Facebook Twitter

№330210015798964

საქმე №ას-779-728-2017 31 ივლისი, 2017 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ზურაბ ძლიერიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ნინო ბაქაქური, ბესარიონ ალავიძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი – შპს „ჩ-“ (მოპასუხე, მოწინააღმდეგე მხარე)

მოწინააღმდეგე მხარე - შპს „ს-ი“ (მოსარჩელე, აპელანტი)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 21 თბერვლის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

დავის საგანი – თანხის დაკისრება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. 2014 წლის 25 ნოემბერს, ერთი მხრივ, შპს „ს--ის“ (შემდეგში: შემსრულებელი ან მოსარჩელე ან მოწინააღმდეგე მხარე) და მეორე მხრივ, შპს „ჩ-ს“ (შემდეგში: დამკვეთი ან მოპასუხე ან აპელანტი ან კასატორი) გაფორმდა მომსახურების ხელშეკრულება №436 (შემდეგში: ხელშეკრულება). ხელშეკრულების საფუძველზე მოსარჩელეს მოპასუხისათვის უნდა დაემზადებინა 30 წამიანი სარეკლამო ვიდეო რგოლი და 10 წამიანი 3D ხარისხის სარეკლამო რგოლი. ხელშეკრულებით განსაზღვრული სარეკლამო რგოლის იდეა, შინაარსი და სიუჟეტი დამკვეთს ეკუთვნოდა. ხელშეკრულებით განსაზღვრული მომსახურების საფასური შეადგენდა 10 000 აშშ დოლარის ექვივალენტს ეროვნულ ვალუტაში გადახდის დღეს დადგენილი ოფიციალური კურსის შესაბამისად. მოპასუხეს თანხა უნდა გადაეხადა ორ ეტაპად: პირველი ეტაპი - თანხის 30% უნდა გადაეხადა ხელშეკრულების გაფორმებიდან 5 სამუშაო დღის ვადაში, ხოლო დარჩენილი საფასური - მომსახურების დასულებიდან 5 სამუშაო დღის ვადაში. ხელშეკრულებით გათვალისწინებული სარეკლამო რგოლი შემსრულებელს უნდა დაემზადებინა არაუგვიანეს 2014 წლის 15 დეკემბრისა.

2. 2014 წლის 25 დეკემბერს მხარეებს შორის გაფორმდა დამატებითი შეთანხმება, რომლის თანახმად, დამკვეთს მომსახურების საფასურის 30% - 3 000 აშშ დოლარი ავანსის სახით უნდა გადაეხადა ხელშეკრულების გაფორმებიდან 2 დღის ვადაში. ამასთან, ხელშეკრულებით გათვალისწინებული ორივე სარეკლამო რგოლი შემსრულებელს უნდა დაემზადებინა არაუგვიანეს 2015 წლის 30 იანვრისა.

3. დამკვეთმა შემსრულებელს 3 000 აშშ დოლარი გადაუხადა.

4. შემსრულებელმა დამკვეთს 10 წამიანი 3D ხარისხის სარეკლამო რგოლი მიაწოდა.

5. შემსრულებელმა დამკვეთს 30 წამიანი სარეკლამო რგოლის სატესტო (საჩვენებელი) ვარიანტი მიაწოდა. ამასთან, მოპასუხის მიერ შედგენილი პასუხის მიხედვით, მას ძალიან მოეწონა მიწოდებული პროდუქცია, თუმცა, რამდენიმე სახის შენიშვნა გააჩნდა, კერძოდ, პერსონაჟებისა და ჭიქის ფერის ოდნავ შეცვლა მოითხოვა.

6. შემსრულებელმა დამკვეთს პერიოდულად 30 წამიანი სარეკლამო რგოლის სხვადასხვა სატესტო (საჩვენებელი) ვერსიას აწვდიდა, რომლის მიმართაც მოპასუხეს გარკვეული შენიშვნები გააჩნდა.

7. დამკვეთის ინიციატივით ხელშეკრულება შეწყდა.

8. შემსრულებელმა სარჩელი აღძრა დამკვეთის წინააღმდეგ 7000 აშშ დოლარის გადახდის მოთხოვნით, განჩინების პპ:1-3-ში მითითებული ფაქტობრივი გარემოებებისა და აგრეთვე, მისი მხრიდან ხელშეკრულების ჯეროვნად შესრულებისა და შემკვეთის მიერ მომსახურების დარჩენილი საფასურის აუნაზღაურებლობის საფუძველზე [საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდეგში: სსკ-ის) 629-ე მუხლი].

