Facebook Twitter

საქმე № 020211416700026247

საქმე №ას-592-551-2017 7 ივლისი, 2017 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ზურაბ ძლიერიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ბესარიონ ალავიძე, პაატა ქათამაძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი – ვ. ქ.-ე (შემდგომში – მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე – ი. ბ.-ე (შემდგომში – მოპასუხე)

მოპასუხე – ი. კ.–ი (შემდგომში – გამსხვისებელი მოპასუხე)

გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 16 თებერვლის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება

დავის საგანი – ფულადი ვალდებულების შესრულება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

სასარჩელო მოთხოვნა:

1. მოსარჩელემ სარჩელი აღძრა სასამართლოში მოპასუხეების მიმართ სოლიდარულად 5923 ევროსა და 4500 აშშ დოლარის დაკისრების შესახებ.

სარჩელის საფუძვლები:

2. მოსარჩელის განმარტებით, 2010 წლის 14 მაისის ნასყიდობის ხელშეკრულებით მოსარჩელეს გამსხვისებელი მოპასუხისაგან უნდა ეყიდა უძრავი ნივთი 35 000 ლარად. ნასყიდობის ღირებულება უნდა დაფარულიყო ეტაპობრივად, გამსხვისებელი მოპასუხის ნაცვლად სესხის გადახდის გზით. აღნიშნული მიზნით მოსარჩელემ გადაიხადა 5923 ევრო, თუმცა მოგვიანებით აღმოჩნდა, რომ გამსხვისებელმა მოპასუხემ ნასყიდობის საგანი შეიძინა უკანონოდ და მოუხდა მისი დაბრუნება წინა მესაკუთრისათვის.

3. ამავდროულად, მოსარჩელემ 4500 აშშ დოლარი გადასცა მოპასუხეებს. არაერთგზის მიმართვის მიუხედავად, მათ თანხა არ დაუბრუნეს.

მოპასუხის პოზიცია:

4. მოპასუხეებმა სარჩელი არ ცნეს და მოითხოვეს მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

5. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 4 ივნისის გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა, რაც მოსარჩელემ გაასაჩივრა სააპელაციო წესით.

სააპელაციო სასამართლოს განჩინების სარეზოლუციო ნაწილი:

6. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 12 ნოემბრის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, ხოლო გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად.

საკასაციო სასამართლოს განჩინების სარეზოლუციო ნაწილი:

7. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 28 ივლისის განჩინებით მოსარჩელის საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, გასაჩივრებული განჩინება გაუქმდა და საქმე დაუბრუნდა იმავე სასამართლოს ხელახლა განსახილველად.

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი და ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთება:

8. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 16 თებერვლის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, ხოლო გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:

9. სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ საქმეში წარმოდგენილი 2009 წლის 14 სექტემბრის იპოთეკის ხელშეკრულების თანახმად, იპოთეკარ ბანკსა და გამსხვისებელ მოპასუხეს შორის, მეორე მოპასუხის სესხის უზრუნველსაყოფად გაფორმდა იპოთეკის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც იპოთეკით დაიტვირთა გამსხვისებელ მოპასუხის უძრავი ქონება.

10. 2014 წლის 14 მაისს გამსხვისებელ მოპასუხესა და მოსარჩელეს შორის გაფორმებული უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულებით მოსარჩელემ შეიძინა იპოთეკით დატვირთული უძრავი ნივთი 35000 ლარად.

11. სააპელაციო პალატამ დაადგინა, რომ 2010 წლის 8 ნოემბერს მოსარჩელემ გამსხვისებელი მოპასუხისაგან ნაყიდი ქონება ჩუქების გზით დაუბრუნა თავდაპირველ მესაკუთრეს, რომლისგანაც გამსხვისებელმა მოპასუხემ ქონება შეიძინა.

