Facebook Twitter

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

¹ 3გ-ად-32-კს-02 13 მარტი, 2003 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა

შემადგენლობა: ნ. სხირტლაძე (თავმჯდომარე),

ნ. კლარჯეიშვილი,

მ. ვაჩაძე

დავის საგანი: საქართველოს ეკონომიკის, მრეწველობისა და ვაჭრობის სამინისტროს ბრძანების მოქმედების შეჩერება.

აღწერილობითი ნაწილი:

«საქართველოს ეკონომიკის, მრეწველობისა და ვაჭრობის სამინისტროსთან არსებული ფასების სახელმწიფო ინსპექციის მიერ 2001წ. II კვარტალში სს «ე-ში» ფასებისა და ფასწარმოქმნის კანონმდებლობის დაცვის სისწორის შესწავლის შესახებ» საქართველოს ეკონომიკის, მრეწველობისა და ვაჭრობის სამინისტროს 14.08.01წ. ¹102 ბრძანებით დადგენილი იქნა საჯარიმო თანხის გათვალისწინებით სს «ე-ის» ანგარიშსწორების ანგარიშიდან ფასებისა და ფასწარმოქმნის კანონმდებლობის დარღვევის შედეგად მიღებული ზედმეტი შემოსავლის – 1170000 ლარის ამოღება. ფასების სახელმწიფო ინსპექციას დაევალა აღნიშნული ბრძანების შესრულება.

20.09.01წ. სს «ე-ის» გენერალურმა დირექტორმა გ. ჯ-ემ სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიას. მოსარჩელემ მოითხოვა ეკონომიკის, მრეწველობისა და ვაჭრობის სამინისტროს 14.08.01წ. ¹102 ბრძანების ბათილად ცნობა და ძალადაკარგულად გამოცხადება.

თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციულ სამართლისა და საგადასახადო საქმეთა პალატის 15.04.02წ. სხდომაზე საქართველოს ეკონომიკის, მრეწველობისა და ვაჭრობის სამინისტრომ სასამართლოს მიმართა შუამდგომლობით საქმეში მესამე პირად ამ სამინისტროსთან არსებული ფასების სახელმწიფო ინსპექციის ჩართვის შესახებ. თავის მხრივ, სს «ე-ის» წარმომადგენელმა იშუამდგომლა გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის მოქმედების შეჩერების შესახებ პირველი ინსტანციით საქმის გადაწყვეტამდე.

თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 15.04.02წ. განჩინებით დაკმაყოფილდა საქართველოს ეკონომიკის, მრეწველობისა და ვაჭრობის სამინისტროს შუამდგომლობა და საქმის განხილვაში ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის II ნაწილის თანახმად მესამე პირის სტატუსით ჩაბმული იქნა ფასების სახელმწიფო ინსპექცია. რაც შეეხება სს «ე-ის» შუამდგომლობას, გასაჩივრებული აქტის მოქმედების შეჩერების შესახებ, იგი არ დაკმაყოფილდა. სასამართლო კოლეგიამ მიუთითა, რომ სს «ე-მ» ვერ წარმოადგინა სათანადო მტკიცებულებები, რაც დაადასტურებდა სადავო აქტის მოქმედების შეჩერების გარეშე მხარისათვის დიდი მატერიალური ზიანის მოტანას, რამაც საბოლოო ჯამში შეიძლება დაბრკოლება შეუქმნას საქმეზე გამოტანილი გადაწყვეტილების აღსრულებას.