9. მოპასუხემ 30 წამიანი სარეკლამო რგოლის მიწოდების ნაწილში, წარმოადგინა მოთხოვნის გამომრიცხველი შედავება, რომლითაც ამ ნაწილში, უარყო ვალდებულების ჯეროვნად შესრულების (შეთანხმებული ხარისხის, სტილისა და შინაარსის არარსებობა) ფაქტი. იმავდროულად, აღნიშნა ნაკლიანი მიწოდების გამოსასწორებლად დამატებითი ვადის უშედეგოდ გასვლასა და აქედან გამომდინარე, დამკვეთის მხრიდან ხელშეკრულებიდან გასვლის უფლების გამოყენებაზე [სსკ-ის 639-ე, 641-ე, 642-ე, 644-ე, 405-ე და 352-ე მუხლები].

10. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 20 ნოემბრის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა.

11. მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 7000 აშშ დოლარი.

12. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ უცვლელად დატოვა პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება.

13. სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია განჩინების პპ: 1-7-ით დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები.

14. ამას გარდა, სააპელაციო პალატამ ხელშეკრულების პირობების შეუსრულებლობის ფაქტი დადასტურებულად არ მიიჩნია და აღნიშნა შემდეგი:

15. ხელშეკრულების 2.3.3. მუხლის თანახმად, დამკვეთი ვალდებული იყო დაუყოვნებლივ ეცნობებინა შემსრულებლისათვის რაიმე დეფექტის ან ნაკლის აღმოჩენის შესახებ და მიეცა გონივრული ვადა მის გამოსასწორებლად. 2014 წლის 25 დეკემბრის შეთანხმებით, მხარეებმა სარეკლამო რგოლის შესრულების ვადა 2015 წლის 30 იანვრამდე განსაზღვრეს. დადგენილია, რომ მოპასუხემ 10 წამიანი 3D ხარისხის სარეკლამო რგოლი მიიღო. ასევე, შემკვეთს პერიოდულად მიეწოდებოდა 30 წამიანი სარეკლამო რგოლის სხვადასხვა სატესტო (საჩვენებელი) ვერსიები.

