საქმე № 330210015001160666
საქმე №ას-638-596-2017 7 ივლისი, 2017 წელი
№ას-638-596-2017 ფინანსთა სამინისტრო ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ზურაბ ძლიერიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ბესარიონ ალავიძე, ნინო ბაქაქური
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი – საქართველოს ფინანსთა სამინისტრო (შემდგომში – მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე – შპს „ს.-ა“ (შემდგომში – მოპასუხე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 23 თებერვლის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება
დავის საგანი – ფულადი ვალდებულების შესრულება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
სასარჩელო მოთხოვნა:
1. მოსარჩელემ სარჩელი აღძრა სასამართლოში მოპასუხის მიმართ და მოითხოვა 766 075.08 ლარის ანაზღაურება, საიდანაც რესტრუქტურიზებული თანხა არის 674 956.02 ლარი, მათ შორის ძირითადი თანხა – 500 000 ლარი, პროცენტი – 81 305.30 ლარი, პირგასამტეხლო – 93 650.72 ლარი, ასევე, რესტრუქტურიზაციის პერიოდში დარიცხული სარგებელი – 91 119.06 ლარი.
სარჩელის საფუძვლები:
2. მოსარჩელის განმარტებით, საქართველოს მთავრობის 2011 წლის 27 დეკემბრის №2544 განკარგულების შესაბამისად, განმეორებით რესტრუქტურიზებულ იქნა 2012 წლის 2 ოქტომბრის მდგომარეობით არსებული ორგანიზაციის ვადაგადაცილებული სასესხო დავალიანება – 674 956.02 ლარი, რომლის სამართალმემკვიდრეა მოპასუხე (შემდგომში – მოპასუხის წინამორბედი საზოგადოება).
3. დავალიანება წარმოიშვა 2007 წლის 22 მარტს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს, საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და მოპასუხის წინამორბედ საზოგადოებას შორის გაფორმებული სესხის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობის შედეგად. აღნიშნულთან დაკავშირებით, 2011 წლის 26 დეკემბერს ფინანსთა სამინისტროსა და მოპასუხე საწარმოს შორის გაფორმდა ხელშეკრულება „ვადაგადაცილებული სასესხო დავალიანების რესტრუქტურიზაციის შესახებ“. რესტრუქტურიზაციის პერიოდად განისაზღვრა 3 წელი, 2011 წლის 2 ოქტომბრიდან 2014 წლის 2 ოქტომბრის ჩათვლით (1.5 წლის გაყინვა და 1.5 წელი გადავადება) და შედგა სესხის დაფარვის გრაფიკი. გადახდის ვადა დასრულდა და საწარმოს მიერ არც ერთი გადახდა არ განხორციელებულა. არაერთი გაფრთხილების მიუხედავად, საწარმო არ ასრულებს ნაკისრ ვალდებულებებს.
4. მოსარჩელის განმარტებით, გრაფიკის შესაბამისად გათვალისწინებული შეუსრულებელი ვალდებულება 2015 წლის 24 აპრილის მდგომარეობით შეადგენს 766 075.08 ლარს.
მოპასუხის პოზიცია:
5. მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ საზოგადოება შექმნილია სახელმწიფოს 100%-იანი წილობრივი მონაწილეობით და წარმოადგენს ოთხი შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების შერწყმას. მოპასუხე, თავისი საქმიანობის მიზნებიდან გამომდინარე, საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ახორციელებს საირიგაციო და სამელიორაციო საქმიანობას, რის გამოც როგორც მიმდინარე დროისათვის, ასევე, წარსულშიც პერიოდულად გამოეყოფა სესხი, სამელიორაციო ინფრასტრუქტურის მოვლა-შენახვის, რეაბილიტაციისა და სხვა ღონისძიებათა გასატარებლად. სესხის გამოყოფა ხდება საქართველოს მთავრობის დადგენილებების საფუძველზე და ადმინისტრაციულ ორგანოებთან, როგორიცაა საქართველოს ფინანსთა და სოფლის მეურნეობის სამინისტროები, დადებული ხელშეკრულებების შესაბამისად.
