№330210015001184547
საქმე №ას-838-784-2017 31 ივლისი, 2017 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ზურაბ ძლიერიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
პაატა ქათამაძე, ბესარიონ ალავიძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი – მ- ბ-–ი (მოსარჩელე,აპელანტი)
მოწინააღმდეგე მხარე - ა(ა)იპ საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტო (მოპასუხე, მოწინააღმდეგე მხარე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 04 აპრილის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილება
დავის საგანი – ბრძანების ბათილად ცნობა, სამსახურში აღდგენა, განაცდურის ანაზღაურება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. მ- ბ-–ი (შემდეგში: დირექტორი ან მოსარჩელე ან კასატორი) დასაქმებული იყო ქალაქ თბილისის N-- ბაგა-ბაღის (შემდეგში: ბაგა-ბაღი) დირექტორის თანამდებობაზე, უვადოდ.
2. 2015 წლის 6 ნოემბერს, თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების სააგენტოს მონიტორინგის სამსახურმა განახორციელა ბაგა-ბაღის მონიტორინგი, რომლის თაობაზეც 2015 წლის 16 ნოემბერს შედგა შესაბამისი დასკვნა. ამ დასკვნის საფუძველზე გამოვლენილი დარღვევების გათვალისწინებით, 2015 წლის 1 დეკემბერს, ა(ა)იპ საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს (შემდეგში: დამსაქმებელი ან სააგენტო ან მოპასუხე) დირექტორმა გამოსცა 2/226 ბრძანება (შემდეგში: სადავო ბრძანება), რომლითაც დასაქმებული გათავისუფლდა დირექტორის თანამდებობიდან საქართველოს შრომის კოდექსის (შემდეგში: სშკ-ის) 37-ე მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის საფუძველზე (დაკისრებული ვალდებულების უხეში დარღვევის გამო).
3. მოსარჩელემ სარჩელი აღძრა მოპასუხის მიმართ სადავო ბრძანების ბათილად ცნობის, დირექტორის თანამდებობაზე აღდგენისა და მატერიალური ზიანის (ხელფასის სახით) - თვეში 1000 ლარის დაკისრების მოთხოვნით. მოთხოვნის დაკმაყოფილების ფაქტობრივ საფუძვლად, მოსარჩელე მიუთითებდა გასაჩივრებული ბრძანების უკანონობაზე და მის მიმართ განხორციელებულ დისკრიმინაციულ ქმედებებზე.
4. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 29 ნოემბრის გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
5. გადაწყვეტილების გაუქმების მოთხოვნით წარდგენილი სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
6. სააპელაციო პალატამ გაიზიარა განჩინების პპ: 1-2-ში მითითებული და საქალაქო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები. იმავდროულად, მიუთითა სადავო ბრძანების გათავისუფლების საფუძველზე: სშკ-ის 37.1. მუხლის ,,ზ’’ ქვეპუნქტი და სააგენტოს დაფუძნების შესახებ ქ. თბილისის მთავრობის 2011 წლის 27 ივნისის 16.67.710 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ ქ. თბილისის მთავრობის 2015 წლის 08 ივლისის N27.25.838 განკარგულებით დამტკიცებულ სააგენტოს წესდებაზე.
7. დადგენილი იქნა, რომ სააგენტოს მიერ ბაგა-ბაღის შემოწმებისა და მონიტორინგის შედეგად გამოვლინდა დარღვევა-ნაკლოვანებები, რასაც ადასტურებდა სააგენტოს მონიტორინგის სამსახურის დასკვნა. დასკვნის მიხედვით კვების ბლოკისა და საწყობის შემოწმებისას აღმოჩნდა, რომ სამზარეულოში, საწყობსა და თანამშრომელთა ჩანთებში გადამალული იყო სხვადასხვა პროდუქტები: ქათმის ფილე - 3 კგ.; კარაქი - 0.560 გრ.; რძის ფხვნილი და სხვა.
8. აღნიშნულ ფაქტზე დაიკითხნენ ბაღის დირექტორი, აგრეთვე, სამეურნეო ნაწილის კოორდინატორი, ჰიგიენული ნაწილის კოორდინატორი, მზარეული და მისი თანაშემწეები.
9. ახსნა-განმარტებებში, კვების ბლოკის თანამშრომლებმა პროდუქტების გადამალვის და სადილსა და საუზმეში არ ჩაშვების მიზეზად დაასახელეს ბაღში მიმდინარე საშემოდგომო ზეიმი და ამ მიზეზით, დირექტორის მათდამი ყურადღების მოდუნება.
10. სამეურნეო ნაწილის კორდინატორმა, მის ჩანთაში გადანახული 1 კგ. ქათმის ფილე, ახსნა ბავშვთა რაოდენობის ნაკლებობით.
11. ჰიგიენური უზრუნველყოფის კოორდინატორის ახსნა-განმარტების თანახმად, რომლის მოვალეობაში შედიოდა გამზადებული სადილის კვების სინჯების და თანამშრომელთა ჯანმრთელობის კონტროლი, გამზადებული სადილი ვერ დააკმაყოფილებდა საქართველოს მთავრობის N78 დადგენილებით დამტკიცებული ცილების, ცხიმების, ნახშირწყლებისა და კალორიების ნორმებს (გაცემული პროდუქტი სრულად არ იყო ჩაშვებული) 5 დღის განმავლობაში არ ხდებოდა ბლოკის თანამშრომელთა ჯანმრთელობის და პირადი ჰიგიენის ვიზუალური დათვალიერება და შესაბამისად, არ არსებობდა ჩანაწერები.
12. თავად, ბაგა-ბაღის დირექტორის ახსნა-განმარტების თანახმად, მზარეულის თანაშემწის და ასევე სამეურნეო ნაწილის კოორდინატორის ჩანთებში აღმოჩნდა სხვადასხვა პროდუქტები. აღნიშნული დირექტორმა ახსნა საშემოდგომო ზეიმითა და „ყურადღების მოდუნებით“, რითაც ბოროტად ისარგებლეს თანამშრომლებმა.
13. სააგენტოს მონიტორინგის სამსახურმა, აღმოჩენილი დარღვევების და მონიტორინგის შედეგების ანალიზის საფუძველზე, მიზანშეწონილად მიიჩნია: დირექტორის მიმართ, დაკისრებული უფლება-მოვალეობების არაჯეროვანი შესრულების გამო, გამოყენებულიყო დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომა; დირექტორს მიეცა რეკომენდაცია, მოქმედი კანონმდებლობის თანახმად, თავისი უფლებამოსილების ფარგლებში, დაეკისრებინა დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომა და შეეწყვიტა შრომითი ხელშეკრულება სამეურნეო ნაწილის კორდინატორისათვის, მზარეულისა და მზარეულის თანაშემწეებისათვის, ხოლო, ჯანმრთელობისა და ჰიგიენური უზრუნველყოფის კოორდინატორისათვის გამოეცხადებინა სასტიკი საყვედური.
14. დირექტორის თანამდებობიდან გათავისუფლების საფუძველი არ გამხდარა ე.წ. ვიდეოკამერების გაუმართაობის გარემოება, რომელიც ასევე მოხსენიებულია მონიტორინგის ზემოაღნიშნულ დასკვნაში.
15. 19.11.2015 წელს, დირექტორმა მიმართა სააგენტოს უფროსს და განმარტა, რომ იგი ნაწილობრივ ეთანხმებოდა მონიტორინგის შედეგად 2015 წლის 17 ნოემბრის შემოწმების აქტის პროექტს, კერძოდ, მზარეულის და მისი თანაშემწეების გათავისუფლების ნაწილში, ხოლო, რაც შეეხება სამეურვეო ნაწილის კოორდინატორის გათავისუფლებას, დირექტორი მიიჩნევდა, რომ დისციპლინური პასუხისმგებლობის სახედ მის მიმართ სასტიკი საყვედურის გამოცხადება იქნებოდა ადექვატური. დირექტორმა ასევე მიუთითა იმ გარემოებაზე, რომ მის მიერ მიცემული ახსნა-განმარტება სამეურვეო ნაწილის კოორდინატორთან მიმართებაში გამოწვეული იყო შეცდომით, კერძოდ, კი იმ გარემოებით, რომ მასთან დაკავშირებული ფაქტი, გადმოცემული იყო დაუზუსტებელი სახით.
