Facebook Twitter

№0102-0016001225760

საქმე №ას-752-703-2017 31 ივლისი, 2017 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ზურაბ ძლიერიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ნინო ბაქაქური, ბესარიონ ალავიძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი – ს- ლ-ო (მოსარჩელე, აპელანტი)

მოწინააღმდეგე მხარე - ა- ლ-ო (მოპასუხე, მოწინააღმდეგე მხარე)

გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 20 თებერვლის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში და სარჩელის სრულად დაკმაყოფილება

დავის საგანი – ქონების თანამესაკუთრედ ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. ს- ლ-ო (შემდეგში: მოსარჩელე ან აპელანტი ან კასატორი ან დედა) და ა- ლ-ო (შემდეგში: მოპასუხე ან მოწინააღმდეგე მხარე ან მამა) დაქორწინდნენ 2002 წლის 15 აგვისტოს.

2. ქორწინების პერიოდში მათ შეეძინათ ორი შვილი: 2003 წლის 4 ივნისს - გ- ლ-ო, ხოლო 2011 წლის 22 თებერვალს - ა- ლ-ო (შემდეგში - მხარეთა არასრულწლოვანი შვილები).

3. 2016 წლის 4 მარტს მხარეები განქორწინდნენ.

4. განქორწინების შემდეგ შვილები საცხოვრებლად დარჩნენ დედასთან, ხოლო მამას დაეკისრა ალიმენტის გადახდა 2015 წლის 15 დეკემბრიდან მათ სრულწლოვანებამდე.

5. მხარეებმა ერთად ცხოვრების განმავლობაში შეიძინეს ქ. ბათუმში, ფ-ის ქუჩა №113-12-/ჰ. ა-ის ქუჩა №16-ში მდებარე ბინა №41 (ს/კ: 05.2-.2-.0--.0--0--) (შემდეგში: სადავო უძრავი ქონება ან სადავო ბინა), რომელიც საჯარო რეესტრში დარეგისტრირდა მოპასუხის საკუთრების უფლებით. სასამართლოში აღნიშნული საქმის განხილვის დროისათვის სადავო ბინაში ცხოვრობენ დედა და მხარეთა არასრულწლოვანი შვილები.

6. მოსარჩელემ სარჩელი აღძრა მოპასუხის წინააღმდეგ, სადავო ბინის თანამესაკუთრედ ცნობისა და მის 1/2 ნაწილზე საჯარო რეესტრში საკუთრების უფლების რეგისტრაციის მოთხოვნით [საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდეგში - სსკ-ის) 1158-ე და 1168.2 მუხლი].

7. სარჩელის ფაქტობრივ გარემოებად მოსარჩელემ მიუთითა, რომ სადავო უძრავი ქონება მხარეებმა შეიძინეს შავი კარკასის სახით. იმის გათვალისწინებით, რომ მოპასუხე არის მეზღვაური და დროის უმეტეს ნაწილს ატარებს სამსახურში (ზღვაში) სადავო ბინის რემონტი ჩაატარა მოსარჩელემ. 2015 წლიდან მეუღლეთა შორის არსებული ურთიერთობა გაუარესდა, მოპასუხემ შეწყვიტა მხარეთა არასრულწლოვან შვლებთან ურთიერთობა და მათზე ზრუნვა, ემუქრება მეუღლეს ბინიდან გამოსახლებით (იხ., სარჩელის საფუძვლები - ტ.1. ს.ფ. 2).

8. მოპასუხემ თავდაპირველ სარჩელზე წარადგენილი შესაგებლით სადავო გახადა მხოლოდ სადავო ბინის გარემონტებისას მოსარჩელის სახსრების გამოყენება და აღნიშნა, რომ მოსარჩელე დიასახლისია, ხოლო მოპასუხის ხელფასი 9000 აშშ დოლარია. შესაბამისად, სადავო ბინის მოპასუხის სახსრებით გარემონტებაზე მიუთითა. იმავდროულად, დაეთანხმა სადავო ბინაზე მეუღლეთა თანასაკუთრების წარმოშობის ფაქტსა და მორიგების პირობად მოსარჩელეს შესთავაზა ბინის ღირებულების ნახევარი - 42 500 ლარი (იხ., შესაგებელი თავდაპირველ სარჩელზე - ტ.1. ს.ფ. 46, 47).