6. ამგვარად, სახელშეკრულებო ურთიერთობების მონაწილე ადმინისტრაციული ორგანოების გადაწყვეტილებების გარეშე შეუძლებელია, მოპასუხემ დამოუკიდებლად გადაწყვიტოს საკითხები, რაც ეხება ვადაგადაცილებულ საგადასახადო დავალიანებებისა და სასესხო დავალიანებების რესტრუქტურიზაციას, რა მიზნითაც საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან, საქართველოს მთავრობის 2011 წლის 14 ივნისის №236 დადგენილებით შექმნილია სპეციალური კომისია. კომისია პერიოდულად იხილავს საკითხებს, რაც დაკავშირებულია ამ პრობლემების მოგვარებასთან. ამჯერადაც მოპასუხემ 2015 წლის 23 მაისის წერილთან ერთად, საქართველოს ფინანსთა სამინისტროში სასესხო დავალიანების რესტრუქტურიზაციის საკითხის განხილვის მიზნით, „საგადასახადო დავალიანებებისა და სახელმწიფო სესხების რესტრუქტურიზაციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, წარადგინა დოკუმენტები საკითხზე გადაწყვეტილების მისაღებად, რაც უნდა გადაწყდეს ადმინისტრაციული წესით.
7. ამავდროულად, მოპასუხემ მიუთითა, რომ მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი პირგასამტეხლოს თანხა არის შეუსაბამოდ მაღალი და მოითხოვა მისი შემცირება.
პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
8. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 9 თებერვლის გადაწყვეტილებით სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა სესხის ძირითადი თანხის – 500 000 ლარის, პროცენტის – 81 305.30 ლარის, პირგასამტეხლოს – 20 000 ლარისა და რესტრუქტურიზაციის პერიოდში დარიცხული სარგებლის – 91 119.06 ლარის გადახდა, რაც სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში მოსარჩელემ გაასაჩივრა სააპელაციო წესით.
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი და ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთება:
9. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 23 თებერვლის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, ხოლო გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:
10. სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ მოპასუხეს გააჩნია სასესხო ვალდებულება მოსარჩელის მიმართ, კერძოდ, საქართველოს მთავრობის 2011 წლის 27 დეკემბრის №2544 განკარგულების შესაბამისად, რესტრუქტურიზებულ იქნა მოპასუხის წინამორბედი საზოგადოების 2015 წლის 24 აპრილის მდგომარეობით არსებული ვადაგადაცილებული სასესხო დავალიანება 766 075.08 ლარის ოდენობით (ძირითადი თანხა – 500 000 ლარი, პროცენტი – 81 305.30 ლარი, პირგასამტეხლო – 93 650.72 ლარი), ასევე რესტრუქტურიზაციის პერიოდში დარიცხული სარგებელი 91 119.06 ლარი.
11. სააპელაციო პალატის მითითებით, მოცემულ ეტაპზე გადაწყვეტილების კანონიერების შემოწმება ხდება აპელანტის მოთხოვნის საფუძველზე მოპასუხე მხარისადმი მის სასარგებლოდ პირგასამტეხლოს შემცირებული ოდენობით დაკისრების ფარგლებში.
12. სააპელაციო პალატამ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს პოზიცია პირგასამტეხლოს შემცირებული ოდენობით დაკისრების თაობაზე და აღნიშნა, რომ პირგასამტეხლო დამატებითი (აქცესორული) ვალდებულებაა, რადგან მისი წარმოშობა ძირითადი ვალდებულების არსებობაზეა დამოკიდებული.