16. აპელანტის განმარტებით, შესრულებული სამუშაოს ნაკლოვანება გამოიხატებოდა იმაში, რომ ვიდეო რგოლისთვის არ იყო შერჩეული მუსიკა, არ ედო ტექსტი, ანიმაცია იყო უხარისხო, ფერები - მკრთალი და, ზოგადად, სარეკლამო რგოლს დასრულებული სახე არ ჰქონდა. მითითებული გარემოება სააპელაციო პალატამ არ მიიჩნია ვალდებულების შეუსრულებლობად. სააპელაციო პალატამ ყურადღება მიაქცია იმ გარემოებას, რომ ხელშეკრულება ვიდეო რგოლის ხარისხთან და დეტალებთან დაკავშირებულ კონკრეტულ დათქმებს არ შეიცავდა; მისი შინაარსიდან პერსონაჟების ტიპი და სხვა ისეთი დეტალები არ გამომდინარეობდა, რაც ხარისხის შესახებ შეთანხმების არსებობის დასადგენად მნიშვნელოვანი იქნებოდა. ხარისხზე მითითება, გარკვეულწილად, მოსარჩელისადმი მხოლოდ 2015 წლის 4 თებერვალს მიწერილ წერილში იკვეთებოდა, სადაც აღნიშნული იყო, ჭიქის ფორმა, მთავარი პერსონაჟის აღწერა და ა.შ. ამდენად, შესასრულებელი სამუშაოს ხარისხი მოპასუხის მიერ განსაზღვრული იქნა 2015 წლის 30 იანვრის შემდგომ, ე.ი. დროის იმ მონაკვეთში, როცა მას ხელშეკრულების თანახმად, პროდუქტი უნდა მიეღო. დადგენილი იქნა, რომ შემკვეთს მიეწოდა 30 წამიანი სარეკლამო რგოლის სატესტო (საჩვენებელი) ვარიანტი. ამასთან, მოპასუხემ 2015 წლის 16 თებერვალს შედგენილი პასუხით აღნიშნა, რომ მას ძალიან მოეწონა მიწოდებული პროდუქცია, თუმცა, რამდენიმე სახის შენიშვნა გააჩნდა, კერძოდ: ვიდეო რგოლის პერსონაჟები რომელიმე პერსონაჟზე ძალიან მიმსგავსებული არ უნდა ყოფილიყო; ასევე მოითხოვა მოხუცებული ბებიის ცოტა შეცვლა, უფრო დაბერება, ოდნავ წელში მოხრა; ჭიქის ფერის გაღიავება... სააპელაციო პალატის მოსაზრებით, მაშინ, როდესაც ხელშეკრულების მიხედვით, შესრულება დამკვეთის იდეას უნდა შეესაბამებოდეს, იდეის გადმოცემა უნდა მოხდეს იმგვარად, რომ შემსრულებელმა შეძლოს დაკვეთის აღქმა, მისი სწორად გაგება. მოცემულ შემთხვევაში, წარმოდგენილი ელექტრონული მიმოწერით დასტურდებოდა, რომ შესასრულებელი სამუშაოს ხარისხი მოპასუხემ, გარკვეულწილად, ხელშეკრულების ვადის ამოწურვის შემდეგ განსაზღვრა, რის შემდგომაც, მოპასუხე გამუდმებით სხვადასხვა დამატებითი შესრულებას მოითხოვდა. ამასთან, დამკვეთის მოთხოვნები, რიგ შემთხვევებში, იყო ბუნდოვანი და შემსრულებლისათვის მეტ კონკრეტიკას და სიცხადეს საჭიროებდა. მოსარჩელის წარმომადგენლის 2015 წლის 25 მარტის წერილის თანახმად, უკვე სამი თვეა მოპასუხემ „მილიარდჯერ გადააკეთა მოთხოვნა ... მათ აღარ შეუძლიათ... მზად არიან მისცენ შესრულებული სამუშაო და მოითხოვონ დარჩენილი თანხის ანაზღაურება”. აღსანიშნავია, რომ მოპასუხემ, არამხოლოდ, არაერთხელ შეცვალა და მოითხოვა იმის შესრულება, რაც ხელშეკრულების დადებისას განსაზღვრული არ ყოფილა (ასეთი მტკიცებულება საქმეში არ არის), არამედ, ფაქტობრივად, ხელშეკრულებიდან გასვლის ნება მხოლოდ მას შემდეგ გამოავლინა, რაც მოსარჩელემ შეთანხმებული საზღაურის ანაზღაურება მოითხოვა. საგულისხმოა, რომ მოპასუხის წერილი ხელშეკრულებიდან გასვლის თაობაზე 2015 წლის 25 მარტითაა დათარიღებული. მოპასუხის მიერ წარმოდგენილი არცერთი მტკიცებულება არ შეიცავს მითითებას იმის თაობაზე, თუ რა სახის ნაკლოვანება გააჩნდა შესრულებულ სამუშაოს, რის გამოც მან ხელშეკრულებიდან გასვლის ნება გამოხატა. სააპელაციო პალატამ დავა მოაწესრიგა სსკ-ის 405-ე მუხლით და მიიჩნია, რომ სახეზე არ იყო ნორმით დადგენილი წანამძღვრები, რომელთა განხორციელება ხელშეკრულების მხარეს ვალდებულების შეუსრულებლობად შეერაცხებოდა და ხელშეკრულების მეორე მხარეს ხელშეკრულებიდან გასვლის უფლებას ანიჭებდა.

17. იმავდროლად, სააპელაციო სასამართლომ მიუთითა ხელშეკრულების 2.3.3. მუხლზე, რომლის თანახმად, დამკვეთი ვალდებული იყო დაუყოვნებლივ ეცნობებინა შემსრულებლისათვის რაიმე დეფექტის ან ნაკლის აღმოჩენის შესახებ და მიეცა გონივრული ვადა მის გამოსასწორებლად, რომელი უფლებით შემკვეთს არ უსარგებლია.

18. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა აპელანტმა.

19. კასატორი არ ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას მასზედ, რომ შეთანხმებული არ ყოფილა ვიდეორგოლის ხარისხი. კასატორი აღნიშნავს, რომ ხელშეკრულების მიხედვით სარეკლამო რგოლის იდეა, შინაარსი და სიუჟეტი ეკუთვნოდა დამკვეთს. შესაბამისად, შემსრულებელს უნდა დაემზადებინა მხარეთა ზეპირსიტყვიერი შეთანხმების შესაბამისი სარეკლამო რგოლი. კასატორი აღნიშნავს, რომ 2015 წლის 4 თებერვლის წერილით დეტალურად განისაზღვრა ვიდეო-რგოლის ხარისხი და შესრულების ყველა დეტალი.