16. სააპელაციო პალატამ ყურადღება მიაქცია შემდეგ მტკიცებულებებს:
17. 05.03.2015 წლის შემოწმება-ანალიზის აქტის თანახმად, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სარევიზიო კომისიის 2015 წლის 11 თებერვლის N1 დავალების საფუძველზე, სარევიზიო სამდივნოს თანამშრომლებმა ჩაატარეს ბაგა-ბაღის მიერ 2012წ. 2013წ. და 2014წ. გაწეული საფინანსო-სამეურნეო საქმიანობის დოკუმენტური შემოწმება-ანალიზი თანდართული პროგრამის მიხედვით. შემოწმებამ მოიცვა 2015 წლის 11 თებერვალი - 2015 წლის 05 მარტი, პერიოდი. შემოწმება-ანალიზის აქტის დანართი N9-ში მითითებულ იმ გარემოებასთან დაკავშირებით, სადაც აღნიშნულია, რომ ყოველდღიური მენიუ-ფაქტურების შესწავლით დადგინდა, რომ: 1. ბავშვზე გაანგარიშებით, კალორიულობა მერყეობდა 1000-დან 1250 კალორიას შორის და მნიშვნელოვნად ჩამორჩებოდა საქართველოს მთავრობის 2014 წლის 15 იანვრის N78 დადგენილებით დამტკიცებული ტექნიკური რეგლამენტით - ,,კვების ორგანიზაცია ბავშვთა სკოლანდელ დაწესებულებებში’’ დამტკიცებულ ნორმას (1581 კალორიას).
18. 12.03.2015 წელს, საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ სურსათის სააგენტოს მიერ შედგა შესაბამისობის შეფასების აქტი N01-70. აქტში, ბაგა-ბაღის არაკრიტიკულ შეუსაბამობაში მიეთითა, რომ: 1. ჯგუფების სამზარეულოები ნაწილობრივ არ იყო იმგვარად მოწყობილი, რომ იძლეოდეს მათი ადეკვატურად სუფთა მდგომარეობაში შენარჩუნების შესაძლებლობას და ჭერი საჭიროებდა რემონტს; 2. საწყობი არ იყო აღჭურვილი ტემპერატურის მზომი ხელსაწყოთი (თერმომეტრით), რაც არ იძლეოდა ტემპერატურის გაკონტროლების შესაძლებლობას; 3. სასადილოსა და სამრეცხაოს გარეთ გამავალი ფანჯრები, არ იყო დაფარაული მწერებისაგან დამცავი ადვილად გასაწმენდი ბადით; არაკრიტიკული შეუსაბამობების N1-ის გამოსწორების ვადად მიეთითა: 20.09.2015 წ. ხოლო, N2 და N3-ის გამოსწორების ვადად - 30.04.2015წ.
19. 20.05.2015 წელს, საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ შედგენილი შესაბამისობის შეფასების N01-70ა აქტით დგინდება, რომ ინსპექტირების ტიპს წარმოადგენდა გეგმიური ინსპექტირების (აქტი N01-70 12.03.2015წ.) დროს გაცემული რეკომენდაციების შესრულების მდგომარეობის გადამოწმება სსიპ სურსათის ეროვნული სააგენტოს ქ. თბილისის სამმართველოს უფროსის 2015 წლის 18 მაისის N74 ბრძანების საფუძველზე. აქტის თანახმად, გამოსწორებული იყო არაკრიტიკული შეუსაბამობები: N2 და N3, ხოლო, გამოსასწორებელი იყო N1 არაკრიტიკული შეუსაბამობა, რომელის გამოსწორების ვადა იყო 20.09.2015წ.
20. 28.10.2015 წელს, საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ შედგენილი შესაბამისობის შეფასების აქტი N01-70ბ-ს თანახმად დგინდება, რომ ინსპექტირების ტიპს წარმოადგენდა გეგმიური ინსპექტირების (აქტი N01-70 12.03.2015წ. N01-70ა 20.05.2015წ.) დროს გაცემული რეკომენდაციების შესრულების მდგომარეობის გადამოწმება სსიპ სურსათის ეროვნული სააგენტოს ქ. თბილისის სამმართველოს უფროსის 2015 წლის 19 ოქტომბრის N1058 ბრძანების საფუძველზე. აქტის თანახმად, გამოსწორებული იყო N1 არაკრიტიკული შეუსაბამობა.
21. სადავო ბრძანებით დადგენილი იქნა, რომ შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის სამართლებრივი საფუძველი იყო დასაქმებულის მიერ მისთვის ინდივიდუალური შრომითი ხელშეკრულებით ან კოლექტიური ხელშეკრულებით ან/და შრომის შინაგანაწესით დაკისრებული ვალდებულების უხეში დარღვევა.
22. დადგენილია, რომ სააგენტოს 16.11.2015წ. დასკვნის საფუძველზე, სააგენტოს საბავშვო ბაგა-ბაღის შემოწმებისა და მონიტორინგის შედეგად გამოვლინდა დარღვევა-ნაკლოვანებები, კერძოდ, კვების ბლოკისა და საწყობის შემოწმებისას აღმოჩნდა, რომ სამზარეულოში, საწყობსა და თანამშრომელთა ჩანთებში გადამალული იყო სხვადასხვა პროდუქტები: ქათმის ფილე - 3 კგ.; კარაქი - 0.560 გრ.; რძის ფხვნილი და სხვა. აღნიშნულ ფაქტზე დაკითხულ იქნენ როგორც ბაღის დირექტორი, ასევე სამეურნეო ნაწილის კოორდინატორი, ჰიგიენული ნაწილის კოორდინატორი, მზარეული და მისი თანაშემწეები. ბაღის დირექტორმა, აღნიშნული დაადასტურა და მოიმიზეზა ბაღში მიმდინარე საშემოდგომო ზეიმი, რის გამოც, მან ფაქტიურად ყურადღება მოადუნა და ვეღარ გააკონტროლა საკვები პროდუქტების მდგომარეობა.
23. ბაგა-ბაღის წესდების მე-2 მუხლის თანახმად, საბავშვო ბაგა-ბაღის ამოცანაა ბავშვის გონებრივ, ფიზიკურ, ზნეობრივ, ესთეტიკურ და სოციალურ-ემოციურ განვითარებაზე ზრუნვა. ბავშვთა უფლებათა კონვენციის 3.3. მუხლის თანახმად, მონაწილე სახელმწიფონი უზრუნველყოფენ, რომ ბავშვებზე ზრუნვისათვის, მათი დაცვისათვის პასუხისმგებელი დაწესებულებები, სამსახურები და ორგანოები შეესაბამებოდნენ კომპეტენტური ორგანოების მიერ დაწესებულ ნორმებს; კერძოდ, უსაფრთხოების და ჯანმრთელობის დაცვის სფეროში მათი პერსონალის რიცხობრიობისა და ვარგისიანობის, აგრეთვე, კომპეტენტური ზედამხედველობის თავლსაზრისით. კონვენციის 26.1. მუხლის თანახმად, მონაწილე სახელმწიფონი ცნობენ ყოველი ბავშვის უფლებას ცხოვრების იმ დონეზე, რომელიც აუცილებელია ბავშვის ფიზიკური, გონებრივი, სულიერი, ზნეობრივი და სოციალური განვითარებისათვის.