13. პირგასამტეხლოს მოთხოვნის უფლება კრედიტორს ყოველთვის გააჩნია თუ არსებობს ვალდებულების დარღვევის ფაქტი და ის მოვალეს იმ დროიდან ეკისრება, როცა უნდა ყოფილიყო შესრულებული დარღვეული ვალდებულება.
14. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდგომში – სსკ) 418-ე მუხლის პირველი, მეორე ნაწილებისა და 420-ე მუხლის თანახმად, სააპელაციო პალატამ განმარტა, რომ მითითებული ნორმით სასამართლოს მიეცა შესაძლებლობა, მხარე დაიცვას უსამართლო და სამოქალაქო ბრუნვისათვის მიუღებელი ტვირთისაგან (სასამართლო შესაგებელი), ამიტომ სასამართლოს შეუძლია თავისი მიხედულებისამებრ შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო, იმ ინტერსების გათვალისიწინებით, რომ ვალდებული მხარე არათანაბარზომიერ ვითარებას აარიდოს.
15. სააპელაციო სასამართლო ასეთ დროს აფასებს, თუ როგორია შესრულების ღირებულების, მისი შეუსრულებლობით გამოწვეული ზიანის თანაფარდობა პირგასამტეხლოს ოდენობასთან. მართალია, შეთანხმებული პირგასამტეხლო შესაძლებელია, აღემატებოდეს მოსალოდნელ ზიანს, მაგრამ არ უნდა დაირღვეს ხელშეკრულების მხარეთა თანასწორობისა და ხელშეკრულების პირობების სამართლიანობის პრინციპები.
16. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა სააპელაციო საჩივრის პრეტენზიები პირგასამტეხლოს შემცირებული ოდენობის არაგონივრულობასთან დაკავშირებით და მიიჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ კორექტირებული – შემცირებული პირგასამტეხლო შესაბამისობაშია კანონი დადგენილ საფუძვლებთან.
კასატორის მოთხოვნა და საფუძვლები:
17. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე მოსარჩელემ შეიტანა საკასაციო საჩივარი, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება შემდეგი საფუძვლებით:
18. კასატორის განმარტებით, საქართველოს მთავრობის 2011 წლის 27 დეკემბრის №2544 განკარგულების შესაბამისად, განმეორებით რესტრუქტურიზებულ იქნა მოპასუხის წინამორბედი საზოგადოების 2012 წლის 2 ოქტომბრის მდგომარეობით არსებული ვადაგადაცილებული სასესხო დავალიანება 674 956,02 ლარის ოდენობით (ძირითადი თანხა – 500 000 ლარი, პროცენტი – 81 30530 ლარი და პირგასამტეხლო – 93 650.72 ლარი. დავალიანება წარმოიშვა 2007 წლის 22 მარტს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს, საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და მოპასუხის სამართალმემკვიდრეს შორის გაფორმებული სესხის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობის შედეგად). აღნიშნულთან დაკავშირებით 2011 წლის 26 დეკემბერს ფინანსთა სამინისტროსა და საწარმოს შორის გაფორმდა „ხელშეკრულება ვადაგადაცილებული სასესხო დავალიანების რესტრუქტურიზაციის შესახებ“. რესტრუქტურიზაციის პერიოდად განისაზღვრა 3 წელი, 2011 წლის 2 ოქტომბრიდან 2014 წლის 2 ოქტომბრის ჩათვლით (1.5 წლით გაიყინა სესხის გადახდის ვალდებულება და 1.5 წელი გადავადდა მისი გადახდა) და შედგა სესხის დაფარვის გრაფიკი. გადახდის ვადა დასრულდა და საწარმოს მიერ არც ერთი გადახდა არ განხორციელებულა. არაერთი გაფრთხილების მიუხედავად, საწარმო არ ასრულებს ნაკისრ ვალდებულებებს (2013 წლის 12 აგვისტოს №18/61784 და 2014 წლის 16 აპრილის №18/25958 წერილები).