9. მოგვიანებით, მოსარჩელემ დაზუსტებული სარჩელით ნაცვლად სადავო ბინის ½ ნაწილისა და საკუთრების უფლების აღიარება მოითხოვა, 1/3 ნაწილზე. მოთხოვნის გაზრდის ფაქტობრივ გარემოებად დაასახელა თავდაპირველი სარჩელის წარდგენის შემდეგ, სასამართლო გადაწყვეტილებით მხარეთა შორის ბავშვებთან ურთიერთობის წესის განსაზღვრა და ბავშვების საცხოვრებელ ადგილად დედის საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრა. აგრეთვე, აღნიშნა, რომ მოპასუხე არ ზრუნავს შვილებზე და მათ აღზრდაში მოსარჩელეს არ ეხმარება (იხ., დაზუსტებული სარჩელი - ტ.1. ს.ფ. 90).

10. მოპასუხე სარჩელის გაზდილ მოთხოვნას არ დაეთანხმა.

11. ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 20 ივნისის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ და მოსარჩელე ცნობილ იქნა სადავო უძრავი ქონების თანამესაკუთრედ და აღნიშნული უძრავი ქონების ½ ნაწილი მიეკუთვნა მას. გადაწყვეტილების შესაბამისად, დადგინდა საჯარო რეესტრის მონაცემებში ცვლილების განხორციელება.

12. სარჩელის დაუკმაყოფილებელ ნაწილში, გადაწყვეტილების გაუქმებისა და მოთხოვნის სრულად დაკმაყოფილებაზე მოსარჩელეს უარი ეთქვა სააპელაციო საჩივრის განხილვის ეტაპზეც.

13. ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ სრულად გაიზიარა განჩინების პპ: 1-5.

14. სააპელაციო პალატამ დავა მოაწესრიგა სსკ-ის 1168-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და აღნიშნა, რომ სარჩელი წარმატებული იყო მხოლოდ სადავო ქონებიდან 1/2 წილის მიკუთვნების ნაწილში. სადავო ქონებაში წილის გაზრდის ნაწილში, მოთხოვნა უარყოფილი იქნა. სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ ამ ნაწილში, მოთხოვნის განხორციელებას მოსარჩელე იმ გარემოებაზე დაყრდნობით მოითხოვდა, რომ მასთან შვილები ცხოვრობენ. ამავე მუხლის მე-2 ნაწილი ამგვარ შესაძლებლობას ითვალისწინებდა, თუმცა, მხოლოდ ეს გარემოება ქონებაში ერთ-ერთი მეუღლის წილის გაზრდას საფუძვლად ვერ დაედებოდა. სააპელაციო პალატის მოსაზრებით, აღნიშნული გავლენას ვერ მოახდენდა ბავშვების უფლებრივ და ფაქტობრივ მდგომარეობაზე, რადგანაც ისინი სამართლებრივად და ფაქტობრივადაც იმავე მდგომარეობაში დარჩებიან, რა მდგომარეობაშიც მათი მშობლების წილთა თანაფარდობის შემთხვევაში იქნებოდნენ. ამიტომ, მოსარჩელეს ისიც უნდა მიეთითებინა და დაემტკიცებინა, რომ საერთო ქონებაში მისი წილის გაზრდა ბავშვების ინტერესების დასაცავად აუცილებელი იყო. ამგვარ ფაქტებზე კი, აპელანტს არ მიუთითებია.

15. სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა აპელანტმა, რომელმაც მისი ნაწილობრივი გაუქმება და სადავო ქონების 2/3 ნაწილის მიკუთვნების ნაწილში, სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.

16. საკასაციო საჩივრის ავტორი მიუთითებს, რომ ბავშვები აღსაზრდელად როგორც დე-ფაქტოდ, ასევე, დე-იურედ იმყოფებიან მასთან. მოწინააღმდეგე მხარე არ ზრუნავს შვილებზე, დედას არ ეხმარება ბავშვების რჩენა-აღზრდაში და არ იხდის ალიმენტს. ასევე, არ მოუთხოვია შვილების ნახვა და შესაბამისად რაიმე ფორმით არ დახმარებია მათზე ზრუნვაში. გარდა ამისა, კასატორის განმარტებით, მოწინააღმდეგე მხარეს აინტერესებს მხოლოდ განქორწინების საკითხი და მას გადაწყვეტილი აქვს მეორე ოჯახის შექმნა, შესაბამისად, იგი წინააღმდეგია შერიგებაზე. საკასაციო საჩივრის ავტორის განმარტებით, არ არსებობს რაიმე კონკრეტული მიზეზი ოჯახის დანგრევისა და მოწინააღმდეგე მხარე ვერ ასახელებს აღნიშნულის თაობაზე რაიმე კონკრეტულ მიზეზს.