24. ბაგა-ბაღის წესდების მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, დირექტორი „ა“ მართავს საბავშვო ბაგა-ბაღს; „ვ“ კანონით დადგენილი წესით განაგებს და განკარგავს დაწესებულების ქონებას და სახსრებს, მასვე ეკისრება პასუხისმგებლობა ორგანიზაციის საკუთრებაში არსებულ ქონებასა და ფულადი სახსრების მიზნობრივად და სწორად ხარჯვაზე.
25. სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ დირექტორი პასუხისმგებელი იყო შეექმნა შესაბამისი მექანიზმი რომ კვების ბლოკში არ ჰქონოდა ადგილი ისეთ ქმედებებს, რასაც დასკვნის თანახმად ადგილი ჰქონდა ბაგა-ბაღში, რომელი პასუხისმგებლობისაგანაც, დირექტორს არ ათავისუფლებდა საშემოდგომო ზეიმის არსებობა. ხოლო მასზე მითითება, რომ ე.წ. „საკვების დატაცება“, უშუალოდ მის მიერ არ მომხდარა, არ ათავისუფლებდა მას პასუხისმგებლობისაგან.
26. შრომითი ურთიერთობის მართლზომიერად შეწყვეტის მტკიცების ტვირთი დამსაქმებელზე გადანაწილდა, რომელმაც აღნიშნულ ვალდებულებას წარმატებით გაართვა თავი, რომლის საწინაღმდეგოდ, სახელდობრ, ე.წ. შემოწმების აქტში მითითებული დარღვევების გაქარწყლების მიზნით სარწმუნო მტკიცებულების წარმოდგენა დირექტორმა ვერ შეძლო. შესაბამისად, დამსაქმებლის ნება - შეეწყვიტა ბაღის დირექტორთან შრომითი ურთიერთობა მართლზომიერად შეფასდა.
27. იმავდროულად, ყურადღება გამახვილდა დამსაქმებლის მხრიდან ყველაზე მკაცრი დისციპლინური სახდელის გამოყენების მართებულობაზეც. პალატამ მიუთითა, რომ მართალია საქმის მასალებში არ იყო წარმოდგენილი მტკიცებულება იმის თაობაზე, რომ დირექტორის მხრიდან გამოყენებული იყო სხვა სახდელები, თუმცა, საქმის მასალებში წარმოდგენილი თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სარევიზიო კომისიის 2015 წლის 11 თებერვლის N1 დავალების საფუძველზე, სარევიზიო სამდივნოს თანამშრომლების მიერ ჩატარებული შემოწმება-ანალიზის აქტებით დადგენილი არაერთი გარემოება ბაღში არსებული დარღვევების თაობაზე, სადავო დასკვნასთან ერთობლიობაში ქმნიდა საფუძველს იმისას, რომ დირექტორის მიმართ დამსაქმებლის მიერ გამოყენებული ყოფილიყო ყველაზე მკაცრი სახდელის ზომა.
28. უარყოფილი იქნა დირექტორის არგუმენტი მის მიმართ განხორციელებული დისკრიმინაციულ მოპყრობასთან დაკავშირებით, რაც დირექტორის მოსაზრებით, გამოიხატებოდა სადავო ბრძანების გამოცემამდე დამსაქმებლის მიერ ბაგა-ბაღში ჩატარებულ შემოწმებებში.
29. სააპელაციო პალატამ მიუთითა სშკ-ის მე-2 მუხლისა და ,,დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ’’' საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ნორმატიული დანაწესზე, რომლითაც საქართველოში აკრძალულია დისკრიმინაციის ყველა ფორმა.
30. დისკრიმინაციის ფაქტის მტკიცების ტვირთის გადანაწილება სააპელაციო პალატამ მოახდინა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში: სსკ-ის) 3633 მუხლის მოთხოვნათა დაცვით. ნორმის დანაწესით, სარჩელის აღძვრისას პირმა სასამართლოს უნდა წარუდგინოს ფაქტები და შესაბამისი მტკიცებულებები, რომლებიც დისკრიმინაციული ქმედების განხორციელების ვარაუდის საფუძველს იძლევა, რის შემდეგაც მოპასუხეს ეკისრება იმის მტკიცების ტვირთი, რომ დისკრიმინაცია არ განხორციელებულა.
31. მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელემ ვერ დაადასტურა მის მიმართ განხორციელებული დისკრიმინაციული მოპყრობის ფაქტი. შესაბამისად, მიჩნეული იქნა, რომ კანონის სრული დაცვით გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან, ხოლო, ის ფაქტი, რომ ბაგა-ბაღში პერიოდულად მიმდინარეობდა შემოწმება, არ წარმოადგენდა დირექტორის მიმართ განხორციელებულ დისკრიმინაციულ ქმედებას. სახელდობრ, დადგენილი იქნა, სარევიზიო სამდივნოს თანამშრომლების მიერ ბაგა-ბაღში შემოწმება ჩატარდა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სარევიზიო კომისიის 2015 წლის 11 თებერვლის N1 დავალების საფუძველზე. თავდაპირველად შემოწმება მოხდა 12.03.2015 წელს, რა დროსაც, დადგინდა 3 არაკრიტიკული შეუსაბამობა, შემდგომ - 20.05.2015 წ., რომელიც იყო გეგმიური ინსპექტირება და მიზნად ისახავდა 12.03.2015 წლის N01-70 აქტში გაცემული რეკომენდაციების შესრულების მდგომარეობის გადამოწმებას, ხოლო, ბოლოს - 28.10.2015 წელს, ასევე, გეგმიური ინსპექტირება, რომელიც მიზნად ისახავდა 12.03.2015 წლის N01-70 აქტში და 20.05.2015 წ.N01-70ა აქტში გაცემული რეკომენდაციების შესრულების მდგომარეობის გადამოწმებას (იხ. 4.3. პუნქტი).
32. ამდენად, საქმის მასალებით არ იკვეთებოდა ის გარემოება, რომ ბაგა-ბაღში ჩატარებული შემოწმებები განპირობებული იყო ბაგა-ბაღის დირექტორის მიმართ დისკრიმინაციული მოპყრობის საფუძველზე. როგორც აღინიშნა, შემოწმებები ემსახურებოდა მხოლოდ ერთ მიზანს - გადამოწმებულიყო რეკომენდაციების შესრულების მიმდინარეობა.
33. ასევე უარყოფილი იქნა აპელანტის მითითება პოლიტიკური ნიშნით დისკრიმინაციის ფაქტთან მიმართებითაც, იმ საფუძვლით, რომ მოსარჩელეს აღნიშნულ საფუძველზე საქმის მომზადების ეტაპზე არ მიუთითებია და არც მასზე დაგვიანებით მითითების საპატიოობა დაუდასტურებია [სსსკ-ის 219-ე, 380-ე 215-ე მუხლები].
34. სააპელაციო პალატამ დავის მოწესრიგების სამართლებრივ თავისებურებასთან მიმართებით აგრეთვე მიუთითა საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ დადგენილ პრაქტიკაზე (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლო 15/07/2016 გადაწყვეტილება ას-302-287-2), რომელშიც ნამსჯელია ა(ა)იპ თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს, როგორც დამფუძნებელის, გადაწყვეტილების კანონიერების შემოწმების მარეგულირებელ სამართლებრივ აქტებთან დაკავშირებით.
35. თბილისის სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ, რომელმაც მოითხოვა მისი გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილება.
