საქმე №330210015001392171
საქმე №ას-483-451-2017 31 ივლისი, 2017 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ზურაბ ძლიერიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ბესარიონ ალავიძე, ნინო ბაქაქური
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი – ფ. გ.-ი (შემდგომში – მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – ო. მ.–ი (შემდგომში – მოსარჩელე)
მოსარჩელე – ბინათმშენებლობის ამხანაგობა „ვ.“ (შემდგომში – ამხანაგობა)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 23 თებერვლის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
დავის საგანი – ამხანაგობის კრების ოქმების ბათილად ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
სასარჩელო მოთხოვნა:
1. მოსარჩელემ, როგორც ამხანაგობის თავმჯდომარემ, სარჩელი აღძრა სასამართლოში მოპასუხის მიმართ ამხანაგობის 2014 წლის 1 მარტის №1 და 2014 წლის 10 მაისის №3 კრების ოქმების ბათილად ცნობის შესახებ.
სარჩელის საფუძვლები:
2. მოსარჩელის განმარტებით, 1999 წელს შვიდკაციანმა საინიციატივო ჯგუფმა მოპასუხის ხელმძღვანელობით ჩამოაყალიბა ბინათმშენებლობის ამხანაგობა. 2004 წელს მოპასუხემ დაიწყო კორპუსების უკანონო მშენებლობა, ყოველგვარი პროექტისა და მშენებლობის ნებართვის გარეშე.
3. 2006 წლისათვის ეტაპობრივად დასრულდა ოთხი მრავალსართულიანი საცხოვრებელი კორპუსი, კერძოდ, კონკრეტულ კორპუსებში საცხოვრებელი ფართი განაწილდა მოპასუხის ერთპიროვნული გადაწყვეტილებით და შეხედულებით. დამთავრებულ კორპუსებში მოქალაქეების შესახლების შემდეგ, საცხოვრებელი ფართის გარეშე დარჩნენ ადგილობრივ მაცხოვრებელთა და საცხოვრებელი ფართების მყიდველთა გარკვეული ნაწილი, რის შესახებაც მოპასუხემ წინასწარ იცოდა. მის მიერ გაფორმებული ხელშეკრულებების თანახმად, ბინის მიმღებთა რიცხვი საგრძნობლად აღემატებოდა მშენებარე საცხოვრებელი კორპუსების რეალურ ფართს.
4. ამ პერიოდისათვის აშენებული იყო საცხოვრებელი კორპუსის 9 სართული, მოპასუხე ფართის გარეშე დარჩენილ მოქალაქეებს დაპირდა, კონკრეტულ მისამართზე საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობის დასრულების შემდეგ ამ კორპუსში გადასცემდა იმაზე მეტ ფართს, ვიდრე მათ უნდა მიეღოთ უკვე დასრულებულ კორპუსებში. აღნიშნულ მისამართზე მშენებლობა დღეის მდგომარეობითაც არ დასრულებულა.
5. მოპასუხე 2010 წლის 27 სექტემბერს მიცემულ იქნა სისხლის სამართლის პასუხისგებაში თაღლითობისა და სხვისი ქონების მითვისებისათვის და თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის კოლეგიის 2011 წლის 18 მაისის განჩინებით მიესაჯა 30 წლით თავისუფლების აღკვეთა. ამხანაგობის თავმჯდომარედ არჩეულ იქნა ამჟამინდელი სარჩელის ავტორი. იგი შეეცადა მშენებარე საცხოვრებელი კორპუსი მოექცია სამართლებრივ სივრცეში, რის გამოც მიმდინარეობს რამოდენიმე დავა.
6. ამხანაგობისათვის ცნობილი გახდა, რომ 2014 წლის 1 მარტის №1 კრების ოქმით ამხანაგობის საერთო კრებამ დაადასტურა მოპასუხის, როგორც თავმჯდომარის უფლებამოსილება. კრების ოქმი არის ყალბი და არ წარმოადგენს ამხანაგობის საერთო კრების გადაწყვეტილებას. ის მოწვეული არ ყოფილა ამხანაგობის წესდების 5.3 პუნქტის თანახმად. ამხანაგობის საერთო კრების მოწვევის უფლება აქვს ამხანაგობის გამგეობის თავმჯდომარეს და გამგეობის წევრთა ნახევარზე მეტს. 2014 წლის 1 მარტის კრების მოწვევის დროს აღნიშნული მოთხოვნა დაცული არ ყოფილა.