12. პირველი ინსტანციის სასამართლოში მოწმის სახით დაიკითხა სადავო უძრავი ქონების ამჟამინდელი მესაკუთრე. მოწმის ჩვენება შემდეგი შინაარსისაა: „მოსარჩელე მოვიდა ჩემთან და მითხრა, გიბრუნებ შენს ბინასო....ბინა გამსხვისებელი მოპასუხის სახელზე ყოფილა გაფორმებული და მე ამის შესახებ არ ვიცოდი, შემდეგ ჩადეს ბინა იპოთეკაში და დამტოვეს უბინაოდ. სამჯერ გავიდა ბინა აუქციონზე, არ გაიყიდა და შემდეგ თავად ბანკმა იყიდა 39 000 ლარად. ბანკიდან დამირეკა ვიღაცამ და მითხრა, რო ნუ გეშინია ქალბატონო ბინას არავინ წაგართმევს და იცხოვრე შენს სახლშიო. ამის შემდეგ ბინის მყიდველები კვლავ მოდიოდნენ ბინის სანახავად. ერთერთმა მყიდველმა მითხრა, რომ ჩემი ბინის გაყიდვის თაობაზე ინტერნეტში იდო ინფორმაცია, დავრეკე ბანკში და მოვიკითხე, თუ რა ხდებოდა. დამიბარეს ბანკში, მივედი და გამიფორმეს იჯარის ხელშეკრულება, და მას შემდეგ მოყოლებული ბანკს ვუხდიდი იჯარის თანხას თვეში 177 ლარს.“

13. მოსამართლის შეკითხვაზე, გამსხვისებელი მოპასუხის სახელზე თავდაპირველი მესაკუთრის ქონება როგორ აღმოჩნდა, მოწმე პასუხობს: „თავდაპირველად, სადავო საცხოვრებელი სახლი იყო ჩემი დედამთილის სახელზე გაფორმებული, მინდოდა მემკვიდრეობის აღდგენა და სახლის ჩემს სახელზე გადაფორმება. სახლის გადაფორმებაში დამეხმარა ჩემი მეზობელი, სახლი გააფორმეს ჩემი შვილის სახელზე. მეზობლის მეგობრები არიან მოპასუხეები. მეზობელმა წამიყვანა რეესტრში და მთხოვა, ბინა მათხოვე სამი თვითო, მე წინააღმდეგი ვიყავი, ბევრი ვიყვირე, მაგრამ მერე გაფორმდა ხელშეკრულება, ჩავდეთ ბინა იპოთეკაში. დღეს იპოთეკის თანხას იხდის მეზობელი.... მოსარჩელე ჩემთან მოვიდა მარტო, მითხრა, ბინა შენი ყოფილა და უნდა დაგიბრუნოო, შენი ბინა გამსხვისებელი მოპასუხის სახელზე იყო გაფორმებული, რომელმაც გარედან დამათვალიერებინა სახლიო. მე უნდა ამეღო ბანკიდან სესხი და იმით უნდა გადამეხადა ამ ბინის საყიდელი ფულიო, სესხი ვერ ავიღე და ამიტომ გიბრუნებ შენს სახლსო.“

14. მოწმის ჩვენების შეფასებით, სრულიად დაუდასტურებელია რაიმენაირი შეთანხმება უძრავი ნივთის თავდაპირველ მესაკუთრეს, გამსხვისებელ მოპასუხესა და მოსარჩელეს შორის ბინის თავდაპირველ მესაკუთრისათვის დაბრუნების თაობაზე.

15. საქმის მასალებით არ დასტურდება მოსარჩელისა და მოპასუხეთა შეთანხმება ბინის თავდაპირველი მესაკუთრისათვის დაბრუნების, ხოლო მოსარჩელის მიერ გადახდილი თანხის მისთვის გადაცემის თაობაზე. ნიშანდობლივია, რომ ამგვარ ფაქტზე მოსარჩელეს არ მიუთითებია, არც სარჩელში და არც შემდგომ. პირიქით, სარჩელში და შემდგომაც მოსარჩელემ აღნიშნა, რომ მან თავისი ნებითა და ინიციატივით დაუბრუნა ბინა ჩუქების ხელშეკრულების გაფორმების გზით თავდაპირველ მესაკუთრეს მას შემდეგ, რაც გაიგო ინფორმაცია გამსესხებელ მოპასუხესთან დადებული ბინის ნასყიდობის ხელშეკრულებთან დაკავშირებული პრობლემების თაობაზე.