36. კასატორი მიუთითებს გასაჩივრებული გადაწყვეტილების 2.6 პუნქტზე, სადაც ჩამოყალიბებულია სასამართლოს დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით. კასატორი აღნიშნავს, რომ სასამართლო მიუთითებს იმ საერთაშორისო და ეროვნულ ნორმებზე, რომლითაც იხელმძღვანელა გადაწყვეტილების გამოტანისას, კერძოდ, ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის 23-ე და 24-ე მუხლებით; სოციალური, ეკონომიკური და კულტურული უფლებების შესახებ საერთაშორისო პაქტის მე-6 და მე-7 მუხლებით; ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ეროვნული კონვენციის მე-4, მე-8 და 14-ე მუხლებით; საქართველოს კონსტიტუციის 30-ე მუხლით; სშკ-ის მე-2, მე-6, 21-ე, 22-ე, 25-ე, 37-ე, 38-ე მუხლებით; საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდეგში: სსკ-ის) მე-8, 115-ე მუხლებით.
37. კასატორი ასევე აღნიშნავს, რომ სასამართლო განჩინების 9 გვერდიანი სამართლებრივი შეფასებისას 7 გვერდს უთმობს იმ გარემოებების დასაბუთებას, რომ შრომით-სამართლებრივი ურთიერთობის მარეგულირებელი ყველა ნორმა, რომელზეც ის მიუთითებს, დასაქმებულის უფლების დაცვის მიზნითაა შექმნილი და ბაგა-ბაღების დირექტორების შრომითი დავები შრომის კოდექსის გამოყენებით გადაწყვეტილა არა მხოლოდ ამ საქმეში. თუმცა, კასატორის მითითებით, სასამართლო შემდგომ უგულვებელყოფს დამკვიდრებულ სასამართლო პრაქტიკას და მიუხედავად კასატორის სშკ-ის 37-ე მუხლის „ზ“ ქვეპუნქტის საფუძველზე გათავისუფლებისა (დამსაქმებელი არ მიუთითებს გათავისუფლების სხვა საფუძვლებზე), სასამართლო სსსკ-ის 248-ე მუხლით განსაზღვრული შეზღუდვის იგნორირებით განმარტავს, რომ სსკ-ის 35-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, არაკომერციული იურიდიული პირის ხელმძღვანელობითი და წარმომადგენლობითი უფლებამოსილების წარმოშობისა და შეწყვეტის მიმართ ვრცელდება „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლი. აღნიშნული მუხლის მიხედვით, სასამართლოს განმარტებით, მეწარმე სუბიექტის წარმომადგენლობითი უფლებამოსილების მქონე პირისათვის განსაზღვრული წესებია დადგენილი და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის სტატუსით დაფუძნებული ბაგა-ბაღის დირექტორის სამსახურებრივი ურთიერთობის მოწესრიგებისათვის სასამართლო მიიჩნევს „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონს.
38. კასატორი მიუთითებს სასამართლოს განმარტებაზე, რომ თავის მხრივ სამეწარმეო სუბიექტების ხელმძღვანელების სამსახურებრივი დავების ირგვლივ ასევე ფართოდაა განვითარებული ეროვნული სამართალწარმოებით შექმნილი პრაქტიკა, კერძოდ, 2016 წლის 10 თებერვლის გადაწყვეტილება საქმეზე Nას-882-832-2015, რომლის მიხედვითაც საქართველოს უზენაესი სასამართლოს განმარტებით „საწარმოს დირექტორისათვის საწარმოს მართვის, ქონების განკარგვისა და წარმომადგენლობითი უფლებამოსილების მინიჭების რისკის საკომპენსაციოდ, პარტნიორებს ყოველთვის აქვთ უფლება ნებისმიერ დროს გაათავისუფლონ დირექტორი. აღნიშნულ ურთიერთობაზე არ ვრცელდება საქართველოს შრომის კანონთა მოთხოვნები, მიუხედავად იმისა, დირექტორი კეთილსინდისიერად ასრულებს თავის მოვალეობებს თუ არა. ამასთან, დირექტორის საქმიანობა არ არის ჩვეულებრივი საქმიანობა და იგი ვერ გაუთანაბრდება საწარმოს მიერ დაქირავებულ სხვა დასაქმებულთან ურთიერთობას, რომელიც სწორედ შრომითი კანონმდებლობით რეგულირდება“. კასატორი აღნიშნავს, რომ „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის შესაბამისად ხელმძღვანელობის უფლებამოსილება გააჩნია დირექტორს და იგი წარმოადგენს პარტნიორთა მიერ ნდობით აღჭურვილ თანამდებობის პირს, რომელიც განაგებს საზოგადოების ფასეულობას. კასატორი განმარტავს, რომ სასამართლომ დამსაქმებლის მიერ დასაქმებულთან - კასატორთან შრომითი ურთიერთობის შეწყვეტა კანონიერად მიიჩნია. აღნიშნული კი კასატორს მიაჩნია როგორც არასწორ მსჯელობად და მთელი რიგი საკანონმდებლო ნორმების არსწორ განმარტებად, რადგან განსახილველ შემთხვევაში საუბარია არა „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულ სუბიექტზე, არამედ სსკ-ის საფუძველზე დაფუძნებულ არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირზე, რომლისთვისაც სსკ-ის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილი ადგენს, რომ მხოლოდ ხელმძღვანელობითი და წარმომადგენლობითი უფლებამოსილების წარმოშობისა და შეწყვეტის მიმართ გამოიყენება „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლით მეწარმე სუბიექტის წარმომადგენლობითი უფლებამოსილების მქონე პირისათვის განსაზღვრული წესები.
39. საკასაციო საჩივრის ავტორი განმარტავს, რომ განსახილველ შემთხვევაში, სამართლებრივი ურთიერთობის მარეგულირებელი წესები დადგენილია „მეწარმეთა შესახებ“ კანონის მე-9 მუხლით, რომელთა შესაბამისად ხელმძღვანელობაზე/წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირის რეგისტრაცია წყდება, თუ: ა) მარეგისტრირებელ ორგანოს წარედგინა უფლებამოსილი პირის განცხადება რეგისტრირებული პირის გათავისუფლების თაობაზე; ბ) მარეგისტრირებელ ორგანოს წარედგინა რეგისტრირებული პირის განცხადება რეგისტრაციის შეწყვეტის მოთხოვნის თაობაზე. აღნიშნული მუხლი ადგენს დასახელებული პუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში, მხარეთა ვალდებულებას, მარეგისტრირებელი ორგანოსათვის რეგისტრირებული პირის უფლებამოსილების შეწყვეტის შესახებ განცხადების წარდგენამდე გააგზავნონ შეტყობინება სშკ-ის 39-ე მუხლით დადგენილი წესით, ხოლო ამ წესის დაცვის გარეშე რეგისტრაციის შეწყვეტის შემთხვევაში, მიყენებული ზიანისათვის პასუხისმგებლობა განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით.
40. საკასაციო საჩივრის ავტორი მიუთითებს, რომ გასაჩივრებულ განჩინებაში საერთოდ არ არის მსჯელობა ზემოაღნიშნულ გარემოებებზე და შესაბამისად, არც მისი სამართლებრივი შეფასება არაა, ხოლო სარჩელი ზიანის ანაზღაურების ნაწილშიც არ დაკმაყოფილდა, რადგან სასამართლოს განმარტებით, „პირველი სასარჩელო მოთხოვნის ანუ გათავისუფლების ბრძანების ბათილად ცნობის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის პირობებში, ასევე უსაფუძვლოდ რჩება დანარჩენი ორი მოთხოვნაც - თანამდებობაზე აღდგენისა და განაცდურის ანაზრაურების თაობაზე რომლებიც თავისთავად, მხოლოდ ამ პირველადი მნიშვნელობის მოთხოვნის თანმდევი შედეგები უნდა ყოფილიყვნენ ისეთ შემთხვევაში, თუ სასამართლო სხვაგვარ გადაწყვეტილებას მიიღებდა“.