17. კასატორი აღნიშნავს, რომ მორალური პრინციპებიდან გამომდინარე თავად მოპასუხის მშობლებიც, კერძოდ, დედა ვალდებულია დაეხმაროს მოსარჩელეს და იზრუნონ მისი შვილისშვილების აღზრდაზე; იგი უპირველსყოვლისა უნდა ცდილობდეს მხარეთა შერიგებას. ნაცვლად ამისა, იგი არწმუნებს მის შვილს - მოპასუხეს რომ არ შეურიგდეს მის მეუღლეს, მოწინააღმდეგე მხარე კი დამოუკიდებლად ვერ იღებს გადაწყვეტილებას.

18. საკასაციო საჩივრის ავტორის მითითებით, სააპელაციო სასამართლომ არასწორად განმარტა სსკ -ის 1199-ე მუხლი რომლის თანახმად, მშობლების უფლებები არ უნდა განხორციელდეს ისე, რომ ამით ზიანი მიადგეს ბავშვის ინტერესებს. კასატორი აღნიშნავს, რომ მას არ აქვს სხვა საცხოვრებელი ადგილი და უმუშევარია, ხოლო მოწინააღმდეგე მხარე მეზღვაურია და მისი ხელფასი 14 000 აშშ დოლარს აღემატება. კასატორს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ არასწორად განმარტა სამოქალაქო კოდექსის მე-20 მუხლი, რომლის მე-2 ნაწილის თანახმად, არასრულწლოვანის საცხოვრებელ ადგილად ითვლება მშობლის უფლების მქონე მშობლების საცხოვრებელი ადგილი. ამდენად, სასამართლომ უნდა გაიზიაროს ის ფაქტობრივი გარემოება, რომ დღეის მდგომარეობით, მცირეწლოვანი ბავშვების საცხოვრებელ ადგილს წარმოადგენდა დედის - მოსარჩელის საცხოვრებელი ადგილი.

19. კასატორის განმარტებით, სააპელაციო სასამართლომ არ გამოიყენა სსკ-ის 1198-ე მუხლი რომლის თანახმად, განისაზღვრება მშობლის მოვალეობები შვილის მიმართ. ამ მუხლის 1-ლი, მე-3 და მე-5 ნაწილების თანახმად, მშობლები უფლებამოსილნი და ვალდებულნი არიან, აღზარდონ თავიანთი შვილები, იზრუნონ მათი ფიზიკური, გონებრივი, სულიერი და სოციალური განვითარებისათვის, აღზარდონ ისინი საზოგადოების ღირსეულ წევრებად, მათი ინტერესების უპირატესი გათვალისწინებით; მშობლებს უფლება აქვთ, განსაზღვრონ, თუ ვისთან და სად უნდა იცხოვროს შვილმა; მშობლებს ენიჭებათ უფლება და ეკისრებათ ვალდებულება, ჰქონდეთ ურთიერთობა თავიანთ შვილებთან, განსაზღვრონ თავიანთ შვილებთან მესამე პირთა ურთიერთობის უფლება. კასატორი განმარტავს, რომ კანონის აღნიშნული ნორმების ანალიზით დგინდება, რომ ბავშვის ნორმალური აღზრდისათვის უმთავრესი ვალდებულება და პასუხისმგებლობა სწორედ მშობელს ეკისრება. მშობელია უფლებამოსილი – ბავშვთან დაკავშირებით მიიღოს ყველა ის მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება, რომელსაც მიიჩნევს, ბავშვის ინტერესის უპირატესი გათვალისწინებით, ყველაზე უფრო მიზანშეწონილად და გამართლებულად.

20. საკასაციო საჩივრის ავტორის მითითებით, მოცემულ საქმეზე გასათვალისწინებელია ის გარემოებაც, რომ მოწინააღმდეგე მხარე მეზღავურია და წელიწადის დროის უმეტეს ნაწილს ატარებს საზღვარგარეთ, შესაბამისად, ბავშვებზე ზრუნავს მხოლოდ დედა.

21. კასატორის განმარტებით, სააპელაციო სასამართლომ არ გამოიყენა „ბავშვთა უფლებათა კონვენციის“ მე-9 მუხლი, რომლის პირველი ნაწილის თანახმად, მონაწილე სახელმწიფოები უზრუნველყოფენ, რომ ბავშვი არ დაშორდეს თავის მშობლებს მათი სურვილის საწინააღმდეგოდ, იმ შემთხვევათა გამოკლებით, როცა კომპეტენტური ორგანოები, სასამართლო გადაწყვეტილების თანახმად, სათანადო კანონისა და პროცედურის შესაბამისად განსაზღვრავენ, რომ ასეთი დაშორება აუცილებელია და უკეთ ემსახურება ბავშვის ინტერესებს. ეს შეიძლება აუცილებელი გახდეს ამა თუ იმ კონკრეტულ შემთხვევაში, მაგალითად, როცა მშობლები სასტიკად ექცევიან ბავშვს და არ ზრუნავენ მასზე ან როცა მშობლები ცხოვრობენ ცალ-ცალკე და აუცილებელია ბავშვის საცხოვრებელი ადგილის თაობაზე გადაწყვეტილების მიღება. კასატორი მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში მცირეწლოვანი შვილების დაშორება დედასთან დაუშვებელია.