16. სააპელაციო პალატამ დაადგინა მხარეთა შეთანხმება იმის თაობაზე, რომ მოსარჩელე უძრავი ქონების ღირებულებას, ანუ ნასყიდობის საფასურს გადაიხდიდა განაწილვადებით, კერძოდ, იმგვარად, რომ დაფარავდა ბანკის წინაშე მოპასუხის ვალს, რომლის უზრუნველსაყოფადაც იპოთეკით იყო დატვირთული გამსხვისებელი მოპასუხის ქონება. (აღნიშნულ ფაქტობრივ გარემოებაზე მიუთითებს თავად მოსარჩელე, ამასვე ადასტურებს მოპასუხე და, თავის მხრივ, ეს გარემოება ასევე დაადასტურა პირველი ინსტანციის სასამართლოში მოწმის სახით დაკითხულმა ქონების თავდაპირველმა მესაკუთრემ).

17. საქმეში წარმოდგენილი სარჩელის დავის ფაქტობრივი გარემოებების გრაფაში მითითებულია: „ნასყიდობის საფასური, 35 000 ლარი მოსარჩელის მიერ გადახდილი უნდა ყოფილიყო განაწილვადებით, კერძოდ, 2009 წლის 19 სექტემბერს, ბანკისა და გამსხვისებელი მოპასუხის თავდებ მოპასუხეს შორის დადებული სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების საფუძველზე) .

18. საქმეში წარმოდგენილი შესაგებლით მოპასუხე მხარები ადასტურებენ მოსარჩელის მიერ მითითებულ ფაქტობრივ გარემოებებს და განმარტავენ, რომ „2010 წლის 14 მაისს მოსარჩელესა და გამსხვისებელ მოპასუხეს შორის ნამდვილად გაფორმდა ნასყიდობის ხელშეკრულება უძრავ ქონებაზე, ნასყიდობის ფასად განისაზღვრა 35 000 ლარი, რომელიც უნდა გადახდილიყო ეტაპობრივად, კერძოდ, 2009 წლის 19 სექტემბერს ბანკსა და გამსხვისებელ მოპასუხეს შორის დადებული სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების საფუძველზე, რომლის მიხედვითაც მოსარჩელეს უნდა გადაეხადა ყოველთვიურად თანხა. ამ შეთანხმებით გადაიხადა ის თანხა, რასაც ითხოვს. ეს იყო ვალდებულება, რომელიც მოსარჩელემ აიღო სახლის ყიდვის სანაცვლოდ. ამის შემდგომ მოსარჩელემ ვის და რატომ აჩუქა თავის ქონება, ჩვენთვის უცნობია”.

19. საქმეში განთავსებული გადახდის ქვითრებით სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ მოსარჩელემ 1974 ევრო ბანკში შეიტანა სამჯერ, კერძოდ, 2010 წლის 19 აპრილს, 18 მაისს და 19 ივლისს, რამაც ჯამში შეადგინა 5923 ევრო. ამავე გადახდის ქვითრებში დანიშნულებაში მითითებულია „სესხების დასაფარად“. მიმღები იყო მოპასუხე.

20. უდავოა, რომ მსესხებელს ბანკში სწორედ მოპასუხე წარმოადგენდა, ხოლო გამსხვისებელი მოპასუხე კი იყო უზრუნველყოფილი ქონების მესაკუთრე.

21. სააპელაციო პალატამ დადგენილად ჩათვალა, რომ მხარეთა შეთანხმებისამებრ, მოსარჩელემ უძრავი ქონების ღირებულების განაწილვადებით გადიხდის მიზნით, დაფარა ბანკის წინაშე მოპასუხის ვალი, რომლის გადახდით და დაფარვით, უპირველესად, სწორედ გამსხვისებელი მოპასუხე იყო დაინტერესებული, როგორც იპოთეკის ქონების მესაკუთრე.