7. 2015 წლის 18 მარტს თბილისის სააპელაციო სასამართლოში სამოქალაქო საქმის განხილვისას ცნობილი გახდა, რომ არსებობს ამხანაგობის 2014 წლის 10 მაისის საერთო კრების №3 ოქმი, რომლითაც ამხანაგობის ამჟამინდელი თავმჯდომარე გადარჩეულ იქნა ამხანაგობის თავმჯდომარეობიდან და არჩეულ იქნა ახალი თავმჯდომარე – მოპასუხე. ამავე კრების ოქმით მიღებულ იქნა ამხანაგობის ახალი წესდება და არჩეულ იქნენ გამგეობის ახალი წევრები.
8. მოსარჩელის განმარტებით, 2014 წლის 10 მაისის კრების ოქმი არის ყალბი და არ წარმოადგენს მოსარჩელე ამხანაგობის საერთო კრების გადაწყვეტილებას. 2010 წლის 24 ნოემბერს ამხანაგობის საერთო კრების მიერ მიღებული წესდების 5.3 პუნქტის თანახმად, ამხანაგობის საერთო კრების მოწვევის უფლება აქვს ამხანაგობის გამგეობის თავმჯდომარეს და გამგეობის წევრთა ნახევარზე მეტს. ამავე წესდების 5.4 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, ამხანაგობის თავმჯდომარე არის გამგეობის თავმჯდომარე.
9. მოსარჩელის მითითებით, 2014 წლის 10 მაისს არც ამხანაგობის თავმჯდომარეს და არც გამგეობის წევრთა ნახევარზე მეტს ამხანაგობის საერთო კრება არ მოუწვევია, შესაბამისად, მოპასუხის მიერ 2014 წლის 10 მაისს ჩატარებული შეკრება არ შეიძლება, ჩაითვალოს ამხანაგობის საერთო კრებად.
10. 2014 წლის 10 მაისის კრების ოქმზე დართული ხელმოწერები წარმოადგენს 2014 წლის 1 მარტს კონკრეტული ფაქტის დადასტურებისათვის განხორციელებული ხელმოწერების ასლებს.
მოპასუხის პოზიცია:
11. მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ ინდივიდუალური ბინათმშენებლობის ამხანაგობის წევრების საერთო კრება მოწვეული იყო და ჩატარდა ჯერ კიდევ მოსარჩელის თავმჯდომარებით, საერთო კრების მიერ მიღებული წესდების მოთხოვნათა შესაბამისად. საერთო კრებას წინ უძღოდა ამხანაგობის გამგეობის 2014 წლის 8 აპრილის კრება, სადაც განხილულ იქნა სარჩელის ავტორის მიერ ამხანაგობის წევრებისაგან ვითომ საცხოვრებელი სახლის პროექტის დასამზადებლად აკრეფილი თანხების მიზნობრივად ხარჯვის საკითხი. მოსარჩელემ ვერ წარადგინა შესაბამისი მტკიცებულებები და გამგეობის კრებამ დაადგინა, რომ საკითხი განხილული ყოფილიყო ამხანაგობის წევრთა საერთო კრებაზე 2014 წლის 10 მაისს, რის შესახებაც სარჩელის ავტორი გაფრთხილებული იყო, მაგრამ მასზე დასწრებას თავი აარიდა. ასევე, იგი თავს არიდებს ამხანაგობის ყველა შემდგომ კრებებზე დასწრებას და პასუხის გაცემას იმ კითხვებზე, რაც დაუგროვდათ ამხანაგობის წევრებს მისი თავმჯდომარეობის პერიოდში სისხლის სამართლებრივ გადაცდომებზე, რაზეც მიმდინარეობს გამოძიება ფინანსური პოლიციის საგამოძიებო სამსახურში.