20. კასატორი სადავოდ ხდის ფაქტობრივ გარემოებას იმის თაობაზე, რომ შემკვეთმა არ მიიღო მისთვის შეთავაზებული სამუშაო. კასატორი აღნიშნავს, რომ სამუშაოს შესრულების ვადად განისაზღვრა 2015 წლის 30 იანვარი, სწორედ აღნიშნულ ვადაში უნდა მიწოდებულიყო შესრულება შემკვეთისათვის.

21. კასატორი აღნიშნავს, რომ არასწორადაა დადგენილი ფაქტობრივი გარემოება მასზედ, რომ წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დგინდებოდა თუ რა სახის ნაკლოვანება გააჩნდა შესრულებულ სამუშაოს. საქმეში წარმოდგენილია ორი მტკიცებულება: დამკვეთის წერილი პირობების დეტალური აღწერით და დისკი. ამ მტკიცებულებებით დასტურდება სამუშაოს ნაკლოვანება, სახელდობრ, არ არის შერჩეული მუსიკა, არ ადევს ტექსტი, ანიმაცია არის უხარისხო, ფერები მკრთალი და ზოგადად, სარეკლამო რგოლს არ აქვს დასრულებული სახე.

22. გარდა ზემოაღნიშნულისა კასატორს მიაჩნია, რომ სასამართლომ არასწორად გამოიყენა სსკ-ის 405-ე მუხლი, არასწორად მიუსადაგა დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს სსკ-ის 641-ე მუხლი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

23. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 22 ივნისის განჩინებით საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სსსკ-ის 396-ე მუხლით და 391-ე მუხლის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად.

24. საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც, მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად.

25. კასატორი სადავოდ ხდის ხელშეკრულებიდან გასვლის უფლების არამართლზომიერად გამოყენების შესახებ სასამართლოს დასკვნას და საკასაციო საჩივარის საფუძვლად მიუთითებს სამუშაოს ხარისხზე შეთანხმების არსებობასა და ამ ხარისხთან შესრულებული სამუშაოს შეუსაბამობაზე.

26. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ კასატორის პრეტენზიას არ გააჩნია ვარგისი სამართლებრივი საფუძველი. იმავდროულად, აღსანიშნავია, რომ კასატორის მიერ სადავოდ გამხდარ საკითხებზე დეტალური მსჯელობაა სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებულ განჩინებაში, რომლითაც უარყოფილია შედავება სამუშაოს ხარისხზე დეტალური შეთანხმების არსებობის ნაწილში. პირიქით, ყურადღებაა გამახვილებული ხელშეკრულების იმ შეთანხმებაზე, რომლითაც ხელშეკრულებით განსაზღვრული სარეკლამო რგოლის იდეა, შინაარსი და სიუჟეტი დამკვეთს ეკუთვნოდა.

27. იმავდროულად, საგულისხმოა, რომ ხელშეკრულება ვიდეო რგოლის ხარისხთან და დეტალებთან დაკავშირებულ კონკრეტულ დათქმებს არ შეიცავდა. მისი შინაარსიდან პერსონაჟების ტიპი და სხვა ისეთი დეტალები არ გამომდინარეობდა, რაც ხარისხის შესახებ შეთანხმების არსებობის დასადგენად მნიშვნელოვანი იქნებოდა. ხარისხზე მითითება, გარკვეულწილად, მოსარჩელისადმი მხოლოდ 2015 წლის 4 თებერვალს მიწერილ წერილში იკვეთებოდა, სადაც აღნიშნული იყო, ჭიქის ფორმა, მთავარი პერსონაჟის აღწერა და ა.შ. ამ წერილზე მიუთითებს კიდევაც კასატორი და მასზე აფუძნებს ხარისხზე შეთანხების არსებობას. თუმცა, საკასაციო პალატა ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებას, რომ შესასრულებელი სამუშაოს ხარისხი მოპასუხის მიერ განსაზღვრული იქნა 2015 წლის 30 იანვრის შემდგომ, ე.ი. დროის იმ მონაკვეთში, როცა მას ხელშეკრულების თანახმად, პროდუქტი უნდა მიეღო. დადგენილი იქნა, რომ შემკვეთს მიეწოდა 30 წამიანი სარეკლამო რგოლის სატესტო (საჩვენებელი) ვარიანტი. ამასთან, მოპასუხემ 2015 წლის 16 თებერვალს შედგენილი პასუხით აღნიშნა, რომ მას ძალიან მოეწონა მიწოდებული პროდუქცია, თუმცა, რამდენიმე სახის შენიშვნა გააჩნდა, კერძოდ: ვიდეო რგოლის პერსონაჟები რომელიმე პერსონაჟზე ძალიან მიმსგავსებული არ უნდა ყოფილიყო; ასევე მოითხოვა მოხუცებული ბებიის ცოტა შეცვლა, უფრო დაბერება, ოდნავ წელში მოხრა; ჭიქის გარემო ფერის გაღიავება...

