბუთებულობის შემოწმებისა და წარმოდგენილი საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობის კვლევის შედეგად ასკვნის, რომ წარმოდგენილი არ არის დასაშვები და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია (შედავება), შემდეგ გარემოებათა გამო:
27. კასატორის მოთხოვნას გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნება წარმოადგენს, თუმცა, კასატორის მიერ არ არის წარმოდგენილი გასაჩივრებული განჩინების გაუქმების და საქმის ხელახლა დაბრუნებისათვის ვარგისი საკასაციო პრეტენზია. კასატორის მიერ წარმოდგენილი პრეტენზია არის მის მიერ წარდგენილი სააპელაციო საჩივრის საფუძვლების იდენტური, სახელდობრ, იგი ქონების იძულებითი რეალიზაციის ფორმის უკიდერუსობაზე მიუთითებს და არ ეთანხმება ამ ნაწილში სასამართლოს გადაწყვეტილებით დამდგარ იურიდიულ შედეგს. იმავდროულად, მიუთითებს მოვალის ფინანსური მდგომარეობის გაუმჯობესებასა და განაწილვადების შემთხვევაში, ბანკის ვალის ეტაპობრივი დაფარვის შესაძლებლობაზე. იგი ასევე მოითხოვს დაინტერესებულ პირად მოვალის ჩაბმას საქმეში.
28. პირველ რიგში, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ შუამდგომლობა დაინტერესებულ პირად საქმის წარმოების ამ ეტაპზე მოვალის ჩართვის შესახებ არ გააჩნია ვარგისი საპროცესო-სამართლებრივი საფუძველი, გამომდინარე იქიდან, რომ საქმის მასალებით ირკვევა, რომ მოვალე წარმოადგენდა ბანკის მოთხოვნის მოპასუხეს, რომლის მიმართ გამოტანილი გადაწყვეტილება ამ უკანასკნელს სააპელაციო წესითაც კი, გაუსაჩივრებია. შესაბამისად, იგი ინფორმირებულია მის მიმართ ბანკის პრეტენზიის, კასატორის და უშუალოდ მის მიმართ დამდგარი იურდიული შედეგის შესახებ და აღნიშნულს სადავოდ არ მიიჩნევს.
29. რაც შეეხება მოვალის მიმართ კრედიტორის დავალიანების განწილვადების შესაძლებლობას, საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ აღნიშნული მხარეთა დისპოზიციური ნებაა, როგორც სასამართლოში საქმის განხილვის ეტაპზე, ისე, სასარჩელო წარმოების დაწყებამდე თუ მისი დასრულების შემდეგ. აღნიშნული საკითხი აპელანტს ამომწურავად განემარტა სააპელაციო პალატის გასაჩივრებული განჩინებითაც იხ., პ: 18. რაც შეეხება პრეტენზია ქონების იძულებითი რელიზაციის უკიდურესი ფორმის გამოყენების მიზაშეწონილობასთან მიმართებით, საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ მატერილაურ-სამართლებრივი თვალსაზრისით, მხარეებმა თვითონ განსაზღვრეს ეს ფორმა ბანკის მოთხოვნის უზრუნველსაყოფად [სსკ-ის 286-ე, 153-ე, 301-ე მუხლები]. იმავდროულად, გასაზიარებელია მოსაზრება ქონების რეალიზაციის უკიდურესი ფორმის გამოყენების მიზანშეწონილობასთან დაკავშირებითაც, თუმცა საგულისხმოა, რომ დისპოზიციურობის პრინციპის ფარგლებში, მხარემ პირველ ინსტანციაში საქმის განხილვისას სრულად ცნო სარჩელი, რომელიც თანხის გადაუხდელობის შემთხვევაში, ასევე მოიცავდა უძრავი ქონების რეალიზაციის დადგენას, რითაც მან განკარგა კანონმდებლობით მისთვის მინიჭებული პროცესუალური შესაძლებლობანი.
30. ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში, არ იკვეთება საკასაციო საჩივრის დასაშვებობის სსსკ-ის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული რომელიმე საფუძვლის არსებობა, ვინაიდან ნორმის დანაწესით საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. როგორც საქმის მასალებით ირკვევა, სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით, ვინაიდან სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან, არც დასაბუთებული პოზიციაა წარმოდგენილი ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასთან ანდა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალთან წინააღმდეგობის საფუძვლით.
31. ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისითაც, ვინაიდან საბანკო კრედიტის, იპოთეკით დატვირთულ, აგრეთვე, თავდებობით უზრუნველყოფილ ქონების რეალიზების სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით არსებობს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა.
32. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი დაუშვას საკასაციო საჩივარი, რის გამოც, საკასაციო საჩივარს უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
33. კასატორი გათავისუფლებულია სახელწიფო ბაჟის გადახდისაგან.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. მ- მ–ის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;
2. შუამდგომლობა საქმეში ნ- მ-–ის დაინტერესებულ პირად ჩართვის შესახებ, არ დაკმაყოფილდეს;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ზ. ძლიერიშვილი
მოსამართლეები: ნ. ბაქაქური
ბ. ალავიძე