სასამართლო კოლეგიის განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა სს «ე-ის» წარმომადგენელმა. კერძო საჩივრის ავტორმა მიუთითა, რომ სადავო აქტის მოქმედების შეჩერების გარეშე მათ მიადგებათ დიდი მატერიალური ზიანი, რაც უმართებულოდ არ გაიზიარა სასამართლომ. ამის დასადასტურებლად კერძო საჩივრის ავტორის მიერ წარმოდგენილი იქნა ორი დოკუმენტი. საქართველოს საგადასახადო შემოსავლების სამინისტროს მსხვილ გადამხდელთა ინსპექციის 16.04.02წ. წერილის თანახმად ფასების სახელმწიფო ინსპექციამ 11.09.01წ. სს «ე-ის» 1170000 ლარის გადაუხდელობის გამო დაარიცხა საურავი 16617,32 ლარი, ამდენად სს «ე-ს» გადასახდელი აქვს უკვე 1336174 ლარი. მეორე დოკუმენტის _ სს «ე-ის» 17.04.02წ. ¹11/855 წერილის შინაარსიდან ირკვევა, რომ სს «ე.» არის კერძო სამართლის იურიდიული პირი, რომლის აქციების 100%-ის მფლობელი არის სახელმწიფო. საზოგადოებას არ გააჩნია «სახელმწიფო ფონდის» ცალკე საბანკო ანგარიში და საზოგადოება ხელფასს გასცემს მიღებული შემოსავლების მიხედვით. თანხების მიღება წარმოებს მომსახურე საბანკო ორგანიზაციაში არსებული მიმდინარე ანგარიშებიდან. ვინაიდან სს «ე-ის» საბანკო ანგარიშებზე საგადასახადო დეპარტამენტის მიერ წარდგენილია საგადასახადო საინკასო დავალებები, სააქციო საზოგადოების მუშაკები სახელმწიფო თანხას მიიღებენ მხოლოდ წარდგენილი საინკასო დავალებების განაღდების შემდეგ. აღნიშნული მტკიცებულებების საფუძველზე, კერძო საჩივრის ავტორმა მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების ნაწილობრივ გაუქმება და ეკონომიკის, მრეწველობისა და ვაჭრობის სამინისტროს სადავო აქტის მოქმედების შეჩერება საქმის საბოლოო გადაწყვეტამდე.

თბილისის საოლქო სასამართლოს 29.04.02წ. განჩინებით სს «ე-ის» წარმომადგენლის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და საქმის მასალებთან ერთად გადაეგზავნა საქართველოს უზენაეს სასამართლოს.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო პალატა საქმის მასალების გაცნობით მივიდა დასკვნამდე, რომ სს «ე-ის» წარმომადგენლის კერძო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 29-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, სარჩელის წარდგენა სასამართლოში აჩერებს გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის მოქმედებას. ეკონომიკის, მრეწველობისა და ვაჭრობის სამინისტროსთან არსებული ფასების სახელმწიფო ინსპექციის მიერ” 2001წ. II კვარტალში სს «ე-ში" ფასებისა და ფასწარმოქმნის კანონმდებლობის დაცვის სისწორის შესწავლის შესახებ" საქართველოს ეკონომიკის, მრეწველობისა და ვაჭრობის სამინისტროს 14.08.01წ. ¹102 ბრძანებით გათვალისწინებული ფასების სახელმწიფო ინსპექციის მიერ ამოსაღები საჯარიმო თანხა არ განეკუთვნება ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 29-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევებს, ვინაიდან კოდექსის 29-ე მუხლის მე-2 ნაწილის «ა" ქვეპუნქტი ითვალისწინებს კანონმდებლობით დადგენილი გადასახდელებს, რომელთა გადახდა სავალდებულოა და არ უკავშირდება სამართალდარღვევის ჩადენას. ამასთანავე, თვით საგადასახადო კოდექსით დადგენილი ჯარიმებისა და საურავების სადავო თანხების ამოღება დაუშვებელია სასამართლოს მიერ კონკრეტულ საკითხებთან დაკავშირებით გადაწყვეტილების გამოტანამდე. აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა თვლის, რომ სადავო ადმინისტრაციული აქტი უნდა შეჩერდეს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 29-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე.

ამდენად, საკასაციო პალატა სს «ე-ის" მოთხოვნას სადავო ადმინისტრაციული აქტის მოქმედების შეჩერების შესახებ თვლის კანონიერად, რის გამო იგი უნდა დაკმაყოფილდეს.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის I მუხლის მეორე ნაწილით, 29-ე მუხლით, სსკ-ს 408-ე, 419-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. სს «ე-ის» წარმომადგენლის კერძო საჩივარი დაკმაყოფილდეს. გაუქმდეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 15.04.02წ. განჩინება სს «ე-ის» შუამდგომლობის არ დაკმაყოფილების ნაწილში. ასევე გაუქმდეს ამავე სასამართლოს 29.04.02წ. განჩინება.

2. სს «ე-ის» შუამდგომლობა დაკმაყოფილდეს. შეჩერდეს საქართველოს ეკონომიკის, მრეწველობისა და ვაჭრობის სამინისტროს 14.08.02წ. ¹102 ბრძანების მოქმედება საქმის გადაწყვეტამდე.

3. საქმე განსახილველად დაუბრუნდეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიას.

4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.