19. გრაფიკის შესაბამისად, გათვალისწინებული შეუსრულებელი ვალდებულება 2015 წლის 24 აპრილის მდგომარეობით შეადგენს 766 075,08 ლარს (რესტრუქტურიზებული თანხა – 674 95602 ლარი, რესტრუქტურიზაციის პერიოდში დარიცხული სარგებელი – 91 119.06 ლარი).
20. კასატორმა მიუთითა სსკ-ის 361-ე მუხლის მეორე ნაწილზე და აღნიშნა, რომ მხარეებს შორის დადებული რესტრუქტურიზაციის ხელშეკრულების მიხედვით, მოპასუხე ვალდებული იყო, გადაეხადა რესტრუქტურიზებული თანხა და მასზე რიცხული სარგებელი დადგენილი გრაფიკის შესაბამისად.
21. კასატორმა მიიჩნია, რომ სასამართლომ ვერ დაასაბუთა, თუ რატომ შეამცირა პირგასამტეხლოს ოდენობა. გადაწყვეტილებაში აღნიშნულია მხოლოდ, რომ განსახილველ შემთხვევაში პირგასამტეხლოს ოდენობა აღემატება გონივრულ სტანდარტებს. მხოლოდ ამგვარი აღნიშვნა ნამდვილად არ წარმოადგენს იურიდიულ დასაბუთებას.
22. მხარის მოსაზრებით, პირგასამტეხლოს თანხა დაგროვილი იყო, თავდაპირველი სასესხო ხელშეკრულებიდან გამომდინარე. შემდგომში, ვინაიდან სესხის ხელშეკრულება ვერ შესრულდა, მოხდა სესხის რესტრუქტურიზაცია და ახალი ხელშეკრულებით მთელი დავალიანება – ძირითადი თანხა, დარიცხული სარგებელი და პირგასამტეხლო, ახალ რესტრუქტურიზაციის ხელშეკრულებაში გადმოტანილ იქნა უკვე როგორც ძირითადი ვალდებულება და ამავე რესტრუქტრიზაციის ხელშეკრულებით გადმოტანილ თანხას ცალკე დაერიცხა სარგებელი, თუმცა პირგასამტეხლო არ ყოფილა გათვალისწინებული ვალდებულების შეუსრულებლობისთვის. მაგალითად, ამავე ორგანიზაციასთან გაფორმებულ სხვა რესტრუქტურიზაციის ხელშეკრულებებში ცალკე არის გათვალისწინებული პირგასამტეხლოს დარიცხვა.
23. კასატორმა ჩათვალა, რომ რესტრუქტურიზაციის ხელშეკრულება არსებითად წარმოადგენს ახალ სესხის ხელშეკრულებას. მასში ვალდებულების შეუსრულებლობისას პირგასამტეხლოს გადახდა საერთოდ არ არის გათვალისწინებული. თავდაპირველი სესხის ხელშეკრულებიდან დაგროვილი პირგასამტეხლოს თანხა, სარგებელთან და ძირითად დავალიანებასთან ერთად, რესტრუქტურიზაციის ხელშეკრულებაში გადმოტანილია როგორც ძირითადი თანხა. შესაბამისად გაუგებარია, როგორ მოახდინა სასამართლომ იმ თანხის შემცირება, რომელიც ამ ხელშეკრულებაში მოცემულია როგორც ძირითადი დავალიანება.
24. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის განჩინებით საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლით და ამავე კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად. ამავე განჩინებით დადგინდა, რომ კასატორი სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლებულია.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
25. საკასაციო სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და თვლის, რომ იგი დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული შემდეგ გარემოებათა გამო:
26. სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ მოპასუხეს გააჩნია სასესხო ვალდებულება მოსარჩელის მიმართ, კერძოდ, საქართველოს მთავრობის 2011 წლის 27 დეკემბრის №2544 განკარგულების შესაბამისად, რესტრუქტურიზებულ იქნა მოპასუხის სამართალმემკვიდრე ორგანოზაციის 2015 წლის 24 აპრილის მდგომარეობით არსებული ვადაგადაცილებული სასესხო დავალიანება 766 075.08 ლარის ოდენობით (ძირითადი თანხა – 500 000 ლარი, პროცენტი – 81 305.30 ლარი, პირგასამტეხლო – 93 650.72 ლარი), ასევე, რესტრუქტურიზაციის პერიოდში დარიცხული სარგებელი 91 119.06 ლარი.
