Facebook Twitter

საქმე № 330210016001239041

საქმე №ას-659-615-2017 14 ივლისი, 2017 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ზურაბ ძლიერიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ბესარიონ ალავიძე, ეკატერინე გასიტაშვილი

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი – ლ. შ.-ე (შემდგომში – მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე – თ. მ.-ე (შემდგომში – მოპასუხე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 20 მარტის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება

დავის საგანი – სააღსრულებო ფურცელში ცვლილების შეტანა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

სასარჩელო მოთხოვნა:

1. მოსარჩელემ სარჩელი აღძრა სასამართლოში მოპასუხის მიმართ და მოითხოვა ცვლილების შეტანა 2014 წლის 10 მარტს ნოტარიუსის მიერ გაცემული სააღსრულებო ფურცლის მე-8 პუნქტში, კერძოდ, სესხის ძირითადი თანხის მოცულობად განისაზღვროს 1 504 აშშ დოლარი.

სარჩელის საფუძვლები:

2. მოსარჩელის განმარტებით, 2011 წლის 25 თებერვალს სანოტარო წესით გაფორმებული სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების საფუძველზე მოსარჩელემ მოპასუხისაგან ისესხა 14 000 აშშ დოლარი სამი თვის ვადით. სესხის ყოველთვიური სარგებლის ოდენობა შეადგენდა 4%-ს. სესხის ვადაში დაუბრუნებლობის შემთხვევაში პირგასამტეხლო განისაზღვრა 0,15%-ით, დღეში – 21 აშშ დოლარის ოდენობით.

3. სესხის უზრუნველსაყოფად იპოთეკით დაიტვირთა მოსარჩელის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება.

4. მსესხებელმა დაფარა 18 775 აშშ დოლარი, მათ შორის, სესხის სამი თვის სარგებელი – 1 680 აშშ დოლარი. მხარეთა წარმომადგენლების მეშვეობით ელექტრონულ ფოსტაზე მიმოწერით დასტურდება უკვე გადახდილი თანხის ოდენობა – 15 375 აშშ დოლარი. მოპასუხის წარმომადგენლის საბანკო ანგარიშზე ჩარიცხვის ქვითრების თანახმად, მოპასუხემ მიიღო 2 620 აშშ დოლარი. თანხის დეპონირების თაობაზე სანოტარო აქტის მიხედვით, მოპასუხეს გადაეცა 780 აშშ დოლარი. მოსარჩელემ სულ გადაიხადა 18 775 აშშ დოლარი, რაც მოპასუხეს სადავოდ არ გაუხდიათ. სადავოა იმ თანხების დანიშნულება, რომელსაც ჩაითვალა პირგასამტეხლოდ.

5. მოსარჩელემ მიუთითა, რომ, გადახდილი თანხების ოდენობის მიუხედავად, 2014 წლის 10 მარტს გაიცა სააღსრულებო ფურცელი, რაც გამსესხებელმა წარადგინა სააღსრულებო ბიუროში იძულებითი აღსრულებისა და იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონების იძულებით აუქციონზე რეალიზაციის მიზნით.

6. კრედიტორის მიერ აღსასრულებელი მოთხოვნის მოცულობად მიეთითა სესხის ძირი თანხა – 14 000 აშშ დოლარი.

7. მოპასუხემ მოსარჩელის მიერ გადახდილი თანხებიდან გადახდილად არ მიიჩნია სესხის ძირი თანხა და 17 095 აშშ დოლარი სრულად ჩათვალა პირგასამტეხლოს ანგარიშში, რაც შეუსაბამოდ მაღალია, ეწინააღმდეგება დადგენილ სასამართლო პრაქტიკას და საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილ პროცენტულ ოდენობას.

მოპასუხის პოზიცია:

8. მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ პირგასამტეხლოს დარიცხვა ამჟამადაც მიმდინარეობს. ვალდებულების წარმოშობის მომენტიდან – 2011 წლის 25 მაისიდან დღიური პირგასამტეხლო შეადგენს 16 145 გაყოფილი 1401 დღეზე, ანუ 11,5 აშშ დოლარს, ყოველთვიურად – 345 აშშ დოლარს, რაც ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ყოველთვიურ საპროცენტო სარგებელზე – 560 აშშ დოლარზე ბევრად ნაკლებია და კიდევ უფრო ნაკლებია, ვიდრე ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლო 0,15% ყოველთვიურად – 630 აშშ დოლარს.