41. კასატორი აღნიშნავს, რომ სასამართლო დამკვიდრებულ პრაქტიკაზე ხაზგასმის მიზნით მიუთითებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2015 წლის 17 მარტის Nას-1294-1232-2014 გადაწყვეტილებაზე, რომლის მიხედვით, ბაგა-ბაღის დირექტორის სამსახურიდან გათავისუფლების მიზეზი გახდა ის გარემოება, რომ დირექტორი სათანადოდ არ ასრულებდა სამსახურებრივ მოვალეობას, კერძოდ, უმიზეზოდ აცდენდა სამსახურს და მოვალეობის შემსრულებელსაც არ ტოვებდა მისი არ ყოფნის პერიოდში, რაც შესაბამისი შემოწმებით დადასტურდა. აქედან გამომდინარე, კასატორისათვის გაურკვეველია, რა კავშირშია აღნიშნული საქმე განსახილველ შემთხვევასთან, გარდა ერთი და იმავე თანამდებობაზე საუბრისა.
42. კასატორი განმარტავს, რომ მოწინააღმდეგე მხარის მიერ, შემოწმების შედეგების ანალიზის საფუძველზე გაცემულია რეკომენდაცია - ბაგა-ბაღის დირექტორის მიმართ დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის გამოყენებაზე, ხოლო უშუალოდ დარღვევის ჩამდენი თანამშრომლების სამსახურიდან გათავისუფლებაზე (შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტა). მიუხედავად აღნიშნული გარემოებისა, მოწინააღმდეგე მხარის დირექტორის 2015 წლის 1 დეკემბრის №2/226 ბრძანების საფუძველზე კასატორი „უხეში“ დარღვევის გამო მაინც გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან, აღნიშნული კი არ იყო მონიტორინგის ჯგუფის რეკომენდაცია, ვინაიდან, კასატორის ქმედება არ ჩათვლილა უხეშ დარღვევად.
43. კასატორი აღნიშნავს, რომ მისი გათავისუფლების საფუძველს წარმოადგენს 2015 წლის №2/226 ბრძანების შესაბამისად საქართველოს შრომის კოდექსის 37-ე მუხლის პირველი ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტი, რომელიც სასამართლოს მსჯელობის საგანი საერთოდ არ გამხდარა. კასატორი ასევე უთითებს, რომ მოწინააღმდეგე მხარემ ვერ დააკონკრეტა, მითითებული ნორმიდან დასაქმებულმა რომელი დასრღვია „უხეშად“ და რა ნაწილში - შრომითი ხელშეკრულება, რომელიც არ გაუფორმეს, თუ - შინაგანაწესი.
44. საკასაციო საჩივრის ავტორის განმარტებით, დასახელებულ ბრძანებაში ზოგადაა მითითებული თანამდებობიდან გათავისუფლების საფუძველი - ა(ა)იპ „ქ.თბილისის №76 ბაგა-ბაღის“ წესდება, რომლის თანახმად, დირექტორი წარმართავს ბაგა-ბაღის საერთი საქმიანობას და პასუხისმგებელია ამ საქმიანობის ხარისხზე, კანონიერებასა და ეფექტურობაზე. კასატორი აღნიშნავს, რომ სასამართლო საერთოდ არ განიხილავს ბრძანებით განსაზღვრული ნორმების გამოყენების კანონიერებას და შესაბამისად არც აფასებს მათ სამართლებრივად, მიუხედავად, უზენაესი სასამართლოს განმარტებისა (2015 წლის 17 მარტის Nას-1294-1232-2014 გადაწყვეტილება), რომ: „სამსახურიდან პირის გათვაისუფლების შესახებ დამსაქმებლის გადაწყვეტილების მართლზომიერების შეფასებისას განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება შრომის სამართალში მოქმედ Ultima Ratio-ს პრინციპის დაცვას, რომელიც გულისხმობს, რომ დასაქმებულის სამსახურიდან გათავისუფლება გამოყენებული უნდა იქნეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც დასაქმებულის მიმართ, მის მიერ ჩადენილი გადაცდომის (დარღვევის) ხასითიდან და სიმძიმიდან გამომდინარე, უფრო მსუბუქი სანქციის შეფარდებას აზრი აქვს დაკარგული. სწორედ აღნიშნული მიზნის განხორციელებას ემსახურება საქართველოს შრომის კოდექსის 37-ე მუხლში 2013 წლის 12 ივნისს განხორციელებული ცვლილებები, რომელთა შესაბამისად, აღნიშნული მუხლის პირველი ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტით დამსაქმებელს მიენიჭა დასაქმებული სამუშაოდან გათავისუფლების უფლება არა შრომითი ხელშეკრულის ყოველგვარი დარღვევის, არამედ ვალდებულებათა მხოლოდ „უხეში დარღვევის შემთხვევაში“.
45. კასატორი განმარტავს, რომ სააპელაციო საჩივრის საფუძვლებზე მსჯელობისას სასამართლომ 3.1 პუნქტში მიუთითა, მაგრამ არ განიხილა აპელანტის მოთხოვნა, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, სააპელაციო საჩივართან ერთად ემსჯელა მოწმეების დაკითხვის შესახებ შუამდგომლობაზე, რომელიც თბილისის საქალაქო სასამართლომ 2016 წლის 31 მარტის სხდომაზე არ დააკმაყოფილა.
46. კასატორი მიიჩნევს, რომ სასამართლოს მიერ სააპელაციო საჩივრის საფუძვლების 3.2 პუნქტში აღნიშნული შუამდგომლობის, ახალ გარემოებებზე მითითებით დამატებითი მტკიცებულებების წარმოდგენისა და მოწმის სახით პირის დაკითხვის თაობაზე, რაც აპელანტისათვის (კასატორისათვის) ცნობილი გახდა პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის წარმოების დასრულებისა და გადაწყვეტილების გამოტანის შემდეგ არ აისახა გასაჩივრებულ გადაწყვტილებაში, მაგრამ გამოიხატა ყველა მიმართულებით განხორციელებულ შემოწმებებში ბაგა-ბაღის დირექტორთან მიმართებით. კასატორის აზრით, მოწინააღმდეგე მხარის მიერ განხორციელდა კასატორის დისკრიმინაცია და მისი გათავისუფლება მოხდა პოლიტიკური ნიშნით, ვინაიდან, ამას მოითხოვდა განმცხადებელი - პოლიტიკური მოძრაობა „ქართული ოცნების“ კოორდინატორი, რომელიც კასატორს ადანაშაულებდა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრობის გამო.
47. კასატორი აღნიშნავს, რომ მიუხედავად შუამდგომლობისა, სასამართლომ არ იმსჯელა აღნიშნულ საკითხზე, ხოლო მისი განმარტებით, დასახელებული შემოწმებების სიმრავლე განპირობებული იყო პირველი შემოწმების დროს გაცემული რეკომენდაციების შესრულების გადამოწმების მიზნით. კასატორი მიუთითებს, რომ სასამართლომ არ იხელმძღვანელა დისკრიმინაციული მიდგომის შეფასების დამკვიდრებული საერთაშორისო და ეროვნული პრაქტიკით, რომლის საფუძველზეც დისკრიმინაციის არსებობის ფაქტი უნდა შემოწმდეს ფორმალური თანასწორობის მოდელით, რომელიც მოითხოვს ე.წ. შედარების ობიექტის არსებობას. კასატორის განმარტებით, ანუ, დისკრიმინაციული ქმედების შეფასებისას გადამწყვეტია არსებობს თუ არა ანალოგიურ პირობებში მყოფ სხვა დასაქმებულთან მიმართებით თანასწორუფლებიანობის დარღვევა და იგი მიიჩნევს, რომ სწორედ ამ პრინციპით განხორციელდა, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ, სხვა შეხედულების ნიშნით დისკრიმინაციული მოპყრობის დამადასტურებელი ფაქტის არსებობის შემოწმება (2010 წლის 19 ოქტომბრის გადაწყვეტილება საქმეზე Nას-549-517-2010).