27. წარმოდგენილი საკასაციო საჩივრით მხარემ მიიჩნია, რომ სასამართლოს არ დაუსაბუთებია, რატომ შეამცირა სადავო პირგასამტეხლოს ოდენობა. ასევე, რესტრუქტურიზაციის ხელშეკრულებაში პირგასამტეხლო გადავიდა ძირითადი ვალდებულების სახით და შემცირებას აღარ ექვემდებარებოდა.
28. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსი გარკვეულ შეზღუდვებს აწესებს საკასაციო საჩივრის დასაშვებობასთან დაკავშირებით, კერძოდ, 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.
29. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
30. საკასაციო საჩივარში მითითებული პრეტენზიებიდან საკასაციო პალატა ყურადღებას გაამახვილებს მხოლოდ იმ პრეტენზიებზე, რომლებიც მოცემული დავის გადასაწყვეტად სამართლებრივად მნიშვნელოვანია. ამასთან, ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად.
31. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო კოდექსი აღიარებს და ეფუძნება „pacta sunt servanda-ს“ (ხელშეკრულება უნდა შესრულდეს) პრინციპს, რომლის თანახმად ხელშეკრულების მხარემ, რომელმაც იკისრა ვალდებულება, უნდა შეასრულოს ხელშეკრულებით მისივე ნებით შეთანხმებული უფლება-მოვალეობები. სამოქალაქო კოდექსის 623-ე მუხლის თანახმად, სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი.
32. შესრულების ვალდებულება პირველ რიგში ხელშეკრულებით გათვალისწინებული შედეგის დადგომას გულისხმობს. ამავდროულად, პირველადი ვალდებულების შეუსრულებლობისას წარმოიშობა ნაწარმოები შესრულების (ზიანის ანაზღაურება, პირგასამტეხლო) ვალდებულება. ამავე კოდექსის 361-ე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას. ამ მოთხოვნათა შეუსრულებლობა ვალდებულების დარღვევაა. სამოქალაქო კანონმდებლობა ვალდებულების დარღვევის პრევენციისათვის ითვალისწინებს მოთხოვნის უზრუნველყოფის სანივთო და ვალდებულებით სამართლებრივ საშუალებებს, რომლებიც ვალდებულების შესრულებას ემსახურებიან და რომელთა შერჩევა მხარეთა ნებაზეა დამოკიდებული. ასეთ საშუალებათა რიგს განეკუთვნება ვალდებულების უზრუნველყოფის დამატებითი საშუალება პირგასამტეხლო (სუსგ 25.05.2010 წ. საქმე №ას-1220-1480-09).
33. სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო – მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა – მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის.
34. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ პირგასამტეხლო წარმოადგენს ვალდებულების შესრულების მიმართ მხარის შესაბამისი ინტერესის უზრუნველყოფის საშუალებას, რომლის გადახდის ვალდებულების წარმოშობა დაკავშირებულია ვალდებულების დარღვევასთან.