22. კასატორი აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლომ არასწორად განმარტა სსკ-ის 1168.2 მუხლი, რომლის თანახმად, სასამართლოს შეუძლია გადაუხვიოს მეუღლეთა წილის თანაბრობის საწყისს არასრულწლოვანი შვილების ინტერესების ან ერთ-ერთი მეუღლის ყურადსაღები ინტერესების გათვალისწინებით; კერძოდ, ერთ-ერთი მეუღლის წილი შეიძლება გადიდდეს იმის გათვალისწინებით, რომ მასთან ცხოვრობენ არასრულწლოვანი შვილები. კასატორის განმარტებით, მასთან ცხოვრობს ორი არასრულწლოვანი შვილი და მათზე მზურნველობას ახორციელებს მხოლოდ იგი. ამდენად, მოითხოვს სადავო ბინის მხოლოდ 1/3 ნაწილი მიეკუთვნოს მოწინააღმდეგე მხარეს, ხოლო 2/3 ნაწილი კი, კასატორს.

23. კასატორს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება წილის განაწილების თაობაზე დაუსაბუთებელია, ვინაიდან, ამ ნაწილში სასამართლოს მიერ დამტკიცებულად მიჩნეული გარემოებები ეწინააღმდეგება ერთმანეთს და მოცემულ საქმეზე შესაფასებელია სასამართლოს მიერ დადგენილად მიჩნეული გარემოებები, კერძოდ: გასაჩივრებული გადაწყვეტილების 5.2.3; 5.2.5; 5.2.6 პუნქტების მიხედვით სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ განქორწინების შემდეგ არასრულწლოვანი შვილები საცხოვრებლად დარჩნენ დედასთან (კასატორთან), ხოლო მოწინააღმდეგე მხარეს დაეკისრა ალიმენტის გადახდა 2015 წლის 15 დეკემბრიდან ბავშვების სრულწლოვანებამდე. ამასთან, სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ სადავო ქონების შეძენა 2013 წლის 26 თებერვლის ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე მეუღლეთა ქორწინების განმავლობაში მოხდა და იგი წარმოადგენს მეუღლეთა თანასაკუთრებას. კასატორი აღნიშნავს, რომ სასამართლო ასევე დადგენილად მიიჩნევს, რომ მოწინააღმდეგე მხარე მეზღვაურია და მას აქვს სოლიდური შემოსავალი, ხოლო კასატორი - დიასახლისი. საკასაციო საჩივრის ავტორის განმარტებით, მოცემულ შემთხვევაში, საქმის მასალებით დადგენილია, რომ სადავო ქონების შეძენა ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე მოხდა სწორედ ქორწინების განმავლობაში, შესაბამისად იგი წარმოადგენს მეუღლეთა თანასაკუთრებას, მიუხედავად იმისა, თუ ვის სახელზე აღირიცხა თავის დროზე იგი საჯარო რეესტრის მონაცემებში. კასატორს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებული საკასაციო სასამართლოს მიერ დამტიკებული პრაქტიკის საწინააღმდეგო განმარტება გააკეთა, კერძოდ: სსკ-ის 1164-ე მუხლის შესაბამისად მეუღლეთა საერთო ქონება თითოეული მეუღლის მოთხოვნით შეიძლება გაიყოს როგორც ქორწინების განმავლობაში, ისე მისი შეწყვეტის შემდეგ, ხოლო ამავე კოდექსის 1168-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად დადგენილია, რომ იმ ქონების გაყოფისას, რომელიც მეუღლეთა თანასაკუთრებას წარმოადგენს მეუღლეთა წილი თანაბარია, თუ მათ შორის შეთანხმებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. ამავე ნორმის მეორე ნაწილის შესაბამისად კი, სასამართლოს შეუძლია გადაუხვიოს მეუღლეთა წილის თანაბრობის საწყისს არასრულწლოვანი შვილების ინტერესების ან ერთ-ერთი მეუღლის ყურადსაღები ინტერესების გათვალისწინებით. კერძოდ, ერთ- ერთი მეუღლის წილი შეიძლება გადიდდეს იმის გათვალისწინებით, რომ მასთან ცხოვრობენ არასრულწლოვანი შვილები, რომ ის შრომისუუნაროა, ანდა თუ მეორე მეუღლე ხარჯავდა საერთო ქონებას ოჯახის ინტერესების საზიანოდ. კასატორი აღნიშნავს, რომ მოცემულ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს მეუღლეთა წილის თანაბრობიდან გადახვევის საფუძველი, ვინაიდან საქმის მასალებით არ დგინდება კასატორის შრომისუუნარობა, ან მოწინააღმდეგე მხარის მიერ ოჯახის ინტერესების საწინააღმდეგოდ თანხების დახარჯვის ფაქტი. უფრო მეტიც, როგორც წარმოდგენილი მტკიცებულებებით დგინდება მოწინააღმდეგე მხარის მიერ ხდებოდა სოლიდური თანხების გადაცემა კასატორზე, რომლის მიერაც ხდებოდა სწორედ ოჯახის ინტრესებიდან გამომდინარე თანხების განკარგვა. ამასთან, დადგენილია, რომ სადაო ფართში განთავსებულია თანასაკუთრებაში არსებული საკმაოდ ძვირად ღირებული მოძრავი ნივთები, რომლითაც ამჟამად სარგებლობს კასატორი არასრულწლოვან შვილებთან ერთად და რომლებზედაც როგორც სასამართლო სხდომაზე მოპასუხის წარმომადგენელმა განმარტა არავითარი ინტერესი მოწინააღმდეგე მხარეს არ გააჩნია. სააპელაციო სასამართლოს ამგვარი დასკვნა არასწორად მიაჩნია კასატორს, რადგან ბავშვები იმყოფებიან მისი მეთვალყურეობის ქვეშ, ხოლო მოპასუხე კი, არ ზრუნავს შვილებზე.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

24. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 28 ივნისის განჩინებით საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სსსკ-ის 396-ე მუხლით და 391-ე მუხლის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად.

25. საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც, მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად.

26. განსახილველ შემთხვევაში, გასაჩივრებული გადაწყვეტილებით დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების მიმართ დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია (შედავება) წარმოდგენილი არ არის [სსსკ-ის 407.2 მუხლი]. შესაბამისად, განჩინების პპ: 1-5 საკასაციო პალატისათვის სავალდებულოა.

27. იმ სამართლებრივი შედეგის გათვალისწინებით, რისი მიღწევაც მოსარჩელეს სურს, ქონების გაყოფისას, რომელიც მეუღლეთა თანასაკუთრებას წარმოადგენს, წილთა თანაბრობიდან გადახვევა და სადავო ქონების ½ წილის ნაცვლად (სარჩელის დაკმაყოფილებული ნაწილი) 2/3 ნაწილის მიკუთვნება, სარჩელი დაკმაყოფილებადი იქნებოდა სსკ-ის 1168-ე მუხლის შემდეგი წინაპირობების განხორციელების შემთხვევაში, როგორიცაა არასრულწლოვანი შვილების ინტერესების ან ერთ-ერთი მეუღლის ყურადსაღები ინტერესების არსებობა.

28. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ, სსკ-ის 1158-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მეუღლეთა მიერ ქორწინების განმავლობაში შეძენილი ქონება წარმოადგენს მათ საერთო ქონებას (თანასაკუთრებას), თუ მათ შორის საქორწინო ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის დადგენილი. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ასეთ ქონებაზე მეუღლეთა თანასაკუთრების უფლება წარმოიშობა მაშინაც, თუ ერთ-ერთი მათგანი ეწეოდა საოჯახო საქმიანობას, უვლიდა შვილებს ან სხვა საპატიო მიზეზის გამო არ ჰქონია დამოუკიდებელი შემოსავალი. ნორმის დანაწესით განსაზღვრულია მეუღლეთა თანასაკუთრების რეჟიმი, რომლითაც დადგენილია მათი უფლებები ქორწინების პერიოდში შეძენილი ქონების შესახებ. მისი ნორმატიული რეგულირების მიზანია ოჯახის ინტერესების დაცვა. პრეზუმირდება, რომ ქორწინების პერიოდში შეძენილი ქონება შეძენილია ოჯახის გაძღოლის საერთო მიზნების უზრუნველსაყოფად, ამიტომ დავის შემთხვევაში, ქორწინების განმავლობაში ქონების შეძენის ფაქტი (კანონით დადგენილი გამონაკლისების გარდა) საკმარისი საფუძველია, რომ მივიჩნიოთ ეს ქონება მეუღლეთა თანასაკუთრებად.