48. საკასაციო საჩივრის ავტორი აღნიშნავს, რომ სასამართლოს მიერ დასახელებული შუამდგომლობების განუხილველობის მიუხედავად, საქმის განხილვის პროცესში საკმაოდ დიდი ყურადღების დათმობა მოხდა კასატორის მიერ წარმოდგენილი შემოწმების აქტებისათვის, რომლებიც მოწინააღმდეგე მხარეს არ წარმოუდგენია
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
49. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 03 ივლისი განჩინებით საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სსსკ-ის 396-ე მუხლით და 391-ე მუხლის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად.
50. საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც, მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად.
51. საკასაციო საჩივარი წარმოდგენილია, როგორც ფაქტობრივი ისე, სამართლებრივი კუთხით, რაზედაც საკასაციო პალატა ეტაპობრივად გაამახვილებს ყურადღებას.
52. პირველ რიგში, კასატორის პრეტენზია ურთიერთობის მომწესრიგებელ სამართლებრივ აქტებთან მიმართებით აქვს (იხ., საკასაციო საჩივარი ს.ფ. 284), კასატორი აღნიშნავს, რომ სააპელაციო პალატამ მოიხმო იმგვარი განმარტებები, რაც რელევანტური იყო კომერციულ იურიდიულ პირსა და დირექტორებს შორის ურთიერთობების სამართლებრივი მოწესრიგებისათვის, კონკრეტულ შემთხვევაში კი, სადავო იყო არაკომერციული იურიდიული პირის მიერ ბაგა-ბაღის დირექტორის გათავისუფლების შესახებ ბრძანების მართლზომიერება (განჩინების პპ: 38, 39).
53. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ კასატორის აღნიშნული პრეტენზია ვერ დაედება საფუძვლად საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობას, გამომდინარე იქიდან, რომ სადავო საკითხთან დაკავშირებით დადგენილია საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა, რომელზედაც მიუთითა სააპელაციო პალატამ გასაჩივრებულ განჩინებაში, სახელდობრ, საკასაციო პალატის მიერ არაერთ საქმეში განმარტებულ საკითხზე, რომელიც შეეხება კომერციულ იურიდიულ პირსა და მის დირექტორს შორის „სასამსახურო ხელშეკრულებად“ შეფასებულ სამართლებრივ ურთიერთობას (იხ. სუსგ 3/კ-259-01, 30 მარტი, 2001 წელი; № ას-68-767-03, 26 ივნისი, 2003 წელი). აგრეთვე, არაკომერციული იურიდიულ პირის დირექტორის თანამდებობაზე გამწესებისა და მისი გათავისუფლების სამართლებრივი მოწესრიგებას იხ., სუსგ №ას-379-363-2016, 30 ივნისი, 2016 წელი, რომელშიც საკასაციო პალატამ განმარტა: „..ა(ა)იპ-ის წესდების თანახმად, ა(ა)იპ-ის გაერთიანების დირექტორის დანიშვნა-გათავისუფლების ფარგლებში უფლებამოსილ პირს წარმოადგენს ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერი. მაშასადამე, სადავო არაა ბრძანების გამომცემი პირის უფლებამოსილების ფარგლები. მუნიციპალიტეტის უფლებამოსილ პირს (მერს) და ააიპ-ს ხელმძღვანელობაზე/წარმომადგენლობაზე უფლებამოსილ პირს (დირექტორს) შორის დადებული იყო დავალების ხელშეკრულება. დავალების ხელშეკრულების შეწყვეტა მხარეებს ნებისმიერ დროს ხელეწიფებოდათ და სხვაგვარი შეთანხმება ამ უფლებაზე უარის შესახებ ბათილად ცხადდებოდა [სსკ-ის 720-ე მუხლი]. არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის სამართლებრივ საკითხებს არეგულირებს სსკ-ის 35-ე მუხლი, რომლის მე-4 ნაწილის თანახმად კი, არაკომერციული იურიდიული პირის ხელმძღვანელობითი და წარმომადგენლობითი უფლებამოსილების წარმოშობისა და შეწყვეტის მიმართ ვრცელდება მეწარმეთა კანონის მე-9 მუხლით მეწარმე სუბიექტის წარმომადგენლობითი უფლებამოსილების მქონე პირისათვის განსაზღვრული წესები. ერთ-ერთ საქმეში (იხ., სუსგ №ას-1028-970-2015, 03 თებერვალი, 2016 წელი) განიმარტა, რომ მეწარმეთა კანონის მითითებული ნორმა მეწარმე სუბიექტის წარმომადგენლობითი უფლებამოსილების შეწყვეტის მატერიალურ საფუძვლად ინტერესთა კონფლიქტს, საზოგადოების საქმიანობის კეთილსინდისიერად გაძღოლის ვალდებულების დარღვევას მიჩნევს, რაც მოცემულ კონკრეტულ საქმეზე, მოპასუხეს არ მიუთითებია და ამდენად, მითითებული ნორმა დირექტორის პირვანდელ სამუშაო ადგილზე აღდგენის ნაწილში, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის მატერილურ-სამართლებრივ საფუძვლად ვერ გამოდგებოდა. მოხმობილ საქმეში, საკასაციო პალატამ მოსარჩელის თანამდებობიდან გათავისუფლებისა და აღდგენის პროცედურული საკითხების მოსაწესრიგებლად სშკ-ის ნორმებს მაინც მიმართა და მისი გამოყენების უკიდურესი აუცილებლობა იმით დაააბუთა, რომ ა(ა)იპ წესდება დირექტორის თანამდებობაზე აღდგენის ნაწილში, რაიმე მატრიალურ საფუძველს არ შეიცავდა, ხოლო დირექტორთან შრომითი ურთიერთობა მოწერიგებული იყო მხოლოდ მუნიციპალიტეტის მერის ბრძანებით, ამიტომ დირექტორის თანამდებობაზე გამწესება-გამოწვევისა და მასთან შრომითი ურთიერთობის რეგულირების მოსაწესრიგებლად სპეციალური კანონით - სშკ-ით ხელმძღვანელობა ლეგიტიმური იყო“.
54. კონკრეტულ შემთხვევაში, კი უდავოა, რომ შესაფასებელია არა კომერციული იურდიული პირის დირექტორის ანდა ა(ა)იპ-ის გაერთიანების დირექტორის გათავისუფლების მართლზომიერება, არამედ ა(ა)იპ-ის დირექტორის მიერ ერთ-ერთი ბაგა-ბაღის დირექტორის გათავისუფლების მართლზომიერება, რომელიც სააპელაციო პალატამ სამართლებრივად სწორად მოაწესრიგა.
55. კასატორი შემდეგი პრეტენზია მისი გათავისუფლების საფუძვლების არარსებობასა და იმავდროულად, უმკაცრესი სასჯელის - სამსახურიდან გათავისუფლების მართლზომიერებას შეეხება.
56. კასატორის არც ზემოაღნიშნული პრეტენზიის გაზიარების ვარგისი სამართლებრივი საფუძველი არსებობს. უპირატესად, საკასაციო პალატა ყურადღებას გაამახვილებს სადავო ბრძანების გამოცემის წინაპირობებზე.