12. მოპასუხემ აღნიშნა, რომ 2014 წლის 10 მაისის საერთო კრების ოქმზე ყველა ხელმოწერა შესრულებულია ამხანაგობის წევრთა მიერ. მოსარჩელეს არ წარმოუდგენია მათი სიყალბის დამადასტურებელი არც ერთი მტკიცებულება.
პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
13. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 25 აპრილის გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა, რაც მოსარჩელემ გაასაჩივრა სააპელაციო წესით.
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი და ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთება:
14. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 8 დეკემბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით მოსარჩელის შუამდგომლობა მოწინააღმდეგე მხარის გამოუცხადებლობის გამო, დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის თაობაზე დაკმაყოფილდა, მოსარჩელის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, გაუქმდა გასაჩივრებული გადაწყვეტილება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა, ბათილად იქნა ცნობილი ამხანაგობის 2014 წლის 1 მარტის №1 და 2014 წლის 10 მაისის №3 კრების ოქმები, რაზეც მოპასუხემ შეიტანა საჩივარი.
15. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 23 თებერვლის განჩინებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, ხოლო დაუსწრებელი გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:
16. სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ 2016 წლის 8 დეკემბერს 11:00 საათზე დანიშნულ სასამართლოს სხდომაზე არ გამოცხადდა მოწინააღმდეგე მხარე – მოპასუხე.
17. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 8 დეკემბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით აპელანტის შუამდგომლობა დაკმაყოფილდა და, სასამართლო სხდომაზე მოპასუხის გამოუცხადებლობის გამო, მის მიმართ გამოტანილ იქნა დაუსწრებელი გადაწყვეტილება, რომლითაც სააპელაციო საჩივარი და სარჩელი დაკმაყოფილდა.
18. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდგომში – სსსკ) 372-ე მუხლისა და 241-ე მუხლის თანახმად, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ მითითებული სამართლებრივი ნორმებიდან გამომდინარე, გამოუცხადებელ მხარეს შეუძლია, გააქარწყლოს ვარაუდი, რომელიც საფუძვლად უდევს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანას, მოითხოვოს მისი გაუქმება და საქმის განხილვის განახლება, თუ დაამტკიცებს, რომ ის სათანადო წესით მიწვეული არ ყოფილა სასამართლოში საქმის განხილვაზე.
19. საქმეში წარმოდგენილი უკუგზავნილით სააპელაციო სასამართლომ დაადასტურა, რომ წერილობითი კორესპონდენცია – განჩინება, უწყება, სააპელაციო საჩივარი მოპასუხის მეუღლეს ჩაბარდა 2016 წლის 20 ივლისს. უკუგზავნილზე დაფიქსირებულია როგორც ადრესატის მეუღლის ხელმოწერა, ისე მისი პირადი ნომერი (ტ. 2, ს.ფ. 30).
20. სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა საჩივრის ავტორის მტკიცება, რომ მხარე და მისი ოჯახი მრავალი წელია გზავნილის გაგზავნის მისამართზე არ ცხოვრობს და უკუგზავნილზე მისი მეუღლის ხელმოწერა გაყალბებულია.
21. სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა სსსკ-ის მე-4 მუხლის პირველი ნაწილით, 102-ე მუხლის პირველი ნაწილით და ჩათვალა, რომ კონკრეტულ შემთხვევაში საჩივრის ავტორს ეკისრება იმ გარემოების მტკიცების ტვირთი, რომ უკუგზავნილზე მხარის მეუღლის მიერ შესრულებული ხელმოწერა ყალბია, რისი დამტკიცებაც მან სათანადო მტკიცებულებებზე მითითებით ვერ შეძლო.