9. მოპასუხის განმარტებით, 2014 წლის 30 მაისის თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით (საქმე №2/5541-14) დადგენილია, რომ აღსასრულებელ მოთხოვნას წარმოადგენს არა მთლიანი ძირითადი თანხა – 14 000 აშშ დოლარი, როგორც ამაზე მოსარჩელე უთითებს, არამედ 13 220 აშშ დოლარამდე შემცირებული ძირითადი თანხა, ნოტარიუსის დეპოზიტიდან 780 აშშ დოლარის მიღების გამო. ამის შემდგომ კრედიტორს მოთხოვნა აღარ გაუზრდია.

10. რაც შეეხება პირგასამტეხლოს ოდენობის შეუსაბამობას, მოპასუხემ მიიჩნია, რომ სასამართლომ უკვე იმსჯელა მისი ოდენობის გონივრულობასა და შესაბამისობაზე. სასამართლომ ჩათვალა, რომ კრედიტორს ყველა თანხა მიღებული აქვს კანონიერად და მისი მოთხოვნა ძირითად თანხაზე 13 220 აშშ დოლარის ოდენობით საფუძვლიანია.

პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

11. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 2 სექტემბრის გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა, რაც მოსარჩელემ გაასაჩივრა სააპელაციო წესით.

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი და ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთება:

12. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 20 მარტის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:

13. სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ 2011 წლის 25 თებერვლის სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, მოსარჩელემ მოპასუხეს დაუბრუნა 17 825 აშშ დოლარი, საიდანაც 1 680 აშშ დოლარი სესხის სარგებელში ჩაითვალა, ხოლო 16 145 აშშ დოლარი მიჩნეულ იქნა პირგასამტეხლოდ.

14. 2014 წლის 10 მარტს, იპოთეკის საგნის რეალიზაციის მიზნით, გაიცა სააღსრულებო ფურცელი, რომლის მიხედვით, აღსასრულებელი ვალდებულების მოცულობად განისაზღვრა: სესხის ძირითადი თანხა – 14 000 აშშ დოლარი, პირგასამტეხლო – გადაუხდელი 14 000 აშშ დოლარის 0,15% (21 აშშ დოლარი) ყოველდღიურად, 2011 წლის 26 მაისიდან ვალდებულების სრულად შესრულებამდე, ასევე, სააღსრულებო ხარჯი – 126,72 ლარი.

15. 2014 წლის 18 მარტს, აღსრულების დაწყების შემდეგ, ნოტარიუსის დეპოზიტზე განთავსებული 780 აშშ დოლარი კრედიტორმა ჩათვალა ძირითადი თანხის ანგარიშში და, შესაბამისად, აღსრულება გაგრძელდა სააღსრულებო ფურცლით მოთხოვნილი ძირითადი თანხიდან (14 000 აშშ დოლარიდან) 13 220 აშშ დოლარზე.

16. მოსარჩელის პოზიციის თანახმად, მის მიერ გადახდილი და მოპასუხის მიერ აღიარებული თანხდან (17 825 აშშ დოლარი) 1 680 აშშ დოლარი უნდა ჩაითვალოს სესხის სარგებელში, 4599 აშშ დოლარი – სესხზე დარიცხულ პირგასამტეხლოში, ხოლო დარჩენილი 12 496 აშშ დოლარი უნდა გამოაკლდეს სესხის ძირითად თანხას და საბოლოოდ უნდა განისაზღვროს 1 054 აშშ დოლარით, რაც პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ არ იქნა გაზიარებული.

17. წარმოდგენილი სააპელაციო საჩივარი არსებითად ემყარება იმ გარემოებას, რომ სასამართლომ, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდგომში – სსკ) 420-ე მუხლის დანაწესის საპირისპიროდ, დაუსაბუთებლად არ შეამცირა სააღსრულებო ფურცლით განსაზღვრული პირგასამტეხლოს ოდენობა, როგორც შეუსაბამოდ მაღალი და მიღებული სხვაობა არ ჩათვალა ძირი თანხის ანგარიშში. ამდენად, მოცემულ შემთხვევაში სადავოა განხორციელებული შესრულების ძირითადი თანხის ანგარიშში ჩათვლის ფაქტობრივ-სამართლებრივი წინაპირობების არსებობის საკითხი.

18. სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ სადავო პირგასამტეხლოს შემცირებისა და შემცირებით მიღებული ნამეტის ძირითადი თანხის ანგარიშში ჩათვლის სამართლებრივი წინაპირობების არსებობა საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დასტურდება. მოცემულ შემთხვევაში უდავოდ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებაა ის, რომ მოსარჩელის მიერ მოპასუხის მიმართ შესასრულებელი ვალდებულება – 13 220 აშშ დოლარი სესხის ძირითად თანხას წარმოადგენს.

19. საქმეში წარმოდგენილი თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 30 მაისის გადაწყვეტილების (სამოქალაქო საქმეზე №2/5541 -14) საფუძველზე სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ მოვალემ კრედიტორის წინააღმდეგ 2014 წლის 26 მარტს სარჩელი აღძრა და მოითხოვა 2011 წლის 25 თებერვლის სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების შეწყვეტა იმ საფუძვლით, რომ მის მიერ ნაკისრი ვალდებულება სრულად იყო შესრულებული.

20. №2/5541-14 სამოქალაქო საქმეზე მხარეთა შორის სადავო არ ყოფილა 2011 წლის 25 თებერვალის სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებიდან გამომდინარე 17 825 აშშ დოლარის გადახდის ფაქტი, არამედ მხარეები დავობდნენ მხოლოდ იმ გარემოებაზე, რომ სააღსრულებო ფურცელში პირგასამტეხლოდ მიჩნეული 16 145 აშშ დოლარი იყო შეუსაბამოდ მაღალი და უნდა შემცირებულიყო, ხოლო მიღებული სხვაობა უნდა ჩათვლილიყო ძირი თანხის ანგარიშში.

21. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 30 მაისის გადაწყვეტილებით აღნიშნული სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

22. სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ ვინაიდან №2/5541-14 სამოქალაქო საქმეში სარჩელით მოთხოვნილი იყო ვალდებულების შესრულების მოტივით ხელშეკრულების გაუქმებულად აღიარება, სასამართლოს კვლევის საგანს წარმოადგენდა, სწორედ იმ გარემოების დადგენა, შეასრულა თუ არა მოვალემ ვალდებულება და რა მოცულობით. 2014 წლის 30 მაისის გადაწყვეტილებით სასამართლომ დაადგინა, რომ მოსარჩელის მიერ გადახდილი 17 825 აშშ დოლარიდან 1680 აშშ დოლარი იყო სარგებელი, ხოლო დარჩენილი თანხა – პირგასამტეხლო. სასამართლომ იმსჯელა პირგასამტეხლოს ოდენობის გონივრულობაზე და მიიჩნია, რომ მოთხოვნილი პირგასამტეხლო არ იყო შეუსაბამოდ მაღალი. ამავე გადაწყვეტილებით, რომელიც კანონიერ ძალაშია, სასამართლომ დაადგინა, რომ დავის მომენტისათვის მოვალის მიერ გადასახდელი იყო 13 220 აშშ დოლარი, რაც სესხის ძირ თანხას წარმოადგენდა.

23. განსახილველი სარჩელით მოსარჩელემ მოითხოვა იმავე ხელშეკრულებიდან (2011 წლის 25 თებერვლის სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებიდან) გამომდინარე ვალდებულების მოცულობის შემცირება პირგასამტეხლოდ გადახდილი თანხის ძირითადი თანხის ანგარიშში გადახდილად ჩათვლის გზით. ამასთან, სარჩელს საფუძვლად უდევს იგივე ფაქტობრივ-სამართლებრივი საფუძველი (პირგასამტეხლოს შეუსაბამოდ მაღალი ოდენობა), რაზეც სასამართლომ 2014 წლის 30 მარტის გადაწყვეტილებით იმსჯელა და დაადგინა, რომ პირგასამტეხლოს შემცირების საფუძველი არ არსებობდა, ამასთან მოპასუხის მიმართ შესასრულებელი ვალდებულება – 13 220 აშშ დოლარი სესხის ძირითად თანხას განეკუთვნებოდა.

24. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდგომში – სსსკ) 266-ე მუხლის თანახმად, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 30 მაისის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით დადგენილია ის ფაქტობრივი გარემოება, რომ მოსარჩელის მიერ მოპასუხის მიმართ შესასრულებელი ვალდებულება – 13 220 აშშ დოლარი სესხის ძირითად თანხას წარმოადგენს, რაც იმას ნიშნავს, რომ აღნიშნული ფაქტობრივი გარემოების გადასინჯვა, სსსკ-ის 266-ე მუხლიდან გამომდინარე დაუშვებელია.

25. სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ მოსარჩელეს სასამართლოსათვის არ წარუდგენია რაიმე მტკიცებულება, რაც თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 30 მაისის გადაწყვეტილების მიღების შემდგომ რაიმე ოდენობით თანხის გადახდის ფაქტს დაადასტურებდა. შესაბამისად, სადავო სააღსრულებო ფურცელში მითითებული ძირითადი თანხის – 13 220 აშშ დოლარის შემცირების საფუძველი საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დასტურდება, რაც სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველია.

კასატორის მოთხოვნა და საფუძვლები:

26. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე მოსარჩელემ შეიტანა საკასაციო საჩივარი, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება შემდეგი საფუძვლებით:

27. კასატორის მოსაზრებით, სააპელაციო სასამართლომ არასწორად არ გაითვალისწინა, რომ მხარის მიერ კრედიტორისათვის გადახდილმა თანხამ შეადგინა 18 775 აშშ დოლარი. აღნიშნული თანხის მიღება სადავოდ არ გაუხდია არც მოწინააღმდეგე მხარეს. დავას იწვევდა მხოლოდ ამ თანხების დანიშნულება.

28. კასატორმა მიიჩნია, რომ სააპელაციო პალატის მსჯელობა პირგასამტეხლოს ოდენობასთან დაკავშირებით წინააღმდეგობაში იყო სსკ-ის 420-ე მუხლთან და საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკასთან. შესაბამისად, სასამართლოს უნდა გაეზიარებინა მოსარჩელის დასაბუთებული მოთხოვნა პირგასამტეხლოს ხუთჯერ შემცირების შესახებ. ამდენად, არსებობს გასაჩივრებული განჩინების გაუქმების სსსკ-ის 394-ე მუხლის „ე“ და „ე1“ პუნქტებით გათვალისწინებული გადაწყვეტილების გაუქმების აბსოლუტური საფუძვლები.

29. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 13 ივნისის განჩინებით საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლით და ამავე კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად. ამავე განჩინებით კასატორს გადაუვადდა სახელმწიფო ბაჟის – 625 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის გადახდა საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე მის მიერ გადახდილი 300 ლარის გათვალისწინებით.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

30. საკასაციო სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და თვლის, რომ იგი დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული შემდეგ გარემოებათა გამო:

31. სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ 2011 წლის 25 თებერვლის სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, მოსარჩელემ მოპასუხეს დაუბრუნა 17 825 აშშ დოლარი, საიდანაც 1 680 აშშ დოლარი სესხის სარგებელში ჩაითვალა, ხოლო 16 145 აშშ დოლარი მიჩნეულ იქნა პირგასამტეხლოდ.

32. 2014 წლის 10 მარტს, იპოთეკის საგნის რეალიზაციის მიზნით, გაიცა სააღსრულებო ფურცელი, რომლის მიხედვით, აღსასრულებელი ვალდებულების მოცულობად განისაზღვრა: სესხის ძირითადი თანხა – 14 000 აშშ დოლარი, პირგასამტეხლო – გადაუხდელი 14 000 აშშ დოლარის 0,15% (21 აშშ დოლარი) ყოველდღიურად, 2011 წლის 26 მაისიდან ვალდებულების სრულად შესრულებამდე, ასევე, სააღსრულებო ხარჯი – 126,72 ლარი.

33. 2014 წლის 18 მარტს, აღსრულების დაწყების შემდეგ, ნოტარიუსის დეპოზიტზე განთავსებული 780 აშშ დოლარი კრედიტორმა ჩათვალა ძირითადი თანხის ანგარიშში და, შესაბამისად, აღსრულება გაგრძელდა სააღსრულებო ფურცლით მოთხოვნილი ძირითადი თანხიდან (14 000 აშშ დოლარიდან) 13 220 აშშ დოლარზე.

34. მოსარჩელის პოზიციის თანახმად, მის მიერ გადახდილი და მოპასუხის მხრიდან აღიარებული თანხდან (17 825 აშშ დოლარი) 1 680 აშშ დოლარი უნდა ჩაითვალოს სესხის სარგებელში, 4599 აშშ დოლარი – სესხზე დარიცხულ პირგასამტეხლოში, ხოლო დარჩენილი 12 496 აშშ დოლარი უნდა გამოაკლდეს სესხის ძირითად თანხას და საბოლოოდ უნდა განისაზღვროს 1 054 აშშ დოლარით.