28. აქედან გამომდინარე, სრულიად გასაზიარებელია სააპელაციო სასამართლოს მოსაზრება იმასთან დაკავშირებით, რომ როდესაც ხელშეკრულების მიხედვით, შესრულება დამკვეთის იდეას უნდა შეესაბამებოდეს, იდეის გადმოცემა უნდა მოხდეს იმგვარად, რომ შემსრულებელმა შეძლოს დაკვეთის აღქმა, მისი სწორად გაგება.

29. მოცემულ შემთხვევაში, წარმოდგენილი ელექტრონული მიმოწერით დასტურდებოდა, რომ შესასრულებელი სამუშაოს ხარისხი მოპასუხემ, გარკვეულწილად, ხელშეკრულების ვადის ამოწურვის შემდეგ განსაზღვრა, რის შემდგომაც, მოპასუხე გამუდმებით სხვადასხვა დამატებითი შესრულებას მოითხოვდა. ამასთან, დამკვეთის მოთხოვნები, რიგ შემთხვევებში, იყო ბუნდოვანი და შემსრულებლისათვის მეტ კონკრეტიკას და სიცხადეს საჭიროებდა. მოსარჩელის წარმომადგენლის 2015 წლის 25 მარტის წერილის თანახმად, უკვე სამი თვეა მოპასუხემ „მილიარდჯერ გადააკეთა მოთხოვნა ... მათ აღარ შეუძლიათ... მზად არიან მისცენ შესრულებული სამუშაო და მოითხოვონ დარჩენილი თანხის ანაზღაურება”. აღსანიშნავია, რომ მოპასუხემ, არამხოლოდ არაერთხელ შეცვალა და მოითხოვა იმის შესრულება, რაც ხელშეკრულების დადებისას განსაზღვრული არ ყოფილა (ასეთი მტკიცებულება საქმეში არ არის), არამედ, ფაქტობრივად, ხელშეკრულებიდან გასვლის ნება მხოლოდ მას შემდეგ გამოავლინა, რაც მოსარჩელემ შეთანხმებული საზღაურის ანაზღაურება მოითხოვა.

30. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო პალატამ დავა სწორად მოაწესრიგა სსკ-ის 629-ე, 641-ე და 405-ე მუხლებით და სწორად მიიჩნია, რომ შემკვეთს ნაკლიანი შესრულების მოტივით, ხელშეკრულებიდან გასვლის უფლება არ წარმოეშობოდა.

31. ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში, არ იკვეთება საკასაციო საჩივრის დასაშვებობის სსსკ-ის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული რომელიმე საფუძვლის არსებობა, ვინაიდან ნორმის დანაწესით საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. როგორც საქმის მასალებით ირკვევა, სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით, ვინაიდან სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან, არც დასაბუთებული პოზიციაა წარმოდგენილი ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასთან ანდა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალთან წინააღმდეგობის საფუძვლით.

32. ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისითაც. ვინაიდან ნარდობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე შესრულებული სამუშაოს ანაზღაურების სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით არსებობს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა.

33. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი დაუშვას საკასაციო საჩივარი, რის გამოც, საკასაციო საჩივარს უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

34. სსსკ-ის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. შპს „ჩ----ს“ საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;

2. კასატორ შპს „ჩ----ს“ უკან დაუბრუნდეს ნ--ს მიერ 2017 წლის 05 ივნისს საგადახდო დავალება N0 გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან (850 ლარი) 595 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 3 0077 3150.

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ზ. ძლიერიშვილი

მოსამართლეები: ნ. ბაქაქური

ბ. ალავიძე