57. ამ მიზნით, საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ შრომითი ურთიერთობის მართლზომიერად შეწყვეტის მტკიცების ტვირთი დამსაქმებელზე სწორად გადანაწილდა (გათავისუფლების ბრძანების მართლზომიერების შეფასებისას მტკიცების ტვირთის გადანაწილებასთან დაკავშირებით იხ., სუსგ Nას-483-457-2015, 07 ოქტომბერი, 2015 წელი, რომელშიც საკასაციო პალატამ განმარტა შემდეგი: „..სამართალწარმოებაში მოქმედებს მტკიცების ტვირთის განაწილების ორი ძირითადი წესი: ზოგადი წესი, რომელიც სსსკ-ის 102-ე მუხლის თანახმად ეკისრება თითოეულ მხარეს, და სპეციალური წესი, რომელსაც თავად გამოსაყენებელი მატერიალური ნორმა აწესებს. ნიშანდობლივია, რომ შრომითსამართლებრივი დავები მტკიცების ტვირთის განაწილების გარკვეული თავისებურებით ხასიათდება, რასაც მტკიცებულებების წარმოდგენის თვალსაზრისით, დამსაქმებლისა და დასაქმებულის არათანაბარი შესაძლებლობები განაპირობებს და ამდენად, უნდა ვიხელმძღვანელოთ მტკიცების ტვირთის განაწილების სპეციალური სტანდარტით, რომლის თანახმად, სწორედ დამსაქმებელია ვალდებული ადასტუროს დასაქმებულის სამსახურიდან გათავისუფლების კანონიერი და საკმარისი საფუძვლის არსებობა. ამგვარი სტანდარტის გამოყენების ნორმატიულ საფუძველს ქმნის ის, რომ დამსაქმებელს გააჩნია მტკიცებითი უპირატესობა, სასამართლოს წარუდგინოს მისთვის ხელსაყრელი მტკიცებულებები იმასთან დაკავშირებით, რომ მისმა თანამშრომელმა არაჯეროვნად შეასრულა მასზე დაკისრებული მოვალეობები (სშკ-ის 37-ე მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის შემადგენლობა), რაც კონკრეტულ ქმედებებში გამოიხატა, ვიდრე დასაქმებული, რომელიც ობიექტურად ვერ შეძლებს მტკიცებულებების წარდგენას“. მოცემულ შემთხვევაში, სააგენტომ აღნიშნულ ვალდებულებას წარმატებით გაართვა თავი, რადგან როგორც საქმის მასალებითაა დადგენილი (იხ., განჩინების პპ: 7-20), სააგენტოს მიერ ბაგა-ბაღის შემოწმებისა და მონიტორინგის შედეგად გამოვლენილია იმგვარი დარღვევა-ნაკლოვანებები, რომელზედაც პასუხისმგებლობა ევალებოდა სწორედ მის დირექტორს. აღმოჩენილი დარღვევების და მონიტორინგის შედეგების ანალიზის საფუძველზე, სააგენტოს მონიტორინგის სამსახურმა, მიზანშეწონილად მიიჩნია: დირექტორის მიმართ, დაკისრებული უფლება-მოვალეობების არაჯეროვანი შესრულების გამო, გამოყენებულიყო დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომა.
58. იმავდროულად, დადგენილი იქნა, რომ 05.03.2015 წლის შემოწმება-ანალიზის აქტის თანახმად, ჩატარდა ბაგა-ბაღის მიერ 2012წ. 2013წ. და 2014წ. გაწეული საფინანსო-სამეურნეო საქმიანობის დოკუმენტური შემოწმება-ანალიზი თანდართული პროგრამის მიხედვით. შემოწმებამ მოიცვა 2015 წლის 11 თებერვალი - 2015 წლის 05 მარტი, პერიოდი. შემოწმება-ანალიზის აქტის დანართი N9-ში მითითებულ იმ გარემოებასთან დაკავშირებით, სადაც აღნიშნულია, რომ ყოველდღიური მენიუ-ფაქტურების შესწავლით დადგინდა, რომ: 1. ბავშვზე გაანგარიშებით, კალორიულობა მერყეობდა 1000-დან 1250 კალორიას შორის და მნიშვნელოვნად ჩამორჩებოდა საქართველოს მთავრობის 2014 წლის 15 იანვრის N78 დადგენილებით დამტკიცებული ტექნიკური რეგლამენტით - ,,კვების ორგანიზაცია ბავშვთა სკოლანდელ დაწესებულებებში’’ დამტკიცებულ ნორმას (1581 კალორიას).
59. 12.03.2015 წელს, საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ სურსათის სააგენტოს მიერ შედგა შესაბამისობის შეფასების აქტი N01-70. აქტში, ბაგა-ბაღის არაკრიტიკულ შეუსაბამობაში მიეთითა, რომ: 1. ჯგუფების სამზარეულოები ნაწილობრივ არ იყო იმგვარად მოწყობილი, რომ იძლეოდეს მათი ადეკვატურად სუფთა მდგომარეობაში შენარჩუნების შესაძლებლობას და ჭერი საჭიროებდა რემონტს; 2. საწყობი არ იყო აღჭურვილი ტემპერატურის მზომი ხელსაწყოთი (თერმომეტრით), რაც არ იძლეოდა ტემპერატურის გაკონტროლების შესაძლებლობას; 3. სასადილოსა და სამრეცხაოს გარეთ გამავალი ფანჯრები, არ იყო დაფარაული მწერებისაგან დამცავი ადვილად გასაწმენდი ბადით; არაკრიტიკული შეუსაბამობების N1-ის გამოსწორების ვადად მიეთითა: 20.09.2015 წ. ხოლო, N2 და N3-ის გამოსწორების ვადად - 30.04.2015წ.
60. 20.05.2015 წელს, საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ შედგენილი შესაბამისობის შეფასების N01-70ა აქტით დგინდება, რომ ინსპექტირების ტიპს წარმოადგენდა გეგმიური ინსპექტირების (აქტი N01-70 12.03.2015წ.) დროს გაცემული რეკომენდაციების შესრულების მდგომარეობის გადამოწმება სსიპ სურსათის ეროვნული სააგენტოს ქ. თბილისის სამმართველოს უფროსის 2015 წლის 18 მაისის N74 ბრძანების საფუძველზე. აქტის თანახმად, გამოსწორებული იყო არაკრიტიკული შეუსაბამობები: N2 და N3, ხოლო, გამოსასწორებელი იყო N1 არაკრიტიკული შეუსაბამობა, რომელის გამოსწორების ვადა იყო 20.09.2015წ.
61. 28.10.2015 წელს, საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ შედგენილი შესაბამისობის შეფასების აქტი N01-70ბ-ს თანახმად დგინდება, რომ ინსპექტირების ტიპს წარმოადგენდა გეგმიური ინსპექტირების (აქტი N01-70 12.03.2015წ. N01-70ა 20.05.2015წ.) დროს გაცემული რეკომენდაციების შესრულების მდგომარეობის გადამოწმება სსიპ სურსათის ეროვნული სააგენტოს ქ. თბილისის სამმართველოს უფროსის 2015 წლის 19 ოქტომბრის N1058 ბრძანების საფუძველზე. აქტის თანახმად, გამოსწორებული იყო N1 არაკრიტიკული შეუსაბამობა. სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ დირექტორი პასუხისმგებელი იყო შეექმნა შესაბამისი მექანიზმი რომ კვების ბლოკში არ ჰქონოდა ადგილი ისეთ ქმედებებს, რასაც დასკვნის თანახმად ადგილი ჰქონდა ბაგა-ბაღში, რომელი პასუხისმგებლობისაგანაც, დირექტორს არ ათავისუფლებდა საშემოდგომო ზეიმის არსებობა. ხოლო მასზე მითითება, რომ ე.წ. „საკვების დატაცება“, უშუალოდ მის მიერ არ მომხდარა, არ ათავისუფლებდა მას პასუხისმგებლობისაგან.
62. ზემოთდადგენილი ფაქტობრივი გარემოებების საწინაღმდეგოდ, სახელდობრ, ე.წ. შემოწმების აქტში მითითებული დარღვევების გაქარწყლების მიზნით სარწმუნო მტკიცებულების წარმოდგენა დირექტორმა ვერ შეძლო. შესაბამისად, დამსაქმებლის ნება - შეეწყვიტა ბაგა-ბაღის დირექტორთან შრომითი ურთიერთობა მართლზომიერად შეფასდა, ვინაიდან დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები საკასაციო პალატის მოსაზრებით, ქმნიდა სშკ-ის 37-ე მუხლის „ზ“ქვეპუნქტის სამართლებრივ წანამძღვრებს.