35. წარმოდგენილი საკასაციო საჩივრით მხარემ მიიჩნია, რომ სააპელაციო პალატას, სსკ-ის 420-ე მუხლის დანაწესისა და საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკის შესაბამისად, უნდა შეემცირებინა სააღსრულებო ფურცლით განსაზღვრული პირგასამტეხლოს ოდენობა, როგორც შეუსაბამოდ მაღალი.

36. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსი გარკვეულ შეზღუდვებს აწესებს საკასაციო საჩივრის დასაშვებობასთან დაკავშირებით, კერძოდ, 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.

37. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

38. საკასაციო საჩივარში მითითებული პრეტენზიებიდან საკასაციო პალატა ყურადღებას გაამახვილებს მხოლოდ იმ პრეტენზიებზე, რომლებიც მოცემული დავის გადასაწყვეტად სამართლებრივად მნიშვნელოვანია. ამასთან, ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად.

39. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო კოდექსი აღიარებს და ეფუძნება „pacta sunt servanda-ს“ (ხელშეკრულება უნდა შესრულდეს) პრინციპს, რომლის თანახმად ხელშეკრულების მხარემ, რომელმაც იკისრა ვალდებულება, უნდა შეასრულოს ხელშეკრულებით მისივე ნებით შეთანხმებული უფლება-მოვალეობები. სამოქალაქო კოდექსის 623-ე მუხლის თანახმად, სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი.

40. შესრულების ვალდებულება პირველ რიგში ხელშეკრულებით გათვალისწინებული შედეგის დადგომას გულისხმობს. ამავდროულად, პირველადი ვალდებულების შეუსრულებლობისას წარმოიშობა ნაწარმოები შესრულების (ზიანის ანაზღაურება, პირგასამტეხლო) ვალდებულება. ამავე კოდექსის 361-ე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას. ამ მოთხოვნათა შეუსრულებლობა ვალდებულების დარღვევაა. სამოქალაქო კანონმდებლობა ვალდებულების დარღვევის პრევენციისათვის ითვალისწინებს მოთხოვნის უზრუნველყოფის სანივთო და ვალდებულებით სამართლებრივ საშუალებებს, რომლებიც ვალდებულების შესრულებას ემსახურებიან და რომელთა შერჩევა მხარეთა ნებაზეა დამოკიდებული. ასეთ საშუალებათა რიგს განეკუთვნება ვალდებულების უზრუნველყოფის დამატებითი საშუალება პირგასამტეხლო (სუსგ 25.05.2010 წ. საქმე №ას-1220-1480-09).

41. სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო – მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა – მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის.

42. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ პირგასამტეხლო წარმოადგენს ვალდებულების შესრულების მიმართ მხარის შესაბამისი ინტერესის უზრუნველყოფის საშუალებას, რომლის გადახდის ვალდებულების წარმოშობა დაკავშირებულია ვალდებულების დარღვევასთან.

43. პირგასამტეხლო ეკისრება მხარეს იმ დროიდან, როდესაც უნდა ყოფილიყო შესრულებული დარღვეული ვალდებულება – ამ ვალდებულების შესრულებამდე. პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრისას ყურადღება ექცევა რამდენიმე გარემოებას. მათ შორის: ა) პირგასამტეხლოს, როგორც სანქციის ხასიათის მქონე ინსტრუმენტის ფუნქციას, თავიდან აიცილოს დამატებით ვალდებულების დამრღვევი მოქმედებები; ბ) დარღვევის სიმძიმესა და მოცულობას და კრედიტორისათვის წარმოქმნილი საფრთხის ხარისხს; გ) ვალდებულების დამრღვევი პირის ბრალეულობის ხარისხს; დ) პირგასამტეხლოს ფუნქციას, მოიცვას თავის თავში ზიანის ანაზღაურება. პირგასამტეხლოს ოდენობაზე მსჯელობისას გასათვალისწინებელია მოვალის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობის ხანგრძლივობა.

44. პირგასამტეხლო დამატებითი (აქცესორული) ვალდებულებაა, რაც იმას ნიშნავს, რომ მისი წარმოშობა და ნამდვილობა ძირითადი ვალდებულების არსებობაზეა დამოკიდებული.

45. ქართულ კანონმდებლობაში პირგასამტეხლოს ორმაგი ფუნქცია გააჩნია: ერთი მხრივ, მას ვალდებულების ჯეროვანი შესრულების უზრუნველსაყოფად პრევენციული დატვირთვა აქვს ანუ, პირგასამტეხლოს დაკისრების რისკი ფსიქოლოგიურად ზემოქმედებს ვალდებულ პირზე და აიძულებს ვალდებულება ჯეროვნად შეასრულოს. პირგასამტეხლოს ფსიქოლოგიური ზემოქმედების ეფექტი სწორედ იმაში ვლინდება, რომ ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში, ვალდებულ პირს რეპრესიული ხასიათის სანქცია ეკისრება.