22. მოსარჩელე მის მიერ ბანკში გადახდილი თანხის დაბრუნებას მოპასუხეებისაგან ითხოვს იმ საფუძვლით, რომ მისთვის ცნობილი გახდა, რომ გამსხვისებელი მოპასუხე მის მიერ შეძენილი უძრავი ქონების არაკეთილსინდისიერ მესაკუთრეს წარმოადგენდა, რადგან აღნიშნული ქონება არაკეთილსინდისიერად შეიძინა თავდაპირველმა მესაკუთრემ. მოსარჩელემ ასევე აღნიშნა, რომ გამყიდველის თხოვნით დაუბრუნა ქონება თავდაპირველ მესაკუთრეს ჩუქების გზით, მის მიერ გადახდილი თანხის უკან დაბრუნების პირობით, რაც გამსხვისებელმა მოპასუხემ თავის თავზე აიღო, თუმცა ეს პირობა არ შეასრულა. აღნიშნულ პოზიციას მოსარჩელე მხარე ვერ ადასტურებს ვერანაირი მტკიცებულებით. მან ვერ დაადასტურა ვერანაირი შეთანხმების არსებობას გამსხვისებელ მოპასუხესთან, საქმის მასალებით კი მხოლოდ და მხოლოდ ის ირკვევა, რომ მათ შორის არსებობდა ნასყიდობის სამართლებრივი ურთიერთობა, რომლითაც მოსარჩელემ გამსხვისებელი მოპასუხისაგან შეისყიდა სადავო უძრავი ქონება.

23. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე უდავოდ დადგენილია, რომ 1) მოსარჩელემ გამსხვისებელი მოპასუხისაგან 35 000 ლარად შეიძინა ბინა; 2) მხარეები შეთანხმდნენ ნასყიდობის თანხის განაწილვადებაზე და გადახდის წესზეც, იმგვარად, რომ 35 000 ლარის დაფარვამდე მოსარჩელეს ყოველთვიურად უნდა გადაეხადა ის შენატანი, რაც ბ------ეს უნდა შეეტანა. 3) უდავოა, რომ სწორედ ამ მიზნით, მან სამგზის – 2010 წლის 19 აპრილს, 2010 წლის 18 მაისს და 19 ივლისს ბანკში გადაიხადა სულ 5923 ევრო.

24. საქართველოს უზენაესი სასამართლოს მითითებით, გამოსაკვლევი და სადავოა, რა თანხა გადაიხადა მოსარჩელემ, რის დაბრუნებასაც იგი მოპასუხისაგან ითხოვს.

25. სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ აღნიშნულზე პასუხს სცემს თავად მოსარჩელის მიერ საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებები. პირველ რიგში სარჩელი, სადაც ის უთითებს, რომ მხარეთა შეთანხმებით 35 000 ლარი განაწილვადებით უნდა გადაეხადა შემდეგი წესით – დაფარავდა იმ საბანკო ვალდებულებებს ყოველთვიურად, რაც მოპასუხეებს გააჩნდათ ბანკში. მართლაც, შეთანხმებისამებრ, მოახდინა 3 გადახდა. იგივე ფაქტობრივ გარემოებას უთითებს მოსარჩელე 2015 წლის 11 თებერვლის წერილში, რომლითაც მან მოპასუხეებს მიმართა: „როგორც თქვენთვის 2010 წლის 14 მაისს ჩემსა და გამსხვისებელ მოპასუხეს შორის გაფორმდა ნასყიდობის ხელშეკრულება უძრავ ქონებაზე...ნასყიდობის საფასური შეადგენდა 35 000 ლარს. ზემოაღნიშნული თანხა ჩემს მიერ გადახდილი უნდა ყოფილიყო განაწილვადებით, კერძოდ: თქვენსა და ბანკს შორის დადებული სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების საფუძველზე, იმ ვალდებულებების, ანუ 35000 ლარის დაფარვამდე, რაც უშუალოდ წარმოადგენდა მოცემული ქონების იპოთეკით დატვირთული ვალდებულების საფასურს...ჩვენი სიტყვიერი მოლაპარაკების თანახმად, უძრავი ქონების ნასყიდობის წერილობით გაფორმებამდე ჩემს მიერ შეთანხმებისამებრ იქნა გადახდილი სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების დაფარვის მიზნით, 1974 ევრო; ხოლო ნასყიდობის გაფორმების შემდგომ, იმავე მიზნით – 1975 და 1975 ევრო, ჯამში 5923 ევრო. გთხოვთ დამიბრუნოთ თანხა!”