29. ერთ-ერთ საქმეში, რომელშიც ანალოგიურად იქნა ნამსჯელი წილთა თანაბრობის პრინციპიდან გადახვევის მიზანშეწონილობაზე და სარჩელის მოთხოვნა უარყოფილი იქნა, საკასაციო პალატამ განმარტა, რომ: „სსკ-ის 1168-ე მუხლის მე-3 ნაწილი ითვალისწინებს ისეთ შემთხვევებს, როდესაც სასამართლომ შეუძლია გადაუხვიოს არასრულწლოვანი ბავშვების ინტერესებიდან გამომდინარე საერთო წესს და თითოეულ მეუღლის საკუთრებად ცნოს ის ქონება, რომელიც შეძენილია თითოული მათგანის მიერ ქორწინების ფაქტობრივი შეწყვეტის ან მათი ცალ-ცალკე ცხოვრების დროს. მაგრამ იმისათვის, რომ დადგეს განსახილველი ნორმის შედეგი, აუცილებელი, თითოული მათგანის მიერ ქორწინების ფაქტობრივი შეწყვეტის ან მათი ცალ-ცალკე ცხოვრების დროს ქონების შეძენის ფაქტთან ერთად არსებობდეს ამავე კანონის 1168-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული ფაქტობრივი გარემოებები, კერძოდ, სასამართლოს შეუძლია გადაუხვიოს მეუღლეთა წილის თანასწორობის საწყისს არასრულწლოვანი შვილების ინტერესების ან ერთ-ერთი მეუღლის ყურადსაღები ინტერესების გათვალისწინებით; კერძოდ, ერთ-ერთი მეუღლის წილი შეიძლება გაიზარდოს იმის გათვალისწინებით, რომ მასთან ცხოვრობენ არასრულწლოვანი შვილები, რომ ის შრომისუუნაროა, ანდა - თუ მეორე მეუღლე ხარჯავდა საერთო ქონებას ოჯახის ინტერესების საზიანოდ..“ (იხ,. სუსგ N107-338-08, 29 ოქტომბერი, 2008 წელი).

30. სხვა სამოქალაქო საქმეშიც, სარჩელის უარყოფის საფუძვლად სსკ-ის 1168.2 მუხლის განხორციელების წინაპირობების დაუცველობა დასახელდა, სახელდობრ, სასამართლომ აღნიშნა შემდეგი: „..დადგენილი წესიდან გადახვევა უნდა უკავშირდებოდეს არასრულწლოვანი შვილების ან ერთ-ერთი მეუღლის ყურადსაღებ ინტერესებს, რაც გულისხმობს იმ შემთხვევებს, როდესაც ერთ-ერთ მეუღლესთან ცხოვრობენ არასრულწლოვანი შვილები, რომ ის შრომისუუნაროა, ანდა – თუ მეორე მეუღლე ხარჯავდა საერთო ქონებას ოჯახის ინტერესების საზიანოდ..“ (იხ., სუსგ №ას-1155-1084-2012, 14 იანვარი, 2013 წელი).