46. პირგასამტეხლოს მეორე ფუნქცია განცდილი ზიანის მარტივად და სწრაფად ანაზღაურებაში მდგომარეობს. იგი ერთგვარ სანქციასაც წარმოადგენს. ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში, სანქციად ქცეული პირგასამტეხლო ვალდებულ პირს უპირობოდ ეკისრება, მიუხედავად იმისა, განიცადა თუ არა კრედიტორმა ზიანი ამ დარღვევის შედეგად (სუსგ 6.05.2015წ. საქმე №ას-1158-1104-2014, 10.02.2016წ. საქმე №ას-1265-1187-2015).

47. აღნიშნული მსჯელობიდან გამომდინარე, პირგასამტეხლოს დაკისრების სამართლებრივ წინაპირობას წარმოადგენს ხელშეკრულების ერთ-ერთი მხარის მიერ ნაკისრი ვალდებულების დარღვევა.

48. მოცემულ შემთხვევაში უდავოდ დადგენილია, რომ მოვალემ, სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, ფულადი ვალდებულება სრულად არ შეასრულა და მას წარმოეშვა პირგასამტეხლოს გადახდის მოვალეობა.

49. საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო პალატის მითითებას სსსკ-ის 266-ე მუხლზე, რომლის საფუძველზეც სასამართლომ პრეიუდიციული მნიშვნელობა მიანიჭა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 30 მაისის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით დადგენილ იმ ფაქტობრივ გარემოებას, რომ მოსარჩელის მიერ მოპასუხის მიმართ შესასრულებელი ვალდებულება – 13 220 აშშ დოლარი სესხის ძირითად თანხას წარმოადგენს, რაც იმას ნიშნავს, რომ აღნიშნული ფაქტობრივი გარემოების გადასინჯვა, სსსკ-ის 266-ე მუხლიდან გამომდინარე დაუშვებელია.

50. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორს დასაშვები და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია არ წარუდგენია გასაჩივრებული განჩინების იმ დასაბუთების მიმართ, რომ მოსარჩელემ სათანადო მტკიცებულების წარდგენის გზით ვერ დაასაბუთა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 30 მაისის გადაწყვეტილების მიღების შემდგომ რაიმე ოდენობით თანხის გადახდის ფაქტი. ამდენად, უსაფუძვლოა მოთხოვნა სადავო სააღსრულებო ფურცელში ასახული 13 220 აშშ დოლარის შემცირების თაობაზე.

51. სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი მატერიალური ან/და საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.

52. კასატორმა ვერ დაასაბუთა, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასთან და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალთან წინააღმდეგობაში მოდის.

53. ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით და არც იმ საფუძვლით, რომ საკასაციო სასამართლოს მსგავს საკითხზე ჯერ არ უმსჯელია და გადაწყვეტილება არ მიუღია. შესაბამისად, მოცემულ საქმეზე არ არსებობს ვარაუდი, რომ საკასაციო საჩივრის განხილვის შემთხვევაში მოსალოდნელია საქართველოს უზენაესი სასამართლოს უკვე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება.

54. ამავდროულად, გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ განსხვავდება საკასაციო სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკისაგან.

55. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

56. სსსკ-ის 401-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%.

57. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 13 ივნისის განჩინებით კასატორს გადაუვადდა სახელმწიფო ბაჟის – 625 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის გადახდა საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე მის მიერ გადახდილი 300 ლარის გათვალისწინებით. ამდენად, საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორს უნდა დაეკისროს ზემოაღნიშნული განჩინებით გადავადებული სახელმწიფო ბაჟის – 625 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის 30%-ის გადახდა უკვე გადახდილი 300 ლარის გამოკლებით.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ლ. შ.-ის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო.

2. კასატორ ლ. შ.-ეს (პირადი №..) სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაეკისროს გადავადებული სახელმწიფო ბაჟის – 625 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის 30%-ის გადახდა უკვე გადახდილი 300 ლარის გამოკლებით.

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ზ. ძლიერიშვილი

მოსამართლეები: ბ. ალავიძე

ე. გასიტაშვილი