26. სააპელაციო პალატის მოსაზრებით, სრულიად ერთმნიშვნელოვნად, ნათლად და გარკვევით მოსარჩელე თავადვე განმარტავს გადახდილი თანხების (რასაც სარჩელით ითხოვს) მიზნობრიობას და ამბობს, რომ ამ თანხების გადახდით, იგი იხდიდა ნასყიდობის საფასურს.., თანხა წარმოადგენდა მოცემული ქონების იპოთეკით დატვირთული ვალდებულების გადახდის ღირებულებას.

27. სააპელაციო სასამართლოში კი მოსარჩელემ (იგივე აპელანტმა) შეცვალა, მითითებული ფაქტობრივი გარემოება, ბუნდოვანი გახადა მის მიერვე სრულიად ნათლად და გასაგებად მითითებული ფაქტები და მიუთითა, რომ მის მიერ სარჩელით „მოთხოვნილი იყო არა ნასყიდობის, არამედ შეცდომით, სხვის მაგივრად გადახდილი თანხა“. აპელანტმა ასევე მიუთითა, რომ მოპასუხეებმა მოატყუეს, ამიტომ მათი მითითებით, დაუბრუნა ქონება თავდაპირველ მესაკუთრეს. ამ მხრივ სასამართლომ არ შეაფასა თავდაპირველი მესაკუთრის ჩვენება.

28. სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ საქმის მასალებით არ დასტურდება არანაირი შეთანხმება მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის ქონების თავდაპირველი მესაკუთრისათვის დაბრუნების თაობაზე. საქმეში არ არის წარმოდგენილი არც ერთი მტკიცებულება, რომელიც ამ ფაქტობრივ გარემოებას დაადასტურებდა. მეტიც, ამ ფაქტზე მითითება მოსარჩელეს არ გაუკეთებია არც სარჩელში და არც შემდგომ ეტაპზე, ვიდრე აპელაციამდე. რაიმე შეთანხმება მოსარჩელეს, მოპასუხეებსა და თავდაპირველ მესაკუთრეს შორის არც ეს უკანასკნელი ადასტურებს. იგი ამბობს, რომ არ იცნობდა მოსარჩელეს, და არანაირი მოლაპარაკება მასთან არ ჰქონია.

29. ამგვარი ფაქტობრივი მოცემულობის ვითარებაში სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ მოსარჩელე იხდიდა ნასყიდობის საფასურს, ნაყიდი ქონება კი თავისი შეხედულებისამებრ დაუბრუნა (აჩუქა) თავდაპირველ მესაკუთრეს ისე, რომ გადახდილი თანხის დაბრუნებაზე არანაირი შეთანხმება მოპასუხეებთან არ ჰქონია.

30. საქმის მასალებით დაუსაბუთებელია სარჩელი უსაფუძვლო გამდიდრების სამართლებრივ ნორმებზე დაყრდნობით სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ.

31. სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდგომში – სსსკ) 131-ე მუხლით და მიიჩნია, რომ მოპასუხე მხარეთა დადასტურებითა და საქმის მასალებით დადგენილია, რომ ნასყიდობის ხელშეკრულების მხარეები შეთანხმებული იყვნენ, რომ მოსარჩელე, უძრავი ქონების შეძენის სანაცვლოდ, გადაიხდიდა მოპასუხეთა ვალს ბანკში, სესხის და იპოთეკის ხელშეკრულებით გათვალისწინებული გრაფიკის შესაბამისად. სწორედ ამ მიზნით მოსარჩელემ სამჯერ ჩაურიცხა თანხა მოპასუხეს. საბოლოო ჯამში მან გადაიხადა 5923 ევრო. 2010 წლის 8 ნოემბერს კი ნაყიდი ქონება აჩუქა თავდაპირველ მესაკუთრეს.