22. რაც შეეხება მისამართის მართებულობას, სააპელაციო პალატამ ყურადღება გაამახვილა 2017 წლის 23 თებერვლის სხდომაზე საჩივრის ავტორის მიერვე წარმოდგენილ მტკიცებულებაზე – ლ.სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მიერ 2016 წლის 23 დეკემბერს მოპასუხის მეუღლის სახელზე გაგზავნილ წერილზე, რომლითაც დასტურდება, რომ ამ უკანასკნელს მოცემული წერილი გაეგზავნა სადავო მისამართზე. აღნიშნული კი გამორიცხავს საჩივრის ავტორის მტკიცებას, რომ ის ოჯახთან ერთად აღარ ცხოვრობს ამ მისამართზე (ტ. ІІ, ს.ფ. 69). იმავე გარემოებას ადასტურებს ასევე მოპასუხის 2016 წლის 24 მაისის განცხადება გადაწყვეტილების მოთხოვნის შესახებ (ტ. І, ს.ფ. 273).
23. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ საჩივარი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
კასატორის მოთხოვნა და საფუძვლები:
24. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე მოპასუხემ შეიტანა საკასაციო საჩივარი, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა შემდეგი საფუძვლებით:
25. კასატორის მოსაზრებით, სააპელაციო სასამართლომ არასწორად დაადგინა, რომ სასამართლო უწყება კასატორს ჩაბარდა სსსკ-ის 70-78-ე მუხლების დაცვით, კერძოდ, სასამართლო გზავნილი ჩაიბარა მხარის მეუღლემ, რაც არასწორია. მართალია, კასატორი და მისი მეუღლე რეგისტრირებულნი არიან მითითებულ მისამართზე, მაგრამ უკვე 12 წელია იქ აღარ ცხოვრობენ. გზავნილის ჩაბარების დასტურზე ელექტრონული ხელმოწერა გაყალბებულია და მხარის მეუღლეს არ ეკუთვნის. აღნიშნულის დასადასტურებლად სსიპ „ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში“ დაინიშნა ხელწერის ექსპერტიზა, რომელიც ვერ ჩატარდა იმის გამო, რომ ექსპერტიზას არ გააჩნია შესაბამისი აპარატურა, ჩაატაროს ელექტრონული ხელმოწერის კვლევა.
26. კასატორის მოსაზრებით, სააპელაციო სასამართლომ თავის დაუსწრებელ გადაწყვეტილებაში აღნიშნა, რომ დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანისათვის საჭიროა კიდევ ერთი პირობის არსებობა, კერძოდ, აპელანტის მიერ მითითებული გარემოებები იურიდიულად უნდა ამართლებდეს (ასაბუთებდეს) აპელანტის მოთხოვნებს. სააპელაციო სასამართლო კი დაეყრდნო მხოლოდ აპელანტის ახსნა-განმარტებებს, რომელმაც განაცხადა, რომ 2014 წლის 8 აპრილის გამგეობის სხდომა მოწვეულ იქნა მის მიერ და ჩატარდა მისი თავმჯდომარეობით. აღნიშნული კი დადასტურდა პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე მოწმის დაკითხვით, რაც სრული სიცრუეა.
27. სასამართლო სხდომაზე მოწმემ განაცხადა (სასამართლო სხდომის ოქმი 7-10 წთ): „ჩვენ „მოსარჩელეს“ მოვთხოვეთ პროექტი, მან კი გვაჩვენა ფასადური პროექტი, მან არ გააკეთა ის, რაც უნდა გაეკეთებინა. აღებული ფულით გააკეთა რემონტი მხოლოდ თავის ბინაში. გამგეობის კრებაზე მიღებულ იქნა გადაწყვეტილება საერთო კრების ჩატარების შესახებ“. ამხანაგობის გამგეობის სხდომა მოწვეულ იქნა გამგეობის წევრთა უმრავლესობის მიერ იმ საკითხის გასარკვევად, თუ სად წაიღო მოსარჩელემ ამხანაგობის წევრებიდან აკრეფილი 35 000 აშშ დოლარი, რაც თითქოს საცხოვრებელი სახლის პროექტის დაკვეთას სჭირდებოდა.