31. საგულისხმოა, რომ ერთ-ერთი საქმის ხელახლა განასახილველად დაბრუნების საფუძვლად, საკასაციო პალატამ მიიჩნია სსკ-ის 1168.2 მუხლის განმაპირობებლი ფაქტობრივი გარემოებების დაუდგენლობა (იხ., სუსგ Nას-894-1180-09, 22 იანვარი, 2010 წ.) და აღნიშნა, რომ სსკ-ის 1168-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, სასამართლოს შეუძლია გადაუხვიოს მეუღლეთა წილის თანაბრობის საწყისს არასრულწლოვანი შვილების ინტერესების ან ერთ-ერთი მეუღლის ყურადსაღები ინტერესების გათვალისწინებით, კერძოდ, ერთ-ერთი მეუღლის წილი შეიძლება გადიდდეს იმის გათვალისწინებით, რომ მასთან ცხოვრობენ არასრულწლოვანი შვილები, რომ ის შრომისუუნაროა, ანდა _ თუ მეორე მეუღლე ხარჯავდა საერთო ქონებას ოჯახის ინტერესების საზიანოდ. მითითებული ნორმა მეუღლეთა თანასაკუთრების რეჟიმის ამგვარი განსხვავებული წესით დადგენას ითვალისწინებს მხოლოდ ამავე ნორმით ჩამოთვლილი შემთხვევების არსებობისას. მოცემული დავის გადაწყვეტისას, სააპელაციო სასამართლომ მეუღლეთა წილის თანაბრობის საწყისს გადაუხვია, რაც დაასაბუთა იმით, რომ შ. ნ-ძე-ჩ-ძესთან ცხოვრობს მისი არასრულწლოვანი შვილი და მათ, გარდა სადავო უძრავი ქონებისა, სხვა საცხოვრებელი არ გააჩნიათ, თუმცა ნორმის გამოყენების აუცილებელ წინაპირობას წარმოადგენს არა მხოლოდ არასრულწლოვანი შვილის ერთ-ერთ მეუღლესთან ცხოვრების ფაქტი, არამედ ისეთი გარემოების ან გარემოებათა არსებობა, რომელიც სასამართლოს უქმნის მყარ შინაგან რწმენას, რომ პირის (მეორე მეუღლის) თანასაკუთრების უფლება შესაძლებელია შეიზღუდოს _ შემცირდეს. სასამართლოს შინაგანი რწმენა უნდა ემყარებოდეს ისეთ გარემოებებს, რომლებიც ცალსახად ადასტურებენ არასრულწლოვანი შვილების ინტერესების გათვალისწინების აუცილებლობას. ეს გარემოებები შესაძლებელია იყოს არასათანადო საბინაო პირობები, არასაკმარისი საცხოვრებელი ფართი და სხვა ნებისმიერ ფაქტორი, რომელიც არასრულწლოვანის ინტერესშია და მის ნორმალურ აღზრდას ხელს უშლის. ამდენად, სასამართლომ უნდა დაასაბუთოს, რომ არასრულწლოვანი შვილი და მასთან მცხოვრები მშობელი უფრო მეტად საჭიროებენ საცხოვრებელ ფართს, ვიდრე მეორე მშობელი. დასახელებულ საქმეში, სასამართლომ სსკ-ის 1168-ე მუხლის მეორე ნაწილით ისე განუსაზღვრა შ. ნ-ძე-ჩ-ძეს უძრავ ქონებაზე 2/3 წილი, რომ არ მიუთითებია, თუ რომელ ფაქტობრივ გარემოებებზე დააყრდნო ამ მუხლის გამოყენების საჭიროება. სასამართლო არ უთითებს, მოდავე მხარეთა თანასაკუთრების თანაბრად გაყოფა რა გავლენას ახდენს არასრულწლოვანი შვილის ინტერესზე, ან მის ნორმალურ პირობებში აღზრდაზე. აღნიშნულით სასამართლომ დაარღვია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის მეორე ნაწილის მოთხოვნა, რომლის ძალითაც სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ სსკ-ის 1168-ე მუხლის მეორე ნაწილი ადგენს საკუთრების უფლების მოპოვების განსხვავებულ რეჟიმს, რაც მხოლოდ ამავე ნორმით გათვალისწინებულ განსაკუთრებულ შემთხვევებშია დასაშვები. შესაბამისად, სასამართლოს გადაწყვეტილება მითითებული ნორმის გამოყენებისას დასაბუთებული უნდა იყოს ისეთი ფაქტობრივი გარემოებებით, რომლებიც ადასტურებენ მეუღლეთა წილის თანაბრობის საწყისისასგან გადახვევის აუცილებლობას.

32. ამრიგად, საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სარჩელის სამართლებრივი საფუძველი - 1168.2 მუხლი - აკონკრეტებს, თუ რა ფაქტობრივი გარემოებები უნდა იქნას გათვალისწინებული არასრულწლოვანი შვილების ინტერესების ან ერთ-ერთი მეუღლის ყურადსაღები ინტერესების შემოწმების დროს, კერძოდ: ერთ-ერთ მეუღლესათან არასრულწლოვანი შვილების ცხოვრების ფაქტი; მისი შრომისუუნარობის ფაქტი; მეორე მეუღლის მიერ საერთო ქონებას ოჯახის ინტერესების საზიანოდ ხარჯვის ფაქტი. 1168-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული სამართლებრივი შედეგის დადგომისათვის აუცილებელია არსებობდეს ქონება, რომელიც შეძენილია თითოული მათგანის მიერ ქორწინების ფაქტობრივი შეწყვეტის ან მათი ცალ-ცალკე ცხოვრების დროს; ქორწინების რეგისტრაციის ფაქტს ამ შემთხვევაში არ ეკისრება გადამწყვეტი მნიშვნელობა; ივარაუდება, რომ ეს ქონება არ არის შეძენილი ოჯახის ინტერესებისათვის და საერთო სამეურნეო საქმიანობის გაძღოლის მიზნით, ამასთან ერთად უნდა არსებობდეს ერთ-ერთ მეუღლესთან არასრულწლოვანი შვილების ცხოვრების ფაქტი; მეორე მეუღლის მიერ საერთო ქონების ოჯახის ინტერესების საზიანოდ ხარჯვის ფაქტი. ამ კუთხით კი, დასაბუთებისა და მტკიცების ტვირთის მქონე მოსარჩელემ გასაგებად და დამაჯერებლად ვერ შეძლო სადავო ფაქტობრივი გარემოების დამტკიცება. კანონის მიხედვით, მოსარჩელე ვალდებულია, სარჩელში სრულყოფილად და თანამიმდევრობით ასახოს მისი მოსაზრებები საქმის თითოეულ ფაქტობრივ გარემოებასა და მტკიცებულებასთან დაკავშირებით (სსსკ-ის 177-ე მუხლის მესამე ნაწილი). მან ეს ვალდებულება სათანადოდ ვერ შეასრულა. მან დაზუსტებული სარჩელში მხოლოდ იმ ფაქტობრივ გარემოებაზე მიუთითა, რომ მასთან ცხოვრობენ არასრულწლოვანი შვილები (იხ., დაზუსტებული სარჩელი - ტ.1. ს.ფ. 91-94; განჩინების პპ: 7, 9) და მოპასუხე არ ეხმარება მას. პირველი ფაქტობრივი გარემოება, როგორც ზემოთ აღინიშნა საკმარისი არ არის სსკ-ის 1168.2 მუხლის განხორციელებისათვის, რაც შეეხება მე-2 ფაქტობრივ გარემოებას, განჩინების პ:4-ში დადგენილია, რომ მამას დაკისრებული აქვს ალიმენტი ბავშვების არასრულწოვანებამდე, ამდენად, ეს ფაქტობრივი გარემოება სარჩელის დაკმაყოფილებისათვის რელევანტური არ არის. ხოლო რაც შეეხება საკასაციო საჩივრის იმ ფაქტობრივ პრეტენზიას, რომ მამა არ იხდის დაკისრებულ ალიმენტს, საკასაციო პალატა აღნიშნავს, ეს არის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსრულების საკითხი და გადაწყვეტილების აღუსრულებლობა, ამგვარის არსებობის შემთხვევაშიც კი, გავლენას ვერ მოახდნეს სსკ-ის 1168.2 მუხლის საფუძველზე განსახილველი სარჩელის დაკმაყოფილებაზე.