32. სააპელაციო პალატამ ჩათვალა, რომ გამსხვისებელ მოპასუხესა და მოსარჩელეს შორის არსებობდა ნასყიდობის სამართლებრივი ურთიერთობა, უძრავი ქონებაზე, რომლის თანახმადაც ქ.-ეს ქონების შესაძენად უნდა გადაეხადა 35000 ლარი.

33. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდგომში – სსკ) 477-ე მუხლის თანახმად, სააპელაციო პალატამ დაადგინა მხარეთა შეთანხმება იმის თაობაზე, რომ ქონების შეძენის საფასურში ქ.-ე გადაიხდიდა მოპასუხეთა ვალს ბანკში“, რა მიზნითაც მან ბანკში მოპასუხეს სამჯერ ჩაურიცხა თანხა, სულ – 5923 ევრო.

34. სააპელაციო სასამართლოს მითითებით, უდავოა, რომ მოსარჩელეს არ აღუძრავს სარჩელი ხელშეკრულების მოშლის თაობაზე, არამედ მან გააჩუქა ქონება. სსკ-ის 491-ე მუხლით მყიდველს შეუძლია, ნივთის ნაკლის გამო, ხელშეკრულების მოშლა მოითხოვოს. ამავე კოდექსის 352-ე მუხლის თანახმად, გამყიდველმა მყიდველს გაწეული დანახარჯები უნდა აუნაზღაუროს. მოსარჩელეს არ აურჩევია ზემოთ მითითებული სამართლებრივი გზა, არამედ მან გამსხვისებელ მოპასუხესთან შეთანხმების გარეშე (საქმის მასალებით სწორედ ეს დასტურდება) შეძენილი ქონება თავდაპირველ მესაკუთრეს დაუბრუნა, რაც თავის მხრივ გამორიცხავს მისი მოთხოვნის სამართლებრივ მართებულობასა და საფუძვლიანობას-მოპასუხეთა მიმართ.

35. აქვე სააპელაციო პალატამ ყურადღება მიაპყრო მოსარჩელის არაერთგვაროვან განმარტებებს ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით პირველ და მეორე ინსტანციის სასამართლოებში, თანხის გადახდის დანიშნულებასა და წესთან დაკავშირებით და განმარტა, რომ სსსკ-ის 201-ე მუხლი, 380-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოში ახალ ფაქტობრივ გარემოებებზე მითითება დაუშვებელია.

კასატორის მოთხოვნა და საფუძვლები:

36. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე მოსარჩელემ შეიტანა საკასაციო საჩივარი, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება და მოპასუხისათვის 5943 ევროს დაკისრება შემდეგი საფუძვლებით:

37. კასატორმა განმარტა, რომ სააპელაციო სასამართლომ არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა და არასწორად განმარტა კანონი. სასამართლოს არ უმსჯელია მოსარჩელის მოთხოვნაზე არასწორად სხვის მაგივრად გაწეული თანხის დაბრუნებაზე და შეაფასა მხოლოდ ნასყიდობის ხელშეკრულების შესრულების პირობები მაშინ, როდესაც საქმეში წარდგენილი მტკიცებულებებით დასტურდება, რომ მოპასუხემ 5943 ევროს გადაიხადა მოპასუხის ანგარიშზე ისე, რომ გადახდას არანაირი კავშირი არ ჰქონდა მოსარჩელესა და გამსესხებელ მოპასუხეს შორის გაფორმებულ ხელშეკრულებასთან. პირველი გადახდა შესრულდა ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმებამდე ანუ მოსარჩელის მიერ ხარჯი გაწეულ იქნა სხვის მაგივრად, რაც უპირობოდ უნდა დაბრუნებოდა მოსარჩელეს. სადავო ქონების თავდაპირველი მესაკუთრის მიერ მოწმის სახით მიცემული განმარტებით დასტურდება, რომ გამსხვისებელმა მოპასუხემ მოატყუა მეზობელთან ერთად, რაც ასევე ადასტურებს მოსარჩელესა და მოწმეს შორის გაფორმებული თავდაპირველი ნაჩუქრობის ხელშეკრულება, რომელიც არ დარეგისტრირდა გამსესხებელი მოპასუხის მიერ ჩადენილი სისხლის სამართლით გათვალისწინებულ დანაშაულის გამო. სააპელაციო სასამართლომ ასევე არასწორად მიუთითა, რომ ნასყიდობის ხელშეკრულება ითვალისწინებდა თანხის განაწილვადებას, რადგან ამგვარი დათქმა ხელშეკრულებაში არ ფიქსირდება.

38. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 31 მაისის განჩინებით საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლით და ამავე კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

39. საკასაციო სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და თვლის, რომ იგი დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული შემდეგ გარემოებათა გამო:

40. სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ საქმეში წარმოდგენილი 2009 წლის 14 სექტემბრის იპოთეკის ხელშეკრულების თანახმად, იპოთეკარ ბანკსა და გამსხვისებელ მოპასუხეს შორის, მეორე მოპასუხის სესხის უზრუნველსაყოფად გაფორმდა იპოთეკის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც იპოთეკით დაიტვირთა გამსხვისებელ მოპასუხის უძრავი ქონება.

41. 2014 წლის 14 მაისს გამსხვისებელ მოპასუხესა და მოსარჩელეს შორის გაფორმებული უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულებით მოსარჩელემ შეიძინა იპოთეკით დატვირთული უძრავი ნივთი 35000 ლარად.

42. სააპელაციო პალატამ დაადგინა, რომ 2010 წლის 8 ნოემბერს მოსარჩელემ გამსხვისებელი მოპასუხისაგან ნაყიდი ქონება ჩუქების გზით დაუბრუნა თავდაპირველ მესაკუთრეს, რომლისგანაც გამსხვისებელმა მოპასუხემ ქონება შეიძინა.

43. სააპელაციო პალატამ დაადგინა მხარეთა შეთანხმება იმის თაობაზე, რომ მოსარჩელე უძრავი ქონების ღირებულებას, ანუ ნასყიდობის საფასურს გადაიხდიდა განაწილვადებით, კერძოდ, იმგვარად, რომ დაფარავდა ბანკის წინაშე მოპასუხის ვალს, რომლის უზრუნველსაყოფადაც იპოთეკით იყო დატვირთული გამსხვისებელი მოპასუხის ქონება. (აღნიშნულ ფაქტობრივ გარემოებაზე მიუთითებს თავად მოსარჩელე, ამასვე ადასტურებს მოპასუხე და, თავის მხრივ, ეს გარემოება ასევე დაადასტურა პირველი ინსტანციის სასამართლოში მოწმის სახით დაკითხულმა ქონების თავდაპირველმა მესაკუთრემ).

44. საქმეში წარმოდგენილი სარჩელის დავის ფაქტობრივი გარემოებების გრაფაში მითითებულია: „ნასყიდობის საფასური, 35 000 ლარი მოსარჩელის მიერ გადახდილი უნდა ყოფილიყო განაწილვადებით, კერძოდ, 2009 წლის 19 სექტემბერს, ბანკისა და გამსხვისებელი მოპასუხის თავდებ მოპასუხეს შორის დადებული სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების საფუძველზე)

45. საქმეში განთავსებული გადახდის ქვითრებით სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ მოსარჩელემ 1974 ევრო ბანკში შეიტანა სამჯერ, კერძოდ, 2010 წლის 19 აპრილს, 18 მაისს და 19 ივლისს, რამაც ჯამში შეადგინა 5923 ევრო. ამავე გადახდის ქვითრებში დანიშნულებაში მითითებულია „სესხების დასაფარად“. მიმღები იყო მოპასუხე.

46. სააპელაციო პალატამ უდავოდ დაადგინა, რომ მსესხებელს ბანკში სწორედ მოპასუხე წარმოადგენდა, ხოლო გამსხვისებელი მოპასუხე კი იყო უზრუნველყოფილი ქონების მესაკუთრე.

47. სააპელაციო პალატამ დადგენილად ჩათვალა, რომ მხარეთა შეთანხმებისამებრ, მოსარჩელემ უძრავი ქონების ღირებულების განაწილვადებით გადახდის მიზნით, დაფარა ბანკის წინაშე მოპასუხის ვალი, რომლის გადახდით და დაფარვით, უპირველესად, სწორედ გამსხვისებელი მოპასუხე იყო დაინტერესებული, როგორც იპოთეკის ქონების მესაკუთრე.