28. კრებას თავმჯდომარეობდა ამხანაგობის წევრი, რომელიც ამჟამად გარდაცვლილია, ხოლო მდივანი იყო სხვა პირი, რაც დადასტურებულია მათივე ხელმოწერებით. მოსარჩელეს რაიმე საწინააღმდეგო მტკიცებულება სასამართლოსათვის არ წარუდგენია. გამგეობის კრებაზე მოსარჩელემ გამგეობის წევრებს, მათი მოთხოვნის შემდეგ, წარუდგინა მხოლოდ ფასადური პროექტი, რამაც ისინი არ დააკმაყოფილა და მიღებულ იქნა გადაწყვეტილება საკითხის საერთო კრებაზე განსახილველად გატანის თაობაზე. ამხანაგობის წევრთა საერთო კრება ჩატარდა 2014 წლის 10 მაისს. კრებაზე არ გამოცხადდა მოსარჩელე, რომლისთვისაც ცნობილი იყო კრების ჩატარების დრო, ადგილი და დღის წესრიგი. საერთო კრების გადაწყვეტილებით მოსარჩელე, რომელმაც თავისი თავმჯდომარის პოსტზე ყოფნის განმავლობაში ზიანის მეტი არაფერი მოუტანა ამხანაგობას, გამოწვეულ იქნა ამხანაგობის თავმჯდომარეობიდან და ახალ თავმჯდომარედ ხმათა აბსოლუტური უმრავლესობით კვლავ კასატორი აირჩიეს. საერთო კრებამ მიიღო გადაწყვეტილება მოსარჩელის მიერ ამხანაგობის წევრებისაგან აკრეფილი თანხის არამიზნობრივად ხარჯვის ფაქტზე მასალა გადაცემულიყო პროკურატურაში. ამჟამად მიცემულია პასუხისგებაში საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლით და მიმდინარეობს საქმის სასამართლო განხილვა.
29. კასატორმა მიიჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა.
30. სააპელაციო პალატამ იმსჯელა მოპასუხის სასამართლო სხდომაზე გამოუცხადებლობის სამართლებრივ მხარეზე და არ გაითვალისწინა სსსკ-ის 230-ე მუხლის მოთხოვნა, რომ სააპელაციო საჩივარში მითითებული გარემოებები იურიდიულად უნდა ამართლებდეს საჩივრის მოთხოვნას.
31. კასატორის მითითებით, საქმეზე წარმოდგენილი მასალებით დადასტურებულია, რომ ამხანაგობის მიერ 2014 წლის 10 მაისს ჩატარებული საერთო კრება მოწვეულ იქნა ამხანაგობის წესდების მოთხოვნათა სრული დაცვით. მისი გადაწყვეტილებები მიღებულ იქნა წევრთა ხმების აბსოლუტური უმრავლესობით და კრების ოქმის გაუქმების არანაირი საფუძვლები სასამართლოს არ გააჩნდა. მეტიც, საქმის მასალებით დგინდება, რომ სარჩელი 2014 წლის 1 მარტისა და 2014 წლის 10 მაისის კრების ოქმების ბათილად ცნობის თაობაზე სასამართლოს წარედგინა 2015 წლის 8 მაისს. აღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლო უფლებამოსილი არ იყო, ემსჯელა ამხანაგობის 2014 წლის 1 მარტის საერთო კრების ოქმის კანონიერებაზე და, მით უმეტეს, ბათილად ეცნო ისინი, რადგან გასული იყო მისი გასაჩივრების ხანდაზმულობის ვადა. ასევე სასამართლოს არ ჰქონდა უფლება მიეღო გადაწყვეტილება ამხანაგობის 2014 წლის საერთო კრების ოქმის ბათილად ცნობის თაობაზე, რადგან ასევე გასული იყო გამგეობის იმ კრების ოქმის გასაჩივრების „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-15 მუხლის მეორე ნაწილით განსაზღვრული ხანდაზმულობის ვადა.
32. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 21 აპრილის განჩინებით საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლით და ამავე კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
33. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა წარმოდგენილი საკასაციო საჩივრის საფუძვლები, შეამოწმა გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთება და მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
34. მოცემულ შემთხვევაში საკასაციო პალატის განხილვის საგანია სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვისას, აპელანტის მოწინააღმდეგე მხარის გამოუცხადებლობის გამო, მიღებული დაუსწრებელი გადაწყვეტილების კანონიერების საკითხი.
35. სსსკ-ის 372-ე მუხლის მიხედვით, საქმის განხილვა სააპელაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რაც დადგენილია პირველი ინსტანციით საქმეთა განხილვისათვის, ამ თავში მოცემული ცვლილებებითა და დამატებებით. ამავე კოდექსის 230-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ სასამართლოს მთავარ სხდომაზე არ გამოცხადდება მოპასუხე, რომელსაც გაეგზავნა შეტყობინება 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით, და მოსარჩელე შუამდგომლობს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანაზე, მაშინ სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები დამტკიცებულად ითვლება, ხოლო ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, თუ სარჩელში მითითებული გარემოებები იურიდიულად ამართლებს სასარჩელო მოთხოვნას, სარჩელი დაკმაყოფილდება. წინააღმდეგ შემთხვევაში სასამართლო უარს ეტყვის მოსარჩელეს მის დაკმაყოფილებაზე.
36. მითითებული ნორმიდან გამომდინარე, მოპასუხე მხარის საქმის განხილვაზე არასაპატიო მიზეზით გამოუცხადებლობის ფაქტი თავისთავად დაუსწრებელი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებას არ გამოიწვევს, ვინაიდან ამ შემთხვევაშიც სასამართლო ვალდებულია, სამართლებრივად შეაფასოს სარჩელში მითითებული, დადასტურებულად ცნობილი გარემოებები და გამოარკვიოს, შეესაბამება თუ არა მოსარჩელის მოთხოვნა კანონით ამ ტიპის ურთიერთობათა მომწესრიგებელი ნორმების დანაწესს. თუ აღმოჩნდება, რომ მოსარჩელის მოთხოვნა უკანონოა, სასამართლო სარჩელს არ დააკმაყოფილებს.
37. ანალოგიური პრინციპით სსსკ-ის 387-ე მუხლის მეორე ნაწილი ადგენს, რომ, თუ საქმის განხილვაზე მოწინააღმდეგე მხარე არ გამოცხადდება, სააპელაციო საჩივრის შემტანი პირის თხოვნით სააპელაციო სასამართლო გამოიტანს დაუსწრებელ გადაწყვეტილებას, რომელიც შეიძლება დაემყაროს მომჩივნის ახსნა-განმარტებას. აღნიშნული ნორმით კანონმდებელი უშვებს შესაძლებლობას, სააპელაციო სასამართლოს მიერ დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანისას ყოველგვარი გამოკვლევის გარეშე დადგენილ და გაზიარებულ იქნას სააპელაციო საჩივარში დასახელებული გარემოებანი. თუ ისინი იურიდიულად ამართლებენ სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას, სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდება.
38. ამდენად, ზემოაღნიშნული ნორმების საფუძველზე დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიღებისათვის უნდა დადასტურდეს შემდეგი წინაპირობები: 1. აპელანტის მოწინააღმდეგე მხარისათვის საქმის განხილვის შესახებ კანონის მოთხოვნათა დაცვით შეტყობინება; 2. მისი არასაპატიო გამოუცხადებლობა; 3. სააპელაციო საჩივარში მითითებული ფაქტების იურიდიული მართებულობა აპელანტის მოთხოვნასთან მიმართებით.
39. განსახილველ შემთხვევაში სააპელაციო პალატამ დაადგინა, რომ საქმეში წარმოდგენილი უკუგზავნილის თანახმად, წერილობითი კორესპონდენცია – განჩინება, უწყება, სააპელაციო საჩივარი მოპასუხის მეუღლეს ჩაბარდა 2016 წლის 20 ივლისს. უკუგზავნილზე დაფიქსირებულია როგორც ადრესატის მეუღლის ხელმოწერა, ისე მისი პირადი ნომერი (ტ. 2, ს.ფ. 30).