63. იმავდროულად, უარსაყოფია კასატორის პრეტენზია დამსაქმებლის მხრიდან ყველაზე მკაცრი დისციპლინური სახდელის გამოყენების უმართებულობასთან დაკავშირებით. საკასაციო პალატას არაერთ გადაწყვეტილებაში აქვს ნამსჯელი აღნიშნულ საკითხზე, იხ., №ას-483-457-2015, 07 ოქტომბერი, 2015 წელი; №ას-776-733-2015, 02 დეკემბერი, 2015 წელი; №ას-1276-1216-2014, 18 მარტი, 2015 წელი; №ას-151-147-2016, 19 აპრილი, 2016 წელი; №ას-164-154-2015, 27 აპრილი, 2015 წელი; №ას-416-399-2016, 29 ივნისი, 2016 წელი. აღნიშნულ გადაწყვეტილებებში განმარტებულია, რომ დამსაქმებელმა უნდა დაიცვას პრინციპი, რომლის შესაბამისად, შრომით სამართლებრივი ურთიერთობის შენარჩუნებას აქვს პრიორიტეტი მის რღვევასთან შედარებით. დასაქმებულის მიერ ჩადენილი ყოველი დარღვევა შეფასებულ უნდა იქნეს მისი ჩადენის სიხშირის, სიმძიმის და რაც მთავარია, შედეგობრივი თვალსაზრისით [“Ultima Ratio“ - ს პრინციპი]. რაც მოცემულ კონკრეტულ საქმეზე დადგენილი ფაქტორივი გარემოებების საფუძველზე დაცულად უნდა ჩაითვალოს, რამდენადაც საკითხი შეეხებოდა ასობით ბავშვის ჰიგიენის, კვების საკითხების მოუწესრიგებლობას, რასთან დაკავშირებით არაერთხელ ჩატარდა შემოწმება და გამოვლინდა სხვადასხვა სახის დარღვევა, რაზედაც პასუხისმებლობა სწორედ ბაგა-ბაღის დირექტორს ევალებოდა. მართალია საქმის მასალებში არ იყო წარმოდგენილი მტკიცებულება იმის თაობაზე, რომ დირექტორის მხრიდან გამოყენებული იყო სხვა სახდელები, თუმცა, საქმის მასალებში წარმოდგენილი თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სარევიზიო კომისიის 2015 წლის 11 თებერვლის N1 დავალების საფუძველზე, სარევიზიო სამდივნოს თანამშრომლების მიერ ჩატარებული შემოწმება-ანალიზის აქტებით დადგენილი არაერთი გარემოება ბაღში არსებული დარღვევების თაობაზე, სადავო დასკვნასთან ერთობლიობაში ქმნიდა საფუძველს იმისას, რომ დირექტორის მიმართ დამსაქმებლის მიერ გამოყენებული ყოფილიყო ყველაზე მკაცრი სახდელის ზომა.
64. უარსაყოფია კასატორის არგუმენტი მის მიმართ განხორციელებული დისკრიმინაციულ მოპყრობასთან დაკავშირებითაც. აღნიშნულთან დაკავშირებით, სააპელაციო პალატამ მიუთითა სშკ-ის მე-2 მუხლისა და ,,დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ’’' საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ნორმატიული დანაწესზე, რომლითაც საქართველოში აკრძალულია დისკრიმინაციის ყველა ფორმა. დისკრიმინაციის ფაქტის მტკიცების ტვირთი სწორად დაეკისრა ამ ფაქტზე მიმთითებელ მხარეს - დირექტორს სსკ-ის 3633 მუხლის მოთხოვნათა დაცვით. ნორმის დანაწესით, სარჩელის აღძვრისას პირმა სასამართლოს უნდა წარუდგინოს ფაქტები და შესაბამისი მტკიცებულებები, რომლებიც დისკრიმინაციული ქმედების განხორციელების ვარაუდის საფუძველს იძლევა, რის შემდეგაც მოპასუხეს ეკისრება იმის მტკიცების ტვირთი, რომ დისკრიმინაცია არ განხორციელებულა. მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელემ ვერ დაადასტურა მის მიმართ განხორციელებული დისკრიმინაციული მოპყრობის ფაქტი. შესაბამისად, მიჩნეული იქნა, რომ კანონის სრული დაცვით გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან, ხოლო, ის ფაქტი, რომ ბაგა-ბაღში პერიოდულად მიმდინარეობდა შემოწმება, არ წარმოადგენდა დირექტორის მიმართ განხორციელებულ დისკრიმინაციულ ქმედებას. სახელდობრ, დადგენილი იქნა, სარევიზიო სამდივნოს თანამშრომლების მიერ ბაგა-ბაღში შემოწმება ჩატარდა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სარევიზიო კომისიის 2015 წლის 11 თებერვლის N1 დავალების საფუძველზე. თავდაპირველად შემოწმება მოხდა 12.03.2015 წელს, რა დროსაც, დადგინდა 3 არაკრიტიკული შეუსაბამობა, შემდგომ - 20.05.2015 წ., რომელიც იყო გეგმიური ინსპექტირება და მიზნად ისახავდა 12.03.2015 წლის N01-70 აქტში გაცემული რეკომენდაციების შესრულების მდგომარეობის გადამოწმებას, ხოლო, ბოლოს - 28.10.2015 წელს, ასევე, გეგმიური ინსპექტირება, რომელიც მიზნად ისახავდა 12.03.2015 წლის N01-70 აქტში და 20.05.2015 წ.N01-70ა აქტში გაცემული რეკომენდაციების შესრულების მდგომარეობის გადამოწმებას (იხ. 4.3. პუნქტი).
65. ამდენად, საქმის მასალებით არ იკვეთება ის გარემოება, რომ ბაგა-ბაღში ჩატარებული შემოწმებები განპირობებული იყო ბაგა-ბაღის დირექტორის მიმართ დისკრიმინაციული მოპყრობის საფუძველზე. როგორც აღინიშნა, შემოწმებები ემსახურებოდა მხოლოდ ერთ მიზანს - გადამოწმებულიყო რეკომენდაციების შესრულების მიმდინარეობა.
66. ასევე უარყოფილი იქნა აპელანტის მითითება პოლიტიკური ნიშნით დისკრიმინაციის ფაქტთან მიმართებითაც, იმ საფუძვლით, რომ მოსარჩელეს აღნიშნულ საფუძველზე საქმის მომზადების ეტაპზე არ მიუთითებია და არც მასზე დაგვიანებით მითითების საპატიოობა დაუდასტურებია [სსსკ-ის 219-ე, 380-ე 215-ე მუხლები], რასაც საკასაციო პალატა სავსებით ეთანხმება.
67. ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში, არ იკვეთება საკასაციო საჩივრის დასაშვებობის სსსკ-ის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული რომელიმე საფუძვლის არსებობა, ვინაიდან ნორმის დანაწესით საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. როგორც საქმის მასალებით ირკვევა, სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით, ვინაიდან სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან, არც დასაბუთებული პოზიციაა წარმოდგენილი ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციათან ანდა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალთან წინააღმდეგობის საფუძვლით.
68. ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისითაც. მსგავსი კატეგორიის შრომით დავებზე არსებობს საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა, რომელთა ნაწილიც ასახულია წინამდებარე განჩინებაში.
69. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი დაუშვას საკასაციო საჩივარი, რის გამოც, საკასაციო საჩივარს უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
70. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. მ- ბ-–ის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;
2. კასატორ მ-ბ-ს უკან დაუბრუნდეს 2017 წლის 24 მაისს საგადასახდო დავალება N1 გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან (300 ლარი) 210 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 3 0077 3150.
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ზ. ძლიერიშვილი
მოსამართლეები: პ. ქათამაძე
ბ. ალავიძე