Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

საქმე №ას-908-874-2016 5 იანვარი, 2017 წელი,

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ეკატერინე გასიტაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

პაატა ქათამაძე, ბესარიონ ალავიძე

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

განმცხადებელი – ი/მ თ. ბ-ი (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – შპს „უ-ი“ (მოსარჩელე)

განმცხადებლის მოთხოვნა – თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 11 თებერვლის განჩინების გაუქმება და სარჩელის უზრუნვეყოფის ღონისძიების ერთი სახის მეორეთი შეცვლა

დავის საგანი – თანხის დაკისრება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 11 თებერვლის განჩინებით დაკმაყოფილდა შპს „უ-ის“ (შემდეგში: მოსარჩელე ან საწარმო) განცხადება სარჩელის უზრუნველყოფის ერთი სახის მეორით შეცვლის თაობაზე (საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის, შემდეგში სსსკ, 196-ე მუხლი) და ი/მ თ. ბ-ს (შემდეგში: მოპასუხე, საჩივრის ავტორი ან განმცხადებელი) აეკრძალა მის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების (მდებარე: ქ. თ-ი, ნ-ის ქუჩა, ს-ოს გზის ქვედა სადგურის მიმდებარედ, დ-ის მე-3 ქუჩა N7, ს/კ …) გასხვისება და უფლებრივად დატვირთვა. განჩინება მიექცა დაუყოვნებლივ აღსასრულებლად (იხ. ტ.1, ს.ფ. 62-64).

2. საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 19 თებერვალს განცხადებით მიმართა მოპასუხემ და მოითხოვა, მოსალოდნელი ზიანის ანაზღაურების სახით, მოსარჩელეს დაკისრებოდა 55 200 (ორმოცდათხუთმეტი ათას ორასი) აშშ დოლარის საერთო სასამართლოების სადეპოზიტო ანგარიშზე განთავსება სასამართლოს მიერ საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე (იხ. ტ.1, ს.ფ. 95-98).

3. საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 2 მარტის განჩინებით მოპასუხის განცხადება არ დაკმაყოფილდა (იხ.განჩინება- ტ.1, ს.ფ. 127-130).

4. მოპასუხემ 2016 წლის 7 მარტს კვლავ წარუდგინა სასამართლოს განცხადება და მოითხოვა სარჩელის უზრუნველყოფით მოსალოდნელი ზიანის ანაზღაურების უზრუნველყოფა, რაც სასამართლოს იმავე წლის 21 მარტის განჩინებით არ დაკმაყოფილდა (იხ. ტ.1, ს.ფ.132—134 და ს.ფ. 214-217).

5. საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 22 მარტის განჩინებით მოპასუხეს უარი ეთქვა სარჩელის უზრუნველყოფის ერთი სახის მეორეთი შეცვლის მოთხოვნით წარდგენილ საჩივარზე (იხ. ტ.1, ს.ფ. 220-223), ხოლო იმავე სასამართლოს 2016 წლის 15 აპრილის განჩინებით განუხილველად დარჩა მოპასუხის შუამდგომლობა, რომლითაც იგი ანალოგიურ მოთხოვნას აყენებდა (იხ. ტ.1, ს.ფ. 240-242).

6. საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 15 მაისის განჩინებით განუხილველად დარჩა მოპასუხის განცხადება სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების ერთი სახის მეორეთი შეცვლის თაობაზე იმ დასაბუთებით, რომ სსსკ-ის 194-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განცხადების დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში, სასამართლოს გამოაქვს განჩინება სარჩელის უზრუნველყოფაზე უარის თქმის თაობაზე. სასამართლოსათვის იმავე საგანზე და იმავე საფუძვლით ხელმეორედ მიმართვის შემთხვევაში მიიღება განჩინება განცხადების განუხილველად დატოვების შესახებ. მოცემულ შემთხვევაში ერთი და იმავე შინაარსის განცხადებით რამდენჯერმე მიმართა მოპასუხემ, ასევე სასამართლოს მოსამზადებელ სხდომაზე დააყენა იგივე შინაარსის შუამდგომლობა (იხ. 3-5 პუნქტები). მოპასუხემ რამდენჯერმე წარუდგინა სასამართლოს იმავე საგანზე და იმავე საფუძვლით ერთი და იგივე შინაარსის განცხადებები, რაც ზემოხსენებული ნორმის საფუძველზე, განცხადების განუხილველად დატოვების საფუძველია (იხ. განჩინება - ტ.1, ს.ფ.275-278).

7. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 20 მაისის გადაწყვეტილებით საწარმოს სარჩელი მოპასუხისათვის თანხის დაკისრების თაობაზე, ნაწილობრივ დაკმაყოფილდა და ამ უკანასკნელს, მოსარჩელის სასარგებლოდ, დაეკისრა ქირავნობის ურთიერთობიდან გამომდინარე, უსაფუძვლოდ მიღებული 6 774 ლარის გადახდა. მოსარჩელის მოთხოვნა ქირის - 17 484 ლარის, ასევე, მიყენებული ზიანის სახით 14 742 ლარის მოპასუხისათვის დაკისრების ნაწილში არ დაკმაყოფილდა.

8. საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ორივე მხარემ.

9. მოპასუხემ სააპელაცო სამართალწარმოების ეტაპზეც მოითხოვა სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების ერთი სახის მეორეთი შეცვლა, რაც თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 18 ივლისის განჩინებით არ დაკმაყოფილდა (იხ. ტ.2, მოპასუხის განცხადება - ს.ფ. 5-8 და სასამართლოს განჩინება- ს.ფ.37-41)

10. აღნიშნულ განჩინებაზე საჩივარი წარადგინა მოპასუხემ, რაც სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 22 სექტემბრის განჩინებით არ დაკმაყოფილდა და საქმის მასალებთან ერთად გადმოიგზავნა საქართველოს უზენაეს სასამართლოში (იხ. ტ.2, ს.ფ. 78 -81).

11. საქმის მასალებშია თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 5 სექტემბრის განჩინება, რომლის საფუძველზე მოსარჩელის სააპელაციო საჩივარი განუხილველად იქნა დატოვებული სახელმწიფო ბაჟის გადაუხდელობის გამო.

12. მოსარჩელემ კერძო საჩივარი წარმოადგინა და მოითხოვა სააპელაციო სასამართლოს 2016 წლის 5 სექტემბრის განჩინების გაუქმება.

13. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 2 დეკემბრის განჩინებებით მოსარჩელის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, ასევე, უარყოფილი იქნა მოპასუხის საჩივარი.

14. 2016 წლის 8 დეკემბერს უზენაეს სასამართლოს განცხადებით მომართა მოპასუხის წარმომადგენელმა მ. რ-მა, მოითხოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქლაქო საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 11 თებერვლის განჩინების გაუქმება და სარჩელის უზრუნვეყოფის ღონისძიების ერთი სახის მეორეთი შეცვლა. განმცხადებლის განმარტებით, პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება არის აღსრულებადი, ვინაიდან სადავოა მხოლოდ 6 744 ლარი, შუამდგომლობის დაკმაყოფილების შემთხვევაში, მოპასუხე მზად არის 3 დღის ვადაში სასამართლოს სადეპოზიტო ანგარიშზე განათავსოს ეს თანხა, რაც გადაწყვეტილების აღსრულების შემთხვევაში სრულად დააკმაყოფილებს მოსარჩელეს.

15. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 20 დეკემბრის განჩინებით, მოპასუხეს განცხადებაზე დაუდგინდა ხარვეზი და დაევალა, განჩინების ჩაბარებიდან 5 დღის ვადაში, უზენაეს სასამართლოში წარმოედგინა მის მიერ ხელმოწერილი, დაზუსტებული მოთხოვნითა და დაზუსტებული სამართლებრივი საფუძვლების მითითებით შედგენილი განცხადება ან წარმომადგენლის საქართველოს ადვოკატთა ასოციაციაში გაწევრიანების დამადასტურებელი მტკიცებულება და მისთვის კანონით დადგენილი წესით მინიჭებული მინდობილობა.