35. პირგასამტეხლო ეკისრება მხარეს იმ დროიდან, როდესაც უნდა ყოფილიყო შესრულებული დარღვეული ვალდებულება – ამ ვალდებულების შესრულებამდე. პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრისას ყურადღება ექცევა რამდენიმე გარემოებას. მათ შორის: ა) პირგასამტეხლოს, როგორც სანქციის ხასიათის მქონე ინსტრუმენტის ფუნქციას, თავიდან აიცილოს დამატებით ვალდებულების დამრღვევი მოქმედებები; ბ) დარღვევის სიმძიმესა და მოცულობას და კრედიტორისათვის წარმოქმნილი საფრთხის ხარისხს; გ) ვალდებულების დამრღვევი პირის ბრალეულობის ხარისხს; დ) პირგასამტეხლოს ფუნქციას, მოიცვას თავის თავში ზიანის ანაზღაურება. პირგასამტეხლოს ოდენობაზე მსჯელობისას გასათვალისწინებელია მოვალის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობის ხანგრძლივობა.
36. პირგასამტეხლო დამატებითი (აქცესორული) ვალდებულებაა, რაც იმას ნიშნავს, რომ მისი წარმოშობა და ნამდვილობა ძირითადი ვალდებულების არსებობაზეა დამოკიდებული.
37. ქართულ კანონმდებლობაში პირგასამტეხლოს ორმაგი ფუნქცია გააჩნია: ერთი მხრივ, მას ვალდებულების ჯეროვანი შესრულების უზრუნველსაყოფად პრევენციული დატვირთვა აქვს ანუ, პირგასამტეხლოს დაკისრების რისკი ფსიქოლოგიურად ზემოქმედებს ვალდებულ პირზე და აიძულებს ვალდებულება ჯეროვნად შეასრულოს. პირგასამტეხლოს ფსიქოლოგიური ზემოქმედების ეფექტი სწორედ იმაში ვლინდება, რომ ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში, ვალდებულ პირს რეპრესიული ხასიათის სანქცია ეკისრება.
38. პირგასამტეხლოს მეორე ფუნქცია განცდილი ზიანის მარტივად და სწრაფად ანაზღაურებაში მდგომარეობს. იგი ერთგვარ სანქციასაც წარმოადგენს. ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში, სანქციად ქცეული პირგასამტეხლო ვალდებულ პირს უპირობოდ ეკისრება, მიუხედავად იმისა, განიცადა თუ არა კრედიტორმა ზიანი ამ დარღვევის შედეგად (სუსგ 6.05.2015წ. საქმე №ას-1158-1104-2014, 10.02.2016წ. საქმე №ას-1265-1187-2015).
39. აღნიშნული მსჯელობიდან გამომდინარე, პირგასამტეხლოს დაკისრების სამართლებრივ წინაპირობას წარმოადგენს ხელშეკრულების ერთ-ერთი მხარის მიერ ნაკისრი ვალდებულების დარღვევა.
40. მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ მოვალემ, სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, ფულადი ვალდებულება სრულად არ შეასრულა და მას წარმოეშვა პირგასამტეხლოს გადახდის მოვალეობა.
41. ამავდროულად, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ კასატორმა მხარემ კანონიერად მოახდინა მისთვის დაკისრებული პირგასამტეხლოს შემცირების უფლების რეალიზება, ამ კუთხით სააპელაციო პალატის მსჯელობა სწორია, ხოლო მხარეს დასაშვები და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია არ წარმოუდგენია.
42. სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი მატერიალური ან/და საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.
43. კასატორმა ვერ დაასაბუთა, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასთან და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალთან წინააღმდეგობაში მოდის.
44. ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით და არც იმ საფუძვლით, რომ საკასაციო სასამართლოს მსგავს საკითხზე ჯერ არ უმსჯელია და გადაწყვეტილება არ მიუღია. შესაბამისად, მოცემულ საქმეზე არ არსებობს ვარაუდი, რომ საკასაციო საჩივრის განხილვის შემთხვევაში მოსალოდნელია საქართველოს უზენაესი სასამართლოს უკვე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება.
45. ამავდროულად, გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ განსხვავდება საკასაციო სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკისაგან.
46. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო.
2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ზ. ძლიერიშვილი
მოსამართლეები: ბ. ალავიძე
ნ. ბაქაქური