33. კასატორის მითითება მასზე, რომ მოსარჩელეს არ აქვს სხვა საცხოვრებელი ადგილი და უმუშევარია, ხოლო მოწინააღმდეგე მხარე მეზღვაურია და მისი ხელფასი 14 000 აშშ დოლარს აღემატება, ვერ იქნება გაზიარებული, გამომდინარე იქიდან, რომ განსახილევლ საქმეში სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილებულია და მოსარჩელეს მიკუთვნებული აქვს სადავო ბინის ნახევარი (ამ ნაწილში, საკასაციო საჩივარი წარმოდგენილი არ არის); რაც შეეხება მოპასუხის ხელფასს, საკასაციო პალატის მოსაზრებით, მოპასუხის ხელფასის ოდენობა ვერ გახდება 1168.2 მუხლის განმაპირობებელი გარემოება.

34. კასატორის მოთითება მასზედ, რომ მოპასუხის დედა ვალდებულია დაეხმაროს მოსარჩელეს და იზრუნონ მისი შვილისშვილების აღზრდაზე; იგი უპირველსყოვლისა უნდა ცდილობდეს მხარეთა შერიგებას. ნაცვლად ამისა, იგი არწმუნებს მის შვილს - მოპასუხეს რომ არ შეურიგდეს მის მეუღლეს, მოწინააღმდეგე მხარე კი დამოუკიდებლად ვერ იღებს გადაწყვეტილებას, საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ კასატორის აღნიშნულ პრეტენზიას განსახილველი დავის საგანთან დაკავშირებით შემხებლობა არ აქვს და მასზე საკასაციო პალატა ვერ იმსჯელებს.

35. საკასაციო პალატა ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში, არ იკვეთება საკასაციო საჩივრის დასაშვებობის სსსკ-ის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული რომელიმე საფუძვლის არსებობა, ვინაიდან ნორმის დანაწესით საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. როგორც საქმის მასალებით ირკვევა, სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით, ვინაიდან სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან, არც დასაბუთებული პოზიციაა წარმოდგენილი ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასთან ანდა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალთან წინააღმდეგობის საფუძვლით.

36. ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისითაც, ვინაიდან სსკ-ის 1168-ე მუხლის სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით არსებობს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა, რომელიც ასახეულია განჩინებაში.

37. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი დაუშვას საკასაციო საჩივარი, რის გამოც, საკასაციო საჩივარს უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

38. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ს- ლ-ოს საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;

2. კასატორს ს- ლ-ოს უკან დაუბრუნდეს 2017 წლის 26 ივნისს გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან (708 ლარი) 495.60 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 3 0077 3150.

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ზ. ძლიერიშვილი

მოსამართლეები: ნ. ბაქაქური

ბ. ალავიძე