16. განცხადებაზე ხარვეზის დადგენის შესახებ განჩინება განმცხადებელს გაეგზავნა 2016 წლის 21 დეკემბერს. ამ უკანასკნელმა განცხადებით მომართა საკასაციო სასამართლოს, რომელშიც მიუთითა, რომ ეთანხმება წარმომადგენლის განცხადებას (იხ. ამ განჩინების მე-14 პუნქტი) საგარანტიო თანხის განთავსების შესახებ და ითხოვს განცხადების განხილვას უმოკლეს დროში. 29 დეკემბერს მოპასუხემ წარმოადგინა განცხადება თანდართული სალაროს შემოსავლის ორდერით, რომლითაც დასტურდება, რომ სსიპ საერთო სასამართლოების დეპარტამენტის სადეპოზიტო ანგარიშზე განთავსებულია 6 780 (ექვსი ათას შვიდას ოთხმოცი) ლარი, როგორც მოპასუხის საგარანტიო თანხა, საქმეზე N ას-908-874-2016.

17. საკასაციო სასამართლოს 2017 წლის 3 იანვრის განჩინებით, წარმოდგენილი განცხადება წარმოებაშია მიღებული, რადგან განმცხადებელმა სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში ხარვეზი სრულად გამოასწორა.

18. მოპასუხის განცხადების შინაარსისა და მისი განხილვის თარიღის შესახებ ეცნობა მოსარჩელესაც.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო მოპასუხის განცხადების დასაბუთებულობის შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ იგი უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგი არგუმენტაციით:

19. საკასაციო სასამართლო ყურადღებას გაამახვილებს წინამდებარე განჩინების 1,2,8, 11-13 პუნქტებში მითითებულ გარემოებებზე და მოპასუხის განცხადებასთან დაკავშირებით, რომელიც საკასაციო სამართალწამოების ეტაპზეა წარმოდგენილი, სსსკ-ის 196-ე მუხლს მოიხმობს, რომელიც ითვალისწინებს სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების ერთი სახის მეორით შეცვლის შესაძლებლობას, აღნიშნული კი საქმის განხილვის ნებისმიერ სტადიაზე დაიშვება მხარის შუამდგომლობის საფუძველზე, თუმცა, ეს არ არის მხარის აბსოლუტური უფლება და იგი შეიძლება გამოყენებული იქნეს კანონით გათვალისწინებული შესაბამისი წინაპირობების არსებობისას (იხ. სუსგ # ას-498-478-2016, 28.07.2016წ.). მითითებული ნორმის მე-3 ნაწილით განსაზღვრულია, რომ „ფულადი თანხების გადახდევინების შესახებ სარჩელის უზრუნველყოფისას მოპასუხეს შეუძლია მიღებულ უზრუნველყოფის ღონისძიებათა ნაცვლად მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი თანხა შეიტანოს სასამართლოს სადეპოზიტო ანგარიშზე“.

20. განსახილველ შემთხვევაში, დავა სწორედ ფულადი ვალდებულებიდან გამომდინარეობს და კანონით დასაშვები უზრუნველყოფის ღონისძიების ზომად თანხის დეპოზიტზე განთავსება მიიჩნევა. ამასთან, სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ, მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდა საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2016 წლის 2 დეკემბრის განჩინებით (იხ. მე-13 პუნქტი), ხოლო საკასაციო სასამართლოს გადაწყვეტილება/განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება, ამდენად, იგი იურიდიულ ძალას იძენს სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებისთანავე.

21. მოპასუხემ წარმოადგინა მტკიცებულება, რომ მან უკვე განათავსა მოსარჩელის სასარგებლოდ დაკმაყოფილებული გადაწყვეტილების უზრუნველსაყოფად შესაბამისი თანხა სადეპოზიტო ანგარიშზე, რაც იმას ნიშნავს, რომ კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით დაკმაყოფილებული სასარჩელო მოთხოვნის ტოლფასი ღირებულების უზრუნველყოფის სახით შესაძლებელია, უკვე გამოყენებული უზრუნველყოფის ღონისძიების ერთი სახის მეორით შეცვლა, თუკი ეს სრულად უზრუნველყოფს კრედიტორის ინტერესის დაკმაყოფილებას.