48. მოსარჩელე მის მიერ ბანკში გადახდილი თანხის დაბრუნებას მოპასუხეებისაგან ითხოვს იმ საფუძვლით, რომ მისთვის ცნობილი გახდა, რომ გამსხვისებელი მოპასუხე მის მიერ შეძენილი უძრავი ქონების არაკეთილსინდისიერ მესაკუთრეს წარმოადგენდა, რადგან აღნიშნული ქონება არაკეთილსინდისიერად შეიძინა თავდაპირველმა მესაკუთრემ. მოსარჩელემ ასევე აღნიშნა, რომ გამყიდველის თხოვნით დაუბრუნა ქონება თავდაპირველ მესაკუთრეს ჩუქების გზით, მის მიერ გადახდილი თანხის უკან დაბრუნების პირობით, რაც გამსხვისებელმა მოპასუხემ თავის თავზე აიღო, თუმცა ეს პირობა არ შეასრულა.

49. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსი გარკვეულ შეზღუდვებს აწესებს საკასაციო საჩივრის დასაშვებობასთან დაკავშირებით, კერძოდ, 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.

50. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

51. საკასაციო საჩივარში მითითებული პრეტენზიებიდან საკასაციო პალატა ყურადღებას გაამახვილებს მხოლოდ იმ პრეტენზიებზე, რომლებიც მოცემული დავის გადასაწყვეტად სამართლებრივად მნიშვნელოვანია. ამასთან, ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად.

52. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ შეიცავს დასაშვებ და დასაბუთებულ საკასაციო პრეტენზიას გასაჩივრებულ განჩინებაში ასახული იმ მსჯელობის საწინააღმდეგოდ, რომ საქმის მასალებით არ დასტურდება რაიმე სახის შეთანხმება მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის ქონების თავდაპირველი მესაკუთრისათვის დაბრუნების თაობაზე.

53. ამავდროულად, ამგვარი შეთანხმების არსებობაზე მოსარჩელეს სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვამდე არ მიუთითებია.

54. აღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატამ მართებულად შეაფასა დადგენილი ფაქტები, როდესაც მიიჩნია, რომ მოსარჩელემ ნასყიდობის საფასურის ეტაპობრივად გადახდის გზით შეიძინა საკუთრების უფლება უძრავ ნივთზე და შემდეგ ნებაყოფლობით გაასხვისა ქონება ჩუქების ხელშეკრულების გაფორმების საშუალებით.

55. სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი მატერიალური ან/და საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.

56. კასატორმა ვერ დაასაბუთა, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასთან და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალთან წინააღმდეგობაში მოდის.

57. ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით და არც იმ საფუძვლით, რომ საკასაციო სასამართლოს მსგავს საკითხზე ჯერ არ უმსჯელია და გადაწყვეტილება არ მიუღია. შესაბამისად, მოცემულ საქმეზე არ არსებობს ვარაუდი, რომ საკასაციო საჩივრის განხილვის შემთხვევაში მოსალოდნელია საქართველოს უზენაესი სასამართლოს უკვე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება.

58. ამავდროულად, გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ განსხვავდება საკასაციო სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკისაგან.

59. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

60. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. ამდენად, საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორს უნდა დაუბრუნდეს სახელმწიფო ბაჟის სახით მის მიერ 2017 წლის 29 მაისს №- საკრედიტო საგადახდო დავალებით გადახდილი 803 ლარის 70% – 562,1 ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ვ. ქ.-ის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო.

2. კასატორ ვ. ქ.-ეს (პირადი №..) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს სახელმწიფო ბაჟის სახით მის მიერ 2017 წლის 29 მაისს №- საკრედიტო საგადახდო დავალებით გადახდილი 803 ლარის 70% – 562,1 ლარი.

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ზ. ძლიერიშვილი

მოსამართლეები: ბ. ალავიძე

პ. ქათამაძე