40. აღნიშნულის მიუხედავად, 2016 წლის 8 დეკემბერს 11:00 საათზე დანიშნულ სასამართლოს სხდომაზე არ გამოცხადდა მოწინააღმდეგე მხარე – მოპასუხე.
41. სააპელაციო სასამართლოს სხდომაზე თავისი გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზად კასატორის მიიჩნევს იმ ფაქტს, რომ მას, კერძოდ კი, მის მეუღლეს სასამართლო უწყება არ ჩაბარებია, მისი ოჯახი რეგისტრირებულია იმ მისამართზე, რომელზეც სასამართლო უწყება გააგზავნა, თუმცა წლების განმავლობაში ფაქტობრივად იქ აღარ ცხოვრობს. რაც შეეხება კასატორის მეუღლის ხელმოწერას, მხარე მიუთითებს, რომ იგი გაყალბებულია და ხელმომწერ პირს არ ეკუთვნის.
42. საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო პალატის პოზიციას და განმარტავს, რომ სამოქალაქო სამართალწარმოება აგებულია მხარეთა შეჯიბრებითობის პრინციპზე. სსსკ-ის მე-4 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. ამავე კოდექსის 102-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების მიხედვით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით.
43. დასახელებული ნორმების თანახმად, სამოქალაქო პროცესში მხარეები ვალდებული არიან, სათანადო მტკიცებულებების წარდგენის გზით დაადასტურონ მათი პოზიციის გასამყარებლად მითითებული გარემოებების არსებობა.
44. მოცემულ შემთხვევაში კასატორი აპელირებს სასამართლოს მიერ გაგზავნილი უწყების მისთვის ჩაბარების დამადასტურებელ დოკუმენტზე მეუღლის ხელმოწერის სიყალბეზე, თუმცა სათანადო მტკიცებულებების წარდგენის გზით ვერ ასაბუთებს საკუთარი პოზიციის მართებულობას.
45. მართალია, კასატორმა მიუთითა, რომ სცადა სადავო ხელმოწერის სიყალბის შესახებ მტკიცებულების მოპოვება სსიპ „ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში“ ექსპერტიზის დანიშვნით და ექსპერტიზა ვერ ჩატარდა იმის გამო, რომ ექსპერტიზას არ გააჩნია შესაბამისი აპარატურა, ჩაატაროს ელექტრონული ხელმოწერის კვლევა. აღნიშნულის მიუხედავად, საქმის მასალებიდან არ ირკვევა და არც მხარე დაუფიქსირებია, რომ კასატორმა მიმართა შესაბამის სამართალდამცავ ორგანოს სადავო საკითხთან დაკავშირებით. შესაბამისად, მხარის არგუმენტი დაუსაბუთებელია.
46. საკასაციო სასამართლო ეთანხმება გასაჩივრებულ განჩინებას იმ კუთხითაც, რომ კასატორმა თავად არაერთხელ მიუთითა საკუთარ საცხოვრებელ ადგილად ის მისამართი, რომლის თაობაზეც განაცხადა, რომ ფაქტობრივად მისი ოჯახი წლებია აღარ ცხოვრობს, კერძოდ, 2017 წლის 23 თებერვლის სხდომაზე საჩივრის ავტორმა წარადგინა სსიპ „ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს“ მიერ 2016 წლის 23 დეკემბერს მოპასუხის მეუღლის სახელზე გაგზავნილი წერილი, რომლითაც დასტურდება, რომ ამ უკანასკნელს მოცემული წერილი გაეგზავნა სადავო მისამართზე. ანალოგიური ფაქტი დასტურდება მოპასუხის 2016 წლის 24 მაისის განცხადებით გადაწყვეტილების მოთხოვნის შესახებ (ტ. І, ს.ფ. 273).
47. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული განჩინების გაუქმების საფუძველი ვერ გახდება კასატორის არგუმენტი, რომ სააპელაციო საჩივარში მითითებული ფაქტები იურიდიულად არ ამართლებდა აპელანტის მოთხოვნას. აღნიშნული მოსაზრების საფუძვლად მხარე მიიჩნევს სააპელაციო სასამართლოს მიერ ფაქტების დადგენას მათი გამოკვლევის გარეშე.
48. საკასაციო სასამართლო დამატებით განმარტავს, რომ აპელანტის მოწინააღმდეგე მხარის გამოუცხადებლობის გამო მიღებული დაუსწრებელი გადაწყვეტილების სამართლებრივი ბუნება ვლინდება სწორედ იმაში, რომ გამოუცხადებელი მხარის მიმართ ერთდროულად ამოქმედდება ვარაუდი აღნიშნული მხარის მიერ დავისადმი ინტერესის დაკარგვის შესახებ და სანქცია სასამართლო პროცესზე არასაპატიო მიზეზით გამოუცხადებლობისათვის, შედეგად სასამართლო აღარ გამოიკვლევს ფაქტებს, არამედ უპირობოდ გაიზიარებს სააპელაციო საჩივარში მითითებულ გარემოებებს და მხოლოდ იმას შეამოწმებს, იურიდიული თვალსაზრისით ამართლებენ თუ არა მითითებული ფაქტები აპელანტის მოთხოვნას.
49. შესაბამისად, სააპელაციო პალატას არა მხოლოდ არ დაურღვევია საქმის განხილვის პროცედურა, არამედ მას უფლებამოსილებაც არ გააჩნდა, ემსჯელა დავის ფაქტობრივ გარემოებებზე.
50. რაც შეეხება ფაქტების სამართლებრივ შეფასებას, საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ დაუსწრებელი გადაწყვეტილებით სააპელაციო პალატამ შეაფასა, ამართლებდა თუ არა აპელანტის მოთხოვნას მის მიერ დასახელებული გარემოებები, კერძოდ, დაადგინა, რომ მოცემულ შემთხვევაში აპელანტის მითითებით, 2014 წლის 1 მარტის და 2014 წლის 10 მაისის კრების ოქმები არის ყალბი და არ წარმოადგენს ამხანაგობის საერთო კრების გადაწყვეტილებას, ვინაიდან ის მოწვეული არ ყოფილა 2010 წლის 24 ნოემბერს ამხანაგობის საერთო კრების მიერ მიღებული წესდების 5.3 პუნქტის შესაბამისად. ამხანაგობის საერთო კრების მოწვევის უფლება ჰქონდა ამხანაგობის გამგეობის თავმჯდომარეს და გამგეობის წევრთა ნახევარზე მეტს. 2014 წლის 1 მარტისა და 2014 წლის 10 მაისის კრების მოწვევის დროს აღნიშნული მოთხოვნა დაცული არ ყოფილა. აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელემ მოითხოვა ბინათმშენებლობის ამხანაგობის 2014 წლის 1 მარტის №1 და 2014 წლის 10 მაისის №3 კრების ოქმების ბათილად ცნობას. სააპელაციო პალატამ მიაჩნია, რომ სააპელაციო საჩივარსა და აპელანტის ახსნა-განმარტებაში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები, რომლებიც, მოწინააღმდეგე მხარის გამოუცხადებლობის გამო, ჩაითვალა დამტკიცებულად, იურიდიულად ამართლებდა აპელანტის მოთხოვნას გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ, რის გამოც სააპელაციო საჩივარი საფუძვლიანია.
51. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრით მხარემ ვერ მიუთითა ისეთ გარემოებაზე, რომელიც გასაჩივრებული დაუსწრებელი გადაწყვეტილებისა და მისი ძალაში დატოვების თაობაზე განჩინების გაუქმების საფუძველი გახდებოდა.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ფ. გ.-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 23 თებერვლის განჩინება დარჩეს უცვლელად.
3. სახელმწიფო ბაჟი გადახდილია.
4. საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ზ. ძლიერიშვილი
მოსამართლეები: ბ. ალავიძე
ნ. ბაქაქური