22. საკასაციო სასამართლოს, მხარეთა ლეგიტიმური ინტერესების შეპირისპირების გათვალისწინებით, გამართლებულად მიაჩნია სარჩელის უზრუნველყოფის ერთი სახის მეორით შეცვლა სსსკ-ის 196-ე მუხლის მოთხოვნების შესაბამისად, რადგან მოსარჩელის დაკმაყოფილებული მოთხოვნის ტოლფასი ფულადი თანხა რეალურად არის განთავსებული სადეპოზიტო ანგარიშზე, რაც ორივე მხარის ინტერესების გათვალისწინებასა და მოსარჩელის სასარგებლოდ დაკმაყოფილებული გადაწყვეტილების აღსრულებას უზრუნველყოფს. ამდენად, მოპასუხემ მართებულად გამოიყენა საპროცესო კოდექსით დადგენილი სამართლებრივი შესაძლებლობა.

23. საკასაციო სასამართლომ ერთ-ერთ საქმეზე არ დააკმაყოფილა მხარის შუამდგომლობა უზრუნველყოფის ღინისძიების ერთი სახის მეორით შეცვლის თაობაზე და მიუთითა: „მოცემულ შემთხვევაში, მხარეთა უფლებებისა და კანონიერი ინტერესების ბალანსის გონივრულად შეფასებისას, სასამართლოსათვის ამოსავალი პრინციპია გადაწყვეტილების აღსრულებადობა, რაც რეალური უნდა იყოს. მოპასუხის შეთავაზება ეხება არა არსებულ ფაქტს - სადეპოზიტო ანგარიშზე თანხის შეტანას, არამედ მომავალ მოქმედებას, რაც უზრუნველყოფილი გადაწყვეტილების აღსრულებას კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს“ (სუსგ # ას-498-478-2016, 28.07.2016წ.). სსკ-ის 196-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე „სარჩელის უზრუნველყოფის ერთი სახის მეორით შეცვლა არის სასამართლოს უფლებამოსილება და არა ვალდებულება, რომელიც განპირობებული უნდა იყოს მნიშვნელოვნად შეცვლილი გარემოებებით და მიზანშეწონილობით“ (სუსგ # ას 1165-1095-2015, 25.11.2015წ.).

24. განსახილველ შემთხვევაში მოპასუხემ წარმოადგინა უტყუარი მტკიცებულება, რომელიც ადასტურებს მნიშვნელოვნად შეცვლილ გარემოებას, რომ მოსარჩელის დაკმაყოფილებული მოთხოვნის ტოლფასი ფულადი თანხა განთავსებულია სასამართლოს სადეპოზიტო ანგარიშზე, რაც ადასტურებს უზრუნველყოფის ღონისძიების ერთი სახის მეორით შეცვლის მიზანშეწონილობას.

25. ზემოაღნიშნული მოტივაციის გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოპასუხის განცხადების დასაბუთებულობის ფაქტობრივ-სამართლებრივი წინაპირობები შესრულებულია და უნდა დაკმაყოფილდეს მოთხოვნა.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 399-ე, 372-ე მუხლებით, 196-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ი/მ თ. ბ-ის განცხადება, სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების ერთი სახის მეორეთი შეცვლის თაობაზე, დაკმაყოფილდეს;

2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 11 თებერვლის განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება შეიცვალოს სსიპ საერთო სასამართლოების დეპარტამენტის სადეპოზიტო ანგარიშზე განთავსებული თანხით- 6 780 ლარი, როგორც თ. ბ-ის საგარანტიო თანხა, საქმეზე #ას-908-874-2016;

3. გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 11 თებერვლის განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება, რომლითაც სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით, მოპასუხე თ. ბ-ს (პ/ნ …) აეკრძალა, მის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების, მდებარე: თ-ი, ნ-ის ქუჩა, ს-ოს გზის ქვედა სადგურის მიმდებარედ, დ-ის მე-3 ქუჩა #7, საკადასტრო კოდი: #-… - გასხვისება და უფლებრივად დატვირთვა;

4. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ე. გასიტაშვილი

მოსამართლეები: პ. ქათამაძე

ბ. ალავიძე